ოთარ ჩხეიძის წიგნს, “რომანი და ისტორია”, თვალს თუ შევავლებთ, უნებურად გავიფიქრებთ, რომ რომელიღაც მნიშვნელოვანი მწერლის რომანის ვრცელი განხილვაა, მაგრამ პირველივე სტრიქონების წაკითხვა მიგანიშნებთ - საქმე მხატვრულ ტექსტთან გაქვთ. თუმცა, თუ კითხვა გააგრძელეთ, კიდევ მრავალგზის შეგეცვლებათ ვარაუდი, რადგან ეს სქელტანიანი წიგნი ძნელად შეიძლება, რომელსამე ჟანრს მიაკუთვნოთ. რომელიც, ერთი მხრივ, ბიოგრაფიული რომანია ვასილ ბარნოვის შესახებ, მაგრამ იქვე იკვეთება სხვა მიმართულებაც — ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი, რომელიც მხატვრულ ქსოვილშია მოქცეული და ეს მხატვრული ქსოვილი გასდევს მთელ ტექსტს, სადაც ძირითადი სიუჟეტი ისტორიული დეკორაციებით, ეპოქალური მოვლენებით იტოტვება და ყველაფერი თითქოსდა ერთგვარ პარაბოლას ქმნის, რომლის ფოკუსი - ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი, ვასილ ბარნოვი გახლავთ.
როცა ლიტერატორი ახლო ხედით განიხილავს მწერლის შემოქმედებას, მისი ხედვის არეში მხოლოდ ტექსტები ექცევა. მაგრამ ოთარ ჩხეიძის ლიტერატურული ანალიზი მხოლოდ ბარნოვის რომანების განხილვას კი არ ეფუძნება, არამედ ბიოგრაფიული დეტალებით მის გამდიდრებას და ამ ყველაფრის შესაბამისი ისტორიული რაკურსის ფონზე ასახვას. ყველა ზემოჩამოთვლილის ფონზე ჩანს ოთარ ჩხეიძის დამოკიდებულება საკვლევ მასალასთან, ასევე ზოგადად, ხელოვანთან და ხელოვნებასთან მისი მიდგომა.
„რომანი და ისტორია“ ათი მოზრდილი, დასათაურებული თავისგან შემდგარი ტექსტია. და სანამ წაიკითხავ, თითოეული ნაწილისგან ათ მოზრდილ ამბავს ელი, ათ სხვადასხვა საფეხურს, ხედვას, მიგნებას ვასილ ბარნოვის იმ საინტერესო მწერლური მემკვიდრეობის მიმართ, რომელიც ოთარ ჩხეიძემ საკუთარ მწერლურ პრიზმაში გარდატეხა, საკუთარი ენობრივი წიაღები გამოატარა და ამ სრულიად განსაკუთრებული ფორმით წიგნად დაწერა.
პირველივე თავი, „პაექრობანი ტოლათსოფელში“, უცნაურად და სიმბოლურად იწყება. რომანის მთავარი პერსონაჟი ეკლესიის გასწვრივ მდგარ კოშკს დაინახავს. კოშკი და ეკლესია, ამ შემთხვევაში, ალბათ, როგორც ერთმანეთის გამომრიცხავი სიმბოლოები (ქრისტიანობა და ქრისტიანობისმიღმა სიმბოლო), როგორ ერთის მეორიდან გამომდინარეობა (ისტორიულ ქრონოლოგიას თუ გავითვალისწინებთ), როგორც ქრისტიანობის თვალსაწიერის შემოუფარგვლელობისკენ სწრაფვა, გამომრიცხავ ცნებათა მიღება, უნდა აღვიქვათ. ეს ორი კონსტრუქცია-მეტაფორა თავის თავში მრავალშრიან ადამიანურ მეხსიერებას მოიცავს, იმას, რაც საუკუნეების მანძილზე დაუგროვებია კაცობრიობას და კულტურათა კლიშეებში მოუქცევია. კოშკისა და ტაძრის გარშემო კი უკიდეგანო სამყაროა და უნებურად იქნებ სწორედ ეს გარე, მიღმიერი, შემოუსაზღვრავი სივრცე არის მწერლის კვლევის არეალი თუ არსებულის მიმართ პროტესტი...
ვინც ოთარ ჩხეიძის ენას, წერისა და აზროვნების სტილს არ იცნობს, ის „რომანი და ისტორიას“ ერთ მონოლითურ მხატვრულ ტილოდ აღიქვამს. ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარს ხელოვნების ნიმუშების კატეგორიებად დაყოფა. არადა, ჟანრიც რომ თავისებური შეზღუდვაა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მწერლისთვის, ამის მაგალითად სწორედ ეს წიგნი გამოდგება, რადგან ავტორი აქ უარს ამბობს ამგვარ კლიშეზე და გვთავაზობს სქელტანიან წიგნს, რომელიც ოთარ ჩხეიძის მწერლური ჯადოქრობის მეშვეობით ერთდროულად არის კლასიკური მხატვრული რომანი, რომელიც მოიცავს ბიოგრაფიულ მომენტებს და დოკუმენტებს თავისი ისტორიული რაკურსით. მეორე მხრივ კი - ლიტერატურულ-ფსიქოლოგიური კვლევა, რომელშიც ჩართულია მხატვრული პასაჟები წარსულის დეკორაციების ფონზე.
და მაინც, მე ვიტყოდი, რომ მთელი ეს ვრცელი ნააზრევი არის ოთარ ჩხეიძის, როგორც მოაზროვნისა და როგორც ფსიქოლოგიური ინდივიდის ერთგვარი სულიერი გადასახლებაა ვასილ ბარნოვის მწერლურ და ფსიქოლოგიურ სამყაროში, საიდანაც ახალი რაკურსით ხდება სამყაროს შეცნობა. თითქოს გაერთკაცებული ეს ორი ინდივიდი, სრულიად სხვადასხვა ენისა და განზომილებების მქონე ორი მწერალი ერთმანეთს შეერწყა და სამყაროსეული გაუგებრობების შტურმით აღება განიზრახა. ერთობლივი ძალით შეეჭიდა იმ მარადიულ კითხვებს, რომელიც მუდმივად აწუხებს მოაზროვნე ადამიანს.
ერთი შეხედვით, რომანში უსაშველო ქაოსი ტრიალებს. მითოსი, წარმართობის დროინდელი არქეტიპები, რელიგიური პერსონაჟები, ხალხი, თავად ვასილ ბარნოვი, შემდგომი თაობა, მისი პერსონაჟები, ავტორი, რომელიც ავტორად რჩება და ავტორი, რომელიც მთავარ პერსონაჟს შეერწყა... მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ეს ამხელა სპექტრი სწორედ იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ მკითხველმა უფრო ნათლად დაინახოს მსოფლმხედველობათა ჭიდილი, ეპოქებს შორის სხვაობა, ადამიანთა შორის წინააღმდეგობები და საერთოდ, მთელი ის მწყობრი სისტემა, რაც სინამდვილეში განვითარების ბუნებრივ კანონს ემორჩილება.
მცირე ფორმატის პირობებში ძნელია რომანის თითოეულ თავზე გამოწვლილვით საუბარი, რადგან, თავის მხრივ, ეს თავებიც ცალკეულ სათქმელთა მთელი მარაგია. მაგრამ შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ, ერთი შეხედვით, ჰერმეტული ქართული სივრცის გამჭვირვალობა, როცა რომანის მეოთხე თავში, „რას აჰხირებოდა ბალზაკი სკოტსა“, ოთარ ჩხეიძე ოსტატურად ახერხებს, ევროპელ მწერალთა მსოფლმხედველობის, მიზნების, ხედვის და ზოგადად, ისტორიული კონტექსტის მეშვეობით „გაათვითცნობიეროს“ შემოქმედებით წვაში მყოფი ბარნოვი, რომელსაც, თავის მხრივ, მიზნად დაუსახავს, გააცოცხლოს ისტორია და გაითვალისწინოს ყველა ის ცოდნა, რაც მწერლურ წიაღში არსებობს არამხოლოდ საქართველოში. მწერალი ევროპას მიმოიხილავს და წარსულისკენ, მე-18-19 საუკუნეების პერიოდისკენ იმზირება. ბაირონის, უოლტერ სკოტის, ბალზაკის, ჰიუგოს ეპოქას ხატავს. მცირე შტრიხებით ავლენს თავის დამოკიდებულებას მის მიმართ. სწორედ ასეთ ნიუანსებში ვლინდება ამ ავტორის ირონიანარევი იუმორი, რომელსაც ზომიერების დაცვით, ზედმიწევნით აკურატულად გვაწვდის: „ჰო, შორს გავიდეთ და ისიც გავიხსენოთ, უოლტერ სკოტი რო ყოველთვის ბევრს ეტანებოდა; ვაითუ ნიჭი არ მეყოს და ეგება დიდძალმა მასალამ დამიფაროს ნიჭის უკმარისობაო. შიშობდა და არცა ჰფარავდა, სიწრფოებითა და გამარჯვებულის სიამაყით გაემჟღავნებინა უევერლეის ციკლის 1829 წლის გამოცემაში, თავიც გაეცა, „უევერლეის“ ავტორი მე ვარო, თავიც გაეცა და არც შიში დაემალა. ან ნეტავი რაღად უნდა დაემალა, აღიარებულიყო იმისი ნიჭი“... მაგრამ ამ თავის ხიბლი მხოლოდ ამგვარი პასაჟები არ არის. ავტორი მიმოიხილავს მე-19 საუკუნის საუკეთესო რომანებს და მათ ავტორებს. რადგან წიგნის მთავარი პერსონაჟი მწერალს ჯერ მხოლოდ ცხოვრების შუა გზაზე ჰყავს და შემოქმედებითი პროცესებიც წინაა...
დაღმასვლა მხოლოდ ბოლო თავებში იგრძნობა. ეს არ არის ავტორის პესიმიზმი ან იმედგაცრუება ცხოვრების წარმავალობის მიმართ. ეს რეალობის ასახვაა. ამჯერად ამ რეალობას – განვითარება, ნაყოფიერება, შრომა, კვლავ შრომა და ბოლოს ამქვეყნიური ცხოვრების მიწურული ჰქვია. „ეს სხვა იყო, მომხდართა თუ აღწერილთაგან განსხვავებული, უცნაური, განუმეორებელი: აზრი საღი ჰქონდა, წარმოსახვა უსაზღვრო, შთაგონება კვლავ ჭეშმარიტი, ოღონდ აღარ ემორჩილებოდა აღარცა ხელი, აღარცა ტუჩები, ვეღარ დაეწერა, ვეღარც გამოეთქვა, - როგორღა შეეთხზა, როგორღა შეექმნა და რო არ შეექმნა, როგორღა ეცოცხლა?! ეს სულ სხვა იყო, ეს ტრაგედია არც დაწერილა“. მთავრდება რომანი მწერლის შემოქმედებითი სიკვდილით. ოთარ ჩხეიძემ ბარნოვის ბიოგრაფიის დასასრულად მისი სწორედ ამგვარი „სიკვდილი“ არჩია და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც მანამდე წავიკითხეთ, ყველაფერი, თვით ცხოვრებისეული, პრაგმატული, ყოფითი დეტალებიც კი, მხოლოდ იმდენად იყო საინტერესო, რამდენადაც ეს ყველაფერი ვასილ ბარნოვს, როგორც შემოქმედს განაპირობებდა და შეადგენდა.
ოთარ ჩხეიძემ ამ წიგნით, რომელიც სულ ახლახან თავიდან გამოსცა გამომცემლობა „ჩვენმა მწერლობამ“, უიშვიათესი სიღრმის მწერლური პორტრეტი შექმნა და გაგვაცნო ის ვასილ ბარნოვი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ალბათ არცერთი ჩვენგანი არ იცნობდა...