ვისაც უმბერტო ეკოს მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტები წაუკითხავს, იცის, რომ მისი ნაწერების ერთ-ერთი ღირსება მისი ინფორმატიულობაა ანუ ცოდნის მოწოდების პირდაპირი და იოლი გზა - მისი გაცნობის შემდეგ მდიდრდება მკითხველის არა მხოლოდ წარმოსახვითი სამყარო, არამედ რეალური, ისტორიული ფაქტების არსენალიც. ცნობილია მისი ენციკლოპედიური განათლება, სრულიად განსაკუთრებული და ფენომენალური მეხსიერება, რომლის წყალობითაც ის იყო რეალური ისტორიების ცოდნის ნამდვილი საუნჯე. მართალია, ჟანრის კანონი (პოსტმოდერნიზმს ვგულისხმობ) იმის უფლებასაც აძლევდა, რომ ფაქტები და წარმოსახვები სურვილის შესაბამისად აერდაერია ერთმანეთში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ე.წ. რეალური ისტორიები თავის მსუყე დოზას მაინც ინარჩუნებენ.
“საცდელ ნომერში” ეს ისტორიები მუსოლინის უკანასკნელ დღეებს და მის დახვრეტას ეხება, რასაც რომანის პერსონაჟი (რომანო ბრაგადოჩო) სხვადასხვა რეალური ფაქტებით (შესაძლოა, მისტიფიკაციებითაც) ავსებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ეპიზოდები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მოცემულ ტექსტში. ეს ამბები საინტერესოა, არა მხოლოდ როგორც კერძო შემთხვევა - ერთ-ერთი დიქტატორის მარცხისშემდგომი ისტორია - ასევე, როგორც ზოგადი სქემა, რომელიც უცნაური დამთხვევებით შეიძლება განმეორდეს სრულიად სხვა დროსა და სრულიად სხვა მმართველის ბედისწერაში.
დამარცხებული დუჩეს სიკვდილისწინა თუ დახვრეტისშემდგომი „ცხოვრება“ საინტერესო და ყველაზე მსხვილი ამბავია ეკოს უკანასკნელ რომანში, - როგორ რჩება თითქმის სრულიად მარტო დიქტატორი, ვინც ცოტა ხნის წინ ქვეყანას აზანზარებდა, როგორ ცდილობს სამშვიდობოს გასვლას, მაგრამ ყველა გზა მოჭრილი აქვს, მხოლოდ საყვარელი ქალი ეწვევა დახვრეტის წინ, რომელსაც მასთან ერთად ხვრეტენ. თუმცა, როგორც ეკოს პერსონაჟი ირწმუნება, მუსოლინი იქ არ დაუხვრეტიათ, ეს მხოლოდ მისი ორეული იყო, დიქტატორმა კი არგენტინას შეაფარა თავი და კარგა დიდხანსაც იცოცხლა. ძნელი სათქმელია, რა არის ამ მონათხრობში ფაქტი და რა - ფიქცია, თუმცა ამბავი საინატერესოა და რამდენადმე დამაჯერებელიც.
ძალზე შთამბეჭდავი და საყურადღებოა დამარცხებული დიქტატორის "პოლიტიკურ ფასზე" მსჯელობა გამათავისუფლებელი ძალის კომიტეტში. დუჩე მათ ხელშია და შეუძლიათ, ისე გამოიყენონ, როგორც დასჭირდებათ. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი მიიჩნევს, რომ დუჩე იქვე უნდა გაეფარჩაკებინათ, სასამართლო პროცესისა და ბრტყელ-ბრტყელი ისტორიული ფრაზების გარეშე, კომიტეტის წევრთა უმეტესობა კი გრძნობდა, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდებოდა სიმბოლო, კონკრეტული სიმბოლო, რათა ერწმუნა, რომ ოცწლეული დასრულდა: დუჩეს გვამი. გარდა ამისა, მარტო ის კი არ აშინებდათ, რომ დუჩეს ბედს მოკავშირეები გადაწყვეტდნენ, არამედ ისიც, რომ თუ არ ეცოდინებოდათ, საბოლოოდ რა ბედი ეწია, მისი უხორცო, მაგრამ ზორბა ხატი სამუდამოდ ცოცხალი დარჩებოდა, ფრიდრიხ ბარბაროსას მსგავსად, რომელიც, გამოქვაბულში შემწყვდეული, წარსულის დასაბრუნებლად ნაირგვარ ფანტაზიას დღემდე აღვიძებს". ამ მოტივით გადაწყვეტენ დიქტატორის დახვრეტას და შეასრულებენ კიდეც, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ჟურნალისტი ბრაგადოჩო ეჭვობს, რომ ლორეტოს მოედანზე მუსოლინის ნაცვლად მისი ორეული დახვრიტეს.
მაგრამ ეკოს უკანასკნელი რომანი მუსოლინის არ ეძღვნება, ის მხოლოდ ამბის ერთ-ერთი პერსონაჟია, რომანის ერთ-ერთი გმირის ჟურნალისტური გამოძიების ობიექტი. თუმცა, ამ წიგნის მთავარი იდეა თანამედროვე ადამიანის სახიფათო ყოფაა, მისი მუდმივი შიში და ზაფრა, რომ ყველგან მიაგნებენ, მიწიდან ამოთხრიან და თუ დასჭირდათ, დღისით-მზისით ქუჩაშიც გაუსწორდებიან. რომანი, ძირითადად, თანამედროვე ცივილიზირებული ადამიანის დაუცველობაზე, მის უსუსურობაზე, ე.წ. სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობაზე და მათგან გაქცევის სურვილზეც არის.
სათაური - "საცდელი ნომერი" ანუ იგივე "ნულოვანი ნომერი" (Numero Zero) მიგვანიშნებს პრესის ისტორიაში ცნობილ პრეცედენტს ე.წ. ნულოვანი ნომრის ანუ რომელიმე ცნობადი სახის დასაჟანტაჟებლად შექმნილ საგაზეთო ნომრებზე, რომელიც არასოდეს გამოვა, მაგრამ თავის „მისიას“ შეასრულებს - სამიზნე ობიექტისგან მიიღოს აქტივები, რომელთაც მხოლოდ ასეთი შანტაჟით თუ ჩაიგდებს ხელში. წიგნიც ამგვარი გაზეთის რედაქციის თანამშრომელთა ცხოვრებას, მათ განცდებს და ვნებებს ეხება, რა თქმა უნდა, მრავალ საგულისხმო ისტორიასთან ერთად. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანთა ყოფა ისეთივე ნაცრისფერი და უშინაარსოა, როგორიც ის საქმე, რასაც ემსახურებიან. გაზეთის ყველა თანამშრომელი გაჭირვებული, რედაქტორის ხუშტურზე დამოკიდებული და დამამცირებლად უაზრო შრომის მსხვერპლია. სულ ერთია, ვის რისი ნიჭი აქვს, ბევრი აქვს წაკითხული თუ - ცოტა, მთავარია, საცდელი ნომრისთვის საჭირო მასალები დააგროვოს. ასე ხვდებიან ერთმანეთს მთავარი გმირი, 50 წლის კაცი - გვარად კოლონა და ახალგაზრდა, 30 წლის მაია ფრეზია, ამავე გაზეთის თანამშრომელი. როგორც თავადვე აღნიშნავენ, ისინი არიან ორი ხელმოცარული ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი იპოვეს და თავიანთი მონოტონური, არაფრისმთქმელი სიცოცხლე ერთმანეთით შეივსეს. თუმცა, ე.წ. "საცდელი ნომრის" საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რაკი დუჩეს სიკვდილის გარემოებების გამომძიებელი ბრაგადოჩო ქუჩაში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ამ მკვლელობამ ყირაზე დააყენა გაზეთის საქმე და, რომ არა მაია ფრეზიას უშიშარი და შემტევი ხასიათი, ვინ იცის, შინიდან გარეთ ვეღარასოდეს გამოსულიყო დევნის მანიით დამფრთხალი დოქტორი კოლონა.
ეკოს ამ რომანში იმდენად განზოგადებულია პრესის ზოგადი ტენდენციები, რომ ნებისმიერ მკითხველს ეგონება, მისი ქვეყნის ამბებზე წერს, - ზუსტად იგივე პრობლემები, იგივე მიდგომები, იგივე სცენარები. რომანის პერსონაჟი ამბობს: "მამაჩემმა მიმაჩვია, რომ ახალი ამბები ბაჯაღლო ოქროდ არ მივიღო. გაზეთები ცრუობენ, ისტორიკოსები ცრუობენ, დღევანდელი ტელევიზია ცრუობს... ამერიკელები ნამდვილად იყვნენ მთვარეზე? შეუძლებელი როდია, ყველაფერი სტუდიაში მოეწყოთ". მედიისადმი უნდობლობას თავისი რეალური საფუძველი აქვს, მას შეუძლია თავისი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება - თვით ყველაზე ნაღდი ფაქტის იმგვარი დამახინჯება, ანდა, არარსებული ამბის ისეთი დამაჯერებლობით გადმოცემა, რომ ეჭვი ვერავინ შეიტანოს.
ანდა, ეს ტენდენცია - "ამბები კი არ ქმნის გაზეთს, არამედ, გაზეთი ქმნის ამბებს... ...ამბებს ჩვენ ვქმნით და უნდა ვიცოდეთ, როგორ ამოვაკითხვინოთ იგი პწკარებს შორის".
საინტერესო და კომიკური დიალოგი იმართება გაზეთის რედაქტორსა (ბატონ სიმეის) და თანამშრომელს, გვარად კამბრიას შორის, როდესაც ისინი მსჯელობენ, რა თემები შეარჩიონ გაზეთისთვის:
"თუ გავრცელდება აზრი, რომ გარემოს დაბინძურება არა მარტო ვეშაპს უქმნის საფრთხეს, არამედ, მაპატიეთ ტექნიკური ტერმინი, ჭუჭუსაც, ვფიქრობ, ყველანი ეკოლოგიის დამცველები გახდებიან", რაზეც სიმეი პასუხობს: "ეს ტერორიზმი იქნებოდა. თქვენ გინდათ, ეჭვქვეშ დააყენოთ გაზსადენი, ნავთობი, ჩვენი მეტალურგიული მრეწველობა? "მწვანეთა" გაზეთი კი არ ვართ. მკითხველს გული უნდა გავუმაგროთ, განა უნდა შევაშფოთოთ".
ძალზე სახალისო თავია, სადაც თანამშრომლები გაზეთში დასაბეჭდ ანეკდოტებს ყვებიან: "რატომ მოასწრო იულიუს კეისარმა, ეთქვა: "Tu queque Brute" - "შენც, ბრუტუს?" იმიტომ, რომ ვინც ბოლო ხანჯალი ჩასცა, ბრუტუსი იყო და არა - სციპიონ აფრიკელი"; "რატომ მოიგონეს ვისკი შოტლანდიაში? - იმიტომ, რომ იაპონიაში რომ მოეგონებინათ, საკე იქნებოდა და სოდით ვერ დავლევდით"; "რატომ არის ღმერთი უსრულქმნილესი არსება? იმიტომ, რომ არასრულქმნილი რომ ყოფილიყო, ჩემი ბიძაშვილი გუსტავო იქნებოდა" და ა.შ.
უკვე აღვნიშნეთ, რომ რომანი პრესის და მედიის ზოგად ტენდენციებზე მოგვითხრობს, იმდენად ზოგადზე, რომ ყველა ქვეყნის ჟურნალისტიკას მოუხდება. აბსოლუტურად რეალისტურია ის სარკაზმი, რაზეც რედაქტორი სიმეი ლაპარაკობს: "როგორც წესი, ნამდვილი გაზეთისთვისაც ყველაზე ფრთხილი გამოსავალი გრძნობებზე თამაშია, შეგიძლია, წახვიდე და ნათესავები გამოკითხო. თუ მიაქცევთ ყურადღებას, სწორედ ასე იქცევიან ტელევიზიები, როდესაც დედას მიადგებიან, რომლის ათი წლის შვილი მჟავათი სავსე კასრში გაადნეს: "ქალბატონო, რა იგრძენით თქვენი შვილის სიკვდილის გამო?" ხალხს თვალები უწყლიანდება და ყველა კმაყოფილია. ერთი კარგი გერმანული სიტყვაა - Schadenfreude - სხვისი მწუხარებით ტკბობა. ეს გრძნობაა, რომელსაც გაზეთმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს". დამერწმუნებით, ქართველ მკითხველს არაერთი მსგავსი სიუჟეტი გაახსენდება ჩვენი ტელერეპორტაჟებიდან.
საგულისხმოა ასევე, ჩვენთვის ახლობელი და ნიშანდობლივი ეპიზოდი:
"პედერასტების თემა ყოველთვის იზიდავს მკითხველს - ამბობს სიმეი.
- პედერასტებს აღარ ამბობენ, გეის ეძახიან - გაბედა მაიამ.
- ვიცი, ვიცი, ჩემო მშვენიერო, - შეეპასუხა გაღიზიანებული სიმეი, - მაგრამ ჩვენი მკითხველი ისევ პედერასტს ეძახის, ან, ყოველ შემთხვევაში, გულში მაინც, რადგან ეს სიტყვა უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენს. ვიცი, რომ ზანგის მაგივრად ფერადკანიანს ამბობენ, ბრმის მაგივრად კი უსინათლოს, მაგრამ ზანგი ზანგია და ბრმას თვალები დავსებული აქვს, საწყალს. პედერასტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისევე, როგორც ზანგების საწინააღმდეგო, საკუთარ სახლში თუ დაეტევიან" - ეს უკანასკნელი "მიდგომა" აქამდე ჩვენი "კოპირაითი" მეგონა, არადა, ევროპის ცენტრალურ ქვეყანაშიც ასე ესმით ანიშნული საკითხი. როგორც ჩანს, კლიშეების ნგრევის ხანა არც ისე დიდი ხნის დამდგარია.
ასეთივე "მშობლიური" რელიგიური თემა გვხვდება წიგნში: "სააგენტოს ახალი ამბავია, კიდევ ერთი ღვთისმშობლის ხატი ატირდა სამხრეთის სოფელში". "ხალხს სასწაული სჭირდება და არა მაღალფარდოვანი სკეპტიციზმი. სასწაულის მოყოლა არ ნიშნავს, რომ გაზეთსაც სჯერა ამისა. აღვნიშნავთ ფაქტს ან ვიტყვით, რომ ვიღაცამ ნახა ეს. ამის იქით, ხატი მართლა ტირის თუ არა, ჩვენი საქმე არ არის".
უნდა აღინიშნოს - მიუხედავად რომანის მთავარი სულისკვეთებისა, რომ თანამედროვე ადამიანი ტოტალური დაკვირვების და დევნის ობიექტია, თავის უკანასკნელ მხატვრულ ტექსტში ეკომ მაინც დატოვა იმედი, რომ, თუნდაც, ორი ხელმოცარული ადამიანი მაინც იპოვის ერთმანეთს და შედარებით უფრო ასატანს გახდის ცხოვრებას, რადგან მარტოობისთვის განწირულებს მხოლოდ ეს მოჩვენებითი და დროებითი კომუნიკაცია აძლევს იმედს. ამდენად, უმბერტო ეკოს „საცდელი ნომერი“ მაინც ოპტიმისტური რომანია, რომელიც მთავარ გმირს ათქმევინებს - „ცხოვრება ასატანია, საკმარისია დასჯერდე. ხვალაც გათენდება ახალი დღე (როგორც სკარლეტ ო’ჰარა ამბობდა)“. იმასაც შევნიშნავთ, რომ სკარლეტ ო'ჰარას მოხსენიება ამ კონტექსტში სრულიად ირონიული ე.წ. პოსტმოდერნისტული ჟესტია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საშიში კონსპიროლოგიის თუ ცრუ-გაზეთის მონაწილე ჟურნალისტების ყოფა არათუ მსუბუქი, არამედ, გაცილებით საშიში, სახიფათო და ყოველგვარ რომანტიკას მოკლებული ნიშნით არის დაღდასმული.
უნდა აღინიშნოს ქართული თარგმანის ღირსებაც. ტექსტი შესანიშნავად არის გამართული, ფაქტობრივად, ენობრივი ჩავარდნების გარეშე, ვერ იპოვით ბუნდოვან აზრს, ყველაფერი ნათლად და გასაგებად არის გადმოქართულებული, რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნის მთარგმნელს, დარეჯან კიკოლიაშვილს.
დაბოლოს, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენც, ისევე, როგორც მთელი თანამედროვე ლიტერატურული სამყარო, უმბერტო ეკოს მხატვრული და პუბლიცისტური ნაწერების ათვისების სერიოზულ ხანაში ვცხოვრობთ - ითარგმნა და გამოიცა წერილების და მოხსენებების კრებული "მტრის ხატის შექმნა", რომანები "პრაღის სასაფლაო" და "ფუკოს ქანქარა", რამდენიმე წლის წინ - "ვარდის სახელი" - და მისი უკანასკნელი რომანის ასე სწრაფად გამოჩენა ჩვენს სივრცეში მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ფაქტია. მთელი ეს ინტელექტუალური სიმდიდრე კი გამომცემლობა "დიოგენემ" შესთავაზა ქართველ მკითხველს და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა უმბერტო ეკოს გაცნობის საქმეში.