ადამიანს სიმღერის მიხედვით ვერ ამოიცნობ


ადამიანს სიმღერის მიხედვით ვერ ამოიცნობ




თხუთმეტი წლის წინ,  სკოლას ვამთავრებდი, როცა ალბერტოპელაგუტი, ყოფილი მსჯავრდებული, პროფ.ორიენტაციის გაკვეთილზე პირველად ვნახე. სასწავლო წლის პირველი კვირა იყო და სულ ტესტებს გვიტარებდნენ, რომ ჩვენი უნარ-ჩვევები, ნაკლოვანებები, მიდრეკილებები და სულიერი თავისებურებები გაერკვიათ. კვირის ბოლოს, მისტერ რუსომ, პროფ.ორიენტაციის მასწავლებელმა, ჩვენი უნარ-ჩვევები დააჯამა, სისუსტეები გამოაკლო და გვაცნობა, რომელი პროფესია იყო ჩვენთვის შესაფერისი. მთელი ეს პროცესი მისტიურ, თუმცა, ამავდროულადმეცნიერულ ხასიათს ატარებდა. დღემდე არაჩვეულებრივად  მახსოვსპირველი ტესტი სახელად „თქვენი არჩევანი“:  „რა გირჩევნიათ, ეს, ის, თუ სულ სხვა რამ...“ ალბი პელაგუტი ჩემ უკან, მარცხენა მხარეს იჯდა და პირველივე გაკვეთილზე, ვიდრე ტესტს აქეთ-იქით ვატრიალებდი და  ერთ გვერდზე უძველეს სამარხებს დიდი რუდუნებით ჩავკირკიტებდი, მეორეზე კი სასამართლოში ბრალდებულებს გააფთრებით ვიცავდი, ალბი ხან ვეზუვის ლავასავით ფუვდებოდა, ამოიფრქვეოდა და მერე ჩამშვიდდებოდა, ხანაცოხვრა-ხვნეშით აქეთ-იქით ირწეოდა. თუმცა, თუ არჩევანს აკეთებდა, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იყო. კარგად მესმოდა, მისი ფანქარი რა შეუპოვრადსვამდა ნიშანს იმ პროფესიის გრაფაში, რომელიც თავისთვის ყველაზე შესაფერისად მიაჩნდა. მისი წვალება ადასტურებდა იმ ლეგენდას, რომ ის, ჩვიდმეტი წლის,  ის-ის იყო, ჯემსბერგსის კოლონიიდან გამოვიდა, ჩვენი სკოლა მისთვის რიგით მესამე იყო და  მეცხრე კლასში მესამე წელი სწავლობდა.

შუა გაკვეთილზე მისტერ რუსო კლასიდან გავიდა.

- გავალ, წყალს დავლევ. არ იჩქაროთ, ბიჭებო. -გვითხრა და კარი მიიხურა.

 

რუსო ყოველთვის ცდილობდა,  ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის გულწრფელი ადამიანი იყო და სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, როცა კლასიდან წინა კარიდან  გავიდოდა, უკანა კარიდან არ გვითვალთვალებდა და თუ წყლის დასალევად მიდიოდა, უკან სველი ტუჩებით ბრუნდებოდა, ხოლო როდესაც ტუალეტიდან შემოდიოდა, ხელებზე საპნის სურნელი ასდიოდა.

 

როგორც კი რუსოს შავი ფეხსაცმელი ჭრაჭუნით გაუყვა მარმარილოს იატაკს, ხუთი მსუქანი თითი მაშინვე მხარში ჩამაფრინდა. მოვტრიალდი და ხელში პელაგუტი შემრჩა.

- რა გინდა?   - ვკითხე.

- ოცდამეექვსე ნახე,  პასუხი რა არის?

სიმართლე ვუთხარი:

- ნებისმიერი.

პელაგუტი წამოდგა და ზემოდან დამაჩერდა. ნამდვილი ჰიპოპოტამი იყო: დიდი, შავი და სუნიანი; სახელოები ისე ჰქონდა აგორგოლავებული, თითქოს წნევას იზომავსო,რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმ წუთას ცას წვდებოდა.

- პასუხი მითხარი!

სასწრაფოდ გადავფურცლე წინა სამი ფურცელი და ოცდამეექვსე ნომერი გადავიკითხე:

26. რომელს ანიჭებთ უპირატესობას: 1) დაესწროთ საერთაშორისო სავაჭრო კონფერენციას; 2) დაკრიფოთ ალუბალი; 3)წიგნები წაუკითხოთავადმყოფ მეგობარს; 4) შეაკეთოთ ავტომობილის ძრავა;

 

ალბის ცივად შევხედე  და მხრები ავიჩეჩე.

 

- რა მნიშვნელობა აქვს, აქ სწორი პასუხი არ არსებობს. ოთხივე გამოდგება.

ამაზე ალბი ლამის ჩემ მერხზე გადმოფრინდა.

- ნუ მაბოლებ! პასუხი თქვი!

                                                                

კლასში ყველა თავი ჩვენკენ შემობრუნდა. ოთახი აივსო თვალებმოწკუპული მზერებით, სისინით, ხითხითით და უცებ თავში დამარტყა, რომ შესაძლოა, სველტუჩიანი რუსო ყოველ წამს დაბრუნებულიყო და სასწავლო წლის პირველივე დღეს კარნახში ან გადაწერაში დაედო ბრალი. ისევ შევხედე ოცდაექვს ნომერს, მერე ალბის.

- მესამე.  წაუკითხოთ წიგნები ავადმყოფ მეგობარს. - ვუთხარი.

 

ვულკანი  დაშოშმინდა და მე და ალბიმ ერთმანეთი გავიცანით.

 

* * *

 

დავმეგობრდით. მას მერე სულ ჩემთან იყო: ტესტების დროს, საუზმეზე, გაკვეთილების შემდეგ. გავიგე, რომ ალბიმ, მანამდე ყველაფერი მოასწრო, რაც მე, მორჩილ ბავშვს, არც მომლანდებია: ჩემთვის უცნობ რესტორნებში ჰამბურგერს ჭამდა; ზამთარში ცივი შხაპის შემდეგ, სველი თავით გარეთ დასეირნობდა; სასტიკად აწვალებდა ცხოველებს, საეჭვო ხალხს იცნობდა, ქურდობდა, რისთვისაც დაიჭირეს და აზღვევინეს კიდეც. თუმცა,ერთხელ, როცა ჩვენი სკოლის წინ მდებარე ტკბილეულობის მაღაზიაში ჩემი ლანჩის კონტეინერი გავხსენი, მითხრა: „მორჩა, ჭკუა ვისწავლე, სწავლას მივაწვები, მე...“ -  და აქ, მგონი, ის ფრაზა ჩააკვეხა მიუზიკლიდან, წინა დღეს რომ ნახა, მაშინ, როდესაც დანარჩენი კლასი ინგლისურზე ვისხედით:  – „ყველა ღონეს ვიხმარ, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო.“

ერთკვირაში, როდესაც რუსომ ტესტის შედეგები გამოგვიცხადა, აღმოჩნდა, რომ თურმე ალბი არათუ წინ მიიწევდა, არამედ უცნაურ და მშვენიერ გზასაც ადგა. რუსო თავის მაგიდასთან იჯდა,  ტესტები კი, რაღაც დიაგრამებისა და ცხრილების ფონზე, წინ საბრძოლო მასალებივით ეწყო და ჩვენს ბედს რიგრიგობით ხსნიდა. შედეგების მიხედვით, მე და ალბის იურისტობა გვიქადდა.   

ყველა იმ ამბიდან, რაც ალბიმ გამანდო, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ერთი ფაქტი აღმოჩნდა. ტვინიდან მაშინვე ამიორთქლდა სიცილიის იმ ქალაქის სახელი, სადაც ის დაიბადა, ასევე, მამამისის პროფესიაც (ყინულთან იყო დაკავშირებული, აკეთებდა თუ დაატარებდა), დამავიწყდა მის მიერ გატაცებული მანქანების გამოშვების წლები და მოდელები, მაგრამ გონებაში ღრმად ჩამებეჭდა, რომ ის კოლონიაში ბეისბოლის ვარსკვლავი იყო. ამიტომ, როდესაც მისტერ ჰოფერმა, ფიზ.კულტურის მასწავლებელმა ჩვენი კლასის სოფტბოლის გუნდის კაპიტნად დამნიშნა (სოფტბოლს ბეისბოლის ჩემპიონატის ბოლომდე ვთამაშობდით, შემდეგ კი  ფეხბურთზე გადავდიოდით), გადავწყვიტე, პელაგუტი ჩემს გუნდში ამეყვანა - თავისი ხელებით ბურთს კილომეტრზე გადაისროდა.   

იმ დღეს, როდესაც გუნდებს ვადგენდით, გასახდელში, ვიდრე ფორმას ვიცვამდი- მაისური, ხაკისფერი შორტები, ბანდაჟი, სქელი წინდები, კედები, -ალბი წრეებს მივლიდა. თვითონ უკვე გამოეცვალა: ხაკისფერი სპორტული შორტების ქვეშ ბანდაჟი არ ეცვა, სამაგიეროდ, სამი ინჩით გრძელი, ჩამოჩაჩული იისფერი ტრუსები მოუჩანდა. მაისურის ნაცვლად ჩვეულებრივი ქვეშჩასაცმელი უმკლავებო მაისური, ხოლო ფეხზე კუპრივით შავი კედები და თხელი, გვერდებზე ისრებამოქარგული თხელი აბრეშუმის წინდები ეცვა. ალბათ ასე გამოიყურებოდა მისი შორეული წინაპარი, კოლიზიუმში ლომს სისხლის ბოლო წვეთამდე რომ ებრძოდა.  რა თქმა უნდა, მისთვის არ მითქვამს, მაგრამ ჩაცმულობა მას ღირსებას ნამდვილად არ მატებდა.

ვიდრე გასახდელიდან ბნელი მიწისქვეშა გვირაბით სექტემბრის მზით გაბრდღვიალებულ მოედანზე გავდიოდით, ენა არ გაუჩერებია:

- სულ პატარა რომ ვიყავი, სპორტს არ ვეკარებოდი, აი, კოლონიაში კი დავიწყე თამაში და ბეისბოლი ეგრევე გამომივიდა.

თავი დავუქნიე.

- პიტ რეიზერი რა მაგარია, არა? - მკითხა.

- ძალიან.

- და ტომი ჰენრიჩი?

- ჰო, მგონი მთელ გუნდს მაგის იმედი აქვს.

მე, როგორც „დოჯერების“ ფანს, რა თქმა უნდა, რეიზერი მერჩივნა „იანკების“ ჰენრიჩს, ამას გარდა, ჩემი უცნაური გემოვნების ბრალი თუ იყო, რომ რეიზერმა, არაერთხელ რომ შეხლია კედელს ბურთის დევნაში, ჩემი გულის კუპერთაუნისთვის* განკუთვნილ ნაწილში გამორჩეული პრიზი დაიმსახურა.

- მე მაინც იანკები მიყვარს. - თქვა ალბიმ.

 

ვერ მოვასწარი, მეკითხა,ამით რას გულისხმობდა, რადგან ამ დროს მაღალმა, მუდამ მოღიმარმა,  ბრინჯაოსფერმა მისტერ ჰოპერმა მონეტა ააგდო. მე თავი ავწიე, მონეტამ მზეზე გაიბრწყინა, და მე დავიყვირე:

- ალჩუ!

 მონეტა თოხანზე დაჯდა და მოთამაშეების არჩევა მეორე კაპიტანმა დაიწყო. გული გამისკდა, როცა მან ალბის დაბერილ მკლავებს დაუწყო თვალიერება, მაგრამ მალევე დავწყნარდი, როცა გვერდით ჩაუარა და გამხდარი ბიჭი აირჩია. მაშინვე წამოვიყვირე:

- პელაგუტი ჩემია.

იშვიათად წააწყდება ადამიანი ისეთ ღიმილს, რომელიც ამის გაგონებაზე ალბის სახეზე გადაეშალა: თითქოს ის სამუდამო პატიმრობიდან ვიხსენი. 

 

* * *

 

თამაში დაიწყო. მე, რადგან ცაცია ვარ, შორთსტოპის პოზიციაზე დავდექი, ალბი - ცენტრში, მე მეორე ბეთერი ვიყავი, ალბიმ კი, მეოთხე ვიქნებიო, ითხოვა. იმათმა პირველმა ბეთერმა პირველივე დარტყმა ჩააფლავა:აუტში ისროლა, მეორემ მაღალი დაარტყა და ბურთი  ცენტრისკენ გაფრინდა. როგორც კი დავინახე,ალბი ბურთს როგორ გაეკიდა, მაშინვე მივხვდი, რომ პიტ რეიზერი და ტომ ჰენრიჩი მხოლოდ გაგონილი თუ ჰქონდა და რაც ბეისბოლზე იცოდა, წინა საღამოს ჰქონდა გაზუთხული. ვიდრე ბურთი ჰაერში ეკიდა, ალბი მის ქვეშ ხელებაწეული ხტოდა  და ხელისგულებს ერთმანეთს უბათქუნებდა, თითქოს პეპელა იყო და ფრთებს ცემდა, რომ როგორმებურთი თავისკენ მოეხმო.  

- აქეთ, აქეთ, - შეჰყვიროდა ცას, - აქეთ-მეთქი, ნაბიჭვარო... - და ფეხებს ზევით-ქვევით ისე აქნევდა, თითქოს ველოსიპედს მიაქროლებსო.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ისე ნელა არ მოვკვდები, როგორც ის დაწყევლილი ბურთი ვარდებოდა. ბურთი ჰაერში დაუსრულებლად  ეკიდა, ალბი კი მის ქვეშ როკავდა. როგორც  იქნა, ბურთი დაეშვა დაპირდაპირ ალბის დაასკდა მკერდზე. შემტევს ამ დროს ორი წრე დასრულებული ჰქონდა, და მესამეს იწყებდა, ალბი კი ადგილზე ტრიალებდა და წინ გამოწვდილ ხელებს ზემოთ-ქვემოთ იქნევდა, თითქოს საბავშვო ბაღშია და  უხილავ ბავშვებთან ერთად ცეკვავს და მღერისო.

- უკნიდან, პელაგუტი! - ამოვიხავლე მე.

- ჰა? - ადგილზე გაიყინა ალბი.

ცენტრისკენ გავვარდი.

- უკან მეთქი! -  როცა რანერმა მესამე წრე დაასრულა, ალბისთან ვიდექი, რომ ამეხსნა, რა გაეკეთებინა.

საბოლოოდ, სამარცხვინოდ წავაგეთ და ეს, რა თქმა უნდა, ალბის დიდი დამსახურება იყო.

 

ვიცი, ნამდვილი მაზოხიზმია, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვწერო,როგორ  ურტყამდაბურთს ალბი. თავიდან ის პიჩერის წინ იდგა, მერე, როცა ბურთისთვის უნდა დაერტყა, ციბრუტივით ტრიალებდა და  გვერდიდან კი არა, ზემოდან უტყამდა, თითქოს პალოს მიწაში აჭედებსო. არც კი იფიქროთ, მკითხოთ, ცაცია იყო თუ არა, აზრზე არ ვარ! 

გასახდელში კრინტი არ დამიძრავს. ვიცვლიდით, თვალის კუთხიდან პელაგუტის ვაკვირდებოდი და შიგნეულობა მიდუღდა. თავისი იდიოტური შავი კედები გაიძრო და ვარდისფერი მაისური გადაიცვა. შორტი არც გაუხდია, ისე ჩაყო ფეხები ნაცრისფერ შარვალში და წელამდე ძლივს ამოიქაჩა. ვხედავდი, წვივებზე, მუხლებზე და ბარძაყებზე იმ ადგილებს, რომლებზეც თამაშის დროს ბურთები მოხვდა და ალისფრად უელავდა, შარვალი თანდათან როგორ უფარავდა.

ბოლოს მაინც ამომასხა:

- იდიოტო პელაგუტი,  რეიზერს ზედ რომც შეასკდე,ვერც კი იცნობ!

 

ალბი შებრუნდა,კედები კარადაში შეჩურთა და არაფერი უთქვამს. მის უკიდეგანო ვარდისფერმაისურიან  ზურგს შევყვირე:

- რას იტყუებოდი,  ციხის გუნდში ვთამაშობდიო?

 

ალბიმ რაღაც წაიბურტყუნა.

- ჰა? - დავუყვირე.

- ვთამაშობდი. - ისევ წაიბურტყუნა.

- აბა რა, დაგიჯერე!

 

მომიბრუნდა და მრგვალი შავი თვალებით ავად მომაჩერდა.

- ვთამაშობდი!

- წარმომიდგენია, რა გუნდი იქნებოდა!

 

გასახდელიდან ისე გავედით, კრინტი არ დაგვიძრავს. პროფ.ორიენტაციაზე ავდიოდით და გზად  მისტერ ჰოპერის კაბინეტს ჩავუარეთ. კარი ღია იყო,მასწავლებელმათავი აწია და თვალი ჩამიკრა, აი, მესმის, მოგიხერხებია და ნამდვილი გენიოსიგადმოგიბირებიაო! - გავცოფდი, როგორ დავუშვი, რომ ეს გამოშტერებული ბეისბოლის ვარსკვლავი იქნებოდა? მისტერ ჰოფერმა ლამპიონივით თავი ისევ მაგიდაში ჩარგო. 

- ახლა მთელი სეზონი უნდა გათრიო! - დავუყვირე პელაგუტის.

ალბი ჩემ წინ ხარივით მიიზლაზნებოდა, მხოლოდ კუდი აკლდა ბუზების მოსაგერიებლად. მისი სიზანტე უფრო და უფრო მაგიჟებდა.

- ჩვეულებრივი აფერისტი ხარ!

 

როგორცშეეძლო, ისე  სწრაფად შემობრუნდა:

- შენ ვინ უნდა ათრიო? - დაიღრიალა.

 

დერეფანში კიბესთან ვიდექით, კედელთან კარადებიიყო ჩამწკრივებული. კიბეზე ამომავალი ბიჭები გაჩერდნენ და მოგვაშტერდნენ.

- არავისაც არ ათრევ, ლაწირაკო!

და ბანჯგვლიანი მუშტი დავინახე, პირდაპირ პირისკენ რომ მოექანებოდა. გვერდზე გავიწიე, მაგრამ დავაგვიანე და ჩემივე ყბის ხრჭიალი მომესმა. სხეულის შუა ნაწილი უკან გადამიქანდა, თავი და ფეხები კი წინ და ვიდრე ხელებით მარმარილოს  გაყინულ იატაკს მოვეჭიდებოდი, ასო с -სავით მოკაკვული, ასე, 5 მეტრით უკან გადავვარდი. ალბიმ გვერდი ამიარა და პროფ.ორიენტაციის კაბინეტში შევიდა.  წამოვიწიე და დავინახე, როგორ შედიოდა იმავე კაბინეტში მისტერ რუსოს შავი ფეხსაცმელიც. მტკიცებას ვერ დავიწყებ,  მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსომ დაინახა, როგორ მომადო ალბიმ. არავის, მათ შორის, არც მე და არც ალბის,  ეს შემთხვევა არასოდეს გვიხსენებია. შეიძლება,  არვიყავი მართალი, როცა ალბის მარტყუარავეძახე, რა ვიცი, იქნებ მართლაც ბრწყინავდა ბეისბოლში, თუმცა, სად და რომელ გუნდში, ეს უკვე სხვა საქმეა.  

შედარებისთვის დიუკ სკარპას მოვიყვან, ისიც ყოფილი მსჯავრდებული იყო და ჩვენთან  იმავე წელს გადმოვიდა. სხვათაშორის,  დიუკიც და ალბიცჩვენ რაიონში კი არა, ნიუარკის მეორე ბოლოში, „ქვედა ყელში“ ცხოვრობდნენ.  მას შემდეგ, რაც ალბი ორი, ხოლო დიუკი ოთხი სკოლიდან გამოაგდეს, განათლების საბჭომ ისინი ჩვენთან გაანაწილა.  საბჭო, მარქსის არ იყოს, იმედოვნებდა, რომ მაღალი კულტურა შთანთქავდა დაბალს.  

ალბი და დიუკი განსხვავდებოდნენ: თუ ალბიმ გამოსწორება გადაწყვიტა, თითქოს უძვლო, გრაციოზულ, ჩუმჩუმელა დიუკს ეტყობოდა, რომ კიდევ რაღაცას გეგმავდა. ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდათ, მაგრამ დიუკი მე და ალბის სულ კუდში დაგვყვებოდა. მგონი, იმიტომ, რომ იცოდა - ალბი ვერ იტანდა, რადგან კარგად იცოდა, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. მას კი ასეთიადამიანი ერჩივნა იმას, ვინც ვერ გიტანს მხოლოდ იმიტომ, რომშენი არ ესმის. თუ ალბი ჰიპოპოტამს მაგონებდა, ან ხარს, დიუკს  უფრო რეპტილია ეთქმოდა. მე? აზრზე არ ვარ, მე ვინ შეიძლება ვყოფილიყავი, ცხოველის დანახვა სხვაში უფრო ადვილია.

შუადღისას, ლანჩის დროს, მე და დიუკი სასადილოს წინ დერეფანში ვსპარინგობდით ხოლმე. მართალია, დიუკი ილეთების აზრზე არ იყო, და ვერც დალურჯებებს იტანდათავის მუქ კანზე, მაგრამ ისეთი ხალისით მოძრაობდა, იხვეოდა, იშლებოდა, და  ხტოდა, რომ დარწმუნებული ვარ, გადამიხდიდა კიდეც იმისთვის, რომ ჩემთან უხსენებლის როლის თამაშის საშუალება ჰქონოდა. მაჰიპნოზებდა, რაღაც ძალიან სათუთს ეხებოდა ჩემში - იქ, სადაც ალბი პელაგუტი ეძებდა და ექაჩებოდა, - მე ვიტყოდი, უფრო მგრძნობიარეუხილავ ძაფს, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.

ახლა მეჩვენება, რომ ალბი ანგელოზი გამოვიყვანე. ამიტომ, გიამბობთ, რა დღეში ჩავაგდეთ მისტერ რუსო.

რუსოს ისე სწამდა თავისი ტესტების, როგორც მის ემიგრანტ მშობლებს (და ალბათ თვითონაც) სწამდათ პაპის უცოდველობის. თუ ტესტებმა აჩვენეს, რომ ალბი ადვოკატი უნდა გამოსულიყო, გამოვიდოდა კიდეც. ალბის წარსული თითქოს ამ ვარაუდს უმტკიცებდა: როცა მასზე მიდგებოდა საქმე, რუსოს თვალები იმედით უბრწყინავდა, სჯეროდა, რომ ბიჭს იხსნიდა. სექტემბერში მან ალბის ოლივერ უენდელ ჰოლმსის ბიოგრაფია მისცა წასაკითხად, ოქტომბერში საწყალი  მთელი კლასის  ექსპერტად გამოაცხადა, ნოემბერში კი კონსტიტუციის შესახებ თხზულების დაწერა დაავალა, რომელიც საბოლოოდ მე დავუწერე. დეკემბერში პელაგუტის საბოლოო დამცირების დრო დადგა - მისტერ რუსომ, მე, ალბი და კიდევ ორი, ტესტების მიხედვით, იურიდიული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე, ნამდვილი იურისტების სანახავად ესექსის საოლქო სასამართლოში გაგვამწესა.     

ცივი და ქარიანი დილა იდგა და როდესაც სიგარეტის ნამწვები სასამართლოს წინ, მოედანზე აღმართულ ლინკოლნის ძეგლს მივაყარეთ და ცემენტის გრძელ თეთრ კიბეს ავუყევით, უცებ ალბი მობრუნდა და უკან, მარქეთ-სთრითისკენ დაადო თავი. დავუყვირე, მან კი გამომძახა, ყველაფერი უკვე ნანახი მაქვსო და გაიქცა,ხოლო უკან პოლიციელი კი არა, საკუთარი წარსული მისდევდა. მისი აქ გამოგზავნის გამო, ის რუსოს სულელად არ თვლიდა, არა, საამისოდ მასწავლებლებს დიდ პატივს სცემდა, თუმცა,ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ რუსომ აქ იმისთვის გაგზავნა, რომ უნდოდა, მთელი არც ისე უნაკლო წარსულიმისთვის ცხვირში ამოედინა. 

სწორედ ამიტომ, მეორე დღეს, ფიზ.კულტურის გაკვეთილის შემდეგ, ალბიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა - ეს იყო მისი პირველი უკანონო ქმედება მას შემდეგ, რაც გამოსწორების გზას დაადგა. მან მოკლედ გამაცნო საბრძოლო გეგმა და სხვა მოსწავლეებისთვის მისი ზრახვების გამხელის წინადადებაც შემოიტანა. მასსა და დისციპლინირებულ, უმწიკვლო წარსულის მქონე თანაკლასელებს შორის შუამავლის როლი მე მერგო. ამიტომ, კართან დავდექი და ყოველ შემომსვლელს საიდუმლოდ ვამცნე: „თერთმეტის თხუთმეტი წუთის შემდეგ, როგორც კი რუსო დაფისკენ შებრუნდება, დაიხარე და ფეხსაცმელზე თასმების შეკვრა დაიწყე.“ თუ რომელიმე თანაკლასელი გაოგნებული სახით შემომხედავდა, მაგიდასთან აზვირთულ პელაგუტიზე ვანიშნებდი. ამის შემდეგ, ბავშვის სახიდან გაოგნებული გამომეტყველება ქრებოდა და თანამზრახველიც გვემატებოდა. ერთადერთი, ვინც ვერ ავიყოლიეთ, დიუკი აღმოჩნდა.  მან მომისმინა და ისეთი სახით მომაჩერდა, თითქოს მას თავისი ბანდა ჰყავდა, ხოლო ჩემს ბანდაზე კი არაფერი გაუგია. 

როგორც იქნა, ზარი დაირეკა. მე კარი მივხურე და ჩემი მერხისკენ წავედი. შემდეგ დაველოდე, როდის მივიდოდა დიდი ისარი სამამდე; როგორც იქნა, ის წამიც დადგა, როცა რუსო დაფისკენ შეტრიალდა, რომ ალუმინის წარმოებაში დასაქმებული მუშების ხელფასის გრაფიკი დაეხაზა. მე თასმებისკენ დავიხარე და მერხების ქვეშ ამობრუნებული მოღიმარი სახეები დავინახე. ჩემს უკან მარცხენა კუთხეში ალბი  რაღაცას ჩურჩულებდა. ის თავის შავ აბრეშუმის  წინდებს ისწორებდა და  გაურკვეველი, სიცილიურიგანრისხებული ჩურჩული სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა.  დიალოგი პირდაპირ მასსა და რუსოს შორის მიმდინარეობდა. თავში სისხლი ამივარდა და საფეთქლებზე მომაწვა, თითებით ზონრებს ვიხსნიდი და ვიკრავდი; დაფისკენ გავიხედე, რუსოს ფეხები კლასისკენ შემობრუნდნენ. და რა სანახაობა გადაეშალა რუსოს!- იქ, სადაც ოცდახუთი სახე დატოვა, მხოლოდ მაგიდები დახვდა.

- გეყოფათ, - გაისმა მისი ხმა, - საკმარისია, ნორმალურად დასხედით.

ამ დროს ალბის ხმამ სისხლით სავსე ყველა ყური მიწისქვეშა ნიაღვარივით წალეკა:

- არ გამოხვიდეთ!

რუსო ისევ მოითხოვდა სკამებზე სწორად დავმსხდარიყავით. არ ვინძრეოდით, ვიდრე ალბიმ არ გვიბრძანა. შემდეგ კი, მისივე ბრძანებით სიმღერა შემოვძახეთ:

            „ნუ დაჯდები ვაშლის ხის ქვეშ

სხვასთან ერთად,

სხვასთან ერთად,

სხვასთან ერთად,

ოჰ, არა, არა, ნუ დაჯდები ვაშლის ხის ქვეშ...“ **

და მუსიკის ნაცვლად, ტაშს ვუკრავდით. ღმერთო! რა ხმაური ატყდა!

მისტერ რუსო უძრავად იდგა და დაბნეული სახით გვისმენდა. მას კარგად გაუთოვებული ლურჯი ზოლიანი კოსტუმი ეცვა, ღია ყავისფერ ჰალსტუხზე კოლის თავი ეხატა, რომელზეც ქინძისთავი ეკეთა, ინიციალებით პპ. ფეხზე ჭრაჭუნა შავი პრიალა ფეხსაცმელი ემოსა. ჩემს წინ იდგა მისტერ რუსო, რომელსაც  სისუფთავის, პატიოსნების, პუნქტუალურობისა და წინასწარ დაგეგმილი ბედის სჯეროდა, სჯეროდა მომავლის და პროფესიული ორიენტაციის!  ხოლო ჩემს გვერდით, ჩემს უკან, ჩემს შიგნით, ჩემს ირგვლივ ყველგან  ალბი იყო! ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ, ალბიმ და მე, გული სიხარულით მიცემდა: „ნუ დაჯდები ვაშლის ხის ქვეშ სხვასთან ერთად...“ გუგუნებდა ალბის ხმა. მერე ვიგრძენი, რომ გარს კიდევ ერთი, სქელი, ყველაფრის წამლეკავი ხმა შემომერტყა, რომელიც დიუკისგან მოდიოდა -  ტაშს ისიცჩვენთან ერთად,ტანგოს რიტმში უკრავდა.

რუსო გრაფიკს მიეყრდნო, შემდეგ სავარძელთან მივიდა და მასზე უსიცოცხლოდ დაეშვა, - ისე ღრმად, თითქოს უძირო ყოფილიყო, -  თავისი დიდი თავი მაგიდაზე დაუშვა, მხრები კი სველი ქაღალდის კიდეებივით ჩამოყარა. აი, აქ ალბიმ გამანადგურებელი იერიში მიიტანა. მან სიმღერა შეწყვიტა. ჩვენც გავჩერდით. სიჩუმეში რუსომ თავი ასწია. შავი შესიებული თვალებით ჩვენს წინამძღოლს, ალბერტო პელაგუტის შეხედა. მანნელ-ნელა თავის ქნევა დაიწყო. უკვე ალ-კაპონე კი არა, გარიბალდი იყო! რუსო იცდიდა; მეც ვიცდიდი; დანარჩენებიც იცდიდნენ;  ალბი ზოზინით წამოდგა და ყველამ გავიგონეთ:

“Oh, say can you see, by the dawn’s early

light, what so proudly we hailed— ”***

სრულიად განადგურებულმა მისტერ რობერტ რუსომ წელი ძლივს აითრია და  როგორღაც ფეხზე წამოდგა. ჩემს უკან პელაგუტის დამანგრეველი ბანი გრგვინავდა

და დავინახე, დიდი შავი წამწამებიდან როგორ უცვიოდა ცრემლები რუსოს და თან ტუჩებს გაჭირვებით ამოძრავებდა.

“the bombs bursting in air, gave

Proof - ”***

ღმერთო, რა ვიმღერეთ!

 

* * *

 

იმავე წლის ივნისში ალბი ჩვენი სკოლიდან გადავიდა - პროფ.ორიენტაციის გარდა ყველა საგანში ჩაიჭრა. თუმცა, ჩვენი მეგობრობა, უკიდეგანო ოკეანეში აღმა-დაღმა მოცურავე ეს ყოვლად უცნაური გემი, მანამდე რამდენიმე თვით ადრე დაიმსხვრა. ეს ამბავი მარტში მოხდა, დიდი დასვენების დროს, კაფეტერიის წინ დერეფანში, სადაც მე და დიუკი ტრადიციულად, ვსპარინგობდით. ალბი დიუკს აღარ ემტერებოდა, მას შემდეგ, რაც დიუკმა მისი კეთილგანწყობა საერთო გუნდში თავისი მელოდიური  ხმის შეერთებით მოიპოვა. იმ დღეს ალბიმჩვენი  ორთაბრძოლის მსაჯობა ითავა:გვაშველებდა,  წელს ქვემოთ დარტყმების გამო შენიშვნებს გვაძლევდა, დიუკს ქამარზე ექაჩებოდა - მოკლედ რომ ვთქვა, სრულ ნეტარებას განიცდიდა. მახსოვს, რომ დიუკი ჩემსკენ მოვითრიე და თირკმელებზე მუშტები მსუბუქად დავაყარე, ის კი პირდაპირ ჩემს ყურთან გმინავდა.  უკნიდან მზე დანათოდა და მის სინათლეზე დიუკის აბურდული თმა გველების ბუდეს წააგავდა. დიუკი უკნიდან ჩავბღუჯე, მან ფართხალი დაიწყო, მის გველებივით თმას თვალს ვერ ვაშორებდი და უცებ, ალბირატომღაც ჩვენს შორის ჩადგა და აქეთ-იქით გადაგვყარა. დიუკმა მოახერხა და  გვერდზე გადახტა, აი, მე კი ფანჯარასთან მივფრინდი და მუშტებით შუშას მივეჯახე. ერთ წამში, გონებამახვილი, ყოველთვის მართალი  ბავშვების ხროვა სასადილოდან ღეჭვა-ღეჭვით გამოვარდა და გარს შემომეხვია.თითს ყველა ჩემკენ იშვერდა და დამცინოდა. დიუკი და ალბი გაიპარნენ, უნამუსო ნაბიჭვრები! ეს ხროვაც მანამდე არ დაუბრუნდა შეწყვეტილ ლანჩს, ვიდრე თეთრ გახამებულ ხალათში გამოკვართული  ვეებერთელა,ვარიკუზულვენებიანი სასადილოს გამგეარ გამოვიდა და ექიმის კაბინეტში ხელებიდან ნამსხვრევების ამოსაღებად არ წამიყვანა.  ამის შემდეგ კი პირველად და უკანასკნელად, სკოლის დირექტორთან, მისტერ უენდელთან გამომიძახეს.

მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა და დღემდე აზრზე არ ვარ, რა ბედი ეწია ალბი პელაგუტის. თუ ის დღეს მაფიის წევრია, მაშინ არც ისეთი ცნობილი უნდა იყოს, რომ მისით კიფოვერის კომიტეტი დაინტერესდეს. როდესაც კომიტეტმა ნიუ-ჯერსის შტატშიგამოძიება დაიწყო, გაფაციცებით ვუსმენდი ახალ ამბებს, მაგრამ  არც  ალბერტო პელაგუტი და არცდიუკ სკარპა არ უხსენებიათ, თუმცა, ვინ იცის, ახლა რა სახელით ცხოვრობს დიუკი.

სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რა ბედი ეწია პროფ.ორიენტაციის მასწავლებელს - მოგვიანებით, როდესაც სენატის სხვა კომიტეტი ხალხს ამოწმებდა, აღმოჩნდა, რომკარგა ხნით ადრე, სადღაც 1935 წელს, პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტობისას,რობერტ რუსო (სხვებთან ერთად)  მარქსისტი ყოფილა. რუსომ უარი განაცხადა პასუხი გაეცა სენატის მთელ რიგ შეკითხვებზე, რის გამოც, განათლების საბჭო შეიკრიბა, იმსჯელა, ცეცხლშიც გაატარა და სამსახურიდანაც დაითხოვა.  დროდადრო ნიუარკის გაზეთებში მხვდება სტატიები, რომ სამოქალაქო თავისუფლების კავშირი  მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ცდილობს. მეც რამდენჯერ მივწერე კომიტეტს, ავუხსენი, რომ თუ ვინმემ ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ეს ჩემი ყოფილი მასწავლებელი მისტერ რუსო ნამდვილად არ ყოფილა; შეიძლება ის კომუნისტი იყო, მაგრამ ჩვენთან ეს არასოდეს გამოუმჟღავნებია. ვერასოდეს გავბედე, წერილში  სიმღერის შესახებ ეპიზოდი ჩამერთო. აბა რა ვიცოდი, იმ ჭირვეულ ქალბატონებსა და ქსელური მაღაზიების მეპატრონე ბატონებს, განათლების საბჭოს სხდომებზე რომ კვდებიან, ეს დეტალი რას დაუმტკიცებდა ან არ დაუმტკიცებდა?

და თუ ვიტყვით (ანტიკური გამონათქვამის  პერიფრაზია), რომ ადამიანის ხასიათი მისი ბედისწერაა, მიიღებენ კი ჩემს წერილს მხედველობაში? სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, გადაფარა ამ 15 წელმა ის დღე, როდესაც დირექტორთან გამომიძახეს?

 

***

 

... როდესაც მაღალი, კეთილშობილი გარეგნობის ჯენტლმენი ოთახში შემოვიდა, ფეხზე წამოვდექი. მან ხელი გამომიწოდა.

იგივე მზე, რომელიც დიუკის გველებივით დაკლაკნილ თმას ანათებდა, ახლა მისტერ უენდელის დარაბებს შორის შემოდიოდა და მწვანე ხალიჩას ათბობდა.

- აბა, როგორ ბრძანდებით? - მკითხა.

- დიახ. - უაზროდ წამომცდა და შეხვეული ხელი ჯანსაღი ხელის ქვეშ დავმალე.

მან თავაზიანად განაგრძო:

- დაბრძანდით.

შეშინებული და გამოუცდელივიყავი, თავი დავუქნიე და დავჯექი. მისტერ უენდელი რკინის კარადასთან მივიდა, უჯრა გამოაღო, დიდი თეთრი ბარათი ამოიღო, მაგიდაზე დადო და თავისთან მიხმო. ბარათზე დიდი ასოებით ჩემი სახელი და გვარი, ხოლო ქვემოთ კი რომაული რიცხვი ერთი ეწერა. მის გასწვრივ წავიკითხე: „იჩხუბა დერეფანში, ჩაამსხვრია ფანჯარა. (19/3/42).“ უკვე ოფიციალური ჩანაწერი არსებობდა. იქ კიდევ დიდი ადგილი იყო შემდგომი ჩანაწერებისთვის.

ჩემს სკამთან დავბრუნდი და დავჯექი, მისტერ უენდელმა კი მითხრა, რომ ეს ბარათი მთელი ჩემი ცხოვრება გამყვებოდა. თავიდან დაძაბული ვუსმენდი, თანდათან დავმშვიდდი, სიტუაცია ნაკლებად დრამატული მეჩვენა და ყურადღება მის კარტოთეკაზე გადავიტანე. ყველა ბარათი ერთბაშად წარმოვიდგინე, ალბის, დიუკის ბარათები... და მაშინ მივხვდი - (და თითქმის ვაპატიე კიდეც)თუ რატომ აორთქლდა ორივე და რატომ მომიწია მარტო მე მეგო პასუხი ჩამტვრეული ფანჯრის გამო. ხომ მიხვდით, ალბიმ ყოველთვის იცოდა იმ ბარათების არსებოდა; მე აზრზე არ ვიყავი; აი, რუსომ კი, საბრალო რუსომ, ძალიან გვიან გაიგო.

 

 

*კუპერთაუნი - ქალაქი, სადაც მდებარეობს ბეისბოლის ისტორიის მუზეუმი.

** 8„ნუ დაჯდები ვაშლის ხის ქვეშ...“ სიტყვები ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დროს პოლულარული სიმღერიდან Don't Sit Under the Apple Tree („With Anyone Else but Me" გლენ მილერისა და  the Andrews Sisters შესრულებით.)

*** “Oh, say can you see, by the dawn’s early

       light, what so proudly we hailed—”  სიტყვები ამერიკის ეროვნული ჰიმნიდან.

**** “the bombs bursting in air, gave

proof ”  სიტყვები ამერიკის ეროვნული ჰიმნიდან.

 

ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE