ზომბი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა


ზომბი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა




ესაა პირველი გოროხის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე...

 

                             გურამ დოჩანაშვილი

 

 

 

ყვლაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა:

 

“შენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ზომბების კოლონიაში მცხოვრები ზომბი-მომსახურეების ყოველდღიური საქციელის ასპექტები...”

 

“რაა?”  გამიკვირდა მე. ხელმძღვანელს სიცილი აუტყდა.

 

“კაი გეხუმრე. როგორ ხარ?” თქვა მან.

 

“საკაიფოდ, შენ?” ვთქვი მე.

 

“მეც. მოკლედ, წეღან რაც გითხარი, მთლად ხუმრობა არ იყო. მართლა უნდა წახვიდე იმ ზომბილენდში და გაარკვიო რა ხდება.”

 

“და რა ხდება რო?” ვკითხე მე.

 

“ხმები მომივიდა, რომ ხალხს ესხმიან თავს და ჭამენ...”

 

“ვაა...”

 

“აბა?!”

 

“რას ითხოვენ?”

 

“უკეთეს ცხოვრებას, ჩემო კარგო, ყველას უკეთესი ცხოვრება უნდა, ზომბებსაც კი. აიღე ბეჯი და დაახვიე. ყველაფერი უნდა გაარკვიო რა ხდება, რატო ხდება... ფოტოებიც შენ თვითონ უნდა გადაიღო, ჩვენ ფოტოგრაფს არ სცალია.” თქვა ხელმძღვანელმა.

 

“სად არის ეგ კოლონია ტერიტორიულად?”

 

“შენ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობ შვილო? ბავშვობაში არასდროს ყოფილხარ ექსკურსიაზე მაგ საცოდავი არსებების სანახავად?”

 

“არა, არასოდეს.”

 

“ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ…” თავი გააქნია. ფურცელზე რაღაცა დაწერა და მომაწოდა.

 

“აი მისამართი.”

 

ერთადერთი, რაც მე ამ კოლონიაზე ვიცოდი, ის იყო, რომ იგი 25 წლის წინ შეიქმნა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ერთმა ცრუ სასწაულმოქმედმა გადაწყვიტა, რომ ღმერთია. ჯერ ადამიანების განკურნებით გაითქვა სახელი და ბოლოს მკვდრების გაცოცხლებით შოკში ჩააგდო ყველა და ყველაფერი. ეს მკვდრები, ვინც მან გააცოცხლა, ძირითადად მდიდარი ხალხის ნათესავები იყვნენ, რადგან ადამიანის გაცოცხლება ძალიან ძვირი ღირდა. ერთ წელიწადში ათასობით ადამიანის გააცოცხლება შეძლო. თავიდან ისინი სახლებში ცხოვრობდნენ, თავიანთ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. სრულიად უსფრთხო არსებებად ითვლებოდნენ. თუმცა შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველფერი თავდაყირა დააყენა. ერთ-ერთმა მათგანმა პატარა ბავშვი შეუჭამა ოჯახს. ამის შემდეგ დაიწყო ამ არსებების კვლევა, რომელსაც მანამდე თავად ოჯახები ეწინააღმდეგებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი უამრავი დაავადების მატარებლები არიან და საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. ხოლო მათი ნაკბენი კი შენც ზომბად გაქცევს. გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ეკრძალებოდათ სახლში ზომბების ყოლა. ზომბებიც იმიტომ ეწოდათ, რომ კანონში ასე იყვნენ მოხსენიებულები, ხოლო კანონში ასე რატომ იყვნენ მოხსენიებული, ეგ ნამდვილად არავინ იცის.

 

შემდეგ ცრუ სასწაულმოქმედი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის სასამართლოზე გარდაიცვალა, მოულოდნელად. ამბობენ, როცა ის მოკვდა, პროცესზე სიჩუმე ჩამოწვაო. მთელი დარბაზი ელოდა მის გაცოცხლებას, თუმცა როგორც ჩანს სასწაულმოქმედმა იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ვინმესთვის მიეცა მის გასაცოცხლებლად საჭირო ძალა და ცოდნა. მოკლედ, ასე დასრულდა ეს ამბავი.

 

ზომბების ანუ ცოცხალი მკვდრების კოლონია, რომელსაც ზოგი გეტოდაც კი მოიხსენიებს, რამდენიმე თვეში აიგო. ის ადამიანებმა ააგეს და მათ ზომბებიც ეხმარებოდნენ. ეს მოხდა 25 წლის წინ, მას შემდეგ ზომბები არავის მოუკითხავს, ისევე როგორც ომის მსხვერპლი ლტოლვილები - ისინი ყველას ფეხებზე კიდია. ხანდახან ვინმე სიუჟეტს თუ მოამზადებს ან ექსკურსიაზე თუ წაიყვანენ ბავშვებს სკოლიდან. ეს არის და ეს. ნათესავებმაც კი დაივიწყეს. ასე იქცნენ ისინი თანამედროვეობის მონებად. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მათ უფლებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ მგონი თავადაც არ სჯერათ, რომ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ისინი ციხეში არიან, როგორც შრომა-გასწორების კოლონიაში. იქ მათ ჩვენგან იცავენ და ჩვენ კი მათგან.

 

როცა მათ დასახლებას მივადექი, უზარმაზარ ჭიშკართან ორი მთვრალი მცველი დამხვდა. მოწრიპულ კაბინაში ისხდნენ და თევზს და ლუდს უბერავდნენ. საათზე მეტ ხანს არკვევდნენ, უნდა შევეშვი თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყვნენ. საბოლოოდ მაინც შემიშვეს, უფრო მეტიც, ერთ-ერთი მთვრალი მცველი თან გამომყვა.

 

“მე არ მჭირდება მცველი!” ვუთხარი უხეშად.

 

“მე ყლეზე მკიდია, შენ რა გჭირდება, ბრძანება მაქვს და უნდა წამოგყვე!” მიპასუხა უხეშად.

 

“ვისგან გაქვს ეგ ბრძანება?”

 

“შენი საქმე არაა.”

 

“რა მიზნით მომყვები?”

 

“რო არ დაიკარგო ან ზომბებმა რო არ შეგჭამონ... აბა მე რა ვიცი. მითხრეს გაყევიო და მოგყვები.”

 

“რას ქვია შემჭამონ, ესენი მართლა ხალხს ჭამენ აქ?”

 

“კი, ხანდახან.”

 

“რამდენი შემთხვევა იყო ასეთი?”

 

“შვიდი… აქედან ხუთი შემთხვევა ბოლო ერთ თვეში.”

 

“რამ გამოიწვია ეს? რა ხდებოდა ამ ბოლო ერთ თვეში?”

 

“არ ვიცი. მარტო ის ვიცი რო ძალიან აგრესიულები გახდნენ, მაგიტომაც მომაქ ეს დალოცვილი რკინა. რა იცი რა ხდება.” ხელი იარაღზე მიირტყა.

 

სამხედრო პიკაპში ჩავსხედით და დავიძარით.

 

“მაგ ჩანთაში რა გიდევს?” ვკითხე მე.

 

“ხორცი.”

 

“რა ხორცი?”

 

“უმი ხორცი თან უნდა ვიქონიოთ. თუ თავს დაგვესხნენ, გადავუგდებთ და გაჩერდებიან.”

 

“თქვენ რა, აშიმშილებთ ამათ?”

 

“მე არავის არ ვაშიმშილებ, მე კარისკაცი ვარ, რასაც მეტყვიან, იმას ვაკეთებ.”  

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში მანქანით მივდიოდით, სანამ რამდენიმე საგუშაგო არ გავიარეთ და პატარა ბარაკები არ გამოჩნდა. ეს ბარაკები ძალიან დიდ ტერიტორიაზე იყო გადაწოლილი, თვალი არ მიმიწვდებოდა. სადღაც მოშორებით წვრილდებოდა მათი რიგები და ქრებოდნენ. ნისლი იდგა. ცოტა ციოდა კიდეც. ჩვენ მანქანიდან ჩამოვხტით.

 

“აქ კიდე ვინმე შეგვხვდება, რომელსაც რამე შეიძლება ვკითხო?”

 

“არა, აქ ახლა ჩვენს გარდა არავინაა.”

 

მე ფოტოაპარატი ამოვიღე და ბარაკებს ფოტო გადავუღე. ჩხაკუნის ხმაზე ჯარისკაცმა სწრაფად შემომხედა და დაიძაბა.

 

“არ გადამიღო!”

 

მე თავი დავუქნიე.

 

ბილიკს დავუყევით, რომელსაც ბარაკებთან მივყავდით. აქედანვე მოჩანდნენ ჭიანჭველისოდენა ორფეხა არსებები, რომლებიც აქეთ-იქით დააბოტებდნენ. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ამ საშინელ გეტოს, მით უფრო შემზარავი ხდებოდა იქ ყოფნა.

 

“ადრე აქ გიდად ვმუშაობდი. მახსოვს, ექსკურსანტებს ვერ ავუდიოდით, ახლა ხალხი ძალიან არის შეშინებული.”

 

“აღარ მოდიან?”

 

“ძალიან იშვიათად. სკოლებიდან საერთოდ აღარ დაყავთ ექსკურსიაზე.”

 

“გიდობას რატო შეეშვი?”

 

“ორი კვირაა, რაც დაცვაში გადმოვედი, არ მოსწონდათ ჩემი გიდობა და ამის გამო დამაქვეითეს თუ შეიძლება ასე ითქვას.”

 

მე ხელში ბლოკნოტი მეჭირა, რომელშიც ყველაფერს ვიწერდი, დროდადრო ფოტოებსაც ვიღებდი.

 

გზაზე რამდენიმე ზომბი შეგვხვდა. როგორც კი ჩვენი ხმა გაიგეს, გახევდნენ და უცნაური ხმების გამოცემა დაიწყეს. ნაბიჯს შევუნელეთ.

 

“ძალიან ახლოს ნუ მიხვალ, შეიძლება გეცეს რომელიმე.” მითხრა მან.

 

“კარგი.” ვუპასუხე მე.

 

ზომბებს ვათვალიერებდი. ისინი ძალიან უსუსურები და შეშინებულები ჩანდნენ. გვიფრთხოდნენ კიდეც. აშკარად ეშინოდათ ადამიანების. აგრესიის არაფერი ეტყობოდათ. მანერებით ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევდი. ბარაკებთან საფლავის ქვები ელაგა თარიღებით და ამოხატული სახეებით. ამ ქვების მიხედვით აგნებდნენ საკუთარ საცხოვრებელს ისინი.

 

“ცდილობენ სულ ერთად იყვნენ, ერთად იცხოვრონ და ერთად აკეთონ ყველაფერი. მარტოობა არ უყვართ.” მითხრა კარისკაცმა და ჩემმა გიდმა. ვხვდებოდი, რომ ეს ადამიანი სპეციალურად გამომაყოლეს, რომ მე ეს ყველაფერი ისე დამენახა, როგორც მათ უნდოდათ რომ დამენახა. თუმცა ვერ ვხვდებოდი, მართლა რამეს მალავდნენ თუ არა. თუ მალავდნენ, მაშინ რას? არც დაფიქრებულა, ისე გამიმხილა, რომ აქ ზომბები ადამიანებს ესხმიან თავს. ეს აშკარად არ იყო მათი საიდუმლო. დაძაბულობას მაინც ვატყობდი.  

 

რამდენიმე საცხოვრებელი მოვინახულეთ. მათ ცხოვრებას გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ ცხოველებივით ცხოვრობდნენ. დილიდან საღამომდე ამუშავებდნენ და უმ ხორცს აჭმევდნენ. თუ რომელიმეს რამე შეეშლებოდა, იმით სჯიდნენ, რომ საჭმელს არ აძლევდნენ.

 

დიდხანს ვიბოდიალეთ ერთად. უამრავი ფოტო გადავიღე. წამოსვლას ვაპირებდი, როცა ერთი ზომბი შევნიშნე. ის დიდ ქვაზე იყო ჩამომჯდარი, ნიკაპი ერთი ხელის მტევანზე ჩამოეყრდნო, თითქოს კოცნისო, მეორე ხელი კი მუხლზე ედო. როდენის “მოაზროვნის” ქანდაკების პოზა ეჭირა ერთი ერთში. თავიდან ქანდაკებაც კი მეგონა.

 

“ეს ვინღაა?” ვიკითხე მე.

 

“ესეც ზომბია.” სწრაფად მიპასუხა მან.

 

“სულ ასე ზის?”

 

“კი… მალე უნდა გავიდეთ აქედან, უკვე ბნელდება. ღამით ესენი საშიშები ხდებიან. ყოველთვის ღამით ესხმიან ადამიანებს.” თქვა მან.

 

ვატყობდი, რომ ნერვიულობდა. თითქოს ეს იყო მათი საიდუმლო. ან იქნებ არც ყოფილა არანაირი საიდუმლო და უბრალოდ მოსაღამოვების ეშინოდა? რაც არ უნდა ყოფილიყო, აქედან ისე არ წავიდოდი, რომ ეს უცნაური ზომბი ახლოდან არ მენახა და გადამეღო. კილომეტრზე იგრძნობოდა, რომ ის არავის ჰგავდა. ზომბები კი როგორც წესი არასდროს არაფრით გამოირჩევიან ერთმანეთისგან. ზომბები ბრბოა, სადაც არ არსებობენ ინდივიდები. ისინი ბრმად ასრულებენ სისტემის ბრძანებებს და მხოლოდ შიმშილის გრძნობას ემორჩილებიან.

 

“ამას ვნახავ და მერე წავიდეთ.”

 

“ძალიან საშიშია!” მითხრა მან.

 

“არა მგონია.”

 

ვთქვი მე და მოძრავი მოაზროვნის ქანდაკებისკენ წავედი. მან რაცია ჩართო და ვიღაცას დაელაპარაკა. კაი ხანს ვიარე. ასიოდე მეტრიღა მაშორებდა იმ ადგილს, სადაც ის უცნაური ზომბი იჯდა, როცა დავინახე, რომ მცველი ჩქარი ნაბიჯით მორბოდა ჩემკენ. მე გზა ჩვეულებრივ გავაგრძელე. ის დამეწია და წინ გადამიდგა.

 

“ახლავე უნდა გამომყვე!”

 

“შანსი არაა! სტატია მაქვს დასაწერი!”

 

“ყლეზე მკიდია შენი სტატია, ბრძანება მაქვს!”

 

“მე შენი ბრძანება მკიდია ყლეზე, აქედან არ გავალ, სანამ მასალას არ მოვაგროვებ!”

 

ამ სიტყვებზე მან ჩემს ბლოკნოტს დახედა, სადაც ყველაფერს ვიწერდი. ხელიდან გამომტაცა და მისი დანაკუწება დაიწყო, დემონსტრაციულად. მე სისხლმა თავში ამასხა. წამიც და რაღაცას ვხევდი თავში, მაგრამ იმ მომენტში ორივე ადგილზე გაგვაქვავა გამაყრუებელმა ღრიალმა. უკან მივიხედე. მოაზროვნე ზომბი ჩვენსკენ იხედებოდა და ცოფიანივით იღრინებოდა. ჩვენსკენ დაიძრა, მაგრამ ჯაჭვებმა შეაკავა. ახლაღა აღმოვაჩინე, რომ დაბმული იყო. კიდევ ერთხელ სცადა გამოქცევა და ისევ ჯაჭვებმა შეაჩერა.

 

“ეს აქ რას აკეთებს და დაბმული რატოა?”

 

“დასჯილია…” თქვა მცველმა ისე, რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს. იარაღი ამოიღო და მისკენ გაიშვირა.

 

“გაიქეცი!” მიყვირა მან.

 

მე არ გავნძრეულვარ. აშკარა იყო, რომ ეს გამორჩეული არსება აქ სპეციალურად ჰყავდათ დაბმული. ასე აწამებდნენ. აქ სცემდნენ, საჯაროდ, ყველა სხვა ზომბის დასანახად, რათა ამის შემდეგ აღარავის გაებედა “ზედმეტი”...

 

მცველმა რაცია ჩართო და თქვა:

 

“ისევ დაიწყო!”

 

“მოახდინეთ ლიკვიდაცია!” იყო ხმა რაციიდან.

 

“გასაგებია!”

 

მან აიწყვიტა და ჩვენსკენ გამოქანდა. მცველმა ესროლა. ზომბი წაიქცა. ადგა და ისევ გამოიქცა. მცველმა კიდევ ესროლა, მაგრამ ამჯერად ააცილა. ზომბი მას შემოახტა და სახე მოაჭამა. მე ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. შიშისგან.

 

როცა მცველის სახისგან აღარაფერი დარჩა, ზომბი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მე ფეხს არ ვიცვლიდი. ეს ინსტინქტია. სადღაც წამიკითხავს, ადამიანები სამი სახის ქცევით გამოირჩევიან, როცა სიკვდილის საფრთხეს ეჯახებიანო: 1 - თავად ესხმიან თავს, 2 - გარბიან და 3 - ადგილზე შეშდებიან. მე მესამე მჭირს. ყოველთვის ასე ვიყავი. ბავშვობაში უზარმაზარი ძაღლი გამოქანდა ჩემსკენ. არც ვიცი რა ჯიშის იყო. მახსოვს, როგორ გავხევდი. ის მოვიდა, დამსუნა და გაიქცა. კიდევ ის მახსენდება, როცა მე და მამაჩემს ნავთლუღის ბაზართან იარაღი დაგვიმიზნა ტიპმა, რომელიც ნივაში იჯდა, მაშინაც გავხევდი. და აი ახლაც, ვდგავარ აქ, ერთ ადგილას გაშეშებული. ის კი ჩემსკენ მოდის. ეს უცნაური არსება. გაცოცხლებული გვამი, რომელიც რაღაცამ ძალიან გააცოფა.

 

ჩემს წინ დადგა და სახე სახესთან მომიტანა. ძალიან ახლოს. თითქოს მყნოსავდა. მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა. ვუყურებდი ამ გამძღარ პირსისხლიან ზომბის, თუმცა მაინც ვერ ვატყობდი ისეთ უსიამო გამომეტყველებას სახეზე, როგორიცაა სიტყვა… “გავძეხი.” სახეზე აგრესია დაუცხრა. ბლოკნოტის ნაკუწებთან დაიჩოქა და მათი აკრეფა დაიწყო. ფურცლების ნაფლეთებს იღებდა და ათვალიერებდა. ტექსტიან ნახევებს დიდხანს ატრიალებდა ხელში, ეფერებოდა და ისევ ადგილზე დებდა. მე ამ სანახაობით ბოლომდე მონუსხული ვიყავი. ჩემს წინ დაჩოქილი ზომბი, რომელიც ჩემი ბლოკნოტის ნაკუწებს ეფერებოდა. ჩემი სტატიის მასალას კოცნიდა. ტანზე დაგლეჯილი ყვითელი ფრაკი ეცვა და შავი შარვალი უზარმაზარი ჯიბეებით. ნაწამებს გავდა. მე ვეღარ მოვითმინე, ფოტოაპარატი ძალიან ფრთხილად მოვმართე და დავაჩხაკუნე.

 

“ჩხაკ.”

 

ამ ხმაზე ზომბი წამოხტა. გაცოფებული სახე ჰქონდა. ერთ წამში ჩემთან გაჩნდა და აპარატი ხელიდან გამომგლიჯა. ხან მე მიყურებდა, ხან აპარატს. ისევ ძალიან ახლოს მოვიდა და დამაკვირდა. ბოლოს თითქოს რაღაცის თქმა სცადა.

 

“კკკ…”

 

“რა?” ვკითხე მე.

 

“კკკლლლ…” აშკარად რაღაც სიტყვის თქმას ცდილობდა.

 

“ვერ გავიგე.” ვუთხარი მე.

 

“კლმმმმმმმ…”

 

“რა, კლმმმმ? ვერაფერი გავიგე, არ ვიცი რა გინდა ჩემგან.” ვუთხარი მე.

 

“კლმმ...”

 

“არა, მე კლმმ არ ვარ, ვიღაცაში გეშლები.” ვუთხარი მე.

 

ის ცოტა მოიღუშასავით. აპარატს მიუბრუნდა. ეს აპარატი მასზე ძალიან ძლიერად მოქმედებდა. უცნაურ ემოციებს იწვევდა. ვერ გამოხატავდა, მაგრამ ვგრძნობდი. თითქოს რაღაცას ეძებდა მასზე. ბოლოს მიაგნო მთავარ ღილაკს და კიდევ ერთხელ გაისმა:

 

“ჩხაკ.”

 

ამ ხმაზე მე ამომხედა. ისევ აპარატს დახედა და დაიწყო ჩხაკუნი. ეს ხმა აშკარად ძალიან სიამოვნებდა. როცა აპარატით გართობა დაასრულა, მოვიდა და ხელი გამომიწოდა. ხელზე სამაჯური ეკეთა ინიციალებით “ვ.კ”.

 

მივხვდი, რაც უნდოდა. უნდოდა მას გავყოლოდი და მისი სახლი მოგვეძებნა. ეს ინიციალები კი სახელსა და გვარს აღნიშნავდნენ. მოკლედ, უნდა გვენახა სახლი, რომელთანაც იდებოდა საფლავის ქვა სახელითა და გვარით და მასზე ნახატი ზომბის სახით წინა ცხოვრებიდან. შოკს მგვრიდა მისი ქცევები. მივხვდი, რომ უნდა დავმორჩილებოდი. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ისევ წინ გადამიდგა. ტუჩებზე მცველის სისხლი ჯერ კიდევ წურწურით სდიოდა. არ მიშვებდა, რაღაც არ მოსწონდა. რაღაცას მეთამაშებოდა. აქეთ-იქით მიმოიხედა, მერე რაღაც ქვას დასწვდა და გამომიწოდა. გამოვართვი. ის მიყურებდა. მე არ ვიცოდი, რა უნდოდა ჩემგან. მან ქვაზე მანიშნა და რაღაც ბგერები ამოუშვა. მე კიდევ ვერ მივხვდი, რას ითხოვდა ჩემგან. შემდეგ გაბრაზებულმა ხელები ჩემს ხელებს მოუჭირა. მე ხელი სიგიჟემდე მეტკინა და მთელი ხმით ვიყვირე. მან რაღაც ბგერები ამოუშვა, რაც ჩემი ვარაუდით მისი სიცილი უნდა ყოფილიყო. ქვა გამომგლიჯა და მოისროლა. შემდეგ ზურგიდან მომიდგა და შემომახტა.

 

“ღმერთო…” წამოვიძახე მე.

 

საშინლად მძიმე იყო. თუმცა ეს არ იყო ჩემი გაოცების მთავარი მიზეზი. საკუთარი აზრების აღარ მჯეროდა, რომლის მიხედვითაც ეს ზომბი “ნაცარქექიას” თამაშობდა, ქართული ზღაპრის გმირს.

 

შოკირებული ვიყავი. “მოაზროვნე” ზომბი მომყავდა ზურგზე შემოსმული. ძალიან ბევრი მატარა. უკვე ბნელდებოდა. სხვა ზომბებიც სულ თან დაგვყვებოდნენ. ჩვენს მიმართ აგრესიას არ ავლენდნენ, ისე კი ეტყობოდათ, რომ არც უფრო ბნელდებოდა, უფრო აღგზნებულები ხდებოდნენ. უფრო აქტიურები და სწრაფები. ალბათ მთვარის ენერგია ანგრევს მათ შინაგან ბალანსს… უკვე ვბოდავ.

 

რომელიღაც ბარაკთან შევჩერდით. უფრო სწორად ზომბი ჩემი ზურგიდან ჩამოხტა და მე ძირს დავეცი. წელი მტკიოდა. კართან საფლავის ქვა ეგდო. წარწერით:

 

            “ვასილ კეჟერაძე”

 

ქვემოთ კი დახრილი ასოებით იკითხებოდა:

 

            “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

 

კიდევ უფრო ქვევით კი ეწერა:

 

            “სიყვარულით ძმებისგან”

 

უცნაური წარწერა იყო, თუმცა ეს იმდენად აღარ მიკვირდა, რამდენდადაც უფრო ნათელს ხდიდა იმას, რა დასკვნებისკენაც მივდიოდი ჩემდა უნებურად.

 

ის შესასვლელისკენ წავიდა. მე ავდექი და გავყევი. შიგნით რომ შევედი, არაფერი არ მეუცხოვა, ეს ბარაკი ვერაფრით განვასხვავე სხვებისგან. ისევე როგორც სხვა ბარაკებში, საწოლი აქაც არ იდგა. ზომბებს არასდროს ძინავთ. ისევე როგორც სხვა ბარაკებში, აქაც იდგა მაღალი მაგიდა, როგორც საბჭოთა სახინკლეებში, რომელსაც ფეხზე მდგარი და დამშეული ადამიანები ეხვივნენ გარს. მასზე უმი ხორცის ნამცეცები ჯერ კიდევ შეინიშნებოდა. ერთადერთი, რამაც გამაოცა და სხვა ბარაკებში არასდროს შემინიშნავს, ეს იყო სარწეველა სავარძელი. უცებ წარმოვიდგინე, რომ ეს არსება ამ სავარძელში ზის და ნებივრობს, ახალი ნაჭამი და ღმერთმა იცის რაზე ფიქრობს ამ დროს. რა ახსენდება. ან ვინ ახსენდება.

 

ზომბი ოთახის ერთ კუთხეში იქექებოდა. რაღაცას ეძებდა. ბოლოს როგორც იქნა იპოვა და ჩემთან დაბრუნდა. ის, რაც მან იპოვა, ერთი დაფლეთილი წიგნი აღმოჩნდა. მე მომიტანა, ხელში მომცა და მომაჩერდა. წიგნს ყდა შემოხეული ქონდა. სატიტულო ფურცელზე ეწერა:

 

“მსოფლიო ლიტერატურის ანთოლოგია.”

 

გამოვყლევდი.

 

შემდეგ წიგნი გადამიშალა და სიტყვებზე ადებდა თითებს.

 

“უნდა.”

 

“გაქცევა.”

 

“აქედან.”

 

გამოდის, რომ ეს ზომბი წიგნების მეშვეობით მელაპარაკება.

 

“გინდა თქვა რო უნდა გავიქცეთ?”  ვკითხე მე. ის წიგნს ჩააშტერდა და სიტყვის ძებნა დაიწყო.

 

“ჰო.” იპოვა მან სიტყვა.

 

შემდეგ კიდევ იპოვა სიტყვები:

 

“აქ”, და “ცუდად”.

 

მის მიერ შეჭმული მცველი გამახსენდა და ყველაფერი ნათელი გახდა. გამახსენდა ისიც, რაც მცველმა მითხრა შეჭმამდე. მან მითხრა რომ ეს ზომბი დასჯილი იყო. კიდევ უფრო ნათლად დავინახე, რატომ მთავაზობდა ზომბი აქედან გაქცევას. ის სინამდვილეში შველას მთხოვდა და ამავდროულად ჩემი დაცვაც უნდოდა.

 

გარედან სროლის ხმა შემომესმა. კარი ოდნავ შევაღე და დავინახე, რომ რამდენიმე ჯარისკაცი ჩვენი ბარაკისკენ მოდიოდა. შეიარაღებულები იყვნენ, მათ ზომბები თავს ესხმოდნენ, ისინი კი მათ ხოცავდნენ. ვერ ვიტყვი, ზომბები ჩვენს დაცვას ცდილობდნენ თქო, უბრალოდ, როგორც ჩანს აგრესიის მორიგი შეტევა ქონდათ მზის ჩასვლის ნიადაგზე. მოკლედ, სიტუაცია თანდათან ადამიანებსა და ზომბებს შორის შეტაკებას ემსგავსებოდა. ის ერთად გაქცევას მთავაზობდა. მე ცოტა ხანს მდუმარედ ვიდექი. მან კიდევ ერთხელ მიიტანა თითი სიტყვასთან “გაქცევა”.

 

ჩვენ  ფრთხილად გამოვედით მისი ბარაკიდან და შევეცადეთ ჩუმად გავპარულიყავით. თუმცა შეგვამჩნიეს.

 

“არ გაინძრეთ.” ყვიროდნენ იარაღიანი ადამიანები. უცნაური ფორმები ეცვათ. სპეციალურ სადამსჯელო რაზმს გავდნენ.

 

“წადით, თქვენი დედაც მოვტყან…” მივაძახე მე და გავიქეცი. ზომბიმ მათ შუა თითი აჩვენა და ძუნძულით გამომყვა. მთავარ კედელთან მივედით. არც ისე მაღალი აღმოჩნდა. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ეს არსებები, მითუმეტეს ერთი რომელიმე ამათგანი, ოდესმე შეძლებდა აქედან გასვლას. ამაში პირველ რიგში ფანტაზიის არქონა შეუშლიდა ხელს. შეირაღებული ადამიანები მოგვდევდნენ, თუმცა მათ სხვა ზომბები უშლიდნენ ხელს, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

 

კედელზე გადავძვერით. პირველი ის აძვრა და ხელი გამომიწოდა. მე ხელი მივეცი, მან ღონივრად ამიტაცა და ჩვენ კედლის მეორე მხარეს ვისკუპეთ. სუპერგმირივით იქცეოდა. ბევრი ვირბინეთ თუ ცოტა ტრასამდე გავედით. შორიდან სროლის ხმები ისევ გვესმოდა. გამვლელ მანქანას გამოვყევით ქალაქამდე. მძღოლი მთელი გზა სარკიდან თვალებით ჭამდა ზომბის, რომელიც უხმოდ იჯდა და ჭკვიანი თვალებით გაჰყურებდა ტრასის პირას გაშლილ მდელოებს. ხელში ჩემი ფოტოაპარატი ეჭირა.

 

“ეს კანონიერია?” იკითხა ბოლოს მძღოლმა და ზომბიზე მანიშნა.

 

“ვიყიდე!” მკაცრად ვუპასუხე. მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.

 

შუაღამე იყო და ვერავინ გვხედავდა. რედაქტორის სახლში ავედით. კაი ხანი ვრეკე ზარი და ვაბრახუნე. როგორც იქნა გააღო. ნამძინარები იყო.

 

“რა ხდება?” შემდეგ ზომბის მოკრა თვალი.

 

“ფუ შენი, ეს ვინღაა?” შიშისგან უკან გადახტა, იატაკზე გაიშხლართა.

 

“დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებს, ძაან მაგარი ტიპია.”

 

“რატო? ახალი ნაჭამია?”

 

“არა, მართლა გეუბნები, ნუ გეშინია.”

 

“გაგიჟდი? შეხედე რას გავს, სახე სულ სისხლიანი აქვს… მოაშორე აქედან!”

ზომბი მასთან მივიდა, დაიხარა და ფეხზე წამოაყენა. გაოგნებულმა რედაქტორმა მე შემომხედა.

 

“არ შემჭამს?”

 

“არა, ეს სხვანაირი ზომბია. მაგიტო მოგიყვანე, რომ მომეყოლა არ დამიჯერებდი.”

 

“სხვანაირი როგორი?”

 

“წიგნები უყვარს და ფოტოების გადაღება.”

 

“რას ბოდავ, მომიყევი რა მოხდა იქ და როგორ მოახერხე ამის გამოყვანა იქიდან.”

 

“მაგას მერე მოგიყვები.”  

 

მისაღებ ოთახში შუქი აინთო. ჩვენც იქით წავედით. ოთახში წიგნებით სავსე თაროები იყო. ზომბის ხელში გადაშლილი ბიბლია ეჭირა, კითხულობდა და ტირილის მაგვარ ხმებს გამოსცემდა. შემდეგ დადო და ვიქტორ ჰიუგოს “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” აიღო ხელში. ამ წიგნს განსაკუთრებით მოეფერა. მერე ჩვენ გამოგვხედა და წიგნზე გვანიშნა. ვერ მივხვდით, რას გულისხმობდა. შესაძლოა თავს კვაზიმოდოდ გრძნობდა, განსხვავებულობის გამო საზოგადოებისგან განდეგილ და ჩაგრულ არსებად. ეს ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა შემდეგი წიგნი აიღო ხელში. ეს “ფრანკენშტეინი” იყო. ყველაფერი გასაგები იყო, რისი თქმაც უნდოდა.

 

“რას აპირებ?” მკითხა რედაქტორმა.

 

“დედის მტყვნელი სტატიის დაწერას... თუმცა ეგ ალბათ აღარ გამოვა.”

 

“რატო?”  

 

“იმიტომ, რომ აუცილებლად დამაპატიმრებენ თუ არ გადავიმალე სადმე.”

 

“აღარ მეტყვი, რა მოხდა?”

 

“მოდი ტელევიზორი ჩავრთოთ.”

 

ტელევიზორი ჩავრთეთ და დივანზე ჩამოვსხედით. ზომბი მოშორებით იდგა და ისევ წიგნებს ათვალიერებდა. ყველა არხზე ერთი და იმავეს ატრიალებდნენ. შემზარავი კადრები, სადაც ასახულია, როგორ დარბიან ზომბები ქუჩებში და ადამიანებს ჭამენ. ნათელი იყო, რომ ის შეტაკება, კოლონიაში, ზომბების გამარჯვებით დასრულდა. შესაძლოა ჩემი მოაზროვნე ზომბი ამის რევოლუციონერ, ბელად ზომბად მოვიაზროთ, რადგან ის პირველი იყო, ვინც გადაახტა გეტოს კედელს და გაიქცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის, რასაც ახლა ვუყურებდით ტელევიზორში. ეს იყო ხოცვა-ჟლეტა.

 

“ღმერთო, ეს რა ხდება…”  თქვა რედაქტორმა.

 

კარზე არაადამიანური ბრახუნი ატყდა. ჩვენ შევხტით და ძალიან შეშინებული სახეებით მივაჩერდით ერთმანეთს. სწორედ ამ მომენტში გაისმა:

 

“ჩხაკ.”

 

მან ფოტო გადაგვიღო.

 

ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა:

 

“და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს გეტოს ტიპის დასახლებაში მცხოვრებ ზომბთა თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს მათი ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს, შედის რა კომპონენტად მათი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება...“

 

ჩამოგვაზომბიაპოკალიფსეს.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE