თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ხანდახან ძალიან მჭირდება ისეთი წიგნები, რომლის კითხვის დროსაც ხმამაღლა შემიძლია ვიცინო, თავისუფლად, ძალდაუტანებლად, თავს რომ ვერ იკავებ ისე და, ფეხებზე გკიდია ყველაფერი, რაც გარშემო ხდება - მაგალითად, მეტროში ხალხი, ავტობუსი, რომელმაც გაგასწრო, უცებ დაჭერილი მკაცრი მზერა დადუმებულ ოფისში, სადაც ყველას კომპიუტერში აქვს თავი შერგული - შენ კი კითხულობ აი, ასეთ რამეს, მიშა ბახსოლიანისნაირ ტექსტებს და მუცელი ხელით გიჭირავს. ასეთი ბუნებრივი რეაქცია, მარტო ბუნებრივ და თანდაყოლილ იუმორს მოაქვს ლიტერატურაში - მე მგონი, ამის გამოგონება შეუძლებელია, თუ ასე არ ხედავ, ასე არ გრძნობ და ასე არ ჰყვები მოთხრობებში კი არა, სინამდვილეშიც. თუ არ გჯერათ - მისი სულ ცინცხალი მოთხრობების კრებული, “სასაუზმე პუდაპეშტი“ მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში. ეს ინტერვიუ კი მიშას მოთხრობების კრებულში ჩემი შესავალი იყოს.
სულ მეგონა, რომ შენ, როგორც ავტორი, თავიდანვე ცალკე იდექი და რასაც გინდა, იმას წერდი. როცა რას გინდოდა, იმას აკეთებდი. მცდარი წარმოდგენაა?
არ ვიცი. მას შემდეგ, რაც წერა დავიწყე, სულ ვცდილობ, რომ მარტო არ ვიყო. მაგალითად, თავიდან იყო პროექტი „ლაბორატორია“, სადაც რამდენიმე ავტორი ვიყავით გაერთიანებული: ზურა ჯიშკარიანი, პაატა შამუგია, რკო, ბესკა და ყველაფერი, რასაც მაშინ ვწერდი, თითქოს მარტო ჩემი არ იყო, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელიც იმ დროს ჩვენთან ცხოვრობდა, სვამდა ან ეწეოდა. ირგვლივ ბევრი რამ ხდებოდა და უამრავ ისტორიას ჰყვებოდნენ. საჭირო იყო მხოლოდ სწორ დროს სწორ ადგილზე გაგღვიძებოდა და მიგეღო ყველაფერი, რასაც სამყარო შენთვის გამოიმეტებდა. მერე კი ყველაფერი ლიტერატურად ტრანსფორმირდებოდა. მაშინ მთავარი იყო ექსპერიმენტი, ახალი ფორმის და ფორმულების ძიება, მერე კი ყველამ ჩვენი გზა ვიპოვეთ.
არც თუ ცოტა დრო გავიდა მას მერე, რაც პირველი მოთხრობა გამოაქვეყნე - თუ გახსოვს, რა ტექსტი იყო ეს, რომლითაც მკითხველმა გაგიცნო?
პირველი მოთხრობის მსაგავსი რაღაც სკოლაში დავწერე, ქართულის საკონტროლოსთვის მზად არ ვიყავი და თავისუფალ თემას ჩავუჯექი. ზუსტად არ მახსოვს, რაზე იყო, მაგრამ მახსოვს, როგორ ასწორებდა წერის პროცესი. როდესაც დავასრულე და ტექსტი მასწავლებელს მივაწოდე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადაგან ვფიქრობდი, რომ რაღაც ძალიან მაგარი გავაკეთე. რეალურად იმ მოთხრობას არანაირი მხატვრული ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ თავისი საქმე გააკეთა და საჭირო ნიშანთან ერთად, მასწავლებლის პატივისცემაც დავიმსახურე. მერე კარგა ხანს ლექსებს ვეჭიდავებოდი და ძირითადად ლიტ.გე-ზე ვანთავსებდი. იქვე დავდე პირველი მოთხრობაც, რომელსაც „იზას მხრები“ ერქვა. მოთხრობა უბნის ბირჟაზე მდგომი ადამიანების ერთ ჩვეულებრივ დღეს აღწერდა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, იმიტომ, რომ კარგად ნაცნობ გარემოს აღვწერდი და ძალიან გაასწორა, როდესაც მკითხველსაც მოეწონა.
მაშინ მწერლობა რა უფრო იყო, ჰობი, მიზანი თუ რა? და დღეს?
საქართველოში მწერლის საქმიანობას ცოტა არასერიოზულად აღიქვამენ. ითვლებ,ა რომ მწერლობა მაგარია, ვაუ, საღოლ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მწერლობას ფული არ მოაქვს, მწერალი ფაქტობრივად, უსაქმურთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, მაშინაც და დღესაც მწერლობა ერთადერთი საქმეა, რომლის კეთებაც მომწონს.
ამ წლების განმავლობაში რა შეიცვალა შენში, როგორც მწერალში?
ბევრი არაფერი. ისევ არ შემიძლია დავგეგმო, რომ დღეში 5 გვერდი დავწერო ან მოთხრობაზე მუშაობის წინ რამე სქემა ან მონახაზი შევადგინო. არ შემიძლია, დიდხანს ვიმუშავო ტექსტზე, არ შემიძლია დაწერილი ტექსტის წაკითხვა და მასში გრამატიკული შეცდომების აღმოჩენა. თან, ძირითადად, ისევ არაფხიზელი ვწერ და ერთადერთი, რაც ცალსახად უარესობისკენ შეიცვალა ისაა, რომ სულ უფრო და უფრო ცოტას ვწერ. არადა, იმედი მქონდა, ეს პირიქით მოხდებოდა. სარეკლამო სააგენტოში მუშაობამ ცოტა ხელიც გამიფუჭა და ხანდახან საკუთარ მოთხრობებში, სრულიად არასაჭირო ადგილზე ჩასმულ სარეკლამო სლოგანებს ვპოულობ.
საერთოდ რა იყო ის მთავარი ბიძგი თუ მიზეზი, რის გამოც წერა დაიწყე თავის დროზე?
ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ არაფრის კეთება არ ვიცოდი, ჩემი დიპლომი ჩვეულებრივი ქაღალდი იყო, რომელსაც ვერაფერში ვიყენებდი. ის ცოდნაც, რაც სკოლაში და უნივერსიტეტში დავაგროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ჩემი ცხოვრების წესი, რომელიც მუდმივად არაფხიზლად ყოფნას გულისხმობდა , მხოლოდ ერთ რამეში მეხმარებოდა, პანიკაში არ ვვარდებოდი და თითქმის ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ასეთ პირობებში მწერლობა გამოსავალი აღმოჩნდა და როცა ვინმე კეთილმოსურნე ნაცნობი ან ნათესავი ტვინის ბურღვას მიწყებდა, რომ დრო იყო რამის კეთება დამეწყო, მე ძალიან მშვიდად ვეუბნებოდი, რომ ძალიან მაგარ წიგნზე ვმუშაობდი და მალე ყველა პრობლემა მოგვარდებოდა. ამას ისე ხშირად ვიმეორებდი და ისე ყველასთან, რომ რაღაც მომენტში თვითონვე დავიჯერე.
როგორ ფიქრობ, რით აიხსნება ეს დაუოკებელი სურვილი მწერლებში, წერონ?
წერა ნარკოტიკივითაა, ერთხელ თუ შეჯექი, ვერასოდეს გადააგდებ. ყველა მწერალს განსახვავებული ლომკა აქვს, მაგრამ „პრიხოდი“, ალბათ, ყველასთან ერთნაირია და ყოველთვის წერის დასრულების მომენტში დგება, ზუსტად იმ წამს, როდესაც ბოლო წერტილს სვამ და თან ძალიან გეზარება უკვე დასრულებული ტექსტის გადაკითხვა და წერტილ- მძიმეების ჩასწორება.
და შენთვის რას ნიშნავს წერა? სხვა რა საქმეს შეადარებდი, რასაც ასეთივე სიამოვნება მოაქვს?
წერა, ალბათ, ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობას ჰგავს. ძალიან მინდა, რომ ოდესმე ისე დალაგდეს ჩემი და შარლეს ცხოვრება, რომ სოფელში წავიდეთ და სიმინდი და ლობიო თუ არა, ბალახი მაინც გავზარდოთ. ცხოველებსაც სიამოვნებით გავზრდიდი, თუმცა მე მაინც მცენარეები უფრო მიყვარს. თან ჩემი სოფელი, ორბელი, ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს იქ ვატარებ. მართალია, ზაფხული თანდათან პატარავდება და სამთვიანი არდადეგები ორკვირიანმა შვებულებამ შეცვალა, მაგრამ ეს ორი კვირაც საკმარისია იმისთვის, რომ სულ მახსოვდეს, თუ როგორ მაგრად მინდა იქ გადასვლა და მიწის ჩიჩქნა.
შენს მოთხრობებში, ერთი შეხედვით, უარყოფითი გმირიც კი რაღაცნაირად დადებითია - ეს გამიზნული ამბავია თუ ასე გამოგდის?
იმისთვის, რომ ამბავი დამაჯერებელი გამოვიდეს, ვცდილობ, პერსონაჟები დაწვრილებით აღვწერო. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მათ დასახასიათებლად მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებს ვერ გამოვიყენებ. თან აბსოლუტურად ცუდი არავინაა, კორკოტაც კი. ზოგიერთ პერსონაჟს საოცარი ნიჭიც აღმოაჩნდება ხოლმე. დავიწყებ იმით, რომ სულ ერთი გვერდი მჭირდება, რამე საზიზღრობა რომ გავაკეთებინო და მერე მთავარ გმირს დავაბრედინო, მაგრამ მერე თითქოს თავს მაცოდებს და მთხოვს, მასზე ცოტა მეტი ვიფიქრო, კიდევ ერთი შანსი მივცე და მხოლოდ მერე მოვკლა. ამასობაში კი საჭირო კაცი ხდება და ხანდახან მთავარ პერსონაჟზე საინტერესოც. თუმცა ბოლოს მაინც ყველა კვდება.
თითქოს სულ შენი ასაკის ხალხსა და მათ ამბებზე წერ. ეს რატომ, მათ უკეთ იცნობ, თუ?
ხო, სხვებზე ბევრი არაფერი ვიცი. ძირითადად ჩემი მოთხრობები რეალურ ამბებზეა აწყობილი, ისეთებიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან აბსურდულად გამოიყურება. მაგალითად, „სასაუზმე ბუდაპეშტი“ რკოს მოყოლილი ისტორიაა და თუ არ მატყუებს, რეალური ამბავია. ისტორიის მიხედვით, კრიმინალებმა ქუთაისში გასტროლებზე ჩასული თეატრის დასი მოიტაცეს და მერე გამოსასყიდს ითხოვდნენ. დაახლოებით ასეა შექმნილი სხვა მოთხრობებიც.
როგორ გგონია, დღემდე დაწერილი ტექტებიდან რომელი უფრო გამოგივიდა? ან ასე - რომელი ტექსტი მეტად გიყვარს?
ყველაზე მეტად ორი მოთხრობა მიყვარს: „მუშები“ და „დაცემა“. ეს ორიც რეალური ისტორიაა. „მუშების“ მთელი დავიდარაბა ჩემი სახლის, კონკრეტულად კი რუსთავის ბინის 6 კვადრატული მეტრი სააბაზანოს რემონტისას მოხდა. მაშინ ორი პარტია მუშები გავუშვით და მესამემაც რაღაცები ცუდად გააკეთა, თუმცა ისე გვენატრებოდა საკუთარ უნიტაზში მოფსმა, რომ დავიკიდეთ, ფული გადავუხადეთ და მადლობებით გავუშვით. „დაცემის“ მთავარი პერსონაჟი, კომისარიატის თანამშრომელიც, ჩემი ძველი ნაცნობია, რომელმაც უნივერსიტეტის სამხედრო კათედრიდან გამომაგდო. მე ამ გამოგდებას ვიმსახურებდი, რადგან თმას და წვერს არ ვიპარსავდი და ლექციებსაც იშვიათად ვესწრებოდი. თუმცა მახსოვს, მერე ჯგუფელებმა მითხრეს, კომისარს რუსთაველები არ უყვარს, ერთხელ ვიღაც ძველ ბიჭს გაწვევის ფურცელი მიუტანა და მაგრად ცემესო.
შენი ტექსტების პირველი და მთავარი შემფასებელი ვინ არის?
შარლე. შარლე რომ არა, ჩემი ტექსტები წასაკითხად უვარგისები იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებო, ჩემი ტექსტების პირველი რედაქტორიც შარლეა. თან თავიდანვე ასე იყო, მაშინაც კი, როდესაც ერთად არ ვიყავით.
არსებობს ისეთი მწერალი, რომლის მსგავსიც გინდოდა ადრე ყოფილიყავი? და ახლა?
ფილიპ დიკი. ტიპმა იმდენი სამყარო შექმნა, რომ ღმერთსაც კი აჯობა. ტოლკინი, ლავკრაფტი... მოკლედ, ასეთი ბევრია. თუმცა ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრის მწერლების მშურს. იმენნა მშურს, ძალიან მინდა, რომ მეც შემეძლოს და მათ მსგავსად ვქმნიდე სამყაროებს, რომელიც ამ მოსაწყენი დედამიწიდან დროებით გაქცევაში მაინც დაგვეხმარება.
რა გიყვარს ზოგადად ლიტერატურაში და პირიქით, რა არ გიყვარს?
ისტორია, ამბავი, რაღაც, რასაც აქვს დასაწყისი და დასასრული. არსებობს ბევრი ტექსტი, რომ ძალიან მხატვრულად და მაგრადაა დაწერილი, მაგრამ არაფერს გიყვება. მსგავსი ლიტერატურის წაკითხვა ძალიან მეზარება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიყვარს ფენტეზი და ფანტასტიკა. მიყვარს, როდესაც ძალიან დამაჯერებლად მიყვებიან ძალიან დიდ ტყუილს, ისე დამაჯერებლად, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიცი, ყველაფერი გამოგონილია, მაინც ბოლომდე მჯერა.
იუმორი, ცოტა თვითირონია და ხანდახან სარკაზმი, კიდევ რა ახასიათებს შენს ტექსტებს?
ბევრი სისხლი, ძალადობა, უცენზურო სიტყვების და ტრუპების გროვა. ნამდვილი ადამიანები, რომლებშიც ადვილად ვცნობთ ჩვენს მეზობლებს, თანაქალაქელებს ან, სულაც, პოლიტიკოსებს. რაც მთავარია, ჩემს ტექსტებს ახასიათებს გულწრფელობა, მათ მკითხველს ისე ვაწვდი, როგორც ნებისმიერ მეგობარს მოვუყვებოდი, შეულამაზებლად და ნატურალური ენით.
ღია ფინალები რატომ გიყვარს? ხშირად იყენებ ხოლმე.
მოთხრობების დასრულება ძალიან მიჭირს და სიმართლე რომ ვთქვა, ისე ვასრულებ, როგორც მომიხერხდება. თითქოს სხვა გზა არც მაქვს ხოლმე. ხანდახან მეუბნებიან კიდეც, რომ ჩემს მოთხრობებს დასასრული საერთოდ არ აქვს და ბოლოში რამე სჭირდება, მაგრამ რაცაა, ეგაა. თავს ზემოთ ძალა არაა.
რამე ძალიან მწერლური მიზანი თუ გაქვს? აი, ამას და ამას დავწერ და ბლა ბლა...
მინდა, რომ ოდესმე 100 გვერდზე მეტი დავწერო. ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი და საწყალი სურვილია, მაგრამ მართლა მინდა. რამდენჯერმე ვცადე მცირე რომანის დაწერა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, სადღაც 30-35 გვერდის მერე ვიჭედები და იძულებული ვხდები, მოთხრობა რამენაირად დავასრულო. ძირითადად ყველა პერსონაჟს ვხოცავ და მერე ყველაფერი მარტივდება.
რა ჰქვია იმ ჟანრს, რომელშიც შენი მოთხრობები იწერება?
წარმოდგენა არ მაქვს. სხვისგანაც არ მომისმენია რამე შეფასება. ეგეთი ჟანრი რომ არსებობდეს - გეტოს რეალიზმი, მაგრად გაასწორებდა და ვიტყოდი, რომ მაგ ჟანრში ვწერ.
ვინ გინდა, რომ ერთ დღეს შეგაქოს, რომელმა მწერალმა?
ცოცხალი რომ იყოს, ქარჩხაძემ. ჩემი აზრით, საუკეთესო ქართველი მწერალია. კონკრეტულად, მისი ერთი, მოხუცი მსახიობი ,,ქარავნიდან“, გედეონ რევია ალბათ საუკეთესო შემფასებელი იქნებოდა და მისი შექების მერე ნებისმიერი გემრიელად გაიბღინძებოდა. დღევანდელი ჯიგრებიდან ბესო ხვედელიძის აზრს ვაფასებ. ყოველთის ჩესნად მეუბნება, როდესაც მოთხრობა ცუდი გამოდის.
როგორ გგონია, კომპრომისი ლიტერატურაში რამდენად დასაშვებია?
დაუშვებელია. თუმცა პირადად მე მქონია შემთხვევა, როდესაც ერთი კონკურსისთვის დაწერილი ერთგვერდიანი მინიატურიდან ყველა გინება ამოვიღე, რადგან ჩავთვალე, რომ სხვანაირად გაგზავნას აზრი არც ჰქონდა. არადა, ფულის მოგება მინდოდა, მინდოდა რა, ახლაც მინდა - ის კონკურსი ჯერაც არ დასრულებულა. თუმცა ყველაზე მეტად არ მოსულა კომპრომისი მთავრობასთან, არ შეიძლება მწერალი მეხოტბედ იქცეს და, საერთოდ, მწერლმა მთავრობა არ უნდა აქოს. თუ ვერ ხედავ პრობლემას, სჯობს, საერთოდ არ დაწერო, რადგანაც პროსტა დაწერილი რაღაცები მაგარი კვერცხობაა.
ინტერნეტმა რამდენად მოახდინა შენზე, როგორც მწერალზე გავლენა? ლიტ. გე-მ და ასეთმა სივრცეებმა?
ლიტ.გე-მ ისეთი მაგარი საქმე გააკეთა, რომ არ ვიცი, ოდესმე თუ შევძლებ ადარნასესთვის (ლიტ.გე-ს ადმინი და დამფუძნებელი ავთო სულაძე) შესაფერისი მადლობის გადახდას. ლიტ. გე-მ ძალიან ბევრი ადამიანი დაარწმუნა, რომ წერა შეეძლო, ბევრი კრიტიკის მოსმენას მიაჩვია, ბევრი კი მიახვედრა, რომ დროს ტყუილად კარგავდენ და ესეც ძალიან კარგია. ინტერნეტმა ახალგაზრდა ავტორებს საშუალება მოგვცა ადვილად მიგვეტანა მკითხველამდე ჩვენი ტექსტები, გაგავაცნო უამრავი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც აგრძელებს ურთიერთობას.
ვინ არიან შენი გმირები, რა ადამიანები? შენი და მათი დამოკიდებულება როგორია?
ჩემი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრებაში რაღაც კარგად არ გამოუვიდათ და დასასჯელად ჩემს მოთხრობებში მოხვდნენ. ხშირად ჩემი გმირები ჩემი ნაცნობები, ან მინიმუმ, მეგობრის ნაცნობები მაინც არიან. ჩემი გმირები სუპერგმირები არ არიან.
რამდენად ხარ ხოლმე შენ თავად შენს ტექსტებში?
დაახლოებით იმ დოზით, როგორც სტენ ლიი მარველის ფილმებში.
ცოტა წარსულში რომ მივბრუნდეთ, არყის ბიჭს რატომ გეძახოდნენ-მეთქი, რომ გკითხო, ვინმეს შეიძლება გაეცინოს, იმდენად პირდაპირი მინიშნებაა, არადა, იქნებ სულაც სხვა ისტორიაა?
არა, ზუსტად ეგ ისტორიაა. პრინციპში, ჯერ ისტორია არცაა და ისევ სმის ფორმაში ვარ.
რუსთავის „გეტო“ ხშირად და სხვადასხვა დოზით სულ არის შენს მოთხრობებში და სინამდვილეში როგორი იყო იქ ცხოვრება?
რუსთავი ძალიან მიყვარს. ჩვენს სახლს უმაგრესი ეზო ქონდა, სადაც დღესაც ძალიან ბევრი მეგობარი ცხოვრობს. უბრალოდ 90-იანი წლები მურტალი პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში და რომ არა ეს ხალხი, ჩემი ბავშვობა ჯოჯოხეთი იქნებოდა.
როდის და სად დაიბადე, მერე შენებმა როგორ მოიტანეს შენამდე ეგ დაბადების ამბავი?
საბჭოთა კავშირში დავიბადე. თბილისის პირველ საავადმყოფოში, ნახალოვკაში. როგორც ვიცი, ადგილები არ იყო და მშობიარობამდე დედაჩემი პალატის ნაცვლად დერეფანში იწვა. მე რომ დავიბადე, იმ ღამეს ქვეყანას მილიარდობით ვარსკვლავი დანათოდა, თუმცა დედაჩემის სანახავად მოგვები მაინც არ მისულან, მარტო ბებიაჩემი ელოდებოდა ქვემოთ და ცდილობდა, მამაჩემს დაკავშირებოდა, რომელიც იმ დროს მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. როცა დაუკავშირდა, ისიც ჩამოვიდა, ვიღაცებს მაყუთები გაუმაზა და ჩემს სანახავად ამოვიდა. მერე წავედით რუსთავში და ვცხოვრობდით საკმაოდ დიდხანს და ბედნიერად.
ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად რა გახსოვს?
წინა კორპუსში შუქი რომ მოდიოდა, მე და ჩემი ძმა ფანჯრიდან ვუყურებდით და მაგრად გვშურდა ხალხის, რომელიც ჩვენგან სულ რაღაც 20 მეტრში ცხოვრობდა. ერთი საათის მერე შუქი უკვე ჩვენთან მოდიოდა და იმათთან ქრებოდა. არ ვიცი, მაშინ ვინ იყო ენერგეტიკის მინისტრი, მაგრამ რაც მას ჩვენგან გინება ჰქონდა, ახლაც არ აცდეს ერთი. კიდევ მახსოვს, რომ 10 წლის დაბადების დღეზე სიუბორი მაჩუქეს, ერთგვარი სათამაშო კომპიუტერი, რომელიც დენდის ნაკლებად ნავაროჩენი ვარიანტი იყო და ისიც მახსოვს, რომ მარიო ვერასდროს დავხურე ბოლომდე, რადგან კომპიუტერიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა. მახსოვს, როგორ ასწორებდა რუსთავში თოვლი. მამენტ, ცოტა სტრანნი კია ნახევარუდაბნოში თოვლი, მაგრამ ნამდვილად მოდიოდა და ბავშვები გორებზე მივდიოდით, თან ცელოფნები მიგვქონდა. ვიფენდით ძირს და ძალიან სწრაფად მოვსრიალებდით. ისე, უშუქობას დადებითი მხარეებიც ჰქონდა. სახლში არავინ იჯდა და ყველა ეზოში ცდილობდა დროის გაყვანას. ბავშვები ათას რაღაცას ვთამაშობდით. ომობანას, შვიდქვაობანას, პაროლობანს, მეტ-ნაკლებად აზარტულ თამაშებსაც, როგორიცაა დომინო, ბურა და ჯოკერი. ადრეულ ასაკში ავითვისე და მშვენივრად ვიყენებდი ჯიბის ფულის შესავსებად. ხანდახან მსოფლიოს ყველაზე სუფთა მდინარე მტკვარზე სათევზაოდ დავდიოდოთ და იქვე ვცურავდით კიდეც. ზეპირად ვიცოდით, სად უნდა გვეჭამა ქლიავი, ყურძენი, თუთა და ფშატი, თუმცა ფშატი ყველგან იყო, სანამ ერთ დღეს შუქთან ერთად გაზიც არ გაითიშა და თითქმის ყველა ფშატი არ მოჭრეს. ყველაზე მძაფრად კი მაინც ერთი მოგონება შემომრჩა. წყალი გაითიშა დაახლოებით ერთი თვით. მე და მამაჩემი გარაჟის სახურავზე ავძვერით, შედარებით სუფთა თოვლი ტაშტებში და ვედროებში ჩავყარეთ, სახლში ავიტანეთ და ვანაში ჩავყარეთ. მერე თოვლის დადნობას დაველოდე, მოვჯვი და მშვიდად ჩავრეცხე.
დედაშენზე და მამაშენზე როგორ ყვები ხოლმე ამბებს?
უფრო მამაჩემზე ვყვები. მკვდრებზე ლაპარაკი აუცილებელია. ისინი ხომ მარტო ჩვენს მოგონებებშიღა აგრძელებენ არსებობას. მთელი ცხოვრება ვკამათობდით, სიკვდილამდე რაღაც პერიოდით ადრე ლოგინად ჩავარდა და რაღაც პერიოდი საერთოდ ვერ იძინებდა. ხანდახან მასთან ერთად ვრჩებოდი, ღამე გადაცემები აღარ იყო და „რუსთავი ორზე“ ფეშენ ტივის ვუყურებდით, თან ათას უაზრობაზე ვლაპარაკობდით და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავდით. დედაჩემი ჩემი ძმაკაცი იყო, ყოველთვის ასე იყო.
საბავშვო ბაღში დადიოდი? მაგ პერიოდის მიშაზე მომიყევი.
ბებიაჩემი მასწავლებელი იყო. ჭამა არ მიყვარდა და ჩემთვის ლავაში მოჰქონდა. მერე ბებიას ეჩხუბებოდნენ, ცუდი მჭამელი გამოვაო, მაგრამ ახლა კარგი დიეტა არ მაწყენდა. ლავაშის გარდა ერთადერთ რამეს ვჭამდი, გაროხის სუპს, რომლის გაკეთებაც 2-3 წლის წინ ვისწავლე და ახლაც ხშირად ვჭამ. ზეიმებიც არ მიყვარდა, ხანდახან ახალი წელი ვიყავი და შავ ნაჭერზე დაკერებული წვიმებით აწყობილი ფორმა მეცვა. ეს წვიმები სულ ყელში მერჭობოდა და ნერვებს მიშლიდა, მე კიდევ ამ დროს ლექსები უნდა მეთქვა. ორი შეყვარებული მყავდა. ერთის გამო ჯგუფელთან ვიჩხუბე და ორივეს ტანსაცმელი დაგვეხა, მერე გვეშინოდა, რომ დაგვსჯიდენ და ლოგინის ქვეშ ერთად ვიმალებოდით.
შარლე როგორ შეგიყვარდა?
ვკითხე და არ ვიციო, ალბათ, მართლა არ იცის, ან ეწყინა, რომ აღარ მახსოვს და არ მითხრა. შარლე დიდხანს მიყვარდებოდა, მთელი შვიდი წელი და მერე ერთბაშად შემიყვარდა.
მამა რომ გახდი, რა შეიცვალა შენში?
გავსუქდი, თმის ცვენამ პიკს მიაღწია, უფრო ხშირად ვიგინები, უფრო იშვიათად ვწერ. უამრავი საბავშვო სიმღერა ვისწავლე და ქუჩაშიც კი მაგათ ვღიღინებ. ყველაზე მეტად ძილი მენატრება. თან ყველაფრის დამალვა და მაღალ თაროებზე შემოწყობა მიწევს. მაგრამ ბევრი ძალიან მაგარი რაღაცა მოხდა, მაგალითად ის, რომ რაღაცნაირი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა. პირველად ცხოვრებაში სტაბილურად მუშაობის სურვილი მაქვს. სახლში დიდ დროს ვატარებ, ბავშვებთან ერთად ბევრ რაღაცას ვიხსენებ და თვითონაც ბავშვი ვხდები.
შენი შვილები როგორები არიან, გიყვარს მათზე დაკვირვება?
უფროსი ჩემი ასლია. რაღაც ქმედებებით ისე მგავს, რომ სულ ჩემს თავს მახსენებს. ამას წინათ შევთავაზე, რომ ფეხბურთზე შევიყვანდი. ფეხბურთელობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ჩემმა შვილმა დაიკიდა და ხატვაზე შემიყვანეო, მთხოვა. მეც ეგრევე დავთანხმდი, რადგან არ მინდა, ჩემმა შვილმა ჩემი ოცნებები აიხდინოს. სხვათაშორის, საკმაოდ კარგად ხატავს. უმცროსი საყვარელი დათვის ბელია. იდეალური ბავშვი იქნებოდა, ღამით ძილში ხელს რომ არ გვიშლიდეს. ძმისგან განსხვავებით, ყველაფერს ჭამს, რასაც საერთო მაგიდაზე წააწყდება და ძაღლივით იკბინება.
შენი ოჯახის წევრები შენს ტექსტებზე რას ამბობენ?
დედაჩემს და შარლეს მოსწონთ, ბებიაჩემს - ისე რა, ჩემს ძმას, კონკურსებზე რომ იმარჯვებს, ის მოთხრობები უყვარს.
ახლა სადაც მუშაობ, მოგწონს ეგ საქმე?
„ჰოლმსების“ კოპირათერი ვარ, ჩვენებურად სცენარისტი, შესაბამისად, იქაც წერა მიწევს. არის პროექტები, რომელზე მუშაობაც ძალიან ასწორებს, თუმცა პირიქითაც ხდება. ერთი მხრივ, მუდმივად წერა რაღაცნაირად კარგ ტონუსში გამყოფებს, მეორე მხრივ, ცოტა ხელი გიფუჭდება. ის, რომ მწერალი ვარ, ჩემს საქმეს ძალიან ეხმარება, თუმცა ხანდახან ზედმეტად მხატვრული სცენარი გამომდის და მერე ვცდილობ, რომ ცოტა უფრო დავამიწო და უფრო რეკლამური გავხადო.
როგორ გგონია, რა ეტაპზე ხარ შენი მწერლობის?
ცოტა ხანში რომანი თუ არ დავწერე, დამერხევა. ასე მგონია, რომ რომანი იქნება ის, რაზეც ვამბობ ხოლმე, რომ რაღაც ახალი მჭირდება. თუმცა შეიძლება მოთხრობების წერაც საკმარისი იყოს. მთავარია, დუხი არ დავკარგო და მოთხრობებიც მოსაწყენი არ გახდეს.
წიგნებს მაღაზიაში ყდულობ თუ ონლაინ და „კინდლის“ სიკეთეები უფრო დააფასე?
ორივე ბიბლიოთეკას სისტემატურად ვანახლებ, თუმცა უფრო ხშირად მაინც ტრადიციულად, ფურცლებისგან აკინძულ წიგნებს ვეტანები. „იოტა რიდერს“ ძირითადად მოგზაურობის დროს ვიყენებ ან სოფელში მიმაქვს.
კითხვას შენი დღის რამდენი პროცენტი უჭირავს? ნუ, მიახლოებით.
ისე სწრაფად ვკითხულობ, როგორც ვლაპარაკობ. თუ რამის კითხვა დავიწყე და დამაინტერესა, შეიძლება, სამსახურშიც არ წავიდე, სანამ არ დავამთავრებ. ერთი პერიოდი გლდანში ვცხოვრობდი და მეტროთი ვმოძრაობდი და მაშინ ტრანსპორტშიც ხშირად ვკითხულობდი. თუმცა ხანდახან შეიძლება ერთი კვირა ისე გავიდეს, რომ საერთოდ არაფერი წავიკითხო „მსოფლიო სპორტის“ გარდა.
ყველაზე მალე რა გბეზრდება?
პერსონაჟები და ასე ხშირად იმიტომ ვხოცავ ხოლმე. ჯოკერის თამაში ადამიანებთან, რომელთაც თამაში არ იციან. ფეხბურთის ყურება, თუ რომელიმე იტალიური გუნდი ან საქართველოს ნაკრები არ თამაშობს. მუშაობა 6 საათის შემდეგ.
სიყვარულებში განსაცდელები თუ გამოგრევია? და როგორ უმკლავდები ხოლმე?
აღარც კი მახსოვს ბოლო განსაცდელი როდის იყო. ისე, ადრე ყველაფერს ალკოჰოლით ვუმკლავდებოდი.
გინდა ხოლმე, რომ უფრო პოპულარული იყო?
რატომაც არა. საერთოდ იდეალური იქნებოდა, რომ მწერლობით იმდენ ფულს ვაკეთებდე, რომ სხვა საქმის კეთება აღარ მიწევდეს.
როცა იგებ, რას ფიქრობ ხოლმე და როცა აგებ - მაშინ?
ორივე შემთხვევაში ვიგინები. როცა ვიგებ - გახარებული, როცა ვაგებ - ნერვებმოშლილი. ისე, ყველაზე ძალიან ის მომენტი მიყვარს, სანამ გამარჯვებული გამოცხადდება და საკუთარ თავს ისე წურავ, როგორც ტოტალიზატორის ბილეთს.
წერასთან დაკავშირებით უფრო გაქვს გეგმები თუ უფრო სხვა რამეა, რისკენაც მიშა ბახსოლიანი მიდის?
მინდა, რომ სერიალის სცენარი დავწერო, ოღონდ რამე ისეთი, რასაც მე თვითონ სიამოვნებით ვუყურებდი და არა „ბლანკოს ქვრივი“. კიდევ მინდა, რომ ფენტეზის ჟანრში მოვსინჯო ჩემი თავი, მაგრამ ეგ ნაკლებად რეალური მგონია.
სადღაც 20 წლის მერე სად ხარ, როგორ გგონია?
მთავარია, ვიყო.