ქალბატონი გიურზა და ქალბტონი ანკარა
ქალბატონი გიურზა
სწერს ქალბატონ ანკარას:
- გთხოვთ გვესტუმროთ, გაჩვენებთ
ჩვენს ტყისპირა აგარაკს!
- ქალბატონო გიურზა, -
უპსუხა ანკარამ.
- დავიფიცე, თქვენს სახლში
კუდიც არ დავაკარო.
შარშან, როცა ვეწვიე
თქვენს ზღვისპირა აგარაკს,
თქვენი ქმარი საეჭვოდ
მიყურებდა აშკარად!
ჩემი ქმარი, არ იცით?
ისე ეჭვიანია!..
გზაში მეჩხუბებოდა,
თითქოს ჩემი ბრალია,
თქვენს ქმარს სხვა გველებისკენ
რომ გაურბის თვალები...
თქვენს აგარაკს სათოფედ
აღარ გავეკარები!
მკვეხარა ულაყი
თავი იმდენი იქო ულაყმა,
რომ ფაშატს ტვინი გამოულაყა.
- მე ვარ ცისფერი სისხლის ტაიჭი,
მოზომილი მაქვს ყველა ნაბიჯი.
მოხდენილი და კოხტა - გავლაში,
გამორჩეული მთელ ჩვენს თავლაში.
ჩორთით დავდივარ - თითქოსდა ვცეკვავ,
ჩემი ჭიხვინი ზარივით რეკავს.
არც ჭენებაში არ მყავს ბადალი,
არავინ არის ჩემი სადარი...
ფაშატმა უთხრა: - ნუ მიხნავ ტვინსო,
შენზე დიდი აქვს მეზობლის ვირსო!
კამეჩს ღორი შეუყვარდა
შეუყვარდა კამეჩს ღორი,
გამოუტყდეს, ვერა ბედავს.
ფიქრობს მაინც - ქვრივი არის
და თორმეტი გოჭის დედა.
სულ ახლახანს დაკლეს მისი
ქმარი, ყოფა გაუმწარეს.
ნიშადურით აბრუნებდნენ,
ეზოში რომ წვავდნენ მწვადებს.
მაგრამ, რა ქნას - შეეგუა,
იცის კარგად, რომ c'est la vie!
ახლა გოჭებს უნდა გაზრდა,
აიყვანა ხელში თავი.
იქნებ, ვინმეც გამოუჩნდეს,
მწუხარებას ვინც ჩაუქრობს...
ჯერ თავადაც ფერზე არის,
როგორ გაძლოს დიდხანს უქმროდ?
ჰოდა, კამეჩს ეს რომ უთხრეს,
მაჭანკლობა სთხოვა კატას.
მოსაკითხად დედა ღორთან
სიმინდსა და პანტას ატანს.
კატამ უთხრა - გამიგია,
რომ ბრმა არის სიყვარული.
მაგრამ მაინც მიკვირს, კამეჩს
ღორზე შეგივარდა გული?
- გემოვნება მსგავსი გვაქვს და
თუ გამომყვა ახლა ცოლად,
არასოდეს მომწყინდება
მასთან ერთად ლაფში წოლა.
თანაც, ნახე, ფერხორციანს
თეძოები როგორ მიაქვს...
და მთავარი - მაგას ძუძუ
განა ოთხი, თორმეტი აქვს!
თხოვდება მწვანე ბაყაყი
თხოვდება მწვანე ბაყაყი,
ცოლად მიჰყვება ხვლიკს.
ეჩხუბებიან მშობლები
– მაგას ვის მისდევ, ვის?
ეგ შენ არ შეგეფერება,
ნუ დაიღუპავ თავს!
რამდენი დადის უცოლო,
საქმროს გინახავთ სხვას.
აგერ, მეზობლის გომბეშო,
დედისერთაა თან.
სულ თათისგულზე გატარებს,
შენ განაცვალებს თავს.
ალბათ, ხერხი თუ იხმარა,
ალბათ, მიმართა ხრიკს...
მაგ მოუსვენარს, გალეულს,
როგორ მიჰყვები ხვლიკს?!
ბაყაყი ყურსაც არ უგდებს,
მწვანედ იღებავს თმას.
– ვინც მიყვარს, იმას მივყვები,
სხვამ რაც არ უნდა თქვას!
მწვანე ბაყაყის მონოლოგი ათი წლის შემდეგ
გადამიხუნდა თმაში თანდათან
ჭაობისფერი მწვანე.
კი, ბედნიერი დღეებიც მქონდა,
უფრო მეტი კი - მწარე.
ამდენი მოთქმით ძველი ყიყინიც
აღარ შემომრჩა ხმაში.
იქნება, მართლა ჯობდა, გომბეშოს
რომ გავყოლოდი მაშინ?
გახსოვს? ამბობდნენ - რამ გადარია,
ხვლიკს როგორ მისდევს, როგორ?!
მაგრამ ჯიუტი გოგო ვიყავი,
თავისნათქვამა გოგო.
როგორ მიყვარდი!.. ვიცი, შენს გულშიც
ტრფობის კოცონი ენთო.
მაგრამ, სად გაქრა ის ყველაფერი,
გვითხარ, ჭაობის ღმერთო!
ამბობენ, კვდება სიყვარულიცო,
მით უფრო, თუკი მოკლეს...
ბედნიერება მოკლე ყოფილა,
ხვლიკის კუდივით მოკლე!
მწვანე ბაყაყის მესამე და უკანასკნელი მონოლოგი
წლები გავიდა, ბედნიერებაც
მეგონა, გაჰყვა წარსულს.
მაგრამ ცხოვრება ასე ყოფილა -
გულს სიყვარული კვლავ სურს.
რას ვიფიქრებდი, რომ სიყვარულით
ერთხელ მოკლული გული
გამთელდებოდა, და თანაც როგორ -
ახალი სიყვარულით.
მახსოვს, პირველად, მე რომ მიყვარდა,
თავი დავკარგე, ხოლო
ჩემს ჭაობისფერ ხვლიკს გულის ნაცვლად
კუდი უძგერდა მხოლოდ.
არც ვყვარებივარ - გვაკავშირებდა
მხოლოდდამხოლოდ ვნება.
მალე დავშორდით, ასეთი იყო
ჭაობის ღმერთის ნება.
ეჰ, ამდენი დრო რატომ დავკარგე,
წლები გავიდა, წლები...
არადა, მართლაც მშვენება ვიყავ
ჭაობის მწვანე წყლების.
მაგრამ, მართალი უთქვამთ - სიყვარულს
ყველა ასაკი ჰმონებს.
თვალთ დამიბნელდა, ხიდან ვასაკას
მღერა რომ გავიგონე.
მივხვდი, ის იყო - ჩემი ნამდვილი
სიყვარული და გზნება.
ბოლოს ხომ მაინც ერთად შეგვყარა
ცხოვრების გრძელმა გზებმა.
უკანასკნელი პირველს სჯობს მართლაც,
(ადრე თვალთ ბინდი მეკრა!)
ისე ტკბილია ეს სიყვარული,
როგორც ნაზამთრი კენკრა!