ქორწილი ქარში


ქორწილი ქარში




(ნაწყვეტი რომანიდან)

 

ზამთარი. სამშაბათი.

თითი ღილაკს. ეკრანი. ხანმოკლე პაუზა ეკრანზე. 1703. გუშინაც. გუშინწინ - 1698. გუშინ ხუთი მეგობარი დამემატა, დღეს - არა. არა და ნურა. როგორცაა - ისეა. ფილმი? - არა, ადრეა. რას ნიშნავს ადრეა? რასაც ნიშნავს, ადრეა და მორჩა. განწყობა სჭირდება. ბლოკბასტერს? ბლოკბასტერს მიჩერება სჭირდება, ბლოკბასტერს - მიჩერება, მზესუმზირის კვნეტას - თვალგაშტერება. ბლოკბასტერი ხანგრძლივი პაუზაა ტვინში. მინდა? - არა. რამე ისეთი მიუზიკლი, ძველი? რა? “მუსიკის ჰანგები”? სად წავედი! დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი, დაბანილ-დავარცხნილი ევროპა და მერე ხიფათი, რასაც გადაურჩნენ. მინდა? - არა, ახლა არა. პაუზა ტვინში, მზერა ფანჯარას. რა დღეა? - პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში - სამშაბათი. ჰო, სამშაბათი. ფარდა. ირხევა. ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში ზამთარი აღწევს. მზერა ეკრანს. ეს ფოტო უნდა გამოვცვალო. გამოვცვალო? - ახლა არა, მერე. პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში - ფანჯარა, აივნის კარი, ღრიჭოებიდან ჰაერის ცივი ნაკადი ფარდას, შიგნიდან სიცხე, სიცხე - ჩემში. ავიზიდეთ? - ჰო, ღრიჭოებისკენ, საიდანაც ჰაერის ცივი ნაკადი ფარდას. ფანჯარა. ფანჯრისკენ. ფანჯრიდან მეზობელი სახლის ჟანგისფერი სახურავი. ღრიჭოებიდან ცივი საცეცები ხელის ზურგზე. აივანი მეზობელ სახლზე. სევდიანია. რა? ცარიელი აივანი სევდიანია, როცა ღრიჭოებიდან ზამთარი ცივი საცეცებით ხელის ზურგს. ჩემი აივანი და მეზობელი სახლის აივანი მეგობრობენ. არა, რაღაც სხვა, უფრო ზუსტი. რა? პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში, მზერა აივანს, - მჭიდრო თანამშრომლობა. სასაცილოა, ტვინის რომელი უჯრედიდან ამოიზიდა ეს “მჭიდრო თანამშრომლობა”? საბჭოეთში ჩარჩენილი უჯრედიდან, ალბათ. თუმცა, უფრო ზუსტია, თანაც ირონიული. თბილისის ძველი უბნების ვიწრო ქუჩებზე აივნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩემი აივანი საყოველთაო ზამთარშია, მე - კედლის მეორე მხარეს და ღრიჭოებიდან შემოღწეული საცეცები კონკრეტულ სევდად მეხება. რას ნიშნავს კონკრეტული სევდა? კონკრეტულია, რაც კონკრეტულად გეხება, მთელ სამყაროსთან ზოგადი მეგობრობაა უაღრესად ზოგადი. გამოვრთო? - იყოს. ტელევიზორი? - არა. გაზის გამათბობლიდან სითბო ბარძაყებზე, ფანჯრის ღრიჭოებიდან საყოველთაო ზამთრის ანასხლეტები. საყოველთაო ზამთარში სჯობს. მოვიცვა რამე? - არა, არა, შიგნიდან სიცხე, სიცხე - ჩემში. კარის სახელურს. სუსხი, ჰაერი, სუსხი, მეზობელი სახლის აივანი ცარიელი, მე და ჩემი პატარა აივანი საყოველთაო ზამთარში. თაბუკაშვილიდან ჩამომავალ კიბეზე ნიკო საბელგამობმული შავი ძაღლით. ჭიშკრიდან ჩორნა ნიკო მობუზულად. უთვალთვალებდა ალბათ, სიგარეტს სთხოვს ახლა. ჩვენს პატარა ქუჩაზე ჩორნა ნიკო და ნიკო ექიმი. ნიკო ექიმი თავისი შავი ძაღლით ხშირად ერთად. გერმანიაში გათხოვილი ნიკოს ქალიშვილი, ქალიშვილთან გადაბარგებული ნიკოს ცხვირაბზუებული ცოლი და ნიკო საბელგამობმული ძაღლით კიბეზე. რაღაცით დაემსგავსა. რით? თვალებით. ქუთუთოჩამოღაბაბებული, სევდიანი თვალებით ნიკო თავის ძაღლს დაემსგავსა. სევდიანი? თუ როგორი? რამდენიმე ნაკეცად ჩამოზიდულ ქუთუთოებში გუგები მოწყენით სხედან. თითქოს რაღაც ეზარებათო. დაღლა უფროა, ვიდრე სევდა. ჰო - დაღლა. ძაღლმა ამომხედა, ნიკომაც. ჰო, გვანან. ჩორნა ნიკომაც ამომხედა, ხელს მიწევს, მილოცავს. ვუღიმი: “თქვენც მრავალს დაესწარით!” - ჩავძახი. ჩორნა ნიკოს ორი თითი მიაქვს ტუჩებთან, ნიკო ექიმი მოკლე დუბლიონკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს, ჩორნას აწვდის, რაღაცას ეუბნება, ჩორნა პირმოთნედ იღიმება და სიგარეტის კოლოფიანად უჩინარდება ჭიშკარში. ნიკო თავისი შავი ძაღლით ბროსესკენ, წინ ძაღლი, უკან - ნიკო. მე - სად? ჰაერი - ჩასუნთქვა, ჰაერი - ჩასუნთქვა, ზამთარმა სუსხი ჩამბერა, როგორც ცხელ ჩაის აგრილებენ ჭიქაში. სასაცილოა. იქ გავიცინოთ - შინ. გარედან შინ, ფანჯარასთან. ღრიჭოებიდან შემოცოცებული ყინვის ანასხლეტები აღარ მეხება კონკრეტულ სევდად, რადგან საყოველთაო ზამთარში ვიყავი და ეს ყოჩაღი ბგერებით შემეხო: “მშვენი-ერმა მაისმა, გული გამიხალისა”, - მერე რა ტექსტია? პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში, - სითბო ბარძაყებზე. ფუჰ, შენი! არადა, ვოკალის გამოცდაზე ხუთიანი მივიღე ამ სიმღერაში. ინტერნეტიდან გავიხსენებ. მზერა მაგიდას - კომპიუტერი, მზერა კედელს - შეყვითლებული აფიშები. ჩემი აფიშები ჩემს კედელს შეაყვითლდნენ, ჩემი თეატრის დიდი სცენის რომელიღაც მაღალ სივრცეებში ღამურების ოჯახი ბუდობს. რამ გამახსენა? აფიშამ, ჰო, აფიშამ. სპექტაკლის დროს გამოფრინდნენ და მე სცენაზე და მაყურებლისგან გაუცხოება, გაწყვეტილი კავშირი დარბაზთან და აი, პარტერიდან ახალგაზრდა ბიჭი ხელს იშვერს, მის გვერდით მჯდარ გოგოს უთითებს რაღაცისკენ, თანაც იცინის და ლამისაა სცენიდან შევალეწო გინება, მაგრამ ტექსტი მაქვს ჩასამთავრებელი. ჩავამთავრე, როგორც იყო, კულისებისკენ სახეაჭრილი და იქ პატიკო მეუბნება, რომ ღამურები. პატიკო. ნიჭიერი იყო, მაღალი, ხმელი და გალოთდა უღვთოდ და საბრალოდ. მელოდრამისკენ? არა, არ მინდა. იქნებ მაცივრისკენ? თევზი მაიონეზის სოუსში. არა - მოვიმატე. რამდენი კილო? სასწორზე არ შევდგები - ამეტირება. სიარულს დავიწყებ, დავიკლებ და მერე სასწორზე. თევზი მაიონეზის სოუსში, თევზი მაიონეზის სოუსში, კალორიები მაიონეზში - არა! “დედაჩემი თევზია”. სად წავიკითხე? - სადღაც წავიკითხე. რატომ თევზი? ალბათ იმიტომ, რომ სიცოცხლე წყლიდან დაიწყო და დედა წყალს დაუბრუნდა. წყლიდან დაიწყო? წყალი საიდან? ატმოსფერული წნევიდან? არ ვიცი. სიცოცხლე რას ნიშნავს, ვიცი? ვიცი. სიცოცხლე ნიშნავს სიცოცხლეს, ცხოვრება - ცხოვრებას, არსებობა - არსებობას. მე ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში ვარსებობ, ჩემი აფიშები ჩემს კედელს შეაცხოვრდნენ, სათაფლიაში დინოზავრმა კონკრეტული ნაკვალევი დატოვა და მე ის ექსკურსიაზე ვნახე. რა შუაშია? მზერა შეყვითლებულ აფიშებს, სადაც მე შავით თეთრზე, - სათაფლიაში კი დინოზავრის ნაკვალევი შავით თეთრზე. დედა - თევზია? - არა, სხვაა. რა? რაღაცამ გამახსენა დედა. ბალახი. ალექსანდრეს ბაღი. იანვარი. გამზრალი მიწიდან ბალახი და ვიფიქრე - დედა. დედა თეფშზე სველ ბამბას შლის, ხორბლის მარცვლებით პენტავს, სააღდგომოდ ჯეჯილი თეფშზე, ჯეჯილი თეფშზე ჯეჯილი თეფშზე, იანვრის ბალახი გამზრალი მიწიდან - ლამაზი, თანაც განწირული და უღონო, ჩუმი და შეგუებულად მომლოდინე და სევდისმომგვრელი. ბოლოს ასეთი იყო, მანამდე - სხვა. მეც სხვა ვიყავი, - ჰორმონები, ჰორმონები, ჰორმონები, ეს დედააფეთქებული ჰორმონები და დედა, ვისაც ჩემს გაანჩხლებულ ჰორმონებს ვახლიდი. ჟანგისფერი სახურავი ლიბრში, ყელში - სიმწარე, ხელისგულები - თვალებზე, ხელისგულები - სველი. ჰუუჰ. თეატრში? - არა, რადიოში ჩაწერა? - არა, სადმე - ვინმესთან? - არა, ამ თვეში - არა. იქამდეც ამერია. იქამდე ორი თვე - არა, მერე - ჰო, და ისევ - არა. დეიკო - დეა, მგონი, ნაადრევად დაიწყო. დაიწყო? ადრე თუ გვიან იწყება. თუ მთავრდება? ერთიც, მეორეც. უჩვეულოა. სხვა მიმართულებაა. მიდიოდი შენთვის, თითქოს იცოდი, სად და როგორ, ახლაც მიდიხარ, მაგრამ სხვა მიმართულებით. სამწუხაროა, რაღაც არის იმაში, კაცს რომ ეტყვი: “დღეს არ გამოვა, მომივიდა”. სიახლოვეა. განდობაცაა. რაღაცაა. იქნებ, უფრო მეტიც. თანამფლობელობა. თანამფლობელობა თანაზიარობასაც ნიშნავს. ნიშნავს, თუ გულისხმობს? როგორცაა. თანაზიარები ხართ და ამ განცდით პასუხობ, რომ შეიქმნა ასეთი ვითარება და ესეც კი გაკავშირებთ, ეს ვითარება, რისი გამრიგეც შენა ხარ, ქალი და აი, თვითონაც გინდოდა, მაგრამ მოითმინეთ, ბატონო, ოთხი-ხუთი დღე მადროვეთ, ჩაირაზა კარიბჭე, მომანდეთ ეს ამბავი, მომანდეთ ჩემი ღვარცოფი, რაზეც ასე გახსნილად, განდობილად, თანაც პრაგმატულად ელაპარაკები და როცა ბეც ჩაღიმებაში მის შენიღბულ გულდაწყვეტასა თუ იმედგაცრუებას იხელთებ, უფრო მახლობლდება, თუნდაც იმიტომ, რომ უნდოდი. სურვილი. გაქრება? ალბათ, არა. რატომ - არა? არ ვიცი. სიცხე შიგნიდან, სიცხე ჩემში, სიცხე შიგნიდან, სიცხე ჩემში და რადგან სიცხე, მეხანძრე შლანგით, ვინც ხანძარს აქრობს. მეხანძრეღა მაკლდა. დეიკო-დეა, ფსიქიატრთან? არ მინდა ფსიქიატრთან, გიჟების ექიმს ეძახიან. ესე იგი, ზუსტად ეგ გჭირდება. არა, უფრო ასატანი სახელი ერქვას, უფრო ნელთბილი, ნეიტრალური უფრო. - ფსიქოთერაპევტი. ჰო, ფსიქოთერაპევტი კარგია. რას მკურნალობენ ფსიქოთერაპევტები? წარმოდგენა არ მაქვს, რაღაც ისეთს, ალბათ, მე რომ მჭირს. რა მჭირს ასეთი განსაკუთრებული, არაფერიც არ მჭირს, დიდი ხანია კაცი არ მყოლია და ჩემს კლიმატოზურ მდგომარეობაში წარმოვიდგინე მეხანძრე შლანგით, ვინც ხანძარს აქრობს. პატიკო რატომ არ წარმოვიდგინე, ან ის პირგაპარსული კარაბას-ბარაბასი მოჭუტული თვალებით, ან თუნდაც თომა, ვისი ველოსიპედიც ჩემს შემოსასვლელში იყო აყუდებული, თავად კი იატაკქვეშეთიდან თავამორგულ რევოლუციონერს მაგონებდა თავისი მრგვალი სათვალითა და ბლანჟეთი? მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი, - ჩემმა კვერცხუჯრედმა ვერცერთის ნაყოფი ვერ შეინარჩუნა. იქნებ ამიტომაც მეფიქრება ხშირად მათზე? მათზე, თუ ნაყოფზე, რომელიც ჩემმა კვერცხუჯრედმა ვერ გამოზარდა? იმაზეც, ამაზეც, ყველაფერზე, რადგან თვითონაც არ იციან, რა ხარისხში ჩამისახლდნენ აქ, ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში. მეხანძრე რა შუაში იყო, საიდან გაჩნდა მეხანძრე შლანგით? საიდან უნდა გაჩენილიყო - კაცი ვიგულისხმე, მამაკაცი ზოგადად, ვის სახესაც ვერ ვხედავ, - არც პატიკოა, არც პირგაპარსული კარაბას-ბარაბასი, არც თომა და მითუმეტეს - არც მეხანძრე, რომელიც სადღაც გარბის შლანგით, ერთ ამბავშია, ხანძარი აქვს ჩასაქრობი. ჩარლი ჩაპლინის მეხანძრეს ჰგავს. დეიკო-დეა, ფსიქიატრთან აჯობებს, ფსიქოთერაპევტი ვერ დაგეხმარება, ეს აშკარაა! კომედიისკენ? კი ბატონო, იყოს კომედია. მივალ ფსიქიატრთან და გულწრფელად ვეტყვი: იცით, ბატონო ფსიქიატრო, ჩემს კლიმატოზურ გაუგებრობაში აღმოვაჩინე, რომ ჩარლი ჩაპლინის განსახიერებული მეხანძრე მიზიდავს. პაუზა ტვინში. მეხანძრე, ვიღაც მეხანძრე, სადღაც. პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში - მეხანძრე თეატრში. დირექციამ გამოიძახა ღამურების დასარბევად. ამწეზე შეაყენეს წვრილი ბადით, შლანგის გარეშე, მე - სცენაზე, სხვა მსახიობებთან ერთად. ქვემოდან ვუცქერთ, როგორ მიიწევს ამწე მაღლა. ამწეზე მეხანძრეა ბადით, მიიწევს ამწე და ვფიქრობ, ვფიქრობ, ჩემთვის ვფიქრობ, რომ უცნაურია მეხანძრე შლანგის გარეშე, რომ ასეთი მეხანძრე მეხანძრეს არც ჰგავს და იქ, სცენაზე მდგომს მახსენდება ექსკურსია, - შინიდან წამოღებული სანოვაგით ტყისპირას, იქით მინდორი, მინდორზე თეთრი ცხენით და ბიჭების სიცილი გვესმის, ცხენს შლანგივით ფეხებთან და მერე გოგოები განცალკევებით, ვითომ არ ვიმჩნევთ, მაგრამ თვალი თავისით გარბის და ჩვენც ვიცინით - თითქოს რაღაც სხვაზე, საჩვენოზე, საგოგოოზე, მაგრამ თვალი თავისით იქით, ცხენისკენ და სიცილს რაღაც ისეთი ერევა - აღტკინებული, ალეწილი, რადგან სულელ ბიჭებზე მეტი ვიცით, გაცილებით მეტი და ჩვენს აღტკინებაში ესეცაა, ეს მინიშნება ბიჭებისთვის, რომ ვიცით, ვიცით, ბოქვენი შეგვეღინღლა უკვე, ძუძუკები წამოგვეზიდა და ზოგიერთი ლიფსაც ხმარობს და ჰო, იქით, თვალი იქით, ცხენისკენ და ჩვენთვის, ჩუმად: “შლანგივით არ ჰკიდია, შლანგივით, შლანგივით”! - და ისევ აღტკინება, სახეალეწვა ჩვენს სიცილში, მინდორზე ცხენი გრძელი შლანგით და ფიზკულტურის მასწავლებელი ცხენისკენ წკეპლით. საიდან სად წავედი? თუმცა, კარგია, გავაღწიე სადღაც, სადაც ფსიქიატრზე მეტად ფსიქოთერაპევტი დამჭირდება. ვატუკუნა, ვატატო, ვატო! ვატო ბევრს იცნობს, ფსიქოთერაპევტსაც, ალბათ. ვატო გოგოთი მომმართავს. საჭორაოდ განმაწყობს, როცა გოგოთი მომმართავს ვატო. ვატუკუნა, ვატატო - ჩემი ცისფერი თეატრმცოდნე თეატრალურ ამბებზე მეჭორავება. დავარეკინებ ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოთერაპევტი შეხვედრას დამითქვამს, წავალ და ვეტყვი: ბატონო ფსიქოთერაპევტო, დათქმულ დროს გამოვცხადდი. ფსიქოთერაპევტი ჩემი ასოციაციებით დაინტერესდება, მე ვუპასუხებ: იცით, ბატონო ფსიქოთერაპევტო, ჩემს შინაგან სიმხურვალეში გამახსენდა ამწეზე შემდგარი მეხანძრე, ვისაც ღამურები უნდა დაერბია დიდი სცენის სივრცეებში, სადღაც იქ, მაღლა, შტანგეტებთან, და მიიწევდა და მიიწევდა შტანგეტებისკენ, ოღონდ მიიწევდა ცოტა უჩვეულოდ, შლანგის გარეშე, წვრილი ბადით და ეს მეუცხოვა, ბატონო ფსიქოთერაპევტო, და უეცრად თვალწინ დამიდგა ჩემს გოგოობაში მინდორზე ნანახი თეთრი ცხენი გრძელი შლანგით. “აუჰ”, - იფიქრებს ფსიქოთერაპევტი, მაგრამ არაფერს შეიმჩნევს და იტყვის: - საინტერესოა, - ამის მერე მომაცქერდება გამჭოლი მზერით, მე კი უეცრად ავღელდები და ვეტყვი: - ნუ შეშინდებით, ბატონო ფსიქოთერაპევტო, მეხანძრემ ვერაფერი გააწყო, ღამურები გადარჩნენ და განა მარტო გადარჩნენ, ჭკუაც ისწავლეს, სპექტაკლის მსვლელობას ხელს არ უშლიან, არიან თავისთვის, მყუდროდ, მოთმინებით ელიან წარმოდგენის დასასრულს და მხოლოდ შემდეგ, როცა სცენას სრული უკუნი მოიცავს, გამოფარფატდებიან და დაფარფატებენ საყვარლად, - ვეტყვი ამას და სანამ კაბინეტიდან გავაბიჯებდე, რამეს მოვიპარავ ფსიქოთერაპევტის მაგიდიდან. რას? ლანცეტს. ლანცეტს? ლანცეტს - არა, ლანცეტისთვის ქირურგთან უნდა წავიდე. ფსიქოთერაპევტს - რა? ჩაქუჩი. სამედიცინო ჩაქუჩი; ჰო, მონიკელებული, პატარა, საყვარელი ჩაქუჩი, რასაც მუხლზე დაჰკრავენ ხოლმე პაციენტს. როგორ მოვიპარავ? გააჩნია, სად იქნება ჩაქუჩი. დავუშვათ - მაგიდაზე. თუ მაგიდაზე, წამოვდგები, ქმედებას დავასვამ ტექსტს ღამურების ოჯახზე, თვალებს მოვიწყლიანებ, დაე იფიქროს - სადაცაა აბღავლდებაო და რაც მთავარია, მომაცქერდეს, სახიფათო ასოციაციების უფსკრულში გადაჩეხილ თავის პაციენტს თვალი არ მოსწყვიტოს, მე კი ამ დროს მივუახლოვდები, ახლოს, ახლოს, უფრო ახლოს და ვუცქერ მოცრემლილი თვალებით და ისიც მიცქერს, ჩემი ხელი კი ჩაქუჩს ეხება უკვე, სახელოს ქვეშ იცურებს და იქ, იქ, ჩემი კანი იქ, სახელოს ქვეშ ხორკლიანდება, რადგან იქა გრძნობს ჩემი კანი მოპარული ნივთის ნეტარ სიგრილეს. მინდა! ეს მინდა! სამედიცინო ჩაქუჩი მინდა ფსიქოთერაპევტის მაგიდიდან. გადაწყვეტილია, შემდეგი ნადავლი ჩაქუჩი იქნება. მზერა ტახტისკენ - ტახტი, მობილური, მარაო. მარაოც ნადავლია. ჩემი ცისფერი, საყვარელი ჩემი მარაო მშრალი ხიდიდან. ფაშფაშა ქალს მოვპარე. ორ ლარად მთავაზობდა, ლარნახევრად, ლარადაც. ვიუარე, გავეცალე, სანაპიროსკენ ჩავუხვიე, გარემოვაჭრისგან კუზნეცოვის თეფში ვიყიდე, ამოვბრუნდი ფაშფაშა ქალთან, თეფშს ვთავაზობ იაფად, გახურდა, აენთო, უფრო იაფად უნდა რომ დამცინცლოს, ვვაჭრობთ, გაჭირვებაში ჩავარდნილ, არაპრაქტიკულ ინტელიგენტ ქალბატონს ვთამაშობ, ცოტაც დავუკელი, მეტად გახურდა, ამ დროს მალულად ვეხები საკეტს, ვხსნი ჩანთას, ვთანხმდები ფასზე, თეფშს ვაწვდი, დასცქერის, უხარია, თუმცა არ იმჩნევს; ვიხრები, ჩექმას ვისწორებ ვითომ, ჩანთას ისე ვდებ, რომ მარაო ჩემკენ აღმოჩნდეს - მარაო ჩემკენ, შემდეგ ჩანთა, იქით ფაშფაშა ქალი, ვინც აშკარად იხეირა და თეფშითაა გართული, - ქვემოდან მზერა ფაშფაშასკენ, ახლა შეიძლება! - ხელი მარაოს, მარაო ჩანთაში, ხელი საკეტს, ჩაიკეტა - ის იქაა! წელში ვიმართები, ფულს ვართმევ დამწუხრებულად, არა, არა, დამწუხრებულად არა - ფულს ვართმევ, როგორც ცოდვას, როგორც განივთებულ ღალატს ჩემსას, სინამდვილეში ყველა ნერვი მითრთის აწეული ადრენალინით, მაგრამ არა, ჯერ არა, სანამ სცენაზე ვარ, პერსონაჟის ტყავში უნდა დავრჩე - ინტელიგენტი ქალბატონი ოჯახურ რელიკვიას შეელია და გული რომ არ გაუსკდეს, მზერას არიდებს მისთვის ძვირფას ნივთს, ვიღაც ფაშფაშა გადამყიდველს რომ შეატოვა და მაინც, მაინც, თვალის ერთი გულდათუთქული შევლება აუცილებელია, მერე კი ნაჩქარევი გასვლა სცენიდან, გასვლა ისე, რომ ვიღაცას აფიქრებინო, ამან შეიძლება თავიც მოიკლასო. და მივდივარ მშრალი ხიდიდან, ნათამაშევი როლით მოგვრილი ყიჟინა ბურღივით ტრიალებს ყელში, გახშირებული გულისფეთქვა სისხლს მითამაშებს, მუხლებში ქარი, ხელჩანთაში ნადავლი - ჩემი ცისფერი მარაო; გზა ალექსანდრეს ბაღამდე ერთი ამოსუნქვით, განმარტოებით მდგარი სკამი, რათა არც ხმაურმა, არც ვინმეს მზერამ არ გამიფანტოს ყურადღება. რა სხვანაირი განცდით იხსნება ჩანთა, როცა ჩანთაში ნადავლია; როგორ ფაქიზდება თითებზე კანი, როცა ნელა, ძალიან ნელა მოაცოცებენ მონადირებულს, მოპოვებულს, უკვე შენსას, შენი სიცოცხლის ღრმა ჩასუნთქვას, რამაც ფილტვები გაგიცოცხლა, და ზიხარ ასე, განმარტოებით, ვერც კი ამჩნევ, როდის გაუკიდე სიგარეტს, იქაა შენი ყურადღება, იმასთან, იხსენებ, როგორ გეფეთა თვალში მისი სიცისფრე, აკვირდები ნივთს, იგონებ ნადირობის ყველა დეტალს, თანაც უცქერ, სწავლობ, ეცნობი და ისევ და ისევ იხსენებ შენს ჟესტებს, ხმის ტემბრს, სახის გამომეტყველებას, რამაც შენ და ის ასე შეგკრათ და მერე, მერე, რომელიღაც ნაფაზზე გეჩვენება, რომ ამ სიგარეტს ხარისხიანი სექსის შემდეგ ეწევი. სექსი. ორგაზმი. მინდა. ეს მინდა? არ ვიცი, მაგრამ რაღაც მინდა. სიგარეტი. ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი სიგარეტი სამზარეულოს მაგიდაზე. იქით? - არა, ჯერ ვატატოსთან გავარკვიოთ ფსიქოთერაპევტის ამბავი, რადგან ყველაზე მეტად ფსიქოთერაპევტის ჩაქუჩი მინდა. მზერა ტახტისკენ. მარაო. მობილური. მობილურისკენ. მობილური ხელში. ზუმერი ერთი, ორი - ვატატო. “გოგოო” - ვატატოს ხმა, - “კუდიანი ხარ, გოგო, ახლა ვფიქრობდი შენზე”, “ვატატუნა, ჩემი ბიჭი, ცოტა მაქვს ანგარიშზე, უცებ მითხარი, ფსიქოთერაპევტს იცნობ?” “რად გინდა ფსიქოთერაპევტი, გაგიჟდი?” - იცინის ვატატო, “ჰო”, - ვიცინი, - “ცოტათი გავგიჟდი, იცნობ?” “ცოტა სიგიჟე არაფერია, რანაირად გაგიჟდი მაინც?” - იცინის ვატატო, “იმნაირად”, - ვიცინი მე, - “გიჟების ექიმთან მისვლის რომ ეშინიათ”, “მაშინ ნევროპათოლოგი გინდა, დამიჯერე”, - აღარ იცინის ვატატო, - “გადმოგირეკავ, გინდა?” - მეუბნება მერე, “მოიცა”, - ვეუბნები, - “ნევროპათოლოგი რას აკეთებს?” - “რას აკეთებს და ჩაქუჩს უკაკუნებს მუხლზე პაციენტს, არ გინახავს კინოში?” - იცინის ვატატო, “მანდ გყავს, მეზობლად და მე მეკითხები?” - იცინის ისევ, ეს ნიშანია - ვფიქრობ, - ეს ნიშანია, - ვფიქრობ, მაგრამ როგორ? - ვფიქრობ; უნდა დავფიქრდე, ავწონ-დავწონო, - ვფიქრობ; “შემომიარე, წავიჭორაოთ”, - ვეუბნები ვატატოს, მობილური მაგიდაზე, ხელი მარაოს, მარაო მაგიდაზე, მე სავარძელში. ნიკო - არა. არ შეიძლება, ერთი ბეწო ქუჩაა, ყველა ყველას იცნობს, რაღაც ისეთი რომ მოხდეს, აბარგება მომიწევს. არა, არა, ნიკოსთან არ შეიძლება. ხომ არსებობს რაღაც, რაც არავითარ შემთხვვეაში არ შეიძლება. არადა, ხიფათია და ხიფათშია მთელი მუღამი. თეატრის ბუფეტიდან ყავის ჭიქა მოვიპარე და სანაგვეში გადავუძახე. სიამოვნება ვერ მომანიჭა, ამიტომაც მოვისროლე. ძალიან იოლად მოპარული სიამოვნებას არ მგვრის. ეს სახიფათოა, ოღონდ სხვანაირად სახიფათო, ყველა ყველას იცნობს. იცნობს კი? ვიცოდი, ექიმი იყო, რისი ექიმი, არ ვიცოდი. მოზომილი, კეთილგანწყობილი სალამ-ქალამი - ჰო, მაგრამ ამის იქით, არავითარი ურთიერთობა, არც ნიკოსთან, არც ნიკოს ცხვირაბზუებულ ცოლთან, ვინც გერმანიაში გადაბარგდა ქალიშვილთან, ისინი თავისთვის იყვნენ, მე - ჩემთვის, ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში. თანაც, ნიკოს რომ არ ვეცე, ამ დანევროზებულ ქვეყანაში ნევროპათოლოგი დაილია? არა, არა, ნიკო - არა, არ შეიძლება. პოლიკლინიკაში წავალ სულაც, კლიმაქსის ნიადაგზე ნერვიული აშლილობა მაქვს-მეთქი, ვეტყვი. ნიკოსთან არ შეიძლება. ნიკო - არავითარ შემთხვევაში. დეიკო-დეა, თავს ირწმუნებ? ჰო, საკუთარი თავის გეშინია. არადა, ნიშანივით იყო, გავედი აივანზე და პირველი, ვინც თვალში მეფეთა - ნიკო თავისი შავი ძაღლით. არა და მორჩა! აიზიდე ახლა და გაპაკიპუკდი პოლიკლინიკაში. პაკ-პუკ, მილიცა ქურქით საგრიმიოროსკენ, პაკ-პუკ, პაკ-პუკ! რაღაც მინდოდა. რა? სიგარეტი. ჩვეულებრივი სიგარეტი სამზარეულოს მაგიდაზე; ავიზიდეთ, აბა, ავიზიდეთ და ნიკოზე ფიქრი - არა! მორჩა ნიკო, არა! - შემოსასვლელის კედელზე სარკე, სარკეში - მე, ძალაუნებურად მესრუტება ლოყები, როცა სარკეში მე. ქალი ჯერ თავის თავს ეპრანჭება, მერე სხვას, რატომ? რა - რატომ? თავის თავს რატომ? იმიტომ, რომ იმიტომ. მაინც? თავს იმხნევებს? თუნდაც. არა, აშკარად მოვიმატე; მზერა სამზარეულოს მაგიდისკენ. საფერფლე. სანთებელა. სიგარეტის კოლოფი. დავიძარით ჩვეულებრივი სიგარეტისკენ. სიგარეტი - ყავა! ხელი ჯეზვეს ტარს, ჯეზვე გაზქურაზე. სიგარეტი კოლოფიდან. სიგარეტი პირში. ონკანი. წყალი. სანთებელით ჯერ სიგარეტს, მერე გაზქურას. ყავა კოვზით, ყავა ჯეზვეში. სიგარეტის კვამლი თვალისკენ. მეჭუტება. სიგარეტი პირიდან. კოვზით ჯეზვეში. მოვურიოთ, მოვურიოთ, საკმარისია. კოვზი ბაკანში. მზერა ჯეზვეს, პირში - სიგარეტი. მექანიკური მოძრაობები. რა წილი აქვს მექანიკურ მოძრაობას არსებობაში? ძირითადი. უმთავრესი. არა. არსებობა მექანიკური მოძრაობებია - სიცოცხლეა ორგაზმი. ჩავიწერო? ფუჰ, შენი! - არარეალიზებულმა მსახიობმა მწერლობა მოინდომა. მწერალი. ჰემინგუეი. მიყვარდა. მიყვარდა თუ როგორც მამაკაცი მომწონდა? ერთიც - მეორეც. პატიკოს ფოლკნერი უყვარდა, მე - ჰემინგუეი. პატიკო. ფოლკნერი. “დედაჩემი თევზია”, - ჰო, ფოლკნერი. პატიკომ წამაკითხა. პატიკო. ერთად ინსტიტუტში, ერთად სცენაზე, ერთად სუფრებზე, ერთად ლოგინში. ლაღი, აწყვეტილი, საინტერესო და მერე, უცებ, - უსუსური, საბრალო - უსუსური, საბრალო - უსუსური, მაღალი, ხმელი, საბრალო - უსუსური. თვითონ გამერიდა. შეატყო, ლოთდებოდა და გამეცალა. “მოვერევით”, - ვეუბნები, - “ერთად მოვერევით”, თავს აქნევს, - არა, - თავს აქნევს - არა, თვალებში ლოთის ცრემლი უდგას, - შენთან არ მინდა ასე ყოფნა, - ამბობს, მიდის. ითამაშა? ალბათ - არა. რაღაცას გაუფრთხილდა, იქნებ იმ ძველ პატიკოს, რომელიც ორივეს გვიყვარდა. ჰო, მე და პატიკოს ის პატიკო გვიყვარდა. შეეშინდა, რომ ვეღარასდროს მიგვატოვებდა ვერც მე, ვერც სასმელს და ის ცხოვრება დაინახა - ჩვენი სამეულის. ლოთები უსუსური ეგოისტები არიან. რაც უფრო უსუსურია ეგოისტი, უფრო ამაზრზენი ხდება. ჩემი ბრალია? იქნებ - ჰო, იქნებ - არა, იქნებ მეც გავუფრთხილდი იმ პატიკოს, რომელიც მიყვარდა. სისულელეა. ჩემი ბრალია და მორჩა, არ უნდა გამეშვა, გავუშვი, წავიდა, ლოთობს. ამასწინათ შემხვდა ქუჩაში, მობანცალებდა, დამინახა, თავს შეუძახა ეტყობა, ნაბიჯის გამართვას შეეცადა, ხელები გაშალა: “დეიკო-დეა, როგორა ხარ, საყვარელო!” - მიხუტებს, ვეხუტები, ვუცინი, სასმელის სუნად ყარს, მიხუტებს, მიხუტებს, მერე ახველებს, ამონახველს ცხვირსახოცით იწმენდს და უცაბედი მზერით ამოწმებს ამონახველში სისხლი ხომ არ ურევია, ისევ იყოჩაღებს თავს, შემომცინის, მინდა, რაღაცით დავეხმარო, ჩანთაში ფული მაქვს, ჰონორარი რადიოდან, “რამე ხომ არ გჭირდება?” - ვეკითხები, ხელებს ასავსავებს, “არა, არა, რას ამბობ”, - უმწეოდ ასავსავებს ხელებს და უცებ მეცლება: “შევხვდებით, გკოცნი!” - მიდის, არ ტრიალდება, ისე წევს ხელს და მიდის ხაზგასმულად გამოყოჩაღებული ნაბიჯით და ზუსტად ვიცი, - ფული უნდოდა, მაგრამ ცდუნებას რომ არ აჰყოლოდა, ამიტომ გამშორდა ასეთი ნაჩქარევი ფართიფურთით; თვალს ვაყოლებ, მეცოდება, ძალიან მონდომებულია, ფეხი არ აერიოს და მეცოდება, რადგან ტკეპნისო თითქოს ქვაფენილს, იმას, ქვაფენილს უმტკიცებსო თითქოს რაღაცას; ისე მიაბიჯებს, გეგონება, ცარიელ ფურცელს ბეჭედს ასვამსო, დაასვა ბეჭედი - მოისროლა ცარიელი ფურცელი, ისევ დაასვა ბეჭედი - ისევ მოისროლა და ისევ და ისევ, რაღაც განწირული, შეშლილობამდე მისული სიბეჯითით ცდილობს, ფეხი დააბეჭდოს ქვაფენილს, ფეხი დააბეჭდოს ქვაფენილს და მიდის და მე ვუცქერ და მიდის, მშორდება. პატიკო ნახანძრალ ხეს დაემსგავსა, მისი ხელების უმწეო სავსავში იყო რაღაც ძალიან ნახანძრალი. პატიკო. რა მოხდებოდა, იმ დღეს, რეპეტიციაზე, ლუკში რომ არ ჩავნარცხებულიყავი? რა მოხდებოდა და შვილი მეყოლებოდა პატიკოსგან, ეს მოხდებოდა, რა უნდა მომხდარიყო; ვიღაც იდიოტმა ლუკი დატოვა ღია და მოხდა, რაც მოხდა. ბიჭი ან გოგო, ბიჭი ან გოგო, - ფუჰ, შენი! ხელისგულები თვალებზე, ხელისგულები - სველი, ჰუუჰ - ნაფაზი, ჰუუჰ - ნაფაზი, კვამლი გულისკენ, გულთან, გულში. ჰუუჰ - მორჩა. ჰუუჰ - ნაფაზი, სიგარეტი საფერფლეზე, მზერა ჯეზვეს, ხელი ჯეზვეს ტარს, ჯეზვედან ჭიქაში, ჯეზვე ნიჟარაში, დავიძარით აქედან იქით, ოღონდ სარკისკენ მზერა - არა, მოვიმატე - ამეტირება. სავარძელი. სავარძლისკენ. მაგიდაზე ყავის ჭიქა, საფერფლე, სიგარეტის კოლოფი. მზერა წიგნების თაროს, თაროზე შავტყავიანი წიგნაკი, ხელი წიგნაკს, სავარძელში, შავტყავიანი ჩემი საუნჯე მაგიდაზე, იქვე მარაო, ჩემი ცისფერი მარაო და შავტყავიანი წიგნაკი - ორი ნადავლი. შავტყავიანი წიგნაკი პირველია. უმთავრესია შავტყავიანი ჩემი საუნჯე. გადამარჩინა. გამომიხსნა. სიცოცხლე დამიბრუნა ჩემს სიმკვდარეში, რადგან იქამდე ცხადად მოვკვდი. არ მიოცნებია ოფელიას როლზე, მაგრამ მჯეროდა, რომ - მე. გავიგე თუ არა, “ჰამლეტი”-ო და ვიფიქრე, ოფელია - მე. მზერა კედელს. აფიშები. ძირითადად ქართული რეპერტუარი, სადაც მე ვარ შავით თეთრზე. იერი მაქვს, ეტყობა, მეტისმეტად ქართული. ასე მხედავენ, ეტყობა, პირგაპარსული კარაბას-ბარაბასები. კლეპტომანია ვარსკვლავური დაავადებააო, ინტერნეტში. ჰოლივუდის ვარსკვლავები ოკეანის იქით, კალიფორნიაში, მე აქეთ - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს მხარეში, იმ თეატრის მსახიობი, სადაც ღამურების ოჯახი ბუდობს. ისინიც, მეც - ერთი სენით. იმათ რა აპარინებს? რაც მე, - ვნება. ადრენალინის ნაკლებობა რომ ვიგრძენი, მაშინ პირველად. კედელზე არაა “ჰამლეტი”-ს აფიშა, სამაგიეროდ შავტყავიანი წიგნაკია მაგიდაზე, რამაც ოფელიას როლი ჩამინაცვლა და ჩემს სიმკვდარეში გამაცოცხლა. მსახიობი სცენის ჰაერით სუნთქავს, ჟანგბადს თუ გადაუკეტავ, რაღაცას იღონებს, სცენას მოიწყობს სადმე - მაღაზიაში, ქუჩაში, კაფეში, სადმე, ჰო, სადაც მოუხერხდება. იმათ - რა, ისინი ხომ ვარსკვლავები არიან? მათთვის თანდაყოლილი სენია, ალბათ. მათთვის თანდაყოლილია, ჩემთვის - შეძენილი. თავს ვიმართლებ? დამნაშავე იმართლებს თავს, მე - არა, მე ვცხოვრობ, როგორც მეცხოვრება. კი, თავს ვიმართლებ, ეგეც ჩემი ქართული წიკი, მოთხოვნილება - მსხვერპლად წარმოიდგინოს თავი. თუმცა, რატომ წიკი? იქნებ, ისტორიული გამოცდილება, ანდა ხვედრი? არარეალიზებულობა ხვედრია. მოლოდინის რეჟიმში არსებობაც ხვედრია. ამაში მე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურესი ქვეყანა აშკარად ვემთხვევით, სცენაზე გვინდა გამოჩენა, არ გვიხერხდება. რას დავიჩემე ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, იქნებ აზია უფროა? თუ აზიაა - რომელი აზია. აზიის უკიდურესი დასავლეთი? არ ვიცი. ის საიდან ვიცი, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურესი კუთხეა? პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში - იოსელიანი, ჰო, ოთარ იოსელიანის დოკუმენტური ფილმი საქართველოზე. მზერა ფანჯარას. ფარდა. ირხევა. გარეთ ზამთარი, ჩემში - სიცხე. ზამთარი ჩემს მდგომარეობაშია, შობა-ახალ წლამდე და მერე ზამთარი. ზამთარში ორი ზამთარია, ჩემში ორი - მე, ქვეყანაში, სადაც ახლა შიგნიდან მცხელა, ორი კონტინენტი. ზაფხულში შემცივდება? ხელი მარაოს ტარს. იშლება. მარაოს სიცისფრე თვალებთან, სახეზე - სიო. სასაცილოდ გამოვიყურები ალბათ, კლიმაქსიანი ქალი მარაოს იფრიალებს აფორაჯებულ სახესთან. რაღაცას მაგონებს. რას? რომელიღაც კომედიას. კონკრეტულ კომედიას? არა, - მდგომარეობას, ანდა, ხასიათს. ხასიათს, თუ ატმოსფეროს? კომედია. არისტოფანე. მოლიერი, მოლიერი არისტოფანეს პირდაპირი შთამომავალია, შექსპირი სხვაგანაა. არა, სხვაგან არა, შექსპირი ყველგანაა - ცასავით. რა შუაშია შექსპირი, როცა მარაოს ვიფრიალებ ჩემს კლიმატოზურ აალებაში? ვიფრიალებ, ვიფრიალებ და ვარ ასე და გულში ვმღერი: - მშვენიერმა მაისმა, გული გამიხალისა, ტა-რა-რა-რა, რარირა, სიტყვები არ მახსოვს, შევეცი სიტყვებს, ტარირირო, რარირა, შევე-შევე-შევეცი, შევე-შევე-შევევე - ჰო, მივხვდი, რა ხასიათის კომედიისკენ წამიყვანა. სამოციანი წლების ქართული კინოკომედია. “თოჯინები იცინიან”. იპოლიტე ხვიჩია, სესილია თაყაიშვილი, მარინე თბილელი - სასაცილო ოჯახი სასაცილო სიტუაციაში, თანაც ზაფხული, სიცხე, გაზეთის გამალებული ფრიალი სახესთან, ცივი ბორჯომი მაცივრიდან, ყველას ცხელა, მეც მცხელა,^ “ჭრიჭინა”. დოდო აბაშიძე თქეშის ქვეშ გაბუტულად, აქედან მედეა ჩახავა - ბიჭიკო! ბიჭიკო! და მერე გაცხადებული სიყვარულით: - ბი-ჭი-კო! ჭრიჭიჭრიჭი, ჭრიჭინა, ჭრიჭიჭრიჭი, ჭრიჭინა - ლეილა აბაშიძე. ახალგაზრდული, ნათელი სახე, თვალებში ვარსკვლავები, წკრიალა ხმით^ - მშვენი-ერმა აისმა, გული გამიხალისა, - და მერე სხვა ლეილა, ასაკში ლეილა, მსგავსება ფელინის ქალებთან. “რვანახევარი”. რეჟისორი შოლტს ატყლაშუნებს, სქელუა ქალს მიერეკება მაღლა, მაღლა, დავიწყებისკენ. სქელუა ტრაკს ათამაშებს და ტირის, დარჩენას ითხოვს და ტირის, ტირის და გული გეწურება, როცა ცეკვავს და თანაც ტირის და მიდის მაღლა, დავიწყებისკენ. ახლა მე - მაღლა, სიმღერით და ტრაკის თამაშით: - მშვენიერმა მაისმა... ფუჰ, შენი! მარაო მაგიდაზე. ხელი წიგნაკს, წიგნაკი ხელში. შავტყავიანი ჩემი საუნჯე. იყოს აქ, იყოს ჩემთან. ჰო, ასე. მზერა კედელს. აფიშები. პრეისტორიული ადამიანის გამოქვაბულში გამოკრული ტყავებივით. ტყავები. ტყავი. ქურქი. მილიცა ქურქით. მილიცა მანქანიდან და ქურქით. მიპაკიპუკობს. მიპაკიპუკობს. თეატრის უკანა შესასვლელთან მანქანა და მილიცა ქურქით საგრიმიოროსკენ. მილიცა სცენაზე. მეც სცენაზე. პარტერის მეხუთე რიგში პირგაპარსული კარაბას ბარაბასი მოჭუტული თვალებით. გვერდით მაგიდა უდგას, მაგიდაზე ფინჯანი, საფერფლე, სიგარეტის კოლოფი. იცქირება აქეთ, ჩვენკენ, ახლა მილიცა ჰკითხავს რაღაცას, ვგრძნობ, ჰკითხავს, რადგან მილიცა ასეთია, თავის გამოჩენა უყვარს რეჟისორთან და ჰო, ეკითხება, იმას, იმას, იმ პირგაპარსულ კარაბას-ბარაბასს, ვინც ხელის ძუნწი, ზეაღმატებული მოძრაობით მთავაზობდა თავისი ასოს სათანადოდ გამაგრებას, მერე ზემოდან შემოჯდომას, მხედრის პოზაში, თვითონ კი წევს, წევს, იქიდან მიცქერს, მაფასებს თითქოს, გეგონება, ლოგინშიც დისტანციაა ჩემსა და მას შორის, გეგონება, ლოგინშიც არსებობს პარტერის მეხუთე რიგი, საიდანაც თამაშს მიფასებს და მერე, მერე, ჩემი სიშიშვლის რბილობებში ჩაჭედილი მისი ხელები და ჰა, ათავებს და ჰა, ჰა, მიდი და გინება ამოგმინვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედნიერია და ამიტომ მაგინებს და ამ დროს მეც ბედნიერი ვარ, რადგან ისაა ბედნიერი და იმითიც ბედნიერი ვარ, რომ ვიცხოვრე მასთან და ერთად განვიცადეთ ვნების სიმძაფრე, რაც დედაჩემის გინებად ღირდა და სულაც არაა დედაჩემის გინება, ჩვენი სექსის მსუყე წერტილია, რის შემდეგაც კარგად იწევა სიგარეტი. რამდენ ხანს იწეოდა სიგარეტი ასე? წელიწადზე ცოტა მეტი და მერე მორჩა. სხვაგან იყო; ვიგრძენი. ამას მუდამ ვგრძნობ. მზერა უხდებათ ისეთი - გაუცხოებული. გადაღლილი. თავისთვის. საწოლიც ისეთი ხდება - შეჩვეული. არა. ჩვეულებრივი საწოლი, რაზეც მექანიკურად და გათვლილად მოძრაობთ და აღმოჩენა აღარ გაკავშირებთ. ხართ ასე - მშვიდად, თქვენთვის, გაცალკევებულად: “სიგარეტი მომაწოდე!” - “აჰა!” - აწვდი. შენც ეწევი და ესეც ჩვეულებრივია, ეს სიგარეტიც. ჩვეულებრივი სიგარეტი. ნაფაზი - ყავა, ნაფაზი - ყავა. სიგარეტი საფერფლეზე, მზერა წიგნაკს. წიგნაკი მაგიდაზე. ნაფაზი - ყავა, ნაფაზი, ფერფლი საფერფლეში. სიგარეტიდან ფერფლი, ჩემგან - რა? მეუბნება - “არ მინდა, გესმის შენ, არ მინდა, სამუდამოდ დამკარგავ!” ვეუბნები - “დაახვიე, ისედაც დაკარგული ხარ ჩემთვის, მე მინდა, მხოლოდ ჩემი იქნება!” მეუბნება - “სულელი ხარ!” - მიდის. წავიდა. გავაჩენ - ვფიქრობ, ჩემთვის გავაჩენ - ვფიქრობ, მოვა-მოვა, არ მოვა, არავინ მჭირდება - ვფიქრობ, თან იმედი მაქვს, რომ მოვა, მოვა, აბა, სად წავა, როცა პატარა კარაბას-ბარაბასს გავაჩენ, მოვა, აუცილებლად დამიბრუნდება, - ვფიქრობ. მკერდი მიმაგრდება, მუცელი მეზრდება, ხსენი მადგება ძუძუსთავებზე, მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, სულ ვფიქრობ იმაზე, რომ რაღაც დაიკარგა ჩვენ შორის და როცა პატარა გაჩნდება, ხელახლა მოვახედებ, ახლიდან მოვიბრუნებ, ესაა ჩვენი შემოქმედება, ეს პატარა, - ვფიქრობ, - ამაზე მეტი შემოქმედება არ არსებობს, - ვფიქრობ და იმდენს ვფიქრობ, რომ არც კონსულტაცია მაინტერესებს, არც ექიმი, საერთოდ არავინ მაინტერესებს ჩემი ფიქრების გარდა და მერე - ბახ, ბაბახ! - ცრუ ორსულობა გამოდგა. ბახ! ბაბახ! - ჰო, ამას ჰგავდა. ჰუუჰ, ჰუუჰ, - ნაფაზი. რამდენ ჰუუჰ-ს იტევს გული, - ნაფაზი, ნამწვი საფერფლეში. ხელი წიგნაკს. წიგნაკი. მამშვიდებს, როცა ახლოს. სანამ ჩემი გახდებოდა, ფოიეში გამოკრული განაწილება იყო. მივაბიჯებ თეატრის დერეფანში და მივაბიჯებ და მივაბიჯებ, გული ყელთან ტოკავს, მაგრამ არაფერი უნდა შემემჩნეს და მივაბიჯებ, გულგრილი ვარ ვითომ, ჰო, გულგრილი და თავდაჯერებული ვითომ, იმიტომ, რომ მერე, მერე, როცა განაწილებას წავიკითხავ და იქ ჩემს გვარს აღმოვაჩენ, ამის კი მჯერა, მჯერა, ძალიან მჯერა, რომ მე ვიქნები ოფელიაზე და ეს იმიტომ, რომ მე ვარ ოფელია, ნამდვილად მე ვარ ოფელია და უნდა შევიშნოო, ოფელია რომ ვარ, აღელვება არ სჭირდება იმას, რაც თავისთავად ცხადია, რის დასტურსაც სულ მალე ვიხილავ ფოიეში, და მერე, როცა ამას წავიკითხავ შავით თეთრზე, თეატრის ბუფეტში ჩავალ, ფეხს ფეხზე გადავიდებ, ყავას მოვწრუპავ და ისე მოვწევ სიგარეტს, ვითომც აქ არაფერიო, რადგან მისაღები მივიღე და არაფერია საყიჟინო იმაში, რაც თავისთავად ცხადი იყო და მე ხომ ვიცი, ვიცი, ხომ განმიცდია, რა სხვანაირად იწევა სიგარეტი, როცა შენი შურთ და ამას არ ამჟღავნებენ, მაგრამ შენ ხედავ, ყველაფერს აფასებ შენი სიმშვიდის სიმაღლიდან და ამ იმედით ატაცებული მივაბიჯებ დერეფანში და გული ჩემი ჩემს ყელთან ტოკავს, მაგრამ არა, არა, არაფერი უნდა შემემჩნეს და მივაბიჯებ, მივაბიჯებ და აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი დერეფანი, სადაც გულისრევამდე მჭახედ ისმის ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმლის პაკი-პუკი და ჰე, დამთავრდა, იქ ვარ, სიასთან და სიაში შავით თეთრზე ჩემ ნაცვლად მილიცა. გული ყელიდან ტვინისკენ, გული ტვინში, თვალებზე მოწოლილი სიმწარე, მაგრამ - არა, არ შეიძლება, არ უნდა შევიმჩნიო, მსახიობებთან - არა, აქ - არა და ვდგავარ სიასთან, სადაც მე - არა და სანამ სიმწარემ გზა იპოვა თვალებიდან, სასწრაფოდ აქედან, სასწრაფოდ თეატრიდან, სასწრაფოდ, სასწრაფოდ აქედან სადმე და არავითარ შემთხვევაში ბუფეტში, სადაც ჩემ ნაცვლად მილიცა ეწევა სიგარეტს და მილიცა შეექცევა ყავას და მილიცასი შურთ და არა ჩემი და ისევ დერეფანი, ეს დაუმთავრებელი დერეფანი და ფიქრი - “ახლა არავინ შემხვდეს, ახლა არავინ შემხვდეს” და ჰუუჰ, ჰუუჰ, - დერეფანი, სადაც გაქცევა არ შეიძლება, გაიყიდები, ვინმემ თუ შეგნიშნა, და მივდივარ, მივდივარ და მეშინია, გულმა ტვინი არ გამიგლიჯოს, მაგრამ - არა, არ უნდა შემემჩნეს, - არა და ჰუუჰ, ჰუუჰ და მაინც - არა და მივდივარ დერეფანში. რამდენი თამაშია იქით და აქეთ, აქეთ მეტი, - ვიდრე სცენაზე. რაღაცნაირ გაზაფხულში გავაღწიე. ხელი რომ დაგიბუჟდება და ვეღარ გრძნობ ხელს და მკვდარია თითქოს შენი ხელი. ჰო, დაბუჟებულ გაზაფხულში გავაღწიე და ჩემში არც სისხლი, აღარც ცრემლი, მხოლოდ სიმკვდარე, დასასრული და მეჩვენება, რომ ვეღარასოდეს გავალ სცენაზე, სადაც მაყურებლის სიჩუმე გზარავს, მაგრამ სწორედაც ეს შიში გიწევს ადრენალინს, ეს გამოძრავებს, გამეტყველებს, ამ შიშით გრძნობ სიცოცხლეს, შიშს გაჰყავხარ ჯილდომდე, გადანათებულ დარბაზამდე, სადაც ტაში და ბრავო, ტაში და ბრავო ერთად და შენ სცენაზე და ერთსახედ ქცეული მაყურებელი და ტაში და ბრავო, რაც ისე შორს იყო, ისე განზე ჩემგან იმ დაბუჟებულ, მკვდარ გაზაფხულში და მეც უსისხლო და მკვდარი მივაბიჯებ ქუჩაში და იქით სკამი, სკამზე მოხუცი კაცი კრიალოსანით და მანქანა, რომელმაც ჩამიარა და ისინიც მკვდრები არიან - ის კაციც და მანქანაც, რომელიც დამშორდა, მოძრაობს, მაგრამ მეც ხომ ვმოძრაობ ჩემს სიმკვდარეში და რა გასაკვირია, ისიც მოძრაობდეს და ვმოძრაობ მკვდარი და ცოტათი მაინც რომ გავცოცხლდე, კონტაქტი მჭირდება - სიტყვები, ქმედება, რამის ყიდვა თუნდაც და წიგნის მაღაზია ხელმარცხნივ და ჩემი მკვდარი ფეხები თავისით მაღაზიისკენ და იქ, იქ, იქ, პირველად წვეული ფიქრი, რომ გამყიდველთან კონტაქტი კი არა, მოპარული ნივთი დამიბრუნებს შიშს და სიცოცხლეს და როგორც კი ეს ფიქრი - იმწამსვე აწეული ადრენალინი ჩემში, ეკლებივით წაწვეტებული, სხარტი ფიქრები ჩემში - როგორ? რანაირად? როგორ? რა? - ნადავლი თვითონ მოიწვევს შენკენ. მოიწევს - არა, თვალში გეჩრება, გეძახის იქიდან - შენი ვარ, შენი! მოდი, წამიღე! შავტყავიანმა ჩემმა საუნჯემ დამიძახა, მახსოვს: - შენი ვარ, შენი! მოდი, წამიღე! თვალით ვაფასებ, უკვე მიყვარს, უბეს ვისინჯავ კაბაზე, მოთავსდება - ვფიქრობ. მზერა გადამაქვს სხვა წიგნებზე, ერთ-ერთ წიგნს ვფურცლავ, გამყიდველმა გოგონამ უნდა შემნიშნოს, რომ დაინტერესებული მკითხველი ვარ, წიგნის ჭია, ვისაც აქ ყოფნის უფლება აქვს, რადგან არჩევს წიგნს, უკირკიტებს, ეძებს რაღაცას. ასე ვარჩევდი, სანამ მყიდველი არ გამოჩნდა მაღაზიაში. ვიღაც კაცი, მაღალი კაცი. ველოდები, სანამ მყიდველი გამყიდველთან არ მივა. ჩემი საუნჯისკენ ვინაცვლებ თანდათან, აუჩქარებლად. ცალი თვალი იქით მაქვს, გამყიდველი გოგოსკენ. ჯერ არა, - ვფიქრობ, - ჯერ არა, - ვფიქრობ, ახლა, ჰო, ახლა! - და ხელი წიგნაკს და უბეში სწრაფად, გათვლილად, ზუსტი მოძრაობით, მაგრამ არა, გასვლა ადრეა, რაღაც უნდა ვიყიდო. იაფფასიან ბროშურას ვაცქერდები, ვითომ დამაინტერესა, ვითომ ამას ვეძებდი ამდენი ხანი, ვეძებდი და ჰა, ვიპოვე. ვუახლოვდები გამყიდველს, გული მიცემს, მიცემს, ვუახლოვდები, ვუღიმი, ბროშურას ვყიდულობ და მაღაზიიდან ქუჩაში, სადაც ხეები ყვავილობენ, იქით კი, სკამზე, ვიღაც მოხუცი კაცი ზის, კრიალოსანს ათამაშებს ხელში და ის კაცი აშკარად ცოცხალია, რადგან მე გავცოცხლდი, ჩემი ხელი გრძნობს ასე ცოცხლად უბეში მოყუჩებული წიგნაკის ტყავს, და მივაბიჯებ, მივაბიჯებ გაცოცხლებული, შინ მივდივარ, რათა ჩემს პირველ ნადავლთან განვმარტოვდე. არსებობა ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ არსებობის გარეშე სიცოცხლეს ვერ იგრძნობ. მუდმივი ორგაზმი არ არსებობს, არც უნდა არსებობდეს. მუდმივი ორგაზმი იგივე მექანიკაა და თავის შინაარსს კარგავს. წიგნაკი ახლოს, წიგნაკი ცხვირთან, ჩვილის სუნი აქვს. წკაპ. ეკრანი. მეგობრობის შემოთავაზება. წიგნაკი მაგიდაზე. მზერა ეკრანს. ვინ? ნიკო თავისი შავი ძაღლით ეკრანზე. ნაღდად ნიშანი იყო. ჰო, ნიშანი, ჰო, ნიშანი, ჰო, ჰო, ჰო, ნიშანი, ნიკო თავისი შავი ძაღლით ჩემი კომპიუტერის ეკრანზე, ჰო, დილიდანვე ნიშანი იყო, ჰო, ჩაქუჩი, ნიკოს ჩაქუჩი, ჰო, ვიმეგობროთ, ვიმეგობროთ, ჰო, ვიმეგობროთ, თითი ღილაკს. 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE