დედა ჩვენს მკვლელობას თამაშობს


დედა ჩვენს მკვლელობას თამაშობს




            ……………მე ვეუბნები: მეძინება, დავწვეთ. ის ამბობს: მე არ მეძინება, არავინ არ გვეუბნება, რომ დავწვეთ………………………………………

მე ვეუბნები: ვეტყვი, რომ არ იძინებ. ის მეუბნება: ეტყვი და გცემ.

……………………….მე ვეტყვი.

            - ეტყვი და მოგკლავ, - მეუბნება.

            მატირებს.

            მე ვეტყვი და შენ გცემენ.

            ის ხელს მკრავს, მატირებს, როგორ მინდა, მოკვდეს, ამ ღამით თავი დამანებოს და ხვალ დილით მოკვდეს. ერთი კვირით მოკვდეს.

            შემორბის… დედა არაა.

- რა ხდება?

- მცემს, - ვამბობ, - არ იძინებს.

- რატომ ცემ, არ გრცხვენია ამხელა ბიჭს?

- მირტყამს, - ეუბნება.

- დამაგდო, - მეტირება.

მეფერება.

ახლა იმას ეტირება. ვითომ ტირის, რომ არ ეჩხუბონ. მართლა არ ტირის, მე ვიცი, მართლა როგორც ტირის, ახლა ეს გავა და ტირილს შეწყვეტს.

- დედა სადაა? - ეკითხება.

- დედას თავი სტკივა, ამიტომ არ იყვიროთ.

- წავიდა დედა? - მეტირება.

- წევს, თავი სტკივა.

მე ვწვები.

გადის.

აღარ მეტირება.

- იტყუება, - ამბობს ჩემი ძმა, - დედა ეზოშია და ტირის.     

- რატომ ტირის?

- ფეხსაცმელები დაკარგა.

 

……………………………………………………………………

 

მეღვიძება………………

            ვისი ხმაა? მამა დედას ზევიდან უყვირის.

დღეს დედამ თქვა, რომ მამა უცხოეთში წავიდა, მაგრამ მამა უკვე ჩამოსულია. 

            საწოლიდან ვხტები.

- იწექი, - მეუბნება.

- მამაა, - მეტირება.

გამიშვას!

- ჩხუბობენ, - მეუბნება.

- არ ჩხუბობენ.

- ყვირიან.

კარს ვუყურებ. არ უნდა გავიდე? არ ჩამოვიდა?

ვაღებ კარს, გავრბივარ. მამა მე მიყურებს.

დედა მიყვირის:

- შედი უკან, შედი ოთახში!

მამა მოდის, მწევს. ვერ ვასწრებ, ვეპოტინები, უკან მწევენ, ფეხს ვახვევ, დედა უკან მქაჩავს, ძირს ვერ მაყენებს, ფეხებს არ ვამაგრებ, მიმახოხიალებს, მამა დგას.

- შედი ოთახში, დაიძინე!

შევყავარ.

- გამაღვიძა, მე მეძინა, - ეუბნება ჩემი ძმა.

- შენ კარგი ბიჭი ხარ, - ეუბნება დედა.

მაწვენს, გადის.

მე ისევ ვდგები.

- გცემს, - მეუბნება.

ვწვები.

- მამაა? - მეკითხება.

არ ველაპარაკები.     

მამას საპნის სუნი აქვს, თუ დილით მკოცნის, ეს სუნი მაღვიძებს.

- მამა იყო?

ამას არ ველაპარაკები.

 

……………………………………………………………………………….

 

 

ქვევით არ მიშვებენ. ჩემს ძმას უშვებენ. ზევიდან ვიყურები.

- ჩამოვალ, - ვეძახი.

არ მპასუხობს.

დედამ არ ჩამიშვა, იმიტომ, რომ გუშინ გავედი.

თავს ვყოფ რკინებს შორის, ვხედავ, ჩემი ქუდი ახურავს.

კარგია, ვიტირებ -  ჩემი ქუდი არ უნდა აეღო!

არავინ გამოდის. ძაღლი შემოვიდა, აღარ მეტირება………..  აქეთ არ მოვა? ყეფს.

სახლში ვიღაც ტირის (მე - არა).

დედაა?

შევრბივარ. დედა ძირს ზის და ტირის. მინდა, მოვეხვიო, მაგრამ მეშინია.  

ვიცი, რა უნდა ვქნა.

- მინდა, მინდა, - ვცმუკავ, - ჩქარა.

იცის, თუ არ მოვა, ჩემით ვერ მოვფსამ, ამიტომ ტირილს უნდა მორჩეს.

არ ესმის.

იცის, რომ ვატყუებ.

ჩერდება, მიყურებს…………. დიდი შავი თვალები და დიდი შავი ტუჩები აქვს…………………………………………………………………….

არ მინდა აქ.

უცებ მაღლა ვიწევი, ფეხები ჰაერში მიქანავებს, დერეფანში მიმაქროლებს, კისერში მკოცნის, მუცელზე მიბჯენს.

- ქვევით ჩავიდეთ, რატომ შეხვედი?

- ტიროდა.

- არ ტიროდა, ნუ გეშინია.

- წავიდა მამა?

- მამა მოვა.

- როდის მოვა?

- მალე მოვა.

- დედა ტიროდა.

- არ ტიროდა.

ქვევით ჩავყავარ, ძაღლი წასულა.

 

…………………………………………………………………………………..

 

დედა გვეუბნება:

- მამას აღარ ვუყვარვარ, წავიდა და სხვა ცოლი მოიყვანა, მაგრამ არც მე უნდა გავბრაზდე და არც თქვენ, თქვენ უნდა წახვიდეთ, მამას ცოლი გაიცნოთ და ჩემი საჩუქარი მისცეთ.

- არ მინდა, - ვამბობ, - არ წავალ.

- მამას სხვა ცოლი ჰყავს? - ეკითხება ჩემი ძმა.

- ხო, სხვა ცოლი ჰყავს.

- რატომ ჰყავს სხვა ცოლი?

- მე აღარ ვუყვარვარ.

- აღარც მე?

- არ ვიცი, ეგ შენ თვითონ უნდა გითხრას.

- მე? - ვეკითხები.

- არ ვიცი, თქვენ უყვარხართ თუ არა. ალბათ, უყვარხართ, მაგრამ ჩვენთან ერთად აღარ იცხოვრებს. 

- სად იცხოვრებს?

- სხვა სახლში, სხვა ცოლთან ერთად.

- იმ სახლში სხვა შვილებიც იქნებიან? - ეკითხება.

- არ იქნებიან...............................................................

- როდის მოვა?

- სად?

- ჩვენთან?

- აღარ მოვა. თქვენ წახვალთ და იმ ქალს გაიცნობთ, მამათქვენის ახალ ცოლს.

- მე არ გავიცნობ.

- ჩემი ხათრით უნდა გაიცნოთ. ქორწილი ექნებათ და თქვენც იქ უნდა იყოთ, რადგან თქვენი მამაა. ცოტა ხნით მიხვალთ, მიულოცავთ და წამოხვალთ.

- შენ არ წამოხვალ?

- მე საჩუქარს გაგატანთ, თორემ იტყვიან, რომ ვბრაზობ და ის ქალი არ მიყვარს, ამ დროს, იმ ქალს არც ვიცნობ და არ მინდა, ჩემზე თქვან, რომ ბოროტი და ცუდი ვარ. ხომ არ გინდათ, რომ დედაზე ასე თქვან?

- არა.

- ვცემ მე, ვინც იტყვის.

- ყოჩაღ.

- მამა არ მოვა?

- არა.     

- რატომ არ მოვა?

სულ მეტირება, რა სირცხვილია…   

- იმიტომ რომ, აღარ უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრება. მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ჩვენი ბაბუა მზეზე ცხოვრობს და იქიდან დაგვიცავს.

 

…………………………………………………………………………..

 

შარვალი მიჭერს. ძირები მიწაზე ეთრევა და ქუსლს ვაბიჯებ სიარულის დროს.

ჭაღარა კაცი ლოყაზე მკოცნის, პირში სუნი აქვს.

- მოდით აქეთ, მოდით, - გვეძახის მამა.

მე ჩემს ძმას მივყები.

მაღალ ქალს მწვანე კაბა უჭირავს და ჩემი ძმისკენ იხრება, მაგრამ ჩემი ძმა უკან სწევს თავს.  

- არ გინდა, რომ გაკოცო? - ეკითხება.

ეს არაფერს პასუხობს.

- მაშინ მე შენს ძმას ვაკოცებ, - ამბობს და ჩემკენ იხრება, მარჯვენა და მარცხენა ლოყაზე მკოცნის. მერე შუბლზე.

იცინიან.

ჩემზე იციანიან?

- ძალიან ლამაზია, - ამბობს.

ჰაერში ვიწევი, ფეხები მეკიდება, მამას ზევიდან დავყურებ, მის

ხელებზე ვზივარ, თავისი სახისკენ მხრის, ლოყებზე მკოცნის. ძირს მსვამს. ამას ჰკიდებს ხელებს, ეს უკან იწევს.

            “აკოცნინოს”, ვფიქრობ, “აკოცნინოს”.

            მამა თმაზე უსვამს ხელს. 

…………………………..მე უფრო კარგი ვარ.

მაღალ ხალხში ვდგავარ. შარვალი მიჭერს. კაცს ლოყები ებერება - უკრავს.

მამა მარჯვენა ხელს ჰკიდებს იმ ქალს, რომელიც დედაზე მეტად უყვარს, მარცხენა ხელს შლის და ძუნძულით ურტყამს წრეს, ის ქალი მარცხენა ხელს ჰკიდებს მამას და მარჯვენა ხელს სწევს განზე. 

ყველა ასე შვრება, ცალ ხელს ერთმანეთს ჰკიდებენ და მეორეს ჰაერში სწევენ.

- წრეში შედი! - მიყვირის ვიღაც და ხელს ზურგზე მკრავს.

სად შევიდე?

შუაში ვდგები.

ჩემ გარშემო ცეკვავენ.

არ მინდა აქ, ვცმუკავ.

- წავიდეთ, - ამბობს კაცი, ვისაც დედამ გამოგვაყოლა.

- მამა არ წამოვა? - ვეკითხები.

მამა მე მკოცნის.

მერე ჩემს ძმას.

მაღალი ქალი ჩემს ძმას კოცნის. 

მე კაცს აქედან ვკიდებ ხელს, ჩემი ძმა იქიდან.

გარეთ ვართ.

- გამიხსენი, გამიხსენი, - ვეუბნები ჩემს ძმას. მე არ ვიცი ამის გახსნა, მაგან იცის.

ჩემი ძმა ღილს მიხსნის შარვალზე.

- არ ჩაგძვრეს, - მეუბნება.

 

……………………………………………………………………………….

 

დედა სკამზე ზის, ჩვენ ფეხზე ვდგავართ.

- მოეწონა? - გვეკითხება.

ჩემი ძმა თავს უქნევს.

- აკოცნინა ამან, - ჩემზე ეუბნება, - მე არა.

- არა, თვითონ მაკოცა. ამანაც აკოცნინა.

დედა იცინის. ხელს პირზე იფარებს.

მე კისერზე ვეხვევი.

 

…………………………………………………………………………

 

ღამე დედა მაღვიძებს, ჩემს ლოგინში წვება და მეხუტება. ხელებს მიკოცნის, იღლიაში მკოცნის, მუცელზე მკოცნის, თმაში მყნოსავს და მკოცნის. მე ვითომ მძინავს.

მერე დგება და გადის.

იმას არ აკოცა? თუ ჯერ იმას აკოცა და მერე გამაღვიძა?

 

……………………………………………………………………………….

 

ძაღლს მაფერებინებს, თვითონ უკან ზის, ძაღლი დაბმულია, ენა აქვს გადმოგდებული და დაღლილი სუნთქავს.

ამან ჩემი ქუდი დამიბრუნა და მე ზევით დავმალე.

წინ თეფში მიდევს, თეფშზე დაჭრილი ვაშლი, მე ჯერ ერთს ვიღებ, ვჭამ, მერე მეორეს……………………….. ეს არ ჭამს.

- რატომ არ ყეფს? - ვამბობ.

- უცხოებს უყეფს, - მეუბნება.

მართალია, დედას არ უყეფს. არც მამას.

- დატოვოს, - ვამბობ, - უნდა წაიყვანონ?

მხრებს იჩეჩავს.

- არ გინდა, რომ დაგვიტოვონ?

- ლეკვებს დაყრის.

- არ გინდა, რომ ლეკვები ჰყავდეს?

- არავინ არ მოუვლის.

- დედა მოუვლის.

- დედამ თქვა, რომ მე და შენ უნდა მოგვკლას.

- მე და შენ რატომ უნდა მოგვკლას?

- იმიტომ, რომ გაბრაზებულია.

- არ არის გაბრაზებული.

- მუხლებზე იდგა და ამბობდა, რომ მე და შენ უნდა მოგვკლას. მე გავიგონე.

- რატომ იდგა მუხლებზე?

- მუხლებზე დგება ხოლმე.

ძაღლი ამთქნარებს.

- ამთქნარებს! მეტს არ დაამთქნარებს?

ძაღლს ვუყურებთ, ძაღლი ხმამაღლა სუნთქავს, პირიდან დორბლი გადმოსდის.

- რომ მოგედოს, ვერასდროს ვეღარ მოიშორებ, - მეუბნება.

- არ მომედება, - ვიჭყანები.

 

…………………………………………………………………………………

 

მე კარისკენ ჩამოვრბივარ, ამას ის აღებს, ოღონდ იქით წევს, იატაკზე…………  და ხმას არ იღებს, არ მოდის, მე………………. მე ვერასდროს ვწვდებოდი კარის გასაღებს………… ვერ ვწვდები სახელურს…….

დედა უკან მომყვება.

- გეხვეწები, მოდი აქ.

არ მინდა მისვლა, შუბლს ხელით მიჭერდა და გამოვიქეცი.

- ჩვენ ვთამაშობთ, - ამბობს, - ეს თამაშია.

ხელში დანა უჭირავს.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE