იესოს კატა


იესოს კატა




გრიგი (გრიგორ კარაპეტის ძე შაშიკიანი) დაიბადა 1991 წელს ერევანში მხატვრის ოჯახში. 2009 წელს ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2013-2015 წწ სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტზე  „მსოფლიო ლიტერატურა - ლიტერატურის თეორია“ მაგისტრატურაში. 2015 წლიდან  ამავე ფაკულტეტის ასპირანტია. სომხეთის მწერალთა კავშირის (2016) და სომხეთის PEN ცენტრის (2021) წევრია.

 

წიგნები

 

  • იესოს კატა (მოთხრობები), ერევანი, „ანტარესი“, 2015, 2017, 2020 წ.
  • „გატაცება, რომელმაც შეძრა კატების ქალაქი“ (მცირე რომანი), ერევანი, „ანტარესი“, 2019, 2022 წ.
  • Jesus’ Cat (Stories), London, «Glagoslav Publications», 2019
  • Jesus’ Katze – Geschichten von den Strassen Jerewans, Remetschwil, «Kolchis Verlag», 2021

 

საყურადღებო ჯილდოები

 

  • ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, 2012, 2013, 2014 წლებში, მას მიენიჭა „გრეთერთის“ პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“.
  • 2016 წელს მოთხრობების კრებულისთვის „იესოს კატა“ მას „ერევნული ბესტსელერის“ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის მიერ  ლევონ ანანიანის სახელობის სპეციალური პრიზი მიენიჭა.  
  • 2016 წელს მოთხრობების კრებულისთვის „იესოს კატა“ გრიგს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული პრემია მიენიჭა.
  • 2021 წელს წიგნის „იესოს კატა“ გერმანულენოვანი თარგმანი გერმანიის თავისუფალი გამომცემლების Hotlist-ის მიერ  წლის საუკეთესო ათეულში დასახელდა.
  • 2022 წელს  წიგნის „იესოს კატა“ გერმანულენოვან თარგმანს გადაეცა გავლენიანი ჯილდო - Coburger Rückert-Preis.

 

 

 

იესოს კატა

 

მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი, ეს ამბავი რომ გადამხდა. დამრიგებელი და გოგოები კლასში არ იყვნენ, ბიჭები ერთ-ერთ მერხთან შეკრებილიყვნენ  და იცინოდნენ.

მათი მხიარულების მიზეზის გასაგებად მივუახლოვდი და ჯგუფის ცენტრში მდგარი ნარეკი დავინახე, რომელიც ნახევრად გახსნილი ჩანთიდან შიშით მომზირალ ნაცრისფერ კატას ეფერებოდა.

– რა მოხდა? – ვიკითხე აღელვებულმა.

– ნარეკი მოატყუეს, კატა მიჰყიდეს, – მიპასუხა ტიგრანმა, რომელსაც ბევრი სიცილისგან თვალები ეცრემლებოდა და  ვარდისფერი ელფერი დაკრავდა.

– არ მოვუტყუებივარ, – თქვა ნარეკმა.

– ვინ იცის, ნაგავსაყრელზე იპოვეს, – განაგრძო ტიგრანმა, – უთხრეს, ვითომ იესოს კატააო, ამანაც დაიჯერა.

– არ მომატყუეს, არ მომატყუეს, კატის ასეთი სახეობა არის, ძალიან იშვიათი სახეობაა და  იესოს კატა ჰქვია, რადგან არ ყვინთავს, წყალზე სიარული  შეუძლია, – აციმციმდა. თვალების ხამხამით ჩაილაპარაკა.

სიცილის ახალი ტალღა წამოვიდა. ჯერ კიდევ არ მესმოდა, რა ხდებოდა, მაგრამ ატეხილი სიცილი გადამდები იყო.

– გამყიდველმა გითხრა ეგრე, არა? – წამოიყვანა კარენმა. – ბოთე ხარ, რა.

– ...

– ...

  ის განაგრძობდა კატის  ფერებასა და იმის მტკიცებას, რომ არ მოუტყუებიათ, რომ ამ სახეობის კატას ნამდვილად შეუძლია წყალზე სიარული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნარეკმა და კარენმა კინაღამ ცემეს ერთმანეთი, როცა კარენმა  ხელი კატისკენ წაიღო, ნარეკმა შეხების უფლება არ მისცა, საყელოში მოუჭირეს ერთმანეთს, გავაშველეთ.

– გიჟი ხარ, დამიხიე, – საყელოს მოსინჯვით ყვიროდა კარენი, ლოყები აუცრემლიანდა. გიჟი ხარ. ნარეკი ხმას არ იღებდა, თავჩაქინდრული ისე ეფერებოდა  კატას, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

– ნახე, მჩხავანა კართანაა, – თქვა კარენმა და გრიგორისკენ შემობრუნდა, მწვანე თვალები ბრაზისგან უელავდა.

მჩხავანა ამხანაგი ადიბეკიანი[1] იყო – ერთ-ერთი სასწავლო ნაწილი. მეტსახელი ყურისმომჭრელი ხმისა და ხშირად ყვირილის ჩვევის გამო მიეღო. შესვენებებზე  სკოლის ცენტრალურ შესასვლელთან იდგა და ზედამხედველობდა, მოსწავლეები რომ არ გაპარულიყვნენ.

– კართანაა, – თქვა  დაბრუნებულმა გრიგორმა.

– ტუალეტის ფანჯრიდან გავიპარებით, – გადაწყვიტა კარენმა და ნარეკს შეხედა, თან დაამატა, – შენც მოდიხარ.

ხეობისკენ მიმავალი გზისკენ რომ გადავუხვიეთ, მხოლოდ მაშინ მივხვდი კარენის ჩანაფიქრს.

წინათგრძნობა უკან დაბრუნებას მკარნახობდა, არ მინდოდა იმაში მონაწილეობა, რაც ცოტა ხანში უნდა მომხდარიყო, მაგრამ თან ძალიან მაინტერესებდა და თანაც უხერხული იყო ნახევარი გზიდან უკან დაბრუნება, რას იფიქრებდნენ ბიჭები?  მივდიოდი და ვუყურებდი ნარეკს, რომელსაც ყვითელი ჩანთა  ორივე ხელით მაგრად მიეკრა მკერდზე, გონებაში კი დედამისის საწყალი ხელები მესახებოდა...

ყოველი თვის ბოლოს დამრიგებლის მაგიდაზე გაუმჭვირვალე ცელოფნის პარკის გაჩენა ნარეკის დედის მოსვლას იუწყებოდა. დამრიგებლისთვის მადლიერების გამოსახატავად არცერთ დღესასწაულს არ აცდენდა, ამ უკანასკნელმა კი თავისი საქმე კარგად იცოდა, დროდადრო, შესვენებაზე, ნარეკს გასვლას სთხოვდა და კლასს მიმართავდა:

– როცა გაკვეთილებზე ადგილიდან დგება, საკლასო ოთახში დადის ან რაღაც უცნაურს აკეთებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნუ იმჩნევთ... ჩვენს ნარეკს ნერვების პრობლემა აქვს, მკურნალობს, დროებითია, სერიოზული არაფერი... ჩვენ უნდა  დავეხმაროთ, ხოლო როცა იცინით, ყოველ მოძრაობაზე რეაგირებთ, კიდევ უფრო აქეზებთ, ნუ იმჩნევთ.

ბოლოს აყოლებდა – „ჩვენი საუბრის შესახებ, მასთან არაფერი წამოგცდეთ“ და გადიოდა.

ასე მოდიოდა დედამისი პირველი კლასიდან და ყველა მასწავლებელს ცალ-ცალკე უხდიდა მადლობას, მე კი მისი ხელების ამობურცულ ძარღვებს ვუყურებდი, რომლებიც ხის მიწიან ფესვებს მაგონებდა და სევდა მიპყრობდა. რა იყო ამ ხელებში, რა იყო ასეთი მიმზიდველი?.. ჩვენი ცხოვრების პირველ სექტემბერს ყველანი თეთრებში ვიყავით გამოწყობილი,  ერთი კაცივით ვიდექით სკოლის მოედანზე. ახალგაცნობილი დამრიგებელი გაჩუმებისკენ მოგვიწოდებდა, დირექტორი გამოდიოდა სიტყვით. არავინ უსმენდა დირექტორს, ან იქნებ უსმენდნენ, მახსოვს, მზერა ტიგრანის მუქ იისფერ ქურთუკზე გამეყინა, მხოლოდ ის იყო ყველასგან განსხვავებული, შავი მტრედივით იყო თეთრებს შორის. სანამ ქურთუკის მოოქროვილი ღილებით ვიყავი გატაცებული, შვილზე ხელჩაკიდებული გამხდარი ქალი მოგვიახლოვდა. ისინი იყვნენ. პირველივე შეხვედრისას შევნიშნე ხელები, ამობურცულმა ძარღვებმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, რაღაც სევდიანი იყო ამ ყველაფერში...

  ტიგრანი და კარენი წინ მიდიოდნენ, თბილმა ქარმა მეორედ გადამიქროლა ოფლიან კისერზე, მერეღა დავიჭირე თავი, როგორი განგაშით  ვიყურებოდი  ფეხებქვეშ და ვცდილობდი ჩასაფრებული გველის თავდასხმის გამოცნობას.  ამბობდნენ, რომ შარშან, როცა გვალვიანი დღე ეკიდა ხეობაზე და ცხელი ქვებიდან ცაში სიჩუმე ადიოდა, ბიჭს საოცრად ლამაზმა გველმა უკბინა.  ბიჭმა გველის თავით დაჭერა სცადა, მაგრამ გველმა უკბინა. იმ დღეს ხეობაში ბიჭების გარდა არავინ იყო, სანამ გველნაკბენი მეგობარი გამოიყვანეს, ბიჭს თმა მთლიანად გაუთეთრდა. შხამის ზემოქმედებისგან გაუთეთრდა, სხეული იბრძოდა, გაუმართლა, სიკვდილს გადარჩა...

ციცაბო დაღმართით ჩავდიოდით, ფეხქვეშ პატარა ხრეში  გვისხლტებოდა, თვალწინ  ჭაღარა ბიჭი მედგა, ყოველდღე ვხედავდი სკოლის დერეფანში, ჩემზე ერთი კლასით უფროსი იყო, ხეობაში აღარ ჩადის, აღარასოდეს ჩავა...

– უეჭველი იწვიმებს, – მითხრა გრიგორმა.

  • რა იცი?

–  მკლავი მტკივა, როცა მოტეხილობა გაქვს, გრძნობ, როდის იწვიმებს, მოტეხილი ადგილი წვიმის წინ იგრძნობა. ახლა მკლავი მტკივა.

– ...

– ...

– ...

– იქნებ  სიმართლეს ამბობს და  კატის  ასეთი სახეობა მართლა არსებობს? – მხოლოდ ჩემს გასაგონად თქვა...

გრიგორს მეტი კითხვა აღარ დაუსვამს, მთელი გზა მოტეხილ მკლავზე და მოსალოდნელ წვიმაზე ლაპარაკობდა, არ ვუსმენდი, სიტყვები ჰაერში იკარგებოდა, ჩემი ყურადღება იქვე მიმალული გველისკენ იყო მიმართული. მეშინოდა. მდინარესთან რომ მივედით, წყალმა სინათლის ანარეკლით თვალი ჩამიკრა, რაღაც ისევ მახსენებდა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, არ მინდოდა იმის მონაწილე ვყოფილიყავი, რაც ცოტა ხანში  მოხდებოდა, მაგრამ დავრჩი...

– არ მოუტყუებიხარ, არა? მაშინ მიდი, თუ არ მოუტყუებიხარ, კატა წყალში ჩააგდე, – თქვა კარენმა, – დაე, წყალზე იაროს.

ნარეკი ხმას არ იღებდა, უყურებდა მას და თვალებს ახამხამებდა.

– არ გესმის? ყრუ ხარ? გეუბნები, წყალში ჩააგდე...

მერე ყველაფერი ელვის სისწრაფით  მოხდა:    კარენი  ჩანთას  სწვდა და მდინარეში მოისროლა. ჩანთა ვერცხლისფერ ზედაპირზე მიცურავდა, იძირებოდა და ტივტივდებოდა, თითქოს რომელიმე ქვაზე მოჭიდებას ცდილობდა, მაგრამ წყლის დინება სწრაფი იყო, ძალიან სწრაფი. ერთი წუთით ნარეკი გაუნძრევლად, ჰიპნოზირებულივით უყურებდა მცურავ ჩანთას და არაფერს აკეთებდა. იქნებ არ სჯეროდა, რომ მასთან არ იყო, რომ თითებს ასე მარტივად, წინააღმდეგობის გარეშე შეეძლოთ სხვისთვის გადაცემა. იცოდა, გრძნობდა, რომ წინააღმდეგობა იყო, თითები არ დანებდნენ, თითები ეწვოდა, ხელისგულში ჩხვლეტას  გრძნობდა და არაფერს აკეთებდა... იქნებ კარგად ესმოდა, რაც ხდებოდა, უბრალოდ რაღაცას ელოდა, უყურებდა და ელოდა...

როცა ჩანთა ყვითელ წერტილად იქცა და მხედველობიდან  გაქრა, ის გამოფხიზლდა, თითქოს ირგვლივ მოგროვილი ნისლი გაიფანტა და  თვალცრემლიანი ჩანთას გაეკიდა. ვუყურებდი, როგორ მირბოდა ნარეკი მდინარის პირას და  თვალწინ ხის მიწიანი ფესვების მსგავსი ძარღვები მეჩვენებოდა, უფრო მიწიანი, უფრო გამოკვეთილი...

 

გუშინ დილით, როცა ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტე, გასაოცარი შეხვედრა მქონდა. ნარეკი მედგა წინ, შავი საეკლესიო კაბა ეცვა, რომელიც ფეხებამდე სწვდებოდა. ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი, წლები გასულიყო, ნაცნობი ნარეკისგან არაფერი შემორჩენილიყო. მაღალი იყო, ვიწრო სათვალეებით, სქელი წვერი  ნაკვთებს უფარავდა. ვერ ვიცნობდი, თვითონ რომ არ ვეცნე და არ მოსულიყო. ხეობაში მომხდარის შემდეგ არავის უნახავს, გაკვეთილებზე აღარ მოსულა. ამბობდნენ, დედამისმა  სხვა სკოლაში გადაიყვანაო... ჩვენი მოკლე საუბრისას მოვახერხე მომეყოლა, რომ მწერალი ვარ და მოთხრობებს ვწერ, აღარ მახსოვს, კიდევ რა ვთქვი, მახსოვს, გამუდმებით რომ ვიმეორებდი, თუ  რა სასიამოვნო იყო მასთან საუბარი და მადლობას ვუხდიდი. იღიმებოდა და უკვირდა, რატომ ვუხდიდი მადლობას. იმ წამს კი თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან და მართლა მადლობელი ვიყავი მისი.

                                                                                                                                            

                სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა



[1] სომხური გვარი

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE