ორუელის სპილო


ორუელის სპილო




                                                                 (ქრონოსკოპისტის ჩანაწერებიდან)

 

საოცარია, მაგრამ დროში მოგზაურობის მსურველები თითქმის აღარ არიან. თუ არ ჩავთვლით მეცნიერ-ისტორიკოსებს, მაგრამ ისინიც კი თითქოს მოვალეობის მოხდის გამო დაფრინავენ წარსულში, - ნამდვილი: შმაგი, ცინცხალი, დაუოკებელი ინტერესი დაიკარგა...… არადა, როგორი “ბუმქრორი” გამოიწვია თავის დროზე ქრონოსკოპის გამოგონებამ! (საგანგებო, ხელოვნური ტერმინიც კი შეთხზა ერთმა ჭკვიანმა ჟურნალისტმა იმ არნახული აურზაურისა და ჟივილ-ხივილის აღსანიშანავად: “ბუმი+ქრონოსკოპი+ფურორი” )... მაგრამ ეს ე.წ. “ბუმქრორი”, დიდხანს არ გაგრძელებულა. ქრონოსკოპის გამოგონებას ეგრევე მოჰყვა გრავიტრონის გამოგონება (ორივე დრო-სივრცის სუპერგრავიტრონული თეორიის ლოგიკური შედეგი გახლდათ, დეივ დოილმა რომ შეიმუშავა), რამაც ადამიანს კოსმოსის დაპყრობა-ათვისების უსაზღვრო შესაძლებლობა გადაუშალა წინ...

სინათლის სიჩქარით მოგზაურობა რეალობად იქცა (არადა, ჩვენს წინაპრებს ეს შეუძლებლად მიაჩნდათ - ბრიყვები!) და კაცობრიობაც საკმაოდ სწრაფად “გაიწოვა” – ორი თაობის სიცოცხლეში - ახალაღმოჩენილ ეკზოპლანეტებზე გადასახლდა, რომელთა რიცხვი ათასჯერ და ათიათასჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესღაც ეგონათ. კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, დიდმა და მცირე ერებმა განსახლება, დაშორიშორება გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ისურვეს ცხოვრება - მადლობა ღმერთს, ასათვისებელი პლანეტები საკმარისზე მეტი იყო...

რეალური კოსმოსის გაუგონარი საოცრებების ფონზე დროში ეფემერულ მოგზაურობას ხიბლი დაეკარგა. ადამიანმა დედამიწას და, შესაბამისად, კაცობრიობის წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობას ზურგი აქცია...

“ბუმქრორის” მერე საუკუნეზე მეტი გავიდა. ახლა 2215 წელია, დედამიწაზე სამი მილიონი კაციც კი აღარ ცხოვრობს - გადარჩენილი ისტორიული ძეგლების მცველები, მეცნიერები, ტუროპერატორები, ერთი მუჭა შერეკილები, რომლებსაც დედამიწას არ ეთმობათ, და ჩვენ - ქრონოსკოპისტები. და კიდევ, რობოტ-ანდროიდები, ანუ მომსახურე პერსონალი, მაგრამ ისინი არ ჩანან, თვალში არ გეჩხირებიან... მოკლედ, საოცარი სიხალვათეა, სიწყნარე და სიჩუმე...…მოწყენილობა...

დედამიწაზე ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ეს, ალბათ, არცაა გასაკვირი - ხმელეთის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა მას მერე, რაც გრენლანდიაც დადნა და ანტარქტიდაც... ნიუ-იორკი, ლონდონი, ამსტერდამი, სანქტ-პეტერბურგი, მრავალი დიდი თუ მცირე ქალაქი ზღვამ შთანთქა. ზოგიერთი ქვეყანა საერთოდაც გაქრა, მაგალითად, ბანგლადეში...

ასევე არ გაამართლა მოლოდინმა, რომ კოსმოსში გადახვეწილ ადამიანს სენტიმენტალური გრძნობები წასძლევდა და სიცოცხლეში ერთხელ თუ არა, სიკვდილის მერე მაინც ესტუმრებოდა მშობლიურ პლანეტას... ანუ ანდერძად დაიბარებდა…- გარდაცვალების შემდეგ ჩემი ნეშტი (თუ ფერფლი) წინაპრების მიწას მიაბარეთო (თუ მიმოაბნიეთო)... გრავიტრონული ეპოქის ადამიანი სენტიმენტებს თურმე მაინცდამაინც არ სწყალობს - “ველური დასავლეთის” დამპყრობთა მსგავსად, პრაგმატულ-პრაქტიკული, მიზანსწრაფული გამოდგა, ვინც წინ მიდის და უკან არ იყურება... ასე რომ, დედამიწა პანკოსმოსურ პანთეონად ვერ იქცა.  

მმ, ეს “ველური დასავლეთი” რამ გამახსენა? საერთოდაც, საიდან ვიცი მის შესახებ?.. მე ხომ ქრონოსკოპისტი ვარ. ანუ ქრონოპილოტი... წარსულში ფრენა ჩემი საქმეა, ჩემი პროფესიაა... და მოწოდებაც!.. სად არ ვყოფილვარ, რა აღარ მინახავს!...

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს, რატომ ვაკეთებ ამ ჩანაწერებს? და რატომ ვაქვეყნებ სპეისნეტში? თუკი ვიცი, რომ არავინ (ან თითქმის არავინ) წაიკითახვს?... მოწყენილობისგან? თავის გართობის მიზნით?.. ალბათ, ეგეცაა, მაგრამ არა მხოლოდ... მამას ვეძებ... მამაჩემი მწერალი იყო. კარგი მწერალი... მართალია, ცოტა ძველმოდური - ინტერლინგვაზე წერდა სიტყვით და არა ვიზუალური ფსიქოგრამებით, პირდაპირ გონებაში რომ პროეცირდება... წარსულში დაფრინავდა, მასალას აგროვებდა ისტორიული რომანებისთვის... ერთხელაც გაფრინდა ბუფალო ბილის შოუს სანახავად და აღარ დაბრუნდა. გაქრა, დაიკარგა. ქრონოპლანთან და ქრონოპილოტთან ერთად... …

ქრონოსკოპი ანუ ქრონოპლანი პატარა აპარატია, ორადგილიანი – პილოტი და მგზავრი ეტევიან მხოლოდ - ფორმით და ზომით XX საუკუნეში გავრცელებულ ატრაქციონის მანქანებს მიაგავს, ერთმანეთს განზრახ რომ აჯახებდნენ გართობის მოსურნე ადამიანები და ამით ხალისობდნენ (ისე, რა იყო ამაში სახალისო? – ბრიყვები!). ოღონდ ქრონოსკოპი გარედან მთლიანად დაფარულია გამჭვირვალე, კვაზიენერგეტიკული ველით (ნამდვილი ენერგეტიკული ველით წარსულში გადაადგილება კატაკლიზმს - ანიჰილაციას გამოიწვევდა)... ქრონოპლანს შეუძლია, გააღწიოს დროსა და სივრცეში, მისთვის არაფერია შემაკავებელი, არც ტიტანის კედელი, არც რკინაბეტონის ბუნკერი, არც წყალი და არც ცეცხლი, – წარსულში მოგზაურობისას, დროში ცურვისას (ანუ პლანირებისას) პილოტი და მგზავრი ეფემერულ, არამატერიალურ, ვირტუალურ მგომარეობაში არიან. ხედავენ ყველაფერს, მაგრამ თავად უხილავნი რჩებიან... ამიტომაც დროის პარადოქსის გაჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს – წარსულში არაფერი იცვლება, შენ მხოლოდ ხედავ მას ქრონოსკოპის მეშვეობით... ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სტერეოკინოს უყურებ, არა, არათუ უყურებ, არამედ მის შუაგულში ხარ მოქცეული, იქ ხარ, მოვლენის შიგნით, ყველა წვრილმანს ხედავ, ბონაპარტის სუნთქვაც გესმის და კლეოპატრას გულის ცემაც... მოკლედ, ქრონოპლანით შეგიძლია იფრინო ნებისმიერ ეპოქაში, მოხვდე ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სიმაღლეზე, გაჩერდე ჰაერში და დროში რამდენიც გსურს... დააკვირდე, გადაიღიო, შეისწავლო... ოღონდ, დედამიწის წარსულში სამოგზაუროდ დედამიწაზე უნდა ჩამოხვიდე...

ქრონოსკოპის მართვა სულაც არაა ისეთი ადვილი, როგორც ატრაქციონის სათამაშო მანქანისა, ბავშვიც რომ ახერხებდა. რადგან აღმოჩნდა, - დრო სულაც არაა მოვლენების სწორხაზოვანი, მიზანმიმართული ნაკადი, წარსულიდან მომავალში რომ მიედინება, არამედ მრავალგანზომილებიანი ქრონოპლაზმურ-გრავიტურბულენტური ველია, რომელიც ხანგამოშვებით უფრო ტორნადოს ან მორევს ჰგავს, ვიდრე მდორე მდინარეს. და სწორედ იმიტომ, რომ ამ ველს ჯერაც აუხსნელი და გაუგებარი გრიგალისებური “აღშფოთებანი” ახასიათებს, დროში მოგაზურობა მთლად უსაფრთხო არაა... მართალია, გაუჩინარების შემთხვევები იშვიათია - XX საუკუნეში ავტომობილით მგზავრობა ანდა თვითმფრინავით ფრენა უფრო სარისკო იყო, ვიდრე ქრონოპლანით ცურვა დროში, - მაგრამ მაინც ხდება. Qრონოპილოტობას, ცოდნის გარდა, ნიჭიც უნდა: საგანგებო ინტუიცია, დროის ალღო... ამიტომაც დავწერე, რომ ეს ჩემი მოწოდებაა... სხვათა შორის, ქრონოპილოტების მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე პოზიციზე ვარ, პირველ ათეულში კი, ყველაზე ახალგაზრდა, 25 წლის. ერთი სიტყვით, ტემპორიონავტიკა მხოლოდ მეცნიერება ან სპორტი კი არ არის, არამედ, ხელოვნებაცაა.

თუმცა, არსებობს საფუძვლიანი იმედი, რომ დროში ჩაკარგული ადამიანები არ დაღუპულან და, ადრე თუ გვიან, ჩვენს რეალობას დაუბრუნდებიან. ამიტომაც ვეძებ მამას, და მჯერა, ერთხელაც ვიპოვი, გადავარჩენ... რატომღაც მგონია, რომ ჩემი ეს ჩანაწერები ამაში დამეხმარება... მამა როგორღაც იგრძნობს და წაიკითავს მათ პარალელურ დრო-სივრცეში - ჩემი ტექსტის ენერგეტიკა მიიზიდავს მას, დაეხმარება უხილავი ქრონოტრონული კედელი გაარღვიოს...

ერთი სიტყვით, ამიტომ ავირჩიე ქრონოსკოპისტობა, არ დავტოვე დედამიწა, გავხდი ქრონოპილოტი... 9 წლის ვიყავი, როდესაც მამა გაქრა... დედამ გამზარდა, წყალქვეშა არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში მუშაობდა, დაივერ-პრეპარატორად... შარშან გარდაიცვალა, გულმა უმტყუნა ალექსანდრიის გათხრებისას, ზღვის ფსკერზე...

ამბავი, რომელსაც გიყვებით, წელს მოხდა. ოფისში ვზივარ, ჩანაწერებს ვასწორებ და ვხედავ, შემოდის ჭაღარა, დიდცხვირა კაცი - ხმელი, მაღალი, წვერებიან-სათვალიან-ხელჯოხიანი... არც წვერს ატარებს ახლა ვინმე და არც სათვალეს. ხელჯოხიანი კი მართლა პირველად ვნახე XXIII საუკუნეში... მკაცრი, მუქი ნაცრისფერი, ძველმოდური კოსტიუმი (შარვალ-პიჯაკი) აცვია, ოღონდ, პერანგის ნაცვლად - მაღალყელიანი სვიტერი. მოკლედ, ცოტა არ იყოს, გაოცებული შევყურებ.

“დაბრძანდით, სერ,” თავზიანად გავიფიქრე, შემოვიდა თუ არა. არადა, არ ჯდება. ვუყურებ, შტერივით ვუღიმი და უცებ ვამჩნევ, რომ თავზე - ჯვარედინად კეფასა და შუბლზე - უთხელესი ფერომაგნიტური სალტეები აქვს. “ტელეპატიური სიგნალის ბლოკატორი უკეთია!” უცებ გამიელვა. გაოცებისგან კინაღამ პირიც კი დავაღე.

- შეიძლება, დავჯდე? - ცოტა არ იყოს, უკმეხად მეკითხება ძველისძველ ინტერლინგვაზე.

- დიახ, სერ, დაბრძანდით... - ინტერლინგვაზევე ვპასუხობ (“წელს სიტყვა ხმამაღლა მგონი პირველად ვთქვი”, - გამიელვა). გავუღიმე და გავაგრძელე, - სერ, მე თავიდანვე შემოგთავაზეთ, დაბრძანდით-მეთქი, მაგრამ თურმე ბლოკატორი გქონიათ...

- დიახ, მაქვს! და არავის მივცემ უფლებას, თავში შემიძვრეს! ეგღა მაკლია! - მოხუცმა ისეთი გაგულისებით წამოიძახა, რომ მივხვდი, უთუოდ შერეკილების თემიდანაა. ოთხი ასეთი თემი ვიცი: ლხასაში, სენ-გოტარდზე, შენაქოსა და მაჩუ-პიკჩუში. თუმცა, მგონი, კიდევ უნდა იყოს... ზოგიერთი შერეკილი სულაც განმარტოებით ცხოვრობს, - აქა-იქ შემორჩენილ ტყე-ღრესა თუ გამოქვაბულში. …

მოხუცი მოცელილივით ჩაეშვა ჰაეროვან გრავისავარძელში, ხელჯოხს სახელური წრიული მოძრაობით მოხსნა, პირთან მიიტანა, მოიყუდა და გადაჰკრა. ეს ყველაფერი ელვისებური სისწრაფით გააკეთა.

- ვისკი! - გამოაცხადა კაცმა, - ნამდვილი შოტლანდიური! მაგრამ თქვენ ამის ფასი რა იცით, ყმაწვილო!

- რატომ, სერ, შოტლანდიაში ნამყოფი ვარ რამდენჯერმე...

- მართლაა? - თითქოს გაუკვირდა კაცს, - აა, თქვენ ხომ ქრონოპილოტი ხართ... კარგი, კარგი, ახლა ამის დრო არ არის. საქმეზე გადავიდეთ!@

- დიახ, სერ, გისმენთ,

- ბირმა. 1936.

- უკაცრავად?

- გადამაფრინეთ ბირმაში, 1936 წელში უნდა მოვხვდე! აუცილებლად!

- ბირმაში?

- ქვეყანა იყო ინდოეთის აღმოსავლეთით. მერე მნიანმა დაარქვეს... არ გაგიგიათ? 

- არა.

- მოკლედ, გადამაფრინეთ! ას კრედიტს ახლავე ჩაგირიცხავთ ანგარიშზე. მეტი ხომ არ ღირს?

- არა, მეტი არ დაჯდება, მაგრამ დროში მოგზაურობის ნებართვა გაქვთ, სერ?

- ჰმ! - თვალები გაკვესა, ისე შემომხედა, ცოტაც და... დავიფერფლებოდი.

- სერ, ტურისტის ლიცენზია გაქვთ თუ მეცნიერის?

- ყმაწვილო, აბა, შემომხედეთ, ვგავარ მე ვიღაც ვიგინდარა ტურისტს?!

ნამდვილად არ ჰგავდა... რაც გულწრფელად დავუდასტურე კიდეც.

- ქრონონატურფილოსოფოსი ვარ! - ამაყად გამოცახდა, - ყოველი დროის, ყოველი ეპოქის ფილოსოფიური ესენციის დისტილაციაზე ვმუშაობ!

- დიდი ბოდიში? - თავაზიანად გავუღიმე, - ამიხსენით, თუ შეიძლება...

- აგიხსნათ? ჯერ ჩემი შრომები წაიკითხეთ, ყმაწვილო, და თუ გაიგებთ, მერე ვისაუბროთ, - ჯიბიდან კრიპტოკრისტალი ამოიღო და მაგიდაზე მეფური ჟესტით დამიგდო, თითქოს უძვირფასეს ალმასს მჩუქნიდა თუ ბრილინტს, - აი, აქაა ჩემი ნაშრომების სრული კრებული, ოცდაშვიდტომეული!

- სერ, - ფრთხილად ვეუბნები, - იქნებ ერთი მთავარი ნაშრომი დამისახელოთ, სადაც...

- არავითარ შემთხვევაში! - გამაწყვეტინა, - უნდა წაიკითხოთ ყველაფერი მიყოლებით, თავიდან ბოლომდე! წანააღმდეგ შემთხვევაში, მსჯელობის ძაფი გაწყდება და ლოგიკურ დასკვნებს ვერ გამოიტანთ!

- გიპნოგოგს წავაკითხებ ძილში, - დავპირდი და კრიპტოკრისტალი უჯრაში შევინახე.

- არავითარ შემთხვევაში! ძილში და სიზმარში ათვისებულის მე არ მჯერა! თქვენ თვითონ უნდა წაიკითხოთ, ყმაწვილო, ფხი-ზელ-მა! რომ მართლა გაიგოთ, მექანიკურად კი არ დაიმახსოვროთ!

“ეს რა ახირებული ვინმეა” – გამიელვა. გადავწყვიტე, საუბრის თემა შემეცვალა.  ვეკითხები:

- სერ, თქვენი სახელი?

- ჰერკულეს ლაიონელლი.

კინაღამ გამეცინა.

- ძალიან სასიამოვნოა, სერ ჰერკულეს. მე ნიკ ნიკოლსონი ვარ.

- ვიცი, როგორმე! - უკმეხად მომიგდო, - ბრმა კი არა ვარ! - და თავი კედლისკენ გაიქნია, სადაც ქრონოპილოტის გოლოგრაფიული დიპლომი თითქოსდა ჰაერში ლივლივებდა.

- სერ ჰერკულეს, რა მიზანი აქვს თქვენს მოგზაურობას? რა უნდა მოძებნოთ?

- რა კი არა, ვინ!

- კი ბატონო, იყოს ვინ. ბირმელია?

- არა, ინგლისელი. ჯორჯ ორუელი გაგიგიათ?

- არა.

- ყმაწვილო, ეს უკვე მეტისმეტია!

- რატომ, სერ?

- იმიტომ, რომ ჯორჯ ორუელმა იხსნა ცივილიზაცია! თქვენ კი არც გაგიგიათ! სირცხვილი თქვენ! რას გასწავლიან კოსმოპილოტების აკადემიაში?

- და როგრო იხსნა, სერ?

- ოო, როგორ იხსნა! ეს მთელი პოემაა! ეს ჩემი ახალი თეორიაა! მე ვამტკიცებ, რომ ყოველ ისტორიულ ეპოქას ჰყავს თავისი უხილავი, მენტალური მხსნელი! ის, რომ ჩვენ დღეს ტოტალიტარულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ, ორუელის დამსახურებაა. ამიტომ ვიკვლევ მის ცხოვრებას, ვაპირებ, საკვანძო მომენტები მოვიხელთო და გამოვწურო!

- გამოწუროთ?

- დიახ! გამოვწურო! ესენციის დასამზადებლად!

“ეს ჩვენი ჰერკულესი მთლად სრულ ჭკუაზეა, ნეტა?” - გამიელვა.

- დროს ვკარგავთ, ყმაწვილო! - დამოაცხადა მოხუცმა, - დღესვე უნდა გავფრინდეთ!

- სერ, იცით, ზუსტი თარიღი? დრო-სივრცის კონკრეტული კოორდინატები? თუ თქვენთვის სულერთია, 1936 წლის რომელ თვესა და რომელ დღეს ჩავალთ ბირმაში?

- როგორაა სულერთი! მე ის დღე მჭირდება, როდესაც ორუელმა სპილო მოკლა!

- სპილო მოკლა? - დავფიქრდი, - სპილოსმკვლელმა ცივილიზაცია როგორ იხსნა? ერთობ არაცივილიზებული საქციელია... 

- საქმეც ეგაა! - ჩაიცინა ჰერკულესმა, - ეგ მომენტი გარდამტეხი იყო მის ცხოვრებაში, მეტაფიზიკურად გადამწყვეტი! ამ შოკის შედეგად აეხილა თვალი, გაუნათდა გონება, იმ კაცად ჩამოყალიბდა, ვინც შემდგომ კაცობრიობა ტოტალიტარიზმის კოშმარისგან იხსნა. აცრა ჩაუტარა, მენტალური აცრა!

- სერ, დიდი ბოდიში, მაგრამ საიდან იცით სპილოს მკვლელობის შესახებ?

- საიდან? აღწერა თვითონ და იქიდან! - მომიგდო და ჯიბიდან რაღაც მართუკთა საგანი ამოიღო, გადაფურცლა.

“ბლოკნოტი! ქაღალდის ბლოკნოტი” - გამიელვა და კინაღამ ისევ გამეცინა. XXIII საუკუნეში ქაღალდის ბლოკნოტს მუზეუმში თუ ნახავ.

- თუმცა, ზეპირად ვიცი ტექსტი! ეს არცა მჭირდება! - გამოცხადა მოხუცმა, - პატარა ესეა,  ექვსგვერდიანი.

- და რა წერია მაგ ესეში?

- ოო, ეს მომწონს, - მოულოდნელად გამიღიმა სერ ჰერკულესმა, - ინტერესიანი ყმაწვილი ყოფილხართ! ესე იგი, ჯერ კიდევ არის იმედი!

- რისი იმედი, სერ?

- ეს უნდა აღინიშნოს! - მოხუცმა კითხვაზე არ მიპასუხა, ხელჯოხს სახელური მოხსნა, მოიყუდა, გადაჰკრა, ისევ გაუკეთა და განაგრძო, - ჯორჯ ორუელი პოლიციელად მსახურობდა ბირმაში... ბირმა მაშინ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთის იმპერია გაგიგიათ?

- დიახ სერ, როგორ არა, დედოფალ ვიქტ...…

- ეგ არაა საინტერესო! - გამაწყვეტინა მოხუცმა, - მოკლედ, პატარა ქალაქ მოულმეინში (ეს ქვედა ბირმაა) ორუელი ბევრს ეჯავრებოდა, ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყავიო იმდენად მნიშვნელოვანი პერსონა, რომ ეს შესაძლებელი გახდა, როგორც თავად წერს. (რა გახდა შესაძლებელი?) ბირმაში, იმ პატარა ქალაქში, ევროპელები ძლიერ სძულდათ, თუმცა, ეს დამოკიდებულება, თანაც, რაღაცნაირად წვრილმანი იყო...

- წვრილმანი? - ვერ გავიგე. 

- დიახ. ამბოხებას ვერავინ ბედავდა, მაგრამ თუკი, ვთქვათ, ევროპელი ქალი ბაზარში გაივლიდა, კაბაზე ჩუმად დააფურთხებდნენ ბეტელს... ეს ერთგვარი მცენარეა, რომელსაც იქაურები მუდმივად ღეჭავდნენ...

- რა საზიზღრობაა, - ჩავილაპარაკე.

- ორუელი პოლიციის ოფიცერი იყო და აბორიგენები მას ყველა შემთხვევაში დასცინოდნენ, როდესაც ეს მათთვის უსაფრთხო ჩანდა...

- პოლიციელის არ ეშინოდათ? - გამიკვირდა, - და რა შემთხვევები იყო ეგეთი?

- ვთქვათ, ფეხბურთის თამაშისას, - ამიხსნა მოხუცმა, - წააქცევდნენ ორუელს და იცინოდნენ, მსაჯი კი ამ დროს, ასევე ბირმელი, სხვაგან იყურებოდა, ვითომცდა ვერაფერი დაინახა. ეს ხშირად ხდებოდა: დაცინვა, ლანძღვა, გინება, ოღონდ უსაფრთხო დისტანციიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენო ახალგაზრდა ბუდისტი ბერები, რომლებიც რამდენიმე ათასი იყვნენ ქალაქში. მთელი დღეები იდგნენ გზაჯვარედინზე და ევროპელებს დასცინოდნენ.

- ბუდისტი ბერები? - ისევ გამიკვირდა, - ბუდისტ ბერებზე სხვა წარმოდგენა მქონდა... მეგონა, ამქვეყნიური არაფერი აინტერესებდათ...

- ჰმ, - ჩაიცინა ჰერკულესმა და განაგრძო, - წარმოიდგინეთ ორუელის მდგომარეობა, ერთი მხრივ, იგი მიხვდა, რომ იმპერიალიზმი ბოროტებაა, გულის სიღრმეში, თეორიულად, ფარულად, ბირმელების მხარეზე იყო, მაგრამ, იმავე დროს, ბრიტანეთის იმპერიას ემსახურებოდა და იქაურები ისე აღიზიანებდნენ, რომ მზად იყო ხიშტი მუცელში ჩაეცა ღიპიანი ბირმელისთვის, მასხრად რომ იგდებდა...

- ეს უწერია?

- დიახ, მე არაფერს ვიგონებ, ყმაწვილო! თითოეული სიტყვის სიზუსტეზე ვაგებ პასუხს! - მკაცრად, მაგრამ თან ოდნავ თეატრალურად, გამომიცხადა მოხუცმა და გააგრძელა, - მაშინ ორუელი ახალგაზრდა იყო, ნაკლებად განათლებული, როგორც თვითონვე აღიარებს, და შინაგანად გაორებული, ვერ იტანდა იმპერიას, ხვდებოდა, რომ ბოროტებაა, მაგრამ, ამავე დროს, ვერ იტანდა ბირმელებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ, საკუთარი მოვალეობები კეთილსინდისიერად შეესრულებინა, წესრიგი დაეცვა. იმასაც კი ვერ აცნობიერებდა, რომ ბრიტანეთის იმპერიას მალე მოეღება ბოლო. ეგონა, რომ Bრიტისჰ რაჯ (ბრიტანეთის კოლონიური მმართველობა) მარადიულია. მაგრამ ერთხელ მოხდა შემთხვევა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შემთხვევა, რომელმაც, როგორც თვითონ წერს, ირიბად ხელი შეუწყო მის გათვიცნობიერებას, იმპერიალიზმის ჭეშმარიტი არსის შეცნობას, იმ მოტივების შეცნობას, რაც დესპოტურ სელისუფლებას ამოძრავებს...

- რა შემთხვევა, სპილოს მკვლელობა?

- დიახ, ყმაწვილო! - მოხუცმა ალმაცერად გაიღიმა, კმაყოფილმა დამიქნია თავი, - ერთხელ, დილით, ორუელს დაურეკა პოლიციის ინსპექტორმა და უთხრა, რომ სპილო არბევს ბაზარს...

- ველური სპილო?

- არა, შინაური, მაგრამ ემართებათ ხოლმე.

- რა?

- შინაურ სპილოს აქვს პერიოდი, როდესაც აგრესიული ხდება, თითქოს გაცოფდაო. მაგ დროს ჯაჭვებით აბამენ ხოლმე. ჰოდა, თურმე ერთმა ეგეთმა სპილომ აიწყვიტა და გაიქცა. “მაჰაუტი” (სპილოს მომთვინიერებელი) გაეკიდა, მაგრამ კვალი არასწორად აიღო და საწინააღმდეგო მხარეს წავიდა. ამ დროს სპილო თურმე ქალაქში მობრუნდა, მოკლა ძროხა, გასრისა ქოხი, შევარდა ბაზარში, მილეწ-მოლეწა დახლები და გასაყიდად გამოტანილ ხილს მუსრი გაავლო. ხალხი, ცხადია, გაიქცა... ორუელი ცხენს მოახტა და ბაზრისკენ გააჭენა.

- თოფი წაიღო?

- დიახ, ოღონდ ჰქონდა 44 კალიბრის ძველი “ვინჩესტერი”, რომლითაც სპილოს ვერ მოკლავდა.

- და, აბა, რად უნდოდა?

- დასაშინებლად. იფიქრა, რომ ჰაერში გაისროდა და სპილო დაფრთხებოდა,  გაიქცეოდა. მაგრამ როდესაც ბაზარს მიაღწია, აღმოჩნდა, რომ სპილოს მოეკლა ადამიანი, ინდოელი კული (მუშა). თურმე უეცრად თავს დაესხა ზურგიდან, ხორთუმი მოხვია და ფეხი დააბიჯა, ტალახიან მიწაში ჩასრისა...

- სპილო უწყინარი არსება მეგონა...

- არის კიდევაც, - ჩაიცინა ჰერკულესმა, - სპილო სპილოა, მაგრამ თუ გაცხარდა, ცხარეა...

- ეგ ანდაზა მამაჩემისგან მახსოვს, - ჩავილაპარაკე, - ოღონდ იქ ცხვარზე იყო ლაპარაკი...

- ჯორჯიან? - უცებ მეკითხება მოხუცი.

- სერ?

- წარმოშობით ჯორჯიიდან ხომ არ იყვნენ თქვენი წინაპრები, ყმაწვილო? - სერიოზული გამომეტყველებით მეკითხება ჰერკულესი. - კავკასიის “ჯორჯიიდან”?

- დიახ, სერ. მამა მეუბნებოდა მაგას, მახსოვს...

- ენაც ხომ არ გასწავლათ?

- არა, სერ. ენა არ ვიცი.

- მე კი მახსოვს, - ალმაცერად ჩაიცინა, - მაგრამ თითქმის აღარავინაა, ვისაც “ტკბილქართულად” დაველაპარაკებოდი...

- “ნეუ-ჯორჯიაზე” შეგიძლიათ გადასახლდეთ, - ვეუბნები, - თავის დროზე მამამ მითხრა, ძალიან ლამაზი პლანეტააო...…

- არა, მე აქედან წამსვლელი არა ვარ... - ხელი ჩაიქნია მოხუცმა, კიდევ ერთხელ მოხსნა სახელური ხელჯოხს და სულმოუთქმელად დაეწაფა. განაგრძო, - ნოსტალგია და ეგეთი სენტიმენტები არ მაწუხებს. მე ფილოსოფოსი ვარ!

- და მერე რა მოხდა, სერ?

- მერე ორუელმა გააგზავნა მსახური, რომ ნამდვილი სანადირო, სპილოებზე სანადირო თოფი მოეტანა მისთვის. სპილო ამ დროს, როგორც უთხრეს, ბრინჯის ნათესებში გადასულიყო და მშვიდად ძოვდა...

- და რომ არ მოეკლა, არ შეიძლებოდა?

- თოფი, პირველ რიგში, თავდაცვისთვის სჭირდებოდა. სპილოს მოკვლა სულაც არ უნდოდა. მაგრამ გაცოფებული სპილო საშიშია. შეტევაზე თუ გადმოვა, ვეღარც გაექცევი. მოკლედ, მოუტანეს თოფი და ხუთი ტყვია.

- რატომ, ხუთი?

- არ ვიცი. ასე წერს. ამ დროს მის ზურგსუკან ბირმელების ბრბო შეგროვდა. სულ ცოტა, ორიათასი კაცი მაინც იქნებოდაო. ყვიროდნენ, ხელებს იქნევდნენ, საოცრად აღგზნებულები იყვნენ. ეს მათთვის უფასო სანახაობა იყო. “საჰიბმა” (ეს მათ ენაზე ევროპელ ბატონს ნიშნავს) სპილო უნდა მოკლას! თანაც, უფასო ხორცის, სპილოს ხორცის დათრევის იმედიც ჰქონდათ. მხარზე თოფით ორუელი გაემართა იქით, სადაც სპილო უნდა ყოფილიყო, ბრბო უკან მოჰყვებოდა. თავს იდიოტად ვგრძნობდიო, იხსენებს ორუელი. ხრეშიან გზაზე მიდიოდა, გარშემო წყლით დატბორილი ბრინჯის ველები იყო. ბირმელები ისე ახლოს მიჰყვებოდნენ, ლამისაა, კეფაში ასუნთქებდნენ. იარა, იარა და გზის პირას დაინახა სპილო, რომელიც მშვიდად იდგა და ბალახს ჭამდა. დაინახა და სრულიად ცხადად გააცნობიერა, რომ სპილო არ უნდა მოკლას.

- და მაშინ, რატომ მოკლა? - გავაწყვეტინე.

- სწორედ ეგაა საქმე! - ხელჯოხი შემართა ჰერკულესმა, - მომისმინეთ, ყმაწვილო, და გაიგებთ! 

- უკაცრავად, სერ,

- დიახ. მიხვდა, არ უნდა ესროლოს. უნდა დაელოდოს იმ სპილოს “მაჰოუტს”, რომელიც ადრე თუ გვიან მოვიდოდა და სპილოს მოარჯულებდა (მხოლოდ მას დაემორჩილებოდა). თუმცა, სპილო უკვე თავისით მშვიდდებოდა. აღგზნებამ თითქმის გადაურა. აგრესიულობის პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა.…ორუელი წერს, სპილო, რომელიც ბალახს ძოვდა, ძროხასავით უვნებელი ჩანდაო. ორუელმა გადაწყვიტა, იქ დარჩება, დაელოდება “მაჰაუტს”. შეხედავს, ხომ არ გაცოფდება სპილო ისევ...

- გაცოფდა?

- ნუ მაწყვეტინებთ, ყმაწვილო! არა, არ გაცოფებულა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ეს გადაწყვიტა, ორუელმა უკან მიიხედა და ბრბო დაინახა. იმდენნი იყვნენ, გზა მთლიანად ჩაეხერგათ - ტევა არ იყო. ორუელი უყურებდა ყვითელი სახეების ზღვას - აღგზნებულ, ბედნიერ სახეებს, - დარწმუნებული იყვნენ, რომ “საჰიბი” სპილოს მოკლავს და სიამოვნების მოლოდინში წინასწარ ილოკავდნენ ტუჩებს. ისე უყურებდნენ, როგორც ილუზიონისტს, რომელმაც საოცარი ფოკუსი უნდა აჩვენოს. მათ ორუელი სძულდათ, მაგრამ თოფით ხელში მათი ყურადღების ღირსი გახდა. და უცებ ორუელმა გააცნობიერა, რომ სპილო უნდა მოკლას. მოუწევს!

- რატომ? ხომ არ უნდოდა მოკვლა? ხომ მშვიდად იყო სპილო? არ გაცოფებულა?  

- საქმეც ისაა, რომ იქაურები ელოდნენ, მოკლავს და ამიტომ უნდა მოეკლა, ვალდებული იყო, მოეკლა. ორი ათასი ყვითელკანიანის ნება უბიძგებდა, აიძულებდა, გაესროლა. და სწორედ იმ მომენტში გააცნობიერა ორუელმა აღმოსავლეთში თეთრკანიანი ადამიანის ბატონობის მთელი ამაოება და უაზრობა. ევროპელი დგას თოფით ხელში უარაღო აბორიგენების წინაშე - თითქოს იგია ამ დრამის მთავარი გმირი, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტია, რომლის ნებას ყვითელკანიანთა ბრბო წარმართავს... და მაშინ მიხვდა, როდესაც თეთრკანიანი ადამიანი ხდება ტირანი, იგი საკუთარ თავისუფლებას სპობს და ანადგურებს... “საჰიბი” მარიონეტის ფუტურო, პირობით ფიგურად იქცევა. რადგან მისი მმართველობის წინაპირობაა ისე ცხოვრება, რომ აბორიგენებზე მუდმივად შთბეჭდილებას ახდენდეს, და ყოველ კრიზისულ სიტუაციაში ისე იქცეოდეს, როგორც ამას მისგან ადგილობრივები ელიან. იგი ნიღაბს ატარებს და ნიღაბი მის სახედ იქცევა. ორუელი ვალდებული იყო, სპილო მოეკლა, რადგან თოფი მოატანინა. “საჰიბი” ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც “საჰიბს” შეჰფერის, უნდა იყოს მტკიცე და უდრეკი. მას მერე, რაც თოფით ხელში, ბრბოსთან ერთად გაიარა გზა, იპოვა სპილო, უკან დახევა აღარ შეეძლო. ეს სრულიად წარმოუდგენელი გახლდათ. ბრბო დასცინებდა, აბუჩად აიგდებდა. არადა, მთელი მისი ცხოვრება, ყოველი თეთრკანიანის ცხოვრება გამუდმებული ბრძოლა იყო იმისთვის, დასაცინი რომ არ გახდარიყო...

- და მხოლოდ მაგიტომ მოკლა? - ეჭვით ვიკითხე. …

- დიახ. სხვა გზა არ ჰქონდა. იძულებული გახდა. გადატენა თოფი (გერმანული წარმოების, ოპტიკურსამიზნიანი, ჩინებული თოფი ჰქონდა), დაუმიზნა და ესროლა. ბრბოს ბედნიერი შეძახილი აღმოხდა, როგორც იქნა, ეღირსათ სანახაობა!

- რა მარაზმია! - ჩავიბურტყუნე.

- “მარაზმი”? საიდან იცით ეგ სიტყვა, ყმაწვილო? აღარავინ ხმარობს...… - მოხუცმა ინტერესით გამომხედა.

- მამაჩემი ხმარობდა... ჩამრჩა...

- მწერალი იყოო, თქვით, მგონი? მოვძებნი სპეისნეტში მის რომანებს...  რა ერქვა?

- ნიკ ნიკოლსონ-უფროსი... თუმცა ზოგჯერ ასეც აწერდა: “ნიკა ნიკოლაძე”.

- ოკ. დავიმახსოვრებ. როდის გავფრინდებით?

- ალბათ, ხვალ. დღეს არ გამოვა, XX საუკუნის 30-40-იანი წლებს ქრონოტაიფუნმა გადაურა. ეს, რასაკვირველია, პირობითი გამოთქმაა, უბრალოდ, ადამიანს რომ მივახვედროთ, რაზეა ლაპარაკი, ამიტომ ვამბობთ ასე... მაგრამ ხვალ, წესით, უკვე უნდა გამოიდროვოს... პროგნოზს თუ დავუჯერებთ...  …

იმ საღამოს ორუელზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია მოვძებნე სპეისნეტში, ეგ ესეც წავიკითხე - “შჰოოტინგ ან Eლეპჰანტ” - მერე კი ძილში, გიპნოგოგის მეშვეობით, “ცხოველთა ფერმა” და “1984” შევითვისე.

მეორე დღეს მართლაც გამოიდროვა. ბატონი ჰერკულესი ზუტად 12 საათზე მობრძანდა. ამჯერად ხაკისფერი, მრავლობითჯიბიანი, მრავლობითელვაშესაკრავიანი კომბინეზონი ეცვა, ზურგზე მომცრო ჩანთა ეკიდა. მხარზე კი - ჰოლოგრაფიული კამერა. მივესალმეთ ერთმანეთს, ბოქსიდან ქრონოპლანი გამოვიყვანე, ჩავსხედით. ღილაკს დავაჭირე, კვაზიენერგოველი აკაკსადა და უცებ დაბნელდა... წარსულში გავფრინდით...

ციფრები დისპლეიზე წარმოუდგენელი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. ათვლა, ბუნებრივია, 2215 წლიდან დაიწყო და დროში უკან წავიდა... სიბნელე ხანგამოშვებით საოცრად ხასხასა და კაშკაშა, თვალისმომჭრელი ფერადი ზოლებით იცვლებოდა, თითქოს უცხო სამყაროს ფერების უსასრულო, მაგრამ თანაც ნაფლეთ-ნაფლეთი, წყვეტილი სპექტრიაო, - ფერების, რომელთაც ადამიანთა ენაზე სახელი არ გააჩნიათ...… მეოცე საუკუნის 60-იან წლებს როცა მივუახლოვდით, სიჩქარეს ვუკელი, ფერადი ზოლებიც უფრო დიდხანს იდგა ჩვენ თვალწინ, უფრო ნელა იცვლებოდა... მივადექით 1936 წელს.

- თვე მითხარით, - ვეუბნები ჰერკულესს. მანამდე სრულ სიჩუმეში მივფრინავდით.

- სექტემბერი. - მოკლედ მომიგო.

- რიცხვი?

- ზუტად არ ვიცი, ჩემი ვარაუდით, თვის ბოლო დეკადა უნდა იყოს. …

დიდხანს ვეწვალე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს მივაგენი ქვედა ბირმასაც, ქალაქ მოულმეინსაც და იმ დღესაც. სხვათა შორის, 5 ოქტომბერი აღმოჩნდა.…

ორუელი, ცოტა არ იყოს, სევდიანი თუ მელანქოლიური გამომეტყველების მქონე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებულსახიანი კაცი აღმოჩნდა. ყველაფერი ზუსტად ისე ხდებოდა, როგორც სერ ჰერკულესმა მომიყვა და როგორც ესეში ეწერა... და, აი, მივადექით გადამწყვეტ მომენტს. ორუელმა თოფი მხარზე მიიდო, დაუმიზნა.…ვეება სპილო გვერდულად იდგა, ბალახს ბღუჯობით წყვეტდა ხორთუმით, მუხლზე იბერტყავდა, მიწისგან რომ გაეწმინდა, და ხახაში უშვებდა. დროდადრო ყურებს აპარტყუნებდა. სრულიად მშვიდი იყო, უწყინარი, არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას, სერიოზული საქმით იყო დაკავებული. პაუზა წარმოუდგენლად გაიწელა. ბირმელებსაც და ჩვენც სუნთქვა შეგვეკრა. აი, ახლა იქუხებს, აი, ახლა... და უცებ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა - ბრბო ყვირილით გაარღვია ვიღაც გრძელჯოხიანმა, გამხდარმა კაცმა და ორუელს გადაუდგა, თოფის ლულა მკერდზე მიებჯინა.

ორუელმა თავი სასწაულად შეიკავა, სასხლეტს რომ არ გამოჰკრა. წამის მეასედიღა რჩებოდა... თოფი მოწყვეტით დაუშვა და გაგულისებით შეჰყვირა ინგლისურად:G“გაგიჟდი?! რას აკეთებ?! ვინ ხარ?!” კაცმა ლამისაა განწირული ხმით უპასუხა: “მაჰაუტი ვარ, მაჰაუტი!” და სპილოსკენ გაიქცა. იმავე წამს ბრბომ უკმაყოფილოდ იღრიალა, ლანძღვა-გინება და სტვენა მორთო. სანახაობაც ჩაეშალა და მუქთა ხორცის დათრევის შანსიც დაეკარგა.

ღილაკს ხელი დავაჭირე, დრო გავაჩერე და ჰერკულსს მივუბრუნდი:

- სერ, ეს რას ნიშნავს?

მოხუცმა პირი დააღო. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ნაპირზე ამოგდებული თევზივით უხმოდ ამოძრავებდა ყბებს. მერე თავი ენერგიულად გააქნია, ხელჯოხს დასწვდა, სახელური მოხსნა, ზორბა ყლუპი გააკეთა, ჩაისუნთქა, ამოისუნთა და მითხრა:

- არ ვიცი. იქნებ პარალელურ სამყაროში მოვხვდით?

- არა, სერ, ნამდვილად ჩვენს სამყაროში ვართ, ჩვენი დრო-სივრცის კონტინუმში. - ვეუბნები ხისტად, - აი, შეხედეთ, ტემპორონავიგატორი ზუსტ კოორდინატებს აჩვენებს.

- მაშინ არ ვიცი, - ხელები უმწეოდ გაშალა.  

ღილაკს დავაჭირე. დრო დაიძრა. ვუყურეთ, როგორ მისცა “მაჰაუტმა” სპილოს რაღაც თეთრი  - ალბათ, ნატეხი შაქარი, - როგორ უბრძანა რაღაც, როგორ დაიჩოქა მის წინ სპილომ, როგორ შეახტა მაჰაუტი და ქედზე მოაჯდა. სპილო ნელა წამოიმართა და ტაატ-ტაატით გაგვშორდა. ამასობაში ბრბოც დაიშალა, ორუელმა თოფი მსახურს გადასცა და გატრიალდა, წასვლა დააპირა.

დრო კიდევ ერთხელ გავაჩერე. უფრო ზუსტად, დროის კონკრეტულ მომენტში დავეკიდეთ უძრავად.

- ესე იგი, რა გამოდის, სერ, ორუელს სპილო არ მოუკლავს?

მოხუცმა არაფერი მიპასუხა. მხრები აიჩეჩა და რატომღაც შუბლზე მოისვა მარჯვენა. მერე კი მითხრა:

- არა, არ მჯერა, რომ გამოიგონა სპილოს მკვლელობა.

- რატომ არ გჯერათ? მწერალი იმის მწერალია, რომ რასაც უნდა, იმას გამოიგონებს.

- არა, ისე აქვს აღწერილი სპილოს აგონია, ამას ვერ გამოიგონებდა. ეს უნდა ენახა. სხვანაირად ვერ დაწერდა!

- სერ, თქვენ ადამიანის ფანტაზიას, ეტყობა, სათანადოდ ვერ აფასებთ.

- არა! არა და არა! - პატარა ჯიუტი ბავშვივით გააქნია თავი ჰერკულესმა. - არა, როგორმე უნდა დაველაპარაკოთ ორუელს. უნდა გავარკვიო!..

- როგორ უნდა დაელაპარაკოთ? ეს სასტიკადაა აკრძალული. წარსულში ჩარევა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს... მაგრამ, რაც მთავარია, ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია.

- ფიზიკურად კი, მესმის, შეუძლებელია, - დაფიქრებით ჩაილაპარაკა მოხუცმა, - მაგრამ იქნებ ფსიქიკურადაა შესაძლებელი?

- კი, მაგრამ, სერ, თქვენ ხომ პრინციპულად წინააღმდეგი ხართ ვინმე შემოუშვათ თქვენს გონებაში. ბლოკატორიც დაიყენეთ. ახლა კი ორუელის გონებაში გსურთ შეაღწიოთ?

- ეს... ეს მეცნიერებას სჭირდება!…ჩემს თეორიას ვერ ავაგებ, თუკი სიმართლე არ მეცოდინება! ესენციას ვერ გამოვადნობ! უნდა გავიგო, ნამდვილად მოხდა ეს, თუ არ მოხდა!

- და როგორ გაიგებთ?

- ხომ შეიძლება, ორუელის გონებაში შევაღწიოთ, როდესაც დაიძინებს? ჩავაგონოთ, რომ სიზმარშია, დაველაპარაკოთ! ეს ხომ შესაძლებელია თეორიულად? მე ეს სპეციალურად გავარკვიე. მონსეშანის მონოგრაფიაც კი წავიკითხე - “ტემპორალურ-ვირტუალური მოგზაურობის რეალური ასპექტები”.

ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა შევხედე:

- სერ, მე მეგონა, თქვენ არაფერი იცოდით ტემპორონავტიკის შესახებ... ეგ ნაშრომი ჩვენი კლასიკაა... მაგრამ თუ ეგ წიგნი წაიკითხეთ, მით უფრო ცხადი იქნება თქვენთვის, რომ მსგავსი რაღაცის გაკეთება სასტიკად აკძალულია!

- კანონები იმისთვის იწერება, ფილოსოფოსმა რომ დაარღვიოს!

- ეგ ვისი ბრძნული გამონათქვამია, სერ? პლატონის?

- პლატონიც კი არა, ჩემი! - ეწყინა მოხუცს, - ჩემი, ჰერკულეს ლაონელლის!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დავთანხმდი. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, რატომ დავთანხმდი, იმ ახირებული ფილოსოფოსისთვის არ გამიმხელია. საქმე ის იყო, რომ გამიელვა, შესაძლოა, ამ ექსპერიმენტის შედეგად პარალელური სამყაროების შესახებ ისეთი რაღაცა გავიგო-მეთქი, რაც მამაჩემის პოვნაში დამეხმარება...

მოკლედ, გავყევით წარსული დრო-სივრცის ზიგზაგურ, დაკლაკნილ, მრავალგანზომილებიან დინებას, ისევ ვიპოვეთ ორუელი და როდესაც დაიძინა, მიმართული, ფოკუსირებულ-კონცენტრირებული ტელეპატიური სიგნალი გავუგზავნე: ”სერ, კითხვა მაქვს!”

ორუელის საძინებელში ბნელოდა, მაგრამ ღამის ხედვის აპარატში დავინახე, როგორ შეიშმუშნა. თუმცა, არ გაღვიძებია. რამდენიმე წამი ვაცალე და ფრთხილად გავიფიქრე, ოღონდ მის გონებაში. “სერ…ჯორჯ...” “ვინ ხართ?!” - შეშფოთდა, “მე თქვენი სიზმარი ვარ, მომავლიდან მოსული სიზმარი...” პაუზა. (ამ დროს ჩვენი დიალოგი მონიტორზე იწერებოდა, ჰერკულესს რომ სცოდნოდა, რას ვამბობთ, უფრო სწორად კი, რას ვფიქრობთ). “და რა გნებავთ... მომავლიდან მოსულო სიზმარო?” - თითქმის მშვიდად, აუღელვებლად, ინტერესით მეკითხება ორუელი. “სერ, თქვენ ხომ არ გინდოდათ სპილოს მოკვლა?” პაუზა. “რა თქმა უნდა, არ მინდოდა, გულზე მომეშვა, როდესაც მაჰაუტი გამოჩნდა.” მპასუხობს. “მსგავსი შემთხვევა სხვა დროს გქონიათ, სერ?” “არა, რასაკვირველია, არა.” “და მომავალში რომ განმეორდეს მსგავსი სიტუაცია, როგორ მოიქცევით, სერ?” - ცოტა არ იყოს, სულელური კითხვა დავუსვი. “მომავალში მსგავსი სიტუაცია ვეღარ განმეორდება, რადგან დღეს გადავწყვიტე, პოლიციაში სამსახურს და ბირმას დავემშვიდობო, ლონდონში ვბრუნდები”. პაუზა. “სერ, თქვენ მე არ დამიჯერებთ, რადგან სიზმარი ვარ...” - ფრთხილად დავიწყე. “და რა გქვიათ?” - გამაწყვეტინა. “სიზმარა დამიძახეთ, “დრიიმი”... - ვეუბნები გონებაში. “დემონი ხართ, დრიიმი?” - უშიშრად მეკითხება.  “არა, სერ, ადამიანი ვარ, ოღონდ მომავლიდან მოსული, ოღონდ, სინამდვილეში, გესიზმრებით...” “ნუ ცრუობთ, დრიიმი... რს სიზმარი არაა. ესე იგი უელსის ოცნება ახდა? დროში მოგზაურობა შესაძლებელია?” “გარკვეულწილად, ეფემერულად, არამატერიალურად.” პაუზა. “და რა გნებავთ ჩემგან, დრიიმი?” “სერ, თქვენ ძალიან ცნობილი მწერალი გახდებით და დაწერთ ესეს დღევანდელი შემთხვევის შესახებ, დაწერთ, რომ სპილო მოკალით”. პაუზა. “მწერალი?.. ცნობილი მწერალი?... ჰმ... ცოტა უცნაურია ამის გაგება... თუმც კი, სასიამოვნო... და რატომ დავწერ, რომ მოვკალი, როცა არ მომიკლავს?” “მეც ეგ მაინტერესებს, სერ!” “მე არ მინდოდა სპილოს მოკვლა, მადლობა ღმერთს, გადავრჩი ამას, მაჰაუტმა მომისწრო.“ პაუზა. “სერ, ერთი ფილოსოფოსია ჩემ გვერდით, ვერაფრით დაუჯერებია, რომ არ გინახავთ სპილოს აგონია, მისი მოკვლის სცენა უბრალოდ გამოიგონეთ... იქნებ სხვის მიერ მონადირებული სპილოს აგონია გაქვთ ნანახი?” “არა, მსგავსი არაფერი მინახავს... დრიიმი, შეგიძლიათ წამიკითხოთ, რას დავწერ სპილოს აგონიაზე?” “წაგიკითხოთ? მმ, რატომაც არა, სერ, ერთი წამით!” ესეს ტექსტი დისპლეიზე გავშალე, საჭირო ფრაგმენტი მოვძებნე და დავიწყე კითხვა, თანაც ორუელს ტელეპატიურად გადავცემდი:

“როდესაც ჩახმახს თითი გამოვკარი, გასროლის ხმა არ გამიგია და არც კონდახის უკუგება მიგგრძვნია, - ასე ხდება ყოველთვის, მიზანში როცა ახვედრებ, - მაგრამ გავიგონე ჯოჯოხეთური ღრიალი, რომელიც ბრბოს აღმოხდა. და იმავე წამს, რომელიც, კაცმა რომ თქვას, მეტისმეტად ხანმოკლე იყო იმისთვისაც კი, ტყვია მიზანს რომ მისწვდომოდა, სპილოს გასაოცარი, გაუგებარი მეტამორფოზა დაემართა. არ განძრეულა, არ დავარდნილა, მაგრამ მისი სხეულის ყველა ხაზი, ყველა კონტური უცებ შეიცვალა, სხვანაირი გახდა, ვიდრე იყო ერთი წამის წინ. სპილო უცებ დაჩამიჩდა, დაბეჩავდა, წარმოუდგენლად დაბერდა, თითქოს ტყვიასთან საზარელმა კონტაქტმა მისი პარალიზება გამოიწვია, თუმცა მიწაზე არ დაუგდია. ბოლოს, - მეგონა, დიდი დრო გავიდა, არადა, ხუთ წამზე მეტი არ იქნებოდა გასული, - მთელი სხეული მოემჩვარა და მუხლებზე დაეცა. პირიდან დუჟი წამოუვიდა. საზარლად დაძაბუნდა და მოფახფახდა. იფიქრებდი, რამდენიმე ათასი წლისააო. ისევ ვესროლე იმავე ადგილას. მეორე გასროლის შემდეგაც არ დაცემულა, პირიქით, წამოდგა, წარმოუდგენლად ნელა, და გაჭირვებით გასწორდა. მუხლები ეკეცებოდა. თავი უვარდებოდა. მესამეჯერ ვესროლე. ამ გასროლამ ბოლო მოუღო. ეტყობოდა, რომ აგონიაშია, მთელი სხეულით ცახცახებდა და უკანასკნელ ძალას კარგავდა. თუმცა, მიწაზე დაცემის მომენტშიც კი ისე ჩანდა, თითქოს შეეცადა, წამომდგარიყო. უკანა ფეხები მოეკვეთა, გეგონებოდა, კლდესავით წამოიმართაო, ხორთუმი მაღლა ასწია, ვერტიკალურად, ხესავით. პირველად და უკანასკნელად ამოუშვა დაგუდული ბღავილი. მერე კი მიწას დაენარცხა, მუცლით ჩემკენ. ისეთი ხმაურით, ისეთი ძალით, მიწა თითქოს იქაც კი აზანზარდა, სადაც ჩაწოლილი ვიყავი თოფით ხელში”. 

“ეს მე დავწერე? დღევანდელ შემთხვევაზე?” - დაფიქრდა ორუელი. ”სერ, ჯერ არ დაგიწერიათ, მაგრამ, დაწერთ. და კიდევ ძალიან მაგარ რაღაცეებს დაწერთ, “ცხოველბის ფერმას” და რომანს “1984”, რომელსაც თავიდან დაარქმევთ “უკანასკნელი ევროპელი,” - პატარა ბავშვივით ავტიტინდი გონებაში. პაუზა. “და რატომ მეუბნებით ამ ყველაფერს, დრიიმი?” პაუზა. დავფიქრდი. “სერ, მინდა რომ ჩემს სამყაროში იყოს ეს წიგნები... ვერ ავიტან იმას, თუ დავბრუნდი და აღმოჩნდა, არავითარი მწერალი ორუელი არ არსებობს!” - წამოვროშე, რასაც ჰქვია. პაუზა.  “და განა ეს შესაძლებელია, დრიიმი? თუკი თქვენს დროში ჩემი წიგნები უკვე არსებობს, სად წავა? როგორ გაქრება?” პაუზა. “არ ვიცი, სერ, მეშინია, რომ  ჩემს სამყაროში დავბრუნდები და სხვა, პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდები” პაუზა.  “და ასეთი რამ შესაძლებელია, დრიიმი?” “არ ვიცი, სერ, XXIII საუკუნეში ყველაფერი შესაძლებელია... დრო თქვენი სპილოსავით გაცოფდა და არ ვიცი, როდის დაწყნარდება... ან კი დაწყნარდება საერთოდ?”

უცებ ტემპორონავიგატორმა მანიშნა, რომ ქრონომორევს ვუახლოვდებით. მართალია, მიკროსკოპული იყო ზომით, მაგრამ თუ ჩაგითრევს, ვეღარც ამოაღწევ. სასწრაფოდ, დაუმშვიდობებლად გავწყვიტე ტელეპატიური საუბარი, ღილაკს ხელი დავაჭირე და ტუმბლერი ბოლომდე გადავწიე. მაქსიმალური სიჩქარე ავკრიფეთ, შეგვაქანა. ქრონოპლანი მართლა ატრაქციონის კაბინას დაემსგავსა, - იყო ეგეთი გასართობი, დიიდ სიმაღლეზე აგიყვანდნენ და მერე უფსკრულში გადაგაგდებდნენ.…აი, ასეთივე შეგრძნება დაგვეუფლა, სადღაც მივქროდით, ვვარდებოდით, ვყირავდებოით და ეს ხან უკუნ სიბნელეში ხდებოდა, ხანაც ისეთ ღაჟღაჟა ფერებსა და ფორმებში, გეგონებოდა, გიგანტურ კალეიდოსკოპში მოვხვდით, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო...    

გამოვაღწიეთ. ჰოპ და, ისევ ჩემს ოფისში ვართ. საათს გავხედე კედელზე. ერთი წუთიც არ გასულიყო ჩვენი გამგზავრებიდან. ქრონოპლანის საათის მიხედვით კი, თითქმის მთელი დღე მოგზაურობაში გაგვიტარებია. უცებ ვიგრძენი, საოცრად დაღლილი ვარ. და გავაცნობიერე – მშია! წარსულში მოგზაურობისას საჭმელი არც კი გამხსენებია, მაგრამ ახლა ისეთი შიმშილი ვიგრძენი, სპილოს გადავსანსლავდი. ჰერკულესს გავხედე. თვალდახუჭული, გაუნძრევლად იჯდა. იფიქრებდი, ჩათვლიმაო.

- სერ, მოვედით! სახლში ვართ! გაიღვიძეთ!

თვალი გაახილა, თავი გააქნია და პატარა, დამფრთხალი ბავშვივით იკითხა:

- სადა ვარ? 

- სახლში ვართ, დამშვიდდით, სერ. ყველაფერი კარგადაა!

- რა არის კარგად?! ვერაფერიც ვერ გავიგეთ! რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?! - გაგულისებით წამოიძახა. ქრონოპლანში ხელი მოაფათურა, ხელჯოხი ამოიღო, სახელური ისე მოხსნა, არც შეუხედავს, გადაჰკრა, ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და გააგრძელა, - სჯობდა, საერთოდაც არ მოვსულიყავი აქ! სრული კრახი! კრახი!

წამოდგა, ქრონოპლანიდან გადავიდა და კარებისკენ დაუმშვიდობებლად წაბანცალდა.

- სერ, ერთი წამით! - გავაჩერე.

- რა გნებავთ, ყმაწვილო? - მობრუნდა.

- სერ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, - მართალია, ვერ გავიგეთ, მართლა მოხდა, რაც ორუელმა აღწერა თუ გამოიგონა, მაგრამ ახლა გვაქვს საშუალება გავარკვიოთ, იცვლება თუ არა მომავალი წარსულში ვირტუალური ჩარევის შედეგად.

- ექსპერიმენტი? რა ექსპერიმენტი?!

- როდესაც ორუელს მის დაწერილს, უფრო სწორად, მომავალში დასაწერ ტექსტს ვუკითხავდი, ერთი სიტყვა დავუმატე.

- რა სიტყვა? რატომ?

- თოფი. “...მიწა თითქოს იქაც კი აზანზარდა, სადაც ჩაწოლილი ვიყავი თოფით ხელში”. “...წიტჰ ა ცრასჰ ტჰატ სეემედ ტო სჰაკე ტჰე გროუნდ ევენ წჰერე I ლაყ.” ანუ “თოფით ხელში” ორუელის ტექსტში არ არის. მე დავუმატე ბოლო მომენტში. თუკი ახლა გავხსნით ტექსტს და იქ ეს ორი სიტყვა აღმოჩნდება, ცხადი გახდება, რომ ორუელმა ის დაწერა, რაც ვუკარნახეთ.

- მმ, ვნახოთ, ვნახოთ! - დაინტერედა ჰერკულესი. ამოიღო ბლოკნოტი, სადაც თავისი ხელით (ხელით!) ჰქონდა ესეს ტექსტი გადაწერილი. მოძებნა, ჩაიკითხა - არა, არავითარი “თოფი” არაა!

ამასობაში მეც გავხსენი ეკრანზე ესეს ტექსტი. “თოფით ხელში”. მართლაც არ ეწერა.

- კიდევ კარგი! - შვებით ამოვისუნთქე, - თორემ გამოვიდოდა, რომ მომავალი შევცვალე!

- დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, ყმაწვილო! რისი შემცვლელი ხართ? აი, მე, სულ სხვა საქმეა!... ევრიკა! იდეა მომივიდა! გენიალური!.. მართალია, ჩვენს დღევანდელ გასეირნებას არავითარი პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით ახალი გამოცანა გააჩინა, სად ნახა ორუელმა მომაკვდავი სპილო, როდესაც სპილო საღ-სალამათი დარჩა...

- ჩვენ ვუკარნახეთ, - ჩავურთე.

- გინდათ თქვათ, წარსულში რომ არ ჩასულიყავით და ეს ციტატა არ წაგვეკითხა, ორუელი არ დაწერდა, როგორ მოკლა სპილო? მაგრამ ეს ხომ პარადოქსია! თუ ჩვენ დავაწერინეთ, მაშინ რამ გააჩინა ეგ ტექსტი მანამ, სანამ წარსულში გავემგზავრებოდით?

- სერ, იქნებ დუბლირება ხდება? იქნებ ერთ-ერთ პარალელურ სამყაროში მართლა მოკლა სპილო, დაწერა ამის შესახებ და ის ტექსტი რაღაც მანქანებით მოხვდა ჩვენს სამყაროში, სადაც არ მოუკლავს სპილო?

- რაღაც მანქანებით! - გამომაჯავრა მოხუცმა, - დედაბერივით მსჯელობთ, ყმაწვილო, დედაბერივით!.. თქვენგან არც ესპერიმენტატორი გამოვა და არც ნამდვილი მეცნიერი! არა, იმედი არ გქონდეთ!

- რატომ. სერ?

- რატომ და იმიტომ, რომ ცნობისწადილი გაკლიათ! თქვენ უნდა იყოთ ის, რაც ხართ, ანუ მძღოლი. პილოტი!... უნდა მომემსახუროთ!... იდეა მაქვს გენიალური! წარსულში გაფრენა ისევ მოგვიწევს! უახლოეს ხანში! მზად ხართ, ყმაწვილო, რომ გადამაფრინოთ?

- სადაც მეტყვით და როცა მეტყვით, სერ!

- ძალიან კარგი. ახლა კი გენიალური იდეის ინკუბაციაზე ვიმუშაოთ! - თქვა და კარებისკენ გადადგა ნაბიჯი.

- სერ, ერთი კითხვა მაქვს, თქვენი აზრით, რატომ მაკლია ცნობისწადილი?

- რატომ, ყმაწვილო, და იმიტომ, რომ ერთხელაც არ დაინტერესდით, როგორია ჩემი ვისკი! ერთხელაც არ მთხოვეთ, გამასინჯეო!

დამნაშავესავით გავუღიმე. აბა, რა უნდა მეთქვა? ხომ არ ვეტყოდი, გულში რას ვფიქრობდი ყოველ ჯერზე, როდესაც გადაჰკრავდა ხოლმე.

“რა ჟმოტია, რა ჟმოტი!” 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE