სიცარიელის რხევები


სიცარიელის რხევები




ნიკა ჯორჯანელი
 
*  *  *
 
ახალდაღამებულზე ქუჩაში მიდიოდე
მანქანების გამაყრუებელი პიპინის გამჭოლ.
გამჭოლ ხეშეში კედლების,
რომლებშიაც განთიადებია დატანებული.
მკრთალი ფანჯრების გამჭოლ.
არც ხვალინდელ დღეში, არც გუშინდელში:
საითღაც სულ სხვაგან.
რომელი საათია? რა რიცხვი? თვე? წელი?..
წვიმდეს. მოსხეპით ეცემოდეს გზებზე
წვიმა. ფარნები წვეთებს ანათებდნენ.
შიშინი გაჰქონდეთ გუბეებში მანქანებს.
შენ კი მიდიოდე, ჩემო სიყვარულო, ჩემგან მიდიოდე.
ისე მიდიოდე, თითქოს არც მოსულხარ.
მბრწყინავ საწვიმრებში კაპიუშონებით თავზე
შინისკენ ჩქარობდნენ რუხი გამვლელები,
რუხ კარდინალთა მსგავსნი.
შენ კი მიდიოდე. ისე მიდიოდე, სხვები ვერ ამჩნევდნენ.
თითქოს გზას მიჰყავდე შენდა უნებურად, ისე მიდიოდე.
 
 
გამოსალმება
 
ტბასთან, სადაც ერთხელ მე და შენ გვისეირნია,
მალე სასაფლაო მოეწყობა.
როგორც სისხლისღვრა ნატაძრევში.
ამოიყრება მიწის ბელტები.
ჩაესვენებიან გახევებული ცხედრები.
ჯვალოსავით დაიხვევს ხოლმე გახისტებულ ჰაერს
მესაფლავეების გადაძახილი.
მერე, დროთა განმავლობაში,
გახუნდება საფლავის ქვები,
მოიღრიცება ჯვრები,
ძირს გაიდგამს სასაფლაო, გამაგრდება,
თითქოს არაფერი ყოფილიყო იმ ადგილას მანამდე.
მაგრამ თუ ვინმე იქ როდისმე აჩრდილებს ნახავს,
ეს ჩვენი აჩრდილები იქნება.
 
 
სიცარიელის რხევები
 
ამ გასეირნებაში ცხოვრების გავლით
აღარაფერს ვგავარ –
აღარც თოვას სადღაც გადაკარგულში,
აღარც გახუნებულ სატრფიალო წერილს ძველმანების ბაზარზე,
აღარც შეტრუსულ წამწამს, –
აღარაფერს.
 
გარშემომყოფნი ჩასჩერებიან ტელეფონებს,
როგორც სარკის ნატეხებს,
რომლებიც მხოლოდ უკანა პლანს ირეკლავენ,
თვითონ მათ – არა.
 
მიზიდავო, სხეულის ენით მანიშნებს სიცარიელე
და, სანამ ვეძებ მის სარცხვინელს,
მხვევს თავისი მკლავების გამჭვირვალე სუდარაში.
 
 
სისხლი
 
რაც გინდოდათ – მიიღეთ! –
ამბობს სოცქსელების ეპოქა, – 
ყველასათვის ერთი მიმიკა და იმისი ჯანი,
ყველა თავ-თავის წყვდიადში
მთვარის უკანა მხარის მსგავსი სახით,
მოგიტყანთ სახეები,
რომლებიც აღარ გჭირდებათ, –
ამბობს ის, და ვერ იტყვი, ეშლებაო,
მით უმეტეს, თვითონ სინამდვილეს ირჩევს,
დაყიალებს გალოთებული ინკვიზიტორივით
ოიკუმენეს იმ ალაგებში,
სადაც სახეები ჯერაც უზიარებენ ერთმანეთს
თავიანთი ნაკვთების რხევებს,
როგორც უიმედო ავადმყოფები
ცნობებს სასწაულმოქმედი ბალახეულის შესახებ,
დაეყუდება გაბურძგნილი ბრძენივით,
შედის დუქანში, ლუდს წრუპავს,
დასაყოლებლის ამბავში კი
საკუთარი ცერა თითის წუწნას სჯერდება.
 
მაგრამ როდესაც ხედავ,
როგორ ვერაფერი აჩერებს მსოფლიოს სისხლდენას,
სულ უფრო აღარ გგონია,
რომ ეპოქაა დამნაშავე ან ადამიანები,
სხვა რამეს ფიქრობ –
ფიქრობ, რომ სისხლი ლუბრიკანტია,
სიკვდილ-სიცოცხლის შერწყმისთვის საჭირო,
რომ დახვრეტის კედლებთან, გადაჭრილ ვენებთან,
ამოქმედებულ სკალპელებთან და საყასბო დანებთან,
სხეულებიდან ამოღებული ტყვიების სიახლოვეს,
ლაბორატორიებში სისხლიანი სინჯარებით,
ყველგან იქ, სადაც სისხლი გარეთაა,
სიკვდილ-სიცოცხლეს ტრფობის სარეცელი დაუგიათ
და ღვთაებრივი ვამპირებივით შერწყმულან.
 
 
დაშორება
 
მიწა არ განხმულა ჩვენი დაშორებით.
არ ჩამორღვეულა მთები და კლდეები.
არ გაუღვიძიათ ვულკანებს.
იგივე დახრა აქვს წვიმას.
იგივე ფერი აქვს ბალახს.
 
წყალი არ დამშრალა, მზე არ გაყინულა,
მთვარე არ გამდნარა ჩვენი დაშორებით.
იმავე ცეცხლს ანთებს პილიგრიმი.
იმავე კვალს ტოვებს თვითმფრინავი.
იმავე ხმით ბზუის კრაზანა.
 
ცას არ დასცვენია მკვდარი ფრინველები.
არ შეუწყვეტიათ ციმციმი ვარსკვლავებს.
ისევე მომჟავო-ტკბილია მოცხარი.
მხოლოდ უკუნეთის წვრილი ნასვრეტიდან
ცრემლი გადმოდინდა სადღაც სამყაროში.
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE