ცხოვრების პერიოდული სისტემა


ცხოვრების პერიოდული სისტემა




ნიშნი ერთი პირობით

 

მაინც გაჯობე, ცხოვრებავ:

 

აი, თვალებში გიყურებ,

სწორად და საღად აღგიქვამ,

მით უფრო - გიჟი არა ვარ,

ვარ - მით უმეტეს - ცოცხალი.

 

თუკი რამე არ მეშლება:

 

თუკი თვალი არ მატყუებს,

თუკი მრუდედ არ აღგიქვამ,

სულაც გიჟი თუ არა ვარ,

საერთოდ, თუ ვარ ცოცხალი.

 

 

ცხოვრების პერიოდული სისტემა

 

ყოველთვის ასე იყო:

ხანდახან არ ცხოვრობდი -

და - საკმაოდ შედეგიანად -

 

იმ ხანდახანებში ბევრჯერ გადარჩი:

 

რამდენჯერმე არ მოკვდი.

რამდენჯერმე არ მოგკლეს.

რამდენჯერმე არ მოიკალი.

 

თითოჯერ მოშუშდი. გამოშუშდი.

 

მართლა ყოველთვის ასე იყო:

ხანდახან მართლა არ ცხოვრობდი, -

 

ხანდახან რომ გეცხოვრა,

ვითომ.

 

 

სამი ერთზე

 

1

ან კი როგორ გადავურჩი, მით უმეტეს - დავუძვერი? -

აკი ტანზე ხშირად ესხა ჩაჩქან-აბჯარ-მაუზერი...

 

არც ჯაშუში დაინანა - გულგონჯი და სახეტურფა -

ვინც მიგრეხდა თოკს და ბაწარს - ამ ყელზე რომ გაეყულფა...

 

განა წყენას არ ვუვიწყებ არავის და არასოდეს -

იმად მახსოვს - თვითონ იმას არ უნდა, რომ არ მახსოვდეს; -

 

ვისი მადლით მარად უნდა დევნილობის ფუთა ვფუთო -

რაკი ვიცი - კვალში მიდგას ფეხმალი და უთავქუდო; -

 

რათა ზოგჯერ - იმის ნაცვლად, თავის დროზე რაც ჩავუთქვი -

დამაწიოს ავი თვალი, ყიჟინა და ბათქაბუთქი...

 

ერთი კია - ვეღარ მომკლას - უნდა, ჯავრი ჭამოს პეშვით, -

ეგ თუ სურდა - იქა ვყავდი - აქ არ უნდა გამოვეშვი...

 

2

ესეც კი არ მიკრუტუნებს, როგორც ჭრელი კატუნია,

მხოლოდ უფრო დახვეწილი, უფრო დელიკატურია.

 

იქნებ გაძვრეს თითებშუაც - მოვინდომო ვახლო ხელი -

მაინც სხვაზე ახლოა და მგონი, უფრო ახლობელი.

 

აქაც, სადაც პირველისგან დევნილები შევიკრიბეთ,

ეს მეორე დამდგომია ბარმენად თუ მერიქიფედ.

 

დიდი საქმე აბარია - ალბათ სულ ეგ ებარება -

ჭიქაში თუ ფიალაში შხამს მიმატებს ნება-ნება.

 

მეც მივირთმევ საწრუპით ან მოსმებით ან მიძალებით,

ოღონდ იმას ვეღარ ვატყობ - ვეჩვევი თუ ვიწამლები.

 

ასე გავა ხან საათი, ხან დღე და ხან ღამე გავა.

მერე რა, რომ თვითონ თვალის ერთი დახამხამებაა;

 

წამია და არც წამია, თუ სულია - რა სულია -

მომავალი არ მგონია, როცა უკვე წასულია...

 

ვეღარც ამას გადავყვები - კიდევ დავახანებ მაშინ... -

მეტისმეტი თუ არ ვყლაპე ერთ-ერთ დახამხამებაში.

 

3

კიდევ არი ერთი შარი, ბეჯითად რომ მოვიზიდავ,

მომავალი ისე შორი ან არც ისე შორი გზიდან.

 

რაა, ზუსტად კი არ ვიცი, რომ იზამს და რომ არ იზამს -

წასულისას ვერ გაიგებ - რას გაიგებ მომავლისას?

 

აბა, მიდი, გამოიცან - თარსია თუ თარსზე ნავსი;

რა აქვს გულში, რა აქვს თავში, ჯიბეში ან არსენალში;

 

მაგას რაღა დავუშავე - რა უნდა, რომ დამიშავოს;

სულის სხეულს ეტანება თუ სხეულის ტანისამოსს...

 

ერთი ვიცი: მართლა მოდის, სულ მოდის და რახან მოდის,

როცა მოვა - დილით მოვა, საღამოს თუ საღამომდის,

 

მაშინ, როცა ხვალ იქნება, თუ იქნება ნახვალარი -

ემაგას რომ გადავურჩე, ვარიანტი აღარ არი.

 

 

არ ვიცოდი

 

მე რა ვიცოდი -

გულს მალავდი ქანდაკი მკერდით,

ოქროს ბუდეში მტრედივით ძგერდი -

მე რა ვიცოდი, თუ იყავი,

ეს თუ იყავი.

 

უძვირფასესი

კი არ გესვა კენჭი ან მინა -

თვალებს ეკავა თვალების ბინა -

მე რა ვიცოდი, თუ იყავი,

ეს თუ იყავი.

 

მე რომ მცოდნოდა,

რომ იყავი, ეს რომ იყავი -

გარეთ - არაკი, შიგნით - იგავი,

მე რომ მცოდნოდა,

მზეს იტევდი

მთვარის სპეკალი -

 

უკლებლივ ყველა

გზას, რომელმაც შენ აგიარა,

ზურგს შევაქცევდი -

რომ სხვას კი არა -

უსასტიკესი სიყვარულით -

შენ მოგეკალი.

 

 

ფაზლი

 

ზეცის ეკრანი

გაანათა

ძველმა მესიჯმა:

 

“ისევ მიყვარხართ”.

 

ედემი. გველი, ადამი, ევა.

 

დრო, როცა ყველა ცოცხალი იყო.

 

სულ უფრო მეტი ნატვრა ირჩევს

ჭუპრად დარჩენას.

 

გენმა ისწავლა -

მხოლოდ სამ დღეს ცოცხლობს პეპელა.

 

ბოდიში, ცუდი პერიოდი მაქვს -

 

სხვა ცხოვრებაში გამოიარეთ.

 

მწიფე ხარ -

 

თითი მოგაკარო -

წვენი გაგივა.

 

ისევ აქა ხარ -

ჩემს სიზმარში.

 

შენს ქმარს რა სჭირს, რომ

ვერაფერს ხვდება?      

 

 

სახელის გატეხა

 

რით დამიმტკიცებ,

რომ არ გიყვარვარ?

 

 

მწირი ასორტიმენტი

 

ყოფნა, არყოფნა.

 

 

სამოთხე

 

ეგრეა:

 

შეჭამ -

ტანსაცმელი მოგინდება.

 

               

ეპიტაფია

 

“მართალი ყოფილა,

ამის დედას შევეცი!”

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE