***
რა საწყალია ძლიერი ადამიანი,
თუ გაუჭირდა, ვისთან დაიწუწუნებს,
ყველას მისი იმედი აქვს.
დაიბნევა და ჭკუას ვერავის ჰკითხავს,
აქეთ ეკითხებიან.
რომ გაღარიბდეს, ფულსაც ვერ ისესხებს,
მისგან სესხულობდნენ...
როგორ წვალობს ძლიერი ადამიანი,
მიედ-მოედება, წრიალებს
და მერე ღმერთს დაქაჩავს კაბის კალთაზე -
მიშველე რამე, შენ მაინც ხომ ჩემზე მეტი ხარ.
***
ეს ცხოვრება ერთადერთი ნამდვილი ამბავია,
რომელიც მართლა გადაგვხდა თავს,
ჩვენ კი დილიდანვე ისე ვალამაზებთ,
ისე ვრთავთ და ვკაზმავთ, ბოლოს გვერევა.
საკუთარი თავებიდან ხუთი წუთით გამოსულები,
უკან დაბრუნებისას, სხვის ცხოვრებაში შევაბოტებთ ხოლმე.
და ვდგავართ, თითქოს შეყვარებულს წავუსწარით ღალატზე,
ან სხვისი კარადა გადმოვქექეთ ჩვენი ტანსაცმლის ძიებაში.
იქაც იმდენი რამე დაგვხვდა დამალული, ძალად გაპრანჭული.
არადა, სხვასთან მაინც ველოდით ნამდვილ ამბავს,
ვინმე შინაურს.
***
და ეს დღეც დადგება,
ყველაზე გულწრფელი დღე,
როცა სიკვდილზე კი არ დავწერ,
საკუთარი თავის ნაცვლად,
სხვებს კი არ დავხოცავ მოთხრობებში,
თვითონ ვიქნები მიცვალებული,
ცივი, ბებერი, ვალმოხდილი მიცვალებული -
საზრუნავის და ამ ფიქრის გარეშე -
ნეტავ, ახლა მკვდარი ვიყო და არავინ მენატრებოდეს.
სლოვაკეთი, მატარებელი
მატარებელი ძუნძგლიანი და გატენილი იყო.
მე ვიჯექი და გავყურებდი სლოვაკეთის მთებს,
რომლებიც საოცრად ჰგავდა ბორჯომისას
და ფანჯარაც ისეთივე ჭუჭყიანი იყო,
როგორც თბილისი-ბორჯომის მატარებელში.
ჩემ წინ მჯდარი ქერა ბიჭიც, ასე თექვსმეტის,
უხარისხო ჯინსით და გაბზარული მობილურით,
მის გვერდით ქალი, კალთაში შვილიშვილით
და ის ლამაზი ქერა გოგოც,
ყველანი ისე ჰგავდნენ
თბილისი-ბორჯომის მატარებლის მგზავრებს,
თითქოს ვაგზლის მოედანზე ჩასხდნენ ამ ვაგონში
და ახლა რატომღაც სლოვაკურად ლაპარაკობენ.
მე კი გავყურებდი ფანჯარას, რომლის მიღმაც დღე გადიოდა
და არაფერზე არ ვფიქრობდი.
და ახლა ვფიქრობ, შეცდომა იყო არაფერზე ფიქრი.
უნდა მომეფიქრებინა და მემოქმედა.
უნდა გავმართულიყავი წელში,
გამეყარა თვალი-თვალში მგზავრებისთვის
და ჩემი თავანკარა ქართულით მომეყოლა ჩემი ამბავი:
როგორ მიყვარდა და არ მიყვარდა,
როგორ ვინანე და დავაშავე, როგორ მშურს, მძულს
და მშია კიდეც ან მეძინება...
ყველაფერი, რასაც ვერაფრით ვყვები მათთან,
ვინც ქართული იცის,
რადგან ან იცინიან, ან სულელურ რჩევებს მაძლევენ,
ან უხარიათ, რომ ბოლოს და ბოლოს მეც გამიჭირდა,
ფიქრობენ, ასეც მომიხდება, ჯერ სადა ვარ, შენ მერე ნახე.
მოკლედ, ათას რამეს ფიქრობენ...
და მეც უნდა მეფიქრა და მომეფიქრებინა,
მეც უნდა შევშვებოდი სლოვაკეთის მთებს
და მატარებლის გაჩერებამდე
მელაპარაკა ამ დალოცვილ ენაზე,
რომელიც ცოტამ იცის და ვერავინ გაიგებს
და რომელზეც შეგიძლია გული ისე მოიოხო,
შენი საიდუმლო შენთან დარჩეს.