ლექსები ცოცხალთა გორაკის ანთოლოგიიდან


ლექსები ცოცხალთა გორაკის ანთოლოგიიდან




 

 

გადაშლის ვინმე ქალაქურ გაზეთს?

გაამთლიანებს წიგნად ჩემს ლექსებს?

როგორ ვნატრობდი სიყვარულს!

როგორ მწყუროდა სიცოცხლე!

 

ედგარ ლი მასტერსი

სპუნ-რივერის ანთოლოგია

 

 

არიელ აისურაძე (დ. 1931): ცოცხალი ვარ და მიხარია

 

სამი ოჯახი დავკარგე, შვილი დავკარგე, ცხოვრება დავკარგე,

ყველაფერი, და როგორ შემიძლია მაინც. ყოჩაღ მე!

 

ვემსახურები ხალხს, სანამ შემიძლია. ადამიანი თუ ხარ,

ადამიანურად უნდა მოეპყრო ყველას. უნდა იყო კაცი,

უნდა იყო ერთგული შენი ქვეყნის, შენი ხალხის.

სიყვარული უნდა დაიმსახურო.

 

მე სულ ხომ არ ვიცოცხლებ, მოვკვდები,

ის კი არ უნდა თქვან, ცუდი კაცი იყოო,

უნდა თქვან, კარგი კაცი იყო,

ცოდო იყო, რომ წავიდაო...

 

ქუჩაში გამვლელები ყრიან რაღაცეებს,

მაგრამ ლანძღვა საჭირო არ არის.

იმ ადამიანმა ნაგვის დაყრით თავი დაიმცირა

და მე კიდევ აღარ დავამცირებ, არ გავლანძღავ.

 

ჩემთვის მთავარია ცოცხალი ვარ და მიხარია,

რომ ჩემი ხალხის ლამაზ და სუფთა გარემოზე ვზრუნავ.

 

ჩემი ხნის ხალხი, ზოგი ვეღარც დადის.

გუშინ მოხუცმა კაცმა გაიარა ჯოხით.

ჩემგან ცოტა მოშორებით მანქანამ დაუსიგნალა და წაიქცა.

მივედი და ავაყენე.

 

 

არიელ ანტურია (დ. 1933): ჭუჭყი

 

ჭუჭყიანია ფული, გთხოვ, დაიბანე ხელი;

ხელის ჭუჭყია ფული, გთხოვ, დაიბანე ხელი.

 

სხვისი ჯიბისკენ გაგექცა ურჩი, ჯიუტი ხელი?

ვიდრე თავს ბანი დაგექცა, გთხოვ, დაიბანე ხელი.

 

გთხოვ, დაიბანე ფული, ჭუჭყიანია ხელი;

გთხოვ, დაიბანე ფული, ფულის ჭუჭყია ხელი.

 

სხვისი ლექსისკენ გაგექცა ანცი, კუდრაჭა ხელი?

ვიდრე რითმები წაგექცა, გთხოვ, დაიბანე ხელი.

 

ჭუჭყიანია ჯიბე, რომელშიც იდო ფული,

შენს ტვინს მიადგი კიბე, არ მოიყვანო გული.

 

გთხოვ, დაიბანე ჭუჭყი, ჭუჭყის ხელია ფული;

სტყორცნე კაცური პურჭყი ასფალტს, ხელია ფული.

 

მაშ, თუ ჭუჭყია ფული, მაშ, თუ ხელია ფული,

მაშ, თუ ტვინია ფული, მაშ, თუ გულია ფული,

 

ნუ გაგექცევა ხელი სხვისი ჯიბისკენ; გელის,

სულელი ხარ ხარ თუ ხელი, იქ, სხვის უბეში, გველი.

 

 

ქრისტინე ახალაშვილი (დ. 1938): ყვავილების გამყიდველი

 

ეს იები ჩვენს მთებში დავრკიფე.

ჩემი ცხოვრება სულ გაჭირვებაში გავატარე.

დედა ადრე გარდამეცვალა,

დავრჩით ობლები.

 

დედინაცვალი სულ მცემდა.

მივიდოდი ტყემლის ხესთან

და როცა მშიოდა,

სულ იმას ვჭამდი-ხოლმე.

 

მათრობდა თუ რა იყო, არ ვიცი,

დამეძინებოდა ტყემლის ხის ქვეშ.

გამეღვიძებოდა და ისევ ხის ქვეშ ვიყავი.

 

დავოჯახდი 14 წლის ასაკში.

ჩემი მეუღლე დუშეთში გავიცანი.

გარდამეცვალა უკვე.

 

ახლა ჩემ დასთან ერთად

სოფელ ბნავისში ვცხოვრობ, მარტო.

 

 

ლენა გაბუნია (დ. 1939): ემიგრანტი

 

სამი ბიჭი,

4 შვილიშვილი

და 2 შვილთაშვილი მყავს.

არცერთი არ მუშაობს,

რადგან სამსახური ვერსად იპოვეს.

 

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი

ჩემი ხელფასია,

რომელსაც საქართველოში

ყოველთვიურად ვაგზავნი.

 

ჯანმრთელობის კუთხით

მეც პრობლემები მაქვს,

გული მაწუხებს.

 

ექიმები მეუბნებიან,

არ შეიძლება შენი მუშაობაო,

მაგრამ სხვა რა გზაა.

 

 

ნათელა მამულაშვილი (დ. 1941): 40 წელი

 

მუშაობის 39–წლიანი სტაჟი მაქვს.

ახლა კიდევ მუშაობა როგორ უნდა შევძლო?

 

სამუშაო კი არ უნდა შემოგვთავაზონ,

პენსია უნდა გაგვიზარდონ

ან დახმარებები დაგვიმატონ.

 

ჩემი აზრით,

პენსია სამუშაო გამოცდილების

მიხედვით უნდა გვენიშნებოდეს.

 

ის, ვინც მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო

და მე, რომელიც თითქმის 40 წელს ვმუშაობდი,

ერთსა და იმავე თანხას არ უნდა ვიღებდეთ.

 

საერთოდ, ამდენი ახალგაზრდაა უმუშევარი,

ამდენი პრობლემები აქვთ

და იმათ მიხედოს მთავრობამ.

 

 

მურთაზ ჩხარტიშვილი (დ. 1960): დატრიალება

 

სიძის მეზობლად ვცხოვრობ.

ქორწილი რომ დამთავრდა,

ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები,

როგორც ხდება ხოლმე.

დატრიალდა ოჯახი

სუფრის სახლში გასაწყობად

და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე.

სიძე-პატარძლის საწოლი

და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო.

დაცარიელებული დაგხვდა სახლი.

სიძე იძახდა, -

სად დავწვე ახლა მეო?!

მეზობლები დავტრიალდით მერე,

ზოგმა საბანი მოვუტანეთ,

ზოგმა ლეიბი და თეფში.

 

 

ნონა ჯამასპიშვილი (დ. 1970): ვუძღვებით ცხოვრებას

 

ორი კურდღლის მდევარი რომ ვერც ერთს დაიჭერს,

ეს სიბრძნე მე გამოვცადე.

 

სანდრო და პაპუნა –

ორივე მიყვარდა სხვადასხვაგვარად.

პაპუნას ოჯახი ჩემთვის დასაყრდენი იყო,

რასაც ვერ ვიტყოდი სანდროზე.

მისი მშობლები გაყრილები იყვნენ,

სანდროს მამას სხვა ცოლი ჰყავდა,

დედას კი – სხვა ქმარ-შვილი.

სანდრო ბებიასთან იზრდებოდა.

ამ არეულ ოჯახში ვიპოვიდი კი ბედნიერებას?

 

30 წელს რომ გადავცდი,

მარტო დარჩენის შემეშინდა

და გავყევი კაცს,

რომელმაც ხელი მთხოვა.

შვილიც შეგვეძინა, ელენე.

 

ჩემი მეუღლე მშრომელი,

ნორმალური ადამიანია,

ვუძღვებით ცხოვრებას,

მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს.

 

სიყვარულით შექმნილი ოჯახები მაინც სულ სხვაა,

თან მდევს უკმარისობის განცდა

და ვცდილობ, ამ თემაზე არ ვიფიქრო.

 

სამაგიეროდ, ჩემს შვილს შთავაგონებ,

რომ უსიყვარულოდ არ გათხოვდეს.

 

 

სოფო იმერლიშვილი (დ. 1990): უვადო პატიმრობა

 

უდანაშაულო პატიმარი ვარ,

სასჯელიც შესაბამისი მაქვს – უვადო.

მხოლოდ ერთი ფანჯარა მაქვს,

საიდანაც სულ ერთ და იგივე სურათი მოსჩანს

წელიწადის ყოველ დროს.

 

ვფიქრობ, ბუნება მაინც იცვლებოდეს,

ცვიოდეს ხეებს ფოთლები

და იბადებოდეს ახალი სიცოცხლე.

 

არამც და არამც, მხოლოდ ამინდი იცვლება

და ისე მიხარია ეს ყველაფერი, თვალს ვერ ვწყვეტ.

 

ტუსაღი ვარ, რომელიც კვირაში ერთ დღეს ელოდება,

გარეთ გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს.

ზედამხედველი მყავს, უფლის წყალობით, კარგი,

არ მაქვს მკაცრი კონტროლი

და მეც პირნათლად ვიხდი სასჯელს,

ბედმა რომ მარგუნა.


ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის,

ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე, აწყმოზე.

გტკივა, უსაშველოდ გტკივა

სხეულის ყველა ნაწილი, ყველა ორგანო.

პასუხს ეძებ კითხვაზე: რატომ?

და პასუხსაც ვერ პოულობ.

 

თავს იიმედებ იმით,

რომ ამ უვადო პატიმრობაში თანხას გიხდიან,

რომლითაც აბედნიერებ შვილებს,

უზრუნვრლყოფ მათ სწავლას,

უქმნი კარგ მომავალს და ეს ძალას გმატებს.

გენატრება ტკივილამდე.

 

თურმე როგორ შეგძლებია დატოვება

შენი სულის და გულის.

ფიქრებში მიდიხარ შორს,

თავს ადანაშაულებ და მიზეზსაც ვერ პოულობ.

იმედს იტოვებ, უდანაშაულო პატიმრობისთვის

მოგიწევს ამნისტია და იხილავ შენს მზეს,

შენ სულსა და გულს.

 

ამით იმშვიდებ თავს,

დღეები გადის,

წლებიც და ახალგაზრდობაც.

 

 

ნინო ზამბახიძე (დ. 1978): რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს

 

8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით,

რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა,

გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის

დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი.

ბევრი გამოწვევა იყო...

 

მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე

გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს

და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში,

მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი.

 

დაიწყო ახალი ერა - სოფლის მეურნეობის აყვავების,

ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ,

ძროხები ბრუცელოზით დაავადდა.

რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს.

ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია,

აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ,

ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ!

 

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო,

ყველაფერს - რასაც შევწირე თავი,

რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად

და შვილები ფაქტობრივად დედის გარეშე დავტოვე,

რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი,

ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

 

 

ლია ლეკვეიშვილი (დ. 1979): განსაცდელი

 

ამას წინათ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით.

ჩემს ქმარს ახალგაზრდა ქალმა შვილი გაუჩინა.

თბილისში რა დაიმალება! მესამე პირისგან შევიტყვე.

 

შვილებისთვის არ გამიმხელია,

არც ქმრისთვის მითქვამს რამე,

უხმოდ მივიღე ეს ტკივილი

და ვეცადე გამკლავებას.

 

რაც უნდა მოხდეს, ოჯახს არ დავანგრევ,

არც ჩემს ქმარს გადავუქცევ ცხოვრებას ჯოჯოხეთად!

 

ის ქალი თავისთავად უკვე დიდი საფრთხეა,

მაგრამ უმწეო ბავშვმა არაფერი დააშავა, რომ დაიბადა.

რამხელა ძალისხმევა სჭირდება ცოლს,

ეს რომ მოინელოს და გადალახოს.

 

 

ქეთევან დარბაიძე (დ. 1979): პირისპირ

 

რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

ჩემი ქმრის მეჯვარე და შვილის ნათლია, გიო,

რამდენიმე წელია უცნაურად იქცევა,

ლამის სიყვარულს მეფიცება.

სარგებლობს იმით, რომ ქვრივი ვარ

და გასაქანს არ მაძლევს.

შესაძლებლობას მართმევს, ჩემი ცხოვრება მქონდეს.

კვირაში ორჯერ მოდის ჩვენთან

პროდუქტებით დახუნძლული.

 

ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, ასე რომ ირჯება,

მაგრამ, მეორე მხრივ, თავს უხერხულად ვგრძნობ.

მეზობლები ხედავენ და მეუბნებიან,

ბედი გქონია, რა სახელი დატოვა შენმა ქმარმა,

რომ ძმაკაცები მის ცოლ-შვილს

ასეთ პატივს სცემენ, თავს გევლებიანო.

 

ვინ იცის, გულში რას ფიქრობენ,

ალბათ მჭორავენ კიდეც, კუდებს აბამენ.

ან სად ხედავენ ჩემი ქმრის ძმაკაცებს –

გიოს გარდა არავინ მოდის, არავის ვახსენდები.

 

რატომ უნდა მითხრან, ბედი გქონიაო?!

ასე რომ ყოფილიყო, 34 წლის ასაკში არ დავქვრივდებოდი

და აპოლონივით ქმარს არ ჩავდებდი მიწაში.

 

მაშინ ჩვენი შვილი, ნიკა,

2 წლის იყო, ახლა 12 წლისაა.

მარტოს მიწევს გაზრდა.

ზოგჯერ ძალიან მაბრაზებს, არ მემორჩილება.

იმასაც მეუბნება, ქალი ხარ და ამ ცხოვრების რა გაგეგებაო.

ახლა სჭირდება კაცის ხელი.

ძმა არ მყავს, რომ ყურადღება მიაქციოს.

 

ჩემს შვილს სიგიჟემდე უყვარს.

იმ მამაშვილურ სიყვარულსაც გრძნობს,

რაც მამასთან არ დასცალდა.

 

ზოგჯერ შეიძლება შუაღამით დამადგეს თავზე.

მოგვიკითხავს და პირს თუ არ ვუჩვენებ, მიდის.

მგონი, მამოწმებს, მარტო ვარ თუ არა.

ყოფილა შემთხვევა, ბავშვი გამიღვიძებია,

გიოსთან მარტო რომ არ ვყოფილიყავი პირისპირ.

ზოგჯერ ისეთი ლტოლვა მოდის მისგან…

 

ხომ უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ შორის არაფერი მოხდება?!

ბევრი წინაღობაა: ჩემი გარდაცვლილი ქმრის მეგობარია,

ჩემს დაქალს ჩაუვარდა გულში,

ეს ჩემთვის უკვე ბარიერებია.

და რაც ყველაზე მთავარია,

ნათელმირონობა გვაკავშირებს,

ამიტომ ჩვენი ურთიერთობა

უფლისგან კურთხეული არასოდეს იქნება.

 

იმდენ სითბოსა და ყურადღებას იჩენს,

ძნელია რამე ვთქვა.

ქალისთვის, ხომ იცით, რას ნიშნავს

სითბო და მზრუნველობა?

თანაც სიმპათიურია, კაცურად მიმზიდველი.

 

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ,

ხომ შეიძლება ისე წავიყვანო ცხოვრება,

რომ მარტო არ დავრჩე?

 

შვილი გაიზრდება, ცოლს შეირთავს,

თავის გზას დაადგება, მე კი…

ასაკოვანი ქალებისგან გამიგია,

ყველაზე დიდი შეცდომა ის არის,

ცხოვრებაში მარტო რომ დავრჩითო.

 

გიო არ მიშვებს იქამდე.

მოვეწონე ერთი-ორს, მაგრამ დამიფრთხო.

არ ვიცი, რა უთხრა ისეთი, ჩემკენ აღარ იხედებიან.

 

ჩემი ძმაკაცის ხსოვნისთვის შენს თავს არავის დავაჩაგვრინებო.

როცა უნდა, იხსენებს ჩემს ქმარს,

როცა უნდა, თავისად მთვლის.

 

 

ლელა კვიჟინაძე (დ. 1980): რადიკალური განსხვავება

 

სწორედ ტყუილია ბოროტების სათავე.

არამარტო ქმარს, საკუთარ თავსაც ვატყუებდი.

ხან ცეკვაზე სიარული ავიხირე, ხან ცურვაზე.

მინდოდა, სამსახურის შემდეგ დრო გამეყვანა.

 

ქმარი არაფერს მიშლიდა,

მთავარი იყო, კერძი დახვედროდა თავის დროზე

და მოწესრიგებული სამოსი.

 

რაც დამემართა, ამას არანაირი გამართლება აქვს,

თუმცა მაშინ სხვაგვარად ვფიქრობდი.

ზნეობრივი ადამიანი ამას არ ჩაიდენს.

მე კი თავს სრულებითაც არ ვთვლიდი უზნეოდ.

 

გავიცანი თორნიკე, რომელსაც მოვეწონე.

ჩემი ქმრისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

ბევრად უფრო ვაჟკაცური, ძლიერი ჩანდა.

ფლირტით დაიწყო და დროთა განმავლობაში

სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა.

 

ღალატი არ მიფიქრია, მეგონა განვიტვირთებოდი.

ამასობაში შემიყვარდა.

ფიქრით ვღალატობდი, სხეულით – არა.

სანამ ქმართან ვცხოვრობდი,

თორნიკესთან სქესობრივი კავშირი არ მქონია.

უგონოდ შევუყვარდი, არ მეშვებოდა.

რას აღარ აკეთებდა სიყვარულის გამო,

ოცნების კოშკებს მიგებდა.

 

ბუნებით არ ვარ მოღალატე.

ვერასდროს წარმოვიდგენდი,

სხვა თუ შემიყვარდებოდა,

ვასოზე წინ თუ დავაყენებდი ვინმეს,

მაგრამ ასე მოხდა.

 

თორნიკესთან შედარებით

ვასო უსუსურ კაცად მეჩვენებოდა,

მის ნაკლოვანებებს უფრო მძაფრად აღვიქვამდი

და შევიგრძნობდი.

მისი ყველა სიკეთე დავივიწყე,

ისიც კი აღარ მახსოვდა, ადრე რომ მიყვარდა.

ვფიქრობდი, თორნიკე ჩემი პირველი,

ერთადერთი სიყვარულია-მეთქი.

ყოვლისშემძლედ წარმომედგინა.

იდეალურ მამაკაცად მიმაჩნდა,

არ მჯეროდა, რომ ბედმა მისი ღირსი გამხადა.

 

თორნიკემ ცოლობა მთხოვა.

იმ ზომამდე მივედი, რომ თავი ვაიძულე,

სიყვარულის გამო ოჯახი დამენგრია.

არც ქმარს გავუწიე ანგარიში, არც ოჯახს,

არც მშობლებს და არც შვილს.

ვიფიქრე, ბავშვი გაიზრდება და გამიგებს-მეთქი.

 

გაყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ

თორნიკეს ცოლად გავყევი.

 

თორნიკეს მშობლებმა არ მიმიღეს,

განათხოვარი, შვილიანი ქალი რძლად არ ინდომეს.

წლების განმავლობაში წვალებ-წვალებით პატარა ბინა ავიშენეთ.

მანამდე გირაოთი ვცხოვრობდით.

ორი შვილი შეგვეძინა.

 

ლიკუნას თავიდან ძალიან გაუჭირდა,

მაგრამ მერე ბავშვებმა გაახალისეს.

გიჟდება პატარებზე.

თორნიკეც არ გამოდგა ცუდი მამობილი ლიკუნასთვის,

ყოველთვის ანგარიშს უწევს.

 

მაინც ვფიქრობ, რომ პირველი ოჯახი არ უნდა დამენგრია,

არ უნდა გამერთულებინა არც ჩემი და არც სხვისი ცხოვრება.

 

შეყვარებული კაცი ქმრად რომ იქცევა,

იდეალურ სახეს კარგავს და უბრალოვდება.

ჩემი ახალი ქმარი სულაც არ გამოდგა ისეთი ძლიერი,

როგორიც თავის დროზე მესახებოდა.

 

მთელ ოჯახს ჩემი მხრებით მივათრევ.

თორნიკეს ძმაკაცებში სირბილი ყველაფერს ურჩევნია.

თავისი ბავშვების ჭიჭყინს ვერ იტანს,

თითქოს სხვისი შვილები არიან.

ვასოს უწყინარ ბუზღუნსაც კი ვერ ვიტანდი

და თორნიკეს სახით უხეში ქმარი შემრჩა ხელში.

 

 

გურამ მანგოშვილი (დ. 1987): პირველი აგური

 

როცა სხვების ნახირს მივყვებოდი,

საკუთარზე ფიქრს არ ვეშვებოდი

და მიზნის მისაღწევად გეგმებს ვაწყობდი.

 

ცხრა წლის წინ ერთ კაცთან ვმუშაობდი,

ძველ სახლებს ანგრევდა და აგური გაჰქონდა.

ნამუშევარი ფული აღარ მომცა

და ამ თანხაში დამიტოვა ადგილი,

რომელზეც დღეს ჩემი ფერმაა.

 

მისთვის აქაურობა არაფერს ნიშნავდა,

ჩემთვის კი ეს იყო მიწა,

რომელზეც პირველი აგური დავდე

მომავალი ოცნების ასაშენებლად.

 

ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავიწყე,

საქონელს საქონელი ემატებოდა

და წლიდან წლამდე ვზრდიდი ფერმას

და აქამდე მოვედით.

 

 

ვალერი კუხალაშვილი (დ. 19??): უფსკრული

 

წარმოდგენა არა აქვს ადამიანს,

რა ხდება იმ შახტში,

როგორ ადგილებზე

და სად ვმუშაობთ.

ბოდიში და

ვირთხებივით დავძვრებით.

და როდის დაარტყამს

ეს სამთო დარტყმა

და მოგვკეტავს იქეთ,

უფსკრულში,

გამოუსვლელ ადგილას,

საიდანაც შანსი არ არის,

ცოცხალი რომ გამოხვიდე,

არავინ იცის.

თან ეს ყველაფერი

28 ლარად.

 

 

მურმან აშოთია (დ. 19??): გადარჩენა

 

საშინელება მოხდა,

პირველად სახეში შემომეყარა,

თავიდან ტკივილით არ მტკენია,

გამიკვირდა, მივიხედე რა მოხდა თქო.

 

მერე, ცოტა მწარედ რომ მომხვდა სახეში

ხელები ავიფარე და შევტრიალდი.

ზევით დავაპირე წასვლა,

ვიფიქრე, გავასწრებ თქო,

მაგრამ იქამდე ვეღარ მივედი.

 

ქვემოთ ჩასასვლელი იყო,

ფეხით უნდა ჩავსულიყავი,

მაგრამ თავით ჩავვარდი.

 

წელს ზევით ძირს ვიყავი,

ფეხები ზევით მქონდა,

ქვები მხვდებოდა ფეხებზე.

 

საშინელი წნევა იყო,

წამებში ხდებოდა ყველაფერი.

თავი კიბის საფეხურს დავარტყი.

 

ფეხზე წამოვდექი

და ქვემოთ დავაპირე წასვლა,

სიბნელე იყო და ვერ ვხედავდი.

 

სამი ნაბიჯი გადავდგი,

მაგრამ სიარული ვერ შევძელი,

დაჟეჟილი ვიყავი,

დამეწყო ტკივილი, კანკალი.

 

ფიცარზე, რომელიც კიბეზეა მიმაგრებული,

თავი დავიმაგრე და დავიწყე ყვირილი –

„ირაკლი მიშველე!“

 

ის ჩემზე გაჭირვებულ დღეში ყოფილა.

წამოვიდა ჩემთან.

 

სანამ მოვიდოდა,

დისპეჩერისთვის ტელეფონით უთქვამს,

ასეთი მდგომარეობაა და ხალხი მოგვაშველეო.

 

დამიძახა, ნუ გეშინია, მოვდივარო.

შუქმა რომ შემოანათა,

ვიფიქრე მეშველა, აღარ მოვკვდები თქო.

 

ამოვიდა ირაკლი,

ხელი მომკიდა და ჩამიყვანა.

მალე ერთად გამოგვიყვანეს გარეთ,

სასწრაფო დაგვხვდა

და საავადმყოფოში წაგვიყვანეს.

 

 

გაგა გამეზარდაშვილი (დ. 19??): შრომის უსაფრთხოება მოწესრიგდეს

 

ბაზარში შევდიოდი, ხილ-ბოსტანზე ვმუშაობ.

6-ის რაღაც წუთები იყო, ჩემმა ბიძაშვილმა რომ დამირეკა

და მითხრა, მიხო დაკარგულია და არ ჩანსო.

მაშინვე გამიელვა თავში, რაც ხდებოდა.

როცა არ ჩანს, ესე იგი გადასმულია ყველაფერზე ხაზი.

 

მივედი შახტთან. არავინ ჩანდა.

მხოლოდ ჩვენნაირი მუშები იდგნენ.

მისამძიმრებდნენ, მე კიდევ იმედი მქონდა.

როცა დაკარგულია ადამიანი,

1%-ს ყველა იტოვებს და ღმერთს შევთხოვდი,

ყოველ წუთს ლოცვას ვკითხულობდი,

რომ გადაერჩინა, მაგრამ არ მოხდა ასე.

 

მეუბნებიან, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიებაო.

რა გამოძიებაზე მელაპარაკებიან.

გამოცდილი მაქვს და ვიცი, როგორც მოიქცევიან.

ხვალ მოვალთ, თანხას მოვიტანთო.

რა თანხაზე ლაპარაკობენ - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!

 

შახტის დახურვაში გამოსავალს ვერ ვხედავ, ხალხს სესხები აქვს.

იქ 1200 ოჯახი მუშაობს და ყველა მათგანი მშიერი რჩება.

ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიცლება.

ამიტომ ყველაფერს ჯობია, რომ შრომის უსაფრთხოება მოწესრიგდეს.

მუშებს ნუ აწვებიან, შეზღუდვები მოუხსნან.


მამაჩემი 35 წელიწადი მუშაობდა შახტში.

გუშინდელ დღემდე თითიც არ უტკენია,

ისეთი გამოცდილება ჰქონდა.

 

რაც მოხდა, ეს ყველაფერი

შრომის უსაფრთხოების დარღვევაა,

თორემ ასე უბრალოდ არ ხდება.

 

ნახეთ ხელები როგორ აქვს დაკეცილი.

უჰაერობის გამო არის მოგუდული.

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE