შენი ხელები სასტიკი იყო


შენი ხელები სასტიკი იყო




გონჯა ოზმენი დაიბადა ბურდურში, თურქეთში 1982 წელს. სწავლობდა ინგლისურ ენას და ლიტერატურას სტამბოლის უნივერსიტეტში, 2008 წელს მაგისტრის, 2016 წელს კი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი პირველი ლექსი 1997 წელს დაიბეჭდა, 1999 წელს კი პოეტმა ალი რიზა ერთანის პოეზიის ჯილდო მიიღო. მისმა პირველმა პოეტურმა კრებულმა Kuytumda („ჩემს კუთხეში“, 2000) მიიღო ორჰონ მურატ არიბურნუს პოეზიის პრემია, 2003 წელს კი გონჯამ სტამბოლის უნივერსიტეტის ბერნა მორანის პრემია მიიღო.

მისი მეორე კრებული Belki Sessiz („შესაძლოა ჩუმად“) 2008 წელს გამოიცა, ხოლო 2017 წელს მონიკა კარბემ გერმანულად თარგმნა. რჩეული ლექსების კრებული The Sea Within („შინაგანი ზღვა“) ინგლისურად, ჯორჯ მესოს თარგმანით, 2011 წელს გამოიცა.

გონჯა არის ლიტერატურული ჟურნალის Çevrimdışı Istanbul ერთ-ერთი რედაქტორი და ბურსა ნილუფერის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალისა და ყოველწლიური ინგლისურენოვანი ჟურნალის „თურქული პოეზია დღეს“ (გამომცემლობა Red Hand Books) მრჩეველთა საბჭოს წევრი. იგი ასევე როდოსის „სამი ზღვის მწერლების“ და „მთარგმნელთა საბჭოს“ წევრია. 

 

 

ჩემო ბეკეკა

 

საიდი ამბობს - რევოლუცია. მე თმა კეფაზე მაქვს ახვეული.

საიდსა და მე პირები გვაქვს ნახევრადღია. ბგერებს ვისრუტავთ და ბგერებს გავცემთ.

გულწრფელად გვჯერა სუმეირასი. მე თმა კუდივით მაქვს გამოსკვნილი.

 

თუ ვინმე მხარზე მიეყუდება, საიდი გვერდზე არასდროს გასწევს. მიეფერება ,,ჩემო ბეკეკა“.

თუ ვინმე მხარზე მომეყუდება, მე არასოდეს ვიწევი გვერდზე.

Jar ȗ Evin. Jar ȗ Evin.

 

ნეტავ შემეძლოს ვიპოვო წყალი. ვიპოვო წყალი, რომ დავიბანო,

ეს თმა ასეთი გადატკეპნილი. ასეთი მრუმე. ასე სათუთი.

 

მეფერებიან ,,ჩემო ბეკეკა”. მეც ვეფერები ,,ჩემო ბეკეკა.“

 

როდესაც ვინმე მეუბნება, თავს შეგწირავო, შიშით ვკანკალებ.

როდესაც შიშს ვგრძნობ, მთელ ჩემს ტანში ზარები რეკენ.

როდესაც შიშს ვგრძნობ, წყვილდებიან ბღავილით თხები.

 

საიდი ამბობს გენოციდიო. მე თმა კუდივით მაქვს გამოსკვნილი.

საიდსა და მე პირები გვაქვს ნახევრადღია. სიკვდილს ვისრუტავთ და სიკვდილს გავცემთ.

გულწრფელად გვჯერა სულეიმანის. მე თმა კუდივით მაქვს გამოსკვნილი.

 

ნეტავ შემეძლოს ვიპოვო კაცი, ვიპოვო კაცი, რომ უორგულებს

ჩემს თმას სულ ასე კუდად გამოსკვნილს, ასეთ უენოს, ასე სხივჩამქრალს.

 

 

თუთიანი

 

წამომყევი თუთიანში

შორს მოკვდავთა სამყოფლისგან

 

იქ გასწავლი მდუმარებას

ხეთა დარდის ყურისგდებას

 

იქ გაკოცებ დამწუხრებულს

სადაც მიწას მწუხრი ფარავს

 

გადმოლახე ეგ მინდორი

წამომყევი თუთიანში

ბალახებში

 

გაგაგონებ ქარიშხლის ხმას

და ქარიშხლის ღმერთის გრგვინვას

 

და დიდი ხნის მერეც ისევ

ამ წყაროსთან ჩამოვჯდები

შენს ლოდინში

 

გადმოლახე ეგ მინდორი

მოდი უფრო ახლოს მოდი

გამოჰყევი თუთის სურნელს

 

მე გაჩვენებ ჭიანჭველებს.

 

 

მსხვრევა

 

სებასტიან რა შემიძლია გითხრა იმ თოვლზე ამ მთების კალთებს რომ შეჰფენია

შენ არ იღვიძებ ყოველ დილით ძვლებდამსხვრეული როცა განძრევის ძალაც აღარ გაქვს

შენ ვერასოდეს იმშობიარებ ჰოდა არც იცი

რას ნიშნავს როცა შუაზე სკდები როგორც საზამთრო ან ბროწეული

შენ ვერ შეიცნობ ამ ჯადოსნობას

როცა ბარგს კრეფ და ეხიზნები საკუთარ მუცელს

რომ ნამსხვრევებად ჩამოიშალო.

 

სებასტიან იყო დრო ჩემში მობინადრე წითელი მხეცი

განუწყვეტლივ ყმუოდა ღამით ორივეს გამო ორივეს გამო ორივეს გამო

თუკი ორივეს ერთი კაცი შეგვიყვარდება ვარდი იხარებს ამ სიყვარულზე

მოდი მოვახტეთ ლურჯ ავტობუსებს წავიდეთ სადმე და გავილაღოთ

მოდი ვუსმინოთ ტკივილის ჰანგებს მოდი მათ ნაყოფს გავუგოთ გემო

,,ნუთუ ოდესმე დაინახავს სატრფოს თვალები

როგორ უმწეოდ ვასკდები კედლებს“

 

ერთხელ მიყვარდა ერთი მარტორქა

ერთხელ ვიგრძენი რომ მიყურებდა

ერთხელაც ყელში გუნდა გამეჩრა

ერთხელ მის გამო ცეცხლი მეკიდა

ერთხელ გავშეშდი

 

სებასტიან შენზე რას მეტყვი - შელევიხარ ოდესმე შენს გულს?

 

 

მუსტაფა

 

ფორთოხალს კანი გავაცალე, მუსტაფა,

ჩემს საწოლთან მიგიჩინე ბინა.

 

შეხედე, ეს საწოლი სამარესავით ვიწროა,

ციცაბოა უფსკრულივით, რომელშიც აღმოვჩნდი.

 

,,მყიფე ხმალი, თხელი სისხლი, ნაზი სიკვდილი“ -

ეს წყევლა თავად გამოვიგონე.

 

პარამ-პარამ-პა ყველა კაცში ერთი ქალია,

 შავთვალებაა ის, ვინც ჩემში დაგელავს ახლა,

ისიც, მუსტაფა, ჩემს სახელს რომ აღარ ახსენებს.

 

თუ ეგონებათ, რომ ეს ლექსიც სიყვარულზეა, დაე, ეგონოთ,

ფართოა მათი ქოლგის კალთები,

არასოდეს დასველდებიან

 

ეს ცები უნდა ჩამოიქცნენ, უნდა დაგვემხონ,

ადამიანთა ფსკერზე მათი უფსკერობაა

გრილად შემინახე, მუსტაფა,

გრილად შემინახე,

სიცოცხლეშია სამყაროს არსი,

რომელიც შვილებს შორს დარჩენილ სახლში აბრუნებს.

 

 

სპილენძის სათლი

 

ყველა შორს ცხოვრობდა, მე კი ყვირილით მოვუხმობდი,

ჩემამდე ყველას ჰყავდა სხვა ქალი,

 

მე ვიყავი ჯიუტი, ტლანქი სპილენძის სათლი, აქეთ-იქით ვეხეთქებოდი,

მოუხეშავი ვჩანდი სხვების სილაღის ფონზე.

 

თქვენ, ვინ ჩემში ქარებად აღიძარით,

თქვენ, ვინც ცის გონებამ გარდმოგავლინათ,

ის, რაც თქვენგან უნდა მიმეღო, გადავისურვე.

 

თუ გინდათ, თქვით, რომ ხის ფუღუროებში დავეხეტებოდი,

ყველა ბუჩქთან ბედი სულ უფრო მიშავდებოდა,

 

როგორ არ ვცადე, მაგრამ მაინც ვერ მივაგენი სასწაულს,

თქვენ რომ ყოველდღე ხედავთ,

ჩემ გარდა, ყველა სრულყოფილია.

 

გიყურებთ, როგორც ბავშვი, რომელმაც წაიბორძიკა,

სამყარო საფლობი ტალახია,

ვერ ავფრინდი, ვერ ავფრინდი.

 

 

შენი ხელები სასტიკი იყო

 

სწორედ აქ მედო შენი ტუჩები

სწორედ აქ, შენი ცივი ტუჩები

 

ამდენი წყლის შროშანას

ამდენი მოკირწყლული ქუჩის

ამდენი შავფრთება გედის მიუხედავად

ვხვდებოდი მთელი  დედამიწის არარაობას

 

ამდენი ფიჭვის ტყის

ამდენი დამტვრეული ბილიკის

მთელი ამ ყოვლისმომცველი სიმწვანის მიუხედავად

ვხედავდი მხოლოდ სულ სხვა მხარეს საღამოხანის

შენი სხეულის იდუმალ ენას

 

სწორედ აქ, ცხედრად გადაქცეულმა

შენ დამტვერილი ყვავილი დადე

ბავშვის საფლავზე ჩემს კანში რომ ამოითხარა

 

ვსიყვარულობდით მოტიტვლებულ ქვის სახურავზე

ოფლში ცურავდი და სასტიკი ხელები ჰქონდა.

 

 

ცხვირსახოცი

 

ერთხელ შავ ყურძნად ვიქეცი შენთვის

წვნიანად, ტკბილი მარცვლებით სავსედ,

 

რაკი სამყაროს მკლავები ვერ შემოვაწვდინე

მოვტრიალდი და შევიყვარე ჩემი სირცხვილი

 

ვიდრე შენ ღამეს მიმსუბუქებდი

მე ვგავდი პიჯაკს, უთო რომ არ მიჰკარებია.

 

ყლორტებს ვიყრიდი და ნაყოფით ვიხუნძლებოდი

ბოლოს და ბოლოს, შენს სხეულში ამოვიზარდე.

 

ერთხელაც შენთვის ძილის სუნი დამფარფატებდა

ვიქეცი იმად, ვინც ყოველთვის გავიწყდებოდა

სამყარო იყო მეგობარი, ერთი ჩვენგანი.

შენ კი წელშიც არ მოიხარე, რომ შეგემჩნია.

 

ერთი დრო არვის შერჩება ხოლმე

შენ აცრემლდი და ჩამოგიწმინდეს

 

მე ცხვირსახოცად გადავიქეცი

კუთხეში მაჩნდა შენი ვენზელი.

 

          თარგმნა ანი კოპალიანმ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE