წმინდა რუსეთის გული


წმინდა რუსეთის გული




ალისტერ კროული

 

მე-20 საუკუნის ყველაზე სახელგანთქმულმა ინგლისელმა ოკულტისტმა ალისტერ კროულიმ (1875-1947) ვრცელი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა და შეიძლება ითქვას, რომ მთელ თანამედროვე დასავლურ კულტურას ახალი სულიერი დასაყრდენი შეუქმნა, რაზედაც ის დღემდე ახერხებს არსებობას. მართალია ამ ტექსტებიდან უმეტეს ნაწილს მაგიური და სპეციალური რიტუალური ტრაქტატები იკავებს, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდა გნოსტიკოსი საკუთარ მოღვაწეობას როგორც პოეტი, ისე იწყებდა. მისი ყველა ნაწარმოები მაღალი ლიტერატურული ესთეტიზმით, ღრმა სახეობრიობით, ძალდაუტანებელი, ბუნებრივი აღმაფრენითა და ალუზიების რთული სტრუქტურით გამოირჩევა. ალისტერ კროული რუსეთს პირველად 1910 წელს ეწვია და პეტერბურგი მოინახულა. 1913 წელს კროული უკვე მოსკოვს სტუმრობს და სწორედ მაშინ აღმოაჩენს რუსეთს და საკუთარ მთავარ რიტუალურ სახელმძღვანელოს „გნოსტიკურ მესას“ წერს. „წმინდა რუსეთის გული“ ასევე მოსკოვში ყოფნისას დაიწერა. როგორც ამ ნაწარმოების, ასევე ზოგადად ალისტერ კროულის უჩვეულო პოეტური განჭვრეტის ძალაში მკითხველს ის ერთადერთი ფრაზაც დაარწმუნებს, რუსეთში „მუმიფიცირებული რწმენის სიცოცხლისუნარიანობას“ რომ ეხება, თანაც ლენინის გარდაცვალებამდე და მავზოლეუმის აგებამდე ათი წლით ადრე. შეულამაზებელი ხედვა სინამდვილისა - როდესაც ეს ძველ ინგლისურზე მოსაუბრე დენდი, ერთდროულად უძღები შვილიც და განდეგილიც, გასული საუკუნის დასაწყისის პეტერბურგს რუსულ ქალაქად ვერც კი აღიქვამდა, სწორედ მისი ევროპული მანერულობის გამო - შეიძლება დღესაც გამოსადეგი აღმოჩნდეს ზედმეტად გართულებული, ხან კი ზერელე კულტურული კონტექტსტების გასაგებად.

 

 

წმინდა რუსეთის გული

 

მოსკოვის თავზე მხოლოდ კრემლია,

კრემლის თავზე კი - სასუფეველი.

რუსული ანდაზა

 

I

ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ბრწყინვალე აღმწერელნი ფონ მოლტკე და თეოფილ გოტიე ერთნაირად აღტაცებულან ამ გასაოცარი ქალაქის ხილვისას. და როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ნატურალიზმისაკენ მიდრეკილი სტრატეგის გონება უფრო ზუსტ გამოხატულებებს პოულობს, ვიდრე გონება სიტყვის ოსტატისა.

ნეტარი ბასილის ტაძრის აღწერისას  გოტიე ლამის ფოტოგრაფიულ სიზუსტეს აღწევს: „თვალშეუდგამი მარჯანი, კოლოსალური კრისტალური წარმონაქმნი, ამობრუნებული გროტი სტალაქტიტებისა“.

მხედართმთავარი კი მთელ ქალაქს ერთადერთ მარტივსა და სიმართლის მთქმელ ფრაზაში აქცევს: „თითქოსდა ერთ-ერთ ისეთ ქალაქში აღმოჩენილხართ, მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი რომ შეიძლება იყოს და ცხადში კი არასოდეს უარსებია“.

იმედს ვიტოვებთ, რომ მრავალმა ჩვენგანმა – კერძოდ, ლორდმა დანსენიმ თუ ბატონმა საიმმა ასეთი წარმოსახვითი ქალაქები ოდესღაც მართლაც მოინახულეს. რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდით მსოფლიოს გარშემო, მით უფრო გვიძლიერდებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. დელი, აგრა, ბენარესი, რომი, ლონდონი, კაირო, ნეაპოლი, ანურადჰაპურა, ვენეცია, სტოკჰოლმი _ ამ ქალაქებიდან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა, ასე თუ ისე მეორე პლანზე გადაინაცვლა იმ გაოცების ფონზე, რაც კრემლის დიადი აღმოსავლეთის კედლის ნახვისას განვიცადე წითელ აგურში გამოჭრილი სათოფურებით, რომელთაც ჯერ კათედრალების გუმბათები, ხოლო შემდეგ, შორეულ წერტილში, ~მაცხოვარის კარიბჭე~ აგვირგვინებს, ბოლოს კი ნეტარი ბასილის ენითაღუწერელ კათედრალს ესაზღვრება: ~აი, გაცხადდნენ თრიაქით მოგვრილი ზმანებანი~. არცერთი პოეტის წარმოსახვას _ ქვინსის, ლადლოუს თუ ბოდლერის კალამს არ შეუქმნია რაიმე ისეთი ფანტასტიკური და მშვენიერი, რაც მოსკოვის მშვიდ სინამდვილეს გააჩნია. ის დაუგეგმავად გაჩნდა და არც არანაირ ~ხელოვნების კანონებს~ არ ემორჩილება. ღმერთივით თვითნებურია და ამდენადვე უტყუარი. ადამიანის გონების მიერ არ არის შექმნილი: ის იმ გონებამ შექმნა, რომელიც ელემენტარული მათემატიკის დოგმებისგანაც კი თავისუფალია.

ეს წარმოსახვის თამაშია, რკინასა და ქვაში განსხეულებული. სწორედ ის აბსურდია, ტერტულიანეს რომ სწამდა. ის სილამაზის სტიქიაა და შეშლილი პოეტის ოცნებანი სასუფევლის შესახებ. ის დასცინის ადამიანის გონებას და არცერთ სკოლასა თუ პერიოდს არ მიეკუთვნება. შეუძლებელია მისი მიბაძვა და მიმსგავსება, რადგან ყველაზე დიდი ხელოვანის გონებასაც კი საკუთარი ზღვარი და აზროვნების კალაპოტი გააჩნია. მოსკოვი ის მოულოდნელობაა, რომელიც ყოველთვის შემთხვევით ხდება. დიახ, შემთხვევით: კრემლიც შემთხვევითია და მთელი ქალაქიც. არანაირი გეოგრაფიული საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ის სწორედ ამ ადგილას წარმოქმნილიყო. არც ხელშემწყობი რაიმე ბუნებრივი პირობები იყო. აქ ერთი პატარა მდინარეა, მდინარე ჰარლემის, ანდა ლონდონის ხიდის ქვეშ მოქცეული ტემზის ნახევარი სიგანისა თუ იქნება და ერთი ბორცვი, რომელიც სიმაღლით მორნინგსაიდისა თუ ლუდგეიტის ბორცვს ნამდვილად არ აღემატება. ერთ რომელიმე ნათელ დღეს მოექეცით ივანე დიადის თავზე და იქიდან თქვენს ირგვლივ ჰორიზონტზე მხოლოდ უსასრულო დაბლობები გადაიშლება, თუკი ერთადერთ პატარა შემაღლებას არ მიაქცევთ ყურადღებას, საიდანაც ნაპოლეონმა პირველად დაინახა მოსკოვი. აქ არც ვეზუვია, არც ცისფერი ყურე ანდა თავაწეული პოზილიპო. არც რომის შვიდი ბორცვია _ საერთოდ არაფერია: მაღალი მთა იქნება თუ დიდი მდინარე. მოკლედ, ქალაქს არანაირი გამაგრება არა აქვს _ გარშემო მხოლოდღა ცაა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სწორედ ამ ადგილას გაჩნდა ეს წარმოუდგენელი დიადი ქმნილება უმაღლესი ჯადოსნური გონებისა. ის ~ბარბაროსულ სახელთა შელოცვის~ მოულოდნელ კრისტალიზაციას წარმოადგენს, რის შესახებაც ზარატუსტრა მოგვითხრობდა. ტიტანთა ყვავილობაა და ღმერთის სასჯელია - ლოთის ცოლი მარილის სვეტად რომ გადააქცია გოლიათთა ქალაქის გარყვნილებათა წარხოცვის ბოლოს. რადგანაც, მსგავსად ბახუსის კვერთხისა, ვაზის დაწნული ყლორტები რომ აგვირგვინებს, კრემლის ყოველი მონაკვეთი ფანტაზიაა ერთ რომელიმე თემაზე და მათ წინაშე თვით მზეც კი უბრალო იმიტაციად მოჩანს. ის ცხოვრების უფალია, მომნიჭებელია სიცოცხლისა, მწყალობელი, ერთადერთი, ექსტაზის მომგვრელი, დანაპირებთა აღმსრულებელი, დამნახველი უხილავისა, ღმერთის დანიშნული მმართველი და მსაჯული, მამაკაცურობის ძალა, ბედის დამმორჩილებელი - აი, ეს ყველაფერი უკვდავყოფილა ამ გასაოცარ უდაბნოში.

ნეტარი ბასილის ეკლესია (და რატომ არ შეიძლება, რომ ბასილისკოს ეკლესია ვუწოდოთ?) - ეს ხომ პლატონისეული ერთისა და მრავალის წინააღმდეგობის გადაწყვეტაა. ფერით, ფორმითა და ერთმანეთთან შეხამებებით ორ მსგავს გუმბათს ვერ აღმოაჩენთ. ყოველი მათგანი ნათლად ადასტურებს, რომ ნამდვილი ერთიანობა სიმრავლეში არსებული ერთიანობაა და ყოველი მათგანი ზეიმია ფორმისა და შინაარსის.

მასში როზენკროიცერთა საიდუმლო გაცხადებულა; მასშია ალქიმიკოსთა პრობლემა ამოხსნილი; მასში წრეში ჩაწერილი კვადრატია; მასში არის გაორმაგებული კუბი; მასში არის უძრავ ქვაში არსებული მუდმივი მოძრაობა; მასში არის უცვლელი ცვალებადობა და ცვალებადი უცვლელობა; მასში არის ჰერმესის მიერ ჩადებული ქრისტეს ქვაკუთხედი და ბეჭედი ჰირამ-აბიფისა, ტაძარს რომ აგვირგვინებს.

ივლისის სავსემთვარეობაზე ჩრდილოეთის ციალის ყინულოვანი ოცნების უწყვეტ კაშკაშს მივჩერებივარ, უცბად მდიდარ და დამუხტულ სიჩუმეს ბგერა არღვევს. შეუდარებელი სილამაზე მოსკოვის ზარებისა! მსოფლიოში არ არსებობს სხვა ზარები, ოდნავ მაინც რომ მათ შეედარონ. ისინი მუსიკას ქმნიან. ეს რომელიმე მოტივის პრიმიტიული მიბაძვა არ არის ანდა რომელიმე ჰანგის გამეორება. ეს მელოდიები თვით ამ ზარებს ეკუთვნით და ისინი სმენისათვის ისევე მშვენიერია, როგორც თვითონ ქალაქია თვალისათვის დასანახად. ისინი არქიტექტურის ამ სასწაულთან თანხმიერნი გაიმეორებენ დიად სამუშაოს, რაც ფრაზის ფანტაზიაში გამოკვეთილა და როგორც ნიმფები ეალერსებიან ბახუსს, პატარა ზარებიც დიდ ზარებს აჰყოლიან და შეხმიანებიან.

ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და გამაოგნებელია; ცნობიერებას ექსტაზი ეუფლება; ადამიანი ნაწილად გადაქცეულა - იმ ნაწილად, რომელიც ქოროს მთლიანი კოლოსის შემადგენელია. საზღვრები აღარ დარჩა; დრო, სივრცე და ეგოს სხვადასხვა მდგომარეობები მარადისობის უფსკრულში ჩანთქმულან თვით ეგოსვე თანხლებით _ იმ დაუნაწევრებელსა და დროის მიღმა მყოფ მომენტში გაუჩინარებულან, სამყარო რომ ჰქვია.

 

II

ეკლესიებში ოქროს უსაზღვრო ფუფუნებას დაუსადგურებია. ყველა ეს ეკლესია, გარდა მაცხოვრის ტაძრისა _ რომელიც მხოლოდღა თანამედროვე ევროპიზებულ ეკლესიას წარმოადგენს _ იმდენად არაპროპორციულია სიმაღლისა და სიგანის დამოკიდებულებათა თვალსაზრისით, რომ შეიძლება იმ აზრმაც კი გაგიელვოთ, რომელიმე სადისტი ღმერთის საწამებელ საკანში ხომ არ აღმოჩენილხართ. ზემოთ თავზარდამცემი ხატები განფენილან _ გველეშაპებისა და გველების, რომლებიც წმინდანებს სანსლავენ; მერე მათი ღმერთები მოჩანან, მღვდლებივით რომ მოუშვიათ წვერი, ბოლოს კი მათი ეშმაკნი _ სტეპების მხედართა მსგავსად ისრებითა და შუბებით აღჭურვილნი, მათ წინაპრებს თავზარს რომ სცემდნენ.

ფრესკების ხელოვნებაში ახალი არაფერია, ისინი პრიმიტივიზმს მოგვაგონებენ. ეს წონასწორობის მიმართ გამოვლენილი უმაღლესი ხარისხის ბარბაროსული გულგრილობაა, რომელიც ოქროს ოქროზე ჰფენს. ხატებში მხოლოდ სახეები, ხელის მტევნები და ტერფებია დაუფარავი. დანარჩენ ნაწილს სულ ანაფორები იკავებს, რომლებიც ოქროთი თუ მოოქროებული ვერცხლითაა მოოჭვილი და მარგალიტითა და სხვა ძვირფასი ქვებით უხვადაა მოქარგული. სახეები და ხელები მკაფიოდ არ ჩანს და საქმეს ვერც კარგი განათება გამოასწორებს. ადამიანს თავიდან შეიძლება არ მოეწონოს ოქროს ეს რღვეულები. შემდეგ კი თავს ანებებს კრიტიკას და თაყვანს სცემს მათ. მთლიანობა გიპყრობთ და სხვას არაფერს მნიშვნელობა აღარა აქვს. ადამიანი პოზიტიური ძალის წინაშე დგას და უშუალო მიმართებაში იმყოფება მასთან. მთელი კულტურული ბალასტი ბორტს მიღმაა მოსროლილი. რეალობა და საწყისი სინამდვილე, რომელიც ყველა კანონს იმორჩილებს, ეუფლება ადამიანს. აქ ასი მეფის სარკოფაგია განლაგებული: ბრინჯაოთი ოდნავ დაფენილი სპილენძი, სახელები და თარიღები მაღალი რელიეფითაა გამოყვანილი _ წმინდა რუსეთის ყველაზე უბრალო ორნამენტით. რომანოვების სარკოფაგის თავზე აღმაფრთოვანებელი ბალდახინია, ოქროთი მოქარგული. ერთ მხარეს ძლევამოსილი დროშებია, ოქროში ჩასმული ხატები და წმ. მიქაელის საკურთხეველი _ ძლევამოსილისა და შემაძრწუნებლის, გველს რომ კლავს; დიახ, ეს ხომ მთავარანგელოზის ეკლესიაა. იატაკი მეწამული პორფირისგანაა, ფილები მოუსწორებელი და უხეშია, რომელთაც ოსტატის ხელი არ მიჰკარებიათ, მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში მილიონობით ღვთისმოშიშთა ფეხქვეშ გაპრიალებულა.

შედით მიღების ეკლესიაში. იქ ნახავთ ფრესკას იონასი, რომელზედაც მისი განდევნაა ასახული ნინევიაში ქადაგებამდე. დერეფნის გავლით პირდაპირ ნახევრადჩაბნელებული საკურთხევლისაკენ მიემართებით და იქ ნახატებზე უმცირესი დეტალებიც აღუბეჭდავთ, რომელთა შემჩნევა სინათლეშიც კი შეუძლებელია _ და სწორედ აქ ეზიარება ადამიანი იმ მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ უხილაობა სულაც არ წარმოადგენს დაბრკოლებას ნახატის გასაგებად! კიდევ მოშორებით, ერთ მოწყენილ სათავსოში ოქროსა და ვერცხლისაგან აგებული კიდობანი დგას ნახევრად გადახდილი სახურავით, რათა ყველამ დაინახოს წმინდანთა უძველესი ძვლები: ხელი, ფეხი, ისევ ძვალი, რომელთა ღვთისმოსაობა იმ ოქროს ძაფითაა აღნიშნული, ისინი რომ შემოუქარგავთ.

ყველა სათავსოში ხალხის ძალზე დიდ რაოდენობას მოუყრია თავი, უმეტესობა ქალები არიან და ცოტანიც კაცები, იჩოქებენ და უსასრულოდ იწერენ პირჯვარს, რიგრიგობით კოცნიან წმინდა ნაწილთა მოჩარჩოებას და ამით ადასტურებენ მუმიფიცირებული რწმენის სიცოცხლისუნარიანობას _ რწმენისა, რომელიც ელიფას ლევის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფოტიუსის შემდეგ აღარავისთვის მიუნიჭებია მჭევრმეტყველების შთაგონება. მღვდლები ყველაზე საძულველ ფენას წარმოადგენენ ხალხში. კულტმსახურნი ხელ-ფეხს უბოჭავენ რწმენას ათასგვარი შეზღუდვით, რომლებიც რომის იმპერიის დროინდელ ფორმალობებზე ასჯერ უფრო მკაცრია: და მაინც აქ ნამდვილად ანთია და გადმოედინება სიცოცხლე და ყოველგვარი ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობები დაძლეულია.

საიდუმლოს სათავე თვითონ რუს ადამიანშია საძებნი. ის ბუნებით წმინდანი და მოწამეა, ფსიქოლოგიის ნამდვილი ხელოვანია. მრავალმა ადამიანმა კარგად უწყის, რომ ყველაზე ჩვეულებრივი და რიგითი რუსი ადამიანი სექსუალურ კავშირს სერიოზულ სამეცნიერო ექსპერიმენტად მიიჩნევს და პიროვნული თავსებადობის უმცირეს დეტალებსაც კი მთელი დაბეჯითებით სწავლობს. ის არასოდეს გამოამჟღავნებს ენთუზიაზმს, თუკი ეს სასცენო მოქმედების რემარკით არ იქნება განსაზღვრული. იგივე პრინციპია გადატანილი რელიგიაშიც. ადამიანები მაშინ იწერენ პირჯვარს, როდესაც ამის სურვილი გაუჩნდებათ ან მუხლს იყრიან და ამის კანონებს ვერსად ნახავთ. ყოველი ადამიანი  ბატონ-პატრონია საკუთარი წეს-ჩვეულებისა, რომელიც არანაირ კავშირში არაა მისი მოყვასის წეს-ჩვეულებასთან.  ყველა იმას ცდილობს, რომ თავი რელიგიურ ექსტაზში ჩაიგდოს. თუ ამას მიაღწევს, მაშინ მიიჩნევს, რომ ეკლესიაში იყო. თუ არადა - არა.

რუსს ტანჯვა იმგვარად ესმის, რომ თითქოს მასზე მხოლოდ დაკვირვება შეიძლება, მაგრამ არა მისი შეგრძნება. ის საკუთარი ხვედრის სიმძიმეს ღმერთის ექსპერიმენტად განიხილავს ადამიანთან. მიზანი ყველაფერია, საშუალებები კი არაფრად მიიჩნევა. ამიტომაც აქვთ ასეთი მომთმენი, იმედიანი და ძაღლის ერთგულების ხასიათის მქონე თვალები და ფერმკრთალი ლოყების მოციალე მშვენიერება. აქედან გონების ის განსაკუთრებული წყობაც გამომდინარეობს, როდესაც სევდაში სიხარულის წყაროსაც პოულობენ, ხოლო სიხარულში კი _ სევდის. აქედან მომდინარეობს ტანჯვის ხანგრძლივად დათმენის უნარი და ასევე ცეცხლოვანება, სიფაქიზე და გამხეცებაც. ოქროს შუალედის პოვნა უკიდურესობათა დაშრეტის გზით მიიღწევა. ეს დაოსიზმის ჩინური ფილოსოფიის ნამდვილი პრაქტიკაც არის და ამავე დროს მისი მთავარი წესის უარყოფასაც წარმოადგენს, რომ თითქოსდა არაფრის კეთებით ყველაფერის მიღწევა მართლაც შეიძლებოდეს.

 

III

ლოცვისას და ლოთური დებოშის დროს რუსი დიდად შესაგონარი სანახაობაა. ის იმიტომ სვამს, რომ დათვრეს და ბუდას მსგავსად მტკივნეულად განიცდის ცხოვრების სასრულობას, თუმცა, რუსისთვის ცვლილება დარდის წყაროა, ბუდასთვის კი თვით ცვლილებაშია დარდის წამალი. საბოლოოდ, მთელი მისი მხიარულება იმ სურვილს გამომხატველია, რომ მკვდარი იყოს, ანდა შეშლილი მაინც; ის ცდილობს სძლიოს მტერს _ ცხოვრებას, როგორიც ის არის და ისეთ მდგომარეობაში ჩადგეს, სადაც მისი პირობები მეტად აღარ ჩაითრევს და აღარც დაემუქრება.

ჩვენი ამაღლებული მზერისთვის მისი მეთოდი ძალზე ბავშვურად მოჩანს, რადგანაც ჩვენ რენესანსის ქარცეცხლი და ასობით სხვა საგანმანათლებლო კრიზისი გამოვიარეთ, მაშინ როდესაც რუსეთი - მიუწვდომელი გამონაკლისი - „მდუმარე წყაროდ და დალუქულ შადრევნად“ რჩებოდა. მაგრამ ჩვენს ყველა სიამოვნებას, გარკვეულწილად, პრიმიტიული ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს და ადამიანს, რომელიც ცხვრის კატლეტისგან იღებს სიამოვნებას, სულაც არ შეშურდება იმის, ვისაც გულისამრევად ნათითხნი, დახვეწილი სასუსნავი იზიდავს. რუსეთში აუცილებელი ელემენტარული საგნები ყოველთვის ხელმისაწვდომია და მის ხელოვნებასა და ცხოვრებაში შეცდომებიც კი ღირსებად და მომხიბვლელობად ქცეულა. ოცი წლის ველური გოგონა ყოველთვის მშვენიერია, მიუხედავად ჩაშავებული კბილებისა, მოსვირინგებული სახისა, თეძოებზე შემოხვეული დაცლილი მასრებისა და ცხვირში გაყრილი თევზის ფხის სამკაულისა. ჩვენი ცივილიზაცია კი პუარეს ტანსაცმელში გამოპრანჭულ კუდიანს თუ მოგვაგონებს.

ეს ყველაფერი მოსკოვია, წმინდა რუსეთის გული, რომლის გვირგვინიც კრემლია. მას ვერ შეადარებ ვარშავას, რომელიც გადაჭედილია ანგარებიანი ებრაელებითა და კათოლიკეებით, ანდა პეტერბურგს, ყალბი პარიზულობის გამო მისი სულ უფრო და უფრო მზარდი ხრწნის ხარისხით. თვით პარიზიც, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდღა საცოდავი სანახაობაა; თუკი მასთან პირადი და განსაკუთრებული გრძნობა არ გაკავშირებთ, მაშინ ხელოვანთა წრეს უნდა დაუკავშირდეთ, რათა მონმარტრის კომერციულ ფუსფუსს, არეულ-დარეულ ბულვარებსა და მეორეხარისხოვან, უგემოვნო მონუმენტებს როგორმე გაექცეთ. რუსეთის ყველაზე ცუდმა ელემენტებმა კი პარიზის ყველაზე ცუდი ელემენტები შეითვისა.

პარიზი ის მითიური კირკეა, ვინც რუსები ღორებად გადააქცია.

პოლიტიკური კუთხით, რუსის გავლენამ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. აზიასთან მიმართებაში მისი ~სოციალური შეთანხმების~ იდეა იმდენად უგერგილო აღმოჩნდა, როგორც, ვთქვათ, სამურაის მოწითალო სხეულზე სერთუკი და იისფერი შარვალი იქნებოდა. პუშკინი, ეროვნული პოეტი, სხვა არაფერია, თუ არა ბაირონის ექო. ის იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც რუსეთმა ევროპა აღმოაჩინა და მას შემდეგ აღარც არაფერი აღმოუჩენია. ის, რაც ჩვენ რუსულ ლიტერატურაში ყველაზე მეტად მოგვწონს, სინამდვილეში ყველაზე ნაკლებად უნდა მოგვწონდეს. მაგრამ ადამიანისთვის ბუნებრივია ნაცნობი საგნებისაკენ სწრაფვა. ტოლსტოის დასავლურ დეკორს არ უნდა ვაღმერთებდეთ - ნამდვილი რუსული ხასიათის გამოხატულება ხომ შეშლილი იდეებია სიღარიბის, სიწმინდისა და არაძალადობის. როდესაც ამ შეხედულებებს ნაციონალური განსჯები შეერევა, ისინი ფრანგული ხდება და სიწმინდის ამაღლებული სიგიჟე ნეომალთუსიანობაში დეგრადირდება, რომელიც იმდენადვე მხდალია თეორიით, რამდენადაც ამაზრზენია პრაქტიკაში.

ნაღდი რუსი ამბობს, ~დართეთ ნება ღმერთს, რომ ჭეშმარიტი იყოს, ხოლო ადამიანს - იყოს მატყუარა~: ეს მისი საკუთარი ხმაა სულიწმიდისა და მას სულაც არ აინტერესებს სხვა პირობითობები. ~თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე~, თქვა ქრისტემ და რუსეთმა დაუყოვნებლივ შექმნა სექტა, ისეთივე უმანკო, როგორიც ქალღმერთ კიბელეს საჭურისი მღვდელი გალი და კიბელეს სხვა გაკრეჭილი მღვდლები, ატისის ძმანი და წამებულნი. თუმცა აქ ~საზოგადოების ინტერესებზე~ თუ რაიმე მსგავსზე არაა საუბარი. ~ანარქიის ნიღაბში~ შელიმ იწინასწარმეტყველა კიდეც ტოლსტოის არაძალადობა, როდესაც ლაშქრობის იმგვარი გეგმა შემოგვთავაზა, სადაც მთავარი ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ თანახმა ხარ, არტილერიამ მოგცელოს, ოღონდაც ამ გზით მაინც შეძლო დამეგობრება ნაღმის მტყორცნელებთან. შორეულ გათვლაში ეს მართლაც სრულყოფილ და პრაქტიკულ გეგმას წარმოადგენს.

და თუ არა ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომ ამ წერილში პოლიტიკას არ შევხებოდი, ამის დასადასტურებლად ზოგიერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანაც შეიძლებოდა.

ამ მონუმენტთა შორის ნეტარი ბასილის ტაძარი უდავოდ ყველაზე აღმატებულია. თვალშისაცემია მისი მსგავსება დანარჩენ ტაძრებთან და, ამავე დროს, მათგან სრული გამორჩეულობაც; პარადოქსია, რომ დარღვევები აბსოლუტურია, მაგრამ ერთიანობა მიიღწევა. ივანე მრისხანემ ბრძანება გასცა, თვალები დაეთხარათ არქიტექტორისათვის, რათა მას მსგავსი შედევრის აგება სხვა იმპერატორისთვის აღარ შეძლებოდა.

რამდენად უძლურია სიტყვები დანახულის გადმოსაცემად! თვით პოეზიაც მხოლოდ შთაბეჭდილების გადმოცემას ახერხებს, მაგრამ უშუალოდ ამ შთაბეჭდილებათა  წყაროსთან კი ვერაფრით მივა ახლოს.

 

1913

 

ინგლისურიდან თარგმნა დავით ჩიხლაძემ

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE