ეთერ თათარაიძე - გაჩერებები დროში


ეთერ თათარაიძე - გაჩერებები დროში




გზის ნაწყვეტამ ამომიღამდ თვალებ

წახვედ ისრ რო არ თქვი, როდის მოხვალ

იგრ ვარ, რაგვერც დადუმებულ ღიღინ,

ძნელ აღმართზე რაგვერც ძალით მხოხავ...

ბინდდებისად შემომიღამდ გულში

უშენობას ცხელ ცრემლებით ვპოხავ...

 

ამ ლექსს ხშირად ამბობდა ჩემი ერთი მეგობარი უშუქო და გაყინულ ოთხმოცდაათიანებში. სტუდენტები ვიყავით, საღამოობით ვიკრიბებოდით და სანთლის შუქზე ლექსებს ვყვებოდით. უფრო ისინი ამბობდნენ, ზეპირად იცოდნენ უამრავი ლექსი, კარგი ლექსები. ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი არც ყოფილა - რა სანთლის შუქი, რა ლექსები. თუმცა დღემდე მახსოვს ეთერ თათარაიძის ეს ლექსი და ეს სიტყვები.

სიტყვა ეთერ თათარაიძის ძალაცაა და სისუსტეც, მისი პროფესიაც და ცხოვრების საქმეც. სიტყვაზე დგას მისი, როგორც პოეტისა და ფოლკლორისტის მთელი სამყარო. მან იცის, რა შეუძლია სიტყვას და რა შეუძლია მის სიტყვას. მე სიტყვით ვცოცხლობ და სიტყვის მონა ვარ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობო. ამდენი პოეტური კრებულისა თუ ფოლკლორული გამოცემის ავტორი სიტყვებზე დარდობს, უნდა, რომ სკოლის პროგრამაში მეტი ფოლკლორული მასალა, ზეპირსიტყვიერების მეტი ნიმუშები შევიდეს. ეთერ თათარაიძე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მუშაობს. მისი ოთახის კედლებზე ვახტანგ კოტეტიშვილისა და სხვადასხვა ფოლკლორულ ექსპედიციაში გადაღებული ძველი ფოტოები კიდია. კარადაში ბევრი წიგნია, ლურჯად ანათებს ერთ-ერთი - ეთერ თათარაიძე, „დემონოლოგიური თქმულებები“, ისევ ის შრიფტია, ათასში რომ გამოგარჩევინებს მის წიგნებს, სულ ახალი გამოცემული. „დემონოლოგიური თქმულებები“ - ქართული მითოლოგია, ნამდვილი და უძველესი, ისეთი, ფენტეზის ცნობილი მწერლები განგებ რომ იგონებენ და არსაიდან ქმნიან. ეს კი ნამდვილია, საუკუნეების და ეთერ თათარაიძის 20-წლიანი შრომის შედეგი. ლექსები არასოდეს უწერია სალიტერატურო ენაზე და იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებდა მის შემოქმედებას, მის თუშურ დიალექტზე შექმნილ პოეზიას, მიაჩნია, რომ არაფერი ისე არ ამდიდრებს ენას, როგორც დიალექტები. შეფასებები კი იყო, ბევრი და ბევრნაირი, თუმცა იმ დღიდან, რაც საქვეყნოდ წაიკითხა თავისი ლექსები, ბევრი სიყვარული და მხარდაჭერაც ნახა. ამიტომაც ზუსტად იცის, რომ თუ შენს საქმეს იპოვი, თუ შენს საქმეს აკეთებ და ამ საქმის სიყვარული გაქვს, შეუძლებელი არაფერია.

მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებს ადამიანი - თოხნის, გვის, მწყემსავს, აშენებს, აზროვნებს, მთავარი მხოლოდ პროფესიონალიზმია. ასეთი იყო სტეფანე თათარაიძეც, ეთერ თათარაიძის მამა. მე ვარ ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან კარგი, ძალიან საამაყო მეცხვარის შვილიო, ამბობს და იხსენებს მამას, ყველასთვის სასურველ მწყემსს, არაჩვეულებრივ სარქალს, ანუ ნამდვილი გუდის ყველის ამომყვანს. „მან ამ საქმის მთელი საიდუმლო იცოდა და შემიძლია, ვთქვა, რომ მე ვარ ნამდვილი თუშური ყველის ძალიან ცნობილი ტექნოლოგის შვილი“. როცა ასეთ რამეს ამბობს, მხიარულდება, მერე კი სერიოზულად ამატებს, რომ ეს მაშინაც ძალიან დიდ ამბავს ნიშნავდა. „იყო ასევე „მცნობი“, ესეც პროფესიაა მეცხვარეობაში. 1000 დედაცხვარს რომ მოეგო, ათასივეს ბატკანს ცნობდა, აიყვანდა, პირდაპირ დედას დაუსვამდა. ასეთი პროფესიონალი მამა მყავდა, ოჯახში კი იყო უთბილესი და უტკბილესი. ჩემი მამის თაობის თუშის კაცები გამოირჩეოდნენ სრულიად საქართველოს მთის კაცებისგან. ყველგან საიდუმლო სითბო და სიყვარული დასდევდათ მაშინ, ახლა არ ვიცი. ასე მეუბნებოდა მამა: „ჩემ მარეხმასკვლაო, გენაცვალოს მამაი“. უთბილესი კაცი, რომელიც გამოხატავდა უგონო სიყვარულს ჩვენდამი, ბევრი არ იცოდა თქმა, მაგრამ თვალები მოეცრემლებოდა, როცა მოდიოდა ცხვრიდან. ჩვენ ვხედავდით წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ეს მოსვლა იყო დიდი ბედნიერება. ომში იყო, ტყვეობაც გამოიარა. გერმანელ ფერმერთან მუშაობდა, თუშობამ უშველა, ალბათ. მოდიო, მეტყოდა. ლამაზად აგიწევ თმას და მანდილს გერმანულად დაგხურავო. ბევრი კულული მქონდა, უკნიდან წამოიღებდა ამ თავსაფარს და როგორღაც მომახვევდა. არ ვიცი, ვინმე ქალი მოსწონდა თუ საიდან იცოდა გერმანელი ქალების თავბურვის წესი“.  

მამის სოფელი იყო დანო, რომელიც ეთერ თათარაიძის ლექსებში სულ არის. ეს იყო მთელი სამყარო, ყველაზე დიდი სამყარო. დედის სოფელს ქუმელაურთა ერქვა. დანო ალპურია და ხე არ ხარობდა, ქუმელაურთა კი ნაძვნარით იყო სავსე, ბებერი ნაძვებით.

„დედა გვიყვებოდა, ბავშვები წყალს რომ დავლევდით ტყის პირას, წყაროზე, მერე ირმები გამოდიოდნენ თავის შვილებთან ერთად და იმ წყალს ეწაფებოდნენო. წარმოიდგინეთ, როგორი იდილია იდგა დედამიწაზე. ახლა არის სრული საგიჟეთი და ამან თუშეთშიც შეაღწია. მე მებრალებიან ის თუშის ბავშვები, რომლებიც ჩემნაირ თუშეთს ვერ მოესწრნენ, რომლებმაც სიზმარშიც არ იციან, როგორი იყო ნამდვილი თუშეთი, როგორი იყო ის დრო, როცა ირმები და ბალღები ერთად სვამდნენ წყალს. როგორი წონასწორი იყო თუში კაცი, იმ ირემს არ ესროდა, რომელიც მშვიდად გამოდიოდა და სვამდა წყალს“.

ერთი წელია, რაც დედა გარდაეცვალა - კესო გულუხაიძე, ცნობილი თუში ეროვნული გმირის, შეთე გულუხაიძის პირდაპირი შთამომავალი. მის ციხე-სახლში სამი და დარჩა. ხუთი ძმა გარდაეცვალათ. „მძვინვარე“ იყო მაშინ ტრადიცია და ხმით ნატირლებით უნდა გაესტუმრებინათ ძმებიო. 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ბოლო დედის ძმა. როცა ფოლკლორისტი გახდა და სადიპლომოდ „თუშური ხმით ნატირალი“ აირჩია, მაშინ ჩააწერინეს დედის ხმით ნატირლები, რამდენიმე ფრაგმენტი. „მითხრეს, დედაშენი რომ შედიოდა, გამოსული მოტირალი უკან ბრუნდებოდა, რომ მოესმინა, რას იტყოდა, როგორ იტირებდაო“. კიდევ იმ დროს წერილებს სწერდნენ ქალები ერთმანეთს, სასაცილო, ნაივურ წერილებსო, მაგრამ კესოს წერილებს საჯაროდ კითხულობდნენ, ისეთი განსხვავებული იყოო. „თვითონ რომ გეკითხა, არა, რა განსხვავებული, რა სისულელეაო“.

„ალვანებში“ გაიზარდა. სოფელ ალვანში - იქ, სადაც თუშები ჩაასახლეს, რამდენიმე ათეული სოფელი - კახეთში, ალაზნის მარცხენა ნაპირზე. „მე ვერ შევიყვარე ალვანები. მე იქ გავიზარდე, მაგრამ ყველა ზაფხული გატარებული მაქვს თუშეთში. სამი თვით თუშეთში მივდიოდით. მომთაბარე ხალხი ვიყავით და ვართ დღესაც. მხოლოდ ჩვენ დავრჩით საქართველოში და მაღალმთიან აჭარაში კიდევ. ავიყრებოდით დედაბუდიანად და მთის სოფლებს ავავსებდით, ავაჟრიამულებდით ამ მეცხვარე მამების წყალობით“.

როცა ალვანში ბრუნდებოდა, იცოდა, რომ შაბათობით მარიამ ბებო უნდა მოსულიყო სტუმრად. დილითვე ჩუმად წავიდოდა და სოფლის ბოლოში ელოდებოდა. ერთადერთი ბებო, რომელიც ჰყავდა და რომელიც ისე მალე გარდაიცვალა, რომ ახსოვს „როგორც სიზმარი, რიბირაბოდ“. მაგრამ ეს ხსოვნა ისე მკვეთრიცაა, რომ ლექსებში ძლივს ეტევა. როგორ მოდის სოფლის დაბლა, შორიდან შაოსანი, ჩიხტიკოპიანი, მაღალი ქალი. შავი, გრძელი მანდილი კოჭებამდე აქვს დაშვებული, რომელსაც ხანდახან ქარი ააფრიალებს. მოდის და თან ქსოვს, თუშის ქალები დროს არ კარგავდნენ, სულ ქსოვდნენ.

„მარიამ ბებომ ბოლომდე არ გაიხადა თუშური ტანსაცმელი. დავინახავდი და გავიქცეოდი ამ ყანებზე. ამას, როგორც დღეს, ამწამს ვხედავ ნათლად აქაურობას, ისე ვხედავ ხოლმე. გავიქცეოდი ამ მწვანე ყანებზე, ეს ყაყაჩოები, აქოშინებული მივვარდებოდი. ბებო დამინახავდა, აი, იმ ჩხირს გაუყრიდა წინდაში და ასე, შორს გადააგდებდა. გამიშლიდა ხელებს და მეც შემოვეხვეოდი მაგრად, მერე ჩამოიმუხლებდა და დიდხანს ასე ჩაკონილები ვიყავით. იქვე დავისვენებდი აქაქანებული. ეს მენატრება, ბავშვობა ჩემთვის ეგ იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სურათი, რომელიც არ გადის, ასე დარჩა. მე ვიცოდი, რომ ბებო ძალიან სევდიანი იყო, ძალიან მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა, მე უნდა გამეხარებინა. მერე მოვდიოდით შინისკენ...“

 

„სანთლისდრად დამდნარ ამოჩინდის

სოფლის ძირ ბებო,

თავს - კუჭურაით, ხელს - წინდაით,

მკლავს - ტყავის ბადით,

შინ მოიდისად წამ არ დახკარგის

უსაქმოდ დამჯდარმ,

ხან ქსოის, ქარგის, გავის, რეცხის,

ფეხსამოს ბანდის.

სუ ცრემლის შამან გარს მბრუნავ მყვანდ

ცოდვილა ბებო,

ჩვენ ბაგეს ღიმილ, - შვილიშვილებს

ცხვა არა გვანდის...

სანთლისდრად დამდნარ დადიოდის

დარდნალეწ ბებო,

სეტყვადაცემულ, ფოთოლწაყრილ,

ნათელ ბაღს ღგვანდის“.

 

ასეთი ბებოს გაზრდილი დედა მყავდაო, ამბობს. თუშის ქალებს კაცის და ქალის ფუნქციები თავის თავზე ჰქონდათ აღებული, რადგან კაცები სულ ცხვარში იყვნენ. ყველაფრისთვის უნდა მიეხედათ: მეურნეობა, სადილი, საქონელი, ვენახი, ბოსტანი, საქსოვი, ჩაცმა, დახურვა. ტანსაცმელსაც კი თვითონ გვიკერავდაო.

„მამა დიდხანს იყო ცხვარში. როცა დაბრუნდა, უკვე ავად იყო, პარკინსონი დაემართა. ცხვარი რომ მიდიოდა, სულ იმალებოდა. ცხენების ჭიხვინი რომ იდგა და ხმაური, ეს სადღაც დაიმალებოდა და ნატირებს ვიპოვიდით ხოლმე -  უჰ, რაღა არის აწი ეს სიცოცხლეო... უცებ გარდაიცვალა.“

ამბობს, რომ აქტიური არასდროს ყოფილა, სკოლაშიც მისვლაც მხოლოდ იმიტომ უნდოდა, რომ მისი და-ძმები, ყველანი, უკვე სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ და მარტო დარჩენა არ უნდოდა. ბაღიც არ უყვარდა, იქ სიარული გააპროტესტა. 

„სულ ქუხილით ვტიროდი, აღარ ვივლი ბაღში-მეთქი. ვარ 56-წლიანი, 15 მარტს დავიბადე, ვაპირებდი ალვანში, 55-წლიანებთან შესვლას, ყველაფერი მიყიდეს, მაგრამ სკოლაში არ მიმიღეს. დედა ავადობდა, თელავში დადიოდა ექიმთან და იმან ურჩია ჰაერის გამოცვლა. ასე რომ, სექტემბერშივე გაირკვა, რომ თუშეთში მივდიოდით. ამ ჩემი ჩანთიანწიგნებიანად წავედით შენაქოში, აღმოჩნდა, რომ შენაქოში იხსნება დაწყებითი ოთხკლასიანი სკოლა და არის ერთი მასწავლებელი. პირველ კლასში იყო ერთი ბავშვი და მეორეც თუ არ იქნებოდა, შეიძლება სკოლა არ გაეხსნათ. იყო ცხრა ბავშვი და ოთხი შავი მერხი, თავიდან შენაქოს ეკლესიაში ვიყავით. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ბათო ბორძიკიძე, ბათო ძიო, უთბილესი თუში კაცი“.

ერთი წელი გაატარა იქ. მეორე სექტემბრისთვის ალვანში დაბრუნდნენ. შენაქოში პირველი კლასი ფრიადებზე დაამთავრა, მოწმობაც ჰქონდა და უკვე ალვანის სკოლაშიც მიიღეს. ოთხი წელი გაკვეთილის სწავლა არ დამჭირვებია, ისე მქონდა ოთხივე კლასის პროგრამა ნასწავლიო. უყვარდა ბიოლოგია. როცა მომავალ პროფესიას ირჩევდა, დიდხანს ფიქრობდა, ფილოლოგიის ფაკულტეტი აერჩია თუ ბიოლოგიის. აირჩია ფილოლოგია, თუმცა დღემდე ფიქრობს, რომ სხვა დროს და სხვა ქვეყანაში, სხვა პირობებში, სიტყვის კი არა, ბიოლოგიისა და სამყაროს სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს.

გვყავდა ფანტასტიკური ბიოლოგიის მასწავლებელი - მაგდა ბაიხოიძე. ულამაზესი და უჭკვიანესი. მიყვარდა, რასაც გვასწავლიდა. ამბობდა, „ეთერო სისხლძარღვებს დაჰყვებაო“. ეგ რას ნიშნავდა, არ ვიცი. არ ვუყურებ ტელევიზორს რამდენი წელია, რადგან საკითხავი ბევრი მაქვს, არ მცალია. ვერ ვასწრებ, მენანება დრო და რაღაცების მოსწრება მინდა, რომ სამყარო ისე დავინახო, როგორიც არის ნამდვილად. ერთადერთი, რაც მე დროს მართმევს,  ბიოლოგიური გადაცემებია. ეს ჩემებმაც იციან და „დედაა“ რომ დამიძახებენ, უკვე ვიცი, რომ სატყუარაზე ვარ. სულ ვამბობ, რომ ვყოფილიყავი მდიდარი, რომ ვყოფილიყავი სხვა ქვეყანაში, აუცილებლად ავირჩევდი მოგზაურობას და ვნახავდი ჯერ ადამიანებს, როგორ ცხოვრობენ, ვინ არიან, მთელ დედამიწაზე და მერე მთელ ამ ბიოლოგიურ სამყაროს - მცენარეს, ცხოველს, ფრინველს“.

9 წელი სწავლობდა ალვანში. მას შემდეგ ალვანში არ უცხოვრია. სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში ჩამოვიდა და აღმოჩნდა სულ სხვა, უცხო სამყაროში. ასე დაიწყო ხანგრძლივი აბიტურიენტობის პერიოდი. აბარებდა კავკასიურ ენებზე უნივერსიტეტში. სულ ნახევარი ქულა აკლდებოდა, მხოლოდ ერთხელ მიიღო ქართულ წერაში ორიანი. ეს იყო „ბუნება ვაჟა-ფშაველასთან“, ჰოდა „კარგად“ გაასწორეს, ოღონდ ვაჟა-ფშაველას ციტატები.

„ძალიან მაგრად ვიცოდი საზეპიროები, მაშინ ჩემთვის ჩუმად ვწერდი სუფთა თუშურ დიალექტზე. ვმალავდი, არავის ვეუბნებოდი. ვგიჟდებოდი დიალექტიზმებზე. საერთოდ, ეგ იყო ჩემი სამყარო. ამიტომაც იყო, რომ დამძლია და ბიოლოგია დამათმობინა. სიტყვაზე ვგიჟდებოდი. სიტყვის სიღრმეზე, ქართულ სიტყვაზე. დავრჩი ამ სიტყვის მონობაში და დღესაც ეგრე ვარ. რომ გავიზარდე და გავთამამდი, მერე დავწერე წერილი - „დაწუხებულმა, არაგვო...“ გამისწორეს და მე არა, ვაჟას დაუწერეს ორიანი-მეთქი. სადღაც იქნება ეს წერილი, აღარ მახსოვს, სად დაიბეჭდა“.

ეს იყო უსამართლობის რამდენიმე წელი, რომელიც მეორდებოდა და მეორდებოდა. ამბობს, ახლა რომ ჭკუა მაქვს, მაშინაც რომ ასეთ ჭკუაზე ვყოფილიყავი, წავიდოდი იმ ჩემს თუშეთში და სამუდამოდ იქ დავრჩებოდიო. საბუთებს ისე არ იღებდნენ, თუ ექვსთვიანი სტაჟი არ ექნებოდა. თავიდან დაიწყო სატელეგრაფო აპარატების ქარხანაში, სადაც გაიარა პლასტმასის მწნეხავის კურსი და გადაიყვანეს რადიოქარხანაში; მეორე წელსაც სატელეგრაფო აპარატების ქარხანაში მუშაობდა, მერე იყო პირველი სტამბა, საამკინძაო საამქრო, სადაც დიდ, შავ ქვაბში ხის წებოს ხარშავდნენ, საშინელი სუნი იდგა და მუშები ამ წებოთი წიგნების ყდებს აწებებდნენ; შემდეგ იყო პარფიუმერია-კოსმეტიკის ფაბრიკა „ივერია“, „ტრაინოი ადეკალონების“ ჩამოსასხმელი საამქრო - თავსახურებს აფარებდა მინის ბოთლებს, რომლებიც ზოგჯერ ცვიოდა და ტყდებოდა, საშინელი სუნი დგებოდა. საშხაპეები არ მუშაობდა და სახლში დაბრუნებისას, ტრანსპორტში სულ უკან დგებოდა, რომ სუნს არავინ შეეწუხებინა. „ივერიის“ მოწინავე მეკალპაკე ვიყავიო, იცინის. ბოლოს ბავშვთა სტომატოლოგიის კლინიკაშიც კი მუშაობდა.

"მაშინ ვიბრძოდი, რომ სტუდენტი გავმხდარიყავი. დავამთავრე ეს უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე ისე, რომ არაფერში არ მჭირდება, ხუთოსნებს ვერ ვიტან, მაგრამ დავამთავრე იმის გამო, რომ ვინმეს არ ეფიქრა, რომ მე შტერი ვარ, რომ ამის გამო ვერ ვაბარებდი ამდენი წელი. მხოლოდ პოლიტეკონომიაში მაქვს საჩუქრად ხუთიანი მიღებული. ჩვენ გვყავდა ფანტასტიკური პროფესორი, ქისტაური და მან მთელ 80 ბავშვს გამოუცხადა, ეთერო იღებს ხუთიანს პოლიტეკონომიაში, იმიტომ რომ ხევსურებს ბიჭი გაგვიჩინაო. მინდია მყავდა პატარა. პირველ კურსს ვამთავრებდი, რომ გავთხოვდი, მაისში. მეორე კურსზე უკვე მინდიაც გვყავდა. ბოლო კურსზე - ანანო და შვიდი წლის შემდეგ გაჩნდა მარიამი. ახლა უკვე შვილიშვილიც მყავს...“

44 წელია, თბილისში ცხოვრობს, მხოლოდ სტუმრად თუ წავსულვარ სადმეო. დიდი ხანია, თუშეთშიც არ ყოფილა. მხოლოდ იქ გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს უყურებს, ენატრება და გულში სულ „იმუქრება“, რომ შემდეგ წელს წავა, კიდევ ცოტაც და წავა, და შეიძლება მთელი ზამთარიც იქ დარჩეს.

„იქ, მაღლა, კარგად ვარ, მაგრამ გზას ვეღარ ვიტან, წნევები მიშლის ხელს, კრიზი მქონდა და ცუდად ვიყავი... იქაურობაც შეიცვალა. ყველაზე დიდი, რაც მოხდა თუშეთში და რაც მოხდა მთელ საქართველოში და რამაც გამოფიტა ქვეყანა, ეს არის შორს წასული დედები. იმ დედებმა გაიყოლეს მთელი მადლი. წავიდნენ და თვითონ ცალკე იტანჯებიან, სხვა ქალები გახდნენ, და ცალკე ეს ოჯახები და ბავშვები გახდნენ უფუძოები. ყველაფერი წაართვათ დედის წასვლამ, გახდნენ დედის ფულის მომლოდინე თაობა. ზოგი ისე გახდა სრულწლოვანი, დედა არც უნახავს. მე მომისმენია, დედა არ გენატრებაო, ჰკითხეს ერთ ბავშვს, ნეტა, მალე ჩამოგივიდესო. იმან, არაო, მერე რა გვეშველება ჩვენ, როგორ უნდა ვიცხოვროთო, არ მინდა რომ ჩამოვიდესო. ამ გაგლეჯილმა ოჯახებმა შექმნა სხვა თუშეთი, სხვა ხევსურეთი, სხვა ფშავი, სხვა მთიულეთი, სხვა გუდამაყარი, სხვა იმერეთი, სხვა რაჭა, სხვა ქართლი, სხვა კახეთი - სხვა საქართველო. ქალი მსხვერპლია, ყველაზე ცოდვაა, ქალმა აიღო ეს ყველაფერი თავის თავზე“.

მთას ეჭირა საქართველოო, ამბობს, ახლა რა ხდება, დაცარიელდა მთელი სასაზღვრო ზოლი. აღარავის ეცოდინება, რა ერქვა იმ მთას ან იმ გორაკს, არადა, ხალხთან ერთად, სწორედ სახელები, ტოპონიმიკა ინახავდა და იცავდა იმ ტერიტორიებს. საზღვრებს დებდა სახელიც და საფლავიც, რომელიც ამბობს, რაკი მე აქ ვარ, ეს მიწა შენია. ლექსებშიც კი ჩაწერა ის სახელები, რა შუაში იყო, მაგრამ ისეთი ლამაზებია, რომ მოკვდნენ მეცოდებიანო. და საერთოდ, სიტყვები ეცოდება, სულ ეცოდებოდა - ყოველთვის სხვანაირად იგებდა, სხვანაირად ესმოდა. სხვები რომ რაღაც ამბავზე იცინოდნენ ან ყურადღებას არ აქცევდნენ, ეს ტირილს იწყებდა და მთელი ღამეები არ ეძინა.

„მე ვცოცხლობ სიტყვით, რაც აზროვნება მაქვს, ბავშვობიდან. ამედევნებოდა ერთი სიტყვა ან ფრაზა, დამდევდა და აღარ მასვენებდა. ხანდახან ისე მეცოდებოდა ის სიტყვები, რომ ვტიროდი. „რა გატირებს, ეთერო“, დედა მეკითხებოდა. მე არ შემეძლო ამეხსნა, რა მატირებდა“.

სიტყვა და ამბავი კი ბევრი იყო. იქ, სადაც იზრდებოდა, ალვანის გრძელ ქუჩაზე, სახლი არ იყო, რომლის წინაც ძელსკამი არ იდგა და სადაც საღამოობით ერთი ან ორი მოხუცი არ ჩამოჯდებოდა ხოლმე.

„მე გავიზარდე, მოხუცებით უმდიდრეს უბანში. მათ „მომწამლეს“ თუშეთის სიყვარულით. ჩემს სრულიად „ავადმყოფურ“ დამოკიდებულებას ჩემი დიალექტისადმი ამასაც ვაბრალებ. ჩემ წინ, ერთი სახლის წაცდენით, ცხოვრობდნენ მაკა ბებო და ოსე პაპა. ხშირად არიან ჩემს ლექსებში. სხვა უბანში ცხოვრობდა მათი ერთი შვილი - ეგო. იქ კი, მეორეს, ომში წასულ ვანოს ელოდებოდნენ. ესენი ყველაზე სევდიანები იყვნენ. ორი მოხუცი ვიცი მთელ თუშეთში, ეს მაკა ბებო, რომელიც ჩაალაგებდა ვანოს სამოსს და თუშეთში რომ მიდიოდნენ, თან წაიღებდნენ და მეორე, ბექურაიძეების ბებო, რომელიც ასევე ჩაულაგებდა თავის შვილს ტანსაცმელს და მიჰქონდა მთაში. მთელი წლები ეს სამოსი ცხენებით და ხურჯინებით მოძრაობდა. არც ის დაბრუნდა და არც ეს. დიდი მავთული იყო გაბმული მაკა ბებოს ეზოში, დიდ, მწვანე, ხასხასა ეზოში და მახსოვს, როგორ ივსებოდა ეს მავთული ნელ-ნელა ვანოსთვის მოქსოვილი ჭრელი წინდებით. ყოველ ზამთარს ემატებოდა. ალბათ, ათობით წყვილი იქნებოდა. გაზაფხულზე გასანიავებლად გამოფენდა ხოლმე. ულამაზესები, მაშინ რომ ვინმეს ფერადი ფოტო გადაეღო. დედის ნაქსოვი ჭრელი წინდები. ძალიან ვუყვარდი ორივეს“.

ოსე პაპას ჰქონდა ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ 1934 წელს გამოცემული „ხალხური პოეზია“. ახლა ის წიგნი შინ აქვს, ოსე პაპამ აჩუქა. კოტეტიშვილები ბედისწერასავით იქიდან მომყვებიანო. ადვილი არ იყო ალვანში, ვახტანგ კოტეტიშვილი გცოდნოდა, ვახუშტის მამა - მთელი ფოლკლორული მეცნიერებისა და კვლევების ფუძემდებელი. იჯდა ხის კიბეზე ოსე პაპა და კითხულობდა ამ ლექსებს ხმამაღლა. მერე თვითონაც რომ ისწავლა კითხვა, დაუძახებდა და ეტყოდა - „ჩემ ქალო, თვალღ აღარ მიჩინსავ, შენ წამიკითხევ“ ჰოდა, კითხულობდა, ხანაც უამრავ შეკითხვასაც უსვამდა და სუნთქვაშეკრული უსმენდა:

„ადრე ოსე პაპა ნავთ-მარილზე გადადიოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთში და ვეკითხებოდი, მიამბე, პაპა, რაგვერდა გზები ქისტეთ რო მიდიხარ? ეს მეუბნებოდა, „თახტა-ტახტად ჩადის გზა ქისტეთისა, ჩემ ქალო“. თახტა-ტახთად, ბექ-ბექ ჩადისო, ბექებიაო. ლექსიც მაქვს ამაზე. ბოლოს, როცა ძალიან დაბერდა, დამიძახა ერთ დღეს. მეც უკვე დიდი ვიყავი, სტუდენტი და მითხრა, „ეს წიგნი შენ გქონდეს, ეთერო, მეაც შენ გავცვითეთ“. რაც მახსოვს და რაც გონება მიჭრის, სულ ვწერდი“.

წერდა და ინახავდა. აქ თბილისშიც, მცხეთის ქუჩაზე რომ ცხოვრობდა, განსაკუთრებული სამალავი ჰქონდა მოწყობილი თავისი ნაწერებისთვის. „ემჩე“ - დიდი, მრგვალი ღუმელი იდგა და რვეულებს მის ქვეშ მალავდა. დაკეცავდა და შეინახავდა. დაკეცავდა და შეინახავდა. თავის დას, ლელასაც კი არ აჩვენებდა. ერთ დღესაც, გამოიტანა და დაწვა. ფუთიანი ვედრო იდგა ნაგვისთვის, ცარიელი. ჩაყარა და ცეცხლი მოუკიდა, ორი ვედრო ნაწერები დაწვა.

„დღემდე არ ვპატიობ ჩემს თავს. უბრალოდ, მრცხვენოდა, არ მინდოდა, რომ ვინმეს ენახა. იქაც აღარ ეტეოდა. ვჭედავდი იმ ფურცლებს ქვემოდან. რა უნდა ენახა, რისი მრცხვენოდა, ლექსები იყო, სხვა ხო არაფერი. სულ ვეუბნები დამწყებებსაც და ყველას, ვისაც ნამდვილად აქვს სიტყვასთან ურთიერთობა, ეგეთი სისულელე არ უნდა გააკეთონ, არ უნდა გაიმეტონ. თუ რამედ ღირს, ხო ღირს და თუ არაფერია, შენს განცდას ხომ მაინც ინახავს, შენს ბალღობას, შენს დროს, უამრავ რამეს, შენი ფიქრის ნაწილია. იქ ისეთი რამეები დავწვი, რომ ვერასდროს ვერ ავანაზღაურებ. ძალიან ვნანობ და ძალიან გული მწყდება. რამდენი რამ დამეკარგა - რამდენი სურათი, რამდენი განცდა, რამდენი ფიქრი“.

რაღაც დროის შემდეგ ლელამ მაინც გაიგო, რომ ლექსებს წერდა. ჰოდა, ლელამ „გათქვა“ თავის მეგობართან, ციური აზიკურთან. იმან კიდევ ვახუშტის (ვახუშტი კოტეტიშვილი), ჩუბჩიკას (თენგიზ მირზაშვილი) და ლექსო პაპას (ალექსი ჭინჭარაული) უთხრა, ეთერო წერსო, თუშურ დიალექტზეო. ჰოდა, მოიყვანეთო. ეს იყო 1979 წელი. ქალაქში უკვე აფიშები იყო გამოკრული, ფოლკლორის დიდი საღამო უნდა გამართულიყო ფილარმონიაში. მე და ჩემი მეგობარი ვოცნებობდით, რომ ბილეთები გვეშოვა და როგორმე იქ მოვხვედრილიყავითო. ჰოდა, მოხვდა კიდეც. ოღონდ როგორც გამომსვლელი. ეთერ თათარაიძემ ამ საღამოზე თავისი ლექსები პირველად წაიკითხა ხმამაღლა, ფილარმონიის გადაჭედილ დრბაზში. ეს იყო 1979 წლის 14 აპრილი. ეს იყო ძალიან უცნაური ამბავი და ამან მერე მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრაო. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა - აგვისტოში უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტში. იმავე წელს გამოვიდა პირველი წიგნი  - „იმედის გვირილაო“ - 10 000 ტირაჟით, რომელიც რამდენიმე დღეში გაიყიდა, გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ახლა უცნაურია და სასაცილო, მაგრამ იმ დროს უცებ ძალიან პოპულარული გავხდიო, ამბობს. მის მოსასმენად მიდიოდნენ მთელი საქართველოდან. მახარაძის ქუჩაზე, ახლანდელ ქიქოძეზე ცხოვრობდა და 14 აპრილის შემდეგ მისი ნაქირავები სახლის დერეფანსა და კიბეებზე უამრავი ყვავილი ეწყო, მიჰქონდათ და ტოვებდნენ, წერდნენ წერილებს, უნდოდათ მისი ლექსებისთვის მოესმინათ.

„ეს გრძელდებოდა თვეობით, სანამ ყვავილების სეზონი იყო. არ ვიცოდი, სად წამეღო ამდენი ყვავილი. ქალი, კაცი, ახალგაზრდობა, მოხუცებიც კი, მოდიოდნენ ჩემ მოსასმენად. თუ ვერ მნახულობდნენ, ბარათებს მიტოვებდნენ. ვამბობ ხოლმე, იმდენი ყვავილი მაქვს მიღებული,  როცა მოვკვდები, აღარ მჭირდება-მეთქი. ასე მოვიდა უნივერსიტეტიდან ფილოლოგების რამდენიმე ჯგუფი. ერთ-ერთ ჯგუფს ახლდა ამირან არაბული. თურმე იმ საღამოს დარბაზში მსხდარან ამირანი და მამამისი, დავით არაბული. ის იყო ძალიან დარბაისელი კაცი. უდახვეწილესი, გარეგნულად ულამაზესი, ძალიან თავმოვლილი და ძალიან კოხტა, ძალიან ნაკითხი, ძალიან სხვანაირი შეგრძნებების მქონე. მერე ჩვენ ვმეგობრობდით და მითხრა, როცა შენ გამოგაცხადეს და ლექსები წაიკითხე, გავიფიქრე, ნეტა, იმ ოჯახს, სადაც ეს შევაო და მე მაშინ უფალი მისმენდაო, შენ ჩემს ოჯახში მოხვედიო. ახლა ეს სასაცილოა, მაგრამ მამას ასე ეჯერა. ამირანთან ერთად იმ ჯგუფში იყვნენ ბაბუა ალუდაური, ტარიელ ხარხელაური და ნოდარ გრიგალაშვილი. დავდიოდი ლექციებზე ჩვეულებრივ და ამ ტიპებს ხანდახან ვხედავდი. ძალიან მეთბუნებოდნენ, მივლიდნენ, როგორც მთის ქალს მთის ხალხი, ბაბუაც და ტარიელიც. ამირანიც გამოჩნდა ერთი-ორჯერ. არაფერი. ისე კი, ამირანს რომ დავინახავდი, სულ მამახსოვრდებოდა. რატომ მამახსოვრდებოდა, მართლა არ ვიცი. ახლა ხომ შემიძლია ღიად ვთქვა, ან შემიყვარდა, ან მომწონდა, ან განგებ მაგას ვაქცევდი ყურადღებას. არა, უბრალოდ, მერე გავაცნობიერე, რომ ეს ადამიანი სულ იყო. რაღაცა მინათდებოდა გულში მაგას რომ დავინახავდი. ვიცოდი, რომ ერთი ძალიან წესიერი ადამიანია, სხვანაირია. არავის რომ არ ჰგავდა, ეგეთი ტიპი იყო, უთქმელი, როგორ გითხრათ, აბა. ერთ დღესაც ტარიელი მოვიდა და მითხრა, მე და ამირანი მივდივართ მამაშენთანო. რისთვის-მეთქი, მე ლექციაზე შევდიოდი. შენი ხელის სათხოვნელადო. მე არ მივიღე ბოლომდე ეს ამბავი, ჩვენ უკვე ვმეგობრობდით. ამირანს სიტყვა არ უთქვამს. ამირანის გამოა, რომ ძალიან მიყვარს წონასწორი და სიტყვამოზომილი ადამიანი. ლექსიც მაქვს ეგეთი, ის ასჯერ ზომავს და ერთხელ ჭრის, მე უცებ გადავწყვეტ, ეგეთი ვარ, რაღაც ჩქარჩქურა, ბოლოს ვკითხულობ, დამიჯერებთ, რომ ეგეთებსაც აბერებს ერთად უფალი? ამირანიც ძალიან მოყვარულია იმ ყველაფრის, რაც მე მიყვარს; ის ყველაფერს აფასებს ისე, როგორც მე ვაფასებ. მისთვის მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაშიც დავბერდით. მე და ამირანი შინ არ ვყოფილვართ მოცლილები. ჩვენ არ გვქონია უაზრო დღე, თავისუფალი დღე. წლებია, არ დაგვისვენია, ერთი დღეც კი. თუ რამე გვიჩნდება და ვიცით, რომ ხვალ არაფერი არ გვაქვს ისეთი, რომ გავაკეთოთ, უცებ გადავწყვეტთ და მივდივართ „საშოვარზე“. ჩვენი საშოვარია ის, თუ სადმე გვეგულება ერთი კარგი მესიტყვე, მელექსე, ან ერთი კაი ამბის მთხრობელი, ერთი მაგარი, საკულტო ტექსტის მცოდნე; ან საფლავის ქვაა სადმე, ან ეკლესია, ან მინაწერი. ასე გვათენდება და გვაღამდება ხან საქართველოს ხევებში, ხან ჭალებში, ხან მწვერვალებზე... დამღლელიც არის ეს და ძალიან დიდი ბედნიერებაცაა. სხვანაირად ვეღარც ვიცხოვრებთ. ეს ჩვენი პროფესიული ავადობაც გახდა და სულის მოთხოვნაც“.

მეორე წიგნიც სტუდენტობის დროს გამოვიდა - „მთვარის ნალი“. მერე - "ჩამომიარ საწუთრო". როგორც თავად ამბობს, სულ ჩუბჩიკას წყალობით, ჩუბჩიკა ადგენდა, აფორმებდა. ზეპირად იცოდა ყველაფერი. მერე იყო ლექსების სხვა კრებულებიც. ბოლოსკენ გამოვიდა „100 ლექსი“, „ჩიტ რო იძახს, წიავ“... შუალედებში გამოდიოდა „აღათო“, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“...

„ერთ-ერთი დიდი წყალობა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა მე ვხვდებოდი გულქან რაზიკაშვილს, ვაჟა-ფშაველას შვილს. ერთხელ ფურცლებს ვალაგებდი სახლში. ზოგჯერ ისეთი რია-რია მაქვს და ვხედავ, ამირანის საექსპედიციო უბის წიგნაკში ასეთი დიალოგია: ამირანო, ხევსური ხარა? ამირანი ეუბნება - კიო. მაშ, შენ ბურნითიანთ ცხვირა არ გაგიკვირდება, კიდევაც მოვსწევ ემსაათშია, კიდევაც გავილამაზებ ცხვირსა... მიწერილი აქვს - გულქან რაზიკაშვილთან დიალოგი, ჩარგალი. მეთქი, ეს ის გულქანი როგორ არის, ყველას ერთი და იმავეს რომ უამბობს - მამაი? მამაი იყო კეთილი, ლამაზი, ისეთი, ასეთი და მორჩა... ამირანის მოსვლამდე უკვე მოფიქრებული მქონდა, რომ მე ჩარგალში მივდივარ. კარი გავუღე და იქვე ვეცი, ხომ წამიყვან ჩარგალში? გაგიჟდა, რა ჩარგალი. ეგეთები ვიცი ხოლმე. წაგვიყვანა მე და ბავშვები, პატარები იყვნენ. 10 დღე ვცხოვრობდი ჩემთვის სრულიად უცხო ჩარგალში და 10 დღე არ მძინებია. ვერ ვიჯერებდი, რომ იქ დავდივარ და ვაჟა-ფშაველას შვილს ველაპარაკები. ეს მიყვება, მამაი, ბიძაი... დავფიქრდები, ვინ მამა, ვინ ბიძა. ვინ და ვაჟა-ფშაველას შვილთან ვზივარ... 10 დღის შემდეგ ამოგვაკითხა ამირანმა. იქიდან პირდაპირ წავედით ბარისახოში, ბარისახოს გზაზე დამეძინა პირველად, ჩარგალს გამოვცდით თუ არა, მაშინვე. ხელით ვიწერდი. შეეჩვია, როგორ ვიწერ და ცოტას რომ გამიფერადებდა სათქმელს, გამილამაზებდა, გამიხელოვნურებდა, ვჩერდებოდი. მე მთის ქალი ვარ და ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ვერ ვაკადრებდი, არ ჩავიწერ-მეთქი. რაად არა სწერ? შემეკითხებოდა. ჩვენ უკვე ვმეგობრობდით და ვეუბნებოდი: ეგრე ქალაქელებს უამბე. იიი, დიდი მაიმუნი ხარ შენ, დაწერე ახლა წესიერად! - და იმას მიამბობდა, რაც სინამდვილე იყო“.

მთელი ცხოვრება დადის, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. ზოგ ადგილას ათჯერაც ყოფილა და ალბათ ღმერთმა დამიფარა, რომ ახალგორში, ქსნის ხეობაში ერთხელაც ვერ წავედიო, ღმერთმა დამიცვა, ალბათო. შეიძლება გული გამხეთქოდა ამ ამბების მერე, ზუსტად ვიცი, რომ ვერ გადავიტანდიო. მისთვის ყველაფერი ძვირფასია, ყველა კუთხის ამბები. დიდი და განსაკუთრებული ფოლკლორი აქვს ყველა კუთხეს. მნიშვნელოვანია მთაც და ბარიც - სვანეთი, ხევი, მთიულეთ-გუდამაყარი, თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, რაჭა-ლეჩხუმი; ქართლი, იმერეთი, კახეთი.

„როგორი იუმორი აქვთ, როგორი ამბები, როგორი ქსოვილი. ყველა კუთხეში დიდი სიმდიდრეა. ლეჩხუმში პირველად ვიყავი, დავრჩი ერთი კვირა და ვიმუშავე. რაღაც სხვა ხალხია, აბსოლუტურად. ძალიან საინტერესოა იქ მუშაობა. ახლა ვიყავი მაღალმთიან აჭარაში. მე ვამბობ, თუ მოგენატრება ქართველის ნახვა, წადი აჭარაში და ადი მთებში. შუახევში ვიმუშავე, რამდენიმე რეგიონში. გამოვშტერდი და მართლა გავგიჟდი, როგორი ახალგაზრდობა არის, საიდან შეინახეს ამ ბავშვებმა დიდპატარაობის და უფროს-უმცროსობის ეს სკოლა. როგორც ჩანს, რაღაცისთვის მიგვაწყვეტს ბოლომდე უფალი და მერე ნელ-ნელა წამოგვკრეფს, იმ კუთხეში იმას აკრეფს, ამ კუთხეში - ამას და გაგიჩნდება იმედი, რომ შენი ქვეყანა უეჭველად იცოცხლებს“.

წლის დასაწყისში გამოვიდა ეთერ თათარაიძის წიგნი „დევიღუპეთ“, სულ ახლახან კი - „დემონოლოგიური თქმულებები“. ეს არის ქართული მითოლოგიური ტექსტები, მწერლის დისერტაცია და 20 წლის ნამუშევარი. როგორც თავად ამბობს, ეს ის მითოლოგიაა, რომლითაც მსოფლიოს წინაშე თამამად დადგები და თამამად ილაპარაკებ საკუთარი ქვეყნის მითოლოგიური აზროვნების სიღრმეზე, ფანტაზიაზე, სივრცესა და მასშტაბზე. ახლა რამდენიმე წიგნზე ერთად მუშაობს.

„წამოწყებული მაქვს სულ ცოტა ოთხი წიგნი. ერთი იქნება თენგიზ მირზაშვილზე. ყველას ვეუბნები, მის მეგობრებს, რაც ახსოვთ და როგორც ახსოვთ, მომაწოდონ. ეს არის თენგიზის მოგონებები, რომლებიც ჩამაწერინა. მთელი ცხოვრება ვიწერდი, აგების პროცესშია ახლა. ძნელი იქნება, მაგრამ ისეთი უნდა იყოს, რომ თენგიზს მოეწონოს. ასევე წამოწყებული მაქვს ჩემი ბავშვობისა და კიდევ სხვა ამბებიც, ადამიანები, გარემო - დაბადებიდან დღემდე; ყველაფერი, რაც ვერ გაცვდა ჩემს გონებაში და დარჩა ჩემს თვალსაწიერში, სულში, გულში. ეს ცოტა შორეული წიგნია. ახლა კი ვამზადებ წიგნს, რომელზედაც წლებია, ვმუშაობ. უკვე გავასწორე ტექსტი. ეს იქნება ლექსების კრებული - ბერდედების ციკლით. როგორ ჰყვებიან თავის ცხოვრებას და როგორ ურთიერთობენ ახალგაზრდებთან - თუში ბერდედები და პაპებიც ხანდახან. საერთოდ, რა არის წუთისოფელი. სულ გამოვიდა 5 000 სტრიქონი. დიზაინი ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებთ, არც სათაური არ მაქვს ჯერ. ისე, მე ყველა ლექსი უსათაურო მაქვს. მირჩევნია, არაფერი არ ერქვას ხოლმე. სათაურიანი სულ რამდენიმე ლექსი მაქვს. თითქმის მზად არის და თუ ვინმე მოიცლის ამათ საკითხავად, ხომ კარგია და თუ არა, სწორად ხომ მაინც იქნება გაკეთებული. მეოთხე არის კიდევ წერილები, ჩემდამი მოძღვნილებიც, რომლებმაც შეიძლება, რაღაცები განსაზღვრეს ჩემს ცხოვრებაში. მაგას არ ვჩქარობ. ახლა უფრო ფოლკლორისკენ მაქვს გეზი, რაღაც ოცნებები გვაქვს მე და ამირანს, რამდენიმე პროექტი. წამოწყებული გვაქვს საფლავის ქვების მეორე წიგნი. „შენდობით მომიხსენიეთ“, რომელმაც „საბა“ მიიღო, პირველი იყო. მეორე იქნება საფლავის ქვები ამბებით, გამორჩეული ამბებით. ზოგ საფლავს აქვს თავისი წარმომდგენელი ისტორია. მაგალითად, სოფელ წვერში ჩვენ გადავიღეთ გადაშლილი გარმონი საფლავის ქვაზე. მოხუცი პაპა შემოვიდა და ვკითხე, ეს ალბათ, კარგი მეგარმონე იყო-მეთქი. ქალის ქანდაკება იყო და გვერდზე აქვს ეს გარმონი. ასე წევს. ნაივურად ამოჭრილი ფიგურა, როგორც არის ხოლმე. ჰო, შვილოო, ესო ილიას მკვლელის ცოლის საფლავიაო. უკვე მკვდარი იყო და ქმრის სოფელში იყო დაკრძალულიო. ძმებმა პროტესტის ნიშნად ამოთხარეს და აქ დაკრძალესო. არაფრით არ დავტოვებთ იქო. მაქვს წამოწყებული ქალების თავისკვლის ამბები. როგორც აღათო, მაგალითად, სულ იყვნენ ასეთი ქალები, მთაშიც, ბარშიც. რატომ და როგორ ხდება ეს...“

 

ნიჩაფ ხყუდავ ღრმა თოვლში,

ბოსლით ხუმფელ გამოდის,

თბილა თოვლის ძირითაჲ

წვეთებ მღერით ჩამოდის.

წყალნაწინწლებ ბანითაჲ

ათას სურათ გამოდის,

კუნძურა დევს ბოხარში,

სქელ ბოლ ხვნეშით ამოდის...

გვერდზე თავგადაგდებულ

ლელას მღერა გამოდის.

 

„მინდა, რომ ის დრო გაჩერდეს“, ხშირად ამბობს ეთერ თათარაიძე და მთელი ეს საუბარიც სულ გაჩერებები იყო, დროში გაჩერებები - ხან თუშეთი და ხან ალვანი, ბევრჯერ თბილისი და ზოგჯერ დანარჩენი საქართველოც, ხან დარდი და წარუმატებლობა და ხანაც სიყვარული - უფრო სიყვარულის „ათას სურათები“!

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE