სადაც იწყება ბალახი და მთავრდება ბეტონი


სადაც იწყება ბალახი და მთავრდება ბეტონი




ლუკა ბაქანიძეს რომ ჰკითხო, პაპუა-ახალ გვინეაში ცხოვრობს  და მისი სამსახურის გრაფაშიც, სოციალურ ქსელ ფეისბუქში სასაცილო სამუშაო უწერია. არ ვიცი, შესაძლოა, ესეც, ცოტათი მისი „მესამე ნაპირია“. ამის და იმის სამინისტრო კი არა, ბლოგერი ან რამე ეგეთი, თბილისი, ჯორჯია კი არა, აეგ, რაც გითხარით. ზედმეტი კითხვები რომ არავის გაუჩნდეს, ან ცნობისმოყვარე ხალხი ადვილად მოიშოროს თავიდან. მისი რომანის კითხვა რომ ჩავამთავრე ამ ერთი წლის წინ,  ვიფიქრე, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ვიღაც საინტერესო და თავზეხელაღებული ტიპი გამოჩნდა. და დაველოდე, რას დაწერდა შემდეგს. კარგი შეგრძნებაა, როცა ისეთ ავტორს აღმოაჩენ, რომელსაც ელოდები. ელოდები, რას გამოისვრის თავისი მესამე ნაპირიდან.

 

უბნები. და უბნების ცვლილება. ამას წინათ რომ წერდი, მართლა იცვლიდი ხოლმე საცხოვრებელს ხშირად? და როგორ სახლებს და უბნებს არჩევ ხოლმე, რა გიზიდავს სახლში და ქუჩაში და ადგილში? ან სახლი რა არის შენთვის და იქ თავშეფარებული შენ როგორი ხარ? იმ სახლმა რა დაგიტოვა, 13-ის რომ იყავი და ერთი უშველებელი და ცარიელი ეზო შემოგხვდა, მეზობლად ერთადერთი პოეტით - მაგ ეზოს დღეებზე მომიყევი. რაღაც, დანახვა მომინდა.

მანდ, ეკა, ადრე მწერალთა კავშირმა მისცა კორპუსი მწერლებს და ეგეთ ტიპებს და ინგოროყვას, მაშინდელი ძერჟინსკის ქუჩიდან გადავედით, ჯერ ბოლომდე არ აშენებულ, დაუმთავრებელ სახლში. ერთი უშველებელი ეზო მახსოვს, მაზუთის სუნით და მშენებლობის ნაწილებით და რაღაც დანადგარებით სავსე. კიდევ ჩემი უცნაური აივანი, სადაც მყავდა კაჭკაჭი, მაწანწალა ძაღლი, კატა და ციცარი. თან ყველას რაღაც ჭირდა, რომ მოვიყვანეთ: ზოგს ფრთა ჰქონდა მოტეხილი, ზოგს ფეხი - მამაჩემი იყო  ეგეთი - დედა ტერეზა. ჩემს ქვევით ცხოვრობდა შესანიშნავი მთარგმნელი, გიგლა სარიშვილი და გვერდით  - ბესიკ ხარანაული, პოეტი. და, მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერება გამოდგა თუთის ხეზე, ზედ ეზოს გალავანთან, შენს ტოლ თეთრკაბიან გოგოსთან ერთად ტოტზე ჯდომა და თუთის ჭამა, და დროდადრო თუთის ნაყოფის თავში გარტყმა ვინმე გამვლელისთვის... სწორედ ამ სახლმა განაპირობა ჩემი შემდგომი მომთაბარე ცხოვრება. მახსოვს, იმ სახლიდან რო გადავდიოდით, ძალით მტენიდნენ  მანქანაში და ის გოგოც, ნათია ოშაყმაშვილი, თუ სწორად მახსოვს გვარი, მართლა უკან მოსდევდა მანქანას, როგორც დებილ კინოებშია ხოლმე. შედეგად, იმხელა ფსიქიკური ტრავმა ავიკიდე, რომ მას მერე, ნებისმიერ ადგილზე, სადაც გადავსულვარ, მაქსიმუმ სამიოდე წელი გავჩერებულვარ, და მერეც, სულ რაღაცას ვიმიზეზებდი და სხვა სახლში გადავდიოდით, და სახლს, როგორც ასეთს, ან უბანს, არავითარი მნიშვნელობა და პრივილეგია არ გააჩნდა და არ გააჩნია. – ჭერი, კედლები და ეგაა. თუმცა, ჩემს ოთახს კი ვიწყობ ხოლმე ბუდესავით. ახლაც ასე ვარ და ახლაც გადავდივარ მალე.

არაკომუნიკაბელური კაცი ვარო, რომ წერ, რაღაც არ გეტყობა ეგ საჯარო სივრცეში და რატომ უნდა დაგიჯერო, რაში ვლინდება, ან რამ გაგხადა ეგეთი?

მაგას ხუმრობით ვწერ. შემიძლია ისეთი კომუნიკაბელური ვიყო, რომ ათას მკვლელს თუ ნაგიჟარს ბავშვობის მეგობრის ეფექტი შევუქმნა წამში. ძალიან იოლად იხსნებიან ჩემთან სულ უცხო და გადამთიელი ადამიანებიც, დამიტესტავს ბევრჯერ... თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ შინაგანადაც კომუნიკაბელური ვარ. უბრალოდ, მაგის გარეშე არ გამოდის ცხოვრება.

კიდევ რას გაურბიხარ და რატომ, ხალხმრავლობის, დროშებისდისციპლინის და ეკლესიების გარდა?

გაქცევის დიდოსტატი უფრო ყმაწვილობაში ვიყავი, ახლა უკეთ ვეგუები რაღაც-რაღაცებს. მაგრამ ახლაც ხშირად ვიხურავ ქუდს და უცერემონიოდ ვტოვებ სხვადასხვა თავყრილობებს, სუფრებს, ლიტერატურულ საღამოებს. ანუ, სიყალბის ატანაც მხოლოდ დოზირებულად შემიძლია.

იმ დღეს შენი პოსტი ვნახე ფოტოთი - საბეჭდი მანქანა, ფურცლები... რომელი საუკუნე იყო, თუ მწერლის რაღაც იმიჯში შედიოდი და საბეჭდ მანქანას კი თავისი მუღამი ჰქონდა?

 ჩემი მასალების მიტანა და ჰონორარების აღება, ალბათ, ყველაზე სასაცილო პროცესი იყო „კავკასიურ სახლში“,  რადგან, დაახლოებით 2009 წლამდე და აქეთაც, არ დამიჯერებ და არათუ ინტერნეტი და კომპიუტერი არ მქონდა, მობილური ტელეფონის საიმშიც არ ვიყავი. საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ ტექსტებს მერე სხვას ვაღებინებდი ვორდზე და თან ჩემთან დაკავშირება იყო ხოლმე დიდი პრობლემა. არც ანგარიში მქონდა თავიდან ბანკში, არც პირადობა და ეგრე ვწვალობდით მოკლედ მე და ბუღალტრები ყველგან, სადაც მიმუშავია.  რაღაც სპეციფიკური მსოფლმხედველობა მქონდა ჩამოყალიბებული,  დროის უმეტეს ნაწილს ტყე-მინდვრებში ვატარებდი და ასე მიმაჩნდა, რომ სადაც ბალახი მთავრდებოდა და ბეტონი იწყებოდა, იმის მიღმა ყველაფერს კაპიკის ფასი ჰქონდა, უმნიშვნელო იყო. რაღაც ფსევდო-თოროს ვაწვებოდი მოკლედ - იყო ეგ დროებაც,  და საბეჭდ მანქანას მუღამი კი არ ქონდა,  როგორც იტყვიან - ეგ მაჭმევდა პურს. სხვათაშორის, შოთაც (იათაშვილი) მაგ პერიოდში გავიცანი.

ათი ათას ლარად ისევ დათმობდი შენს ჯენტლმენობას (როგორც ერთხელ თქვი)?

დავთმობდი რომელია! ყოფით, მერკანტილურ სივრცეში, სიტყვა-ღირსებას ხშირად საერთოდ სხვა, და ყველაზე ჭეშმარიტი საზომი და მნიშვნელობა ენიჭება. მე ასე ვთვლი. თან, ჯენტლმენობისთვის მეტისმეტად ეგოისტი ვარ და იყოს, სხვისთვის დამითმია. თუმცა, მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი პრინციპები და კრედო, რომლისთვისაც თავის შეწირვაც შემიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო სხვა სიბრტყეში განიხილება. უფრო სწორად - არ განიხილება.

ფული რა, ყველაფერია?

ჭეშმარიტად ყველაფერია, რადგან დანარჩენი ყველაფერი მაქვს. საერთოდ, ზნეობის და მორალის მქადაგებელი ელემენტები არც მწერლები მიყვარს და არც საერთოდ, ადამიანები. ვინც ფულზე ზიზღით ლაპარაკობს, ესე იგი არ სცოდნია ის, რაც ყველა შემოქმედმა უნდა გამოიაროს რაღაც ეტაპზე მაინც – სიღატაკე. და რაც გჭირდება, ის ცოტ-ცოტა გიყვარდება კიდეც. სხვა ყველაფერი პოზაა. ან უცოდინრობა. მე რომ მატერიალური ინტერესი არ გამაჩნდეს, და არ მწამდეს, რომ ჩემი შემოქმედებით ოდესმე მაინც დავფარავ ბოლომდე ყველა კომუნალურ გადასახადს და სიგარეტის და არყის ფულადაც მომრჩება, ასი წელი არაფერს გამოვაქვეყნებდი. რადგან, რასაც ვწერ, საკუთარი თავისთვის ვწერ ძირითადად. და, ასე თუ ისე ცნობადობა ყოველთვის მიშლის ხელს ადამიანებთან ბუნებრივ, ჩვეულებრივ და უბრალო ურთიერთობაში – ბევრი ცდილობს, გაუაზრებლად მაინც, ჩემი მომავალი ტექსტების პროტოტიპობას. ჭეშმარიტად - ჩემს ლიტერატურას, ბოლო წერტილის დასმის სიხარულის, რაღაცის შექმნის, ერთგვარი სულიერი მშობიარობის და ჰონორარის მეტი – არაფერი სიკეთე არ მოუტანია ჩემთვის. პირიქით.

და მხოლოდ მეგობრობისთვის, და ერთხელ-ორჯერ-სამჯერ რო ერთად დალიეთ და იდეაში, ცუდი ადამიანი არაა, მაგის გამო შეგიქია მწერლის ტექსტები?

ხშირად. ასეთ დროს ცუდის თქმას ისევ ქება მირჩევნია ხოლმე. მაგრამ თუ ადამიანი ძალიან ჩემია, მაშინ  ხისტი და მკაცრი ვარ ტექსტების შეფასებისას და გულიც მიტკენია და წერაზეც ამიღებინებია ხელი ერთი-ორისთვის. შემდგომი იმედგაცრუებებისთვის არ მემეტებოდნენ. არადა, სულ რაღაც ერთი ფრაზაც კი საკმარისია, მცირე დეტალი, რომ პოტენციური მწერალი დავინახო და ასეთ დროს განსაკუთრებით ფრთხილი ვარ, რომ არც გული დავწყვიტო და ჰემინგუეიდაც არ ვაგრძნობინო თავი. საერთოდ კი, ბევრი მაკითხებს თავის ნაწარმოებებს.

და შენთან როგორაა - კარგ და ცუდ ავტორებს, ტექსტებს რით არჩევ, რა სახაზავი გიჭირავს, რა თარაზო და რა სასწორი?

ყველაფრით. სტილი, დეტალი, კომპოზიცია. ლიტერატურული კეკლუცობა არ მიყვარს და კიდევ სიყალბე. მეტისმეტად რომ ეჩრება მწერალი საკუთარ ტექსტში, ყოველ ფრაზაში რომ ლამის ყვირის – ნახე, რა მაგარი მწერალი ვარო, - ეგ არ მიყვარს. და საერთოდაც, კარგად გამართულ ტექსტს ძალიან იშვიათად ვაწყდები. არის ნაწარმოებები, რომლებიც მკითხველს მოსწონს და აქ უკვე ძირითადად კარგ ტექნიკასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე სხეულთან, ცოცხალ ორგანიზმთან, რასაც დასრულებული  ტექსტი უნდა წარმოადგენდეს. - სული და სისავსე აკლია თანამედროვე ლიტერატურას. უკმარისობის განცდას ტოვებს, ისევე როგორც საერთოდ პოსტსაბჭოთა ხელოვნება, და ამ მოვლენიდან ჭკვიანი კაცი მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანდა.ეროვნული თუ რეგიონალური მნიშვნელობის  ბევრ საკითხს გაეცემოდა პასუხი. მოკლედ, მეტისმეტად მძიმედ გადაგვაქვს პოსტსაბჭოთა ხანა. მენტალურადაც და ლიტერატურულადაც.

პოზების დაჭერა გიყვარს? ენაში, ქცევაში, სოციალურ ურთიერთბებში, ფეისბუქზე.

ვერ ვიტან პოზებს, ეკა. მაგრამ ყველაზე მტკივნეული კომპრომისი რახან უკვე დავუშვი საკუთარ თავთან, და ვირტუალურ სივრცეს გავუშინაურდი, - ისევ და ისევ წმინდა მერკანტილური მიზეზებისდა გამო - მომიწია მეც რაღაც დოზით მანერულობამ და პოზიორობამ, რადგან ზოგადად, სოცქსელების მთავარი არსი და მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისეთი გამოჩნდე, როგორიც გინდა რომ გამოჩნდე. ხოდა, გადავუხადე მეც ცუკერბერგს ხარკი და კი ვათამაშებ დროდადრო ტრაკს ფეისბუქზე. სხვა რა გზაა.

კარავი, ანკესი, ცეცხლი, მარტო ყოფნა, გადაკარგვა - რისთვის გჭირდება, რა ყრია მაგეებში?

სივრცე მოაქვს. სულ სხვა ფერი, ბგერა და სუნი მოაქვს. სულ სხვა წყურვილი და შიმშილი მოაქვს. სულ სხვა დაღლა და დასვენება მოაქვს. სულ სხვა სიხარული მოაქვს. სხვა სიმთვრალე და სხვა სიფხიზლე მოაქვს. სხვა სიზმარი მოაქვს. სხვა მზის ამოსვლა და ჩასვლა მოაქვს. ღამე - ციცინათელები და ტურის თვალები მოაქვს. დილით სველი ხის სუნი და წიწვებჩაყრილი ჩაი მოაქვს. კარგ ადამიანებზე, ჩემიანებზე ფიქრი მოაქვს, რომლებთანაც, დიდი ხნის წინათ, ასევე მოჰქონდა ამ ყველაფერს და რომლებიც აღარ მყავს... ამ ყოველს, მოკლედ,  უზარმაზარი ძალა  მოაქვს, რომელსაც მერე ძალიანაც კოხტად ვხარჯავ ჩემს ტექსტებში.

თევზაობაზე მინდოდა მეკითხა, ერთი ბაკურაძის (შალვა) თევზაობა ვიცი და მეორე შენი - თევზი კიდე უტყვია და ცივი. რამ შეგაყვარა?

წყლისპირას მეანკესე ადამიანის პოზა - ყველაზე საკრალური პოზაა ადამიანისა. ეკლესიაში მლოცველზე მილიონჯერ მეტად საკრალური. გულით მეცოდება ის ხალხი, ვისაც თევზაობა მოსაწყენი საქმიანობა ჰგონია. თევზს რაც შეეხება - როცა წყლიდან ამოვაყოფინებ თავს, მანდ მთავრდება ჩემი თევზაობა. ვერ ვიტან თევზს და ყოველთვის ვუშვებ, თუ ძალიან არ მშია. ცხოვრების წესია მოკლედ თევზაობა. ერთგვარი მსოფლმხედველობა. ცივილიზაციას დროდადრო ზურგი უნდა აქციო და სამყაროს მიაყურადო, თუ გინდა რამეს მიხვდე კაცი, თუ გინდა ისე დაინახო ყველაფერი, საგნები, ფორმები თუ მოვლენები, როგორიც სინამდვილეშია.  სამყაროს ხმა კიდევ წყლის ხმაა. მდინარის ხმა. ტალღების ხმა, და ანკესის ძუით  წყალთან კონტაქტიც, ვიზუალურ და ხმოვან კავშირს სულ სხვა სიცოცხლეს, სხვა ინტიმს მატებს. თევზაობის თემაზე შემიძლია ორსაათიანი ლექციები ვატარო და მოვკეტო ახლა, აჯობებს.

შენებზე მომიყევი მეტი, დედაშენზე, მამაშენზე, თქვენს სახლზე და იქაურ გარემოზე - რა ხდებოდა, როგორ იზრდებოდი, როგორი დღეები იყო, სუპის ჭამას გაძალებდნენ?

ფუჰ. ყველაზე ძალიან ღრმა ბავშვობის გახსენება არ მიყვარს. მამაჩემი ცალკე ცხოვრობდა და სამი ქალი მზრდიდა: დედა, ბებია და ჩემი ძმის ცოლი. სულ კაშნეებში შეფუთული, უზარმაზარსათვალიანი და მუწუკებიანი მახსოვს ჩემი თავი, ერთი დახველებისას თუ დაცემინებისას რომ საავადმყოფოში მიმათრევდნენ ეგრევე. რაის თანატოლებთან ერთად ეზოში თამაში, რაის ცხოვრება, მოკლედ, ეგრე ვიყავი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემთან მოსულმა მამამ არ შეამჩნია, რომ, ფაქტიურად, მკლავდნენ, და ჩემს აღზრდას თვითონ არ მოკიდა ხელი. და აღზრდის რა სისტემა ქონდა, იკაიფე: მთაწმინდაზე, რაღაც კლდეზე გამოწეულ ნახევარმტკავლიან კბოდეზე მატარებდა, უფსკრულის პირას. და ცურვაც ეგრე „იდეინად“ მასწავლა: ნავით შემიყვანა, მომისროლა წყალში და მითხრა: გაცურე! იმ მულტფილმში როა, ნეოში – ჯასთ ქიიფ სუიიმინგ, აი ზუსტად ეგრე. თითქმის სულ საველე პირობებში ვიყავით და ბევრი რომ არ გავახურო, ბუნება შემაყვარა ფანატიკურად, ისე ძალიან რომ, ტყეში ნაგვის დაყრის გამო, ხის მოჭრის გამო შემიძლია ვიჩხუბო სერიოზულად. თანაც, ამჟამად, ჩემზე ამტანი ადამიანი არ მეგულება მე. მაგარ ჯანზე ვარ, მიუხედავად ჩემი არაჯანსაღი ცხოვრების წესისა.

რა გასწავლეს ყველაზე მთავარი და რა ვერ გასწავლეს, როგორ გგონია?

ჩემივე პერსონაჟს დავესესხები და ვიტყვი რომ: „ხანდახან ისე არ ხდება, როგორც ერთი შეხედვით მოჩანს და ეგ თუ არ იცის კაცმა, უკან გაიკეთოს ჰარვარდი-ოქსფორდები და სერთიფიკატები  - მაინც აკვარიუმში იცხოვრებს მთელი ცხოვრება, შუშიდან შუშამდე“.  აი, ეგ ვისწავლე ყველაზე მთავარი და კიდევ მათემატიკა ვერ მასწავლა ვერავითარმა ძალამ.

საქართველოში უნდა იცხოვრო სულ?

ცხოვრებით სხვაგან ალბათ ვეღარ დავფუძნდები, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ : ერთი-ორი სხვა ქვეყანა უფროა ჩემი ქვეყანა, ვიდრე საქართველო. რაღაც ეგეთი იდიოტური ჩამომიყალიბდა, მოცემულობა თუ ფორმულა, მოუშორებელი პასუხისმგებლობა: რახან აქ ვარ, ესე იგი უნდა ვიყო, აქ მაქვს სათქმელი, და ეს შინაგან კაპიტულაციაზე მეტად, ძალა უფრო მგონია მე, - როდესაც იცი, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც ალბათ პლანეტაზე ყველაზე ნაკლები შანსი აქვს განვითარებისა, რადგან ყველა და ყველაფერი უშლის ხელს: საზოგადოება, დამყაყებული რელიგიური წყობილება, პოლიტიკოსები, ზოგადი მენტალური განვითარების ფონი და ასე შემდეგ. შიგადაშიგ, რა თქმა უნდა, გავიქცევი ხოლმე სადმე სულის მოსათქმელად. ჯერჯერობით მარტო აქვე ტყე-ღრეში ვახერხებ და გავაფართოვებ რადიუსსაც, როგორც მომიხერხდება, რა პრობლემაა.

და სიყვარული, მაისურზე გადატანილი საყვარელი ადამიანის ფოტოცაა?

უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, ეკა, რომ საკმაო ხანია ერთად ვართ და ჯერ მაინცდამაინც არაფერი გამიკეთებია ისეთი, მისთვის თავისი გამორჩეულობა და მნიშვნელობა რომ მეგრძნობინებინა და რაცაა, ეგ მომაფიქრდა. თანაც ზოგადად უნიკუმია – ერთადერთი მდედრია, ვინც მოახერხა და პოლიგამიური რეჟიმიდან მონოგამიურში გადამიყვანა, და მონოგამი კაცი რომ კომფორტულად იგრძნობს თავს, სიყვარულია, აბა რა ჯანდაბაა.

მესამე ნაპირი(ლუკას რომანი) შენც მოგწონს?

„მესამე ნაპირი“ კი არ მომწონს, მიყვარს, და არა როგორც წიგნი. ყველაფერი რომ დავკარგო მაგის გარდა, რაც მანდ ტექსტის სახით მაქვს გადმოცემული, ვიტყვი, ყველაფერი თან მაქვს-მეთქი. და სხვათაშორის, ახლა რომ გადავხედავ, სხვა, მკითხველის თვალით, ვგრძნობ, რომ შესანიშნავ კომპოზიციასთან მაქვს საქმე და მეამაყება, რომ დავწერე.

ფემინისტი ხარ? ოპტიმისტი? რეალისტი?

მე კი ვარ გაქანებული ფემინისტი, მაგრამ რომ არ მოვიტყუო, საპირისპირო სქესისგან ფემინისტური ლოზუნგობა და მუშტების ქნევა ტრიბუნებიდან არ მევასება. ყვერებიან ქალებს ვერ ვუმუღამებ მაინცდამაინც. ნაღდმა ქალმა ისედაც ყოველთვის იცის, რომ ასი წელი კაცზე მეტის გამკეთებელია და რასაც ვერ გააკეთებს, იმას ბოლოს მაინც კაცს გააკეთებინებს. „ქალი კუხნაში“, ქალიშვილობის ინსტიტუტები და მსგავსი ოდიოზური, მარგინალური საკითხები კი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი კაცის ცვედანობას წარმოაჩენს -  მის ქვეცნობიერში ჩაბეტონებულ უზარმაზარ სექსუალურ კომპლექსს და მეტს არაფერს. ოპტიმიზმს რაც შეეხება: ჩემდა ბედად, ჯერ კიდევ ყმაწვილობაში დამატყდა თავს ფსიქოლოგიური ტრავმების კასკადი, და სულიერი ტკივილის ატანის ზღვარსაც გადავცილებივარ რამდენჯერმე უკვე თინეიჯერობაშივე, ასე რომ, შედეგად კრეტინ ოპტიმისტად ჩამოვყალიბდი: რაც უფრო ცუდად ვარ და ცუდი ხდება ჩემკენ, მით უფრო მშვიდი და კონცენტრირებული ვხდები, და სხვათაშორის, უფრო ხარისხიანადაც მეწერინება, როგორც დავაკვირდი. ანუ, რაც არ მკლავს, ის მართლა მაძლიერებს, მე ვიყო ტრაკი. ვერ ვიტან არადა იმ დამპალ ნიცშეს. რეალისტიც სტაბილური ვარ: მიყვარს იალქნების აშვება, მაგრამ მიწას მაინც არ ვცდები. მიწა ცაზე მეტად მიყვარს.

შენი გმირები არ არიან გაპრიალებულები, მდიდრები, არ ვიცი, ლამაზები არიან თუ არა, მაგრამ სულ რაღაცას ამტკიცებენ, სულ უმცირესობაში არიან რაღაც აზრით - შენი აზრით, როგორები არიან, როგორ გმირებზე გიყვარს წერო?

მარტივია: გაპრიალებული ადამიანები, ვგულისხმობ ადამიანის შიდა შრეს – ვინ რას გამომაპარებს – მოსაწყენი ხალხია ზოგადად, სათქმელიც ბევრი არაფერი აქვთ ისეთი, ყურადღებად რომ ღირდეს და მათზე წერაც მოსაწყენია შესაბამისად. უმცირესობებში უფრო ვაწყდები ხოლმე შინაგანი ტრაგიზმის თუ პირიქით – ხალასი სილაღის ფოიერვერკებს, ემოციონალურად მილიონჯერ უფრო საინტერესო ობიექტები მხვდება საზოგადოების აუტსაიდ სივრცეში – უფრო მკვეთრად გამოხატული, მონუმენტური ინდივიდები და ასე, მშრალად და პროფესიულად რომ მივუდგე, რა თქმა უნდა, ასე უფრო ხელსაყრელია: მზა მასალა მხვდება, და რახან ნაღდია და გამოგონება არ მიწევს, საწერადაც მოსახერხებელი. თორემ ისე, ადამიანურად, მეც ხომ კაცი-აბსაიდი ვარ მარადიული, ჩემი შინაგანი პოზა-მიმართებაც ხომ ასეთია და მიყვარს მოკლედ ისინი, ვიზეც ვწერ და არ მიყვარს ისინი, ვიზეც არ ვწერ.

რატო ხარ ხოლმე არაფხიზელი ასე ხშირად, არ მოგბერზდა?

ჩემს კონდიციებს კარგად ვარეგულირებ, ანუ არაფხიზელი თუ ვარ, არც მთვრალი და მოწეული მეთქმის. რაიმე წამით მაინც რომ მაკარგვინებდეს სიფხიზლეს და სამყაროს აღქმის უნარს, დამიჯერე, გადავკარგავდი ყველაფერს სამუდამოდ. თინეიჯერობაში უფრო ხშირად ვიყავი  გადამთვრალი ან გადაბოლილი. ახლა მხოლოდ იმას ვეტანები, რაც არ მაზიანებს, და ბევრი რამ არ აზიანებს, რაც ჩვენ გვგონია, რომ აზიანებს ან, მინიმუმ, ზიანად ღირს, და შესანიშნავად კომპენსირდება. ნუ ვიქნებით ზედმეტად სტერილურები, ხალხო.

პრეზიდენტი გახდებოდი რო რამე?

ნწ. არა. აი პრეზიდენტის საყვარელი კი გავხდებოდი სიამოვნებით. თუ მთლა ანგელა მერკელს არ ემგვანებოდა. პრეზიდენტის მჟიმავი ადამიანი, ასე მგონია, სულ სარდონიკულ განწყობაზე უნდა იყოს და ჩემი საყვარელი განწყობაა ეგა, სანთლით საძებარი.

ტრიბუნაზე რა შემთხვევაში ახვალ?

ტრიბუნაზე იმ შემთხვევაში ავალ, როდესაც ეს ტოტალური დედის ტრაკის გინების სურვილი - რეგვენი პოლიტიკოსების და რელიგიის წარმომადგენლების - სასულიერო პირების, დაუნახავი და უმაქნისი, დაავადებულ-დაშინებული საზოგადოების და მარგინალი, მეოცე საუკუნეს ვერგამოცდენილი „ხელოვანების“  გინების სურვილი ჩემს ნებისყოფას საბოლოოდ დაძლევს.

,,ღმერთი ჩემი, მოხეტიალე...'', შენი პოეტური კრებულის სათაურია. დღესაც მოხეტიალეა თუ დაჯდა სადმე ერთ ადგილას ეგ შენი ღმერთი?

დღეს ეგ ზის და მე ვხეტიალობ მის მაგივრად... ეუფ, რა პრეტენზიულად გამომივიდა.   ჯანდაბას. პრინციპში, ხანდახან ღმერთის „ობრაზშიც“ უნდა შეხვიდე კაცი, თუ გაუძელი.

 დამელაპარაკება რო რამე?

გარდამავალ სეზონებზე, როდესაც ზაფხული მთავრდება და შემოდგომა იწყება, ძირითადად სვამს და იგინება ხოლმე J დალაპარაკებით რა ვიცი. მოსინჯვა უნდა მოკლედ. რამით მიტყუება J

საიდან იცი, რომ კარგ პროზას წერ? სხვებს ენდობი თუ შენით?

სანამ წერტილის დასმიდან გარკვეული პერიოდი არ გაივლის, სულ ეჭვი მეპარება  საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებში. ერთი-ორი ადამიანი რომ არა ჩემს გარშემო, წავშლიდი ალბათ ბევრ კარგ რამეს. მერე უკვე მკითხველის თვალით ვუყურებ და ძირითადად, მიხარია. ბევრ რამესაც ვცვლი, მაგრამ კომპოზიციის მამა რომ ვარ, მაგას კი ვგრძნობ. აი, დეტალებში მერხევა. ან დიალოგებში. და ამ ეტაპზე მონოლოგის რეჟიმიდან ვერ ვახერხებ გამოსვლას. მესამე პირში წერა სტრუქტურულად უფრო მიძნელდება და მეტ ძალისხმევას ვხარჯავ. ჯერჯერობით.

ქალებთან როგორი ხარ?

უყურადღებო, უფულო და შესაბამისად - მინდა-არ მინდა, ირონიული. მაგრამ, ალბათ, რაღაც ისეთი უნდა გამაჩნდეს, რაც ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვევასები მოკლედ ქალებს, ოღონდ იმ ეტაპამდე, როდესაც ურთიერთობა მეტ სიმყარეს და სტაბილურობას მოითხოვს. მაგ დროს ვხდები დემონი და წარმოვაჩენ ყველაზე მურტალ თვისებებს, რაც გამაჩნია - ნაღდს თუ მოგონილს, და ყველაფერი გვარდება - მარტოკინა ვრჩები. უფრო სწორად - გვარდებოდა. ანუკი ერთადერთია, ვინც ეს ეტაპი გადალახა და შესაბამისად, ჩემს გვერდითაა და ერთად ვართ ახლა. მომიშინაურა, ასე ვთქვათ, და ჩემს ინფანტილიზმსაც იტანს, ასე თუ ისე.

 კაცებთან? და ადამიანებთან?

ადამიანებთან - თუ ჩემიანია სულიერად - არ ვხმაურობ და ჩუმად ვარ. და თუ რამეს ვამბობ, ძირითადი თემა თევზაობაა.  თუ არაა ჩემიანი: ვარ ზეკონუნიკაბელური, მხიარული და ხმაურიანი, და ლიტერატურაზე ვბურღავ ტვინს.

რატო ფიქრობ, რო უნიჭოა ქართული ლიტერატურა (თუ ლიტერატორები), თანამედროვე პროზაში უფრო, მგონი შემოქმედებითი ცვედანობაც ახსენე ერთგან.

იმიტომ ვფიქრობ, რომ პოეტი შეიძლება გაძვრეს მარტო ნიჭის ანაბარა, მაგრამ პროზაიკოსს  ნიჭთან ერთად თუ ცხოვრება არ უბოძა იმან, ღმერთს რომ ეძახიან ჩვენკენ, კაპიკია მისი ფასი. ნამდვილ მკითხველად მიმაჩნია თავი და, რაც არ უნდა ძლიერი იყოს მწერალი ტექნიკურად, ყოველთვის შევატყობ გუმანით ფსევდოემოციებს, თითიდან გამოწოვილ ფსევდოგანცდებს. ნაღდი სისავსე და კომპოზიცია მოაქვს მხოლოდ ცხოვრებას. ამბავს. მწერალს ან უნდა ქონდეს ამბავი, ან უნდა ეძებდეს ამბავს. მეცხრამეტე საუკუნის კნეინების კრინოლინებში ქექვა ან სტილისტური ფარშევანგობა, მაშინ, როდესაც აქ, ჩვენს წინაა ზღვა მასალა საწერად, აქტუალურიც, სენსიტიურიც, ლიტერატურულად საინტერესოც, ჩემთვის იმის ნიშანია, რომ მწერალი ჩუკნის. უბრალოდ, ზოგს არ ეტყობა, რომ ჩუკნის და ეგაა ტრაგედია. კარგი კრიტიკოსებიც დუმან. დაბერდნენ და ეზარებათ ალბათ შარი.

რა გისწავლია და სად?

უფ... 47 სკოლიდან დავიწყე და რომელი დავამთავრე აღარც მახსოვს. ან მე-6 გიმნაზია ან რაღაც კიდევ. ვაკეში იყო. მგონი 55-ე. ექვსიოდე სკოლა მაქვს გამოცვლილი. და დამთავრებით ჟურნალისტიკა დავამთავრე. მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არც არაფერი მისწავლია, ახლა რომ ვუყურებ.

დოპინგები გიყვარს?

სიყვარულით არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან, ზამთარში კი მჭირდება ხოლმე ბლომად სტიმულატორები. იმიტომ, რომ ძირითადად გაკვამლულ სახლებში და ბარებში მიწევს ყოფნა. თოვლს და სიცივეს კი ვერ ვიტან, არადა მხოლოდ ღია ცის ქვეშ ვარ კარგად, და მოკლედ, ამ იძულებითი ყოფით მეტისმეტად რომ არ დავითრგუნო, ანდაც არ გავაგრესიულდე,  ვწრუპავ ხოლმე არაყს და მარიხუანას ვეტანები. ასე თუ ისე მშველის.

 თავისუფალი როდის ხარ ყველაზე?

როდესაც შარაგზის პირას ვზივარ დაღლილი, გვერდით ზურგჩანთა მიდევს, სიგარეტს ვაბოლებ და საბარგო მანქანას ველოდები, რომ გამიყოლოს - მაშინ განსაკუთრებით მეკარგება ხოლმე საზღვარი საკუთარ თავსა და გარემოს შორის. ანუ, თუ ამ დროს ქარია - ვქრივარ. თუ წვიმს - ვწვიმ. დიახაც. ასე. პოეტურად. და თავისუფლება სხვა რაა, თუ არა სივრცე და უნარი - მიიღო სამყარო, - როგორც ჩვენმა ძმამ იმრე კერტესმა თქვა.

რაზე არ დაწერდი არასდროს?

არავის ბიოგრაფიას არ დავწერდი. არ დავწერდი ისტორიული ხასიათის ტექსტებს. აი, ვინმე მილიონერმა რომ სახოტბო ტექსტი დამიკვეთოს და ბევრი გადამიხადოს - ყველაზე მეტი სიამოვნებით დავწერდი.

რატო წერ, ეგ თუ იცი?

კი, ვიცი. კარგად რომ ვიყო, იმიტომ.

როდის ხვდები ხოლმე წერისას, რომ წერტილია დასამელი? და ცხოვრებაში?

აი, მაგ მომენტს ტექსტებში თუ წინასწარვე ვგრძნობ ხოლმე, ცხოვრებაში, როგორც წესი, ყოველთვის ან ვტოვებ, ან ნაადრევად ვსვამ, და არასათანადო ადგილებში გამომდის  მერე წერტილის დასმა. ცხოვრებაში ბევრი რამ მენანება დასამთავრებლად, მაგრამ, საკმაოდ ხშირად და მალე ვამთავრებ, სამწუხაროდ. სექსუალურ ასპექტს არ ვგულისხმობ.

ხშირად შორდები ადამიანებს?

კი, ეკა, ხშირად. სახლიდან სახლში რომ გადავდივარ, როგორც წესი, ძველი ქერქივით ვიშორებ იქაურ გარემოს და ადამიანებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს ალბათ საშინელ ადამიანად წარმომაჩენს, მაგრამ, რა ვუყო. სამაგიეროდ, თუ გახსენება მომინდა, შემიძლია, ცოცხლად და გაუცვეთავად - თითქმის პირველადი იერსახით, თავისი ფერებით და სურნელით, გარემოს, ადამიანების აღდგენა. ასე უფრო მიყვარან. და სიყვარულით ყველა და ყველაფერი მიყვარს, სიბნელეც და სინათლეც, რაც მიკრეფია. რაც გამაჩნია.

მოგწონს შენი თავი? გარეგნულდაც, ისეც?

ნწ. ერთ 20 კილოს მოვიმატებდი სიამოვნებით და მხრებშიც გავიმართებოდი, რამე რომ იყოს.  ეს ვიზუალურად. ისე კი, რა თქმა უნდა, მომწონს კი არა, ჭკუა მეკეტება საკუთარ თავზე  - ვიცი, რომ ვეღარ შევიცვლები და სხვა რა გზა მაქვს. მოკლედ, მომწონს, ეგეთი რომ ვარ. ზომიერად დაქნეული სუბიექტი არყის სურნელით.

რომელ მწერალს ამსგავსებ ხოლმე თავს?

სტილისტურად? ალბათ ამერიკულ პროზას გავს ჩემი ტექსტები სტილისტურად. მოსახერხებლად და იოლად ვაგებინებ სათქმელს, მგონი. ზედმეტი შიფროგრამების და ვარიაციების და ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე. ისე კი, რა ვიცი. კერუაკივით თუ ვიღაცებივით წერო, კი მეუბნებიან, მაგრამ, მე თუ მკითხავ, სტილისტურად საკმაოდ ავტონომიური და თავისთავადი ვარ მაინც. არ აერევა კაცს ჩემი ნაწერი სხვაში.

და შენ რო გამსგავსებენ ვინმეს, ეგ უფრო ნერვებს გიშლის თუ ფრო გიხარია?

გააჩნია, ვის მამსგავსებენ. ძირითადად, მკიდია ხოლმე მსგავსი თემები, თუ ძალიან მურტალი პახმელია არ მაქვს.

და ისეთი თუა ვინმე, ვისაც გინდა გავდე?

არა მგონია. ვიღაც-ვიღაცებს კი მოვპარავდი რაღაც თვისებებს, მაგრამ უფრო ალბათ ადამიანური კუთხით. მწერლურად კი ერთადერთი ის მშურს ხოლმე, ყველა სიტუაციაში და ხმაურში რო შეუძლიათ წერა. მე ამისთვის დილასისხამ ვდგები, აბსოლუტურ სიწყნარეში და ვწერ, სანამ პირველი მეეზოვე არ დაიწყებს ცოცხის ფხაჭუნს.

 და სიკვდილი როგორი გინდა?

გაგიკვირდება და საერთოდ არ მინდა სიკვდილი. თუ მაინც მოვკვდი და ანდერძად გიტოვებ - არავითარი პანაშვიდები და ჭირისუფლები. სადმე წყალში გადამაგდე მზის ამოსვლის ჟამს, ან ტყეში კოცონზე დამწვი მზის ჩასვლისას, და მერე ხმა დაყარე: ლუკა არ მომკვდარა, სადღაც ვენესუელას სანაპიროზე ნავი უყიდია და თევზაობსო თავისთვის J

პირველად რა დაწერე და რომ დაწერე, რა იგრძენი?

პირველად ლექსი დავწერე კატაზე და დიდი სიხარული ვიგრძენი, იმიტომ რომე მამამ ათი ათასი კუპონი მაჩუქა.

ყველაზე მეტად რა გიყვარს და რა არ გიყვარს?

ყველაზე მეტად მიყვარს ბავშვები და ხეები და არ მიყვარს ადამიანები, ვისაც ბავშვები და ხეები ფეხებზე კიდიათ. დანარჩენს, ყველაფერს, რაც არის, მინიმუმ პატივს ვცემ იმისთვის, რომ არის.

დაიჩაგრა შენი მესამე ნაპირი, ფიქრობ?

„მესამე ნაპირი“ არა და მე დავიჩაგრე. რატომღაც ზუსტად ვიცოდი, რომ „საბას“ მე მოვიგებდი, თან ლისტში უკეთესი არაფერი მეგულებოდა, მეც „საბამდე“ ავიღე ოხრად ვალი და დღემდე მაგას ვისტუმრებ. ისე კი პირიქით: მატერიალურ მხარეს თუ არ ჩავთვლით, დღითიდღე სახელს იხვეჭს ეგ წიგნი. ახლა თარგმანიც გაშვებულია ორ ენაზე, ინგლისურად და გერმანულად და გული მიგრძნობს, კიდევ გაქაჩავს. არაა დასავიწყებელი წიგნი. იმიტომ არ ვამბობ, რომ მე დავწერე: საკუთარ ტექსტებთანაც შემიძლია მკაცრი და ფხიზელი ვიყო.

რა გინდა, რო შენი სიტყვით თქვა, აი, რო დაწერ, რა გინდა რო მოხდეს?

ბევრ პატარ-პატარა სიხარულები გაქვს? რომლები?

დოზირებულად პატარას გულისხმობ თუ ეგზისტენციალურად მეკითხები? პატარ-პატარა სიხარულები კი მომეპოვება და დროდადრო უზარმაზარ სიხარულსაც გადავაწყდები ხოლმე. რა ვიცი, რომელი ერთი გითხრა. აი, ბოლოს, მაგალითად, ახლახან, დიდ წვიმაში მომიწია მოხვედრამ და წვიმაში კიდე ხომ სულ იმას ვცდილობ, არაადეკვატურად  არ გამომეხატოს ჩემი სიხარული თუ სიყვარული, ისე ძალიან მიყვარს, და მოკლედ, ეგრე მოვდიოდი ჩემს წყნარ უბანში, კაცის ჭაჭანი არ იყო გარეთ და უცებ ვხედავ, ანაფორიანი, ახალგაზრდა მასტი დგას შუა ქუჩაში, წვერიანი, სულ სველი, ხელში პატარა ბავშვი უჭირავს და რო ჩავუარე ეუბნებოდა: ნახე მამი, წვიმა! და მანდ რო მე გული გამითბა და გამიხარდა, გამყვება, ვიცი, მთელი ზამთარი. და საერთოდ, შევამჩნიე, სხვას რო უხარია და ბედნიერია, ეგ უფრო სავსედ მიხარია ხოლმე რატომღაც, ვიდრე პერსონალურად ჩემკენ რომ ხდება რაღაც კარგი. ჩემს სიხარულებს ყოველთვის დაყვება რაცხა სევდისმაგვარი, რაც საშუალებას არ მაძლევს, რომ ბოლომდე მივიღო...  აეგეთი კრეტინობა მჭირს მოკლედ. არადა, ჩემზე ეგოისტი კაცი არ მეგულება ამ დროს.

არ ნანობ, ეს ინტერვიუ პირისპირ რომ არ ჩავწერეთ?

კი, ეკა, ვნანობ. ახლა, როდესაც ამას ვწერ, ყავა და სიგარეტი არ მაწყენდა  და შენ კიდევ პოტენციური  ყავაზე და სიგარეტზე დამპატიჟებელი ადამიანი ხარ, ასე მგონია.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE