ქვიშის გეომეტრია


ქვიშის გეომეტრია




 

კაცი ანძაზე

 

კაცი - ანძაზე -

ლუდს და არაყს გარკვევით ითხოვს.

ანგელოზურად ზის, აკავებს საკუთარ ძვლებს და

 

აშინებს გამვლელს, გუბერნატორს

და ღმერთსაც, - თითქოს

იდარდებს ვინმე, იმას სული თუკი გასძვრება.

 

ხაზგასმით ითხოვს ლუდს და არაყს.

იცავს ეტიკეტს -

პატრული - რუპორს იმარჯვებს და ამბავს ავრცელებს,

 

რომ მოქალაქე ანძაზეა, რომ ეტკინება

ქვაფენილს, ქალაქს,

მთელ ქვეყანას - მისი დაცემა,

 

ხოლო თუ არაყს მიუტანენ,

კაცი - ანძიდან

ალბათ ჩამოვა, მაგრამ მერე მიმართავს ანძას -

 

ყველა, ვისთვისაც

ეს შემთხვევა მისაბაძია,

ვინც გაიფიქრებს, რომ ეს კაცი გმირულად აძვრა

 

ანძაზე, შიშზე, სიფხიზლეზე, საკუთარ ძვლებზე.

მთავარი არის ჩაეჭიდო.

ითხოვდე. ძლებდე.

 

 

 

კარიკატურისტი

 

პრესა კი არა, დღეს პოეზიაც ყვითელია -

საჭიროა დადგე ყირაზე,

გაიწელო პირი, ყურები,

დაიბუშტო ლოყები, ცხვირი,

რომ როგორმე დაანახო ამ ცხოვრებას -

თურმე რაღაც შენც შეგიძლია,

თუკი თავსზემოთ ვერ ახტები,

დასცინებ მაინც - არქაულ სურვილს -

ზემოთ ახტომის.

საკუთარ ვნებებს ერთი-ორჯერ გადაახტები,

შემოიწნავ ერთი-ორ სილას

და მერე იმის უფლებაც გაქვს - სხვას შემოარტყა.

რა თქმა უნდა, თავიდან მხოლოდ შეგროვდებიან

უსაქმურები, მაყურებლები უცხო სეირის.

თუ ოსტატურად მოახერხებ,

პირველ წკიპურტს ვერც კი იგრძნობენ.

ამოირჩიე ვინმე ცოტათი დაბნეული,

რომ დრო გქონდეს, შეაჩვიო მთელი პუბლიკა -

ბოლოს ყველაზე ახმახებსაც, შეგიძლია,

უთავაზო თითო პანღური.

მათი ნაწილი მხოლოდ ოდნავ შეიშმუშნება.

თავაზიანად გაიღიმებს, თუკი აქვს ალღო.

რა თქმა უნდა, ხშირად გარისკავ,

გამოჩნდება ფანატიკოსი,

ვისაც არ ესმის ეს დროული მეტაფორები,

ვინც სიმართლისთვის,

და, რა თქმა უნდა, ხელოვნებისთვის,

ერთნაირად გაუთლელია.

მთავარია, რომ გარშემო მუდამ გყავდეს მაყურებელი.

ხალხს ყელში აქვს ამოსული 

ეს მტირალა ტრაგედიები.

გლოვის ყველა რეპერტუარი - გადაღეჭილი. 

მიხვდებიან, რომ ეს ნიჭია,

რომ წრფელი გულით აკეთებ ამას,

რომ სიკეთეა - სანახაობაც,

თუკი არ გაქვს ფუნთუშები,

რომ სათითაოდ ჩამოურიგო,

რომ ასეთია ეპოქის სული. 

ითამაშე ვინმე, სასტიკი,

ოღონდ ისე, რომ ყველა გრძნობდეს -

ეს - თამაშია, გროტესკია, რომ ეს გტკივა,

რომ თითს იშვერ

იმიტომ, რომ გულით გინდა, რაღაც შეცვალო.

მიდი, დახატე ცარცით - დაფაზე - დიდყურა ბიჭი.

და დაანახე შენი უფრო დიდი ყურებიც.

შეიძლება, სიცილში კარგად გადაგიხადონ.

შეიძლება, თანდათან ისე დაიხვეწოს ეს ილეთები,

ეს სკეტჩები, ეს დეტალები,

ხელოვნებასაც დაემსგავსოს, მხატვრობასაც, პოეზიასაც.

შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, მოახერხო,

და თუკი რამე უცნაურობით,

რაღაც გიყვარდა ამ კომიკურ ბზრიალ-ტრიალში,

და როგორღაც, ლამაზიც იყო,

კარიკატურად გადმოხატო

და პომპეზურად, შიგ ჩაარჭო ბასრი კალამი.

 

 

ქვიშის გეომეტრია

 

ქვიშის საათიდან ჩამოყრილ მარცვლებზე

ფეხი გასრიალდა

და გაჩნდნენ ისრები, გაჩნდნენ წამზომები,

ნაბიჯის მთვლელები

და რაღაც გრაფიკში თითქოს ჩავატიეთ ეს ფაროსიადა -

დღისით ჩათვლემილი თავებით,

ღამეში სიზმრების თენებით.

დროულად ავდექით. დროულად წავედით.

დროულად დავბრუნდით

და გავხდით გმირები

ორგანიზებული, საერთო აბსურდის.

ქვიშით ამოვივსეთ მაჯის საათები,

ჭიქები, თეფშები,

ჩანთები - წუთებით, რომლებიც ყოველ წუთს

თითებში გვეფშხვნება.

მოკლედ, გამოვკარით ხელი ამ გრაფიკებს -

რეჟიმს და კალენდარს,     

დავყავით უჯრებად. დავადეთ აფრიკას

გრძედი და განედი.

და ანტარქტიდასაც.

თუმცა, არ სჭირდებათ პინგვინებს იგივე.

 

 

 

სხვები

 

არიან ლექსები -

არსებები - არარსებული ფრთებით, ნისკარტით -

სხვა სიზმრებიდან ამოფრენილები.

თითქოს წერდე და ყოფნას რისკავდე -

ზოგჯერ იმდენად ამორფულებია.

პატარ-პატარა კვანძებია -

გრძნობებიდან ამოკვეთილი.

მიკროსკოპებში ცახცახებენ უჯრედებივით -

ყველა თავისი კეთილი და ავი თვისებით.

მასშტაბს თუ გაზრდი,

ამოგხედავენ ფრაგმენტული ფოტოებივით.

მკვეთრი ღიმილი, ნაოჭები -

შერჩეული რაკურსით და განათებით -

მხოლოდ თითო ეპიზოდია.

ზედ ნაბეჭდი მეტაფორები -

შუქ-ჩრდილები, პეიზაჟები -

ეფექტური კაუჭებია - თვალებისათვის.

არაფერი - ცხოვრების მსგავსი.

ტელესკოპებში იზრდებიან,

იკეთებენ მახვილ კუთხეებს -

გადამფრენი, ბრტყელი ფრანები -

ეკრანის მიღმა მიბმულები უხილავ ძაფებს,

შენს თითებში გაწყვეტამდე რომ იჭიმება.

ყველა მათგანი მიაფრიალებს საკუთარ ამბავს -

შემთხვევითი ტრაექტორიით.

ამ უმიზნობით, ზოგჯერ ხდება, ერთმანეთშიც იხლართებიან.

„გახდი, მკითხველო, ჩვენი ტანჯვის თანაზიარი,                                       

ჩვენი ტკივილი ბევრად უფრო ლამაზი არის“ –

მათი მაცდური გალობა ცდილობს

ჩაეჭიდოს ვიღაცის სმენას.

რამდენიც გინდა, ათვალიერე.

არც არაფერს ამბობენ შენზე.

აშკარაა - ცალკე არიან.

მშვიდი სინდისით შეგიძლია ხელი გაუშვა -

სიცარიელე იმხელაა,

უფლება აქვთ, სადმე იქროლონ.

 

 

ისევ გორი, სუპერმარკეტი

 

ის მძიმედ დადის დახლებს შორის

და თავზარით ათვალიერებს

ათასი ჯურის პროდუქციას -

ჩინურ კონსერვებს, თურქულ ტკბილეულს,

ამერიკულ ბურღულს, აქა-იქ „სამამულოსაც“ გადააწყდება -

მკვეთრი აქცენტით ჩაიკითხავს რუსულ ეტიკეტს.

მერე ისევ ჩინური. ზოგჯერ - ბელგიურიც. 

და რისხვისგან ლამის გადასკდეს -

ზედ მიესხას პრიალა დახლებს -

„თავისუფალი ბაზრის“ ვულგარულ სიჭრელეს, ხორხოცს -

ცხვირწინ გაფენილს - ავად უყურებს,

მაგრამ მხოლოდ სქელი ჩრდილია -

ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევ ჩიბუხს და ულვაშს,

კაცს და მუნდირს. წარბის აწევაც არ შეუძლია.

ღამღამობით ბანერიდან კუპრივით ჟონავს

ცარიელი სუპერმარკეტის იატაკისკენ

და დახლებს შორის მიიკლაკნება -

შავი და ბლანტი, გზადაგზა რომ წებდება, ხმება

და ვერ იბრუნებს კაცის სილუეტს -

ჩემი საბჭოთა ბავშვობიდან გონებაში ჩაცემენტებულ

ფორმაში ახლა ფოლადის ნაცვლად

მის სახედ ცხვება შავი სისხლი,

მილიონობით ჩონჩხის ყალიბი

ყოველღამე აჩენს სახიჩარს -

მშობლიურ ქალაქს რომ დააწვა - შავ მარმარილოდ.

დღის შუქზე ის სარეკლამო ბანერია -

ეგზოტიკური საფრთხობელა ტურისტებისთვის,

ისტორიული ატრაქციონი.

აქაურებს შეუძლიათ, იამაყონ (და ამაყობენ)

ამ მასშტაბების ურჩხულის კვერცხით -

ბოლომდე რომ ვერაფრით გატყდა.

ის სარეკლამო ბანერია -

კაპიტალისტურ სამყაროში,

პერიფერიულ ქვეყანაში,

პროვინციულ ქალაქში -

მინას აწებებული.

სუპერმარკეტის მეპატრონე

გაყიდვებით კმაყოფილია.

 

 

ამბის გარეშე

 

ჩვენი თავები,

ამდენ ფერად გადაღებილი,

იქნებ კიდევაც აფერადებს ძვლების ნაცრისფერს.

 

ყველა ჩვენგანი რაღაც კარის გასაღებია.

მთის. ზღვის. ჰაერის. სარეცელის.

ანდაც არც ისე

 

მშვიდი სიკვდილის.

და სიცოცხლე კისერს იგრძელებს.

გვათვალიერებს. შეგრძნებებში ხელს აფათურებს.

 

აღებს მომავალს. კიდევ აღებს. თითქოს იცოდეს,

რას ეძებს, ან რას ამარტივებს,

ან რას ართულებს.

 

ეს ენერგია, ზოგჯერ მდორე, როგორც ბეღურა -

ნისკარტში - მწერით,

ზოგჯერ მღვრიე, როგორც ველური

 

მხეცი უსაფრთხოდ - გალიაში,

მსხვერპლს რომ შეჰყურებს

და ღრენას ითმენს,

 

სამაჯური და საყელური 

და საყურე და სხვა მეტალი -

ყოფნას რომ გვაბამს -

 

უქმად ჩხრიალებს.

ჩვენ კი ვყვებით ათასგვარ ამბავს.

 

 

მუდმივობის კანონი

 

მიჯაჭვულობა რომ დაირღვეს

და მოწყდეს ორბიტას -

სხეული, როგორც თანამგზავრი,

ან როგორც ხომალდი

და გადაწყვიტოს, რომ ტრიალი

ძალიან მოსწყინდა,

და ურჩევნია, აალდეს და

ლურჯადაც ხრჩოლავდეს, -

რა დააკლდება ამ ცხოვრებას,

მკაფიოდ დაწერილს

და შემოსაზღვრულს დროებითი,

უსაზღვრო წრებრუნვით -

სიყვარულს, დღეს რომ ასე გვიშლის

თავების დაღწევას,

ბედნიერებას უიმედოდ მიწებებული.

 

 

მართა ბათუმში

 

ესეც, პირველი შეხვედრა ზღვასთან.

შორიდან ის ნაცრისფერი ჩანდა, ციმციმა

და გზადაგზა ალურჯებდა შენი სიცილი,

ვიდრე არ გახდა სიცილივით კრიალა ფერის.

თითქოს გავშალეთ ძილის წინ წიგნი -

ფერადი, სამი განზომილებით -

წამოიწიეს ცათამბჯენებმა,

მინით და სხივით დაზოლილებმა,

შემოირკალეს ჭრელი ნაპირი,

სკვერი, ქოლგების მწკრივი ცხრაპირად,

ზღვიდან გემები-ვეშაპები ამოიზარდნენ,

ატრაქციონებს თვალი გზიდანვე

დავადგით. მერე სკვერებს, კაფეებს,

ყვავილებით და ბავშვებით რთავდა

იგივე ხელი. ასე თანდათან

წინ გაგვიშენდა მთელი ზღაპარი.

მერე თვალებში ჩადგაფუნდა ციცქნა დელფინი.

მერე კენჭები ავარჩიეთ - ჭრელა-ჭრულა სამეფოები -

საგულდაგულოდ თავისთავში ჩაკეტილები,

ყველაზე მორთულ-მოკაზმულები

ჩავუძახეთ ყვითელ ჩანთაში.

შენს ყველა კაბას უხდებოდა 

კუს კულონი და მზის სათვალე.

დაიღლებოდი, მამა მხარზე შეგისკუპებდა.

ასე შეგვეძლო დღიდან-დღეში უსასრულოდ გვეხეტიალა.

მზე თან დაგვდევდა. ვაცილებდით. ისევ დაგვდევდა. 

შენი ნათლია ფერია - პარკში,

ბამბის ნაყინით ხელში, გვიცდიდა -

თითქოს თავისი ბავშვობიდან გიწილადა

რაღაც ძალიან ფაფუკი, ტკბილი.

ალბათ შენ უკეთ გემახსოვრება ეს ყველაფერი -

შენი პირველი ზაფხული ზღვაზე -

როცა მეც უკან დამაბრუნე ძველ სიყვარულთან -

მორიგ ზღვისპირა შვებულებასთან კი არა,

ჩემს ძველ აღმოჩენასთან,

რომ ნამდვილად ბედნიერი ქალაქები არის ზღვიანი.

რა თქმა უნდა, გემახსოვრება.

მაგრამ გქონდეს ეს ჩახვეული, ჭრელი ნიჟარაც -

მოლაპარაკე სუვენირი -

ამ დღეებზე რომ ყვება და ყვება.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE