ეს უკვე მეტისმეტია - დედასაც ვადა გაუვიდა! აგერ, ვუყურებ ახლა, უეჭველად ეგაა, ზის გაუნძრევლად სავარძელში, მოღიმარი სახე აქვს და კედელში იყურება. კედელში კი არა, უფრო ალბათ კედელს მიღმა, ზუსტად ისე, როგორც ყველა ვადაგასული ადამიანი. დედა! დეე!!! არანაირი რეაქცია. სახეზე ვუთათუნებ ხელს, მტკივნეულად კი არა, ისე, უბრალოდ, საგრძნობლად, თუმცა რეაქცია - 0! რა საშინელებაა. ხომ პირველად არ ვარ ასეთ სიტუაციაში და მაინც რა მძიმედ აღვიქვამ ამ ამბავს, ვერაფრით შევეჩვიე. ფარ-ხმალს ვყრი, დედის წინ ვჯდები, დიდ დივანზე და სიგარეტს ვუკიდებ. ვაშტერდები კოლოფზე დატანილ წარწერას, რომელიც მაფრთხილებს, რომ მოწევა მავნებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს ჩემი ვარგისიანობის პერიოდის დამოკლებას. წადით, თქვენიც... იქნება და ასეც სჯობდეს? იქნებ, ასე ერჩივნა მამაჩემსაც?
სადღაც, ასე, 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამას ვადა გაუვიდა და, რა თქმა უნდა, ამ ფაქტის მომსწრეც გავხდი. მე ხომ აურა მაქვს ასეთი თუ რაღაც ჯანდაბა - მაინცდამაინც ყველა ახლო ადამიანის ვარგისიანობის ამოწურვა ჩემ თვალწინ უნდა მოხდეს. ზუსტად მახსოვს ის დღე. რომელი დღე იყო, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რა მოხდა - დეტალურად. ეზოში ბურთს მეთამაშებოდა. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად ვთამაშობდით ბურთს ჩვენი სახლის ეზოში. ერთი ბავშვი ვიყავი ოჯახში და ყურადღებასაც შესაბამისად მაქცევდნენ, ისე კი არა, საცოდავი ფარნაოზის სახელი მამამისმა ძლივს რომ დაიხსომა მეათასე ჯერზე. საწყალი, მეცამეტე ბავშვი იყო ოჯახში, აღნაგობა და უნარები არაფრით გამორჩეული არ ჰქონია და მამამისს ყოველთვის სხვა ძმებში ერეოდა. ზუსტად მახსოვს, პირველად როცა ზუსტად დაუძახა სახელი შვილს, ან, იქნებ, გაარტყა კიდეც შემთხვევით, მიდი და გაიგე ახლა, რა გახარებული მოვარდა ფარნა ჩემთან და მთელი საღამო როგორი აღტყინებული მიყვებოდა ამ ამბავს. მე კიდევ გულის სიღრმეში მეცინებოდა იმიტომ, რომ ამ ფონზე სახლში ნამდვილი ნებიერა ვიყავი. საღამოობით ბურთის თამაში, დედის გამზადებული საჭმელი სპეციალურად ჩემთვის, ბებიას გამომცხვარი ტკბილეულობა, ბაბუას მოყოლილი ზღაპრები, რა გინდა, სულო და გულო. ერთი ცუდი ის იყო, რომ ყველა ეწეოდა. საშინელი მწეველები იყვნენ დედაც, მამაც, ბებიაცა და ბაბუაც. სულ მეშინოდა ამისი და მთელი ბავშვობა სიგარეტი დასანახად მეჯავრებოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვერაფრით ვაიძულე ოჯახის ვერცერთი წევრი, რომ მოწევისთვის თავი დაენებებინათ. ახლა კი ვზივარ სავარძელში, ვუყურებ მწყობრიდან გამოსულ დედას და ერთი კითხვა მიჩნდება - იქნებ ეს არის ერთადერთი გამოსავალი? პფფფ.... ერთი ღრმა მოქაჩვაც და ეგაა, ეს ღერიც დამთავრდა. ჰო, იმას ვამბობდი, რომ მამა ჩემ თვალწინ გამოვიდა მწყობრიდან-მეთქი. ასე პირდაპირ და უცერემონიოდ - ვითამაშეთ ბურთი, შევედით სახლში და ის-ის იყო, რომელიღაც კომპიუტერული თამაშის ჩართვას და მამასთვის შეთავაზებას ვაპირებდი, რომ გავხედე და არ ინძრეოდა. მაშინ არ მქონდა ნანახი ვადაგასული ადამიანი და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ზუსტად ასე გამოიყურებოდა, როგორც ახლა - დედა. იჯდა ტელევიზორის წინ დადგმულ სავარძელში, იღიმოდა და კედელში იყურებოდა, თითქოს მის მიღმა ხედავდა სამზარეულოში მიმდინარე ფუსფუსს. როცა ჯანჯღარმა შედეგი არ გამოიღო, ტირილი მოვრთე და ოთახში უფროსები შემოცვივდნენ. დედის რეპლიკები მახსოვს ალაგ-ალაგ: „დარეკეთ დეპარტამენტში“... „ბავშვი მოაშორეთ აქაურობას“... მას შემდეგ სულ ვეკითხებოდი დედას, რა მოხდა იმ საღამოს, ის კი თავიდან მიშორებდა და მპასუხობდა, რომ აზრი არ ჰქონდა ახსნას, მაინც ყველაფერს თავად გავიგებდი.
გამოხდა ხანი და მართლაც, ჩემით გავიგე, რომ თურმე ყოფილა ოდესღაც დრო, როდესაც ადამიანები საშუალოდ 75 წელიწადს ცხოვრობდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს სასაცილოდაც ჩანდა, მაგრამ ისტორიის წიგნები და ყველა სანდო წყარო სწორედ ამას მეტყველებდა. 75 წელს დღეს ის ადამიანებიც კი ცხოვრობენ, რომლებსაც ფილტვის კიბო ემართებათ. ნუ, ყოფილა შემთხვევები, როცა მანამდეც დაღუპულან, მაგრამ ეს ალბათ უფრო იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინა ძალიან ცუდად არის განვითარებული. ისე, საშუალოდ, 120-130 წლამდე ისე არ გასდით ვადა ადამიანებს, როგორც არაფერი. ჰო, ერთი რამ დამავიწყდა მეთქვა. თურმე ნუ იტყვით და, ადრე ყოფილა ასეთი ცნებაც - „სიკვდილი“. მთელი ბავშვობა შევალიე ამ ჩემთვის სრულად გაუგებარი ცნების გარკვევას. რომ არ დაგაბნიოთ, ჩემი თანმიმდევრულად გავყვები - ადამიანები ხომ ცხოვრობდნენ საშუალოდ 75 წელიწადს, მერე ვადა გასდიოდათ და „კვდებოდნენ“, როგორც ამას ადრე ეძახდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ და ასეთ დროს თურმე ზოგან ადამიანებს მარხავდნენ, ანუ ჩაფლავდნენ მიწის ქვეშ სპეციალურ ჭურჭლებში მოთავსებულებს ან კრემაციას უკეთებდნენ, ანუ წვავდნენ და მერე ნეშტს ფანტავდნენ, ან კიდევ, შეიძლება, საერთოდ, ხეებზეც კი ჩამოეკონწიალებინათ. რა უცნაურია, არა? ჩვენთვის ხომ გაუგებარია, რას ნიშნავს „მკვდარი“ ადამიანი? ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანს გასდის ვადა და გამოდის მწყობრიდან, პირველივე საათებში კეთდება შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოში, საიდანაც ოპერატიულად მოდიან წარმომადგენლები და ვადაგასული ადამიანი მიჰყავთ ვადაგასულ ადამიანთა რეცირკულაციის ცენტრში, სადაც ახდენენ მათ გადამუშავებას ხელმეორე გამოყენებისთვის და გიბრუნებენ უკანვე ფოსტის მეშვეობით, გააჩნია, მასალა რის საშუალებას მისცემთ. აი, მაგალითად, მამას ორგანოები დაავადებულ ადამიანებს გადაუნერგეს, ხოლო რაც მორჩა, იმით უზარმაზარი ბლოკნოტი მიიღეს, რომელიც თავად მოგვიტანეს სახლში და, სხვათა შორის, რომელშიც ახლა ამ ნაწერს ვწერ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანებს გასდიოდათ ვადა და ამხელა რესურსს უბრალოდ კარგავდნენ და ყრიდნენ! საოცარი იყო, ვერაფრით ვხვდებოდი ამ ქმედების არსს მთელი ბავშვობის განმავლობაში, სანამ ბაბუამ არ განმანათლა ერთ დღესაც:
- ბაბუ, ადრე ადამიანებს იცი, რისი სჯეროდათ?
- რისი?
- სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის.
- ანუ?
- ანუ ვადის გასვლის შემდეგ ისინი გადასამუშავებლად კი არ მიჰყავდათ რეცირკულაციის ცენტრებში, არამედ პატივს მიაგებდნენ და პირიქით - არ აწუხებდნენ. სასაფლაოები ყოველთვის მყუდრო და წყნარ ადგილებში იყო გაშენებული იმიტომ, რომ ადამიანის სული მშვიდად ყოფილიყო. ადამიანის სული იყო ის, რაც ამოძრავებდა მის სხეულს და რაც მისი სიკვდილის შემდეგ თავისუფლდებოდა და მიდიოდა ზეცაში. ზეცაში კი გადაწყვეტდნენ, ის იქ დარჩენას იმსახურებდა თუ ქვესკნელში უნდა განემწესებინათ.
- ქვესკნელში რატომ უშვებდნენ?
- იმიტომ, რომ ბოროტად იქცეოდა მთელი ცხოვრება და არ იმსახურებდა სამუდამო დასვენებას და კარგად ყოფნას.
- და მერე ეს ყველაფერი შეიცვალა?
- უფრო სწორად - ეს ყველაფერი არც არასდროს არსებულა სინამდვილეში, უბრალოდ ხალხს ატყუებდნენ ასე. მერე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ადამიანებსაც ასეთი სისულელეების აღარ სჯერათ. ძალიან სახიფათო იყო ამ რაღაცების რწმენა, ბაბუ. ადამიანები ხშირად არ მუშაობდნენ იმიტომ, რომ ტვინი ამ ამბებით ჰქონდათ გამოლაყებული. წესიერად ვერ ვითარდებოდნენ. მას შემდეგ კი, რაც ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიცვალა, ადამიანებმა ყაირათიანად მუშაობაც დავიწყეთ, შიშიც გავაგდეთ ჩვენი ტვინიდან და ცხოვრებაც გაგვიხანგრძლივდა.
- ბაბუ, ვადის გასვლა და სიკვდილი ერთი და იგივეა?
- თითქმის კი, მაგრამ დიდწილად - არა. სიკვდილის შემდეგ გადაგაგდებდნენ, ვერაფერში ვერასდროს გამოგიყენებდნენ. ვადის გასვლის შემდეგ კი გარდა იმისა, რომ გადაგამუშავებენ და რამე პრაქტიკულ დანიშნულებას მოგიძებნიან, ასევე შენს ტვინს შეინახავენ სანდო პირობებში და როცა ამის დრო მოვა, შენი ტვინიდან შენს თავს ისევ გამოძერწავენ მეცნიერები.
- ეგ როდისღა იქნება, ბაბუ?
- როცა მეცნიერება განვითარდება მაგ დონეზე. ჯერ არ ვიცი, აბა, დაიძინე ახლა. დაიძინე. შენ აუცილებლად მოგისწრებს ეგ დრო.
ბაბუა კი მიყვებოდა ამასდა კი ჩანდა საღად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ ცოცხალი თავით არ მეუნებოდა, რატომ ეთამაშებოდა ცეცხლს და რატომ იმოკლებდა ვარგისიანობის ვადას. ჩვენს დროებაში ხომ ადამიანი თითქმის გარანტირებულად ცხოვრობდა 120 წლამდე და იყო ქმედუნარიანი, თუ რაიმე ექსტრემალური არ შეემთხვევოდა და ვინმე მის სიცოცხლეს შეგნებულად არ ხელყოფდა, ან თავად არ მოისწრაფებდა სიცოცხლეს? თავად ეს შეეძლო ორი გზით გაეკეთებინა - სწრაფი და ნელი სუიციდის გზით. ეს ყველაფერი ხომ სკოლაში ვისწავლეთ, მთელი გაკვეთილი არ ჰქონდა ამ თემას დათმობილი განა? იქიდან მახსოვს სიტყვასიტყვით: „სწრაფი სუიციდი არის საკუთარი სიცოცხლის შესაძლო გეგმიური ხანგრძლივობის ხელყოფის იმგვარი მეთოდი, რაც ითვალისწინებს მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მაგალითად, თავის დახრჩობა, ჩამოხრჩობა, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობის მიყენება და ა.შ. ნელი სუიციდი კი გახლავთ საკუთარი სიცოცხლის შესაძლო გეგმიური ხანგრძლივობის ხელყოფის იმგვარი მეთოდი, რაც ითვალისწინებს მის დროში გახანგრძლივებულ შეწყვეტას. აღნიშნული ქმედების ერთადერთი მაგალითია თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარება“. უჰ, ეს იყო ზუსტად, ყოველთვის მახსოვს ზეპირად. ასევე მახსოვს, რომ ქვემოთ მინაწერიც ჰქონდა ამ აბზაცს, სადაც განმარტებული გახლდათ, რომ ყოველთვის ასე არ ყოფილა. ანუ ყოველთვის მხოლოდ თამბაქოს პროდუქტების მოხმარება არ ყოფილა ნელი სუიციდის მიზეზი. იყო სხვა რისკებიც, როგორიცაა სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თუმცა ეს ყველაფერი დიდი ტექნოკრატიული რევოლუციის შემდეგ წარსულს ჩაბარებია. მხოლოდ თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარება დარჩენილა ერთადერთ რისკად ნელი სუიციდისა, რადგან თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები და მათ მიერ გამომუშავებული კაპიტალი ყოფილა ყველა იმ ტექნოლოგიური სიახლის და განვითარების ქვაკუთხედი, რამაც საზოგადოების ტრანსფორმაციას დაუდო საფუძველი. ამიტომ თამბაქოს წარმოება არ გაჩერებულა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მატერიალური წვლილის დასაფასებლად. მომხმარებელთა რაოდენობა კი შემცირებულა მნიშვნელოვნად, მაგრამ ბიზნესი მაინც მომგებიანად რჩებოდა და დარჩებოდა კიდეც, თამბაქოს ყოველთვის ეყოლებოდა თავისი მუშტარი. აგერ, ერთ ხუთსულიან ოჯახში ოთხი მომხმარებელი იყო, რაღაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ერთი ეგაა, რომ კომპანიებისთვის დაუვალებიათ მომხმარებლებისთვის რისკების უფრო თვალსაჩინო განმარტება. ეს ასეც მოხდა. სკოლიდანვე ვიცოდით, რომ სიგარეტი ისეთივე საშიში იყო ადამიანისთვის, როგორც ტყეში მოულოდნელად შემოფეთებული მშიერი დათვი ან ავიაკატასტროფა. სკოლიდან სახლში მოსულს, როცა ყველაფერი გაბუღული მხვდებოდა, ძალიან ვბრაზდებოდი და უკვე მერამდენედ, უშედეგოდ ვითხოვდი ოჯახის წევრებისგან ახსნა-განმარტებებს, მაგრამ ამ საკითხზე ყველა დუმილს ამჯობინებდა. ასე მეუბნებოდნენ, გაიზრდები და მიხვდებიო და მგონი, ვხვდები კიდეც ახლა. ვხვდები, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.
მთელი ოჯახი თავჩაუხრელად მუშაობდა. მე ვსწავლობდი, როცა სწავლა დავამთავრე, მეც ავტომატურად მუშაობა დავიწყე. დედაჩემი და მამაჩემი ერთ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც სამედიცინო აპარატურას ყიდიდა. ბაბუა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სტადიონების მოვლა-პატრონობაზე იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი. ბებია კი ხარისხის კონტროლის სააგენტოში იყო ექსპერტი. მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმით იყვნენ დაკავებულები, არსი ერთი იყო. ყველა მათგანი იღვიძებდა დილის შვიდ საათზე და იწყებოდა ტრადიციული, სამსახურში გასვლის წინა ფუსფუსი. იქ ვიღაცა საპირფარეშოში გამოიკეტებოდა იმაზე დიდხანს, ვიდრე ეკუთვნოდა. იქ ვიღაც სამზარეულოში დაიწყებდა საუზმის მომზადებას. იქ ვიღაც პერანგს ვერ პოულობდა (ეს ძირითადად ბაბუა იყო ყოველთვის, თუმცა ხდებოდა ისე, რომ მამაც ვერ პოულობდა პერანგებს). მე საწოლიდან ვიზლაზნებოდი და ზანტად ვერთვებოდი საერთო სახალხო ორომ-ტრიალში. დაახლოებით 40 წუთში, მიუხედავად ერთი შეხედვით დიდი არეულობისა, ყველანი მაგიდასთან ვისხედით. აქ იწყებოდა პირველი ღერის მოკიდება. ამ მოკიდებას რაღაც რიტუალური სახე ჰქონდა - მოუკიდებდა ბაბუა და მოკიდებულ ღერს გადააწოდებდა გვერდით მჯდომ მამას. ანთებული ღერიდან გადაუკიდებდა მამა და გადააწვდიდა დედას. დედაც იგივეს იზამდა და მისცემდა ბებიას. ბებია კი ბაბუას დაუბრუნებდა და მაგიური წრეც იკვრებოდა. მე მტოვებდნენ, ცხადია. მე ხომ ჯერ კიდევ არ ვეწეოდი. ჩემს მოჯღანულ სახეს ყურადღებას არ აქცევდნენ. ურღვევი წრე იყო, რომელსაც მე კი არა, მთელი სამყარო ვერ გაარღვევდა. მოწევის შემდეგ ვიწყებდით ჭამას, მაგარი და შავი ყავის დალევას და საუბარს, რასაც დაახლოებით ნახევარ საათს ვანდომებდით და ბოლოს ყველანი ერთად გავდიოდით სახლიდან. ზუსტად ცხრა საათზე უკვე ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილას ვიყავით. მე - სკოლაში, დანარჩენები სამუშაოზე. ორი მანქანა გვყავდა. დედას და მამას მე მივყავდი სკოლაში, ბებია და ბაბუა ერთად მიდიოდნენ. საღამოს რვა საათზე ყველანი ისევ სახლში ვბრუნდებოდით. მე და მამა ან ვთამაშობდით ფეხბურთს და ან - არა, დამოკიდებული იყო ამინდზე. ბაბუა ან მიყვებოდა ძილის წინ ზღაპრებს და ან - არა, დამოკიდებული იყო სატელევიზიო პროგრამაზე. ბებია ან აკეთებდა გემრიელ სასუსნავებს, ან - არა, დამოკიდებული იყო ბაბუაზე და დედა ან დამჩხაოდა თავზე ან არა, დამოკიდებული იყო სკოლის ამბებზე. მე ან მიხაროდა ან არა, დამოკიდებული იყო ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე. ერთად ყოფნისთვის დაახლოებით 2-3 საათი გვქონდა, არაუმეტეს. ღამის 11-12 საათისთვის უკვე ლოგინებში უნდა ვყოფილიყავით და წესიერად გამოგვეძინა. მეორე დღეს სამუშაო გველოდა. ბაბუამ მითხრა ერთხელ, რომ ადრე ადამიანები ყოველ კვირაში ორ დღეს ისვენებდნენო. ახლა ცოტა სხვანაირად გამოდის ეს ამბავი. დასვენება ეკუთვნის ყველა ადამიანს, მაგრამ ასე, ყოველ კვირაში - არა. უფრო - წლიურად. ვის - როგორ, გააჩნია სამსახურს, გააჩნია მოვალეობებს და ა.შ. ყოველ კვირაში ორი დღის ჩაგდებით და ე.წ. „რვასაათიანი“ სამუშაო გრაფიკით, რომელიც ასევე ბაბუასგან შევიტყვე, შორს ვერ წავიდოდით, ცხადია. აქამდეც როგორ მოვედით, ძალიან გამიკვირდა.
ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ახლა უკვე ზუსტად ვხვდები, რატომ ეწეოდნენ სიგარეტს ჩემები. იმიტომ, რომ გამოუსწორებელი ზარმაცები იყვნენ და ვარგისიანობის ვადის შემცირება უნდოდათ, არა, დე? დე, თავი დამიქნიე, რა. გაშტერებული და ვადაგასული კი დევხარ სავარძელში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გიხარია ეს ყველაფერი და ბედნიერი ხარ ასეთი დასასრულით, არა? 120 წელს რა გაძლებდა საშუალოდ და მეტიც - შენს ტვინს შეინახავენ, მეცნიერება განვითარდება და აღგადგენენ ახლიდან. რისთვის? ცხადია, იგივე ციკლის გასავლელად! აქედან გამოსავალი არაა. სიგარეტის მოწევაც კი არაა გამოსავალი იმიტომ, რომ აღდგენის მერე სად დაიმალები? ისევ მოკვდები და ისევ აღგადგენენ. და მერე? მე ვიცი, როგორც უნდა გიშველო, დე. თუ უახლოეს 4 საათში შეტყობინებას არ გავაკეთებ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ისინი თავად მოვლენ იმიტომ, რომ შენი სხეულიდან იმპულსები გაიგზავნება ავტომატურად. უფრო სწორად, იმპულსები მანამ იგზავნებოდა, სანამ ვარგისიანი იყავი. ვადის გასვლის შემდეგ იმპულსების გზავნა წყდება და სწორედ ასე აგნებენ ობიექტს. არც დამეკითხებიან, ისე წამართმევენ შენს თავს და წაგიყვანენ რეცირკულაციის ცენტრში. მერე კი ვინ იცის, რამდენიმე დღეში შენს თავს ისევ მომგვრიან ლეპტოპის ჩასადების ან სულაც საწოლის სახით, შენს ტვინს კი შეინახავენ შესაბამის პირობებში, რომ მეცნიერების შესაბამისად განვითარების შემდეგ აღგადგინონ იგივე სახით, რა სახითაც არსებობდი ოდესღაც. მეცნიერება კი ძააალიან სწრაფად ვითარდება დე, ძალიან სწრაფად! მგონი, ეს მდგომარეობაა შენთვის, ჭეშმარიტად გამოუსწორებელი ზარმაცისთვის, ის ადგილი, სადაც ადამიანის სულებს სატანჯველად ამწესებდნენ, როგორც ბაბუა მიყვებოდა. ჰოდა, უნდა გიხსნა აქედან. სხვები ვერ გადავარჩინე იმიტომ, რომ ამ თემებზე მაშინ არ მიფიქრია. ძალიან პატარა ვიყავი საამისოდ. მაგრამ ახლა ხომ ვხვდები ყველაფერს და შენ მაინც გადაგარჩენ, აუცილებლად გადაგარჩენ!
დედას ხელს ვკიდებ და ზურგზე ვიგდებ. მძიმე არაა, მე ათლეტური ვარ და, მით უმეტეს, არ მემძიმება. წინააღმდეგობას არ მიწევს, ცხადია. შევდივართ ლიფტში და ველით, როდის ჩავა ორმოცდამესამე სართულიდან პირველზე. კარგა სამ წუთს ანდომებს იმიტომ, რომ გზად ვიღაცები გადიან და შემოდიან. მე და დედა კუთხეში ვართ ატუზულები და მისი უსიცოცხლო სუნთქვა კისერში ერთ წერტილს მიხურებს. დიდ ყურადღებას არავინ გვაქცევს. არავის სცხელა მეზობლისთვის, რომელსაც ვადაგასული დედა ჰყავს ზურგზე მოგდებული და უხერხულად გიღიმის. ჯერ ისედაც, ლიფტში საუბარი ყოველთვის მოუხერხებელია იმიტომ, რომ თანამოსაუბრე ძალიან ახლოს დგას შენთან და მერე ისედაც, როცა ვადაგასული ახლობელი ადამიანი ახლავს თან და დიდი ალბათობით, სოციალური მუშაკის დასახვედრად მიემართება, იქ ყოველთვის ცდილობ, რომ ზედმეტი კითხვები არ დაუსვა, მეტიც - საერთოდ არც შეიმჩნიო.
ჩავდივართ ქვემოთ. ბნელა უკვე. ერთი პირობა ისიც მომდის თავში, რომ ჩვენს ძველ სახლში წავიდე, მაგრამ იქ ახლა სულაც არაა სახლი, გასართობი ცენტრია, დაცული და შემოღობილი, კაციშვილი იქ შესვლის ნებას არ მოგვცემს. ამიტომ ვჯერდები ამ ჩვენი უსიცოცხლო კორპუსის მცირე ეზოს, რომელიც დედას დასანახად ეჯავრებოდა. არა, დე? გახსოვს, რამდენი ხანი ვიფიქრეთ, სანამ აქეთ გადმოსვლას გადავწყვეტდით? თან გინდოდა იმ სახლის დატოვება იმიტომ, რომ ყველაფერი ვადაგასულ ბებიას, ბაბუას და მამას გაგონებდა და თან არ გინდოდა იმიტომ, რომ ყველაფერი ვადაგასულ ბებიას, ბაბუას და მამას გაგონებდა. საბოლოოდ მაინც გადმოვედით იმიტომ, რომ სახლი მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა და კომპენსაციაც კარგად გადაგვიხადა იმ კომპანიამ, რომელმაც ის ტერიტორია იყიდა. ისე, კაცმა არ იცის, ის მართლა მიწისძვრა იყო თუ კომპანიის რამე ფანდი ჩვენს გამოსასახლებლად, ასეა თუ ისე, გახსოვს, აქ გადმოსვლის შემდეგ როგორ გაგიჭირდა ეზოსთან შეგუება? სახლთან კი არა, არც აბაზანასთან, არც სამზარეულოსთან და მაღალ სართულთან, არამედ კონკრეტულად ეზოსთან, რომელიც იყო ერთი ციცქნა, ხალხმრავალი, ხმაურიანი და მახინჯი? საშინლად გაღიზიანებდა ეს გარემო. მეზობლებსაც ვერ შეეწყვე. ჰოდა, ბედის ირონიია, მაგრამ აგერ, ხის ქვეშ დაგმარხავ. ხო, სხვა გზა არა მაქვს. სწორედ აქ დაგმარხავ, ბაბუასგან ვიცი, ეს როგორც ხდება. დაგმარხავ რაც შეიძლება ღრმად, ისე, რომ ვერასდროს მოგაგნოს სოციალურმა მუშაკმა. იმედი მაქვს, მიწის ქვეშ ყოფნის გამო შენს ადგილმდებარეობას ვერ დაადგენენ, ან თუ მაინცდამაინც, აქამდე კი მოვლენ, მაგრამ კონკრეტულად სად ხარ, ვერ მიხვდებიან. თავშიც არ მოუვათ აზრად, რომ ვინმემ მსგავსი რამ გააკეთა და ადამიანი „დამარხა“. არც ეცოდინებათ საერთოდ, ეს რას ნიშნავს. ყველას კი არ ჰყავდა ბაბუა, რომელიც უცნაურ ისტორიებს უყვებოდა ძილის წინ. ხო კარგი იდეაა, დე?
რაც შემეხება მე, მე აუცილებლად გავაგრძელებ მოწევას მანამ, სანამ ვადა არ გამივა. მერე ჩემს ტვინსაც შეინახავენ ალბათ იმიტომ, რომ მე არავინ დამმარხავს შენგან განსხვავებით. ასეა, ყველას კი არ უმართლებს. ალბათ მომაგნებს სოციალური მუშაკი, საბუთებს გააფორმებს (ვისთან - მეზობელთან? როგორ წერია კოდექსში?) და წამიღებს რეცირკულაციის ცენტრში. გადამუშავების შემდეგ კი გავხდები საპონი ან მუყაოს ქაღალდი, რისგანაც სიგარეტის კოლოფებს დაამზადებენ. ჩემი ტვინი კი იქნება შენახული საიმედო ადგილას. რა მოხდება მერე, როცა ხელახლა აღმადგენენ? ეგ აღარ ვიცი, იმედია, სიგარეტი საკმარისი მექნება და უფრო ადრიდანვე გავაცნობიერებ მოწევის საჭიროებას. ნეტა მეხსიერება თუ შემინარჩუნდება? შორს წამიყვანს ამაზე ფიქრი. უნდა ვიჩქარო. მალე მოვა სოციალური მუშაკი. ამ ნაწერს რა ვუყო, რომელიც ბლოკნოტად გადამუშავებულ მამაზე დავწერე? მოდი, ამასაც დავმარხავ შენთან ერთად, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? როგორ გიყვარდათ ერთმანეთი, ეჰ... მამას არ გაუმართლა ისე, მას ისევ აღადგენენ. იმედია, მეხსიერება არ ექნება შენარჩუნებული, რომ უშენობით არ გაიტანჯოს. ან, შეიძლება, პირიქითაც - როცა ნახავს, რომ თავი დაიძვრინე ამ ჩაკეტილი წრიდან, იქნება და გულის სიღრმეში ესიამოვნოს კიდეც. მგონი, ასე მოხდება. მე ვეტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა. და იცი, კიდევ რა? როცა აღმადგენენ, აუცილებლად მოვალ ამ ადგილას, ამოვთხრი შენს სხეულს, რომელიც სავარაუდოდ აღარ დამხვდება, ვიპოვნი ბლოკნოტს, რომელიც დამხვდება, იმიტომ რომ ისეთ დაუზიანებელ მატერიაში ვდებ, რომელიც მილიონ წელს გაძლებს და წავიკითხავ ამ ყველაფერს. როგორ დავიმახსოვრებ ამ ადგილს? ამას წლებს დავუთმობ. ვეცდები, რომ ამ ქალაქში ყველა კუთხეში მინიშნება დავტოვო და ყველა ადგილიდან გავიკვალო გზა ამ ადგილამდე, რომ სადაც არ უნდა აღმადგინონ, სულ რომ მეხსიერების ნატამალი არ მქონდეს, რაიმე მაინც გამახსენდეს შემთხვევით, ასოციაციურად. და თუ ეს მართლა ასე მოხდა, მაშინ უკვე გილოცავ, ძვირფასო მკითხველო, შენ კითხულობ ვადაგასულ ნაწერს, რომელსაც ბევრი ასწლეულის წინ გაუვიდა ვარგისიანობის ვადა! ამ ნაწერის ავტორი არ იღებს პასუხისმგებლობას მოსალოდნელ გვერდით მოვლენებზე, რომელიც, შეიძლება, აღნიშნულმა ნაწერმა გამოიწვიოს და გამოვლინდეს რეფლექსიის გაძლიერებაში, არასწორი დასკვნების გაკეთებაში და მცდარ მოქმედებაში, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ვარგისიანობის ვადის დამოკლების რისკს! აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია კითხვის შეწყვეტა ამ ადგილიდანვე და ნაწერის ერთხელ და სამუდამოდ მივიწყება. ჰო.
ახლა კი თვალები დაგეხუჭება, დე. შენს უსიცოცხლო სუნთქვასაც შეწყვეტ ერთხელ და სამუდამოდ. ამას ეძახდნენ სიკვდილს, ალბათ. ნუ გეშინია. ყველაფერი მოგვარებულია ერთხელ და სამუდამოდ.