ასეთი კულტურული მუშტი ქართველ ერს, კაი ხანია, მოყვასისგან არ მოხვედრია


ასეთი კულტურული მუშტი ქართველ ერს, კაი ხანია, მოყვასისგან არ მოხვედრია




    დიდი ხანია, ჩვენთან ერთი გემრიელი ლიტერატურული სკანდალი არ მომხდარა. არა, ლიტერატურის ხალხი კი ეხვევა ფათერაკებში, მაგრამ მე საკუთრივ მწერლობასთან დაკავშირებულ მყვირალა ამბებს ვგულისხმობ. უკანასკნელი, რაც მახსენდება, ზაზა ბურჭულაძის ისტორია იყო, როცა მას უცნობმა თავი გაუტეხა იმის გამო, რომ მისი პერსონაჟის ეროტიკული გრძნობები მწერლისა ეგონა. მანამდე იყო “საიდუმლო სირობა”, რომელიც “ექიმი ჟივაგოს” მსგავსად, “არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ” ნიშნით ჩაქოლეს, არადა, თავად ტექსტი ბოჩოლასავით უწყინარი იყო, არც სიავით რომ არ ყვირის და არც ღირსებით.

სულ ახლახან კი სოციალურ ქსელებში გაჩნდა სტატუსები ვინმე შოუ ბაბუხადიას რომანის, “ბაყაყების” შესახებ. როგორც ქართველი მკითხველის წესია, ყველა ჯერ ავტორით დაინტერესდა, რადგან თავიდანვე გაჩნდა ინტრიგა – უცნობი ფსევდონიმი ყველასათვის ცნობილი მწერლისააო. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ ამ ტექსტსაც ისე  დაედებოდა მტვერი წიგნის მაღაზიებში, როგორც სხვა საინტერესო გამოცემებს დასდებია  მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ავტორებს არ იცნობდნენ. სხვა წიგნებს თავი დავანებოთ, “ბაყაყები” ავტორის გარეშეც სწორედ რომ ჩვენნაირი საზოგადოების ყბაში ჩასაგდები მასალაა, თან როგორი გემრიელი და ამბივალენტური ემოციების აღმძვრელი, ვერც კი წარმოიდგენთ…

მოდით, ცოტათი გავერკვეთ, რა ხდება ამ რომანში და საერთოდ, როგორც ცუგრუმელა გოგონებს უყვართ ხოლმე კითხვის დასმა – რაზეა ეს წიგნი?

პირველ რიგში, დავიწყოთ სათაურით - “ბაყაყები“,  ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ანტიკური ავტორის, არისტოფანეს ამავე სახელწოდების  პოსტმოდერნისტულ კომედიას გაგახსენებთ, წლების წინ რომ თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა.  სხვათაშორის, წიგნის პრეზენტაციაზე უთქვამთ,  არისტოფანეს ეს ნაწარმოები დღემდე იყიდება წიგნის მაღაზიებში, ხოლო შოუ ბაბუხადიას „ბაყაყების“ ტირაჟი თითქმის ამოწურულიაო. ამ ამბავს ალბათ თავისი ახსნა აქვს. არისტოფანეს კომედია ალბათ ძველი წელთაღრიცხვის იმ კონკრეტული საზოგადოებისთვის იყო  აქტუალური, თავისი გროტესკული,  იმავდროულად მარტივი და ადვილად გასაგები დრამატურგიით, სადაც დრამატურგების გარეშე დარჩენილი თეატრის ღმერთი გადაწყვეტს, ჰადესიდან ამოიყვანოს და ათენის სცენას დაუბრუნოს რომელიმე გენიალური ტრაგიკოსი. 

“დიონისეს, ზევსის ძეს,

ვუგალობოთ ჭაობში.

ქოთნის დღესასწაულებზე

გამომთვრალი ხალხის ჯგუფი

ჩემს სანახებს ერთიანად მოადგა.

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!” 

სწორედ არისტოფანესეული ბაყაყების ქოროს ეს  ყიყინი გაისმის შოუ ბაბუხადიას რომანში, მხოლოდ ამჯერად სამღვდელოების მაღალი იერარქიის წარმომადგენლის - მეუფეს ბაგეთაგან,  და იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ახლა, აქ, ამ ქალაქში ხდება, ქალაქში, სადაც პერსონაჟების პროტოტიპებს ალაგ-ალაგ სახელებით ან გვარებით  იცნობთ, ეს ტექსტი უკვე ჩვენთვის ხდება მამხილებლური და დახლებიდანაც სწორედ ამ მხილების გამო ქრება. ბაბუხადია ქმნის კომედიას ტრაგედიის შესახებ. მე ვიტყოდი,  საკმაოდ პესიმისტური განწყობის კომედიას, რითაც ჩვენს საზოგადოებას მიანიშნებს იმაზე, რომ  არაა მზად განახლებისთვის, რადგან  კვლავ ბაყაყების ქორო გვმართავს.

ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევის და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი აწვალებსო, წერია წიგნის ანოტაციაში და წიგნის მთავარი გმირიც, ბერმონაზონი, რომელსაც ბოლოს კლავს ავტორი, სხვად გარდაქცევას, ანუ საცდურის მოსინჯვას თავად გეგმავს, თავად აპირებს, გაეხვეს, როგორც რომანში არაერთგზის ნახსენებია, სოდომიაში. აქვე ისიც ვთქვათ ბარემ, რომ მართალია, ბერმონაზონი საეკლესიო ტერმინოლოგიით მიღებული სტატუსია და იგივე ბერს ნიშნავს, მაგრამ ავტორმა ბერმონაზონი დაარქვა, რადგან ცალკე აღებული ,,ბერი’’  - მამაკაცს და ,,მონაზონი’’ - დედაკაცს აღნიშნავს და ამ ერთიანობით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა წიგნის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგას  -  ტრანსგენდერიას, ჰომოსექსუალობას,  წვერებიან ქალს, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს და რომლის ამსახველი სცენაც, როგორც მეტაფორა, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ტექსტში: „ნაგავში ხელებს ჩაყოფს და ერთბაშად ამოიყვანს. ჰო, ჩვილი ბავშვია! მერე იქვე ჩამოჯდება, სანაგვე კონტეინერებთან,  ჩვილს კალთაში ჩაიწვენს, როგორც ზოოპარკის ვოლიერში მჯდარი მდედრი გორილა, რომელსაც უცებ ადამიანის ბალღი ჩაუვარდება ხელში,  მშობლების დაუდევრობით რომ გადავარდა… და ინსტინქტურად, არც კი გაიხედ-გამოიხედავს – ვინმე ხომ არ მიყურებსო, საკინძეს ჩაიხსნის, ძუძუს გადმოიღებს და ჩვილს პირთან მიუტანს… წვერებიანი ქალი-მადონა.“

წიგნი იწყება ძალიან ძალიან შოკისმომგვრელად:  „ერთხელ,  დილით, როდესაც ქართლოსმა შფოთიანი სიზმრების  შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ საწოლში ვიღაცა ქალად გადაქცეულიყო“. ასეთი დასაწყისი თითქოს განგაწყობთ იმისათვის, რომ საქმე გაქვთ იაფფასიან, სქემატურ ტექსტთან, სადაც ავტორი პრიმიტიული ილეთებით ცდილობს მკითხველის ჩათრევას და  მისთვის თავის მოწონებას. სიმართლე გითხრათ, რომ არ მცოდნოდა  ჩემთვის პატივსაცემი მწერლებისა და ლიტერატორების მანამდე დაფიქსირებული მოსაზრებები ამ წიგნზე, იქნებ ამ წინადადების შემდეგ არც კი გამეგრძელებინა კითხვა. ამ გადაწყვეტილებაში წიგნის ყდაც დამეხმარებოდა,  სადაც ტორგერსონის დიზაინით შექმნილი Pink Floyd-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომის (The Dark Side Of The Moon) ყდის კონცეფციაც ილანდება მამაკაცის ძუძუთი მკვებავი ჩვილის ფონზე. Pink Floyd-ს რომანშიც გვახსენებს ავტორი, მხოლოდ ამჯერად სიმღერის ტექსტების ნაგლეჯების სახით. ზოგადად ნაგლეჯები, ანუ ციტატები, არქეტიპები, სხვა წიგნთა პერსონაჟები, სხვადასხვა ტიპის ალუზიები და რემინისცენციები ამ წიგნის ერთობ სახალისო „ინგრედიენტია“.  ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რაც  აქცევს მას მხატვრულ ტექსტად.

ინკოგნიტო ავტორი აშკარად წიგნიერია. ყოველ შემთხვევაში, კარგად მანევრირებს და ბურთაობს კლასიკოსი მწერლებით და არამხოლოდ კლასიკოსებით. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ამ მანევრებს ნათითურები ეტყობა, რითიც ვხვდებით, რომ, ცოტა არ იყოს, ჟონგლიორობის მოყვარულია და კეკლუციც. მაგრამ ამ აზრს, როგორც რამე უხამს ფიქრს, მაშინვე ცოდვად უთვლი თავს, როგორც კი იშვიათი მწერლური ოსტატობით შესრულებულ რომელიმე გადაძახილს ხედავ. ავტორისთვის ჩვენი რეალობა და სხვადასხვა დროს წაკითხულ წიგნთა პერსონაჟები თითქოს ერთი სამყაროა. თითქოს ყველა ერთი მარაზმის ნაწილი ვართ, ისევე, როგორც თვითონ, რომელიც არაფრით არ ცდილობს, ჩვენზე უკეთესად  “გამოიყურებოდეს”.

პოეზია, განსაკუთრებით წიგნის ბოლო ნაწილში,  ალაგ-ალაგ სახეცვლილი ციტატები კლასიკიდან, დანტე, კაფკა. მითოსი… ფინალმა ერთი წუთით შეიძლება ზიუსკინდის “პარფიუმერის” ფინალიც კი გაგახსენოთ თავისი უხამსი კარნავალურობით, ეკლექტური ორომტრიალით. თუმცა კი ხანდახან დაკარგული ზომიერების განცდა, უადგილო, გამომწვევი და ხელოვნურად სკანდალური ქვესიუჟეტები საერთო სურათს, ცოტა არ იყოს, გემოს უფუჭებს.

მაგრამ ისევ ვახსენებ წიგნის ყდას - ეს პირდაპირ დაღეჭილი ინსტრუქციაა რომანის თემატიკაზე. სწორედ მთელი ეს სიცხადე ყდიდან ტექსტამდე მაფიქრებინებს, რომ აღნიშნული  ნაწარმოები რომანი ნაკლებადაა. თითქოს რატომ უნდა გამოვეკიდოთ ჟანრს ამ პოსტმოდერნისტულ, ჟანრის კანონებდანგრეულ ეპოქაში, მაგრამ  საკითხი ასე დგას – თუ ამ ტექსტს რომანად არ მივიჩნევთ, გაცილებით მეტ სიმპათიას დაიმსახურებს, რადგან მკითხველი სულ უფრო ნაკლებ პრეტენზიას წაუყენებს მას.

არისტოფანესეული ბაყაყების გუნდი შავბნელი, დაჭაობებული სამყაროს შესახებ შეგვახსენებს. აქაც, ამ რომანში, ტყუილად არ გაისმის მათი ხმები: “ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს”. ბაბუხადიას “ბაყაყები” ტრაგედიაზე დაწერილი კომედიაა, თავიდან ბოლომდე სარკაზმში შეფუთული.  დასაწყისში ძალიან ხალისობთ, ნაცნობი ადგილების და ნაცნობი პროტოტიპების აღმოჩენით ერთობით. ავტორს აქვს იუმორის ნიჭი – ამას ნამდვილად ვერ წაართმევთ, მისი გროტესკული ილეთები კი ზოგ ადგილას საერთოდ სამყაროს ჭრის და კომიკურიდან ტრაგიზმამდე გავლებულ ზოლს ჰკვეთს. ამ მანევრს ავტორი სწორედ სხვა წიგნების და სხვა ნაწარმოებების, როგორც ინსტრუმენტების, დახმარებით აკეთებს.

“ვიღაცა უნდა გადაეშვას წუმპეში,  და იქ, მისსავე საუფლოში უნდა შეებრძოლოს მხეცს…  აი, ეს იქნება მსხვერპლი განსაცდელისა.” - ამბობს  ბერმონაზონი ნიკოდიმოსი, როცა მამა სპირიდონთან ერთად ჰომოსექსუალიზმის მოძლიერების საკითხებზე და “სოდომისტთა” ცოდვებზე საუბრობს. ამბობს და სულ მალე ტრანსგენდერ ქალთან, ლოლასთან წყვილდება. შემდგომ რა ხდება, არ “ჩავასპილერებ”, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ მწერალი აკეთებს ძალიან საინტერესო მანევრებს, ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გადის წონასწორობის დაცვით, რათა ზუსტად, თანაბრად ამხილოს ერთიცა და მეორე მხარეც. სამღვდელოება არანაკლები ჭაობია, ვიდრე ნიკა საჯაიას თოქშოუ, რომელიც ფინანსდება და შეკვეთილია. შეკვეთილია ყველაფერი ამ რომანში. ცემა, თავდასხმა, კონფლიქტი, შოუ, საუბარი, სიყვარული, სელფი, ყავის დალევაც კი. მთელი ტექსტი არის დაცინვა, ამიტომ შეუძლებელია, ავტორს მოსთხოვო ელემენტარული აკადემიზმიც კი. უფრო მეტიც – მას არა აქვს ენა. მისი თხრობის მანერა უბრალო და სპონტანურია. ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დაიცალოს სერიოზულობისგან და დასცინოს ყველაფერს “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა”.  სწორედ იმიტომ, რომ სარკაზმის ასეთი დოზა, დაცინვის ასეთი მრავალმხრივობა ვერ გადაიტანდა რომანის ჩარჩოში ჩატეულ ტექსტს, ალბათ ამიტომ ბაბუხადიამ მიმართა ერთგვარ პასკვილურ თხრობის მანერას. მაგრამ, ნამდვილი პასკვილისგან განსხვავებით, ეს არაა ცილისმწამებლური, პირიქით, როცა ტექსტის კონცეპტს ერგები, მეტ და მეტ მხილებას ელი  ავტორისგან. 

რომანში არის ორი ძირითადი კლასი – სამღვდელოება და ე.წ. სოდომისტების თემი, რომელთა შორის გამორჩეულია პროვოკატორი ნაწილი.  ბუნებრივია, გაინტერესებს, ვინ დგას ამ წიგნის უკან. ვინ გაბედა და ილაპარაკა საქართველოში არსებული ძირითადი პრობლემური კასტების უარყოფით ასპექტებზე ისე, რომ არცერთ მხარეს არ დაუჭირა მხარი. ამით ხომ ჩვენი ლიბერალების ჰერმეტული, კონიუნქტურული ნაწილის გაბრაზებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. მართალია, როგორც ვთქვი, საზოგადოებისთვის ამ თემებზე მსჯელობა უცხო არაა, მაგრამ  კულტურულ სივრცეში ამ თემის მსგავსი სახით დემონსტირირება აქამდე, ჩემი აზრით, არ მომხდარა. ავტორი  ყველანაირად ცდილობს, დადებითი არავინ დატოვოს და თვისებათა, ურთიერთობათა, მიმართებათა სრული აღრევით შექმნას  ავთენტური ქართული რეალობა.  ამ მცდელობას, შეიძლება ითქვას,  წარმატებულად ართმევს თავს. თუმცა  სიუჟეტს ალაგ-ალაგ იმდენად სქემატურად ავითარებს,  რომ საბოლოოდ  მხოლოდ ეფექტური და ხმაურიანი ფეიერვერკის  აფეთქების სურვილის გარდა, თითქოს ვერაფერს ხედავ.

ავტორი უკვე ბევრჯერ გადაღეჭილ საკითხებს ეხება, საზოგადოებამ რომ არაერთხელ განიხილა, უფრო სწორად, იყიყინა და დისკუსიისა თუ კამათის საგნად აქცია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ტექსტს აქვს ენჯეოშნიკურობის დაღი და ბევრისთვის დამღლელი და მოსაწყენი უფროა, ვიდრე საინტერესო. რაღაც მომენტებში, შეიძლება, ისეთი შეგრძნებაც კი გაგიჩნდეთ, რომ ეს ყველაფერი  - მღვდელმონაზვნისა და ტრანსგენდერი ქალის დაწყვილება, გეი წყვილის – ილიასა და აკაკის გამოჩენა, ჰომოსექსუალთა სექსი მონასტრის მიმდებარედ და სხვა მრავალი, თითქოს განგებ გაკარიკატურებული კონცენტრატია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე დამყაყებული ფსკერიდან.  თითქოს ავტორი  სწორედ იმიტომ იმალება, რომ მის მიერ დადგმულ ამ შოუზე, უფრო სწორად, კარნავალზე, სადაც თავადაც ნიღბით გვევლინება, ჩვენც თამამად მიგვიშვას, რათა მასაც ისევე დავცინოთ, როგორც ის დასცინის მთელ სამყაროს. მაგრამ ავტორის პროგრამის ნაწილი -  ის ხმაური, რომელიც „ბაყაყებს“ უნდა მოჰყოლოდა, მიუხედავად წიგნის ტირაჟის გაყიდვისა, არ შედგა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმდენად აცრებმოშუშებულია, იმდენადაა დაცლილი ტემპერამენტისგან, რომ ამგვარმა არაორდინარულმა ტექსტმაც კი ვერ აღაგზნო – ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად.

ავტორი ალბათ ბევრს ცდილობდა და ელოდა კიდეც, რომ "ბაყაყებს"  აჟიოტაჟი, მძვინვარე კრიტიკა ან კიდევ  - უზომო ხოტბის შესხმა მოჰყვებოდა. მაგრამ თუ არ ჩავთვლით ფეისბუკზე დადებულ რამდენიმე სტატუსს, სადაც უფრო ავტორის ვინაობის ძიებაა წინა პლანზე წამოწეული, ვიდრე ტექსტზე მსჯელობა,  სხვა მხრივ, ყველა დუმს და ემოციების გამოხატვა ეზარება. ეს, ერთი მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა, დაღვინდა და იოლად არ „ვარდება“, მეორე მხრივ კი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ არაფერი  აღარ აინტერესებს, ინდიფერენტული და ზარმაცია.

საბოლოოდ,  ხმაური წიგნის ჭეშმარიტ ღირსებაზე, შეიძლება, სწორედ რომ ნაკლებად ლაპარაკობს. ჰოდა, ვფიქრობ, ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად ხარვეზებისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ქართულმა ლიტერატურამ საჩუქრად სრულიად ახალი მიმართულების, სუნის, ფერისა და ხასიათის წიგნი მიიღო. ასეთი კულტურული მუშტი,  კაი ხანია, ქართველ ერს მოყვასისგან არ მოხვედრია. ჰოდა, იქნებ გავბრაზდეთ მაინც და ამით რაღაც შეიცვალოს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE