გამოუვალობის ინსტალაცია


გამოუვალობის ინსტალაცია




                                                  ეძღვნება ლუის ბუნუელს

 

                             “თავადი ერთბაშად წამოდგა, მთელი ტანი უკანკალებდა.

                             - ნასტასია ფილიპოვნა სად არის, როგოჟინ? - ჰკითხა ჩურჩულით.

                             - იქ, - ჩურჩულითვე უპასუხა როგოჟინმა და თავი ფარდისკენ გააქნია.”

 

                                               დოსტოევსკი, “იდიოტი“.

 

- რა უცნაურია, არა,  ქალის სახელი რომ გქვიათ, - თქვა ინსტალატორმა.

- მეხუთე შვილი ვარ, წინა ოთხიც ვაჟები იყვნენ. მამას გოგო უნდოდა ძალიან. მე რომ გავჩნდი, იმედგაცრუებისგან ცოფები ყარა და საკუთარი ბედისწერის ჯინაზე, ქალის სახელი დამარქვა, - თქვა სოფიმ.

- ვფიქრობ, ტყუილის თქმა არ გეხერხებათ. ეგ ხომ სინამდვილეს არ შეესაბამება: ოჯახში ერთი ვაჟი ხართ, დედისერთა. თქვენს ანკეტაში წერია ყველაფერი... დაგავიწყდათ?

სოფი შეცბა, თავი დახარა.

- ბოდიშს გიხდით, - ჩაილაპარაკა, - ეს მოგონილი ისტორიაა. ასე თავს ვიმართლებ ხოლმე. უფრო სწორად, მამაჩემის სულელურ საქციელს ვამართლებ. მაპატიეთ, მექანიკურად წამომცდა.

- არ გიცდიათ, სახელი შეგეცვალათ? - ჰკითხა მშვიდად ინსტალატორმა.

- რთული აღმოჩნდა. სკოლის დამთავრებამდე ჩემი ცხოვრება ინერციით მიდიოდა. დაცინვებს შევეჩვიე კიდეც. ძირითადად, ყველა ერთნაირად დამცინოდა და მეც გამოვიმუშავე თავდაცვის ჩემეული ხერხები. ვუძლებდი და ვუძლებდი. რა თქმა უნდა, სახელის გადარქმევა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ასეთი ალტერნატივა თავში არ მომსვლია.

- ჰო, ზოგჯერ უბრალო რამ ისეთი რთული გასაკეთებელი ხდება...

- ჰო, ახლაც მიკვირს, რატომ არ გადავირქვი სახელი.

- სკოლის მერე თუ შეიცვალა რამე?

- უნივერსიტეტში, გაცნობისას, ჩემს სახელს სხვანაირად ვამბობდი: „ფ“-ს მაგივრად უფრო „ბ“-ს, და რაც მათ ესმოდათ, ის აღარ იყო ქალის სახელი. იქ მარტო გაკვირვებას ვაწყდებოდი, დაცინვას აღარ. მასხარად მხოლოდ ის მიგდებდა, ჩემს პირადობის მოწმობაში ვინც ჩაიხედავდა.

- ნამდვილად სულელური ქცევაა მამათქვენის მხრიდან. ბოდიშს გიხდით პირდაპირობისთვის. იმის თქმა მინდოდა, რომ მამები სიცოცხლეში ვერ აფასებენ საკუთარ ვაჟებს. მათი წასვლის შემდეგ კი ნანობენ და ნანობენ.

- სად წასვლის შემდეგ?

- არსად. პირადულია... ისე ვთქვი.

- არა მგონია, მამის მხრიდან უბრალო ხუშტური იყოს: ქალები უყვარდა სიგიჟემდე, ჭკუა ეკეტებოდა. უტიფრად შეეძლო ტრაკზე მიშტერებოდა რომელიმეს. მერე სექსუალური ჟინი უფრო გაუნატიფდა და ქალის ხატი შეუყვარდა, მათი ბუნება. თითქოს ვაჟი უნდა სდომებოდა, სიბერეში საკუთარი თავი მასში რომ ეგრძნო და იქიდან დამტკბარიყო, მაგრამ საბოლოოდ, პირდაპირი ხედვა არჩია, ყველაში ქალის დანახვას ნატრობდა.

- არა მგონია, სახელმა ორიენტაციაზე იმოქმედოს, - ჩაილაპარაკა ინსტალატორმა.

- ორიენტაცია რამ გაგახსენათ?

- რაღაც ასოციაციურად მომივიდა თავში. მე მაშინებს... არა, უფრო სწორად მაფრთხობს ადამიანი, რომელიც გარედან კაცია, შიგნიდან კი ქალი.

- მესმის.

- თქვენ?

- ცოლი მყავს და 10 წლის ქალიშვილი.

- თქვენ რამდენის ხარ?

- უკვე 45-ის, - უპასუხა სოფიმ.

მოკლე მაგიდასთან ისხდნენ, ერთმანეთისკენ სახით, მანძილი მათ შორის - ორ მეტრამდე, მეტი არა. ინსტალატორი დაუძაბავად საუბრობდა, თუმცა, სოფის ადგილზე, სხვას, შეიძლება, დაენახა კიდეც ინსტალატორის უბრალო `მოშვებულობის~ უკან დამალული გულგრილობა მისი ბიოგრაფიისადმი.

სოფი ცდილობდა, კითხვა-პასუხში არ ჩაჭრილიყო. თან მარჯვენა ფეხი უკანკალებდა, რაღაცნაირად, ნერვულად.

- ანკეტაში ასევე წერია, რომ 20 წელი გაგიტარებიათ ერთ სამსახურში, ერთ თანამდებობაზე.

- დიახ, ძრავების საამქროში ვმუშაობდი, უფროს ტექნოლოგად.

- რა გევალებოდათ?

- ქალები ზეთს ასხამდნენ ძრავებს, რომლებიც ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე განიცდიდა დამუშავებას. თვალყური უნდა მედევნებინა: არც მეტი უნდა დაესხათ და არც ცოტა.

- ოცი წელი ამ საქმით იყავით დაკავებული?

- დიახ.

- კი, მაგრამ ხატვას როდის ახერხებდით?

- ქარხანაში ჩანახატებს ვაკეთებდი. მაშინ ცოტას ვხატავდი. სამსახურიდან რომ წამოვედი, ფერწერაში მხოლოდ მერე გადავეშვი სერიოზულად. ვნანობ, რომ დიდი დრო დავკარგე უაზროდ.

- პერსონალური გამოფენა ხომ არ გქონიათ სადმე?

- ერთი. სამი წლის წინ. არა მგონია, ახლა ვინმეს ახსოვდეს ის გამოფენა.

ინსტალატორი ანკეტის ახალ ფურცელს იღებს.

- აი, აქ თქვენ ჩაწერეთ, რომ გაღიზიანებთ...

სოფის ეღიმება:

- დიახ, დიახ...

- ...სანტექნიკა და სანტექნიკოსები? - ინსტალატორი თითქოს ამოწმებსო.

- დიახ, ეგრეა. მათი ატანა არა მაქვს... მე მეშინია მათი.

- გულზე არც მე მეხატებოდნენ, მაგრამ შიში...

- სანტექნიკის მეშინია, არავინ იცის, როდის რა გასკდება და სად წაგვლეკავს. ხოლო სანტექნიკოსები კი მეზიზღებიან, რადგან მათი წასვლის მერე, მალევე ყველაფერი ისევ ფუჭდება. ანუ მათი იმედი ვერასოდეს გექნება, ეს ცრუ იმედია, მათ არსებობას ძალიან ცოტა აზრი აქვს.

- ვფიქრობ, ამას ამდენ ყურადღებას არ უნდა ვუთმობდეთ. ხომ მართალი ვარ?

- იცით...

- სინამდვილეში, რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

- უნიჭო მხატვრები, რომლებსაც აპიარებენ. მაღიზიანებს უგემოვნო მასა, რომელიც ამ გაპიარებულს ყლაპავს და ყლაპავს.

აქ ინსტალატორს შინაგანი გამოფხიზლება დაეტყო. ის უცბად გამოცოცხლდა,

ფურცლები ერთად მოაგროვა და ეს დასტა მაგიდაზე რამდენჯერმე დარტყმით მიასწორ-მოასწორა. გასწორებული მოშორებით გადადო... მერე სწრაფადვე აიღო და გადახია. ერთმანეთს დაადო და კიდევ გადახია... ისევ გადახია... რაც უფრო ქუცმაცდებოდა ქაღალდი, მით უფრო ჭირდა მათი დახევა.

- არ გეგონოთ, ეს ანკეტა ჩემი შედგენილი იყოს, - თქვა ინსტალატორმა, რომელიც ანკეტის დაქუცმაცებისას სოფის თვალს არ აშორებდა.

სოფიმ მხრები აიჩეჩა. მისთვის სულერთი იყო, ვინ ჩამოწერა კითხვები. ამ ეპიზოდში უფრო მნიშვნელოვანი ის იქნებოდა, თუ როგორ განვითარდებოდა დამკვეთის მიერ მისი მოულოდნელი მხარდაჭერა და თანაგრძნობა.

- მე თანამშრომლის დაკითხვა არ მჭირდება, - თქვა ინსტალატორმა და დაქუცმაცებული ფურცლები მაგიდის ქვეშ ურნაში ჩაყარა. მაგრამ იქ ურნა არ აღმოჩნდა და ისინი იატაკზე დაიყარა.

- ვის სჭირდება ჩვენი დაკითხვა? - იკითხა სოფიმ, რომელიც თან იატაკზე დაყრილ ნაგლეჯებს დასცქეროდა.

- მხოლოდ ფორმალური მხარეა ახალი მუშაკის ასაყვანად...

- გეთანხმებით, ჩვენც ვიძაბებით ხოლმე.

- არ მინდა, რომ ჩვენს საქმეს ავცდეთ.

- არც მე.

ინსტალატორმა პატარა პაუზა გააკეთა და თქვა:

- აი, ის ოთახია, თქვენს უკან.

- რომელი? - სოფი არ განძრეულა.

- მიტრიალდით და დაინახავთ.

- მერე შევხედავ...

- მერე შეხედავთ? ღოდის, მერე?

- მალე, ახლავე...

- კეთილი.

ფარდები იყო ჩამოფარებული და ოთახში ნახევრად ბნელოდა. სინათლე ზემოდან, მხოლოდ მოგრძო სარკმლიდან შემოდოდა. ოთახი დიდი: რვა - ათზე. თითქმის ცარიელი.

ოთახი, რომლის შესახებაც სოფიმ აქ მოსვლამდე იცოდა, მის ზურგსუკან იყო. ზურგი მიმღებია და სწორედ ამიტომ იკუნტება ადამიანი თავდასხმისას და ზურგს უხვედრებს საფრთხეს.

თავდასხმა ზურგიდან საოცრად გაცლის ძალას.

- ასე არ შემიძლია, - თქვა სოფიმ და ოდნავ მოიკუნტა, - უნდა შევხედო.

და სწრაფად მიტრიალდა.

მან დაინახა კარი. თვალი წამის მეათედებში დააფოკუსირა და უფრო ახლოდან დაინახა კარი... სულ ახლოს, პირდაპირ სახესთან. Uნდოდა, მზერა გადაეტანა რაღაც სხვაზე. მაგრამ იმ კედელზე სხვა არაფერი იყო - მხოლოდ კარი.

- ეს ის კარია? - იკითხა სოფიმ.

- დიახ.

- ჩვეულებრივი კარია, - თქვა ჩუმად.

- ჩვეულებრივია, მაგრამ ყველა ვერ შედის.

- რა აქვს გადაკრული?

- რბილი მასალაა, ხმაურსაც იჭერს.

სქელი ყავისფერი მასალა, სადღაც, შორეული წარსულიდან, დამყაყებული ეპოქიდან. სოფიმ შეწყვიტა ფეხის კანკალი.

- რატომ ხმაური? - იკითხა სოფიმ.

- ყოველი შემთხვევისთვის, - ჩაილაპარაკა ინსტალატორმა.

- ყვირიან?

- ვინ?

- არ ვიცი. იქნებ ვინმე ყვირის, - სოფი ისევ კარისკენ იყურებოდა, თვალს ვერ აშორებდა.

- არა, ყვირილს რა აზრი აქვს, არავითარი.

ინსტალატორის ხელები მაგიდაზე. ინსტალატორი გამხდარია, გრძელი კისერი აქვს.

- კარი სუნსაც იჭერს.

- სუნი საიდან? - სოფი მასპინძელისკენ მიტრიალდა.

- ოთახიდან.

- რა არის იმ ოთახში?

- ვინც აქ მოდის, ყველამ იცის, რა არის ოთახში. რატომ მეკითხებით?

- თქვენგან მინდოდა გამეგო... იქნებ ჭორია-მეთქი, - მოჩვენებითი გულგრილობით იკითხა.

ისევ აუთამაშდა ფეხი. ოდნავ წინ რომ გასწიოს, ინსტალატორის ფეხს შეეხება. ოთახში სიჩუმე და სიბნელეა.

- ოთახში გარდაცვლილია, - უთხრა ინსტალატორმა.

სოფის შეუძლია, ქვემოდან წიხლი ჰკრას ინსტალატორს და გადააყირავოს. არა, რა სისულელეა! სპონტანური პირველი რეაქცია... ცხადია, ის ამას არ იზამს. წარმოდგენითაც კი ვერ წარმოიდგენს. მითუმეტეს, ახლა, როცა აზრი სულ გაეფანტა.

- მართალი ყოფილა, რასაც ამბობდნენ, - ჩაილაპარაკა სოფიმ.

- ხომ არ შეშინდით?

სოფი ისევ კარისკენ იყურება, მოკლე კისერი აქვს, თავი მხრებში უვარდება. ის პუტკუნაა:

- სუნი მცემს თითქოს.

- გეჩვენებათ, სუნი ვერ იქნება, ცხედარი დამუშავებულია.

- აბა, სუნიო? თუ გვამს ამუშავებთ, სუნი საიდან?

- ალბათ დიდ სიცხეში. ახლა არ ცხელა.

- ოთახში გვამია?

- „გვამს“ ნუ ამბობთ! ამ სიტყვას ნუ ამბობთ, უხერხულია...

- ბოდიშს გიხდით.

- არა უშავს.

- ვინ არის?

- ამჯერად ახალგაზრდა კაცია, 20 წლის.

- როგორ მოკვდა?

- ავტოსაგზაო შემთხვევა. მთელი ოჯახი დაიღუპა: მამა, დედა, ქალიშვილი და ეს ბიჭი.

სოფი თავს ხრის. სუნთქვა უჭირს. რატომ ემართება ხოლმე ასეთი უკმარისობა? ზედმეტი წონის ბრალია, მეტი არაფერი.

- ესე იგი, ოთახშია?

- ჰო, ტახტზე წევს.

- რას აკეთებს იქ?

- ტახტზე წევს, ზემოთ იყურება. რა გჭირთ, ცუდად ხართ?

- არა... კარგად ვარ.

მის გონებაში, ბავშვობაში ჩაწნეხილი, ამოუცნობი სცენები ვლინდება. ავადმყოფობის განმეორებას ხშირად მისი უბრალო გახსენებაც კი იწვევს.

სახეზე ხელს ისვამს. ოფლია, თუ რა არის?

- ცხედარს მოძრაობა შეუძლია, - თქვა ინსტალატორმა.

- როგორ, მოძრაობა?

- ჰო, მინიმალური გადაადგილება შეუძლია. მაგალითად, თავის მობრუნება.

- რატომ? ის ხომ მკვდარია? რატომ მოძრაობს? არ არის ბოლომდე მკვდარი?

- ბოლომდე მკვდარია. უბრალოდ, მე მოვაწყე ისე, რომ, თუ შეხვალ, ცოტათი ამოძრავდება, შენკენ გამოიხედავს... მეტი არაფერი.

- რატომ აკეთებთ ასე? ცოტა მარტივად არ შეიძლება?

- მარტივად აღარ გამოდის, ხალხის დაინტერესება ჭირს.

- ვინ ხალხის?

- მნახველის.

- ჰო, მაგრამ, თავს თუ აბრუნებს, შეიძლება, სხვაც შეშინდეს.

- ხომ გაგაფრთხილეთ. ყველანი გაფრთხილებულნი ხართ. ვინც აქ მოდის, ყველას ვაფრთხილებ, სიურპრიზებს არავის ვუმზადებ.

ინსტალატორის პროფილი: ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა. ზემოთ იყურება, ჭერში. ოდნავ ნაწყენია.

- მომისმინეთ, იქნებ, არ არის ბოლომდე მკვდარი? - იკითხა სოფიმ, - ბავშვობაში მე ვნახე მკვდარი, რომელიც ტახტზე იწვა და საუბრობდა. ის მკვდარი იყო, მაგრამ საუბრობდა.

- ეგ თქვენი სიზმარია, სოფი.

- თქვენ რა იცით, რომ სიზმარია?

- სხვა რა უნდა იყოს?

სოფი წამოდგა სწრაფად, თითქოს წასვლას აპირებსო... და ისევ დაჯდა.

- სიზმარი არ იყო, გვერდულად იწვა. მკლავი ჰქონდა თავქვეშ ამოდებული, - თქვა სოფიმ, - როცა შევედი, ამომხედა და ოდნავ განაწყენებულმა რაღაც გაუგებარი ჩაილაპარაკა თავისთვის. ვერ მივხვდი, რა ენაზე მითხრა. გაჩუმდა და დაელოდა, რას ვუპასუხებდი. ვერაფერი ვთქვი. თვალებში არ მიყურებდა. ძალიან ჩაფიქრებული მეჩვენა, თითქოს საკუთარ მომავალზე დარდობდა. მერე ბედს შეეგუა და ზურგზე დაწვა. გარდაცვლილის პოზა მიიღო ნებაყოფლობით. მე ოთახიდან გავედი და მხოლოდ მერე შევიტყე, რომ უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი ყოფილა.

- საოცრად საინტერესო იქნებოდა, ისინი რომ მოძრაობდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ნამდვილად სიზმარს ჰგავს.

- იქნებ, გადამოწმება სურდა, მართლა მკვდარი იყო, თუ არა.

- რამე გსმენიათ ნეკროფობიის შესახებ?

- არავითარი ნეკროფობია, მკვდრების შიში ავადმყოფობა არ არის.

- ვფიქრობ, ავადმყოფობაა.

სოფი ჩუმადაა. აბა, რას უნდა ელოდოს აქედან კარგს?

- რაც ახლა გითხარით, ადრე არავისთვის მითქვამს. ამ წუთას წარსული ძალზე რეალურად ვიგრძენი: ის ოთახი, ის გარდაცვლილი, ის ფერები მის ოთახში... - თქვა სოფიმ.

- თქვენც გეშინიათ? - ჰკითხა ინსტალატორმა.

- ცოტათი.

- მაშინ, არ უნდა მოსულიყავით. ეგ შიში პრობლემას შეგიქმნით ჩვენთან.

- სხვა გამოსავალი არ მაქვს.

- ყველა ასე ამბობს.

- მე მართლა არ მაქვს.

- იქნებ, სანამ გვიანი არ არის, ადგეთ და სახლში დაბრუნდეთ.

- ეს შეუძლებელია.

- ჰოდა, თუ შეუძლებელია, კეთილი ინებე და თავი ხელში აიყვანე! - ხმას აუწია ინსტალატორმა.

- ბოდიშს გიხდით, იქნებ, სხვანაირად გამოვიდეს... მეც გამიგეთ...

- სხვანაირად ვერ გამოვა.

- უბრალოდ, კართან მივალ. შიგნით არ შევალ. იქნებ საკმარისი იყოს.

- რა სისულელეს ამბობთ! სხვანაირად ვერ გამოვა! ოთახში უნდა შეხვიდეთ. ამისთვის ხართ აქ.

- გამონაკლისი დაუშვით რა... რამე სხვას გავაკეთებ.

- რატომ მევაჭრებით? მგონი, გასაგებად ვთქვი: ოთახში უნდა შეხვიდეთ.

ძარღვი ინსტალატორის ყელზე. გაპარსული და თხელი სახე. რამდენიმე წლით სოფიზე დიდია. დათმობაზე არ წავა.

- ოთახში უნდა შეხვიდეთ, გესმით!

სოფიმ სიმწრისგან მუშტი შეკრა... მაგიდაზე ჩამოსდო, მარცხენა მუშტი მარჯვენას დაადო და ზემოდან შუბლი დააყრდნო. ამ წუთას არაფერი არსებობს, ოთახის გარდა.

- მე არ გაჩქარებთ. მაგრამ უკვე ნახევარი საათია, რაც აქ ხართ. ერთ საათში ყველაფერი უნდა მოესწროს.

ბოლოს და ბოლოს რა არის საშიში? ერთი პატარა ბიჭის გვამი. შევა და უცბად გამოვა. არა, უცბად როგორ გამოვა?

- მომიყევით, რა ხდება შიგნით, დაწვრილებით მომიყევით, - თქვა სოფიმ ისე, რომ თავი არ აუწევია.

ინსტალატორი დგება და სიარულს იწყებს ოთახში.

- შეხვალ თუ არა, პირდაპირ ტახტი დგას. მასზე მამაკაცი წევს, თავით მარჯვნივ, გულაღმა და ღია თვალებით. თუ ახლოს მიხვალ, დაინახავ, რომ მის თვალებში მზერა ჩამქრალია. პრინციპში, ახლოს მისვლა არც გინდა, ამას შესვლისთანავე იგრძნობ. მისი მარჯვენა ხელი უხილავი ძუათი მივამაგრე ჭერში და ისე ჩანს, რომ ზემოთკენ აქვს აწეული. თუ ძუას მოადუნებ, გარდაცვლილი ხელს დაბლა უშვებს. მარცხენა ფეხი იატაკისკენ აქვს ჩამოგდებული. მეორე ფეხი მუხლში მოუკეცავს. თუ საჭირო გახდა, გაშლის კიდეც. მარცხენა ხელი მუცელზე უდევს. როცა მნახველი შედის, თავს მისკენ აბრუნებს. მნახველი გაფრთხილებულია და წესით, არ უნდა შეშინდეს. ოთახს კიდევ ერთი კარი აქვს, ამ კარის მოპირდაპირე მხარეს - ცენტრალური შემოსასვლელი. მაყურებელი სწორედ იმ მხრიდან შემოდის.

- სიბნელეა?

- არც ისე.

- სუნი?

- კონდიციონერია ჩართული, საკმაოდ გრილა, სუნს ვერ იგრძნობ. მალე თუ შეხვალ, სუნს ვერ იგრძნობ. იქვე, ცხედრის ფეხებთან, საწოლის ბოლოში, სავარძელია. მოპირდაპირე კედელთან კი მაღალი, ძველებური, ზამბარებიანი საწოლი დგას.

- იცის, მკვდარი რომ არის?

ინსტალატორი ჩერდება. თითქოს გაფითრდაო. არადა, ისედაც დაკარგული ჰქონდა უკვე ფერი.

- მკვდარმა როგორ უნდა იცოდეს, მკვდარი რომ არის? - ჰკითხა ინსტალატორმა, - არ იცის, ცხადია.

- მე რომ ვნახე გარდაცვლილი, მგონი მან იცოდა, მკვდარი რომ იყო. გაცნობიერებული ჰქონდა. რაღაც, ასე მგონია... თითქოს, კიდევ ცოტა დრო მისცეს, რომ ელაპარაკა. მაგრამ რადგან მკვდარი იყო, გაუგებარს ამბობდა, და თან უკვირდა, რატომ ვერ მიგებენო. დაბნეული ჩანდა, თავისი სიკვდილით შეშინებული.

- დაივიწყეთ ის თქვენი მკვდარი. რაც გითხარით, ის თუ გაიგეთ? მისმენდით?

- დიახ. შევაღებ თუ არა, იქვე წევს.

ინსტალატორი ახლოს მივიდა სოფისთან.

- დავიწყოთ. ადექით. თავი ხელში აიყვანეთ.

სოფი წამოდგა. მაგიდას ჩაებღაუჭა, ვეღარ მოშორდა.

- დიახ, ერთი წამით... ახლავე.

- მოშორდით მაგიდას... ცოტა თამამად.

- ერთი წამით, ერთი წამით...

- ცოტა სწრაფად! მოშორდით მაგიდას, გადადგით ნაბიჯი...

- დიახ, ახლავე... ფეხი აღარ მემორჩილება... დამიბუჟდა მგონი...

- ნერვები მეშლება სოფი! გადადგით ნაბიჯი, ახლავე!

- ხელი არ მახლოთ, მე თვითონ! - წამოიყვირა.

- ასე რამ შეგაშინათ სოფი, ნუთუ ლაჩარი ხართ?!

ნაბიჯი. კიდევ ერთი ნაბიჯი. ინსტალატორი თვალს აყოლებს, წყობილებიდან უკვე გამოსულია.

- პირველ რიგში, კართან მიდით. ჯერ კართან მიდით და იქ გაჩერდით. ნუ შეხვალთ, უბრალოდ, იდექით.

გაიწელა მისვლის სცენა. არაბუნებრივად გაიწელა.

- ხელი დაადეთ კარს. იგრძენით კარი... ძალიან კარგი. ახლა ტანით მიეკარით, უფრო მეტად იგრძენით... ყოჩაღ, სოფი. ახლა მიაწექით კარს და შეაღეთ. ის ისედაც ღიაა, ცოტა მიწოლა უნდა და თავისით გაიღება.

- ასე პირდაპირ არ შემიძლია.

- დროს ნუ ჭიმავთ, მაინც თქვენი გასაკეთებელია, მაგდენს ვერ ხვდებით?!

- გასაღების ჭუჭრუტანაში შევიხედავ ჯერ... ის თუ პირდაპირ წევს, ასე მირჩევნია.

- შეიხედეთ, მალე!

სოფი იხრება და ჭუჭრუტანაში იყურება... ძარღვები სოფის კისერზე, აბურძგნული თმა, თხელი თმა, თმის ნარჩენი...

- რას ხედავთ?

სოფი არ პასუხობს.

- თვალი გაახილეთ, სოფი! - ყვირის ინსტალატორი. - რას უყურებთ დახუჭული თვალით, სულ გასულელდით! მეორე თვალი გაახილეთ სოფი!

ინსტალატორი ახლოს მიდის და ხელს ქეჩოში ავლებს.

- თვალი გაახილე და შეიხედე! - ყვირის, - ნუ გამომიყვან წყობილებიდან!

ინსტალატორი ხელებით სოფის თავს ქაჩავს და წინ უბიძგებს. სოფი უძალიანდება, ხელით სახელურს ებღაუჭება და ცდილობს, კარი არ გაიღოს, თავისკენ სწევს.

- ნუ იჭერ კარს! - ყვირის ინსტალატორი, - კარს ნუ იჭერ!

სოფი თავს ითავისუფლებს და ინსტალატორს ხელიდან უსხლტება. შემოსასვლელი კარისკენ გარბის. იქ ჩერდება. გული რომ აქვს მამაკაცს ცუდად, სწორედ ისე სუნთქავს.

- გეხვეწებით, დრო მომეცით, სულ ცოტა დრო...

კარს აღებს და გარეთ გარბის.

 

ქუჩაზე გადარბის, თან მობილურიდან რეკავს.

პიცერიაში შედის. მაგიდასთან ჯდება.

ფიქრობს: `რა სირცხვილია, რა დამემართა, როგორ ვერ შევედი? ერთი საწყალი გარდაცვლილი. რატომ შევშინდი? წარსულის შიშები თავს არ მანებებს. თუნდაც, დედის გარდაცვალება ავიღოთ. დედის სხეულსაც კი ვერ შევეხე, და სხვის მკვდარს როგორ შევეხო? მახსოვს, მაშინ მებალზამე მოვიდა და მამა ეხმარებოდა. Dდავინახე, როგორ მოჰქონდა მამას ტაშტი, შიგნით რაღაც სითხით და რომ არ დამენახა, რა ესხა - ჩავჯექი, ჩავიმუხლე. მამა ჩემკენ წამოვიდა და ახლოს თუ მოვუშვებდი, დავინახავდი, რა ესხა იქ. საწოლზე გადავწექი, ვითომ ცუდად ვიყავი. ტაშტზე დაბალი სიმაღლე იყო საჭირო. მამას ვუთხარი, არ მოხვიდე, მამა, ახლოს. მანდ დარჩი... ანდა, იქით წადი, სადაც მიდიოდი და გადაღვარე ეგ ტაშტი. ცხადია, მიმიხვდა სილაჩრეს, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როცა სჯობს, ლაჩარი იყო, ვიდრე შიშისგან ენაჩავარდნილი. მკიდია, რაც მოხდა.~

ათ წუთში პიცერიაში ქალი შემოვიდა. ეს მისი ცოლი იყო - ლიკა.

ლიკა სოფის წინ დაუჯდა. სოფის თავი ჰქონდა დახრილი.

ოფიციანტი იქვეა:

- აბა, რას შეუკვეთავთ?

- წითელი ღვინო, - თქვა ლიკამ.

- არ ვიცი, რამე სხვა... მარტინი, - თავი გააქნია სოფიმ.

- პიცა გინდა? - ჰკითხა ლიკამ სოფის.

- არა, რა პიცა.

ოფიციანტი მიდის.

- რა ქენი? - ჰკითხა ლიკამ.

სოფი არ პასუხობს, გვერდით იყურება.

- სობი, რა ქენი?

ლიკა ხვდება, რომ ვერ შევიდა.

- თვალებში რატომ არ მიყურებ?! - ხმას უწევს, - თვალებში მიყურე, როცა გელაპარაკები!

- რა გინდა?

- რა ქენი-მეთქი?

- ვერ შევედი.

- რატო ვერ შეხვედი?

- იცი, რატომაც.

- რატომ, შეშინდი?

- ჰო.

- სობი! - ყვირის ლიკა.

ყველა მათკენ იყურება.

- უნდა შესულიყავი, - ხმადაბლა ამბობს ლიკა, - ხომ მოვილაპარაკეთ, რომ უნდა შესულიყავი.

- არ გამომივიდა. იქ ყველაფერი სხვანაირად არის, ბნელა და რა ვიცი, სხვა გარემოა... ეგრე ადვილი არ არის.

- შენ დამპირდი, რომ შეხვიდოდი. რაც არ უნდა დამიჯდეს, შევალო, ასე თქვი.

- მაპატიე, შევშინდი, არ მეგონა, თუ შევშინდებოდი.

- უნდა გამოასწორო. მალე უნდა გამოასწორო. სანამ გადაუფიქრებიათ, მანამდე უნდა გამოსწორო. მისმენ? თავი აწიე, გვერდით ნუ იყურები! სობი!

- ნუ ყვირი, მესმის!

- შენ თუ არ შეხვალ, სხვა მხატვარი შევა, ასე ეწერა კონტრაქტში. ხვდები, სირთულეს?

- მთლად დარწმუნებული არ ვარ. აქ ადვილია ამაზე საუბარი, იქ სულ სხვაა, იქ სიბნელეა... ის კაცია.

- რას ბოდიალობ!

- უნდა გამიგო, ლიკა, არც ისე ადვილია.

- რამე სხვა იყო ოთახში? მკვდარი არ იყო?

- მკვდარი იყო.

- მერე?

- რა, მერე...

- შე ლაჩარო, შენა, შე ჩამჯმელო!

- გინდა, აგარტყა ახლა, შე ნაბიჭვარო!

- მიდი აბა, მიდი აბა! მე თვითონ აგარტყამ!

ხალხი ისევ მათკენ იყურება.

წამოწეული ლიკა უკან ჯდება.

ოფიციანტი მოდის და სასმელი მოაქვს.

- ერთმა მკვდარმა როგორ შეგაშინა, შე დეგენერატო?

- არ ვიცი, ფეხები ამიკანკალდა. თავს ამოძრავებს ის მკვდარი.

- ეგ იმ ტიპის ხრიკებია, გაფრთხილებული ვიყავით, რომ ეგეთ რაღაცეებს ჩალიჩობს. ხომ ვემზადებოდით.

- ჰო, რა ვიცი...

- ხომ შეიძლებოდა, უფრო საშიში რამ ყოფილიყო?

- რა, მაგალითად? უფრო საშიში რა?

- მოჩვენება, ან რამე.

- სულელი ხომ არ ხარ, გაჩერდი რა, - სოფი ფიქრობს, - ისე მართალი ხარ, იქნებ, უფრო საშიშია შიგნით რამე?

ლიკა წრუპავს ღვინოს.

- შენ არ დალიო! - ეუბნება სოფის.

- რატომ, ვითომ?

- კონტრაქტში წერია, სამუშაოზე მთვრალი არ უნდა იყო.

სოფი ოდნავ წრუპავს მარტინის, ხელი უკანკალებს.

- მალე უნდა ადგე და წახვიდე, აქ ჯდომის დრო არ გვაქვს.

სოფი არ პასუხობს.

- ჰა, გამოდებილდი?

- ხომ იცი, რომ შევალ... ეჭვი არ შეგეპაროს.

ლიკა ჯიბიდან მობილურს იღებს და ფოტოსურათს უჩვენებს:

- ხედავ, ამას? რა პასუხი გავცე შენს ბავშვს, მითხარი? რა ვუთხრა, თქვი.

- შევალ-მეთქი, გითხარი.

- შე ჩამჯმელო, შენა!

- არა ვარ ჩამჯმელი, ოდნავ შევშინდი მხოლოდ, გამივლის.

- გინდა, მე შევიდე? გინდა, სობი, შენ მაგივრად მე შევიდე?

- არა, არ მინდა.

- შენ არ შეგრცხვება, მე რომ შევიდე შენ მაგივრად?

- შევალ-მეთქი, გითხარი, ნუ მაყვირებ აქ!

ხალხმა ისევ გამოიხედა. ერთ-ერთმა დაუყვირა ამათ:

- გარეთ იჩხუბეთ, რა!

- მიდი გააჯვი აქედან! - შეუბრუნა ლიკამ.

ის ვიღაც ტიპი წამოიწია. სულერთი იყო ეტყობა მისთვის, ქალს მოადებდა თუ კაცს.

- მოდი, აბა, მოდი! - დაიწივლა ლიკამ.

ვიღაცეები ჩადგნენ შუაში და დააშოშმინეს მოჩხუბრები.

დასხდნენ, დაწყნარდნენ.

- თავი აიყვანე ხელში, - წაიჩურჩულა სოფიმ.

- მაგარი ნაბიჭვარი ხარ, სობი, მაგრად მივქარე, შენ რომ გამოგყევი.

- არ ინანო ეგ ნათქვამი, იცოდე.

- უკვე ვინანე, ქალაჩუნა ხარ.

ლიკას მობილურმა დარეკა. ქალი ტელეფონს დააცქერდა, გაეღიმა.

- იცი, ვინ არის?

- არა. ვინ არი?

- მამაშენია.

- რა, იცის, რომ ერთად ვართ?

- აქ სანამ მოვიდოდი, მანამდე ვუთხარი.

- შე სულელო! ყურმილი არ აიღო, გესმის...

- ალო... ჰო... სად იქნება, აქ არის.

სოფის მობილური გაუწოდა:

- მიდი, ელაპარაკე.

- ალო, სოფი. ალო, სოფი, გესმის ჩემი? - თქვა იქიდან მამამ.

- ჰო, მამა.

- რა ქენი, სოფი?

- ვერ შევედი, მამა.

- რატომ, სოფი?

- ვერ შევედი და მორჩა.

- გინდა, რომ ყველა შეგვარცხვინო?

- არ მინდა.

- ვინ იყო ოთახში?

- ახალგაზრდა ბიჭი.

- ჩაიჯვი, არა?

- მამა, წესიერად.

- გინდა, მე შევიდე შენ მაგივრად?

- არ მინდა, მამა.

- შენ არ შეგრცხვება, მე რომ შევიდე?

- ათ წუთში უკან დავბრუნდები და შევალ.

- ათ წუთში რომ დაბრუნდები, ხომ იცი, უკვე გართულებული დაგხვდება ინსტალაცია.

- ნუ მაშინებ, მამა.

- პირველსავე ცდაზე უნდა შესულიყავი, ასე ეწერა კონტრაქტში. ახლა გართულდება, უფრო გაგიჭირდება.

- პრობლემა არ არის.

- კარგად მომისმინე, სოფი. თუ ეგ ადგილი არ გაითავისე, ისე ვერ შეხვალ. უნდა გაუშინაურდე, უნდა შეიყვარო, სხვანაირად, ყოველთვის პრობლემა გექნება. ვერც წინ წაიწევ.

- ეგ ადრეც გითქვამს.

- შენ თავისუფალი ხარ შენს მოქმედებაში. უნდა მიხვდე, რომ არავინ არაფერს გაძალებს და ყველაფერს შენი სურვილით აკეთებ. მაშინ მოგეხსნება წნეხი.

- ვერ მოვასწარი ეგ.

- ადამიანს მოვალეობა აქვს, ვერსად გაექცევა. შენ შეგიძლია, სხვა მიმართულებით წახვიდე, მაგრამ მოვალეობას რა პასუხს გასცემ?

- ნელ-ნელა ვწყნარდები, მამა.

- ჰოდა, ძალიან კარგი. შენ თავისუფალი ხარ, სოფი. ამას იმიტომ აკეთებ, რომ გინდა. შენ ეს გინდა, შენ ეს გინდა... გაიმეორე გულში: მე ეს მინდა, მე ეს მინდა...

- სალაპარაკო არ გაგითავდეს, მამა.

- რა მითხარი?

- გავიმეორებ მეთქი... გავიმეორებ.

- თქვი, რომ აჯობებ შენს თავს.

- დიახ, მამა.

- თქვი, რომ აჯობებ შენს თავს!

- მე ვაჯობებ ჩემს თავს.

- გაიმეორე, სოფი!

- მე ვაჯობებ ჩემს თავს!

- ჰოდა, სწრაფად წადი, ინსტალაცია არ გართულდეს.

- მივდივარ უკვე.

- გეგონა, რომ ყვირილს დაგიწყებდი და მაგრად დაგირხევდი?

- შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

- მე კი წყნარად გელაპარაკე, სოფი, არ ელოდი ალბათ.

ტუ-ტუ-ტუ...

მობილური მაგიდაზე დადო. დარჩენილი მარტინი გადაკრა. სახე მოეჭმუხნა. გაიფიქრა: `რას ნიშნავს, აჯობო შენს თავს? ორი ვარ, თუ რა არის? მე სხვა ვარ და თავი სხვაა? ვინ არის ის მეორე, პირველს რომ უნდა აჯობოს?~

- მე მესმის შენი, - უთხრა ლიკამ, - უბრალოდ, სხვა გამოსავალი არა გვაქვს.

- გესმის არა, ის, - ჩაილაპარაკა სოფიმ და სახეზე ხელი მოისვა, - დავიწყებ მუშაობას და მერე შენ დედას თუ არ შევცემ, აგერ, ნახავ!

- დედაჩემი მკვდარია, სობი.

- ნუ გაატრაკე, მართლა?

- კაცი უნდა მუშაობდეს, სობი. კაცი მთავარია ოჯახში.

- ერთი ჭიქა მინდა კიდევ.

- მეტი არა.

სოფი გასასვლელისკენ იყურება. სულ რაღაც ხუთ წუთში უნდა ადგეს და იქ დაბრუნდეს.

- ამას იმიტომ არ ვაკეთებ, გამოსავალი რომ არ გვაქვს. ასე უნდა იყოს, ეს მოვალეობაა... რაღაც კუთხით, ეს ჩემი მოვალეობაა და მე უნდა მომწონდეს ჩემი საქმიანობა, - თქვა სოფიმ.

- მამამ დაგარიგა?

- მეც ვგრძნობდი. მე ვაჯობებ ჩემს თავს.

- სობი, მე ეჭვი არ მეპარება შენში.

- მართლა?

- მართლა, მიყვარხარ.

- მეც მიყვარხარ.

- რატომ იჭმუხნები, რამე ხომ არ გტკივა?

- გაზები დამიგროვდა მოულოდნელად, გაკუება მინდა ძალიან.

- გააკუე, მერე.

- აქ როგორ გავაკუო?

- მიდი, გააკუე.

- გარეთ გავალ.

- გინდა, საღეჭი რეზინა? - ჰკითხა ლიკამ.

- მოიტა.

შემდეგ სოფი წამოდგა და პიცერიიდან გავიდა.

 

 

ქუჩა გადაკვეთა. ეშინოდა, ვინმე სხვას არ დაეკავებინა მისი ადგილი და ამიტომ სწრაფი ნაბიჯით იარა. 15 წუთში ისევ ინსტალაციის შენობას მიადგა. სანამ შევიდოდა, გვერდზე გაიხედა და ლამაზი, პატარა ქუჩა დაინახა. ამ ქუჩას რომ გაჰყოლოდა, ზღვამდე მივიდოდა. ზღვა, გემები, თოლიები... ცას ახედავდა. იცით, როგორ ახედავდა ცას? გულაღმა დაწვებოდა და ისე. დაიძინებდა. გარეთ, ბუნებაში, ჩიტების ჭიკჭიკში ჩასთვლემდა. ქალის მკლავზე დაიძინებდა. გესმით, ქალის მკლავზე დაიძინებდა, ნამდვილი ქალის მკლავზე. არა, პირიქით, ქალი დაიძინებდა მის მკლავზე. ეს კი, მერე, გაღვიძებულს, კალთაში ჩაუდებდა თავს.

ტყე გაახსენდა. რამდენი ხანია, ტყეში აღარ უსეირნია ხეების ქვეშ. კინოშიც არ ყოფილა, დიდი ხანია. თუმცა, არა, კინოში ახლახან იყო... ხომ ხედავ, არც კი ახსოვს.

ეს ყველაფერი იქნება, მომავალში, - გაიფიქრა, - როცა სტაბილურობას მივაღწევ, დავმშვიდდები და გავიხსენებ, რომ სიცოცხლე მშვენიერია.

ნაცნობ სახეს მოკრა თვალი. ოღონდ ვერ გაიხსენა, საიდან იცნობდა. ის ტიპი მიუახლოვდა.

- რაღაც მინდა გითხრა, - დაიწყო ნაცნობმა.

- ვერ გიხსენებ, ვინ ხარ. მაგარი დაძაბული ვარ და თუ არ გინდა, ახლა ხელების ქნევა დავიწყო, შენი გზით წადი, რა.

ზურგი აქცია. კარზე დარეკა.

- მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდოდა, - თქვა ნაცნობმა.

- მიდი, მითხარი ერთი რამ, ოღონდ სისულელე არ იყოს.

- ის კაცი, ვინც შენ ცოცხალი გგონია - მკვდარია.

- აჰა, ხომ ხედავ: ერთი შანსი მოგეცი და სირობა მითხარი.

კარს არ უღებდნენ. თვითონ მიაწვა, ღია აღმოჩნდა. შევიდა. მიიხედ-მოიხედა, თუმცა, ეს უფრო მექანიკურად გააკეთა, შესასვლელში ისეთი სივიწროვე იყო, მიხედ-მოხედვას აზრი არ ჰქონდა.

პატარა დერეფანივით რაღაც გაიარა და იმ ოთახს მიადგა, ინსტალატორს სადაც ესაუბრა. ოთახი ცარიელი იყო.

გაიფიქრა, უკან ხომ არ დავბრუნდეო, მაგრამ უკან დაბრუნების შანსი არ იყო. ამიტომ წინ წავიდა, ინსტალაციის კარს მიადგა. გაღება არც უფიქრია, მხოლოდ მიაყურადა. გაურკვეველი საუბარი მოესმა დაბალ ხმაზე, სიტყვები ვერ გაარჩია, ერთი ადამიანი ლაპარაკობდა, მეორემ რამდენიმე სიტყვა ჩაურთო მხოლოდ.

ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, სოფიმ ფეხის ხმა გაიგონა და უცბად დაიხია უკან. კარიდან ინსტალატორი გამოვიდა.

ის ოდნავ შეყოვნდა, სახეზე არაფერი გამოხატვია.

- ჩემი ხმა გაიგონეთ? - ჰკითხა ინსტალატორმა.

- დიახ... ცოტათი.

- ესე იგი, კარი ბოლომდე ვერ იჭერს ხმაურს, - ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა.

მერე სოფის მეგობრულად გაუღიმა და თქვა:

- ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდით.

- გარეთ გასვლამ მიშველა. თავისუფლება კარგია, რასაც გინდა, იმას იზამ. დაძალებას შედეგი არ მოაქვს, უნდა გინდოდეს გაკეთება, - უპასუხა სოფიმ დაზეპირებული ტექსტი, - უნდა მოასწრო გააზრება, საკუთარი მოვალეობის დანახვა.

- გარეთ მყოფს უპირატესობა აქვს, მისთვის ყველა გზა ხსნილია, - თქვა ინსტალატორმა ისე, თითქოს პაროლზე პაროლით უპასუხაო.

- პატიებას გთხოვთ, გაუმართლებელი იყო ჩემი ქმედება.

- პირიქით, მე გთხოვთ პატიებას, - თქვა ინსტალატორმა და ცხვირსახოცი, რომელიც ხელში ეჭირა, ჯიბეში ჩაიდო, - სწორედ ძალადობაა გაუმართლებელი.

- მამაკაცი მარტო არ არის, მის უკან ოჯახია, სამშობლოა, მოვალეობაა.

- დიახ! - წამოიყვირა ინსტალატორმა, - ოჯახი პირველია!

ინსტალატორმა ხელი გაიშვირა. ისინი კვლავ მაგიდასთან მივიდნენ და შემოუსხდნენ.

- ჩაკეტილი სივრციდან გაქცევის ინსტინქტი ძალიან ძლიერია, და თანაც, ახსნადი ფენომენია, - თქვა ინსტალატორმა, - მაგრამ მე სხვა რამ მაოცებს: ადამიანების მანიაკალური სურვილი, ჩაკეტილ სივრცეში მოხვედრისა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ეს არ სურთ.

- მართლაც, უცნაურია.

- რაც არ უნდა დაუჯდეთ, მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდათ და სადაც, შეიძლება, არც არაფერი ესაქმებათ.

- ვხვდები...

- თანაც, მიაქციეთ ყურადღება, რაც უფრო უკრძალავენ სადმე შესვლას, მით უფრო ეტენებიან იქ.

- ამას რატომ ამბობთ? მე მგულისხმობთ?

- როგორ გეკადრებათ. რა თქმა უნდა, არა. თქვენი შემთხვევა თითქოს საწინააღმდეგო ხასიათს ატარებს: მე გეპატიჟებით - თქვენ კი უარზე ხართ.

- მე არ ვარ უარზე.

- მაშ ასე: უკრძალავ - გეტენება, ეპატიჟები - გაგირბის.

- რაღაც ქალურს ვგრძნობ ამაში.

- ცდებით, მამაკაცებშიც ვაწყდებით ასეთ ტენდენციას.

- გეთანხმებით...

- და რადგან, როგორც წესი, უფრო ხშირად არ გვიშვებენ, ვიდრე გვეპატიჟებიან - პირდაპირ მასობრივ შეტენვასთან გვაქვს საქმე.

- ახლა მიჭირს ბოლომდე ამაზე ფიქრი.

- თქვენ გენიალურ პროექტში იღებთ მონაწილეობას. და ვფიქრობ, თქვენთან  მიმართებაში ბოლომდე გულწრფელნი რომ ვიყოთ, მესამე კატეგორიას უნდა მიგაკუთვნოთ: ადამიანი, რომელიც ვერც ეტენება და ვერც გარბის.

- რა გამოუვალობაა! - წამოიძახა სოფიმ.

- საშინელი!

- შეიძლება, ასეთი კატეგორიაც იყოს: რომელიც ეტენება და თან გარბის?

- ო, რა საინტერესო კითხვაა. თუ დამცალდა, ვიფიქრებ ამ პარადოქსულ ფენომენზეც.

- ნუღარ გადავდებთ, მალე დავიწყოთ, - თქვა სოფიმ, - იმედია ინსტალაცია არ გაგირთულებიათ.

ინსტალატორს მზერა გაექცა კარისკენ.

სოფიც მიტრიალდა, კარს შეხედა. ისევ იქ იყო, არავითარი ცვლილება. ცოტა ხანს უყურა და ინსტალატორს შეხედა.

- ჩემს მოვალეობაში რა შედის?

- უნდა გეშინოდეთ, მეტი არაფერი, - უპასუხა ღიმილით ინსტალატორმა.

- რას ამბობთ!

- კარგი იდეაა. აქედან რომ გაიქეცით, მაშინ მომივიდა თავში: მნახველი შემოდის ინსტალაციის სანახავად, სადაც ხედავს ერთ მკვდარს და კიდევ ერთ ცოცხალს, რომელი შიშისგან კანკალებს.

- ნუ დამცინით, სისუსტე ყველას აქვს.

- ანუ ოთახში მკვდარია, რომელიც მოძრაობს და ის ცოცხალივითაა. და არის ცოცხალი, რომელიც მკვდარია შიშისგან.

- აღარ შევშინდები და ეგ გეგმა ჩაგეფუშებათ.

- შეშინდებით, როგორ არა. ინსატალაციას ისე გადავაწყობ, რომ უეჭველი შეშინდებით.

- არ ღირს ამის გაკეთება... თუ მაინცდამაინც შიში გინდათ, მე მას უბრალოდ გავითამაშებ.

- ალბათ ფიქრობთ, სოფლის თეატრში ხართ, არა? არაფერი შეგეშალოთ! აქ ყველაფერი ნაღდია. მკვდარი აქ მკვდარია, შეშინებული - შეშინებული.

- არა, გთხოვთ, ნუ გაართულებთ ინსტალაციას, - თქვა სოფიმ ხმადაბლა და მორჩილებით, - ძლივს შევეგუე ჩემს როლს.

- უკვე გავართულე, - თქვა ინსტალატორმა.

- რას ნიშნავს, გაართულეთ!

- ხომ გახსოვთ, გითხარით, ამ ბიჭთან ერთად კიდევ მისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ-მეთქი.

- დიახ, - ჩაილაპარაკა სოფიმ.

- ისინი მოიყვანეს, დანარჩენი სამი. გაიქეცით თუ არა, ეგრევე მოვაყვანინე. ინსტალაცია შევცვალეთ: ოთახში ოთხი გვამია.

ამას არაფრით ელოდა: გვამებით სავსე ოთახი. გული ძალიან აუჩქარდა, ტახიკარდია მექანიკურად დაეწყო. გულისცემას ყელში გრძნობდა. სახეზე გაწითლდა.

- ეს მეტისმეტია, - თქვა სოფიმ. ცოტაც და თავბრუსხვევა დაეწყებოდა.

- არც კი ვიცი, რა გირჩიოთ.

- რამე უნდა მირჩიოთ. მე მომზადებული მოვედი, მაგრამ ასეთი ცვლილებისთვის მოუმზადებელი ვარ.

- ვშიშობ, ვერაფერს შევცვლი.

- თქვენ შეიყვანეთ ისინი ოთახში? რატომ არ დამელოდეთ, ხომ მიხვდით, რომ დავბრუნდებოდი.

ინსტალატორმა მხრები აიჩეჩა.

- რა ამბავია, ოთხი მკვდარი?! - დაიყვირა მოულოდნელად სოფიმ.

- ნუ ყვირით!

სოფი წამოხტა. სკამი გადაყირავდა.

- აბა, ისტერიკის გარეშე! - დაიყვირა ინსტალატორმა.

სოფიმ მუშტი მოუღერა... მაგრამ ვის, ინსტალატორს, თუ მის მკვდრებს? იქნებ მამას, ან ცოლს?

- სკამი ააყენე, მალე! - დაიყვირა ინსტალატორმა, - ააყენე სკამი!

სოფიმ სკამი წამოაყენა და დაჯდა. ის მომწყვდეულ მხეცს დაემსგავსა.

- რა ამბავია, ოთხი მკვდარი ერთ პატარა ოთახში? - ჩაილაპარაკა გონებადაბინდულმა სოფიმ.

- ძველი თაობის მშიშარა არსება ხართ, მკვდრის დანახვისას რომ კანკალებდნენ. ახალგაზრდებისგან აიღეთ მაგალითი, მათ არაფრის ეშინიათ. ასეთი პერფორმანსები მათ საოცრად ახალისებთ. მათ დაძლიეს შიში. ეს გოტიკის ხანაა. მე მათ მხარეზე ვარ. მე მათ ვთავაზობ გარდაცვლილთა ინსტალაციებს, რომლებიც, მართალია, ჯერ პრიმიტიულად, მაგრამ მომავალში, უფრო რთულად იმოძრავებენ. ახლანდელმა თაობამ საოცრად გააფეტიშა სიკვდილი და ამით დაძლია შიში. ვფიქრობ, მომავალში სიკვდილის პირდაპირ რეპორტაჟებს ვიხილავთ რომელიმე გალერეადან. საოცარი იქნება პირდაპირი ჩართვა სუიციდის არენიდან.

- ადრე მომისმენია, ვიღაცა აკეთებდა ეგეთ რაღაცეებს და დაიჭირეს, - გაიბრძოლა სოფიმ.

- მაშ ასე, თქვენ ინსტალაციის ნაწილი იქნებით: შეშინებული ძველი თაობის წარმომადგენელი. მე არ მსურს თქვენი დაწყნარება.

- რატომ არის შიში სირცხვილი? ყველას ეშინია, ყოველ წამს ეშინია. უამრავი რაღაცის ეშინია. სამყარო ისეა მოწყობილი, შეუძლებელია არ შეგეშინდეს და ეს, ყველაზე ძლიერი ფენომენი, სირცხვილად არის მიჩნეული.

- დრო აღარ გვაქვს ფილოსოფიისთვის. ოთახში უნდა შეხვიდეთ.

სოფიმ შემოსასვლელი კარისკენ მიატრიალა კისერი.

- თუ კიდევ წახვალთ, ვეღარ დაბრუნდებით, - გააფრთხილა ინსტალატორმა. სწრაფად წამოდგა და თქვა:

- ახალი ინსტალაციის მოყოლას ვიწყებ.

სოფი ჩუმად იყო, კარს თვალი მოაშორა და მაგიდას დააცქერდა.

- გარდაცვლილი ბიჭის ადგილი უკვე იცი. ახლა, მომისმინე, დანარჩენები სად იქნებიან. მისი და, 17 წლის ქალიშვილი, იმ სავარძელში ჩავაჯინე, საწოლის ბოლოში რომ იდგა და ეს სავარძელი ფანჯრამდე მივაცურე. გოგონას თავი უვარდებოდა გვერდით და მე ის ფანჯარასთან, კედელზე ისე მივადებინე, რომ თითქოს ქუჩაში იყურება და ვიღაცის მოლოდინშია. მათი დედა ზამბარებიანი საწოლის ქვეშ დავმალე. რომ შეხვალ, ეგრევე ვერ დაინახავ. სიღრმეშია შეწეული და უნდა შეიხედო, რომ დაინახო. თვალები ღია ექნება. ლინზები ჩავუდგი, თვალის გაყოლება შეუძლია, როგორც პორტრეტს. ოჯახის უფროსი მამაკაცი კი შესასვლელ კართან იდგება ფეხზე, როგორც კი შეხვალ - შეეჩეხები. ხელი ექნება გამოწვდილი და თუ გინდა, ჩამოართვი, თუ გინდა - არა, შენი საქმეა.

- ვინ არიან ეს გარდაცვლილი ადამიანები, როგორ ახერხებ მათ მოყვანას და მათი სხეულებიდან ასეთი საშიში კომპოზიციების გაკეთებას?

- ეს ის ადამიანები იქნებიან, სიცოცხლეში ვისაც არ გაუმართლათ. ისინი თანახმანი იქნებოდნენ, მათ სხეულებს სიკვდილის მერე მაინც მიეღოთ მონაწილეობა რომელიმე გამოფენაში, რაიმე ჰეფენინგში. ადამიანები ჭკუიდან გადადიან, ისე სურთ პოპულარობა. ეს მათი ბოლო შანსია. `შანსი გახრწნამდე~ - მოგწონს, ასეთი ფორმულირება?

- თვითონ ხომ ვერაფერს გაიგებენ? მათთვის სულერთია.

- სამაგიეროდ, ახლობლები დატკბებიან. იტირებენ, იტირებენ და როცა მორჩებიან ტირილს და ვიშვიშს, მოვლენ აქ, გამოფენაზე და ხელოვნებას ეზიარებიან. აქ ფოტოებს გადაიღებენ, გაზეთებში დაწერენ. ცოცხლები თავიანთი მკვდრებით იამაყებენ, რომლებიც ხელოვნების ისტორიაში ჩაეწერებიან სამუდამოდ.

- მომიყევი მათი წარსულის შესახებ, მითხარი, რას აკეთებდნენ, რას წარმოადგენდნენ, რა უყვარდათ. იქნებ უფრო ადვილი იყოს მათთან ურთიერთობა.

- არაფერში წაგადგება. ხომ ხვდები, რომ არაფერში წაგადგება. სიკვდილთან ერთად მათი წარსულიც ქრება. უფრო სწორად, იმ წარსულს აღარ შეუძლია ამათი წარმოჩენა, ან გადარჩენა, ან პროტეჟე. Dდიდი-დიდი, საუკეთესო ადგილი რომელიმე პრესტიჟულ სასაფლაოზე, სულ ეს არის. გარდაცვლილი მაწანწალასი ისევე ეშინიათ, როგორც მკვდარი პროფესორის, ან მსახიობის. მე ისინი ხელოვნების ნიმუშებად ვაქციე. შეიძლება, ბევრი აღარ დამცალდეს, მაგრამ ჩემს წამოწყებულ საქმეს ბევრი გააგრძელებს.

ინსტალატორი ზურგიდან დაადგა სოფის თავზე.

- მაინც გსურთ, მათი წარსული ცხოვრების შეასახებ რამე დეტალი შეიტყოთ? - ჰკითხა.

- აღარ ვიცი.

ინსტალატორმა შარვლის ჯიბიდან მობილური ამოიღო. შიგნით ფოტო იპოვა უცბად და სოფის დაანახვა.

- ეს ქალი წევს საწოლის ქვეშ. წლოვანება 40 წელი. დღეს გადავუღე.

- აქ მხოლოდ საწოლი ჩანს, ქალს ვერ ვხედავ.

- გაადიდეთ... ქვემოთ, ხედავთ, საწოლის ქვემოთ მისი სახე ჩანს სიბნელიდან.

- თითქმის არ ჩანს...

- შეხედეთ, სახის ნაწილი უჩანს, აქეთ იყურება.

- თითქოს დავინახე: ნიკაპს ჰგავს და ქვედა ტუჩს.

- ის ცეკვავდა... ახალგაზრდობაში ცეკვავდა, საოცრად კოხტა სხეული ჰქონდა. 50 კილოგრამს იწონიდა. მკაცრ დიეტაზე იყო.

ინსტალატორმა მობილურში ახალ ფოტოს დაუწყო ძებნა და თან ლაპარაკს განაგრძობდა:

- მისმა ქალიშვილმა უცხო ენები იცოდა ძალიან კარგად, ბიჭს მათემატიკის ნიჭი აღმოაჩნდა. გოგონას ცისფერი თვალები ჰქონდა, ახლა კი ვეღარ გაიგებ, რა ფერისა აქვს. შეხედეთ.

ფოტოზე უკვე გარდაცვლილი გოგონას სახე ჩანდა.

- მართლაც, - ჩაილაპარაკა სოფიმ, - უცნაური გამოხედვა აქვს.

- კარგად ჩააცქერდით მის თვალებს.

უცბად, ოთახში, სადღაც კუთხეში ტელეფონმა დარეკა, სოფი შეხტა.

ინსტალატორმა ოთახი გადაჭრა და ყურმილი აიღო.

- ალო, თანამედროვე ხელოვნების გალერეაა? - გაისმა ქალის ხმა.

- დიახ, - უპასუხა ინსტალატორმა.

- ალო!

- დიახ, გისმენთ...

- არ ისმის თქვენი ხმა.

- ალო, გესმით ჩემი?

- ალო... არაფერი მესმის.

- ილაპარაკეთ, მე მესმის თქვენი...

- არაფერი ისმის...

გაითიშა.

- არ ესმოდა ჩემი ხმა რატომღაც, - თქვა ინსტალატორმა.

მერე სოფისკენ მიბრუნდა და უთხრა:

- მთავარ მაგისტრალზე მოდიოდნენ ძალიან სწრაფად, ბიჭი იჯდა საჭესთან. შემხვედრი ავტომობილი დაეტაკა... ნუ, როგორც ხდება ხოლმე. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილების დატაკება ჯოჯოხეთურ ხმას გამოსცემს. ეს რკინის ხმაა, სიკვდილის საუნდტრეკი. მანქანაში მყოფნი, შეიძლება, ასწრებენ კიდეც ახლობლების არაბუნებრივი მოძრაობების დანახვას. ისინი ინერციით წინ ვარდებიან და ტეხილი მოძრაობებით თავებს ურტყამენ სინქრონულად, ზოგი რას და ზოგი კიდევ რას.

სოფი ჩუმად იყო.

- აბა, დროა, მივიღოთ გადაწყვეტილება, - თქვა ინსტალატორმა.

- რა მევალება? - იკითხა სოფიმ.

ინსტალატორი ინსტალაციის ოთახში შევიდა და მალე ყუთით დაბრუნდა.  კოსმეტიკის ყუთი სოფის წინ დაუდო და უთხრა:

- აი, ამ ყუთში ტონები, პომადები, თვალის ფანქრები და სხვა კოსმეტიკაა. როგორც მხატვარი, შენ მათ გაალამაზებ, მოხატავ, ცოცხლებს დაამსგავსებ.

- გახსოვთ, იმ მკვდარზე რომ გიყვებოდით, ლაპარაკობდა-მეთქი. გამახსენდა, უკვე კუბოში ჰყავდათ ჩაწვენილი და სასაფლაოსკენ მიჰყავდათ, როცა ამ მკვდარმა წამოიწია და რაღაც თქვა იმ თავის გაუგებარ ენაზე. შეწუხებული ჩანდა ძალიან. იცოდა, რომ მკვდარი იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. გადმოიხედა ზემოდან, იმ ხალხს დააცქერდა, კუბოს ვინც ედგა ქვემოდან. ისევ უკან გადაწვა... ისევ წამოიწია, ადგილს ვერ პოულობდა. არავის შეშინებია, არავინ გაქცეულა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, ისე აკვირდებოდნენ ცხედრის მოძრაობას.

- ცოტა დრო გვაქვს, მალე მნახველები მოვლენ, - გააწყვეტინა ინსტალატორმა.

- სიმართლე მითხარით: დანარჩენები ჩემი წასვლის მერე არ მოგიყვანიათ... თავიდანვე აქ იყვნენ და მიმალავდით, არა?

- რაღა მნიშვნელობა აქვს?

- საკუთარ თავი რომ არ დავადანაშაულო, პირველივე ცდაზე უნდა შევსულიყავი-მეთქი. მაინც იქ დამხვდებოდნენ ოთხივენი.

- თუ ეს დაგაწყნარებთ, მაშინ გეტყვით, რომ ეგრე იყო, - გიმალავდით, - თავიდანვე ოთხივე აქ იყო. უბრალოდ, კომპოზიცია არ იყო ბოლომდე დასრულებული და არ ვიყავი დარწმუნებული, ოთხივე თუ მიიღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით, მამაკაცის ადგილის მოძებნა გამიჭირდა.

ინსტალატორი სოფისთან მივიდა და ხელი გამოსდო მკლავში.

- ადექით. მშვიდად. არაფერზე ინერვიულოთ.

კარისკენ წავიდნენ. ერთ ხელში სოფის კოსმეტიკის ყუთი ეჭირა.

გაჩერდნენ კართან. უკანკალებდა მუხლები მხატვარს და რა ექნა?

- თუ გინდა, შეიხედე, - ურჩია ინსტალატორმა, - ჯერ ჭუჭრუტანიდან შეიხედე.

სოფი დაიხარა და ჭუჭრუტანაში შეიხედა.

იქ იყო... ბიჭი დაინახა, მკერდზემოთ, ჭერში იყურებოდა...

ინსტალატორიც დაიხარა და სოფის ყურში ჩასჩურჩულა:

- ჩემი შვილია ეგ.

სოფი უცბად გასწორდა და ინსტალატორს შეხედა.

- ჩემი ოჯახია შიგნით, - თქვა ინსტალატორმა.

სოფი კედელს მიეყრდნო.

- ახლა, როცა შეიტყვეთ, რომ იქ ჩემები წვანან, ალბათ უფრო დამშვიდდით, არა? გამიგეთ, ძალიან განვიცდი, როცა ხალხს ჩემი მკვდრების ეშინია.

- კარი გამიღეთ, რა, - თქვა სოფიმ

- მინდა, ისე გავაკეთო, რომ მათი არავის ეშინოდეს. ხომ გაალამაზებთ ჩემს ოჯახს?

- კარი გამიღეთ! - თითქმის დაიყვირა.

- ახლავე, - ინსტალატორი კართან მივიდა და გამოაღო.

- ჩემი ფეხით ვერ შევალ, უკნიდან მომაწექით, არ გაგიძალიანდებით.

ინსტალატორი სოფის უკნიდან მიაწვა და ოთახში შეაგდო.

და სოფიმ დაინახა გარდაცვლილი ბიჭი ტახტზე... ბიჭმა თავი ნელა მოაბრუნა მისკენ და გულგატეხილმა თქვა:

- ყველაზე ძალიან კუბოში ჩაფენილი თეთრი ზეწარი მაშინებს.

სოფიმ უცბად მოაშორა თვალი ბიჭუნას და დაინახა გოგონა ფანჯარასთან...

სადღაც ზამბარიანი საწოლის ქვეშ ქალი იმალებოდა.

მხოლოდ მამაკაცი არ იდგა შესასვლელში.

- აქ მამაკაცი არ დგას! - წამოიძახა ფერწასულმა სოფიმ, თითქოს ამ დეტალის აღმოჩენით ინსტალაციას დაანგრევდა და წამებისგან გათავისუფლდებოდა.

- ბოდიშს გიხდით, - ჩაილაპარაკა ინსტალატორმა, სოფი გვერდით გასწია და ოთახში შევიდა, - აქ მე უნდა ვიდგე.

ინსტალატორი შესასვლელში გაჩერდა და გაშეშდა. ხელი გამოწეული დარჩა. თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ემჩნეოდა. სახე გასთეთრებოდა. ოჯახის მამის ადგილი ეკავა უკვე. მეოთხე გარდაცვლილი იყო.

და ინსტალატორმა ბურტყუნი დაიწყო გაუგებარ ენაზე, უკმაყოფილო იყო, მოწყენილი, დეპრესიული... სოფი ვეღარაფერს იგებდა მისი ნათქვამიდან, რადგან არაფერი ესმოდა იმ ბგერებისა და მარცვლებისა, ინსტალატორი რასაც გამოსცემდა. ოჯახის მამა თითქოს შესჩიოდა, ნახე რა დაგვემართა, ახლა როგორ უნდა ვიცხოვროთო.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE