ეძღვნება
მორის პილორჟის,
ოცი წლის მკვლელის, ხსოვნას
გულს დააგორებს ქვაფენილზე, ეს ქარის ხმაა,
დაჭრილ ანგელოზს ხის ტოტები კაწრავს, არ ინდობს,
და სილაჟვარდით შემოსილა ქვა-მარმარილო,
კარს გამიღებენ ღამით, იქ კი შვება და ხსნაა.
საბრალო ჩიტი, დაცემული, და გემო ნაცრის,
ჩასძინებია მოგონებას კედელზე, დაღლილს,
მუშტი, მუქარით შემართულა ზეცისკენ მაღლა
და ხელისგულზე მისვენია ეგ სახე მკაცრი.
სახე, ნიღაბზე უფრო მკვრივი და უფრო მჩატე,
მაგრამ ჩემს ხელში მძიმე არის უფრო იმაზე,
ვიდრე ქურდისთვის ცრემლით სველი თვალი ძვირფასი,
ხელთ რომ უპყრია. მრისხანებას სიფითრე გმატებს.
სახე ბერძენი მწყემსისა გაქვს, ცახცახებს, ბორგავს
ჩემი ხელებით დაფარული. შენი ტუჩები
მკვდრის ბაგე არის და თვალები - ვარდის ბუჩქები.
შენი ცხვირი კი ქერუბიმის ცხვირ-ნისკარტს მოჰგავს.
შენი ბოროტი მოკრძალების სუსხია, ნახე,
რამაც ფოლადის ვარსკვლავებით თმაზე დაგთოვა,
გვირგვინი ვარდის ეკლებისა შუბლზე დატოვა,
ეპილეფსიის ბრალი თუა, რად გიმღერს სახე?
თქვი, რომელ შეშლილ ჭირს და ვარამს შეშურდა შენი,
რამ აგიმღვრია ეგ თვალები სასოწარკვეთით,
რომ თუმცა თვალებს ყინულივით ცრემლები წვეთავს,
შენ ამ ტკივილის სევდიანი ღიმილიც გშვენის?
ამ საღამოთი “მთვარის შუქზე” შეწყვიტე მღერა!
ოქროს ჭაბუკო, ჯობს, პრინცესა გახდე ამ ღამით,
ჩვენს ტრფობაზე რომ სევდიანმა ფიქრმა დაღალა,
ანდა სჯობს გახდე ბორტზე მყოფი იუნგა ქერა.
სხვა მატროსები თავშიშველნი უმზერენ გემბანს,
"Ave Maria Stella" მათთან უნდა იმღერო,
თითოეული მეზღვაური შენსკენ იღერებს
თავის იარაღს, მათ ხელში რომ ნელ-ნელა დგება.
დაკუნთულ ტანზე მეზღვაურებს ლამის ეხევათ
სამოსი, რათა შეაღწიონ, იუნგავ, შენში.
ო, სიყვარულო, გასაღები ჩაიგდე ხელში,
გამიღე ზეცა, რანჰოუტი სადაც ირხევა
და საიდანაც შენ, მეფურად, თეთრ ჯადოს ფანტავ,
თოვლად რომ ფარავს ჩემს ყრუ საკანს, ჩემს ფურცლებს ფარავს:
ძრწოლაა, იის ყვავილებში ჩაფლული მკვდარი...
სიკვდილის მაცნე მამალს ჰგავხარ; მიჯნურთა ფანტომს...
დაძრწის დარაჯი, ფეხის ხმამ არ დააგვიანა.
შენ ავსებ თვალებს ჩემსას, შენზე დარდით ჩაცვენილს.
იქნება, შევძლოთ სახურავზე გავლით გაქცევა.
ამბობენ, ცხელი ქვეყანაა, თურმე, გვიანა.
ო, საპყრობილის სიამენი, უცხონი თითქოს!
ო, მშვენიერი ზეცა, ზღვა და პალმების ჩრდილი,
შეშლილი ღამე, სიმშვიდე და კამკამა დილა,
გადაპარსული თავი, კანის ხავერდის სითბო!
ჩვენ ვიოცნებოთ, საყვარელო, მკაცრ საყვარელზე,
დიდზე, რომელიც მთელ სამყაროს ჩრდილს გადააწვდენს,
და თავის პირქუშ ტავერნებში შიშვლებს დაგვამწყვდევს,
ოქროს თეძოებს შორის, ცხელი მუცლის მხარეზე,
მთავარანგელოზს აღნაგობით ვისაც ვადარებ,
მამრი თავის თესლს გადააფრქვევს ყაყაჩოს, ჟასმინს,
შენ რომ დააწყობ მოცახცახე ხელებით ასე
ფერდზე, რომელსაც შენი კოცნა შეშლის, გადარევს.
სევდის გემო მაქვს ახლა პირში! სიმწარე ავსებს
ჩემს საბრალო გულს! სიყვარულით ტკბობის წუთებო,
მშვიდობით! მტოვებთ საყვარელო ჩემო ბურთებო!
გემშვიდობები ჩამქრალი ხმით, ამაყო ასოვ!
ჭაბუკო, დასთმე ეგ აპაჩის მკაცრი იერი!
ქალწულად იქეც, მოღერებულ კისერზე ნიშნით,
ან, იმ იდუმალ ბავშვად იქეც, თუ არ გაქვს შიში,
ჩემში რომ მოკვდა, ვიდრე ნაჯახს შერჩა კისერი.
ბავშვო ლამაზო, მოისმინე, რაც უნდა მეთქვა,
დაწექი, დაე, ჩემი ასო, მაღლა რომ იწევს
შენს მოოქროვილ, შროშანისებრ ყვრიმალებს მისწვდეს,
და შენი მკვლელი სატრფო ძლიერ დაიწყებს ფეთქვას.
მღერის, რომ ფლობდა სხეულს, სახეს, შენს გულს, ახლა კი
ბასრი დეზები მძლავრი მხედრის ვეღარ დასერავს,
შენი მუხლები, თეთრი, მრგვალი, შენი კისერი
გრილი, ნატიფი შენი ხელი, შენი ასაკი!
გავქურდო სისხლით დაწინწკლული შენი ზეცა და
ყველა სიკვდილი შევაგროვო, რომ მოგიმზადონ
შენი სიკვდილი, შენი ზეცა წმინდა, უზადო,
უცხო შედევრი შევქმნა მათგან, უნდა ვეცადო.
ჭიქებში რომი, სიგარეტი, ზეიმი დილის...
სუნი თუთუნის, საპყრობილის და ზღვის ხმაური,
ჩემს საკანს სტუმრობს, მეხვევა და გვერდზე მაბრუნებს
შარვალზე უბეგაბერილი, მკვლელის აჩრდილი.
*
ის სიმღერები, გარს რომ უვლის პირქუშ სამყაროს,
სუტენიორის ყვირილია, მუსიკას მოსდევს,
ჩამომხრჩვალის ხმა, როგორც თოკი, ყელზე რომ მოსდეს,
ძახილი ქურდის, ვნებიანი მეტრფე-საყვარლის.
სძინავს თექვსმეტი წლის ბიჭს, ძილში მაშველ რგოლს უხმობს,
მაგრამ არცერთი მეზღვაური არ გადმოუგდებს.
კედელს აკრულა, თითქოს ძილში ვინმეს ყურს უგდებს,
სძინავს მეორეს, მის ფეხებზე ჩახვეულს უხმოდ.
«
კოხტა, გულცივი, ცისფერთვალა ჭაბუკის გამო,
სიყვარული რომ ვერასოდეს ვერ გავუმხილე,
ვისაც ჩემდამი ტრფობა ექცა დარდად, წუხილად,
ის ქალიშვილი გონდოლაში მე მოვკალ ღამით.
შენ, როცა მზად ხარ მკვლელობისთვის, ნუ აპატიებ,
სისასტიკე გაქვს იარაღად, ქერა თმა ზუჩად,
ვიოლინოთა შეშლილ კივილს ბოლო არ უჩანს,
დაახრჩე შენი თვალთმაქცობით ვინმე რანტიე.
ზეციდან დაბლა დაეშვება ცხენით რაინდი,
ბნელშიც რომ მოჩანს, უმოწყალო, გულგრილი, რკინის,
სადაც მოხუცი ქალი ნელა ბორძიკობს, ტირის.
ნუ შეგაშინებს მისი მზერა, თვალს ნუ არიდებ.
ეს შემზარავი ხილვა ზეცით გადმოვა აქაც,
ტრფობის ცოდვები თავის პირმშოს სხვა ძალას ჰმატებს
და მისი ასო გასაოცარ სიუხვით ბადებს
სურნელოვანი თეთრი სპერმის შეუწყვეტ ნაკადს.
გრანიტის დიდი ლოდი შალით ნაქსოვ ტილოზე,
ხელი თეძოზე, მოუსმინე, ის მოაბიჯებს.
შვებას უნაკლო მისი ტანის მზე მოგანიჭებს,
მშვიდად გაწექი მისი წყაროს სანაპიროზე.
სისხლის ზეიმი ლამაზ ჭაბუკს აძლევს უფლებას
ბიჭს დაეხმაროს, პირველმა ცდამ როცა უწია.
დაიცხრე ძრწოლა. შაქარყინულს როგორც წუწნიან,
მის ამდგარ ასოს შენი პირი დაეუფლება.
დაკბინე, კოცნე ჩემი ასო, ნურაფერს უფრთხი
და შენი პირის ბნელ ქვაბულში, შიგნით შეუშვი,
ყელის სიღრმემდე შეაღწიოს, ხელს ნუ შეუშლი,
ჩაყლაპე, მერე ამრეზილმა გადმოაფურთხე!
თაყვანი ეცი მუხლმოყრილმა, როგორც წმინდა სვეტს
ჩემს მკერდზე სვირინგს, შეიყვარე უგონოდ სქესი
ჩემი, რომელიც იარაღზე ძლიერად გესვრის,
თაყვანი ეცი ჩემს კვერთხს, შენში ღრმად რომ შეაღწევს.
შენს თვალწინაა, სულს გიმსჭვალავს, ვნებებით სავსე,
თავი დახარე, ნახავ, როგორ მყარდება, დგება.
კოცნისთვის შექმნილს და დიდებულს წინ შეეგებე,
ქედმოდრეკილმა – “ქალბატონო!” – მიმართე ასე.
ო, ქალბატონო! აქ მოვკვდებით, ვერ გავიხარებთ!
აჩრდილებს უდევთ ბინა! ციხე თრთის და ცახცახებს!
გვიშველე, მივქრით! ზეციური სახლი გვანახვე,
უმოწყალესო ქალბატონო, იქ წაგვიყვანე!
მზეს უხმე, რათა მოვიდეს და ნუგეში ვპოვო.
მამლებს – დახრჩობა! მიაძინე ყველა ჯალათი!
გისოსებს მიღმა დღე ბოროტად ღიმილს მანათებს:
საპყრობილეში სიკვდილია სუყველას ბოლო.
«
არ მაქვს ჯავშანი, სიძულვილიც არ მიმკობს კისერს,
არც ყულფად მაწევს, ვერც ჩემში ვერ დაისადგურა.
საყელოს ვიწევ, ნუ შედრკები, ღიმილი მგლური
ზედ რომ დამემჩნეს, ჩამაჭედე კბილები ისე.
ო, ჩემო მზეო, ესპანურო ღამევ ტიალო,
მოდი ჩემს თვალწინ, სამუდამოდ ხვალ რომ დავხუჭავ.
ხელი მომეცი, სამყაროს ხომ ბოლო არ უჩანს
და წამიყვანე აქედან შორს, ვიხეტიალოთ.
გამოღვიძება შეუძლია ცას კვლავაც, ხოლო
ყვავილებს – ოხვრა, შავ ბალახს კი ნამით ავსება,
დაეწაფება მერე დილა მთელი არსებით,
ზარიც დარეკავს: მე მომცელავს სიკვდილი მხოლოდ.
ო, მოდი, ჩემო ცის ლაჟვარდო, მზის სხივი მოგყავს!
მოდი ამ ღამით, ნახე შენი სიკვდილმისჯილი,
დამკბინე, მირტყი, რასაც მეტყვი, მე დაგიჯერებ,
მაგრამ, ოღონდაც მოდი! თავზე მომადე ლოყა.
ჩვენს სიყვარულზე სასაუბრო ჯერ კიდევ დაგვრჩა.
ჯერ კიდევ დაგვრჩა სიგარეტის ორიოდ ღერი.
რად შეუმოკლა სასამართლომ სიცოცხლის დღენი
მკვლელს, რომლის გვერდით დღის ნათელიც არაფრად არ ჩანს.
მოსწვდი ჩემს ბაგეს, სიყვარულო! კარი გააღე!
გამოიარე დერეფნები მალულად, უხმოდ,
ჩამოიქროლე კიბეებზე, ქარს უნდა უხმო,
როგორც მიაფრენს ხმელ ფოთლებს და დამჭკნარ ბალახებს.
სახურავებზე, თუ დაგჭირდა, კედლებშიც გადი,
შენმა დანახვამ ბოლო სუნთქვა უნდა შემმატოს.
ხან იგინე და ხან ილოცე, ჩემო ფრეგატო,
ოღონდაც მოდი, ჩემს სიკვდილზე საათით ადრე.
«
მოწიფულ მკვლელებს სინათლეში აისი ახვევს
საკანში ჩემთან, აქ ფიჭვების სიმღერა აღწევს,
მეზღვაურების დაწნულ ჰამაკს, მოქსოვილ ბაწრებს,
ოქროსფრად რუჯავს ალიონი და ნელა არხევს.
ქარების ვარდი ამ კედელზე ვინ ამოკაწრა?
უნგრეთის მხრიდან, ვინ ხედავდა ჩემს სახლში სიზმრებს?
ვინ წრიალებდა დამპალ თივის პატარა ზვინზე,
გაღვიძებისას მეგობრები რომ ედგა თვალწინ?
ბოდვაში შექმნი ჯოჯოხეთის ლამაზ სანახებს,
ჯარისკაცებით დასახლებულს, ჩემდა ნუგეშად,
წელამდე შიშვლებს, ყვავილები შარვლის უბეში
რომ გაეზრდებათ და სურნელით თავბრუს დამახვევს.
უსაშინლესი მოიფიქრე რამე ქმედება.
სდიე ბავშვებს და მოიტაცე, რადაც დაგიჯდეს,
სახე უცვალე, სილამაზე დაამახინჯე,
და გაამზადე გვიანაზე ციხის კედლები.
ო, კაიენა სათუთო! ო, ბებერო მარონ!
ვხედავ ოციოდ გეის ქერა ბიჭუნას ირგვლივ,
ბალახებიდან აღებულ ნამწვს აბოლებს იგი,
გუშაგის მიერ გადაგდებულს, მისთვის ეს კმარა.
საუბედუროდ, ერთი ღერი საკმარისია,
თავაღერებულ გვიმრებს შორის, წრეში, ეულად
დგას თავის მოქნილ თეძოებზე, გამორჩეული
და ელის თავის, საკრალური სიძის მისიას.
ბებერ მკვლელებს კი რიტუალი ისევ სურთ, ასე
ერთად დახრილნი ცდილობენ, რომ ოდნავი ცეცხლი
გამოადინონ გამომშრალ ჩხირს, კვლავ არაერთხელ,
უფრო ნატიფი, ვიდრე მათი მთრთოლავი ასო.
ამ კაფანდარა ბიჭუნას წინ რიდით იხრება
მკაცრი ბანდიტი, მოლაპლაპე კუნთების რხევით.
მთვარე ამოდის ცაზე. ჩხუბის მიჩუმდა ხმები.
კედელზე შავი, იდუმალი ფარდა ირხევა.
ასე გმოსავენ მაქმანებით შენი ხელების
ნაზი ჟესტები! წითელ პალმას მხრით მიყრდნობილი
ეწევი. ბოლი ყელში ჩაგდის, ამ დროს, წყობილად,
სარიტუალო ნელი როკვით კატორღელები
სერიოზული და მდუმარე სახით, მოდიან
შენთან, ბავშვო, რომ გამოსტაცონ შენს ბაგეს ერთი
სურნელოვანი, ერთი ყლუპი, ან ორი წვეთი
შენი ენიდან ჩამოღვრილი ხვეული კვამლის.
ძმაო, მძლეველო! ღვთაება ხარ, ლითონში სხმული,
შესაზარები, დგახარ მშვიდი და უდრტვინველი,
ვიდრე ჰაერში აგიტაცებს, როგორც ფრინველი,
შენი ჰამაკის მომღერალი თოკების წნული.
მაღალი მთიდან შენი სული დაჰყურებს, რა ჩანს,
ხეობის ფსკერზე კატორღელმა გაითარეშა
და იქვე გდია, ცივი, შენზე ფიქრის გარეშე,
ცხელი ტყვია კი სამუდამოდ ფილტვებში დარჩა.
ო, ჩემო ბიჭო, მთვარის შუქზე ცად ახვალ როცა,
შენი ყელიდან მომდინარე, ჩამისხი პირში
სპერმის ნაკადი, სიყვარულო, ამ ტრფობის ნიშნად,
რომ ჩვენს ღვთაებრივ ქორწინებას შევასხათ ხორცი.
შენი სხეულით მომეკარი, მომაკვდავს, შეშლილს,
აღტაცებულმა ჩამიხუტე, მეტი არ მინდა,
მე შენს თეთრ ბურთებს მონუსხული ხელზე დავიდებ,
და მარმარილოს იარაღით შემოვალ შენში.
ო, ნახეთ იგი აღმართული, მოდით, ჩამყლაპეთ!
აღარ ვიქნები მე აქ დიდხანს, მალე, სადა ხართ,
თუკი გაბედავთ, მიატოვეთ თქვენი ტალახი,
თქვენი ტბები და ჭაობები, მოდით ახლავე.
მომკალით! დამწვით! დახოცილნო ჩემგან სულებო!
ვაქანდაკებდი მე სიცოცხლეს, მიქელანჯელო,
მშვენიერებას ვმსახურებდი მუდამ, ტანჯული,
მუცლით, მუხლებით თუ ხელებით – ღმერთო, სრულებით.
დილით მამლების და გალური ტოროლას ხმები,
მერძევის კასრი ურიკაზე, ზეცაში ზარი,
ნაფეხურები, ჩემს სარკმელში ელვარე ბზარი,
გრიფელის შავი საპყრობილე ნათელი ხდება.
არ მეშინია, ბატონებო! სულ მალე, ვატყობ
შენს თავთან ერთად გააგორებს ჩემს თავს ჯალათი,
ის ბედნიერი ჩაგორდება შენთან კალათში,
მოგეხუტება მხრებზე, ჩემო პატარა ბარტყო.
შეხედეთ! ბაგე გაუხსნია ტრაგიკულ მეფეს,
სასომიხდილმა შენს ბაღებში შემოვაღწიე,
სადაც შენ დგახარ აღგზნებული, ხელი აწიე
და თავზე იდებ ლურჯი ტილოს ქსოვილს საფენს.
ბოდვაში ვხედავ შენს ორეულს და გიალერსებ,
ტრფობავ! სიმღერავ! დედოფალო! ეს შენი მამრი
აჩრდილი არის, რომ დავლანდე კვრინჩხებში გაკვრით,
ასე გამჭოლი მზერით რომ ჩანს კედლის ნალესზე?
დაე, აჟღერდეს სიმღერები, ხელი არ ახლო,
შენს ბოშურ გულში; მიწყალობე თუნდ ერთი კოცნა...
ო, ღმერთო, სული ამომხდება იმ წუთში, როცა
ვერ მიგიხუტებ გულთან ან ჩემს ასოსთან ახლოს!
«
შემინდე, ღმერთო, მე უღირსმა მრავალი ვცოდე!
ცრემლი მაქვს ხმაში, ტანში მზარავს, მტანჯავს, მაციებს,
მშობელ ქვეყანას, საფრანგეთს რომ ჩამომაცილეს,
ნუთუ არ კმარა, მოვისვენო, იმედი მქონდეს,
რომ დამაძინებ.
ლოცვა ჯერ კიდევ შემიძლია, ნელსაცხებლიან
შენს მკლავებში მსურს, რომ ვიპოვო თავშესაფარი.
ეს ხომ მე ვიყავ, ვინც შეჰყვირა, მამავ უფალო:
დიდება ჰერმესს, პირმშვენიერს და ნაზტერფიანს,
რომელიც მფარავს!
სიკვდილს მშვიდსა და მარადიულ ძილს ვევედრები,
სერაფიმების ტკბილ გალობას საამო ხმაზე,
კულულებიან ანგელოზებს სუსხიან ცაზე,
დღეებს უმზეოს, უმთვარეოს, რომ გათენდება
სამყაროს თავზე.
ჯერ შემიძლია მშვიდი ძილი. გილიოტინის
ფიცარნაგამდე არ მიმიყვანს ამ დილით გზები.
ჩემი იესო ფხიზლობს ერთი სართულით ზევით
და გადაპარსულ თავში მახლის ჩექმას, ლოდივით
მძიმე თასმებით.
«
მკვდრის ძილით სძინავს საპყრობილეს, ხმაურს ვერ იგებს.
მეზობლად ცხოვრობს ავადმყოფი ეპილეფსიით.
მეზღვაურებსაც ესიზმრებათ მხსნელი მესია
და გასცურავენ, რომ ეწვიონ სხვა ამერიკას.
ფრანგულიდან თარგმნეს თამარ კოტრიკაძემ და ვასილ გულეურმა