მიტოვებულთათვის


მიტოვებულთათვის




სხვისი ნაძვის ხე

როგორ შეცვლილხარ.

ვეღარც გიცანი."

(მეგობრის ჩანაწერებიდან)

 

„გაზაფხულია,

ნაძვის ხეზე უნდა მოგიყვე“

 

                                                                   (ჩემი ჩანაწერებიდან)


გამარჯობა, ე.
რაღაცნაირი ხარ. სხვანაირი. 
კინაღამ ვერ გიცანი.
საფეთქლებზე ფქვილი ვინ შეგაყარა?
ეგ გაბანჯგვლული წარბები თვალებს გიფარავს და
რანაირად დამინახავ?
ჩემი არარსებული მეზობლის ეზოში გამოზრდილი გოჭის ჩიჩიით
მოქონილი ტუჩებით უნდა მატოცო?
წვერი წითლად ლატო შეიღებე?
ხელები რო გიკანკალებს?
აუ, რანაირად დაბრეცილხარ, რა.
გატეხილი სამფეხასავით ყირაობ.
არადა, მთელი წელი ენამოჩლექილი გელოდებოდი.
მთელი წელი შენ და თოვლს გელოდებოდით.
შენ კიდე მთელი წელი მატყუებდი და
მე კიდე მთელი წელი ისევ გელოდებოდი და
შენთან როდისღა მეძინა?
მაგ მოკაკვული თითებით როგორ ამაწყვიტე პერანგის ღილები?
ჰოდა, მოდი ახლა და დამიკერე.
მე ზურგშექცევით დავჯდები.
ძაფსაც მე გაგიყრი.

ნემსში, ხო.
ისე, ძალიანაც კარგი, რომ შეიცვალე.
ვერ დაინახავ, როგორ ვიცვლი.
შენს საყვარელ მწვანე კაბას ნაგავსაყრელზე როგორ ვაგდებ
და ტიტლიკანა ვდგავარ.
ოღონდ ჩემი სხეული ისეთი აღარაა, როგორიც მაშინ,
ის მინდორი რომ მიხდებოდა.
ჰოდა, ძალიანაც კარგი-მეთქი, რომ შეიცვალე.
ვერც იმას დაინახავ, ამ ნაგავსაყრელიდან 
რიგ-რიგობით როგორ ვირგებ
სხვის გამონაცვალ ცხოვრებას და როგორ ვიკაზმები.
ახლა უკვე მინდა, რომ დამინახო.
ახლა უკვე მინდა, რომ დაგაკლდე.
ნახე, ნაძვის ხის გატეხილი სათამაშოები

თმაში  როგორ მიბრჭყვიალებს?!..

მიხდება.

ნამდვილი პრინცესა ვარ.
ნაგავსაყრელების, ხო.


მოკლედ, მაგ გაბანჯგვლული წარბებიდან ვერაფრით გამოგახედე.
მივდივარ.
აი, ასეთი: დაუბანელი, გაჩეჩილი, ნაძვისხემოურთავი.
გოზინაყდაუკარებელი ხელებით ვკრავ ბარგს და მივდივარ.
შენ სამშობლოს მიმიხედე, რა.
ნაგავსაყრელზე დავტოვე.
აი, დამცირებასა და სინანულს შორის გადაქექე.
წითელი პომადა უსვია.
მე წავუსვი.

ძალიან უფერული ტუჩები ჰქონდა და იმიტო.
სხვაში არ აგერიოს. ბევრია ეგეთი.
ოღონდ, არ აკოცო. შემპირდი.
ოჯახს, მეგობრებს, სამეზობლოს, 
ჩემს სამსახურსაც შენ გაბარებ.
მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
რა იცი, რა ხდება.
დანაკარგების და პოვნების ორმო ამოჩიჩქნე.
იქ ნახავ.
სახლის გამოგვა არ დაგავიწყდეს ხოლმე.
მიწისპირია და მტვერი იცის.
 

მოკლედ, მივდივარ.
სად?
სადმე, სადაც თოვლი იქნება.
იქნება ჩემი ნაგავი სადმე დავცალო და ვერავინ დაინახოს.
შენ კი შეიცვალე, მაგრამ მერე მოდი და იმ გოჭის ჩიჩია მაჭამე,
რომელიღაცა მეზობელს რომ არ ჰყოლია.
ჯანდაბას, მოქონილი პირი.
შენი დაბრეცვა.
გატეხილი სამფეხაც.
ნაძვისხემოურთავი წელიც.

ისე, უკვე თორმეტია და მეძინება.
პრინცესები ხო ადრე იძინებენ.
ნახვამდის, ე.
რა ცუდი სუნია.

თოვლი ყარს.

თოვლი.

 

 

კაცი

 

ვიწრო არ იყოს და გაწყდეს.

არ იყოს ვიწრო და გაწყდეს.

თოკი კი არა და

გზა კი არა და

ღამე კი არა და

კაცი.

წელი არ ჰქონდეს და მოწყდეს.

არ ჰქონდეს წელი და მოწყდეს.

დროს კი არა და

ხმას კი არა და

კაცს კი არა და

- მანძილს.

 

და ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები ოდეს-

მე ზურგი ჩამოვიხსნა, კენჭებივით დავყარო ძვლები-

დან კირი ჩამოვფხიკო - უბათქაშო სურვილები. მანდე

კედლებად  დავიწყება. მორყეული რიკულები. მქონდეს

თევზების მონატრება - უხერხემლო მოლოდინი. ძებნის-

გან წყალი დაგელიოს, შავთვალწყალში ჩააგდო ბადე -

 

ქარი არ იყოს და ჩადგეს.

არ იყოს ქარი და ჩადგეს.

ქალში კი არა და

კაცში კი არა და

ბავშვში კი არა და

- ხეში.

არ მაჩენდე და გავჩნდე.

არ მაჩენდე და ჩავრჩე.

დროში არა და

გზაში არა და

ქარში არა და

შენში, -

 

რომ ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები, ოდეს-

თუ თევზი არ ამოჰყვეს გზაწვრილისკენ მოქნეულ ბადეს

თუ გზაზე ვიწრო იყოს, ვიწრო იყოს და გაწყდეს

                               რომ დაიძინო ცოცხალივით, დაუფქვავი ხორბლის გზებზე. გქონდეს

თვალი და ვერ ხედავდე. გქონდეს ტანი და ვერაფრით ვერ ძრავდე.

ოდეს თუ ტვირთიც კი არ იყოს, კაციც კი არ იყოს,  თავიც კი არ იყოს,

რომ გწამდეს.

 

 

ნაქურდალი

 

ამანა თქვა: მცივაო.
ავდექი და საწვიმარი გავიხადე.
იმან: - მეც რომ არ მაქვსო?
ავდექი და კაბა გავიხადე.
მესამემ: - ღმერთი მოგვცემსო.
გასახდელი არაფერი მქონდა და ღმერთი გავიხადე.
- რომ არ მოგვცესო?
მუცელში წვიმა ჩავიგუბე და შვილი გავიხადე.
პატარამ: - მოვიპაროთო.
ყურძენი დავსრისე და გული გავიხადე.

ჩემი თვალებით უნდა შეხედო:
ღამღამობით, როცა სახმელეთო ამბები სრულდება
და საკუთარი სიზმრის ნაოსნობაში წასულები სხვის სიზმრებში იღვიძებენ,
ღამღამობით, როცა საკუთარცხოვრებამიტოვებულები
სხვის ცხოვრებაში იძებნებიან,
ღამღამობით, როცა ენაგადმოტრიალებულები
სხვის სიტყვებში ძვალდებიან და
მომავალგადარბენილები წარსულში ერთი ნაჭერი ბედნიერებისთვის იქექებიან,
რომ ნამცეცებით ამოვსებული სტომაქებიდან
დრომ მათი წილი შიმშილი მოშიებული ჩიტივით არ ამოკენკოს
და პირში ჭიაყელასავით არ დაეკლაკნოთ ის,
რაც ხელისგულზე უხსოვარი დროიდან წაიწერეს
და ცხოვრება დაარქვეს, 
რომ მერე, სიზმრის ტბაში ჩაგუბებულებმა 
და თევზივით ასხმარტალებულებმა
საკუთარი ცხოვრება არ გადაყლაპონ და წარსულდაბრუნებულებს
საკუთარი თავის არ შეეშინდეთ,
ჰო, ღამღამობით, როცა ცხადში ჩაღეჭილი იასამნის ხუთფურცელა ფოთოლი
მწკლარტე გემოს მიტოვებს პირში
და წყლის დასალევად ფეხშიშველი გამოვდივარ სამზარეულოში,
რომ მუნჯი სურვილები წყალს სიზმრებით გავაყოლო,
მე ვხედავ, ხბორივით როგორ მივყვები საკუთარ ჩრდილს
ჩემი მომავლის გამოქვაბულში
და უკან დაბრუნებულს, საკუთარი თავი მშია.

ამანა თქვა - მშიაო.
მშია-მეთქი, ვთქვი მეც და წყალი დავლიე.
- რომ არ გვაქვსო?
თევზები ენის კაუჭზე წამოვიცვი.
მესამემ: - ღმერთი მოგვცემსო.
ღმერთი სადღაა-მეთქი და ფარფლები ენიდან დავიფხიკე.
იმან: - რომ არ მოგვცესო?
ყელიდან ფხა გამოვიძვრინე.
პატარამ: - მოვიპაროთო.
მოვიპაროთ-მეთქი... და საკუთარი თავი ვიქურდე.

ბოლია,ბოლია,
ხბო წითელია,ძროხა ჭრელია.“

 

მიტოვებულთათვის

 

აქ ჯვარდაწერილები ჩამოსხდებიან ხოლმე.
ბაჯაღლოს რგოლებს დააბზრიალებენ
კაბა-პენუარებს საკიდებზე დაკიდებენ
აბრეშუმის საცვლებს დახლებზე დაყრიან
და საკუთარ ჯვარდაუწერელ თავებს ელოდებიან.
ვის აღარ ნახავთ აქ:
„შემდგარ“ ცოლებსა და „ქარაფშუტა“ გოგოებს
კარგ კულინარებსა და „ბელარუჩკებს“
ძალაუფლების მოყვარულებსა და მორჩილებისთვის დაბადებულებს.
რას აღარ ნახავთ აქ:
რძლისთვის გადანახულ ბრილიანტის საყურეებს
სადედამთილოს ბებიის მონარჩენ საკაბეს
პირველი ღამისთვის საგანგებოდ შეკერილ საღამურს
ტანზე ცხელი თითებივით ამოცოცებულ ვალდებულებებს
სარეცხისფხვნილშერჩენილ წინდებს
პირდაფჩენილ ქვაბებს
ჯვარდაწერილი სიყვარულის მოლოდინებსა და იმედგაცრუებებს
ღამისთევებსა და შენდობებს
ღალატებსა და პატიებებს
წასვლებსა და დარჩენებს.

შემოივლიან ჯვარდაუწერლებიც და ქაფქაფა ყავის სუნს შემოიყოლებენ.
შემოივლიან და ჯვარდაწერილებს თავისუფლების სანაცვლოდ
ბაჯაღლოს რგოლებს გამოსტაცებენ.
შემოივლიან და კაბა-პენუარებს საკიდებიდან ჩამოხსნიან.
წლებისგან შელახულ აბრეშუმის საცვლებს გაჭირვებით მოირგებენ
და საკუთარ თავებს მლაშე ნამცხვარივით ჩამოღეჭავენ.
ვის აღარ ნახავთ აქ:
ატმისლოყებიანებსა და ცხოვრებისგან დაჩაგრულებს
სიყვარულით დაბრმავებულებსა და ანგარებისთვის სიყვარულში მყოფებს.
საკაბეებზე მონადირეებსა და მოლოდინისგან გადაღლილებს.
ჩამოსხდებიან ჯვარდაწერილების სევდიან ამბებში ჯვარდაუწერლები და
დახლზე იმ უსაშველოდ გრძელ ღამეებს დაყრიან,
საკუთარ თავებსაც რომ გადაუმალეს.
რას არ ნახავთ იქ:
სიყვარულის დღეზე მირთმეული თაიგულის გამხმარ ფურცლებს
ათასჯერ დახეულ და გადაწებებულ ფოტოებს
ორისთვის გაშლილ სანთლებიან სუფრას
მონარჩენ შეხვედრებს 
ყურთბალიშიდან გადმოვარდილ ძილს
ღამეულ შიშებს
ღამისთევებსა და შენდობებს
ღალატებსა და პატიებებს
წასვლებსა და დარჩენებს.

 

მე ვფიქრობ, ღამეულ ძიებებზე და
მე ვფიქრობ, ყველა მიტოვებულ ქალზე და 
მე ვფიქრობ, ყველა ლოდინისგან გადაღლილზე და 
მე ვფიქრობ, ყველა გზააბნეულზე და
გზაში დაკარგულებზეც ვფიქრობ და
იმათზეც, ვინც საკუთარი თავი ვერც დაიცვა
ვერც შეიყვარა
ვერც დაიბრუნა
რადგან დრო უცვლელია
ის დგას
ეს ჩვენ დავდივართ ჩვენს და სხვების ამბებში დაუსრულებლად
და მე ვფიქრობ ყველა გაუმართლებელ სიყვარულზე
და ყველა საგზლად გადანახულ ღამეზე
და ყველა საბედისწერო შეხვედრაზე ვფიქრობ, რადგან
ცხოვრება ხშირად ისეთი არაა, როგორი ფორმულაც ჩვენ გამოვიყვანეთ
და ხშირად ის სულ სხვა გზებს გვთავაზობს და
მე ვფიქრობ ზუსტად ამ ფორმულებს აცდენილებზე
რომლებმაც საკუთარ თავებს კიდეც დაუშავეს
რომლებმაც საკუთარი თავები კიდეც არ დაინდეს
რომლებმაც საკუთარი თავები კიდეც დაკარგეს
და მაინც,
მე ვფიქრობ, ყველა მიტოვებულ ქალზე,
ჯვარდაწერილზეც და ჯვარდაუწერელზეც
იმათზეც, ვინც ამ მიტოვებას ჩემსავით გადაასწრო და
საკუთარი კაცი თავადვე მიატოვა,
მანამ ის გადაასწრებდა და მიატოვებდა და
მე ვფიქრობ საკუთარ თავზეც,
რომელმაც შემდგარი ცოლობიდან ქარაფშუტა გოგოობამდე 
ყველა გზა გამოიარა და
მე ვფიქრობ, პირდაფჩენილ ქვაბებში 
წვეთ-წვეთობით ჩასხმულ სიყვარულზე
რომელიც ასეთი ცოტა იყო

იმისთვის, რომ სიყვარული ყოფილიყო.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE