გრძნობათა სამფლობელო (მინიმალისტური ესსე)


გრძნობათა სამფლობელო (მინიმალისტური ესსე)




      

გრძნობათა სიუჟეტი

...ლიტერატურა არა ამა თუ იმ ამბის ასლი, არამედ გრძნობათა სიუჟეტია.

 

* * *

...ვფიქრობ, დიდი ბედნიერებაა, რომ სადღეისოდ არც თუ ცნობილი ვარ. პიროვნებისა და მასის წესები ერთმანეთს ვერ ეგუება. სიტაუაცია უფრო მეტად მძიმდება მაშინ, როცა პიროვნება შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული.

 

* * *

...საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული ჩარჩოები შეგნებულად არასოდეს დამირღვევია. ეს თუ ასე ხდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად წერა არ შემიძლია.

 

* * *

...ზოგჯერ ძალა არ შემწევს და უმწეო ვარ, ზოგი სინამდვილე სიტყვად ვაქციო, მისი დაფარული სული მოვიხელთო და ფურცელზე გადავიტანო.

 

* * *

...ლიტერატურას მიმდინარეობათა ჭრილში არ განვიხილავ. ვფიქრობ, ეს დიდი ლიტერატურის მახასიათებელი არაა.

იგი (ლიტერატურა) ერთიანი და განუყოფელია, მისი არა თუ კაცებისა და ქალების ნამოღვაწარად, არამედ ხალხებისა და ტერიტორიების მიხედვითაც კი დაყოფა-დანაწევრიანება არაა მართებული.

 

* * *

...ჩემის აზრით მწერლობა იბადება შენსავე სულში შენს თავთან მიმდინარე იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლიდან,  რომელიც გაჩაღებულია, რათა ამ ქვეყნად სული არ შეგეხუთოს და არ გაიგუდო.

 

* * *

...იყო დრო, როცა წერა ჩემთვის გადარჩენის საშუალება, ანუ თავისებური თავშესაფარი იყო, მას დიდხანს ვაფარებდი თავს, ახლა კი ეს ჩემი ცხოვრების წესია.

 

* * *

...ყველა სატანჯველი ჩემსავ სულში მომეცა...

 

* * *

...ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წარსულს ჩემს აწმყოსთან არაფერი აკავშირებს. შეიძლება, გრძნობათა ქარტეხილები ზოგჯერ იქ გადამისვრის ხოლმე, სადაც არც წარსული არსებობს და არც მომავალი.

 

 * * *

...დიდი ხნის წინ მივაგენი ხსნის გზას. მართალია, მეც, როგორც ყველა დილით სამსახურში მივიჩქარი, საღამოს შინ მობრუნებული ვინტერესდები ჩემი ვაჟიშვილის გაკვეთილებითა და საინფორმაციო გამოშვებებს ვუსმენ, მაგრამ, არსებობს ტიხარი, რომელიც ამ ერთფეროვანი ყოველდღიურობისგან მიცავს და რომლის კარიც ჩემს წინაშე ყოველთვის ღიაა.

 

* * *

...როცა ვწერ, ვგრძნობ, რომ ვიმყოფები ჩემი საწერი მაგიდისგან საკმაოდ მოშორებით, სიცარიელეში, სადაც უცხო ქარები ქრიან. ეს დაახლოვებით იმ მდგომარეობას ჰგავს, როცა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, ანუ ცათა სასუფეველში გადადიხარ. ვფიქრობ, წერა, სინამდვილეში, გარდაცვალება და სრული გარდასახვაა.

 

* * *

...ვფიქრობ, ნაწარმოებს, რომელსაც ემოციები და ნერვები არ გააჩნია, ვერავითარი ენობრივი სტილი, დახვეწილი წინადადება და ხატოვანება ვერ გადაარჩენს.

 

* * *

...თეატრი მისტიკური სივრცეა. იქ ამბის ამა თუ იმ ნიუანსის შესაბამისად ზუსტად მოძებნილ სიტყვასა, თუ მოულოდნელ მოქმედებას შეუძლია მაყურებელთა დარბაზი თავდაყირა დააყენოს. ვფიქრობ, რომ დროა, ქვეცნობიერი სცენაზე გამოვიდეს. ყველაზე ფარული, იდუმალებით მოცული ზღუდეები, რომლის დალაშქვრაც არც პოეზიასა და არც პროზას შეუძლია  და რომლის წინაშეც სიტყვა უძლურია, მხოლოდ თეატრსა და მის სცენას შეუძლია გადალახოს.

 

* * *

...ადამიანი, როგორც ლიტერატურის საგანი, უკვე საკმაოდ დაძველდა.

 

* * *

...ვფიქრობ, წავიდა დრო დიდი მოცულობის რომანებისა და გრძელი მოთხრობებისა, რომლებიც ცდილობენ მხატვრულად ხორცშესხმული დედა აზრი შემოვლითი გზებით წარმოაჩინონ.

 

* * *

...მრავალი რამ მინდა ადამიანებს მოვუთხრო და გავუმხილო. ჩემის აზრით ყველაფერი ელვისსისწრაფით იცვლება. სინამდვილე, რომელიც სულ ახლახანს ურყევი გვეგონა, ძაფწასულ წინდასავით ირღვევა და თავის ადგილს ჩვენს მიერ ჯერაც ბოლომდე გაუცნობიერებელ სიახლეებს უთმობს. მწერლობაც სწორედ იმ სიახლეების აღმოჩანაა.

 

           ლიტერატურული თამაში

ლიტერატურა, ფართო გაგებით თამაშია. სინამდვილეში მწერალს შეუძლია მოკლედ დაწეროს ის, რისი თქმაც სურს, ლაკონურად აღწეროს თავისი თავგადასავალი და გძნობა-განცდები, ისე თითქოს ახლობელ ადამიანს მოუთხრობს. მაგრამ იგი ასე როდი შვრება, პირიქით, იყენებს ლიტერატურულ გამოცდილებას, ხატოვანი სამკაულებით ამკობს სათქმელს და ზოგჯერ ისეთ შეფარვით ხრიკებს მიმართავს, რომ მკითხველსაც აბნევს და ხშირ შემთხვევაში თავადაც იბნევა; ბოლოს ასე შემოვლითი გზებით მიდის მთავარ სათქმელამდე.

ნეტავ რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მწერალი მკითხველსაცა და თავის თავსაც სიძნელეებს უქმნის? გონების დაბინდვა და გულის მოგება მკითხველისა, რომელიც არ იცნობს ლიტერატურის მდიდარი შესაძლებლობებით აღჭურვილ ლაბორატორიას, თუ ხელსაყრელი პირობების შექმნა ლიტერატურის სამფლობელოში, რომელიც თავადვე გამოიგონა?

ამ თვალსაზრისით პოეტები უფრო უსაფრთხონი არიან, ვიდრე პროზაიკოსები. თუმნცა პროზაიკოსებს შრისაც არიან მოკლე სიტყვის დიდოსტატები, მაგალითად ჩეხოვი და კაფკა.

 

 

მწერლის სიზმარი

 

საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტყვები, სასვენი ნიშნები და ფრაზები სიზმარშიც კი არ მანებებენ თავს. ისინი ახლობლებივით  მეწვევიან ხოლმე, პატარა ფეხებით სიზმრის რომელიღაც კუთხისკენ მიბანცალებენ, იქ შექუჩდებიან, ან და ჭერზე დაეკიიდებიან და იქიდან გადმომყურებენ.

აროან ისეთი სიტყვები, რომლებიც ახლოს არ მეკარებიან, ცხვირწინ მიტრიალებენ როგორც გამჭვირვალე მორევის აქაფებული წყალი, ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ მიექანებიან და სანამ გონებას მოვიკრებ მშორდებიან და მირაჟის მაგვარ ნისლებში ინთმებიან და ქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცელქ და უკარება სიტყვებს გულის საიდუმლოსაც კი ვუშლი, მაინც არ მეპუებიან. და მე ვგრძნობ, რომ ეს ჯიუტი სიტყვები არასოდეს დამემორჩილებიან, ვაცნობირებ ამ მწარე სინამდვილეს და სიზმრის სამყაროს დამარცხებული ვტოვებ.

 

 

გრძნობის მირაჟი

 

არსებობენ ისეთი გრძნობებიც, რომლებიც ბეწვისხელა მირაჟებივით ჩემს ირგვლივ დაფრინავენ, ზოგჯერ სუსტ ნიავს მოყოლილნი შუბლსა და ლოყებზე მესალბუნებიან, უწონადო მტვრის ნაწილაკებივით თავს დამტრიალებენ, ხელის, თუ მხრის ოდნავ შერხევაზეც კი ათრთოლებულნი ტალღისებული ცეკვით მემშვიდობებიან და სადღაც იფანტებიან...

 

საყვარელი

 

ამ დღეებში ჩავკირკიტებდი ჩემს ძველ ხელნაწერებს, სადაც წინადადებების ქვეშ, თუ გვერდით, მინდვრის გასწვრივ შესწორებები და შენიშვნები მქონდა მიწერილი. ეს გაყვითლებული ფურცლები საკმაოდ მქონდა აჭრელებული. უცებ თვალი ვკიდე ასო „ე“-ს რომელიც ცალკე, ობლად იყო ფურცლის მინდვრის იმ კიდეზე, სადაც ვერც სიტყვები და ვერც სასვენი ნიშნები ვერ აღწევენ. ვუყურებდი ამ „ე“-ს, რომელიც ხელის ერთი მოსმით, თუ კალმის უმიზნოდ ტრიალისას დამეწერა, და მახსენდებოდა ის ლიტერატორები, რომელთაც მობეზრებიათ უაზრო ლიტერატურული ჭიდილი, უამრავი ორომტრიალი და განზე გამდგარან და სუფთა, შეუბღალავ სივრცეში შეუმჩნეველი ფუსფუსუთ აგრძელებენ ლიტერატურულ ცხოვრებას.

 

ჩემი აღმოჩენა, ანუ ლუკრეცის ფანდები

 

ამ დღეებში საყოველთაოდ ცნობილი ლუკრეცის აფორიზმებს ვთარგმნიდი. მისმა ეთმა აზრმა ისე გამაოგნა, რომ კალამი გვერდზე გადავდე და ჩავფიქრდი. აი, რას ამბობს იგი – „ადამიანის სული უმართავია, ამისი მიზეზი კი თავად ადამიანია.“

ამ უნიკალურმა აზრმა, რომელიც ადამიანის არსს ეხება, ჩემზე ისე ძლიერ იმოქმედა, თარგმანი შევაჩერე და კარგა ხანს ვეცადე ჩავუღრმავდე მას.

ესე იგი, ჩვენ ვართ არა ჭკუა-გონება, არამედ სული. უჭკუო სული სიგიჟე თუ არა, აბა მაშ რა არის?... იდუმალებით მოცული არსება, რომელიც არც რაიმე წესრიგს ეპუება, არც რაიმე ლოგიკას დაგიდევს, თანაც მისთვის უცხოა ამქვეყნიური ყოველგვარი ძრწოლა და ზღვარი... და იგი ჩვენშია ჩაბუდებილი. კაცი რომ თავბოლოს ვერ გაუგებს და ვერ მართავს, აი ეგეთი სული... რა გამოდის, ჩვენ გონიერების საზღვარს ვცილდებით...

ლუკრეცის ამ აზრმა მოსვენება დამაკარგვინა. შინაც და გარეთაც მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი და მღელვარებას ვერ ვმალავდი.

იმ დღეს, როცა წიგნი გამომცემლობისთვის უნდა გამეგზავნა, მასალის კორექტურას კიდევ ერთხელ გადავხედე და რას ვხედავ? ფრაზა, რომელმაც ჩემი ეგზომ დიდი ინტერესი გამოიწვია, ტექსტში არ აღმოჩნდა. ვიფიქრე, ეს ტექნიკური ხარვეზია და ხელნაწერებს გადავხედე, რომ ის წინადადება ვიპოვო... იქაც ვერ მივაგენი ამ აზრს. ლუკრეცის სხვა აზრები, რომლებიც ადამიანის არსს ეხებოდა, ხელუხლებლივ იყო. ის აზრიც აქ, ამ მონაკვეთში უნდა ყოფილიყო...

იძულებული გავხდი, ბოლო გამოსავალს მივმართო – ორიგინალში ჩავიხედე. ტექსტი რამდენჯერმე გადავიკითხე და უკიდურესად გაოცებულს ლამის სუნთქვა შემეკვრა...

ეს აზრი არც ორიგინალში აღმოჩნდა...

 

იდუმალი ფოტოგრაფი

 

ერთხელ მეტროში გვერდით მსუქანი და ხნიერი მამაკაცი მეჯდა. კარგა ხანს ვიმგზავრეთ ასე. ვუყურებდი მოპირდაპირე ფანჯრის მინაზე ჩვენს ანარეკლს და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ფოტოგრაფის წინაშე ვზივართ და სახსოვარ ფოტოს ვიღებთ.

 

სიტყვების შესახებ

 

კარგახანია რამდენიმე სიტყვას თავს ვერ ვაღწევ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისინი კალმის წვერს ბეწივით მოსდებიან და რაზეც არ უნდა ვწერო, თან დამდევენ. აი ის სიტყვებიც – „ამოუხსნელი“, „გაუცნობიერებელი“, „საშიში“, „იდუმალი“... ჩანს, სიტყვებიც ადამიენებივით არიან. ზოგჯერ შეუმჩნევლად დაგიახლოვდებიან, შენს ირგვლივ ტრიალებენ და შენს ცხოვრებაში შემოდიან, მერე კი ასევე შეუმჩნევლად გშორდებიან, სხვა სიტყვებს შეერევიან, მიდიან და სადღაც განაგრძობენ არსებობას.

 

მატერიალური დრო

 

დრო სულაც არაა მზისა და მთვარის დამლახუჭობანას თამაში, თუ ჩვენს მიერ საათის ციფერბოლატებში მოქცეული, დღე-ღამედ, თვეებადა და წლებად დაყოფილი ჟამთა დინება. ეს გახლავთ მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს გავაცნობიერებთ და რომელიც მარადისობის ლივლივში უცვლელად სუფევს და მყარად აგრძელებს თავის ყოფიერებას. არა თუ დრო ჩვენში, არამედ ჩვენ მივედინებით დროში და ვიცვლებით, ეს კი ტავის მხრივ ჟამთა ცვლის ილუზიას გვიქმნის.

 

ამბავთა ქარი

 

როცა ერთმანეთს ადარებ ადამიანებს, რომლებიც დაბნეულები დაბორიალობენ თვალის დახამხამებასავით წარმავალი დღე-ღამის განუწყვეტელ მონაცვლეობაში და უწინდენურად აუჩქარებელი საათის უწყინარ წიკწიკს, ხვდები, რომ ეგზომ აჩქარებული დრო-ჟამი კი არა, ამბავთა ქარია, რომელიც დროის შიგნით ავარდნილა და მისთვის დამახასიათებელი სისწრაფით ქრის.

 

წიგნის თვითმკვლელობა

 

ერთხელ ღამით წიგნებით გადატენილ საძინებელში თაროდან ხმაურით გადმოვარდნილი რაღაცის ხმაზე წამოვარდი. სინათლე ავანთე და იქითკენ გავემართე საიდანაც ეს ბრახუნი მომესმა – წიგნის კარადასთან მისული ხილულით სახტად დავრჩი... ეს გახლდათ ჩემი ძველი მეგობრის პოეტ ვაგიფ ბაიათლის წიგნი „ოვალური სიყვარული“, რომელიც კარგა ხანია არ გადამეშალა... მაშინვე მივხვდი თუ რატომ გადმოიგდო მან თავი წიგნებით გადაჭედილი თაროდან, ისე, როგორც კაცი გადახტება მრავალსართულიანი სახლის მაღალი სართულიდან... წიგნი იატაკიდან ავიღე, საწოლში დავბრუნდი, სათვალე მოვიმარჯვე და კითხვას შევუდექი.

 

ღვთიური შეტყობინება

 

როცა ჩვენს კეთილმოწყობილ, ნათელ ბინაში რბილ სავარძელში არხეინად მოკალათებულნი ცხელ ჩაის მივირთმევთ და ვუყურებთ სტიქიური უბედურებისაგან – მოულოდნელად მოვარდნილი ღვარცოფისაგან, თუ მიწისძვრისაგან განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ სოფლებსა და ქალაქებს, თანაც გვგონია, რომ ეს ყველაფერი სადღაც ჩვენგან შორს  ხდება, გვავიწყდება ახალი ღვთიური ინფორმაციითა, თუ შეტყობინებით ჩვენს სულში მოვარდნილი ნიაღვრები და შემაძრწუნებელი მიწისძვრები.

 

ემიგრანტი მწერლები

 

ჩვენი რუსულენოვანი მწერლები ყოველთვის მეცოდებიან. მიუხედვად იმისა, რომ სამშობლოზე გულით შეყვარებული ეს განათლებული ადამიანები ბაქოს ცენტრში არიან დაბადებულები და ამ ძველ, ისტორიულ უბნებში არიან გაზრდილები, ისე გამოიყურებია როგორც ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში სევდიანი და შემკრთალი თვალებით უმზერენ ყველაფერს.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ასეთი ემიგრანტებიც არსებობენ.

 

სიზმრის ჭეშმარიტება

 

მას შემდეგ, რაც ვაჟი შემეძინა, ხშირად მესიზმრება თითქოს ჩვენს სახლში ჩემი პირმშოს გარდა მისი თანატოლი, მისი ტანის და აღნაგობია, მასავით ფერმკრთალი და კბილებჩაყვითლებული პატარა ბიჭუნაც ცხოვრობს, იგი ჩვენს შორის მოჩვენებასავით დაიარება, ზოგჯერ კარზე აკრული მინის მიღმიდან მოგვაჩერდება და სევდაჩამდგარი თვალებით გვიმზერს, ხან კი ოთახიდან ოთახში ლანდივით დამდევს და ცდილობს რაღაც მითხრას, რაღაც მანიშნოს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს, ხმას ვერ იღებს, ვუმზერ ამ უმწეო, ფერწასულ ბიჭუნას და გული მეთანაღრება, მისი შემყურე ამ სიტუაციას ძლიერ განვიცდი, ამასობაში მიჩნდება უდარდელი დედის კომპლექსი, რომელიც ისე ჩაფლულა თავის შემოქმედებასა და ყოველდღიურ საზრუნავში, რომ შვილისთვის ვეღარ იცლის. ყოველი ასეთი სიზმრიდან გამოღვიძებულს ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ღრმა ორმოდან ამოვბობღდი და რაღაც საშინელებას დავაღწიე თავი. ეს სნეული ბავშვი ჩემი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხომ არ მიმანიშნებს-თქო ვფიქრობ და ვიტანჯები.

ერთ დღეს კი, როცა კვლავ ამ სიზმრის სფეროში აღმოვჩნდი და პირისპირ შევეჩეხე ამ სნეულ ბიჭუნას, მის თვალებში ისეთი ღრმა სევდა და დარდი ამოვიკითხე, რომ მაშინვე მივხვდი: ეს თავად მე ვარ.

 

მეტამორფოზა

 

იმ ქალზე ვწერ, რომელიც დრო და დრო იდუმალ დინებებს აყოლილი მსოფლიოს რომელიღაც უცხო კონტინენდებზე მოხვდება ხოლმე, მერე მოულოდნელ ნახტომს აკეთებს და უკანვე ბრუნდება, უკან დაბრუნებილი გამარჯვებულის დროშასავით აფრიალდება, აფრიალებული კი კარგავს თავისპირვანდელ სახესა და წონას და მოლივლივე სივრცედ გარდაისახება, გარდასახული კი გრძნობს, რომ ტანზე კუდის მაგვარი რაღაც გამოება, რომელიც ამძიმებს მის ჰაეროვან სხეულს, მერე კი ამ ზედმეტ სხეულს ისე იშორებს, როგორც  მაგრად მოხარშული ხორცი სცილდება ძვალს, იმ ქალზე ვწერ, რომელსაც  ხელები თავისსავე ნახმარ, ძველ ხელთათმანებად, თმები კი ერთ ბღიჯა მატყლად ქცევია.

 

ხსნა

 

როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარტოდ დარჩენისა მეშინოდა და ჩემს ირგვლივ სივრცეს შვილებითა და ჩემი ნაწერებით ვივსებდი, ჩემს წყნარ ბინაში, საწოლი ოთახის სიმყუდროვეში, სადაც მატოს უნდა დამეძინე, უცებ ვიგრძენი, რომ მარტო არა ვარ, რაღაც უხილავი ძალისა, თუ ვიღაცის განუყოფელი ნაწილი ვარ, ან სულაც თავად ვარ ის, რასაც მთელი ეს სიცარიელე მოუცავს, ჩემი ბინა კი, მთელი თავისი ფანჯრებითა და კარით ერთი დიდი სარეცელია. ამ განცდამ ისე ამიყოლია, რომ ვიგრძენი თანდათან მთელ სივრცეს ვეფინები და ყველა სიცარიელეს ვავსებ.

 

საფლავად ქცეული ინტელიგენტები

 

ზოგმა მოაზროვნემ თავის დოზე თავისი გამორჩეული და სამაგალითო ნაწარმოებით, ასევე პიროვნული თვისებებით დაიმსახურა ჩვენი ყურადღება. მერე კი ზოგიერთი მათგანი ისე შეიცვალა და პესიმზმში გადავარდნილი ისე დაპატარავდა, რომ კაცს ეგონება მის სხეულში ქიმიური ელემენტების უცნაური ცვლილება მოვდა და იგი შიგნიდან უმწეო მოლეკულებად დაიშალა. ასეთი მოაზროვნეების მიმართ ჩვენი უწინდებური დამოკიდებულება გარდაცვლილი ახლობლების საფლავებისადმი სავალდებულო თაყვანისცემას მაგონებს.

 

ძნელად სავალი ხსნის გზა

 

ისინი, ვინც ცხოვრების ზოგჯერ თავმომაბეზრებელი, ზოგჯერ კი განცდებით აღსავსე გზაზე ჟამთასვლის საპირისპიროდ მიმართულ ბილიკებს აგნებენ, წუთისიფელსაც სხვა, უფრო მშვიდი სიკვდილით ემშვიდობებიან.

ამგვარ ბილიკთა შორის ყველაზე ძნელად სავალი ლიტერატურაა.

 

იალქნებიანი გემი

 

როცა ირგვლივ ყველაფერი დაღლილ-დაქანცულია და ღამის სიბნელესთან ერთბაშად ამოწოლილ სამარისებურ სიჩუმეში ვუსმენ ჩვენი ჟანგიანი სხვენის რწევას, რომელიც დედამიწის  იდუმალ რხევასაა აყოლილი და ისეთ ხმებს გამოსცემს, როგორსაც უძველესი დროის იალქნიანი გემები გამოსცემდნენ, სულგანაბულს მახსენდება ყურანის ჰადის-ულ-ქუდსად დასათაულრბული სურას სტრიქონები: „ვყოფიერობდი როგორც ფარული საუნჯე,  ერთ დღეს გადავწყვიტე გავცნობიერდე... და შევქმენი ქვეყნიერება...“

 

გზა, რომელსაც კმაყოფილებისკენ მივყავართ

 

იმას რომ მივხვდეთ, ყველაფერი, რის გამოც ვიბრძვით, ვწვალობთ და ვიტანჯებით, საბოლოო ჯამში ერთ პატარა და წარმავალ სიამოვნების გრძნობას ემსახრება, მრავალ განცდასა და ტკივილს დავაღწევთ თავს.

 

მოულოდნელი ხსნის შესახებ

 

არ ვუწყით, რომ ერთ წუთში შეგვიძლია დავშალოთ ის მარწუხები, რაც საზოგადოების მიერ ნაკარნახები წესებისა და ტრადიციების შესაბამისად წლების მანძილზე მოვირგეთ ტანზე, რაც ჩამოგვიყალიბდა და რაც გაუთევებელ დაძაბულობაში გვამყოფებს და სულს გვღაფავს - ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს ვდგებით, ერთსა და იმავე გზით მივიჩქარით სამსახურისკენ და იმავე გზით ვბრუნდებით შინ, შინ, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებული გვაქვს ყველაფერი, სადაც ერთი და იგივე სახეები გველოდებიან და ერთსა და იმავე ამბებით გარემოცილნი ერთსა და იმავე მოვალეობებით ვართ გარემოცულნი.

 

ნახტომი

 

ზოგჯერ მსურს შევქმნა ის, რაც ლიტერატურის მიღმაა. რა არის ის?

 

სელიმ სარიევის ცხოვრება

 

მინდა, მოთხრობა დავწერო სალიმ სარიევზე, ანუ ისეთ კაცზე, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იმაზე ოცნებობდა, რომ ქალაქის ცენტრში ფართო, ნათელი და კეთილ მოწყობილი ბინა ჰქონოდა, ამიტომაც ყველაფერს იკლებდა, სულ მუდამ დაძაბული იყო, ზამთარში თავის პატარა სოროს არ ათბობდა, ცივ ოთახში გათოშილს ეძინა, რის გამოც ფილტვების ანთებაც კი დაემართა, და იმის მაგიერ, რომ იაფი საკვებით საეჭვოდ გასიებულს თავისუფალი დრო ადამიანურად გაეტარებინა, ოთახში გამოკეტილი მეუღლისეული მზითების გამადიდებელი შუშით თვალიერებაში ატარებდა, ბოლოს ამდენი ხელმომჭირნეობისა და თვითგვემის სანაცვლოდ ცხოვრების მიწურულს როგორც იქნა მიაღწია საწადელს და ქალაქის ცენტრში შეიძინა ნანატრი ბინა, მაგრამ როცა იქ გადავიდა საცხოვრებლად ოცნებაახდენილმა და მიზანმიღწეულმა ამოწურა თავისი მისია, დაკარგა მთავარი გზამკვლევი, ანუ ცხოვრების აზრი და დაჩიავდა.

მინდა დავწერო ეს მოხრობა, მაგრამ ყოველთვის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მიშლის ხელს და იძულებული ვხდები ეს საქმე ხვალისთვის გადავდო. ეს იდეა კი, როგორც გზის გადაღმა დარჩენილი კაცი, რომელსაც აქეთ გადმოსვლა სწადია, მაგრამ ინტენსიური მოძრაობა უშლის ხელს, სადღაც მიყუჟული მელოდება.

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE