...და ავსულთა გაჩნდა სპა


...და ავსულთა გაჩნდა სპა




წიგნს, რომელსაც ახლა ვწერ, „...და ავსულთა გაჩნდა სპა“ ერქმევა. „დასაწყისი“ უფრო მოუხდებოდა, რადგან იროელთა შვიდწიგნიანი ქრონიკების პირველი წიგნია, მაგრამ შეგნებულად არ ვარქმევ, რადგან მომავლის გარკვევის გარეშე მის დაწერას ვერ შევძლებდი. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა მოვლენებს მხოლოდ შორიდან თუ დაინახავ. ჩემს მკითხველსაც მინდა ვურჩიო, რომ ქრონიკების ქრონოლოგიურად პირველი წიგნი სულ ბოლოს წაიკითხოს. ასე უფრო მეტს აღმოაჩენს. ამ სტრიქონების წერისას წიგნის ორი მესამედი დაწერილი მაქვს, მაგრამ ამონარიდის ამორჩევა გამიჭირდა, ვეცადე, სპოილერი არ გამომდგარიყო.  ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემი მკითხველისადმი და, ზოგადად, ფენტეზის მოყვარულთა მიმართ დიდ პატივისცემას.

 

...და ავსულთა გაჩნდა სპა

 

ციხის მონაყოლი - პირველი

 

ჯერ ერთი ბზარი გაჩნდა, სულ პატარა და უმნიშვნელო. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, ფუნჯა ფესვივით დაიტოტა და კლდის ზედაპირი ლოდებად აქცია. თავდაპირველად ლოდები დაიბნენ. რა ვქნათ, რა ვქნათო, - გაიძახოდნენ. გაჩენისა და აფორიაქების მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. არადა, მათი გულისცემა სადაცაა კლდეს მთლიანად ჩამოაქცევდა. ეს ბორგვა და შფოთი უმიზეზო როგორ უნდა ყოფილიყო?! - პასუხის გამცემი არავინ ჰყავდათ. ლოდების ფუსფუსზე მიწა იძრა, მთა შეზანზარდა, ექომ იქაურობა აიკლო, დიდი ქედი გადალახა და ცხრა მთას იქით ბარსაც კი მოედო.

გაოგნებული ლოდები ისევ თვითონ მოწესრიგდნენ, ჯერ ერთმანეთს მხარი გაჰკრეს, უფრო მომცროები მისწი-მოსწიეს, რომ არ მიეფშვნათ, შემდეგ ძმებივით ხელი გადახვიეს და საშვილიშვილოდ ისე ჩადუღაბდნენ, ასეთ დუღაბს ვერც ერთი ციხის საძირკველი ვერ დაიკვეხნიდა.

ასე მოულოდნელად დავიბადე - თვალხილულთათვის უხილავი და უჩინართათვის ხილული - ლანდის ციხე. ვშენდებოდი, მაგრამ მშენებელს ვერ ვხედავდი, მის ხელს ვერ ვგრძნობდი. ერთი სული მქონდა, საძირკველს როდის ავცდებოდი, იქნებ ოსტატი მაშინ მაინც გამეცნო. ძლივს ამოვიწვერე. როგორც იქნა, ოთხივე კედელი საძირკველს ასცდა და მიწასაც დავაჩნდი, მაგრამ... სიახლოვეში ერთ მუშაკსაც ვერ მოვკარი თვალი. კლდეზე დაყრდნობილი მარტო ვიდექი.  როგორც თქვენ არ მოგიტანიათ ერთი ქვა და ლოდი, ისე არავის მოუზიდია და ჩემს აშენებაზეც ოფლი არავის დაუღვრია. არადა, ამ ალაგას, ისეთი სისწრაფით ვიზრდებოდი, მშენებელთა მთელი რაზმი უნდა მყოლოდა.

 დროდადრო ჩემს კედლებს თითქოს მარილი შეაყარესო, მომლაშო გემო დაჰყვებოდა; ხან თითქოს გახეთქილი ნაღველა წაუსვესო, ისე მწარე იყო ალაგ-ალაგ, ხან საკუთარი ტკბილი სურნელით ვბრუვდებოდი. გვიან მივხდი, რა იყო ეს სიმლაშე, სიმწარე თუ სიტკბოება. ბოლოს და ბოლოს უხილავი მშენებლებიც გავიცანი და ის ძალაც ვიპოვე, რომელიც ჩემს კედლებს ცისკენ ეზიდებოდა.

 ეს ამბავი სწორედ ჩემს მშენებლებზეა, მათ დარდსა და ჯავრზე, სიხარულსა და სასოწარკვეთაზე, სიყვარულსა თუ სიძულვილზე, გვერდში დგომასა და გაუტანლებლობაზე, ორჭოფობასა თუ მიზანდასახულობაზე. შიშის ხსენება დამავიწყდა. დიდ შიშზეა, თვალებს რომ გიფართოვებს და გულს რომ გიკუმშავს. მოკლედ, ყველაფერ იმაზეა, რამაც ხელდაუკარებლად ამაშენა და ლანდის ციხედ მაქცია.




* * *

გაზაფხულის მიწურულს დიდი მთების, იგივე მთიანეთის მთავარს შმაგის მაცნემ  ახიელში ჩრდილოეთის კარიბჭესთან დასახლებული დევებისგან შემაშფოთებელი ამბავი მიუტანა: დევებს ადამიანებისთვის შემოეთვალათ, ხეობიდან გადასახლებას ვაპირებთ, კარიბჭის დაცვაზე თავად იზრუნეთ, დღეიდან სოფელი პიტალო მაღაროებიანად თქვენთვის დაგვითმიაო.

მთიელებსა და დევებს შორის ძლივსდადებული პირობის მიხედვით, ადამიანებმა ხეობის ზემო ნაწილის ანუ მყინვარების ფსკერი დათმეს. იქ აღარც სანადიროდ დადიოდნენ და მოპოვებული რკინის მადნიდანაც მხოლოდ მცირე ნაწილს ითხოვდნენ. თავის მხრივ, დევებმა კარიბჭის შეჩერებული მშენებლობა დაასრულეს.

ხელოვნურად აღმართული კედელი ბუნებრივ კლდეებზე უკეთ იცავდა მთიანეთს მყინვარების იქითა მტრისგან - გიმრებისგან, რომელთა ჩამოსახლების შესახებ მთიელებმა ჯერ მზვერავებისგან შეიტყვეს, შემდეგ მათ მიერ სასაკლაოდ ქცეული სოფლებით.

გიმრებმა დაუსრულებელი კარიბჭის გავლით მთიანეთს მხოლოდ ორჯერ შეუტიეს. კარის გვერდის ავლით მცირე რაზმებით მთების გადმოვლაც სცადეს, მაგრამ მყინვარები არ ეპუებოდნენ. ამიტომ ამ გზით გიმრები მთიანეთისთვის ზიანის მიყენებას იშვიათად თუ ახერხებდნენ.

პირველი დიდი ბრძოლისას ჩრდილოეთის კარიბჭის მშენებლობა ახალი დაწყებული იყო, შმაგის მამას ჯერ სანადიროდაც კი არ უშვებდნენ. ვეებერთელა ღრეჩო ბრძოლისთვის დაბადებულ ჩრდილოელ ხალხს ადვილად ატარებდა. თავდაპირველად მრავალრიცხოვანი ჯარით არ გადმოსულან. ამან უშველა მთიელებს, - ასევე ჩინებულ მეომრებს, ქაჯავეთთან ომებში მრავალჯერ გამოცდილებსა და გამობრძმედილებს.   ცოცხალი ერთი არ დატოვოთ, არავინ გაუშვათ, - ღრიალებდა ხმლის ქნევით მთიელთა მთავარი. არც დაუტოვებიათ, უკან ერთიც არ დაბრუნებულა. დაკარგულთა მოსაძებნად გიმრებმა მთიანეთს მეორედ შეუტიეს. ამჯერად უფრო მრავალრიცხოვანი რაზმით.  ჩუმად შემოიპარნენ და კარიბჭის მშენებლებსა და მცველებს თავს მოულოდნელად დაესხნენ, უკან ადვილად მოიტოვეს და მთიელთა რამდენიმე დასახლებაში ერთდროულად შეცვივდნენ, რათა მათი ჯარის მრავალრიცხოვნების შესახებ ცრუ წარმოდგენა გაეჩინათ. მთიელები გიმრების სისასტიკეს დღემდე მწარედ იხსენებდნენ.

ადამიანთა გარდა გიმრები დევების ერთ სოფელსაც მიუხტნენ. მათ მიწებამდე ისე მივიდნენ, გზად ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ. დევებს საომრად მისული ადამიანების დანახვა ძალიან გაუკვირდათ. ვერ იხსენებდნენ, იარაღმომარჯვებული კაცისძენი თავს ბოლოს როდის დაესხნენ. მალე მიხვდნენ, მტრები უცხოელები იყვნენ და მეტოქედ ვინ ამოირჩიეს, თავად ვერ ხვდებოდნენ. დევებმა თავი დაიცვეს, იქით შეუტიეს და ამით ძალაუნებურად კაცისძეთა მხარდამჭერები და მოკავშირენი აღმოჩნდნენ. 

ადამიანთა და დევების ერთობას სწორედ გიმრების შემოსევამ ჩაუყარა საფუძველი. დევებს მთიელთა ჯარმაც მიუსწრო და საერთო ძალისხმევით მტერი სანახევროდ აშენებული კარიბჭის მიღმა გაყარეს. მას შემდეგ გადასცეს მყინვარების ფსკერი ადამიანებმა დევებს, რომლებსაც რკინის მადნის გამო იმ ადგილებზე თვალი ისედაც ეჭირათ, მაგრამ კაცისძენი არა და არ თმობდნენ. მთიანეთში მიმოფანტული მჭედლობის მცოდნე დევები მყინვარების ფსკერში გადასახლდნენ და სოფელი პიტალო დააარსეს.   

მყინვარების იქიდან გადმოსვლის მსურველთა შესაჩერებლად კარიბჭის მშენებლობა დაიწყო. კარიბჭეს ეძახდნენ, თორემ ხეობაზე გადებულ, ხელით აშენებულ განიერ კედელს წარმოადგენდა, რომელსაც ძირში იმხელა გვირაბი დაუტოვეს, რომ მის ქვეშ გამავალი მდინარე ადიდებისასაც ადვილად გამოტეულიყო. წყალს გიმრები რომ არ გამოჰყოლოდნენ, დევებმა ფაცერი დააგეს და დროდადრო იჭერდნენ კიდეც. შეპირებისამებრ, თავისთან არ იტოვებდნენ, ან კლავდნენ ან მთიელთა მთავარს უგზავნიდნენ. ერთხელ ფაცერმა ექვსი-შვიდი წლის ბიჭი დაიჭირა. ბავშვი შიშისგან ტუჩებს იკვნეტდა, ცრემლებს მალავდა, მაგრამ დევებისთვის და მთიულებისთვის თვალის გასწორებას მაინც ცდილობდა. მთავარმა ბავშვი არ მოკლა და ტყვე ტახტის მემკვიდრე შმაგისა და ქალიშვილს - სალომეს აჩუქა. ერთ თვეში შეშინებული ბავშვი დამშვიდდა, მთავრის შვილების გვერდით გამოკვებილს ფერ-ხორცი მოუვიდა და  გამოცოცხლდა. მასზე რამდენიმე წლით უფროს შმაგის ლეკვივით დაჰყვებოდა და ენას არ აჩერებდა, სულ რაღაცას ჰყვებოდა. როგორ არ ეცადნენ, რომ ბიჭისთვის ენა ესწავლებინათ, მაგრამ ბავშვი ჯიუტობდა და უცხო სიტყვას ერთს არ გაიმეორებდა. ვერაფერი მოახერხეს, სამაგიეროდ, და-ძმა - შმაგი და სალომე - გიმრების ენაზე ალაპარაკდნენ. ბიჭის გამოჩენიდან ხუთი წლის შემდეგ მთიანეთს ხარის ყვავილი ეწვია. დაავადებამ ბევრი იმსხვერპლა, მათ შორის წყალსგამოყოლილი გიმრიც.

დროდადრო ახიელები კარიბჭეში დაყოლილი საიდუმლო ხვრელის გავლით გიმრებთან მზვერავებს გზავნიდნენ. უკანდაბრუნებულები მათ შესახებ შეძრწუნებულები ყვებოდნენ. ირწმუნებოდნენ, გიმრებს ჯარი არ ჰყავთ, რადგან ყველა - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი გამოცდილი მეომარიაო. ქაჯავეთი რომ არა, მთიელებს მყინვარების გადაღმა საომრად გადასვლა იქნებ ეფიქრათ კიდეც, მაგრამ ყურისძირში ასეთი მტრის არსებობა მხოლოდ თავდაცვაზე აფიქრებინებდა მათ.

ბოლო ხანებში მთიანეთს მოუხელთებელი მტერი შეუჩნდა. სოფლებს შუაღამისას მოულოდნელად თავს ესხმოდნენ. ცოცხალს არავის უშვებდნენ. სახლებს გადაწვავდნენ და უჩინარდებოდნენ. სიბნელეს შეფარებული ტანადი გიმრები შესახედავად ქაჯებში ადვილად ერეოდათ, მაგრამ მტერი ქაჯები რომ არ იყვნენ, ცხადი იყო: არც საქონელი მიჰყავდათ და არც ადამიანებს მიერეკებოდნენ ტყვეებად. ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას შემთხვევით გადარჩენილმა მთავარს ის სიტყვები გაუმეორა, რასაც მის ოჯახში შევარდნილები  ყვიროდნენ. გიმრების ენა  შმაგიმ მაშინვე ამოიცნო. თუმცა, თავდასხმების მიზანს ვერ ხვდებოდა. აი, სალომემ კი ივარაუდა, ალბათ ჩვენს ნელ-ნელა გაწყვეტას ცდილობენ, დიდი შემოტევის წინ რომ დაგვასუსტონო. მთიელთა მიწებზე რა გზით ხვდებოდნენ, ესეც უნდა გაერკვიათ. დევები ირწმუნებოდნენ, კარიბჭის მიდამოებში ფეხი ერთ გიმრსაც კი არ დაუდგამსო.

 ქაჯავეთში ალერტის მკვლელობის შემდეგ დევების ახსნა-განმარტების გარეშე ჩრდილოეთის კარიბჭის მიმდებარე სოფლებიდან მოულოდნელად აყრა და ქაჯებთან ახლოს დასახლება მთიელებმა მოსალოდნელი ომის წინაპირობად მიიღეს. დევები ქაჯებს მთიელთა სამეფოში შესაჭრელედ დერეფანს უქმნიდნენ. მოლაპარაკებამ არ გაჭრა. ელჩებს არც კი იღებდნენ და უკან ისტუმრებდნენ. ერთხელაც ელჩები აღარ დაბრუნდნენ. სად არ ეძებდნენ, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნეს. დევები ცივი უარით ისტუმრებდნენ, კაცისძეთა ამბავი ადამიანებში მოიკითხეთო. ძნელი მისახვედრი არ იყო, ქაჯავეთის ახალმა ბნელთმეუფემ დევებს ხელსაყრელი გარიგება შესთავაზა და ისინიც დასთანხმდნენ.

დევების გადასახლებიდან ერთ თვეში მთიელმა მეომრებმა ორი უცხოელი შეიპყრეს. ეს შმაგის მოახსენეს ასე, თორემ უცხოელები - ახალგაზრდა გოგონა და შუახნის კაცი ერთ-ერთ ციხეს თავად მიადგნენ.

გოგონას, მიუხედავად ტანადი აღნაგობისა და სიმაღლისა, ბავშვური იერი ჰქონდა, ასე ცამეტი-თოთხმეტი წლისა იქნებოდა. ეს რომ არა, კაცს ზრდასრული ეგონებოდა. ორი გრძელი შავი ნაწნავი წელამდე სცემდა. კაცის ბრინჯაოსფერი ნაკვთებისგან განსხვავებით თოვლივით თეთრი პირისახისა იყო, თითქოს მის კანს მზის სხივი არც კი გაჰკარებოდა. ორივეს მწვანე თვალები ჰქონდა, პირველს - ახლადამოწვერილი ბალახის მსგავსი, მეორეს - ჭაობისფერი. კაცი რომ მეომარი იქნებოდა, სახეზე იარებითა და ცალი ათლილი ყურით ემჩნეოდა.  

მთიელებმა უცნობები ახიელში, მთიელთა მთავრის კოშკში მიიყვანეს. ტყვეები თავდაპირველად სალომემ მოინახულა. როგორც კი უცნობმა კაცმა ხმა ამოიღო, მთავრის დამ მათში გიმრები ამოიცნო. ტყვე რაც უფრო მეტს ჰყვებოდა, მით უფრო კარგად იხსენებდა ბავშვობაში გაგონილი და ნასწავლი სიტყვების მნიშვნელობებს სალომე.

მთიელთა მთავარმა ტყვეების მოსმენა დარბაზთან ერთად მოინდომა. სალომეს ძმის საქციელი არ გაჰკვირვებია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ყველას აზრის მოსმენა სჩვეოდა.

მთიანეთის მთავრის, ახიელის ციხესიმაგრე კლდეებს შეზრდილ ოთხ კოშკს აერთიანებდა. კოშკები ერთმანეთს სამ დონეზე ორსართულიანი ქვის ხიდებითა და დერეფნებით უკავშირდებოდა. მეორე დონიდან გამომავალი ხიდები თავს მთავრის სათათბირო დარბაზთან იყრიდა. კოშკებისგან განსხვავებით დარბაზი ხის მორებით იყო აწყობილი, მაგრამ ქვის ნაგებობების მსგავსად პირქუშად გამოიყურებოდა. იერს არც ოსტატების მიერ კედლებზე უხვად დატანილი ნაჭრელები ცვლიდა. მოთათბირეებისთვის ორი გრძელი მაგიდა იდგა, რომელთაც მომცრო ამაღლებიდან მთავრის სკამი გადმოჰყურებდა.

სალომე ტყვეებს დარბაზში შემოუძღვა. მთავრის დამ თხრობა გოგონას სთხოვა, თავად კი თარჯიმნობა ითავა.

- გიმრი ვარ და სახელად ანვეა მქვია, - დაიწყო გოგონამ, -  ხუთი წლისა დედას ატირებული დავხვდი. მხოლოდ ერთ სიტყვას გავიძახოდი, - ბნელა, ბნელაო. დედაჩემმა, მიავემ, დიდი ოგდენის ერთგულმა მეუღლემ გულში ჩამიკრა და დამშვიდება დამიწყო, მაგრამ რა დამამშვიდებდა, როცა მოულოდნელად თვალის ჩინი დავკარგე:  ჯერ კარვის ფერადი ნაყშები ჩაიძირა სიბნელეში, შემდეგ ჩემს საყვარელ თოჯინებს შავი ნისლი გადაეფარა, შემდეგ ხელებიც გამიქრა, მათ ნაცვლად შავ ლაქას ვხედავდი, ბოლოს ჩემ გარშემო ყველაფერი ბნელმა შთანთქა. გაგიკვირდებათ, ასეთმა პატარამ ყოველი წვრილმანი როგორ გავიმახსოვრე. მერწმუნეთ, ეს დღე არც თქვენ დაგავიწყდებოდათ, მოულოდნელად უსინათლო რომ გამხდარიყავით.

თავდაპირველად  დედა ვერ მიხვდა, რა სიბნელის მეშინოდა და ჩვეული მზრუნველობით  მეფერებოდა და მარწმუნებდა, ცუდი სიზმარი ნახეო, ეგონა, თამაშისას ჩამძინებოდა. მერე მამის ომახიანი ხმა მოისმა,  ვინ გამიბრაზა ჩემი გოგონაო? ტირილი შევწყვიტე. დარწმუნებული ვიყავი, გიმრების ყველაზე ღონიერი მეთაური, მისი ერთი შეძახილი ცხენების ვეებერთელა რემას რომ რეკავდა, ჩემ გარშემო ჩამოწოლილ სიბნელეს ადვილად მოერეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ორივე მშობლის ხელი რომ ვიგრძენი, ძალა მოვიკრიბე და ამოვისლუკუნე, დავბრმავდი, ვეღარ ვხედავ-მეთქი. თუმცა, ვტყუი, მთლად ბრმა არ ვიყავი, კოცონს, ჩირაღდანზე მოკიდებულ ცეცხლსა და მზეს მბჟუტავ წერტილებად ვხედავდი.

მე გიმრების მეფის, ოგდენის ერთადერთი შვილი ვარ, რომელიც საგვარეულო ნიშნით დავიბადე, ამიტომ მემკვიდრეობას ძმები ვერ შემეცილებოდნენ.  ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა სიხარული იქნებოდა მეფისთვის: მას ტახტის გამგრძელებელი ჰყავდა, მაგრამ  დიდი დარდიც გავუჩინე, მე ხომ ვაჟი არ ვიყავი! ჩემი უფროსი ძმები, ხუთივე, დაბადებიდანვე, როგორც მოქიშპესა და მტერს, ისე მიცქერდნენ. როცა ძმები მეჭიდავებოდნენ და ბრძოლას მასწავლიდნენ, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მწამდა, ვცდილობდი, ტკივილისთვის თუ ჩალურჯებებისთვის ყურადღება არ მიმექცია და ჩემი ცრემლი არ დაენახათ. მეშინოდა, რომელიმეს უმადურად არ ჩავეთვალე, ისინი ხომ მხოლოდ და მხოლოდ მავარჯიშებდნენ და კი არ მაწვალებდნენ, როგორც ერთხელ დედამ შესჩივლა მამას. დაბრმავებულს მამაჩემი აღარ მეფერებოდა, აღარც მხრისთავზე გამოსახულ  ნიშანზე მკოცნიდა, - ანვეამ მომსასხამი მოიცილა და ვარსკვლავის გამოსახულება გაიშიშვლა. - ღამით ჩემს საწოლთან აღარ მოდიოდა, აღარ მეძახდა მანათობელ ვარსკვლავს და ნიშნიდან გამომავალ სხივს ხელისგულებს აღარ უშვერდა.

ვინ არ მმკურნალობდა, საიდან არ მოჰყავდათ, მაგრამ სულ ამაოდ. ერთხელ დედამ ერთი მათხოვარი ქალი, ყველას გიჟი რომ ეგონა, ძაღლებს პირიდან  გამოსტაცა. მცველები იდგნენ და სეირს უყურებდნენ, როცა დედამ მათ რისხვა დაატეხა: ცხოველი ადამიანს ჭამს, თქვენ კი ერთობითო. იმ ქალმა დაარიგა დედაჩემი, შენს შვილს თვალი რომ აეხილოს, ერთ დღეს ზღვაზე ამომავალი მზეც უნდა ნახოს და ჩამავალიცო.

იმ ღამეს მამამ დედას პირველად უღრიალა, გიჟის სიტყვების თუ გჯერა, თავადაც გაგიჟებულხარო! დედამ დაჟინებით მოითხოვა, ჩემი თავი ერთ დღეში ზღვაში ჩამავალ-ამომავალი მზის სანახავად მისი ძმისთვის  - ტუასპასთვის გაეყოლებინა. ეს კი ეამა მამაჩემს. ისეთ ორ ადამიანს იშორებდა თავიდან, რომელთა დანახვა არ სიამოვნებდა.  უკვე რვა წლისა ვიყავი.

ჩვენი მოგზაურობის შესახებ არაფერს მოგიყვებით. გრძელი იყო და ხიფათით სავსე. ბიძაჩემმა მაინც მოახერხა და იპოვა ის საოცარი ადგილი, სადაც ერთი დღის განმავლობაში მზის ამოსვლაც ვნახე და მზის ჩასვლასაც მივუსწარით. შეშლილი ქალი მართალი აღმოჩნდა. ათი წლისას თვალის ჩინი დამიბრუნდა.  უკანა გზა არანაკლებ ძნელად გასავლელი გამოდგა. ცამეტი წლისა ტუასპამ დედაჩემს თვალხილული ჩამაბარა. მამა ცოცხალი აღარ დამხვდა. ჩრდილოელ ველურებთან ბრძოლაში შხამიან ისარს ემსხვერპლა. ერთ დროს გიმრებიც ჩრდილოელები ვიყავით, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა სამხრეთისკენ იმდენ ხანს იარეს, სანამ მყინვარების მხარეს არ მოადგნენ, - ენვეას პირი გაუშრა. რამდემჯერმე ჩაახველა. დარბაზში მტრულად უცქერდნენ. წყლის მიწოდება არავის უფიქრია. ისევ ტუასპამ სთხოვა ერთ-ერთ მეომარს, ენვეას წყალი მიუტანეო. სანამ სალომემ თვალით არ ანიშნა, ტყვეს თხოვნა შეუსრულეო, მეომარი ადგილიდან ძვრას არ აპირებდა. 

ენვეამ თასიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა და ღრმად ამოისუნთქა. მეომარი არ დალოდებია, გოგონა სმას გააგრძელებდა თუ არა, თასი მაშინვე ხელიდან გამოსტაცა.

- რა მოგივიდათ, მხოლოდ მყინვარები გვყოფს, იქით ჩვენი სახლია, აქეთ - თქვენი!  - წამოიძახა ტუასპამ.

- ჰაჰ... - გადაიხარხარა მთავარმა, - კეთილმეზობლებადაც რომ მოგაქვთ თავი. რაც ერთმანეთთან გასასვლელი კარი ჩავრაზეთ, გვირაბებს რად თხრით? ძლივს მივხვდით, ზურგში მახვილის ჩასაცემად აქეთ როგორ მოიპარებოდით. ქაჯავეთიც კი არ ასწორებს მიწასთან ჩვენს დასახლებებს ისე, როგორც თქვენ - გიმრები! რამდენჯერაც კარს გამოაღწიეთ, იმდენჯერ არნახული ნგრევა მოგვიტანეთ. ხანდახან მგონია, ადამიანებსაც კი არ გელაპარაკებით, ჩემ წინაშე ავსულები დგახართ! მიუხედავად ამისა, მაინც გისმენთ და თქვენიანებისგან განსხვავებით, თავი მხრებზე დაგიტოვეთ, სარებზე არ ჩამოგვიცვამს! გოგო, გააგრძელე, რასაც ჰყვებოდი! - მკაცრად მიმართა შმაგიმ.

- ძმებს ჩემს დანახვას სიკვდილის დანახვა ერჩიათ! დიდი ხნის უნახავი დედა ვეღარ ვიცანი, ლოგინად ჩავარდნილი და ხეიბარი დამხვდა. ლაპარაკი უჭირდა. რას ლუღლუღებდა, არ მესმოდა, ცხელი ცრემლით ტიროდა, მათი სიმხურვალე ახლაც მახსოვს. მამაჩემის სამეფო დანაწევრებული დამხვდა, ჩემს ძმებს დაენაწილებინათ, დიდ ნაწილზე ჩრდილოელი ველურები დასახლებულიყვნენ. თქვენ ჩვენ გიმრებს გვეძახით სასტიკებს, ეს იმიტომ რომ ისინი არ გინახავთ, ხალხი, რომელიც დედ-მამასა და და-ძმას, როგორც ნათესავს  არ  ცნობს. ხომ დიდებული მეომრები ვართ გიმრები, ჩვენს ორლესულ ცულს ცოტა ვინმე თუ გადაურჩება, ჩვენი მჭედელი ღმერთი ხომ მფარველობას არ გვაკლებს, მაგრამ ველურების შემოსევის შემდეგ ბრძოლის ველი გიმრების გვამებით ივსებოდა.

ძმებმა დაბრუნებისთანავე ამითვალწუნეს. მითხრეს, თუ სამეფოს გაერთიანებასა და ტახტზე დაბრძანებას მოვითხოვდი, , ჯერ მხარზე დახატულ ვარსკვლავს ამომიშანთავდნენ და შემდეგ ორივე თვალს. ცოტა ხანში ძმებმა იმ მიწების მფლობელად გამომაცხადეს, რომელსაც ველურები დაპატრონებოდნენ და მათ წინამძღოლთან ჩემი საჩუქრად გაგზავნა გადაწყვიტეს. გასაცქევი არსად მქონდა. ისევ ტუასპამ გადამარჩინა და საიდუმლო გვირაბით მყინვარებს იქით, ანუ თქვენთან გადმომიყვანა.  ახლა თქვენ წინაშე არ დგას დიდი ოგდენის შთამომავალი და ნიშნიანი მემკვიდრე, არც იქითა მიწების მფლობელი ან მფლობელობის მსურველი, არამედ დგას ერთი უბრალო გოგონა, რომელმაც ათი წლის წინ მხედველობა დაკარგა, მაგრამ ათი წლისამ ისევ დაიბრუნა. ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, თვალის ჩინია, სხვა არაფერი მაქვს.

შმაგი, მთიელთა მთავარი გიმრ ლტოლვილებს ხმას არ ამოაღებინებდა. მათგან იმდენი სიმწარე ახსოვდა, ანვეა ვინც არ უნდა ყოფილიყო და რა ასაკისა, სწორედ იმ გვირაბის გამოსასვლელში მიაჯაჭვავდა კლდეზე, საიდანაც  შემოიპარა. სხვებისთვის მშვენიერი ნიშანი იქნებოდა, - მთიელები მტრად შემოსულს არავის ინდობენო. სალომემ, მისმა უმცროსმა დამ, უთხრა, ამ გოგოს ცხოვრებამ იმდენი ჭდე დაასვა, ჩვენ მაინც ნუ გავიმეტებთ, მოვუსმინოთ, დავიწყებისთვის არ გავწიროთო.  შმაგი მხოლოდ მოსმენას შეჰპირდა, მეტს არაფერს.

- შენ რაღას გვეტყვი?- მიმართა მეფემ ტუასპას.

- ანვეა შეიფარეთ. მეტს არაფერს გთხოვთ. მე სიცოცხლე მხოლოდ მის დასაცავად მჭირდება.  მაცოცხლებთ - გვერდიდან არ მოვშორდები. მოკვლას თუ მიპირებთ, გვირაბს მიგასწავლით და უკან გამიშვით, გიმრებს რომ კვალი ავურიო. ვეტყვი, იქ გავაპარე, სადაც თვალის ჩინი დაიბრუნა-მეთქი. მეომარი ვარ. წამების არ მეშინია. ყველაფერს გავუძლებ!

ტყვეები გაიყვანეს. მოდარბაზეებმა მტერს თვალი მრისხანედ გააყოლეს. ემჩნეოდათ, ანვეას მონაყოლს მათზე ზეგავლენა ვერ მოეხდინა.

- აბა, რას იტყვით? - იკითხა მთავარმა, - გისმენ,  ბაბუკი! - მიმართა მხედართმთავარს, შავწვეროსან კაცს, სახეზე უკმაყოფილება რომ დასთამაშებდა.

- მე ის გავიგე, რომ გიმრების გარდა ჩრდილოეთით სხვა მტერიც გვყოლია. ამ გოგომ ველურებად რომ დაასახელა. გიმრების ძველებური დიდება მათ დაუჩრდილავთ. ჩრდილოეთის კარიბჭის შემონგრევას იქნებ ამის გამოც დიდი ხანია აღარავინ ცდილობს. აი, გვირაბები კი საფრთხილოა. ვერც ერთი ციხიდან თვალყურს ვერ მივადევნებთ.

- ამ გოგოს რა ვუყოთ? - დაუზუსტა კითხვა შმაგიმ.

- მე მეომარი ვარ და ბრძოლის ველზე მეომრების ბედს ვწყვეტ! - მოკლედ გასცა პასუხი მხედართმთავარმა.

- შენ რას იტყვი? - მთავარმა ახლა ხეობის უხუცესს, მდუმარე სემენს მიმართა. სემენი თავად არასდროს ლაპარაკობდა, მხოლოდ კითხვებზე პასუხობდა.

- ეგ გოგო ჩემი საფიქრალი არ არის! უცხოთა ბედზე ზრუნვა მე არ მიკისრია. აქაურზე თუ მკითხავ, პასუხს არ დავაყოვნებ!

ყოველ ჯერზე შმაგი დას მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდა. თითქოს ანიშნებდა, გიმრების დამცველს აქ ვერ იპოვიო. სალომეს მინიშნება რად უნდოდა. თავადაც კარგად იცოდა, მთიელები გოგონას მოკვლას არ მოითხოვდნენ, თუმცა, მის დასაცავად სიტყვას არავინ დაძრავდა. ერთ-ერთმა შიშიც კი გამოთქვა, შესაძლებელია, გიმრებმა მისი გატაცება ან მოღალატისთვის თავშესაფრის მიცემა დაგვაბრალონ და ომის საბაბად გამოიყენონო. ბოლოს მეფემ კაცმაცუნების მთავარ სწავლულს, ზანზარაკსაც მიმართა.

- კაცმაცუნებს წესი გვაქვს ასეთი, ჩვენს მღვიმეებსა თუ გვირაბებში უცხოს არავის ვუშვებთ. ერთმა სტუმრობამაც კი შეიძლება საფრთხე შეგვიქმნას. ამიტომ გოგონას ჩვენთან ვერ წავიყვანთ, მაგრამ იმ გვირაბის ჩამონგრევას ვითავებთ, რომლითაც აქ შემოაღწია, - ზანზარაკი ფეხებით იატაკს ვერ სწვდებოდა, ამიტომ სხვა მოდარბაზეებისგან განსხვავებით პატარა სკამზე ელაგა.

- იქნებ კლდეკარს სურს გოგონას ბედის შესახებ აზრის გამოთქმა? - იკითხა მეფემ.

- არ გვსურს. მეფის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ, - თქვა კლდეკარის მთავარმა ხანდომ, ახოვანმა ახალგაზრდა მთიელმა. 

- გასაგებია,  გოგონას ადგილი აქ არ არის! - თქვა მეფემ.

- მთიელთა მთელი სამეფო ერთ გოგოს ვერ მფარველობს! - წამოიძახა დამცინავად სალომემ, - დარწმუნებული ვარ, დარბაზში დასწრების უფლება თქვენს ცოლებს, დებსა და ქალიშვილებს რომ ჰქონოდათ, გოგონას სულ სხვა განაჩენს გამოუტანდნენ.

- ეს იმიტომ, რომ ქალებს მხოლოდ დღევანდელი დღე გაფიქრებთ და ხვალინდელის განჭვრეტა არ შეგიძლიათ, - შმაგისაც კი არ დაერიდა მხედართმთავარი და სალომეს უკმეხად მიმართა.

- რომელ ხვალინდელ დღეზე მელაპარაკები, სირცხვილნაჭამ დღევანდელს რომ უნდა მოჰყვეს? მთავარო, - მიუბრუნდა სალომე ძმას, - როგორც გავიგე, დალები გეწვივნენ. ერთ-ერთი მათგანი დალების დედოფლის ქალიშვილიაო. მიკვირს, აქ რატომ არ არიან? არ გვიკადრეს, თუ ჩვენ არ ვიკადრეთ?

- სტუმრები მოვალენი არ არიან, რომ ჩვენს ბჭობას დაესწრონ! - უპასუხა უხუცესმა, მდუმარე სემენმა.

- შესთავაზეთ და უარი თქვეს?

- არა.

- მთავარო,  ვუხმოთ! ქალებმა ქალის ბედი იქნებ უკეთ გადაწყვიტონ?

- მოიყვანეთ დალები! - ბრძანა შმაგიმ და მათ მოსვლამდე კლდეკარში ციხის მშენებლობა  მოიკითხა.

დარბაზში სამი დალი შემოვიდა. მეომარ ქალებს იარაღი დარბაზის გარეთ დაეტოვებინათ, მაგრამ იარაღის გარეშეც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს წუთი-წუთზე ბრძოლის ველზე უნდა გაჭრილიყვნენ. მსახურებმა ქალები  მთავრის მარჯვნივ მაგიდასთან მიიყვანეს და დასვეს. კაცებს მათკენ მზერა ეპარებოდათ, მაგრამ დალები ამას არ იმჩნევდნენ. დაძახების მიზეზის ახსნის მოლოდინში მეფეს შესქეროდნენ. შმაგიმ დას ანიშნა, შენ აუხსენიო. სალომე ადგა, დალებთან მივიდა და მათ წინ დადგა.

- თქვენი რჩევა გვჭირდება, - დაიწყო სალომემ, - მთიელთა სამეფოში გიმრების გაჭრილი გვირაბით მათი ყოფილი მეფის ქალიშვილი გამოექცა ძმებს, რომლებსაც მისი თავიდან მოშორება სურდათ. ჩრდილოელ ველურებთან უპირებდნენ გაგზავნას. ტახტის მემკვიდრეა, მხარზე საგვარეულო ნიშანი მხოლოდ მას აქვს. ძმები მის ხელში ჩაგდებას მოისურვებენ. ცოცხალი სადაც არ უნდა იყოს, მეტოქედ ჩათვლიან. რომ შევიკედლოთ და მოგვადგნენ, გამკლავება გაგვიჭირდება. ჩრდილოეთის კარიბჭის მიმდებარე მიწები გიმრებისგან თავდასაცავად დევებს გადავეცით. ამბავი მოგვივიდა, დევები აყრილან და მიზეზს არ ასახელებენ, მაგრამ მიზეზის მიხვედრას რა უნდა? ქვესკნელის ახალი ბნელთმეუფე შეჰპირდებოდა მათთვის სახარბიელოს, ანუ ჩვენს მიწებს. რაც იმას მიშნავს, რომ ქაჯავეთთან ომიც გარდუვალია. იქით - გიმრები, აქეთ - ქაჯავეთი! ღირს ერთი გოგოს გამო თავის ატკივება?

დალებმა ერთმანეთს გადახედეს. ყველა ელოდა, პასუხს დალების დედოფლის ქალიშვილი ფთა გასცემდა, მაგრამ ფეხზე სხვა წამოდგა.

- გიმრებმა თქვენამდე გვირაბები გათხარეს, დევები ბნელთმეუფეს შეეკრნენ და ჩრდილოეთის ჭიშკრის დაცვაზე უარი თქვეს, ქაჯავეთთან ბრძოლისთვის ემზადებით. ხომ ასეა?! ხომ არაფერი დამიმატებია ან გამომრჩენია, მთავარო? - თქვა აგუნდამ, ფთას გამზრდელმა დალიმ.

- ასეა! - კვერი დაუკრა შმაგიმ.

- თუ ასეა, თავი ტკივილით ისედაც უნდა გისკდებოდეთ. ამ ბავშვს ნუ დააბრალებთ. გოგონა რამდენი წლისაა?

- ასე თოთხმეტის ან თხუთმეტის, - სწრაფად მიუგო სალომემ.

- ჩვენ ოკშში ჯერ ვერ დავბრუნდებით, - ნათქვამის სისწორის დასადასტურებლად აგუნდამ ფთას გახედა. მან უარის ნიშნად თავი გააქნია, - ამიტომ, სალომე, გოგონას ოკშში წაყვანა შენ უნდა ითავო.

- ეს ბეჭედი ოკშში ცხოვრების საშვია, - ფთამ თითიდან ბეჭედი წაიძრო და სალომეს გაუწოდა.

- გოგონას ბიძა რომ ახლავს?! - იკითხეს დარბაზიდან.

- ბიძასაც შეუძლია, რომ მიაცილოს, - უპასუხა ფთამ, - ჩვენთან თავშესაფარს რომ ვერ მიიღებს, ამას კი ხვდებით.

- სალომე, ოკშამდე გზას გაიკვლევ? - იკითხა აგუნდამ.

- გავიკვლევ! - თავი დაუქნია სალომემ.

- ბიძის ბედი ჩვენ არ გვაღელვებს, სამეფოში შემოპარვის გამო შეგიძლიათ დასაჯოთ. ღალატისაც არ შეგეშინდებათ! - თქვა აგუნდამ.

- ჩვენ მხოლოდ გოგონას შესახებ გკითხეთ! - შუბლი შეკრა შმაგიმ.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! - მაშინვე დაეთანხმა ფთა.

სალომე დარბაზში მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა. დალებთან შეხვედრას დიდი ხანია ნატრობდა. იმედოვნებდა, დაარწმუნებდა, რომ მხოლოდ საკუთარი სამეფოს დაცვაზე არ ეზრუნათ და ქაჯავეთთან სამომავლო ბრძოლებში მთიელთა მოკავშირენი გამხდარიყვნენ. ამასთან, კარგად ხედავდა, თავისუფალი ცხოვრების წესით ძმას ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა. შმაგის რომელ ერთზე უნდა ეფიქრა, ქაჯავეთისგან და დევებისგან თავდაცვაზე, თუ მთიელ ვაჟკაცთა შემოტევაზე, რომლებსაც მთავრის კარზე სალომესთან თანასწორობა დამცირებად მიაჩნდათ.

დალებმა დარბაზი დატოვეს, სალომეც გაჰყვა. როგორც კი დაიმარტოხელა, წინ დაუდგა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.

- არა, ნურაფერს გვეტყვი, - შეაჩერა ფთამ, - დალები ასე ვიქცევით.

- ასე რომ იქცევით, დასახმარებლად სწორედ ამიტომაც გიხმეთ, - უპასუხა სალომემ.

- სიმართლე გითხრა, ძალიან გამაკვირვე, ჩვენი დახმარების გარეშე რომ არ მოაგვარე, - უთხრა აგუნდამ.

- იმდენ კაცს ერთად რას ვაჯობებდი?! - გულწრფელად მიუგო მთავრის დამ.

- რომ გეთქვა, ამ გოგონას შვილად ვიღებო, რომელიმე კაცი დედას წინააღმდეგობას გაგიწევდა?

- დედობაზე არ მიფიქრია, - დაიბნა სალომე.

- დედობაზე ჩვენ - მეომარი ქალებიც კი ვფიქრობთ! - აგუნდამ თანმხლებ დალებს მრავალმნიშვნელოვანად გადახედა.

სალომე დარბაზისკენ შებრუნდა. გზაში რამდენჯერმა დაყოვნდა, აგუნდას ნათქვამზე და ფიქრობდა. თითქოს დალიმ ის კითხვა დაუტოვა, რომელზეც პასუხს სასწრაფოდ ითხოვდა. სალომეს კი სათქმელი არაფერი ჰქონდა.

მსახურები მაგიდებზე ნადიმისთვის კერძებს ალაგებდნენ. უზარმაზარი თასებითა და დოქებით დაქროდნენ. უმეტესად ნანადირევი შემოჰქონდათ. მოდარბაზეების ნაწილი აშლილიყო. ნაწილი ერთმანეთს ესაუბრებოდა და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. სახეზე ყველას ნათლად ეწერა, ვინ იყო შეხვედრაზე მიღწეული გადაწყვეტილებით კმაყოფილი და ვინ - არა. მხოლოდ კაცმაცუნა ზანზარაკს, იგივე მორგვს, არ ემჩნეოდა არაფერი, კლდეკარელების თხოვნებს ყურადღებით ისმენდა.  მთავარიც მათთან იდგა. ამიტომ სალომემ გეზი ზანზარაკისკენ აიღო.

- კლდეკარისკენ ორი ახალი გვირაბი გავჭერით. ერთი რკინის მადნის ძარღვს მიადგა. თქვენთან სულ ახლოსაა. ერთი სასიხარული ამბავიც გვაქვს. ხვალ ვაპირებდი ამის თქმას, საბოლოო პასუხს რომ მივიღებდი, მაგრამ გული არ მითმენს. მოხუცი კი ვარ, მაგრამ ახალგაზრდული სულსწრაფობა ისევ მახასიათებს, - ჩაიქირქილა სწავლულმა. ყველამ მზერა  მოხუცს მიაპყრო, ის კი პატარა სკამზე შემოწყობილ ფეხებს ათამაშებდა.

- ნეტა, კაცმაცუნებს ყველაფრის მალვა არ გიყვარდეთ, რას ფიქრობთ, რის თქმას აპირებთ, კაცი ვერ გაგიგებთ, - უსაყვედურა შმაგიმ.

- ჰო, სულ იმიტომ გვაქვს მორგვებს თიხა თავზე წასმული, რომ ფიქრები და აზრები უსაფრთხოდ შევინახოთ, - საყვედურზე ხუმრობით უპასუხა კაცმაცუნამ, - ამჯერად არაფერს დაგიმალავთ, გეტყვით! ოქროს მივაგენით! იმდენია, მარტო მორგვები ვერ მოვერევით. თქვენი დახმარება დაგვჭირდება!

ოქროს ხსენებაზე სწავლულ ზანზარაკს სხვა მთიელებიც შემოეხვივნენ.

- გაიგეთ ოქრო და შეგულიანდით! - ამრეზით თქვა სალომემ, - რკინაზე ლაპარაკობდა ზანზარაკი, მაგრამ, ეტყობა, თქვენს ყურადღებას ოქრო უფრო იმსახურებს. პიტალოში დევებმა სამჭედლოები დატოვეს. იქიდან გუშინწინ ჩამოვედი. ათიოდე მცველი იცავს კარიბჭეს. ჩვენიანი ერთი მჭედელიც კი ვერ აღმოვაჩინე. ახლა იარაღის დამზადებაზე უნდა ვზრუნავდეთ, ოქროს თასებისა და ბარძიმების ჭედვაზე კი - არა!

- რა სამწუხაროა, ოკშში რომ უნდა წაიყვანო გოგონა, მთიანეთის იარაღით მომარაგებას ხომ მოგანდობდით! - მოესმა სალომეს ძმის სიტყვები.

- შენი ხელი დაგვაკლდება, - მთავრის გულის მოსაგებად მხარი აუბა მხედართმთავარმა.

დას ძმის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია. აი, ბაბუკს კი უნდობლად შეხედა.  შმაგის მსახურთუხუცესმა ანიშნა, სუფრა გაშლილიაო და მთავარმა სტუმრებს სანადიმოდ უხმო.

- დარჩი, საქმე მაქვს! - უთხრა შმაგიმ დას.

- მოგვიანებით შემოგივლი. ოკშში დალებთან წასვლამდე პიტალოს სამჭედლოების ამუშავებაზე უნდა ვიზრუნო! აქ მხოლოდ დროს დავკარგავ! ტუასპას თავს ხომ მაჩუქებ?

- როგორც გინდა, - თანხმობის ნიშნად ხელი ჩაიქნია შმაგიმ.

სალომემ დარბაზი სწრაფი ნაბიჯით დატოვა. ქვის ორკოშკურიანი ხიდი გადაიარა. კოშკში შესვლის წინ შეჩერდა და შორეთს გახედა. ჩამავალი მზის სხივებში გახვეული მთიანეთი შეკითხვის მოლოდინში გარინდებული ბრძენკაცივით შესცქეროდა. სადაც მიდიოდა, ოკშში, იქაც სალი კლდეები და ზვიადი მთები დახვდებოდა, მაგრამ უცხონი. აქ კი სად არ უნდა გაეხედა, რომ ყოველი ხედის ყველა სახეცვლილება არ სცოდნოდა. ახლაც ურჩხულივით გაწოლილ ჩრდილს აკვირდებოდა, რომელიც მხოლოდ მაშინ იცრიცებოდა, როცა მზე, უკანასკნელი სხივების აკრეფისას, თვალს შეავლებდა ხოლმე. ამ დროს მუქლურჯი ლაქის უკან ცროლის მთის ნაოჭები გამოიკვეთებოდა ხოლმე.

სალომემ ტყვეებს მიაკითხა. ბიძა-დისშვილი ერთ პატარა სანახევროდ ჩაბნელებულ სენაკში მოეთავსებინათ. კარის გაღებისთანავე ტუასპა ფეხზე წამოიჭრა და ანვეას აეფარა.

- მშვიდად! - მიმართა სალომემ გიმრთა ენაზე, - ანვეას დალები შეიკედლებენ, გვყავს ასეთი მეომარი ქალები, ერთი გოგოს პატრონობაზე უარს რომ არ თქვეს.

- გმადლობ, დედოფალო! - მუხლებზე დაეცა გიმრი.

- მადლობა დალებს ეკუთვნით, ეს ერთი, მეორეც - მე დედოფალი არ ვარ!

- სალომე ჩვენი დედოფალი,  - ანვეამ და ტუასპამ გულზე ხელი დაიდეს.

- რამდენიმე დღეში ახიელს დავტოვებთ! შორი გზა გველის. ტუასპა, ანვეას გაცილება შენც შეგიძლია.

- მხოლოდ გაცილება? - თქვა დაღვრემით გიმრმა.

- მხოლოდ გაცილება, რადგან დალების ქალაქში - ოკშში მხოლოდ ქალები ცხოვრობენ. ზღურბლს ერთი ნაბიჯითაც რომ გადასცდე, მოგკლავენ. წესი აქვთ ასეთი. გამგზავრებამდე კი მასწავლებელს მოგიჩენთ, ჩვენებური ენა უნდა ისწავლოთ!

- როგორც დედოფალი გვიბრძანებს! - უპასუხა ტუასპამ.

სალომემ დედოფლობა აღარ იუარა, ივარაუდა, გიმრები ამ შემთხვევაში სიტყვას სულ სხვა მნიშვნელობით ამბობდნენ, რომელსაც ენის ცუდად ცოდნის გამო ვერ ხვდებოდა, სხვა დროს დავაზუსტებო.

სალომემ პირადი რაზმის, მეთაურს ბორჩა ზვიადაურს უხმო და პიტალოში ასასვლელად მომზადება უბრძანა. სწორედ ბორჩას მიაბარა მამამ ცხენოსნობისა და საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად.  მაშინ მთავრის ასული თორმეტი წლისა იქნებოდა. არც ბორჩას ეთქმოდა დიდად ასაკოვანი, თუმცა სალომეზე ორჯერ  უფროსი და ქაჯებთან ბრძოლებში გამოცდილი მეომარი იყო. სწორედ  ბორჩას რაზმმა ჩაკეტა ქაჯავეთის მთავარ კარიბჭესთან გაწოლილი ხეობა და მთიანეთს ჯარის შესაგროვებლად დრო მოაგებინა. ამ ბრძოლიდან  ბევრი მთიელი შინ არ დაბრუნებულა, მაგრამ ქაჯავეთი ვერ გაფართოვდა და კაცისძეთა მიწებისკენ კედელი ერთი გოჯითაც ვერ გადაწია. ბორჩა ზვიადაურის რაზმიდან მხოლოდ სამნი გადარჩნენ. მძიმედ დაჭრილი მეთაური  სამი თვე ლოგინიდან ვერ დგებოდა. მეოთხე თვეს კი ახალი რაზმის შექმნის თხოვნით, ნაიარევი სახითა და ძლივს შეზრდილი ძვლებით, სიარულში ხელს ხომ უშლიდა, მთავრის წინაშე წარსდგა. რაზმის ნაცვლად სხვა დავალება მიიღო - სალომეს მეომართა თანასწორად ქცევა. ბორჩა ამ გადაწყვეტილებას ვერ ხვდებოდა, არ ამართლებდა, გულში ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გოგონასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ შეცდომას მიხვდა. საცოდაობა იყო სალომეს საბრძოლო ჟინის ჩახშობა და ოთხკედელშუა გამოკეტვა. 

- მთელი რაზმით უნდა წავიდეთ, თუ რამდენიმე მეომარიც საკმარისია? - იკითხა ბორჩამ.

- რამდენიმეც საკმარისია. თან მჭედელსაც წავიყოლებთ.

- რატომ? - გაუკვირდა მთიელს.

- პატალო მჭედლების სოფლად მინდა ვაქციო. დევების მიტოვებული სამჭედლოების ამუშავებას ვაპირებ. მათი უმოქმედოდ დაგდება საცოდაობაა. ჩრდილოეთის კარიბჭის დასაცავად მარტო რაზმის ჩაყენება საკმარისად არ მიმაჩნია. კარიბჭე მხოლოდ მეომრებმა კი არა, სოფელმა უნდა დაიცვას - მჭედლების სოფელმა. ჩვენს ბედად, დევებმა მაღაროები და სამჭედლოები ხელუხლებლად დატოვეს. რად არ უნდა გამოვიყენოთ?

- კი, ასე აჯობებს!  - დაეთანხმა ბორჩა, - მართალი ხარ, დიდი რაზმის წაყვანა აუცილებელი არაა. დევებს გულში ცუდი რომ ჰქონოდათ, მთელს სოფელს საცხოვრებელ-მაღაროებით ხელუხლებელს არ დაგვიტოვებდნენ, მაგრამ იქნებ სიბრიყვით დაემართათ. ასეა თუ ისე, სამჭედლოები დანგრეული არაა.

-  რა თქვი? სიბრიყვითო?

- ჰო. დევების სიბრიყვე პირველად გაიგე?

- იქნებ გამართული სამჭედლოები მართლა სიბრიყვით დატოვეს? - ჩაფიქრდა სალომე.

- ადრე თუ გვიან აუხსნიან, მტერს რა გამოგვილევს და ისინიც შეცდომის გამოსწორებას შეეცდებიან. ორიოდე დღის წინ პიტალოში ერთი დევი ასულა, ვითომ სახლში რაღაც დარჩენია და წაღება სურდაო.

- პიტალო მთლად დაუცველია! - წამოიძახა სალომემ, - სანამ შმაგი მის დასაცავად რაზმს შექმნის, ჩვენ მივხედოთ.

- გამოდის, მთელი რაზმი მივდივართ.

- ასე გამოდის. დაღამებამდე უნდა გავიდეთ, - სალომემ სარკმელში გაიხედა, - მთვარიანი ღამე იქნება, სიარული არ უნდა გაგვიჭირდეს. კაცმაცუნებიც წამოიყვანე, მაინც ღამით ვივლით.

სალომეს რაზმში ორი კაცმაცუნა ირიცხებოდა. მთიელებს მხოლოდ მშვიდობიანი მგზავრობისას დაჰყავდათ თან. სალომე ისე ოსტატურად უხსნიდა, შინ რატომ უნდა დარჩენილიყვნენ, რომ ნაწყენები არ რჩებოდნენ. არადა, უცხოსთან ხშირად ჩიოდნენ, ყველაფერი ისე ეწყობა, ხმალი ბრძოლის ველზე ერთხელ ვერ გამოვცადეთო. სალომეს ყველაზე ნაკლებად მათი ხმალი ეიმედებოდა, სამაგიეროდ, კაცმაცუნების სხვა უნარით, მათ ხომ ქვის ბუნების მართვა შეეძლოთ, აღფრთოვანებული იყო და არაერთხელ გამოუყენებია. ადამიანებისგან განსხვავებით მორგვები, იგივე კაცმაცუნები, მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ხედავდნენ და რაც უფრო ბნელდებოდა, ნივთებსა და გზას მით უფრო კარგად არჩევდნენ. დღისით სასიარულოდ თვალებზე ფერშეცვლილ გამჭვირვალე მთის ბროლის ფირფიტებს იფარებდნენ.

გამგზავრების წინ სალომემ ძმა მოინახულა. მთავარი თავის მოსასვენებელში იყო. მთავრის ოთახი ერქვა, თორემ ერთი ჩვეულებრივი სენაკი იყო: ხის ტახტით, სკივრითა და ქვის სამუშაო მაგიდით, რომელთანაც მხოლოდ ერთი ზურგიანი სკამი იდგა. ცეცხლის დასანთები ადგილის წინ რამდენიმე უზურგო დაბალი სკამი იდგა.  შმაგიმ და ერთ-ერთზე დასვა და წინ დაუჯდა.  მზე მთებს მოფარებოდა, ამიტომ ოთხივე კუთხეში ჩირაღდანი ენთო, რომელთა ცეცხლი და-ძმის ჟღალ ყავისფერ თვალებსა და თმას მეწამულ ელფერს აძლევდა. უცხოს რომ ენახა, ორივე ცეცხლოვანთვალებიანი გრძნეული ეგონებოდა. 

- აბა, რა გადაწყვიტე, ტოვებ ახიელს, ოკშში როდის მიდიხარ?

- ჯერ არა. სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ჩრდილოეთის კარიბჭესთან მთიელი მჭედლები უნდა დავასახლოთ. გავმართავ სამჭედლოებს და მერე, - სალომემ ძმას არც კი ჰკითხა, თანახმა ხარ თუ არაო. ძმასთან უსიტყვო თანხმობა ჰქონდა: სალომეს მთიანეთის მთავარი არ ერქვა, თორემ მთავრის უფლებებით სარგებლობდა. ეს თანხმობა ნდობაზე იყო აგებული, რომელსაც საფუძველი მშობლებმა ჩაუყარეს. დიდი მთავარი ქალიშვილის გონიერებასა და მებრძოლ ხასიათს პატივს სცემდა და ვაჟსაც ამას ასწავლიდა. რჩევებს ორივეს ერთად აძლევდა, დარიგებას თანაბრად უნაწილებდა.

შმაგის დის გადაწყვეტილება მოეწონა. ერჩია, სალომეს მთიანეთი, რაც შეიძლება გვიან, დაეტოვებინა.

- ერთი თხოვნა მაქვს. თუმცა, უფრო დაწვრილებით, პიტალოდან რომ ჩამოხვალ, მერე გეტყვი.

- რაზმსა და მომავალ პიტალოელებს რომ გამოგზავნი, იქაურობას მაშინვე დავტოვებ. რაღა მინდა.  რა თხოვნა, ბარემ მითხარი.

- დიდი არაფერია. კოლხეთში ტახტის მემკვიდრეები დაბადებულან, - უთხრა შმაგიმ.

- ეგ ამბავი რამდენიმე თვის წინ გავიგე...

- შეიძლება მეც ადრე გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და დამავიწყდა.

- ახლა რამ გაგახსენა?

- დარბაზობაზე გავიგე ზანზარაკისგან, კოლხებს რაღაც ყველაფრის გამანადგურებელი ჩრდილის განდევნაში ქაჯები დახმარებიან, - მიუგო შმაგიმ.

- სულ მაოცებდნენ კაცმაცუნები. მიწის ქვეშ ცხოვრობენ და მიწის ზევით რაც ხდება, ყველაზე უკეთ იციან, - გაეცინა სალომეს.

- კარგი იქნებოდა, უფლისწულების დაბადების მისალოცად ფასისში გაგევლო. საჩუქრებს მიართმევდი, თან სიმართლეს გაიგებდი. ქაჯავეთი კოლხებს უმიზეზოდ არ დაეხმარებოდა, სანაცვლოდ რამეს მოითხოვდნენ, - უთხრა შმაგიმ.

- გზას კი ძალიან გავიმრუდებ, მაგრამ ეს იმასთან, რაც შენ მომიყევი, ისეთი უმნიშვნელოა, არ დავეძებ, - უპასუხა სალომემ და წამოდგა, - ჩემი წასვლის დროა.

- ფრთხილად იარეთ.  ტოზიკი ახლოვდება. დევებს აღნიშვნის დაწყება ადრიანად უყვართ ხოლმე. ფხიზლებს რა მოეკითხებათ, მთვრალებს რომ მოეკითხოთ, - სიტყვა დაადევნა შმაგიმ დას.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE