მეორე კვირის ჩათვლით


მეორე კვირის ჩათვლით




 

ღორის პატრონი იდგა და არწმუნებდა – ცუდი იყოო, – ამბობდა, – შარშან სანაცვლო სალა რომ მოგეცითო. – არა, – ყუთს მიათრევდნენ ქალები – იქნებ არგოს დასჭირდეს, არგო, არგო! – აკაკუნებდნენ სარდაფის კარზე. „რად უნდა არგოს  დაობებული პური, ეს უკვე ცხოველის  საკვებია“ – გაოცებას ვერ მალავდა ღორის პატრონი.  – არა, – ამბობდნენ შენობის ქალები, – არგოს თუ არ ენდომება, მაშინ წაიღე... ალბობს, გაზქურაზე აცხელებს და ჭამს. „არგო! არგო!...“ – ეძახდნენ და კარზე აკაკუნებდნენ.

– სანეპიდსადგურიდან იყვნენ მოსულები, სარდაფებში დარიშხანი დაყარეს, ვირთხებთან ერთად ხომ არ მოკვდა? – შეწუხდნენ მეზობლები, – თორემ, გახსოვთ, შარშან ამ დროს როგორ ტრაბახობდა: ისეთი ცხენი მყავს, ისეთი ცეცხლოვანი... რომ ვსეირნობ, ბევრს ბოშა ვგონივარო.

– არგო  სოფელში წავიდა, - თქვა მესამე სართულის ბურთით მოთამაშე ბიჭმა.

– რა იცი?

– თვითონ მითხრა, ასე თქვა: დედაშენს რომ გამოეშვი, შენც წაგიყვანდი, იქ სამსართულიანი სახლი მაქვსო.

– სამსართულიანი სახლი არა ტოროლა, – ჩაილაპარაკა ღორის პატრონმა, – სამსართულიანი სახლის პატრონი სხვის სარდაფში არ იცხოვრებს.

ღორის პატრონი მეორე დღესაც მოვიდა. ცოტა  არ იყო: ხუთი ტომარა და ორი დიდი ყუთი ხმელი პური. შენობის ქალები წინააღმდეგნი არ იყვნენ, ზამთარში სალა კი საჭიროა, მაგრამ არგო მოვიდეს და მერეო... ისევ დააკაკუნეს კარზე და წინანდელზე ხმამაღლა დაიძახეს: არგო, არგო...

ღორის პატრონი მოუთმენელი იყო, ასე თქვა: ხვალ თუ მომცემთ, წავიღებ, თუ არადა  არგოსთან  ერთად შეჭამეთ თქვენი ხმელი პურიო.

პოლიციას ცხედარი ჯერ არ ეპოვა და შენობის ბინადრებს ესაუბრებოდა. მესამე სართულის ბიჭი ამბობდა: „სოფელში წავიდა“, მაგრამ სოფლის სახელი არ იცოდა. ერთმა თქვა: „ყოველ წელს ასეა, ალალი  შრომითა და ოფლით შეგროვებული ფულით მიდის, იქიდან კი ცარიელ-ტარიელი ბრუნდება...“ მესამე სართულის ბიჭმა თქვა: „თავის სამსართულიან სახლს კიდევ უფრო რთავს“. პოლიციელმა არ დაიჯერა და მისი ძებნა სამორინეებში გადაწყვიტა.

ერთი კვირა გავიდა, შენობის ქალები უკმაყოფილოები იყვნენ პოლიციის მუშაობით, არც ცხედარი ეპოვათ და არც კვალი. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ორი ტომარა ხმელი პური შეუნახეს, მიუხედავად ღორის პატრონის ბუზღუნისა. მესამე სართულის ბიჭი საღეჭი რეზინის ღეჭვით ამბობდა: „ცოტაა, ის კაცი რომ მოვა, ზამთარში რა უნდა ჭამოს?“

პოლიციელს შენობის მაცხოვრებლები შეეკრიბა და ითხოვდა მოეყოლათ, თუ  სად მიდიოდა, ვისთან ერთად მიდიოდა, რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა. ისინიც ჰყვებოდნენ: „ხალიჩას და ფანჯრებს ფულით რეცხავდა, დანარჩენს ვინც რამდენს გაიმეტებდა: ზოგჯერ ვანდობდით ბავშვების უვნებლად გზაზე გადაყვანას, სკოლაში მიჰყავდა, გამოჰყავდა, გზაზე გადმოჰყავდა, სახლში მოჰყავდა. განათლება არა, მაგრამ გარკვეული ცოდნა ჰქონდა, რამდენიმე სტრიქონი  ბიბლიიდან, ალაგ-ალაგ ზღაპრებიდან... ქიმიაზეც ჰქონდა წარმოდგენა, ძველ საჭმელებს არ გვაყრევინებდა, სოდას უმატებდა, ადუღებდა და ჭამდა, ფული რომ დაეზოგა.“ მესამე სართულის ბიჭი ცხვირის სრუტუნით ამბობდა: „სოფლის სახლის კედლებზე ოქროს შესხმა უნდოდა.“  „რომელია მისი სოფელი, ბიჭო, საერთოდ არსებობს ეგეთი სოფელი?.. გამოიღე ერთი ხელი ცხვირიდან, რაღაცას გვიმალავ, ნამდვილად იცი და არ გვეუბნები“, – უკირკიტებდა პოლიციელი. „კი, – უპასუხა მესამე სართულის ბიჭმა-უბრალოდ მე მსოფლიო რუკა ცუდად ვიცი.“

პოლიციელი სულით ხორცამდე ნამდვილი პოლიციელი იყო, სახელმწიფოსგან იმდენი ჯილდო ჰქონდა მიღებული, რომ მუზეუმი გაივსებოდა, თავი სულ ტვინით ჰქონდა გამოტენილი, ძვლები,  ხორცი და კანი არ გააჩნდა.    ცხოვრებას ყველა წვრილმანით იცნობდა, სამ დღეში შეეძლო ნებისმიერი მძიმე დანაშაულის გახსნა და ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. ერთი კვირა გავიდა, ხიდების, მორგისა და საავადმყოფოს ჩათვლით მოიარა და გადაჩხრიკა მთელი ქვეყანა, საცოდავი არგო კი არსად  ჩანდა. გაცოფებული, დუჟმომდგარ ძაღლს დამსგავსებული პოლიციელი  ადგილს ვერ პოულობდა და უმწეობისგან მაგიდაზე ფანქრის ბოლოთი აკაკუნებდა. „თქვე კაი ადამიანებო, – უყვიროდა შენობის მაცხოვრებლებს, – ეს რა მაზალო ხალხი ხართ, იქნებ ის კაცი მანიაკია, თქვენს შვილებს უღიმის, სხვაგან კიდევ ბავშვს კლავს, იქნებ გარყვნილიც არის, ამ დაკარგულ დღეებში უმსგავსობებს სჩადის და მერე თქვენს შვილებთან აქვს ურთიერთობა. შეიძლება ავადაა, კაცო, ის კაცი, ამ დაკარგულ დღეებში კრუნჩხვებშია, მაგრამ თუ ვუმკურნალებთ, ივარგებს... თქვენს პურსა ჭამს, თქვენ შემოგევლეთ, ამდენ ხანს როგორ არ  გაინტერესებდათ?..“   „რა უფლება გვაქვს, ამდენი რამ მოვთხოვოთ მიცემული ხმელი პურის სანაცვლოდ, რა ჩვენი საქმეა, სხვისი მამაკაცი სად მიდის, ან საიდან მოდის – თავს იმართლებდნენ ქალები, – რაც მთავარია, სრული სახელი ვიცით – არგამი ჰქვია. მთელი დღე ეზოში, ჩვენ თვალწინ იდგა, სანამ ვინმე დაუძახებდა, რამით დაასაქმებდა, ძველმან ტანსაცმელს მისცემდა ან ერთი-ორ კაპიკს მისცემდა... საქმე რომ არ ჰქონდა, ეზოში მოთამაშე ბავშვებს ეძახდა და ეთამაშებოდა: „რაღაც რომ გკითხო, მიპასუხებ?“ „მკითხე“. „ღმერთის სამყოფელი სადაა?“ საჩვენებელ თითს ჰაერში იშვერდა, ბავშვი იცინოდა და ამბობდა – გიჟია. იცინოდა და გარბოდა. არგო მეორე ბავშვს ეძახდა, იმავე კითხვას უსვამდა...  იმდენჯერ კითხულობდა ერთსა და იმავეს, რომ  ეჭვს გიჩენდა – იქნებ ამან იცის, იცის და არ ამბობსო. არა, ეტყობოდა, რომ ცუდი რამის ჩამდენი არ იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა, თავის ხარჯზე არცკი ჭამდა, ახალ ტანსაცმელს არ იცვამდა, კინოსა და თეატრში არ დადიოდა, ქალებშიც კი არ დადიოდა, ტო, მგონი, არცკი ესმოდა, ქალი რა არის.  განდეგილზე უარესად ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა აღებული, საკუთარი თავისთვის ცხოვრება აკრძალული ჰქონდა.

...ეგ დასაწვავი ფილოსოფოსიც იყო. რომ ვეუბნებოდით: „გეყოფა ასე ყველაფერზე უარის თქმა და ფულის შეგროვება, ცოტა საკუთარ თავსაც უნდა ასიამოვნო“, გვპასუხობდა: „სომხებს არ აქვთ წმინდა ადგილი, მათი წმინდა ადგილი  ცხოვრებით განისაზღვრება.

ღორის მეპატრონე ერთი-ორჯერ კიდევ მოვიდა, დასანანი იყო ორი ტომარა ხმელი პურის უპატრონოდა დატოვება. ქალებმა ისევ უარით გაისტუმრეს, არგოს დაბრუნების იმედად.

მოვიდა. ისევ ის საწყალი და საცოდავი, დაღლილ-დაქანცული ძონძებში გამოწყობილი არგო, მეორე კვირის ჩათვლით უიმედოდ ძებნის შემდეგ. ქალები ვითარების გარკვევას ელოდნენ, რათა გაეგოთ, პური მიეცათ თუ არა.  წელში მოხრილები გასაღების ჭუჭრუტანაში იყურებოდნენ, პოლიციელი ოთახში ბოლთას სცემდა, ხათრითა და ძალით უნდოდა არგოსგან სიტყვის გამოძალვა.

– ჩვენი ქვეყნის ცუდი ისაა, – ამბობდა, – რომ პატარაა, გაქცევა შეუძლებელია, ყველამ იცის შენი დაძინება-გაღვიძების, სიკვდილ-სიცოცხლის საათები. შეუძლებელია სახლიდან გასვლა და აღარ დაბრუნება. მე ყველაფერი ვიცი, უბრალოდ შენს პატიოსნებას ვამოწმებ. არგო, ბიჭო, შენი ნებით მოჰყევი ყველაფერს, – არიგებდა.

– ჩემს სამსართულიან სახლს ვარემონტებდი.

– ამდენი ხნით არასოდეს გადაკარგულხარ, – უჟმური პოლიციელი მოთმინებით აკაკუნებდა ფანქარს მაგიდაზე.

– ყოველთვის იმდენი ხნით ვიკარგებოდი, რამდენი ფულიც მქონდა. შარშან ჭერის დირე დალპა, ერთ დღეში გამოვცვალე და მოვედი. შარშანწინ ეზოს ფილები დაიმტვრა, წყალმა დააზიანა, ორ დღეში გამოვცვალე და დავბრუნდი. წელს ბევრი საქმე იყო...

– წამიყვანე და მაჩვენე, – დაიჟინა პოლიციელმა.

– ვაჰ, – თქვა არგომ, – შენ ვინ გამიხდი, რომ?..

– არგო, ბიჭო, ჭკუას მოუხმე, – განრისხდა პოლიციელი, – იმდენს გცემ, რომ ხერხემალს დაგიმტვრევ, ნაკუწებად ვაქცევ, – გასაღები წაართვა არგოს, წავიდა სიმართლის დასადგენად. კიდევ ერთი კვირა მოიცადეს შენობის ქალებმა თავზარდაცემული პოლიციელის დაბრუნებამდე.

– შე კაი კაცო, – უთხრა გაოგნებისგან შეძრწუნებულმა, – მსგავსი არაფერი მინახავს. ბიჭო, – შეარცხვინა არგო, – შენ ვირი ხარ და ვირიშვილი: ბიჭო, მაგ სასახლის პატრონი სარდაფებში რატომ ცხოვრობ?

– პატარა სოფელია, სამუშაო არაა, სახლს კიდევ ზრუნვა და ხარჯი სჭირდება...

– შე ვირიშვილო, გაყიდე ეგ სახლი, რამდენი სიცოცხლე უნდა იცხოვრო? მოდი, ამ მხარეში ერთი კარგი სახლი იყიდე.

– წესიერ ფასს არ მისცემენ, – თქვეს შენობის ქალებმა, – ძალიანაა სამყაროს მოწყვეტილი.

– რას ამბობთ, – კარგად იცნობდა ცხოვრებას პოლიციელი, – იმდენი ეგზოტიკის მოყვარული მილიონერია... ეგეთი ბუნება და სასახლე სიზმარშიც არ უნახავთ, ხელიდან გამოსტაცებენ.

– რომ გავყიდო, მე სადღა დავბრუნდე, წელიწადში ორი-სამი დღით სად გადავიკარგო?

– აქ სახლი რომ გექნება, – არწმუნებდა პოლიციელი, – დაბრუნება აღარ დაგჭირდება, მაგ სახლში იცხოვრებ კიდევაც და დაიკარგები კიდევაც.

– ეგ როგორ? არ გამოვა ეგრე, მე სადღა დავბრუნდე? – ბოთე ბავშვის უცოდველი ხმით კითხულობდა არგო.

– შენ შემოგევლე, – უხსნიდა პოლიციელი, – მაგისნაირი ან მაგის ნახევარი ფართის სახლი რომ გქონდეს, ვთქვათ, ჩვენს უბანში მშვიდად იცხოვრებ, აღარც მოსვლა და აღარც დაბრუნება... შეგიძლია დაქორწინდე კიდეც.

– კი მაგრამ როგორ... – არ ესმოდა არგოს, – როგორ შეიძლება ცხოვრება დაბრუნების იმედის გარეშე... შეუძლებელია დაბრუნების გარეშე... მირჩევნია, აქ სახლი არ მქონდეს, მაგრამ დასაბრუნებელი ადგილი მქონდეს. აბა, ისე როგორ იქნება?..

 

სუსანა ჰარუთუნიანი

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE