ევროპული პოეზიით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის რომ გეორგ თრაკლის სახელი, სულ მცირე, უცნობი არ არის, ამაში გასაკვირი არაფერია. მისმა პოეტურმა სამყარომ მართლაც განსაკუთრებული გავლენა იქონია გერმანულენოვან მოდერნისტულ და ნეომოდერნისტულ პოეზიაზე და, საერთოდ, XX საუკუნის გერმანულენოვან სივრცეში პოეტური მსოფლაღქმის ახალ გამოცდილებებზე. მასზე წერდნენ და წერენ საუკეთესო ევროპელი ლიტერატურათმცოდნეები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები, მის პოეზიას თარგმნიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, არაერთ ენაზე არსებობს მისი ლექსების ალტერნატიული თარგმანები და გამოცემები. მიმდინარე წელს შესრულდა 100 წელი თრაკლის გარდაცვალებიდან, რასაც მისი მკვლევრები და მთარგმნელები სათანადო აქტივობით შეხვდნენ. წინამდებარე პუბლიკაცია, უმთავრესად, მოიცავს პოეტის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელ ლექსებს როგორც ადრეული, ფრანგული პოეზიით და ფრიდრიხ ნიცშეთი ინსპირირებული პერიოდიდან, ისე – მისი ხანმოკლე სიცოცხლის მოგვიანო შემოქმედებიდან. ლექსები თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Georg Trakl: Dichtungen und Briefe. Historisch-kritische Ausgabe. 2 Bände. Hrsg. von Walther Killy und Hans Szklenar. Otto Müller Verlag, Salzburg 1987.
მთარგმნელი
მუსიკა მირაბელის ბაღში
საამოდ იმღერს შადრევანი. მტრედისფერ ცაზე
გარინდებულან ფაფუკი და თეთრი ღრუბლები.
ძველ ბაღში უტყვად მიმოდიან მიმწუხრის ჟამზე
დიდნიც, მცირენიც, საფიქრალით დაბანგულები.
აქ წინაპართა მარმარილოს ქანდაკებანი
გარუხებულან. ზეცას სერავს ფრინველთა გუნდი.
მკვდარი თვალებით ჩაჰკირკიტებს დროდადრო ფავნი
ჩრდილებს, რომლებსაც გამოუჩენს ბაღის ბინდბუნდი.
მოეძარცვება ფოთლეული ბებერ ხეს წითლად,
ბზრიალ-ბზრიალით მიაშურებს გაღებულ სარკმელს.
სივრცეში ხანძრის ანარეკლი ვარვარებს სისხლად
და მღვრიე, საზარ მოჩვენებებს ხატავს და აკმევს.
სახლში ანაზდად შეაბიჯებს თეთრი უცნობი.
გავერანებულ დერეფანში ძაღლი არ ცხრება.
მოახლე გოგო სანათს აქრობს, ფიქრჩაუქრობი.
ღამით ყურს ისევ სონატების ჰანგები სწვდება.
მწუხრის მელანქოლია
მკვდარ ტყეს, რომლითაც სანახები გადაფარულა,
შემოჯარვია აჩრდილები, როგორც სხლტეები.
ფრთხილად ტოვებენ სამალავებს ტყის ფრინველები,
და ნაკადულიც გასუსულა და გაპარულა
და მისდევს გვიმრებს, ბებერ ქვებსაც გვერდს არ აუქცევს,
ვერცხლისფრად ბრწყინავს და კამკამებს ფოთოლწნულებში.
მალე მისი ხმა ჩაეცემა შავ უფსკრულებში –
ვინ იცის, იქნებ, ვარსკვლავიან ღამეს გვაუწყებს.
ისე ჩანს, შავი ველ-მინდვრები არ დამთავრდება,
მიმოფანტული აქ სოფლები, ჭაობი, ტბორი,
და გეჩვენება, აბრიალდა შენს წინ კოცონი.
გზებს გადასერავს მეყვსეულად ცივი ნათება.
იგრძნობა, ცაში რაღაც ხდება, რაღაც მოძრაობს.
ველურ ფრინველთა ლეგიონი მიფრინავს მრეში
ქვეყნიდან ლამაზ, საოცნებო, უცხო მხარეში.
ქარი ხრის ლერწამს, იმართება და ისევ ზვაობს.
მშვენიერი ქალაქი
ქალაქში ძველი მოედნები მზიურად სდუმან.
ღრმად სილურჯეში და ოქროში ჩახშირებული,
გათანგული და ზღაპრულ ფიქრებს დაშურებული
ჰაეროვანი მონაზვნები წიფლნარში სდუმან.
რუხი სინათლით მოლიცლიცე ეკლესიებში
სიკვდილის წმინდა სურათები თვალს ეგებება
და – დიდმთავართა მშვენიერი გერბების წყება.
კვლავ გვირგვინები ელვარებენ ეკლესიებში.
ამოჩნდებიან ხის ცხენები შადრევნის ირგვლივ.
ხეებს ყვავილი გაფურჩქვნიათ ცეცხლის ენებად.
ხოლო სიზმრებით დაბნეული ცეროდენები
მიმწუხრზე წყნარად თამაშობენ შადრევნის ირგვლივ.
გამოფენილან გოგონები, დგანან ჭიშკრებთან,
აცქერდებიან შიშნეულად ფერად ცხოვრებას.
მათი ნოტიო ბაგეები გასცემს ოცნებას
და, მოლოდინით აღსავსენი, დგანან ჭიშკრებთან.
საცნაურია მოძაგძაგე ზარების ჟღერა,
ისმის მარშის ხმა და გუშაგთა გადაძახილი.
თითოეული უცხოელი დუმს თავდახრილი.
შორს, სილურჯეში ხანგრძლივია ორღანის ჟღერა.
ინსტრუმენტები გარჯილან და ამღერებულან.
ბაღებში ლამაზ ბანოვანთა დაქრის სიცილი,
რიალ-რიალით, უხვი ფოთლით გარემოცული.
ნორჩი დედები მოკრძალებით ამღერებულან.
იდუმალ ხარობს ყვავილებით მორთულ სარკმლებთან
გუნდრუკის, ფისის, იასამნის უცხო სურნელი.
დაღლილ წამწამთა ვერცხლისფერი ციმციმი ნელი
საჩინოვდება ყვავილებით მორთულ სარკმლებთან.
მიტოვებულ ოთახში
სარკმელი, ჭრელი ყვავილნარები,
ოთახი, სავსე ორღანის ხმებით.
ჩრდილები, ზღაპრულ გუნდს სადარები,
კედლის ფარდაგზე ცეცხლოვან ცეკვით.
ქარი ძრავს აბრიალებულ ბუჩქებს
და კოღოს კოშტი წუის, ზუზუნებს.
შორს, ველად, მოცლა არა აქვთ ცელებს,
ძველი მდინარე გაბმით დუდუნებს.
ეს ვისი სუნთქვა მომესათუთა?
მერცხლებს ცთომილი ნიშნები ნუსხავს.
იქ ოქროვანი ქვეყანა ტყეთა
უსაზღვრობაში წყნარად მიცურავს.
კვლებში ელავენ ცეცხლის ენები
და მოყვითალო ყველა ფარდაგმა
გასცა შეშლილი როკვა ფერების
და შემოაღო კარი მავანმა.
დგას მსხლის, საკმევლის ტკბილი სურნელი.
სარკმელს და ზანდუკს ბინდი ეხება.
მხურვალე შუბლი ნელ-ნელა თეთრი
ვარსკვლავებისკენ გადმოიხრება.
ავდრიანი მიმწუხრი
ო, კვლავ მიმწუხრის წითელი ჟამი!
ვაზის ფოთოლი, ლურჯად ხვეული,
ღია სარკმელთან ნათობს, ირწევა,
მოჩვენებათა ბუდედ ქცეული.
მტვერი შმორიან თხრილებში ცეკვავს.
ქარი ზრიალით მინებს აწყდება.
როგორც ველური ცხენების რემას,
თეთრ ღრუბლებს აფრთხობს ელვათა წყება.
გუბურის სარკე ხმაურით ტყდება.
შეჰყაპყაპებენ სახლს თოლიები.
ცეცხლის მხედარი გორაკს მოსწყდება,
ტყეს მოებნევა ცეცხლის ფთილები.
ჰოსპიტალს ავსებს მოთქმა-ვაება.
ღამეს გასერავს ფრთა მტრედისფერი,
და სახურავებს თავს დააცხრება
კოკისპირული, ელვით ნაფერი.
გასხივოსნებული შემოდგომა
ილევა წელი, უხვი ბაღებით
და ოქროს ღვინით ანამზევები,
და – მარტოსულის თანამგზავრები –
ირგვლივ ზღაპრულად სდუმან ტყეები.
გლეხკაცი ამბობს: ჩინებულია!
მწუხრის ზარებო, წყნარი, ხანგრძლივი
ხმით შეხვდით ბოლო ხალისს გულიანს.
უკვე ცას სერავს ფრინველთა მწკრივი.
სიყვარულისთვის სათნო ჟამი დგას.
ლურჯ მდინარეზე ლივლივა ნავში
ლამაზად ერთვის სურათი სურათს
და განიღვრება მდუმარებაში.
ვირთხები
შემოდგომური მთვარე ეზოს თეთრად ანათებს.
სახურავიდან ეცემიან უცხო ჩრდილები.
შეკედლებია მდუმარება ცარიელ სარკმლებს;
გამოძვრებიან სიბნელიდან ფრთხილად ვირთხები
და მერე სტვენით დაქრიან და დაშლიგინებენ,
და ნაცრისფერი ანაორთქლით გაბრუებული
ყნოსვა და გეში უმალ ჩეჩმას აგნებინებენ,
და აჩენს, როგორც მოჩვენებებს, მთვარის ნათელი
გავეშებულებს სიხარბით და, როგორც შეშლილებს,
დამიზნებულებს ერთმანეთზე, და შესევიან
სახლსაც, ბეღლებსაც, ხორბლით, ხილით გადავსებულებს.
ცივი ქარები სიბნელეში ჩივილით ქრიან.
დისადმი
სადაც ჩაივლი, სთველი დგება და დრო მიმწუხრის,
ლურჯი ნადირი, ხეებს შორის რომ ხმიანობს,
მარტოსული ტბორი მიმწუხრის.
ფრინველთა ფრენა წყნარად ხმიანობს,
შეხიდებია სევდას თვალთა შენთა კამარა.
შენი მკრთალი ღიმი ხმიანობს.
ქუთუთოები შენ უფალმა მოგიკამარა.
ღამით აღძრულან მნათობები, ბავშვო დიდი პარასკევისა,
რათა იხილონ შენი მნათი შუბლის კამარა.
სონია
კვლავ უბრუნდება ძველ ბაღებს მწუხრი;
სონიას ყოფა, ლურჯი სიჩუმე.
ველურ ფრინველებს შორი გზა უხმობს;
სთველი, შიშველი ხე და სიჩუმე.
და მზესუმზირას, შავთვალგახელილს,
ათბობს სონიას თეთრი ცხოვრება.
ჭრილობას, წითელს და არგამხელილს,
ბნელ ოთახებში ნებავს ცხოვრება,
რომლებშიც ჟღერენ ლურჯი ზარები;
სონიას სუნთქვა, სათნო სიჩუმე.
დაჭრილი მხეცი, შორით მარები,
სთველი, შიშველი ხე და სიჩუმე.
გარდასულ დღეთა მზით დანაფერი
არის სონიას თეთრი წარბები,
ღაწვები – სველი, თოვლდანაფენი,
და – გაუვალი მისი წარბები.
აღმოსავლეთში
ზამთრის ქარიშხლის ველურ ორღანებს
ჰგავს ხალხის ბნელი მრისხანება,
მეწამული ტალღა ბრძოლისა,
განფოთლილი ვარსკვლავებისა.
ჩამომსხვრეული წარბებით და ვერცხლის მკლავებით
ღამე მომაკვდავ ჯარისკაცებს გაენიშნება.
შემოდგომის იფნის ჩრდილში
დახოცილთა სულნი ოხრავენ.
ნარ-ეკლიანი ტყე-ღრეები ესალტვის ქალაქს.
დაზაფრულ ქალებს
მთვარე სისხლიან საფეხურებს დაათმობინებს.
კარიბჭეში შეაღწიეს მძვინვარე მგლებმა.
ვენეციაში
მდუმარება – ღამის ოთახში.
ვერცხლისფრად ბჟუტავს სანათური
მარტოსულის
მოგალობე სუნთქვის წინაშე;
ჯადოსნური ღრუბელი ვარდთა.
ჩამოაბნელებს ქვოვან სივრცეს
ბუზანკალთა მოშავო გუნდი
და აღსავსეა ოქროვან დღის
ტანჯვით თავი
უსამშობლოსი.
ზღვა უძრავად ჩამობნელდება.
ვარსკვლავი და მოშავო სვლა
განიმქრა არხთან.
ბავშვო, სნეული შენი ღიმილი
ძილში მცხრალად ამდევნებოდა.
ზაფხულის მიწურული
რარიგ ჩამცხრალა მწვანე ზაფხული,
ბროლიადი შენი იერი.
აღსრულდებოდნენ ყვავილები მიმწუხრის ტბორთან,
შეშინებული შაშვის ძახილი.
უქმი იმედი სიცოცხლისა. სახლეული
მერცხალი უკვე მზადმყოფია შორი ფრენისთვის
და გორაკს მიღმა მზე იძირება;
ღამე უკვე იუწყება ვარსკვლავთმგზავრობას.
სიმყუდროვე სოფლებისა; ირგვლივ
ტყენი ხმიანობენ, მიტოვებულნი. გულო,
ამიერ სიყვარულით დაედრიკე
უშფოთველად მძინარე ასულს.
რარიგ ჩამცხრალა მწვანე ზაფხული
და ჟღერს ნაბიჯი
არაქაურის, ვერცხლოვანი ღამის გამჭოლი.
გახსენდებოდეს ლურჯი მხეცი მისი ბილიკის,
სულიერთა მისთა წელთა კეთილი ჰანგის!
სიზმრადმარები
სად ხარ, მხარდამხარ ვინც მომყვებოდი,
სად ხარ ძვირფასის სახევ ციურო?
სულელო! – ყურში ჩამქირქილებს სასტიკი ქარი –
სიზმარი იყო! სიზმარი! ბრიყვო!
და მაინც, მაინც! ხომ იყო ერთ დროს,
ვიდრე ღამის და სიმარტოვის კარს შევაღებდი?
ჯერ კიდევ გახსოვს, სულელო, ბრიყვო!
სასტიკი ქარი, იგივ ექო ჩემი სულისა:
სულელო! ბრიყვო!
განა არ იდგა ის ვედრებით ხელებგაწვდილი,
და მისი ბაგე არ დაეპყრო მწუხარე ღიმილს,
არ ხმობდა განა ღამეში და სიმარტოვეში!
მაინც რას ხმობდა! შენ ეს არ იცი?
ვით სიყვარული გაისმოდა. არ უბრუნებდა,
ეს სიტყვა ექოს არ უბრუნებდა.
განა თუ იყო სიყვარული? ვწუხვარ, არ მახსოვს!
რაც ირგვლივ მაკრავს, ღამეა და სიმარტოვეა,
და ქარი – ექო ჩემი სულისა!
რომ არ წყვეტს ქირქილს: სულელო! ბრიყვო!
მელუზინა
რა მოხდა, ასე რამ დამიფრთხო უეცრად ძილი?
შვილო, გულ-მკერდზე დაგაბნია ღამემ ყვავილი!
ასე საბრალოდ ვინ ჩურჩულებს, სიზმრის ხმებია?
შვილო, გაზაფხულს ლაღად ფრენა მოსურვებია.
შეხედე! ცრემლით გაფითრებულს უგავს იერი!
შვილო, უხვია ყვავილებით და ნებიერი!
ბაგე რად მეწვის? რატომ დამდის ღვარად ცრემლები?
შვილო, მე შენში ჩემს სიცოცხლეს ვეალერსები!
ვინ მბოჭავს ასე დაუნდობლად, თავს ვინ დამყურებს?
შვილო, ეს მე ვარ, გულზე გიკრეფ სათუთად ხელებს.
რა მშვენიერი სიზმარია! სად მიმელიან?
შვილო, ზეცისკენ მივიჩქარით, იქ მიგელიან.
რა საამოა! რა საამოა! ასე უჩუმრად ვის ეღიმება?
სულ გაუთეთრდა უკვე თვალები –
ერთბაშად ჩაქრა ყველა სანთელი,
სახლს დაეუფლა ღამე შავბნელი.
უფრო და უფრო მეტად ბნელდება
ქარი, ძოწისფერ კენწეროებს რომ შეაქანებს,
უფლის სუნთქვაა, დაჰბერავს და უჩინარდება.
შავი სოფელი ტყის კალთასთან უეცრად ჩნდება;
სამი აჩრდილი გასწოლია ნათეს-ნახნავებს.
მწირი ნათებით საცნაური არის ხეობა,
შემოგარენი ჩაძირულა მდუმარებაში.
და ამ სიმკაცრეს თითოეულ ბაღსა თუ სახლში,
მსურველს, რომ ასე გაილიოს ამ დღის დღეობა,
მორჩილი, ბნელი ორღანის ხმა მიესალმება.
იქ ტახტზე მკვიდრობს მარიამი, ლურჯად მოსილი,
მის მკლავებში კი დარწეულა სათუთად ჩვილი.
ხანგრძლივი, ვარსკვლავმდიდარია ღამის ნათება.
დელირიუმი
დრო სახურავთა, შავი თოვლით დამძიმებულთა;
წითელი თითი შუბლს გიხვრეტს და შიგ იძირება,
შიშველ ოთახში ეშვებიან ლურჯი ფირნები,
დადუმებულან სარკეები შეყვარებულთა.
ტყდება თავი და, ნამსხვრევებად მიმონაყარი,
ლურჯი ფირნების სარკეში ჭვრეტს საზარელ ჩრდილებს,
მკვდარი მეძავის ცივ ღიმილსაც ვერ აიცილებს.
ტირის მიხაკთა ნელსურნელში მიმწუხრის ქარი.
დაიკოს ბაღი
მე-2 რედაქცია
დაიკოს ბაღი, რიდს, სიჩუმეს ნაზიარები,
ორი ყვავილი: ლურჯ-წითელი, ნაგვიანევი.
ნაბიჯი მისი – თეთრად ქცეული.
შაშვის ძახილი, დაბნეული, ნაგვიანევი,
დაიკოს ბაღი, რიდს, სიჩუმეს ნაზიარები;
ის ანგელოზად არის ქცეული.
ასერიგ წყნარად ჟღერენ მიმწუხრზე
ასერიგ წყნარად ჟღერენ მიმწუხრზე
ლურჯი ჩრდილები
თეთრ გალავანთან.
შემოდგომა უხმაუროდ მიიწურება.
უსასრულო დარდის ჟამი,
თითქოს შენი სიკვდილი მეგზნოს.
ვარსკვლავური ნამქერია,
რაც შენს თმაში ქრის.
ბნელ საგალობლებს
გალობენ ჩემში ძოწისფერნი ბაგენი შენნი,
ჩვენი ბავშვობის მდუმარე ქოხი,
ლეგენდები დავიწყებული;
თითქოს ვსახლობდე – სათუთი მხეცი –
გრილი წყაროს
ბროლის ზვირთებში
და ყვავილობდნენ ირგვლივ იები.
ჟამი გლოვისა
შებნელებული ნაბიჯები შემოდგომის ბაღში თან სდევენ
კაშკაშა მთვარეს,
ხოლო გაყინულ გალავანთან ეშვება ყოვლისმომცველი ღამე.
ო, ეკლიანი ჟამი გლოვისა.
ოთახში, ბინდს რომ აღუვსია,
მარტოსულის სანათური ვერცხლისფრად ბჟუტავს,
სულისმღაფავი, რამეთუ იგი ბნელს გაიაზრებს
და წარმავალისკენ მიდრეკილა ქვოვანი თავი,
ღვინით და ღამის ჰარმონიით ბანგმორეული.
მიწყივ და მიწყივ დაატკბობს სმენას
თხილნარში შაშვის ნაზი გალობა.
ბნელი ჟამი კრიალოსნით ლოცვის აღვლენის. ვინ ხარ,
ფლეიტავ მარტოსულო,
გათოშილო შუბლო, წევნილო უკუნ დროებებს.
ღამეული მოთქმა
მე-2 რედაქცია
ღამე ლამაზი ვარსკვლავებით
გამოუჩნდა მიმორეულ შუბლს,
ტკივილით ჩამოქვავებულ იერს,
შეყვარებულის გული ერგო საზრდოდ ველურ მხეცს,
ცეცხლოვანი ანგელოზი
დამსხვრეული მკერდით ემხობა ქვოვან ნათესში,
ძერა ფრთებს შლის ისევ და ისევ.
მწუხარება უსასრულო მოთქმით ერთვის
ცეცხლს, მიწას და ცისფერ ნაკადულს.
თხოვნა
ლუციფერს
მე-3 რედაქცია
სულს შეაწიე შენი ცეცხლი, მხურვალე დარდი;
შუაღამის ჟამს თავი ოხვრით ამაღლებულა,
გაზაფხულის მწვანე გორაკზე; იქ, სადაც ერთ დროს
დაიცალა სისხლისგან კრავი, უღრმეს ტკივილს
დაითმენს იგი; მაგრამ სიბნელე თან სდევს აჩრდილს
ბოროტეულის, ან მიესწრაფის სველი ფრთებით
მზის ოქროს დისკოს, და შეაძრწუნებს
ტკივილებით დაფლეთილ მის მკერდს ზარის გუგუნი,
შლეგი იმედი; ალმოდებული ვარდნის წყვდიადი.
მწუხრის ჟამს
მე-2 რედაქცია
ბალახი ჯერაც ყვითელია, ტყე კი არის ლეგა და შავი;
მაგრამ მწუხრის ჟამს თავს არ მალავს ზუსმუხტისფერი.
მთებიდან მოდის კამკამა და ცივი მდინარე,
ჟღერს კლდეებს შორის შემალული; სწორედ იგი ჟღერს,
როცა სავალს მიჰყვები მთვრალი; სილურჯეში
შენი შლეგი გასეირნება; და ჩიტუნების თავბრუდამხვევი ჟივილ-ხივილი.
და უკვე ერთობ ბნელად, უფრო ძლიერ იხრება
შუბლი მოლურჯო წყლის თავს, ქალურის;
ჩამავალი კვლავაც მწუხრის მწვანე ტოტებში.
ნაბიჯი და მწუხარება ერთსულოვნად ხმოვანებენ ძოწისფერ მზეში.
წითელი სახეები
წითელ სახეებს შთანთქავს ღამე,
ხაოიან გალავანთან
ბავშვის ჩონჩხი ხელს აცეცებს ჩრდილში
მთვრალისა, დამსხვრეული სიცილ-ხარხარი
ღვინოში, დარდი მოვარვარე,
სულის ტანჯვანი – ქვასავით უტყვად დაშთენილა
ანგელოზის ცისფერი ხმა
მძინარის ყურში. ჩაშლილი შუქი.
სიცოცხლის ხანა
გონის მისარგო არის ველურ
ვარდთა ნათება ბაღის ღობესთან;
ჰოი, სული გარინდებული!
ნეტარებს ვაზის გრილ ფოთლებში
მზე ბროლიადი;
ჰოი, წმინდა უმანკოება!
კეთილშობილი ხელით ეხება
ბერიკაცი მწიფე ნაყოფებს.
ჰოი, მზერა სიყვარულისა!
მზესუმზირები
ოქროვანო მზესუმზირებო,
მთელი არსებით სიკვდილისკენ გადახრილებო,
მოკრძალებით აღსავსე დებო,
ასევითარ სიჩუმეში
განილევა მთიურ სიგრილის
წელიწადი ჰელიანისა.
აქ უფითრებენ კოცნანი
მთვრალ შუბლს,
მწუხარების ამ ოქროვან
ყვავილთა შუაგულ
სულს დაადგენს
უტყვი წყვდიადი.
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ