***
დაბერებულა ჩემი ძველი მეგობარი,
თმაში ჭაღარა შეპარვია,
თავის მოკვლა გადაუწყვიტავს.
ამოვედი,
მოვეფერე,
ჩავაძინე,
ცივი ხელი მომიჭირა
და დამშვიდდა თანდათანობით,
ხელი გათბა,
გადავიტანე ხელი ლოყაზე,
მითხრა, გვერდით მომიწექიო.
მივუწექი,
თბილი ხელი თბილ ლოყაზე დავუტოვე,
ამოუშვა თბილი სუნთქვა,
სადღაც გაუშვა მწარე დარდები...
დაბერებულა ჩემი ძველი მეგობარი...
ლოყაზე ედო ჩემი ხელი,
დავყურებდი,
ულვაშები სულ ციცქნაზე წამოზრდოდა,
მაგრამ - ჭაღარა,
ღრმად სუნთქავდა,
დაღლილი იყო,
ჩავეხუტე და დავიძინეთ...
მივხვდი, რომ მეც დავბერებულვარ...
ხელი ლოყის ქვეშ იდო და იდო,
ხან გვეძინა,
ხან ვიღვიძებდით,
ხან შამპანურს ვსვამდით
ორი დეგენერატი,
მაგრამ როცა კვლავ იძინებდა,
მივუწვებოდი,
ხელს ლოყის ქვეშ ამოვუდებდი,
და ვფიქრობდი,
დაბერებულა ჩემი ძველი მეგობარი,
თავის მოკვლა გადაუწყვიტავს...
***
როცა არ გჯერა,
რომ თავს იკლავს ადამიანი,
და თან იცი, რომ
ხანდახან იკლავს...
როცა ჩართავს ერთ სიმღერას და
ათასჯერ უსმენს,
მერე კი რაღაც შესძულდება და
გადაწყვეტს, რომ
თავი მოიკლას...
გჯერა ამისი,
და არც გჯერა,
ერთხელ შეგემთხვა:
მართლა მოხდა,
და დაივიწყე,
რადგან ამით ვერ იცხოვრებდი,
და მას მერე დასდევ ყველას,
ვინც მოინდომებს თავის მოკვლას.
საცოდავი ხარ ამ რბოლაში,
თუმც ხანდახან -
გამარჯვებულიც.
ხალხი დარბის,
რომ თავი მოიკლას,
და შენც დაქრიხარ,
რომ მიასწრო, გაუღიმო, გადაარჩინო.
მძიმე სპორტია,
არც ზაფხულის
და არც ზამთრის ოლიმპიადის.
თავს იკლავს ხალხი,
ან არ გამოსდის,
შენ ცდილობ, რომ არ
გამოუვიდეთ.
მუდამ თანამედროვე ადამიანი
ყველა ადამიანი ყველაზე თანამედროვე ეპოქაში იბადება და ცხოვრობს
და ყველა ბედნიერია იმით რომ უფრო ადრე არ მოევლინა სამყაროს -
უფრო განუვითარებელ უფრო სასტიკ და უფრო ჭუჭყიან დროს
„გამიმართლა“ - ფიქრობს იგი
რა საშინელება იქნებოდა ინკვიზიციის ხანაში რომ გავჩენილიყავი
რა საშინელება იქნებოდა მე-18 საუკუნის აქოთებულ პარიზში რომ მეცხოვრა
რა საშინელება იქნებოდა ლენინგრადის ბლოკადაში რომ მოვყოლილიყავი
მაგრამ ძველი დრო ის დროა, რომელშიც არასოდეს ჩნდება ადამიანი
ადამიანი მუდამ ახალ დროში ჩნდება და ის ბედნიერია ამით
უხარია ცხოვრება და ცივილიზაციის ახალი წარმატებები
ის მუდამ წინაა წასული
ის მუდამ ფიქრობს რომ ყველას გადაუსწრო და იმ წერტილამდე მიაღწია
სადამდეც დღემდე არავის მიუღწევია
ყველა ადამიანი ყველაზე თანამედროვეა
ყველაზე თანამედროვე ეპოქაში კვდება და
ადგილს უთმობს ასეთსავე ყველაზე თანამედროვე ადამიანს
მე მოცეკვავე გოგოებთან ვმეგობრობდი
ჩვენ კაფეებში ვსხდებოდით და ვლაპარაკობდით
ისინი ამ დროს ჩვეულებრივი გოგოებივით გამოიყურებოდნენ
საერთოდ არ ცეკვავდნენ
ჭამდნენ იცინოდნენ და თავიანთ ჩანთებში იცქირებოდნენ
მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ისინი მოცეკვავე გოგოები იყვნენ!
მოცეკვავე გოგოებს მოსწონდათ ჩემთან სეირნობა
მოსწონდათ ჩემი აზრების მოსმენა
ისინი ხანდახან სიამოვნებისგანაც კი შეჰკივლებდნენ ხოლმე
ან ხმა აუკანკალდებოდათ და თვალზე ცრემლი მოადგებოდათ.
ჩემთან ერთად თითქმის ყოველთვის იყო ერთი მოცეკვავე გოგო მაინც,
ზოგჯერ ორი, სამი, ოთხიც კი.
მე მათთან არასდროს ვცეკვავდი და არც არასდროს ვიწექი მათთან.
მე ხანდახან ჩავეხუტებოდი მოცეკვავე გოგოებს
და უბრალოდ მიხაროდა მიხაროდა რაღაც
ხანდახან პირიქით, მოცეკვავე გოგოები ჩამეხუტებოდნენ მე
და მათაც რაღაც უსაშველოდ უხაროდათ.
კარგია როცა მოცეკვავე გოგოდ იბადები
და ალბათ უფრო კარგია, როცა მოცეკვავე გოგოებთან მეგობრობ.
მე მთელი ცხოვრება მოცეკვავე გოგოებთან მეგობრობაში გავატარე.
სამყარო რამდენიმეჯერ დაინგრა და თავიდან აშენდა
მე სამყაროს ამ ნანგრევებს მივათრევდი ყოველდღე და სადღაც ვაწყობდი
მერე დაღლილი ვწვებოდი, ვიძინებდი და მოცეკვავე გოგოები მესიზმრებოდა
დილით საყვირის ხმა მაღვიძებდა
წამოვხტებოდი და ვიწყებდი ნანგრევების ერთმანეთთან მიწებებას
მშრომობდი პატიოსნად
მუხლჩაუხრელად თავდადებით
და ამიტომ უცებ ჩემთან მოდიოდა მოცეკვავე გოგო და მეუბნებოდა:
შენ კარგი ბიჭი ხარ,
წამოდი ახლა, გავისეირნოთ
მერე სადმე შევჭამოთ ნაყინი დავლიოთ ღვინო
ის არ ცეკვავდა მაგრამ მე გული შემიფრთხიალდებოდა ამ დროს
რადგან ვხვდებოდი, რომ ის მოცეკვავე გოგო იყო!
ერთხელ ჩემს ცხოვრებაში უცნაური გოგო გაჩნდა
მე დავიწყე მასთან ერთად სეირნობა სიარული კაფეებში ცხოვრება
მაგრამ ეს ძალიან სხვანაირი იყო
თითქოს ძალიან ნაცნობი მაგრამ მეტისმეტად უჩვეულოც
მერე ამ გოგომ იმღერა და წავიდა, გაქრა
მე დავსევდიანდი და ასეთი სევდიანი
დავათრევდი დილიდან საღამომდე სამყაროს ნანგრევებს
სანამ ჩემს ცხოვრებაში ისევ არ გაჩნდნენ მოცეკვავე გოგოები
და არ გააგრძელეს ჩემთან მეგობრობა.
ამბობენ, რომ მოცეკვავე გოგოებს აქვთ კარგი ტანი
გრძელი ფეხები ვიწრო წელი დახვეწილი მიხვრა-მოხვრა
რომ ისინი არიან ყელშეღერებულები და მსუბუქები
ბევრი ამბობს ამას და ალბათ ასეცაა
მაგრამ მე ეს არ ვიცი
მე ვიცი მხოლოდ ის, რომ მოცეკვავე გოგოები არიან კარგი მეგობრები
და მე მთელი ცხოვრება მოცეკვავე გოგოებთან ვმეგობრობდი!
ცა სხვებზე უფრო შორს მქონდა
ტრისტან მახაურს
მოკლე ფიცარი მეყოფა,
მიწასაც მოკლეს დავიჭერ,
არასდროს ვეხეთქებოდი
მე ხომ ისედაც თავით ჭერს.
მოკლე ნაბიჯით გრძელ გზებზე
მგელს დავყვებოდი ძუნძულით,
მთაში მეკავა სამეფო,
თბილისში მქონდა კუნძული.
ტყავის შავ ჩანთას დღემუდამ
დავატარებდი თოფივით,
ვესროდი ყველას კაფიებს
სევდიდან თავგაყოფილი.
ლექსებს შევრეკდი წიგნებში,
ხარსა და ძროხას - ახორში,
ცა სხვებზე უფრო შორს მქონდა,
მიწა კი სხვებზე ახლოში.
არ მეყო მოკლე სიცოცხლე,
თუმც მეყო მოკლე ფიცარი,
იხუმრეთ, ვინც აქ დარჩით და,
გავართობ მათ, ვინც იქ არი.