ცეცხლისა და ყინულის პარტიტურა რობერტ ფროსტი: ოლესია თავაძისა, და ჩვენიც)


ცეცხლისა და ყინულის პარტიტურა რობერტ ფროსტი: ოლესია თავაძისა, და ჩვენიც)




- ჩემი რობერტ ფროსტი, - მიისაკუთრებდა დიდ ამერიკელს ოლესია თავაძე და ორიგინალური აგებულების წიგნ-ალბომს ასეც დაასათაურებდა (“სეზანი~, 2018).

და... რა უფლებით მიისაკუთრებდა?

რა უფლებით და... იმ მკითხველისა, რომელიც ეზიარებოდა ამ მადლს, თუ სათანადოდ მომწიფდებოდა მისი პოეზიის აღსაქმელად, პოეზიისა:

- ერთი თვალის შევლებით თითქოსდა უმარტივესის და ჩასაწვდომად კი უძიროსი.

ფროსტთან მისი მისასვლელი გზა მთელ ცხოვრებას დაიტევდა.

შუამავლებად კი ეყოლებოდა: იოსიფ ბროდსკი და რადიარდ კიპლინგი, და რაოდენ მოულოდნელიც უნდა ჩანდეს: ჩინური ფერწერა.

თუ რატომ და როგორ, ამის ხსნა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ამჯერად, მოკლე წინათქმაში, საუბრის გეზს ასცდებოდა.

ამიტომაც ამას იკმარებდა:

ფროსტის სიტყვას, თავშეკავებულსა და არააღმსარებლურს, კიპლინგის კაცური სისადავეც წაემძღვარებოდა წინ და ჩინური ფერწერის მოუხელთებელი, ექსტატურობას მოკლებული მაღალი სულიერებაც.

ხოლო წიგნის ორიგინალური აგებულების სათავე-საფუძველი, შთამბეჭდავი ილუსტრაციების შთაგონება ის იქნებოდა, რომ:

მთელი ცხოვრება შესაფერის წიგნაკში სათუთად იწერდა სათაყვანებელ ლექსებს და ყოველ ჯერზე, გადაწერისას, იმწუთიერი თავისი ავტორობის შეგრძნება ეუფლებოდა. ფროსტის ლექსების ილუსტრირებისას ამ ცდუნებას არ გაექცეოდა და სამი ენის შრიფტს, სამ კალიგრაფიას მოიშველიებდა - პოეტის დედაენისა - ინგლისურის, და თავისი ორენოვნებიდან გამომდინარე, ორი მშობლიური ენისა - ქართულისა და რუსულის.

ესეც ის, რაც ფროსტის სახელს მიაახლოვებდა, რაც მის სახელში შენივთდებოდა და რაც იმ სულიერების სარკმელს გაუღებდა, სადაც ყველა დროის ყველა კულტურა ერთად მოიყრიდა თავს და სადაც ფროსტისა და ჩინური ფერწერის ერთიანობა ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა.

და ესეც ის ნაყოფი, ასერიგად სავსე და სახიერი:

ოლესია თავაძის რობერტ ფროსტი, ჯერ გრაფიკული სერია, რომლის გამოფენაც თბილისის ისტორიულ მუზეუმში “ქარვასლა”თვალნათლივ წარმოაჩენდა, თუ როგორ შეეძლო ფროსტის პოეზიის მეტაფიზიკურ სიღრმეს ესაზრდოებინა შემდგომ თაობათა სულიერი ძიებანი და როგორ არღვევდა ჭეშმარიტი გენია დროისა და სივრცის საზღვრებს.

ამიტომაც ეს ალბომი განიზრახებოდა არა გამოფენის კატალოგად, არამედ კიდევ ერთ, სიმბოლურ გამოხატულებად მადლიერებისა დიდი ამერიკელის სახელისადმი.

 

***

რობერტ ფროსტი ნობელის პრემიის ლაურეატი რომ გვეგონოს, არ გაგვემტყუნება, რაკიღა ამ რანგის პოეტი ის იშვიათობაა, ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურასაც რომ ამშვენებს და მსოფლიო მწერლობასაც.

მთელი პოეტური ნაკადის სათავეშიც რომ მოექცეოდა.

მაგრამ... ეს ჯილდო მას უნდა ასცდენოდა. და ეს ისეთივე გაუგებრობაა და გაუმართლებლობა, ნობელიანტის წოდების გარეშე რომ დარჩებოდნენ: ლევ ტოლსტოი, ჯეიმზ ჯოისი, მარსელ პრუსტი, ფრანც კაფკა თუ კურტ ვონეგუტი.

თუმც ამ პრემიის ლაურეატები კი დიდი მოწიწებით მოიხსენიებდნენ მის სახელს თვით სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას.

სინკლერ ლუისი იქნებოდა და:

ამერიკული ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიაში ზოგიერთი შესანიშნავი მხატვრის, არქიტექტორისა და სახელმწიფო მოღვაწის გვერდით ირიცხებიან ისეთი მართლაცდა გამოჩენილი უნივერსიტეტის პრეზიდენტი, როგორიც ბრძანდება ნიკოლას მერეი ბატლერი, აგრეთვე დიდებული, გაბედული მეცნიერი ჟილბერ კროსი და რამდენიმე პირველხარისხოვანი მწერალი: პოეტები - ედვინ არლინგტონ რობინსონი და რობერტ ფროსტი, ჰელიმნ ჰარლენდი, ოუენ უოსტერი, ბრანდ უიტლოკი და ბუტ ტარკინგტონიო.

იოსიფ ბროდსკი იქნებოდა და:

მწერალს არ ძალუძს ილაპარაკოს მწერლის მაგიერ, განსაკუთრებით - პოეტს პოეტის მაგიერ; ამ ტრიბუნაზე ოსიპ მანდელშტამი, მარინა ცვეტაევა, რობერტ ფროსტი, ანა ახმატოვა, უისტან ოდენი რომ გამოსულიყვნენ, ისინი ძალაუნებურად სწორედ თავიანთ თავზე ილაპარაკებდნენ და, შესაძლოა, ასევე გარკვეული უხერხულობა ეგრძნოთო.

და გრძელდებოდა განცდა და განსჯა, რომ:

ეს აჩრდილები ყოველთვისაც აცთუნებდნენ, კვლავინდებურად რომ გრძნობდა ამ ცდუნებას, ყოველ შემთხვევაში, ისინი სამჭევრმეტყველოდ როდი აგულიანებდნენ. საკუთარი თავი საუკეთესო წუთებში როგორღაც მათ შენაერთად ეჩვენებოდა - მაგრამ ყოველთვის ნაკლებად, ვიდრე თითოეული გახლდათ ცალ-ცალკე.

ასე იყო, რადგან ქაღალდზე დაწერილით მათზე უკეთესობა ვერ წარმოედგინა; ვერ წარმოედგინა მათზე უკეთესობა ცხოვრებაშიც; და სწორედ მათი ცხოვრება, როგორი ტრაგიკული და მწარეც უნდა ყოფილიყო ის, ხშირად აიძულებდა - ეტყობა, უფრო ხშირად, ვიდრე ეს საჭირო გახლდათ - სინანული გამოეთქვა დროის მდინარების გამო. თუ იმქვეყნიური სამყარო არსებობდა, ხოლო მათი მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაზე უარის თქმა მას უფრო არ შეეძლო, ვიდრე მათი ამქვეყნიური არსებობის დავიწყება იყო - დიახ, თუ იმქვეყნიური სამყარო არსებობდა, მაშინ ისინი - იმედოვნებდა - აპატიებდნენ იმის თვისებრივ რაობას, რის გადმოცემასაც აპირებდა: ბოლოსდაბოლოს მათი პროფესიის ღირსება ტრიბუნაზე ქცევით როდი გაიზომებოდა.

შეიმას ჰინი იქნებოდა და:

დაიწყებდა იქიდან, რომ სურდა ცხოვრებისეული სიმართლე კონკრეტული უტყუარობით დაღდასმული ყოფილიყო და ძალზე უხაროდა, ლექსი რომ სიწრფელით, სიმართლით ასახავდა სამყაროს, რომელშიც ამ სიმართლეს შეეძლო გაეძლო კიდეც, თავიც დაეცვა და წინააღმდეგობაც გაეწია. სკოლის წლებშივე ეყვარებოდა ჯონ კიტსის ოდა “შემოდგომას”იმისათვის, რომ ის ენისა და განცდების ურთიერთდამაკავშირებელი თაღი იყო; ყმაწვილობისას შეუყვარდებოდა ჯერალდ მენლი ჰოპკინსი ღრმა განცდებისათვის, ასე რომ აწონასწორებდნენ აღტაცებასა და ტკივილს, - არც კი ფიქრობდა, მეც თუ განვიცდი მათო, ვიდრე მის ლექსებს წაიკითხავდა; ეყვარებოდა რობერტ ფროსტიც ფერმერული გულმოდგინებისა და ეშმაკური მიწიერებისათვის; და ჯეფრი ჩოსერიც - მეტწილად იმავე თვისებებისათვის.

აშკარაა: სამივე ნობელიანტის თვალთახედვაში რობერტ ფროსტი გამორჩეული სახელია.

პირველხარისხოვანი პოეტიც.

ქაღალდზე დაწერილით მასზე უკეთესობა ვერც წარმოუდგენიათ, და ვერც ცხოვრებაში წარმოუდგენიათ მათზე უკეთესობა.

ჯეფრი ჩოსერისაგან არც განერჩევათ.

რაო, აკლია რობერტ ფროსტის საჯარო-სამადლობელი გამოსვლა “ინტელექტის” მიერ გამოცემულ ვეება წიგნს “ნობელიანტების ლექციები (1901-2016)”?

ეს რა ამ დიდებული გამოცემის თაოსანთა ბრალია - ფროსტს არასოდეს მიეცემოდა შემთხვევა, შემდგარიყო იმ ტრიბუნაზე, სადაც მისი რანგის - და არაერთი: მასზე ნაკლებისაც - შემოქმედნი თავიანთ მხატვრულ-ესთეტიკურ და საზოგადოებრივ მრწამსს გამოთქვამდნენ იმ ხელოვნებით, ფროსტისთვისაც ასერიგად მახლობელი რომ გახლდათ.

მისი სახელი ხომ მაინც იხმიანებდა სანობელო ტრიბუნაზე შეხსენებად იმისა, რომ რჩეულ შემოქმედთ, თუნდ განრიდებულთ ამქვეყნიურ ორომტრიალს, ესაჭიროებოდათ ყურადღება და თანადგომა ჯილდოების გამცემთაგან, უფრო სწორად - დამჯილდოებელთ უფრო ესაჭიროებათ ამგვარი გადაწყვეტილებანი, რათა თავიანთი არსებობა გაამართლონ და ფსევდოღირებულებათა პროპაგანდისტებად არ შემორჩნენ ლიტერატურის ისტორიას.

 

***

გრაფიკული სერიისათვის “ჩემი რობერტ ფროსტი”წამძღვარებულ ესეის “ზეცაში დაკარგული”დავით ანდრიაძე - რა გასაკვირია - ამ პოეტის დიდი მოთაყვანის, იოსიფ ბროდსკის სიტყვებით რომ გახსნიდა:

- ბუნება ამ პოეტისათვის არც მეგობარია და არც მტერი და არც დეკორაცია ადამიანური დრამისათვის; არამედ თვითონ პოეტის შემაძრწუნებელი ავტოპორტრეტი...

ეს იმ სიღრმისა და ტევადობის დაკვირვებაა, მონოგრაფიებს რომ დაედება ხოლმე საძირკვლად, ის კი არა, ბიოგრაფიულ რომანთა შთამაგონებლებადაც შეიძლება იქცნენ.

შესავალ წერილში კი მიდევნებულია:

ეტყობა, რობერტ ფროსტის ოლესია თავაძისეულ კალიგრამულ ტრანსკრიფციებშიც ბუნების ამგვარი ხატის ძიებაა არსებითი; ხატისა, პოეტის შეფარულ ავტოპორტრეტად რომ ჩამოყალიბდებაო.

უპირველესად მაინც იმას მიაქცევდა ყურადღებას, რომ:

ქართველი მხატვრის დახატულ XX საუკუნის ამერიკული პოეზიის ამ ყველაზე სიმბოლური ფიგურის “პორტრეტზეც”- რომელიც ამ შემთხვევაში რეალურ მიზანსცენას იმეორებდა - თვალებზე აფარებული პოეტის ხელიც პროფეტული წინააღმდეგობით იქნებოდა აღსავსე...

და ამ პორტრეტული სახებით რომ გაიხსნებოდა ამ თემაზე შექმნილი 50 გრაფიკული ფურცელი, კრიტიკოსის დაკვირვებით, ეს იქნებოდა ფროსტის ლექსების წაკითხვაც და შეკითხვაც.

სხვაგვარადაც შეიძლება თქმულიყო:

ფროსტის ოლესია თავაძისეული, ცოცხალი, აქტუალური თვალიერებისა და გადათვალიერების აქტი!..

როგორ ამბობდა პოლ ვალერი?

სულ სხვაა სამყაროს უცქერდე უფანქროდ და სულ სხვა - ფანქრით ხელშიო.

და დავით ანდრიაძისათვის ეს თვალსაზრისი ერთგვარი გზამკვლევი აღმოჩნდებოდა განსაზოგადებლად: ალბათ ასევე განსხვავდება პოეტური ტექსტის კითხვაც უფანქროდ და ფანქრით ხელშიო.

და ოლესია თავაძე ამერიკელ პოეტს რომ კითხულობდა ფანქრით ხელში, ამ მიმართებას კრიტიკოსი ასე აღიქვამდა:

ესაა პოეტური ხატის წინასწარ მოხაზვაო.

ძირეული სემანტიკული აბრისის დასახვაო.

დასახვა და მერე - წარმოსახვაო.

წარმოსახვა და გარდასახვაო.

პოეტური საზრისის თავდაპირველი აზრის - ანუ სიმპლემის - მოხელთება და მისი ქცევა ემბლემატურ ნიშნადო.

დავით ანდრიაძის სახელოვნებო სტატიებისა თუ ესეებისათვის ნიშანდობლივი მანერა ინტერესს აღძრავდა ხოლმე უფრო დაკვირვებებითა და მოსაზრებებით, ვიდრე შესრულების ფორმით, ყურს რომ აღიზიანებდა გადამეტებული ტერმინოლოგიაც, თვითმიზნურობას მიახლოებული.

“ზეცაში დაკარგული”აშკარად განსხვავდება ავტორის სხვა წერილებისაგან სწორედ შესრულების მანერით, ცოცხალი, ექსპრესიული სტილით. და თუ მანამდე კრიტიკოსის მახვილგონივრული დაკვირვებანი თუ სიტყვათა მარჯვე ათამაშება ერთგვარად იკარგებოდა ტერმინოლოგიით გადატვირთულ მსჯელობაში, ამ ესეიში მოხდენილად და ეფექტურად იჩენდა თავს, თუნდ ამ ფრაზის მსგავსად:

- ოლესია თავაძე ლექსს კი არ აფორმებს, არამედ ფორმას ალექსებს...

მარჯვედ გამოიყენებდა აკმეისტების ნათქვამსაც:

ჩვენ არ დავფრინავთ, ჩვენ ავდივართ მხოლოდ იმ კოშკებზე, რომელთა აშენებაც თვითონვე შეგვიძლიაო.

რათა ამგვარი სწრაფვა მხატვრის შემოქმედებით ლაბორატორიაზე გადმოეტანა:

ფროსტი ოლესია თავაძისათვის თავისებური კოშკია; ანდა ბუდეა, რომლის აშენება მასაც ხელეწიფებაო...

და მიედევნებინა, რომ:

მხატვრისათვის ფროსტის ლექსი პარტიტურა გახლდათ, შემსრულებელს რომ ელოდებოდა, და რაკიღა შეუძლებელია ტექსტი საკუთარი თავში იყოს დასრულებული, წერტილს ავტორი კი არა, მკითხველი სვამსო.

ოლესია თავაძის რანგის მკითხველი, თორემ...

ეზრა პაუნდი რომ არ ენდობოდა სიტყვას და ის კი არ აღელვებდა, რა თქვა ავტორმა, არამედ ის, რაზეც დუმდა? და სხვის სტრიქონებში გადასახლებული სხვა პოეტის ნიღაბს რომ მოირგებდა?

კრიტიკოსის მახვილი მიგნებით:

ოლესია თავაძე იმას უფრო ასურათებდა, რაზეც პოეტი დუმდა.

და ეს ლექსები, თითქოსდა სიტყვებისაგან კი არა, დაშიფრული იეროგლიფებისა თუ ნოტებისაგან რომ შედგებოდა, კიდეც მათ მიხედვით ასურათებდა მხატვარი ამა თუ იმ ოპუსს.

ფინალური აკორდიც ესეის შესაფერისი უნდა ყოფილიყო თავისი დახვეწილობითა და იდუმალი ხმიანობით:

ჩვენ, მოკვდავთ, უკვდავებთან საგნებით რომ მიგვესვლებოდა და სწორედ ასეთ საგნებს აგნებდა რობერტ ფროსტის პოეზიის ონტოლოგიურ შრეებში ოლესია თავაძე, ამით შეგვახსენებდა - რა მიჰქონდა დროს და რა რჩებოდა. და კიდევ ერთხელ დაგვანახებდა “ზეცაში დაკარგული”რობერტ ფროსტის “მიწიერი არსებობის”არტეფაქტებსაც და მისი გენიის უკვდავებასაც...

სწორედ ასეთი პიროვნება უნდა შერჩეულიყო ამ მრავალშრიანი წიგნის კარის შემხსნელად, დავით ანდრიაძე რომ გახლავთ: არამარტო მხატვრობის ნიუანსებში გათვითცნობიერებული, არამედ პოეზიის ღრმა მცოდნეც, უშუალოდ კი დასავლურ სამწერლო პროცესებში გარკვეული, და მისი ყოველი სიტყვა ამიტომაც იქნებოდა აწონილი და ზუსტი.

ხოლო რობერტ ფროსტის გამოჩენა ქართულ ენობრივ და კულტურულ სამყაროში...

 

***

გაუმართლებდა და ძალიანაც გაუმართლებდა რობერტ ფროსტს, მის მეგზურობას ზვიად გამსახურდია რომ ითავებდა:

საჭაშნიკოდაც გადმოიღებდა მის სტრიქონებს და მისი ლიტერატურული პორტრეტის არსებით შტრიხებსაც მოხაზავდა, კაცისა, რომლის თემატიკაც ერთი შეხედვით ახალს არაფერს გვაწვდიდა, ძირითადად შემოფარგლული პასტორალურ-იდილიური მოტივებით, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა, რომ ეს ყოველივე დანახულიყო უაღრესად თანამედროვე პოეტის თვალით. და თუმც მის ლექსების უმრავლესობას ახასიათებდა მშვიდი, მედიტატიური განწყობილება, სტრიქონებში ხშირად საცნაურდებოდა ფარული ემოციური დაძაბულობაც, რომელიც არასოდეს გეცემოდათ თვალში.

მის პირველ მასწავლებლებად მოიხსენიებდა უილიამ უორდსუორთსა და ტომას ჰარდს, ერთი რომ უანდერძებდა საოცრად მშვიდ, აუმღვრეველ მანერას ბუნების ჭვრეტისა, ცხოვრების მარტივი დეტალებისა და ასეთივე გრძნობების აყვანას მაღალი პოეზიის დონემდე; მეორე კი გადაუშლიდა სოფლის ცხოვრების სიმშვენიერეს და ასწავლიდა დანახვას პასტორალურ იდილიებს მიღმა არსებული ფარული ტრაგედიებისა.

და დასძენდა, რომ:

როგორც ჰარდისათვის, ისევე უორდსუორთისათვის, უცხო გახლდათ ის ღრმად სუბიექტური განცდა ბუნების მშვენიერებისა, ფროსტის პოეზიისათვის რომ შეიქნებოდა ნიშანდობლივი. ამიტომაც არ გვევლინებოდა არსად პასიურ მხატვრად და ბუნებას იშველიებდა მხოლოდდამხოლოდ სულიერი განწყობილების საილუსტრაციოდ.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული ლექსის - “ნოემბრის სტუმარი”- ქართული ორეულის შექმნით, ზუსტად მიგნებული ტონალობითა და ინტონაციით და მარჯვედ დაძებნილი სიტყვა-გამოთქმების წყალობით ჭეშმარიტ პოეზიას რომ გვაზიარებდა:

 

რამდენი ხანია, რაც მე შევიყვარე და რაც შევითვისე

ნოემბრის დღეები, ჩუმი, გაძარცული ნოემბრის დღეები,

პირველ მოთოვამდე რომ იბინდებიან მდუმარე ტყეები...

მაგრამ ამაოა ყველა დარწმუნება ჩემთვის და მისთვისაც,

რადგან  მ ი ს ი ს   თ ვ ა ლ ი თ  სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები.

 

ყოველი შემთხვევისათვის გაიხსენებდა დევიდ ჰიუმისა და ართურ შოპენჰაუერის სუბიექტურ-იდეალისტურ დოქტრინათა გავლენასაც პოეტზე, მაგრამ უმთავრესად მიიჩნევდა, რომ:

ფორმის მტკიცე ნაჭედობასა და განწყობილების სიწრფელესთან ერთად გვაოცებდა დიდი მხატვრული ტაქტი და ზომიერების შეგრძნება საღებავების გამოყენებისას.

ამიტომაც შოპენჰაუერული დებულება: სამყარო არის ჩემი წარმოდგენა - მხატვრის განცდაში ისე გატარდებოდა, რომ პოეტურ სინამდვილედ გადაიქცეოდა.

მოიშველიებდა ამერიკელი პოეტისა და კრიტიკოსის მარკ ვან დორენის სიტყვებს:

- ფროსტი ფილოსოფიური პოეტი გახლდათ, რაც მისი გაგებით ნიშნავდა ღრმა და ფაქიზი გულის შერწყმას ინტელექტთან, რომელიც მუდამ დაეძებს ღრმა აზრს ცხოვრებაში.

და დასძენდა, რომ:

აზრის უპირატესობა როდი ნიშნავდა ლექსის ემოციურ გაღარიბებას.

და ფროსტის შეხედულებათაგან შეარჩევდა ისეთ პასაჟს, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივად და სავსედ წარმოსახავდა მისი შემოქმედებითი ლაბორატორიის არსებით ნაკადს.

ლექსი რომ იწყებოდა აღტყინებით და მთავრდებოდა სიბრძნით, მისი განვითარების გზა მაინც რას აგონებდა პოეტს?

რას და... სიყვარულისაგან არც განერჩეოდა. და ნურც ნურავინ მოჰყვებოდა მტკიცებას, რომ ექსტაზი შესაძლოა ყოფილიყო სტატიკური და გაჩერებულიყო ერთ ადგილას.

ასე რომ:

ის იწყებოდა აღტყინებით, შემდეგ მიელტვოდა პირველად იმპულსს, ღებულობდა მიმართულებას, რომელსაც მას მიანიჭებდა პირველი ფრაზა, გაივლიდა ბედნიერ შემთხვევათა წყებას და მთავრდებოდა ცხოვრების კლარიფიკაციით, ანუ გასხივოსნებით, ოღონდ არათუ დიდი გასხივოსნებით, რომელსაც ემყარებიან სექტები და რელიგიური კულტები, არამედ გაურკვევლობისადმი წუთიერი დაპირისპირებით...

და ესეც მოხდენილი შეჯამება ამ დაწურული, ბევრისმიმანიშნებელი მსჯელობისა:

ის პოულობს თავის სახელს თავისსავე მსვლელობაში, მოელის მას რომელიმე ფინალურ ფრაზაში, რომელიც ბრძნული იქნება და თან სევდიანიო.

და შეპირისპირებით შეუპირისპირებდა ტომას სტერნზ ელიოტის მხატვრულ-ესთეტიკურ მეთოდს იმ გარემოების წარმოსაჩენად, რომ:

თუ იგი ცდილობდა, ეპოვნა აზრის ემოციური ექვივალენტი, ფროსტთან შეიმჩნეოდა საწინააღმდეგო ცდა: ემოციის აზრობრივი ექვივალენტის პოვნისა.

კიდევ ერთ გამორჩეულ ლექსზე - “დასავლეთისაკენ მიმდინარე ნაკადული”- აღნიშნავდა, რომ:

ის აირეკლავდა ფროსტის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ერთ მხარეს. გვევლინებოდა ევოლუციონისტ-დიალექტიკოსად, რომელიც აღიარებდა განვითარების უწყვეტელობას. ჰერაკლიტე ეფესელი სამყაროს განვითარებას რომ განიხილავდა წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილად, და მიიჩნევდა, რომ: შეუძლებელი გახლდათ ორგზის შესულიყავი ერთსადაიმავე ნაკადში, ამას ემთხვეოდა ფროსტის მიერ ნაკადულის გამოყენება ყოფიერების სიმბოლოდ. ხოლო ჰერაკლიტე წინააღმდეგობებს რომ განიხილავდა ერთიანობაში და სიკვდილს უიგივებდა სიცოცხლეს, ჰადესს კი - დიონისეს, ამ ლექსშიც ეს შეხედულება და განწყობილება იტრიალებდა, ამგვარად რომ უნდა შეკრულიყო კომპოზიციური ჩარჩო:

 

ჩვენი საწუთროს უკუსვლაა - საათის წინსვლა,

მზის უკუსვლაა - წინსვლა ისევ ნაკადულისა,

არსებობს ძალა, რომელიც თვით მზის სვლას წარმართავს.

ეს არის ბიძგი სათავისკენ უკუგდებისა,

საწინააღმდეგოდ დინებისა, რომელშიც ჩვენ ვართ,

დინების ხარკი, მიტანილი სათავისადმი, -

აი, ეს არის ბუნებაში ჩვენი საწყისი

და ჩვენი არსიც უმთავრესად.

 

ამერიკელი კრიტიკოსი ლორენს ტომპსონი თავის წიგნს ფროსტის შესახებ სათაურად რომ დაარქმევდა “ცეცხლსა და ყინულს~, ზვიად გამსახურდია მიადევნებდა, რომ:

ეს დაწყვილება მართლაც რომ შესანიშნავად ასახავდა ფროსტის შემოქმედების არსს.

და თვალსაჩინოებისათვის გაიხსენებდა ამავე სახელწოდების ლექსს - “ცეცხლი და ყინული”- ოსტატურად შემზავებელს ტემპერამენტის მგზნებარებისა გონებისმიერ “ყინულთან~:

 

ერთნი სამყაროს დასასრულად ცეცხლს გვიქადიან,

მეორენი - გამყინვარებას.

როცა ვახსენებ, თუ რა მწადდა და რა მწადიან,

ვემხრობი მათ, ვინც აღსასრულად ცეცხლს გვიქადიან.

მაგრამ თუ ორგზის შეგვეხსნება ნგრევის კარები,

მე სიძულვილსაც კარგად ვიცნობ, ახლა რომელიც

მაფიქრებინებს, რომ ნგრევისთვის გამყინვარება

ძალა არის არანაკლებ განუზომელი.

 

სხვა ამერიკელი კრიტიკოსი კლინტ ბრუკსი ფროსტს რომ დაუპირისპირებდა სხვა თანადროულ პოეტებს - მაკლიშს, ოდენსა თუ ტეიტს - და მას რეგიონალისტად და ტრადიციონალისტად მოიხსენიებდა, ზვიად გამსახურდიას როგორ არ უნდა გაებათილებინა ეს უმართებულო განსაზღვრება “რეგიონალისტისა~, მერე რა, რომ ფროსტის პოეზია შემოფარგლულიყო მხოლოდ ნიუ ინგლანდის თემატიკითა და განწყობილებებით.

ეს ყველაზე ტრადიციული პოეტი გარეგნულად თუ მოჩანდა რეგიონალისტად, რადგანაც მისი პოეზია სცილდებოდა ვიწრო ადგილობრივ პრობლემატიკას და აღწევდა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობამდე. ნიუ ინგლანდის თავისებურებით იგი იფარგლებოდა გამომსახველობით საშუალებებში და არა პოეტურ აზროვნებაში, რადგანაც რობერტ ფროსტი გვევლინებოდა ერთ-ერთ უდიდეს ნოვატორად თანადროული პოეზიისა.

აქ აღარ ჩართავდა, მაგრამ გუნებაში უსათუოდ გაივლებდა:

ამ ჭკუის კრიტიკოსმა ვაჟა-ფშაველა რომ წაიკითხოს, ისიც რეგიონალისტი ეგონებაო.

 

***

ოლესია თავაძის სულიერი ძიებანი უშუალოდ გადაეჯაჭვებოდა მისი ცხოვრების წესს და ამიტომაც დასახლდებოდა სოფლად, რათა ცვრიან ბალახზეც გაევლო ფეხშიშველად, ბალახთა ჩქამისთვისაც მიეგდო ყური, ხეთა ჩურჩულიც ეგრძნო, ნაკადულის ბუტბუტიც განეცადა და ცხოველებიც თვისტომებად შეეგრძნო.

და ამ გადასახედიდან სულ სხვაგვარად აღექვა თუნდ ჭრიჭინაც, როგორც აუცილებლობა, ურომლისოდაც ბოლომდე ვერასოდეს შეიგრძნობდი, თუ რა არის სახლი და რა არის საფარი.

ამ შეუხედავ მწერს ისეთი ხმა მოსდგამდა, შუაღამეს თუ დასცხებდა, ძილი აღარც გეწერა. იჭრიჭინებდა და იჭრიჭინებდა, ვიდრე არ გაგაყრუებდა. ხმას მიაგნებდი და მონახავდი თუ რა?!. მის ჭკუაზე უნდა გევლო და, ვიდრე შენი სახლი მობეზრდებოდა, მისი სოლო კონცერტები გესმინა. სამაგიეროდ... როცა ჩუმდებოდა, როგორი მყუდრო ხდებოდა სახლი, როგორი უძირო სიჩუმე ისადგურებდა, როგორი არაამქვეყნიური.

ამ უძირო სიჩუმეში რომ იძირებოდა, ამიტომაც აჰყვებოდა იდუმალ ხმებს არა მხოლოდ ფერმწერად და გრაფიკოსად, არამედ მწერლადაც, მინიატურების ჟანრშიც რომ ჰპოვებდა თავს და ზედიზედ გამოაქვეყნებდა ორ ჩინებულ კრებულს: “სევდიანი ჩანაწერები”და “კაკლის ქარები”- ვაჟა-ფშაველას თავისებურ შვილობილადაც რომ წარმოგვიდგებოდა, რადგანაც შეძლებდა, თვითონაც შინაგანად განეცადა პირველქმნილი სამყარო, დაკარგული სამოთხის მოლანდება - მინდიასებურ ხილვებში გახვეულს.

მის ერთიბეწო სახლში თუ შეიხედავდი, თვალის ერთი გადავლებით მოგეჩვენებოდა, მარტო ცხოვრობსო - მისი ორი ძაღლი და თვითონ. მაგრამ მთხრობელი თუ კრებულის ლირიკულ გმირად გარდასახული ავტორი ასე სულაც არა ფიქრობდა და ანკი რატომ იფიქრებდა, თუ ღამით თუნდ თაგვების ხრაგუნი არ აძინებდა.

რა მარტო ცხოვრება და რომელი მარტო ცხოვრება, როდესაც:

დილით კოდალას კაკუნი შეგაფხიზლებდა, დღისით ჩექმაში ხვლიკი გიძვრებოდა, ეზოში ბაყაყები ყიყინებდნენ, გომბეშოები ბანს აძლევდნენ, ზღარბები დაბუჯურობდნენ, თავზე სინდიოფალების ოჯახი “გადაგიფრენდა~, თივის ზვინში ანკარა მიჩუმდებოდა, მიწაში თხუნელა და მახრა ჩაბუდებულიყვნენ, ჭის კედლებზე და ბალახებში ლოკოკინები და მუხლუხოები დაღოღავდნენ, აივნის ჭერზე ბზიკების სკა მოთავსდებოდა, სახურავქვეშ მერცხლის ბუდე შეეკიდებოდა, ხის ბოძებში ჭიები დაღრიჭინებდნენ, სახლში ჭრიჭინა ჭრიჭინებდა, მაგიდაზე ჭიანჭველები ცოცავდნენ, ობობას ქსელში ქინქლები თრთოდნენ, ჭიამაიები და პეპლები დაფარფატებდნენ.

ხილი რომ ხილია, იმასაც მოწყვეტდი და... იქაც ჭია-მატლი დახვდებოდა. თითქოს შენი სტუმარი არ გეყოფოდა!..

ცისფერთვალება და ფერმკრთალი გოგოები, შავთვალა ბიჭი, მასპინძლის ძაღლებით დაინტერესებული გაღმელი პირები (ღობის ძირას რომ იწვებოდნენ), ციყვები და შაშვები (თითქოს თაგვი და სინდიოფალა კაკალს ვერ გაუსწორდებოდა), ღამღამობით ბუ (გეგონება თაგვების ხრიგინი უძილობას არა ჰყოფნიდა); ჩაიზე კიდევ ფუტკარი დაგეწვეოდა (აბა, ბზიკს ხომ არ იკმარებდი), კალიები გახტებოდნენ, ნემსიყლაპიები დაგტრიალებდნენ, ციცინათელები შემოგანათებდნენ, ქორი “შემოწმებით”გადაგიფრენდა, ბეღურა ხეხილს დაგიკენკავდა, ბუზი, კოღო და ათასგვარი ხოჭო ხომ თავისთავად. ის კი არა, კუც ფეხს გამოჰყოფდა საიდანღაც და ერთხელ ისიც გესტუმრებოდა.

ეს ყველაფერი - ეზოდან გაუსვლელად.

და ეზოდან თუ გახვიდოდი, ხომ მთელი ქვეყანა შენი საკუთრება უნდა შექმნილიყო.

და ახლა რაღა გათქმევინებდა, ამ სახლში ვინმე მარტო ცხოვრობსო!..

თითქოსდა ისეთიც რა - ბოლოსდაბოლოს სად აღარ მოიპოვება ეს ყოველივე... მაგრამ მარტოობის განცდას თავისთავად კი არ აქარვებენ, არამედ მხოლოდ იმ უჩვეულო მადლისა და ხედვის წყალობით, ყოფითობა ზღაპრული იერით რომ იმოსება და უკვე აღარც ის გაგიკვირდება, მწერებიც, ფრინველებიც, ცხოველებიც თუ ალაპარაკდებიან, ზღაპრულ იერს კი აძლიერებს ფაქიზი, დახვეწილი ინტონაცია, ის ინტიმური ნოტები, ამ თავისებური, მომხიბლავი სამყაროს კარს რომ შეგიხსნიან.

რაო, სიტყვა “მიწური”ისე გაისმის, გეგონება უსახსროს, უსახლკაროს ბოლო თავშესაფარია, საბოლოო თუ არაო?

და ჩვენ გარშემო, ერთი-ორი ადამიანის გამოკლებით, ვერც ვერავის მოვიძევებთ, ქართული მიწური ვისაც შეიძლება ენახოს?

მთხრობელს მიწური საგანგებოდ უნდა ეძებნა და მესხეთის ერთ მიგდებულ სოფელში ენახა, ეგაა, პატრონს ისე ერცხვინებოდა და ფეხსაც ითრევდა შეპატიჟებაზე, თითქოსდა საღორეში ეცხოვროს.

პირველი სივრცე - დარბაზისებური ბაგა უნდა ყოფილიყო.

სიცივიდან შესული სტუმარი ჯერ ძროხების სუნთქვას უნდა გაეთბო, შეჩერებულიყო და, ცნობისწადილით შეპყრობილს, დანარჩენი ოთახები შემოერბინა. და ეგრძნო, რომ: ოთახიც, კედელიც, ჭერიც ამ შეგრძნების ფონზე ისეთ პროზაულ ცნებებად ქცეულიყო, ისეთ მიუსადეგარად...

მაინც, მაინც რას უნდა მისადაგებოდა აქაურობა?

რას და:

ბიბლიურ სივრცეს, სწორედაც და უთუმცაოდ ბიბლიურს.

ამიტომაცაა:

ასჯერ მოყოლით ყოველთვის რაღაცას რომ მოახერხებ, ოღონდ მიწურის აღწერას - ვერა. და ნასწავლივით თუ ჩაგესმოდა ყურში: დედაბოძიც, ბორჯღალიც, პალატიც, გუმბათოვანი გადახურვაც...

სტუმარი ბაგაში უნდა დაბრუნდეს, და იქ სამი მაკე ძროხა ისეთი აუღელვებლობით უნდა იცოხნებოდეს, როგორც... ორი ათასწლეულის წინათ.

და ისეთივე სიმშვიდე სუფევდეს და მოლოდინი ახალშობილისა და თავმოდრეკილ მოგვთა ძღვენებისა.

და უნდა აღიაროს, რომ:

არსად ისე არ განეცადა, არცერთ საგანგებოდ სამაგისო სივრცეში, დროის უწყვეტობა და სულდგმულთა სამკვდრო-სასიცოცხლო ერთიანობა, როგორც აქ, ამ დიდებულ ქართულ მიწურში.

შეუძლებელია შეიგნო მიწიერის იდუმალი ძალმოსილება და სილამაზე, შეუძლებელია შეეგრძნო დროის უწყვეტობა, შეუძლებელია შეეგრძნო ბიბლიური სამყაროს სუნთქვა და მოლანდებოდა იესოს შობა, რომ არა გაუნელებელი სწრაფვა პირველქმნილებასთან საზიარებლად და ყველა სულდგმულის მიღებისა თვისტომად, თავის კარ-მიდამოში მძაფრად რომ განეცადა თაგვების ხრაგუნით თუ ქინქლების თრთოლვით თუ ციცინათელების გამოსხივებით თუ ჩაიზე ფუტკრის სტუმრობით... თუ... თუ... თუ...

ყოფითი რეალობა გაცილებით უფრო მკაცრია და არ გაცლის პირველქმნილებაში ჩაძირვას?

და ხილვათა და ილუზიათა გასაფანტავად ჩაგჩიჩინებს, რომ ყველაფერს თავისი მეცნიერული ახსნა მოეპოვება: ბოლოსდაბოლოს სიყვარული ჰორმონებისაა, შიში - ადრენალინის, დაუნდობლობა - ალბათ ვიტამინების მოჭარბების, ნათება - ელექტრობის, ციცინათელას შემთხვევაში - ფოსფორის?..

მაგრამ ხილვათა და ილუზიათა სამყაროში შებრუნებას თუ ესწრაფი, არაფრის დაჯერება არ გინდა და:

ღამის წყვდიადში ცის კაბადონის ამარა მიტოვებული ებღაუჭები იმ რწმენას, რომ მარტო არა ხარ და პატარა ციცინათელა გზას სწორედ შენ გინათებს...

ყოფითობის სიმკაცრეა, ის კურდღლები, მელიები, ტურები და ფოცხვერები რომ გაქრებოდნენ, სოფლის დაფუძნებამდე მის ოდას რომ აკითხავდნენ ხოლმე.

ერთადერთი ეულად შველიღა უნდა მოსულიყო - შორიახლოს აჩრდილივით, მფრთხალად გარინდებულიყო და ისევ გამქრალიყო ხოლმე.

და ნელ-ნელა ყველა რომ გაიკრიფებოდა, აღარც შველის გაუჩინარებას უნდა გაეკვირვებინა ლირიკული გმირი.

მერე უნდა ეთქვათ: ის შველი შენი მეგობრის მამას მოუკლავსო, - და თუ რაიმეს ინატრებდა: ნეტა არ იყოს მართალიო.

აღარ ჩაეძიებოდა, აღარ გაჰყვებოდა კვალს: ვაითუ, მართალი გამომდგარიყო?!.

მაგრამ მთავარი ისაა: რომ არა მკვლელის ჩარევა, შველს აქაურობას სხვა ვერაფერი მოსწყვეტდა, კვლავაც და კვლავაც აჩრდილივით რომ მოევლინებოდა ვაჟა-ფშაველას სულის ნაჟურით აღვსილ მთხრობელს, მერე სულაც რომ გაუშინაურდებოდა და მის ხელიდან ლუკმასაც შეირგებდა და წყალსაც შესვამდა.

ეს ყოველივე აწ უკვე მინიატურის მიღმა დარჩენილა, მაგრამ სადღაც, შორეულ სივრცეში ხომ მაინც კრთის ეს სულიერი ერთიანობა-თანაზიარობა, ამგვარი შეხვედრის გარდუვალობა ადამიანისა და შვლისა.

ერთ მინიატურაში ალბერტო ჯაკომეტის მოსაზრებას რომ გაიხსენებდა:

- ალმოდებული სახლიდან, არჩევანი რომ მქონდეს - კატა გადავარჩინო თუ ლეონარდოს ტილო - კატას გადავარჩენდი.

იმიტომ, რომ ეს მოგონება მიედევნებინა:

მოსკოვში, ორკესტრთან ერთად რომ უნდა დაეკრა, ჯაკომეტის რეპეტიციაზე აგვიანდებოდა და - იღბლად თუ არაიღბლად - გზად ძაღლს უნდა გადაჰყროდა, ცხვირის ირგვლივ ეკლიანი მავთული რომ შემოჭეროდა.

და ყოველივე მოხდენილი და ღრმააზროვანი ფინალური აკორდით უნდა დაგვირგვინებულიყო:

- ამან, გზად მიმავალს, ცხოვრების გზაც შეუცვალა.

ქვეტექსტში ძნელი არ არის ამოკითხვა, მთხრობელი ჯაკომეტის ადგილას საკუთარ თავსაც რომ შეჰყურებს და ეჭვიც არ ეპარება, თვითონაც ასევე რომ მოიქცეოდა. ეს ძალიან, ძალიან ფარულად უნდა ვიგრძნოთ, რადგანაც უფრო მკვეთრი მინიშნება მინიატურას ჩვეულებრივ ჩანაწერად აქცევდა, პუბლიცისტური ყაიდისად, თავისი მნიშვნელობა მასაც რომ ექნებოდა, მაგრამ გაფერმკრთალდებოდა მხატვრული სიტყვის ძალა, ამჯერად გულს რომ გვიჩქროლებს.

იდუმალად რობერტ ფროსტის არსებობასაც ვგუმანობთ “სევდიანი ჩანაწერების”კითხვისას?

გუმანი გუმანად, მაგრამ ისე როგორ იქნებოდა, აშკარად არ გაცხადებულიყო ეს გვარ-სახელი, ორი რკალისაგან შემდგარი ციკლის მეორე ნაწილს - “გადამცდარნი”- სწორედ ფროსტის სტრიქონები რომ უნდა წამძღვარებოდა ეპიგრაფად:

- ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაზე უარეს საუკუნეში მოუწიათ ცხოვრება. ვერ ვიტან ასეთ ლაპარაკს. არ ვიცი, რა არის პროგრესი, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაგვიადვილებს უმთავრესს - ამქვეყნად ჩვენი სულის გადარჩენას...

ოლესია თავაძე არამარტო თავისი სულის გადასარჩენად იზრუნებდა, არამედ იმ შეგონებისა თუ მსოფლგანცდის გასაზიარებლადაც სხვათათვის, პირველქმნილებასთან მიახლოება რომ იწვევს, არა ტურისტული მიმოვლა გზაბილიკებისა, არამედ ბუნების წიაღში ჩაძირვა და შიგნიდან შეგრძნება მინდიასეული სულისა, რათა ის მადლი გადმოგედოს და დროდადრო მაინც ძალუმად შეგახსენოს თავი ურბანული გარემოს ტყვეობაში მყოფს, კაენური ცივილიზაციიდან აბელური ცივილიზაციის ნასხლეტები განგაცდევინოს და გაუსაძლისი ყოფა დროდადრო მომხიბლავი ფერადებით აგივსოს ხოლმე.

და თუნდ ჩანჩქერს მიახლოებული წყლის გუბეში, კლდოვანზე დანარცხებულ მგელს რომ გადაეყრები, უკვე იერშეცვლილსა და უხიფათოს, მარტოდენ იმას კი აღარ გაიფიქრებ: ნეტა ფეხი შეეშალა თუ უფსკრულის თავზე ანგარიში გაუსწორესო? და ნეტა რა გაუხსენეს - ორი ბებერი ძაღლი და მჭლე ბურვაკიო? - უკვე ის შეგრძნებაც გაგიჩნდება:

ის მგელი ხომ არ არის, მონადირეებმა ბუნაგში ლეკვები რომ ჩაუხოცეს და აღარ ეცხოვრებოდაო?!.

***

მოსინჯავდა თავის დროზე ჭაშნიკად ზვიად გამსახურდია ედგარ ლი მასტერსის პოეზიის გვირგვინს: “სფუნ რივერის ანთოლოგიას~, ათწლეულთა შემდგომ ქარდა ქარდუხი თავით ბოლომდე რომ აამეტყველებდა ქართულად და კიდევ ერთ ჩინებულ პოეტურ კრებულს შესძენდა ჩვენს მთარგმნელობით ლიტერატურას, დასტურად და დასამტკიცებლად: ლექსიც რომ შეიძლება გახმიანდეს სხვა ენაზეც სრულფასოვნად, დიდი მწერლის მადლს რომ გადმოიყოლებს.

და ზვიად გამსახურდიას მიერ ასევე ჭაშნიკად მოსინჯულ რობერტ ფროსტის ლირიკულ დღიურსაც კვლავ ქარდა ქარდუხი გამოუჩნდებოდა გამგრძელებლად (ნუ გამოგვრჩება ლია ჯაყელისა და ეკა ქართველიშვილის საგულისხმო ცდებიც) და - ღმერთმა ინებოს - ეს ორიოდე ნიმუში ორიოდე ნიმუშად არ დარჩეს და რობერტ ფროსტიც მასტერსზე არანაკლები შთამბეჭდაობით წარმოდგეს ქართულ ენობრივ და კულტურულ სივრცეშიც.

ჯერ მხოლოდ ფროსტის შაშვი გადაუფრენდა ჩვენს პოეტურ ცას, მიმწუხრისას თითქოს სადმე ჩუმად მოყუჩება უჯობდა, მაგრამ რატომღაც იურჩებდა და კვლავ გალობა ენდომებოდა. მზის ნაბოლარა სხივი ზღვისას რომ გაანათებდა სკნელს, შაშვს ენდომებოდა გზნებით სტვენა უკანასკნელი. სვეტზე დაყრდნობილ მრუმეს შაშვის სიმღერა გასდევდა, თითქოს შავეთი უხმობდა და ნაღველს ამიტომაც ვერ იოკებდა. ხოლო ლირიკული გმირი, ტყისპირს შემდგარი და შაშვის სტვენა-გალობას მიყურადებული:

 

მე კი არავინ მიხმობს,

ვუმზერ ვარსკვლავებს ბნელში.

მაგრამ რომც მიხმოს ვინმემ,

მაინც არ შევალ ტყეში!

 

ჯერ მხოლოდ ფროსტის ყვავი გადაუფრენდა, გზად მიმავალს თოვლის ნამქერს რომ ჩამოაბერტყავდა თავზე და... კიდეც შეუცვლიდა განწყობას, გულზე რომ მოეშვებოდა თითქოს:

 

იმ მოჟამული დღისგან

მაინც შემომრჩა სითბო.

 

ტყეში შეჩერება ხომ საერთოდაც დასჩემდებოდა, ეგაა: ამ ტყის პატრონი, თუმც სოფლად ედგმეოდა სახლი, ვერ მიხვდებოდა, ლირიკული გმირი აქ რატომ გარინდდებოდა: დათოვლილ ტყეში ღამის გუშაგად.

უცნაურობად კი ჩამოართმევდა ცხენი აქ ყოფნას - სახლს არ აგონებდა არაფერი, ამ შუა ტყეში, გაყინულ ტბასთან წლის ამ ყველაზე უშავეს ღამეს. ზანზალაკებსაც ააჟღრიალებდა, რათა პატრონისათვის ასე ეკითხა: რაიმე ხომ არ გეშლებაო? - და გაისმოდა მხოლოდღა სუსტი შრიალი, ქარისა და ფიფქის თოვლს რომ ეხლებოდა.

 

ტყე საყვარელი ღრმა და მრუმეა,

მაგრამ პირობას სიტყვა მივანდე,

და უტევანებს განვლით ძილამდე,

და უტევანებს განვლით ძილამდე.

 

ეს ორიოდ ნიმუში ორიოდ ნიმუშად არ დარჩესო...

ჯერ აქამდეც დაიგვიანა რობერტ ფროსტის სრულფასოვანმა შემობიჯებამ ქართულ გარემოში, ამ მხრივ მთარგმნელებს მხატვარი რომ წაუსწრებდათ და გრაფიკული სერიის ალბომით ერთხელ კიდევ დაადასტურებდა ამ აუცილებლობას.

 

***

“სევდიანი ჩანაწერები”რომ გამოვიდოდა, სოფელში გაიგებდნენ: ზოგიერთები წიგნში ვართო. და აი, მემაწვნეს სოფლელი ბიჭი მოჰყვებოდა, საუკეთესოდ გამოწყობილი. ჭიშკართან ბალახზე ჩამოსხდებოდნენ ის და მასპინძელი, სტუმარი ერთხანს მორცხვად რომ მიაჩერდებოდა და მერე ჰკითხავდა:

- კოლას შვილიშვილი მე ვარ წიგნში გამოყვანილი თუ სხვა არის?

თურმე კოლას ბევრი შვილიშვილი ჰყოლოდა... და ავტორს რა უნდა ეთქვა?..

ერთს გაიფიქრებდა მხოლოდ:

რამდენი ვინმეს ვალი მაქვს - დაუვიწყარის, უსახელოსიო...

ვალის შეგრძნებაც უბიძგებდა ამ ახალი კრებულის შექმნისათვის “კაკლის ქარები~, კვლავაც ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება და გამომცემლობა “ჩვენი მწერლობა”რომ ითავებდნენ მის გამოქვეყნებას “სევდიანი ჩანაწერების”გამოცემიდან - 2010 წელს - სამი წლის თავზე.

სევდის განწყობილება აქაც კანთიელად უნდა გადმოსულიყო, და კომპოზიციური ქარგაც კვლავინდებურად ზღაპრის იერით აღბეჭდილი სახლის ძებნით უნდა დაწყებულიყო, ანუ ბავშვობის სახლის: მზიანი ოთახების, ლამაზი ეზოსი, თივის ზვინის, აშოლტილი ალვის ხეების, შორს - ვენახების, შორის შორად - ალაზნის, თეთრი მწვერვალებისა და ძვირფასი აჩრდილების...

და მის სანაცვლოდ უნდა ეპოვნა სახლი... საბრალო, ოთახები - ღარიბი, ეზო - მივიწყებული, ზვინის სანაცვლოდ, - ნაგავსაყრელი, ალვის ხეები - გამხმარი, შორს - ვენახები გაჩეხილი, შორის შორს - ალაზანი და თეთრი მწვერვალები.

აჩრდილი კი... აჩრდილი თვითონ მთხრობელი უნდა ყოფილიყო.

აბა და!.

არაერთი მოტივი უნდა განმეორებულიყო - გაღრმავებულიყო თუ თავისებური სხივები შემატებოდა ამ ახალ ციკლში, და მათ შორის შველსაც კვლავ უნდა შემოენათებინა ერთიბეწო მინიატურაში “სამწუხაროდ~, ამ ერთადერთი წინადადებისაგან რომ შედგებოდა:

- ...ჩემი სოფლის მიდამოებში შველი უნახავთ...

რევაზ ინანიშვილს რომ ემარჯვებოდა ამგვარი ერთიბეწო მინიატურები, ერთწინადადებიანები, მაგრამ დასრულებულები, ოლესია თავაძეც შეძლებდა ერთი ფრაზით ბევრის დატევას. და შველის ნახვა კი რატომ უნდა იწვევდეს წუხილს და არა სიხარულს?

რა დიდი მისახვედრია, რომ მას თავის ნებაზე არავინ გაუშვებს, ბუნების სილამაზის სიმბოლოდ არავინ აღიქვამს და ისევე გამოუყვანენ წირვას, როგორც მის წინამორბედს. და სწორედ ეს გარდუვალი განწირულება იწვევს მთხრობელის გულისწუხილს.

ხოლო “კაკლის ქარები”- მინიატურა, რომლის სათაურიც კრებულის საერთო სახელწოდებად შეირჩეოდა - ნისლიანი შემოდგომის სურათით უნდა დაწყებულიყო, წინ გასახედზე მეტი უკან მოსახედი რომ გახლდათ.

კაკლის ცვენის ჟამი დამდგარა და სხვა საფიქრალი აღარც აქვს ლირიკულ გმირს: ეს თუ კარგია, გულიანი, ის ჭიის ბუდეა, ეს ფუტუროა, ის - კერკეტი, ეს - ლამაზი, მრგვალი, ის - ნამიანი, უშნო.

და თითო-თითოს რომ ეახლები, ქუდს უხრი და კიდევ ანაწილებ: ეს თუ ახლობელს, ეს - შორებელს, ეს - მეგობარს, ეს - მეზობელს, ეს - მთის გადაღმელს, ესეც ისე...

ფიქრს გინდა გაჰყვე, მაგრამ ძაღლის - ორივე კრებულის ყველაზე ხშირი პერსონაჟის - ყმუილმა უნდა მოგაბრუნოს, ზამთრისპირი რომ უჭირს მიტოვებულს, და ყველასაც უჭირს და კატასაც, ძუკნასაც ენატრება სითბო და მოფერება...

ცვივა კაკალი და ასდევ ამ ცვენას განაწილებით: ეს თუ ახლობელს, ეს - შორებელს, ეს - მეგობარს, ეს - მეზობელს, ესეც ისე...

და ამჯერად, ფინალურ აკორდად კიდეც უნდა გაიხსნას მანამდელი ნართაული, გამჭვირვალე მინიშნებაში ნაგულისხმევი, მაგრამ პირდაპირ გაუცხადებელი:

- სიყვარულისა...

იმ სიყვარულისა, ასე რომ შემოგვძარცვია და ლამის პირწმინდადაც გაგვიქრეს, მაგრამ ლიტერატურის მდინარებაში მაინც შენარჩუნებულა მისი ძარღვი და შენარჩუნებულა ისეთ შემოქმედთა წყალობით, ოლესია თავაძეც რომ წარმოგვიდგება.

სიყვარულის გამოსხივებაა თუნდ კაკლის თემის გაგრძელებაშიც, მთხრობელი მთელი არსებით რომ ჩაფლულა კაკლების წამოკრეფაში, თითქოსდა რიტუალს ასრულებსო: ზოგი შორი-შორსაა და ზოგიც ახლო-ახლოს, ორ-ორად. ამასობაში დიდ სარეველა ფოთოლს წაჰკრავდა ფეხს და ფოთლის ქვეშ ექვსი კაკალი უნდა აღმოჩენილიყო მწკრივში ჩაწყობილი!.. გაეხარდებოდა, ხელს დაავლებდა და თავისებს მიუმატებდა. მეექვსე ხვრელში იქნებოდა გაჭედილი, მაგრამ მასაც ამოიღებდა, არ დატოვებდა.

შინ მობრუნდებოდა, ჩაის ჭიქას მიუჯდებოდა და...

უეცრად უნდა შერცხვენოდა.

შერცხვენოდა და ექვსივე უკანვე დაებრუნებინა თაგვისა თუ თხუნელასათვის, სად ერკვია, რომელს შეენახა.

ხომ მიუტანდა უკანვე პატიოსნად, მაგრამ ამის გახსენებაზე მაინც ყოველთვის სირცხვილი ეუფლებოდა.

ამ მინიატურის - “ექვსი კაკალი”- ადგილი სასკოლო ქრესტომათიაშიცაა, ისევე როგორც ოლესია თავაძის სხვადასხვა ლირიკული ჩანახატი სხვადასხვა კლასშია გადასანაწილებელი.

აგერ თუნდ “პეპელა~, სიმარტოვის განცდით გათანგული, გასაქცევად რომ მზადა ხარ, მაგრამ დაძვრით არ იძვრი, აქეთ ელოდები ფეხის გადმოდგმას, თითქოს ქვეყანას ეჯიბრებოდე, შენი ვალი ჰქონდეს და აჯობებდე.

საშველის ძიებისას თაროზე შემოდებულ მძიმე ფოლიანტს უნდა წაუწვდინო ხელი და მტვრიანი “დონ კიხოტ ლამანჩელი”წიგნების წყებიდან გადმოიღო. და... ყდაზე ფქვილივით დაყრილ მტვერში ფრთამოკეცილი ღამის პეპელა უნდა იწვებოდეს და მშვიდად ილეოდეს. წიგნის შერხევაზე შეფართხალდებოდეს, მძიმედ აფრინდებოდეს, იქვე სკამის ბალიშზე დაეშვას, მერე ერთხელაც აიქნიოს ფრთები და საწერი მაგიდის ქვეშ დაეცეს.

და მთხრობელს ასე მოულოდნელად უნდა აღმოეჩინა, რომ:

იღბლად, სერვანტესის მტვერში გართხმული, რა ბევრად ლამაზი უნდა ყოფილიყო ქვეყნის აურზაურზე...

თუნდ აგერ “სიყვარული~, შეყვარებულები ეზოს მოგრძო სკამზე რომ სხედან, სკამის ირგვლივ დაყრილ ნაგავში: პლასტმასის ჭიქები, ლუდის ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები, ნახმარი შპრიცები, დოშის კუდები...

ფონის სრულიად კონტრასტული უნდა იყოს ის სიტყვები, რასაც - მთხრობელის რწმენით - რაიმე ამდაგვარს უნდა ეუბნებოდნენ ერთმანეთს შეყვარებულები, ნატრობს, რომ სწორედ ეს სიტყვები ხმიანებდეს:

- გულზე ისე მამჩნევიხარ, ვით უვალ თოვლზე ანგელოზის ნაკვალევი...

სიყვარულის ძველმოდური გამჟღავნებაა?

დაკნინებული ზნეობისა და წამხდარი ოცნებების გარემოში მართლაც ასე თუ აღიქმება ის, რაც მარადიულია, წარუვალი, შეუბღალავი, და რამაც კვლავ უნდა დააბრუნოს ადამიანთა გულებში სასოება და რწმენა უფლისა, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულია.

აგერ თუნდ “ფოთოლი~, რომლის მთავარი გმირიც, ფოთოლი შემოდგომისა, კომშის ხეს ეულად შერჩენია, შიშველ ტოტზე ნარინჯისფრად ანათებს და ნიავის ყოველ წამობერვაზე შიშით თრთის. ცოტაც და... ნოხადქცეულ თავისიანებს ნელი ფარფატით უნდა შეუერთდეს.

და მთხრობელი სუნთქვაშეკრული რომ მისჩერებია, რაღაც ჰამლეტურის მაგვარისაკენ იხრება მისი ფიქრი-შეკითხვა, თუ რა შეიძლება ამჯობინოს ფოთოლმა:

ტვირთი უკანასკნელი მოჰიკანისა თუ ფეხებქვეშ ყველასთან ერთად შრიალი?

აგერ თუნდ “ჭა~, მთხრობელი რომ ვერ იხსენებდა, მის ეზოში ვინმე შემოსულიყოს, მითუფრო ბავშვი, და ჭაში არ ჩაეხედოს, არცთუ ღრმაში, შვიდ მეტრს რომ არ ჩაცდებოდა, მაგრამ სავსებით იტევდა იდუმალებას და... წყალსაც, რა თქმა უნდა.

ამგვარი მახვილგონივრული ფრაზები ჩვეულებრივი მოვლენაა ოლესია თავაძის მინიატურებში.

ხოლო ჭა - ესაა ყოფით-გარეგნული სახით:

ირგვლივ მიწისპირზე რიყის ქვით შემოშენებული, ალუჩის ტოტებით გადაჩრდილული, ალუჩის ყვავილ-ფოთლების ცვენისაგან ჭოკით დამაგრებული თავსახურით დაცული, ოწინარის მაგივრად - კვლავ ალუჩის ბრალით - ჭრიალა ბორბლიანი, ჯაჭვზე კარაბინით გამობმული სათლით, თავისი საპირწონე ტვირთით.

თავისი ჭის ამოთხრის, თავის ჭაში ჩასვლა-ამოსვლის ამბის მოყოლას მოინდომებდა მთხრობელი და... თავისას არ იკმარებდა და წაკითხულს გაიხსენებდა, გადაახალისებდა თხრობას, თომას მანის რომანის - “იოსები და ძმანი მისნი”- პროლოგს გადაიკითხავდა, სიმბოლოების ენციკლოპედიას ჩახედავდა და უდაბნოს უწყლობა დაემართებოდა: წიაღსვლებით ჩატანილი, სიმბოლოებით დატვირთული სიტყვა მიატოვებდა.

სიტყვა და არა ჭა, მისი სინოტივე, მისი “წყლის სიღრმიდან მომზირალი წყლის თვალი~.

მეტად საფრთხილოა და სახიფათო მინიატურაში ციტატის დამოწმება, რათა კრიტიკულ-ესთეტიკურ ჩანახატს არ დაემსგავსოს, მაგრამ ოლესია თავაძე - რევაზ ინანიშვილისა არ იყოს - არ გაურბის ამგვარ ჩანართებს, ის კი არა, საგანგებოდაც დაეძებს, რადგანაც ყოველთვის ახერხებს შესაფერისი ადგილი მიუჩინოს და ციტატა თავისი მინიატურის განუყოფელ, სრულუფლებიან ნაწილად აქციოს, მხატვრული ქსოვილი ოდნავადაც რომ არ დაზიანდება ხოლმე.

აგერ თუნდ “ახალი სიტყვა~, ქალს გულს რომ არ მოუთმენდა, ნამგალს მოიმარჯვებდა, პურის ყანაში დიდი ხორბლის კონას მოჭრიდა, თავშავას ტოტს მიუერთებდა, გულში ჩაიკრავდა და ქმარს შესძახებდა:

- შეხედე, რა სილამაზეა, რა სიმშვიდე, რა იმედი! ცოდვად არ ჩამეთვლება, კონა რომ მოვჭერი, დავხატავ!

- მაგ ხორბლის კონას ხელეური ჰქვია, - მშვიდად უპასუხებდა კაცი. და კიდეც უნდა აღტაცებულიყო ქალი ამის გაგონებისას:

- ხელეური? არ ვიცოდი. რა საფიქრალი სიტყვაა...

იმ საღამოს ქალი თავის მეგობარს, ეთერს, წნორში დაურეკავდა და გაუბედავი სიამაყით პირველად წარმოთქვამდა:

- ხელეური მოვჭერი.

და წნორელი მასწავლებელი ამ სიტყვას სულაც არ გაიკვირვებდა:

- ყანა დაგითესიათ და ხელეურიც გექნებათ!

და მთხრობელი ამას რომ მოჰყვებოდა, წერითაც “ხელეური”პირველად უნდა დაეწერა ამ მინიატურაში...

ჩვეული მოხდენილი აკორდი, მთელი თხზულება ამ სიტყვის ირგვლივ რომ მოიქსოვებოდა და ძალდაუტანებლადაც განზოგადდებოდა ქართული სიტყვის აპოლოგიად, იმ ნამდვილი, შეუმღვრეველი მეტყველების მონატრებად, ამგვარი სიტყვა-მარგალიტები უხვად რომ ცვიოდა, სიცოცხლით სუნთქავდნენ გლეხკაცების მეტყველებაში და სულაც არ ესაჭიროებოდათ ლექსიკონებში თავშეფარება ვიღაც მადლიანის ხელის შეხების მოლოდინში.

ეს სიტყვა მთელი თავისი სილამაზით დატრიალდებოდა სალიტერატურო მიმოქცევაში 1947 წლიდან, როდესაც ოთარ ჩხეიძე თავისი ეტიუდებისა და ნოველების პირველ კრებულს სწორედ ამ სიტყვით დაასათაურებდა: “ხელეური”- ოცი წლის თავზე კი კვლავ გამოიყენებდა საერთო სახელწოდებად მის მიერ შედგენილი ორიგინალური კრებულისა, რომელშიც სხვადასხვა ქართველი მწერლის დაწუნებული (რედაქტორებისა თუ ცენზურისაგან) მოთხრობები მოიყრიდა თავს.

სხვათა შორის:

ეს ის ოთარ ჩხეიძეა, რომლის ერთ-ერთი ნოველის სათაურსაც - “ნისლა”- ოლესია თავაძე საერთო სახელწოდებად შეურჩევდა მის მიერ შედგენილ ორიგინალურ კრებულს, სადაც შეიკრიბებოდა ქართველ მწერალთა ის ბელეტრისტული ქმნილებანი, ცხოველებსა და ფრინველებს რომ ეძღვნებოდა, დასურათებითაც დაასურათებდა თითოეულს და... ჩვენი ბევრწილად მოუწესრიგებელი საგამომცემლო ცხოვრების ბრალია, ეს გამზადებული დედანი - მისწრება ყველა თაობისათვის, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ახალგაზრდა მკითხველისათვის - შემდგენლის არქივში რომ ჩარჩებოდა უკეთესი დროის მოლოდინში.

დასურათებით ამ ორივე კრებულსაც - “სევდიანი ჩანაწერები”და “კაკლის ქარები”- ავტორივე დაასურათებდა, წიგნის ერთი საუკეთესო ილუსტრატორი, ეს გამოცემები თავისებურ ალბომებსაც რომ დაემსგავსებოდა, და არამარტო გარეგნულ სილამაზეს შესძენდა ორივე წიგნს გულშიჩამწვდომი ნახატები, არამედ გაამკვეთრებდა მწერლის მხატვრულ-ესთეტიკურ მრწამსსაც, როგორც ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული შვილობილისა.

და კიდევ - რობერტ ფროსტისა...

 

***

სიმშრალეს უკიჟინებდნენ ფროსტის პოეზიას?

მაგრამ ეს სიმშრალე მოჩვენებითი გახლდათ და ტყუილუბრალოდ მიაკერებდნენ გამოფიტულისა თუ “უხმოს”ეპითეტებს.

და ზვიად გამსახურდია სწორედ მათ გასაგონად ითხოვდა, ამ მოკიჟინეებისა:

ღრმად დავკვირვებოდით მის შემოქმედებას, რათა მასში, ნაცვლად მონოტონურობისა, დაგვენახა სტოიკური შეგნების აზროვნება, აღმოგვეჩინა პოეტი, რომელმაც უწყოდა, რომ - გრძნობების აყოლას პოეზიაში ხშირად სანტიმენტალური პოზირობისაკენ მივყავდით. და ამით აიხსნებოდა მის მიერ ყოველგვარი ყალბი რიტორიკის, მანერულობის უკუგდება, რაც განაპირობებდა ფროსტის თანამედროვეობას.

ნუ გამოგვრჩებოდა ის უმნიშვნელოვანესი გარემოებაც, რომ:

მკითხველთან საუბრისას არასოდეს იკეთებდა ნიღაბს.

და კიდეც უნდა შემოჭრილიყო განსჯაში ერთგვარად დითირამბული კილოც და ის ემოციური კამერტონიც, რათა არამარტო შეგვეგნო, არამედ კიდეც განგვეცადა რობერტ ფროსტის პოეტური თავისებურების მადლიცა და ძალმოსილებაც:

თქვენ მუდამ ხედავთ მის მშვიდ, ნათელ, ცისფერ თვალებს, მის მაღალ შუბლს, მის წყნარ მიხრა-მოხრას, იგი ხომ უპირველეს ყოვლისა გულწრფელობით ატყვევებს მკითხველსო.

ხოლო დასავლეთისაკენ მიმდინარე ნაკადულის სიმბოლურ-მეტაფორული შინაარსი როგორ უნდა შეგვეცნო?

როგორც დრო და სიძლიერე, სინათლე, ტონი, ხედვა, სიცოცხლე, სიყვარული, და ამავე დროს - როგორც სიკვდილის საამქვეყნო წყალვარდნილი, და როგორც...

სადღა გავყვეთ ამ ნაკადულის დენას, და დაე, ამჯერად წამიერად შევავლოთ მზერა - ზვიად გამსახურდიასეული რაკურსიდან - იმ ადამიანს, რომელიც ჩამორჩება ევოლუციას, რითაც აღვთაებრივებს ცხოვრებას, და კიდეც აბრუნებს საწყისთა საწყისისაკენ ყოველივე იმას, ნაკადად რაც მიედინება.

***

უნიღბობას ერთ არსებით ნიშნად მოიხსენიებდა ფროსტის პიროვნებისაც და პოეტური აზროვნებისაც ზვიად გამსახურდია.

და ოლესია თავაძის წიგნი-ალბომის გარეკანზე პოეტს სახეზე ხელი ისე რომ აეფარებინა, ლამის საერთოდ არ უჩანდა?

მხატვრის ამ ჩანაფიქრს ხომ შეუცდომლად განგვიმარტავდნენ შესავალ ესეიში:

რეალურ მიზანსცენის განმეორებით ფროსტის პროფეტული წინააღმდეგობა წარმოისახაო.

სულიერი ნათესაობა არაერთ ამგვარ ნიშანსა თუ ნიუანსს გახდიდა საცნაურს “ჩემი რობერტ ფროსტის”გულდასმით გაცნობის შემდგომ, უჩვეულო წიგნისა, რომელშიც ლექსები კი არა ფორმდებოდნენ, არამედ ფორმა გალექსილიყო.

ფროსტის ლექსი თავისებურ პარტიტურად წარმოდგებოდა, თავის შემსრულებელი რომ ელოდა?

აგერ შემსრულებელიც, დიდი ამერიკელის თავშეკავებულ და არააღმსარებლურ სიტყვას გულისგულში რომ ჩასწვდებოდა და წერტილსაც - ნაცვლად პოეტისა - თვითონ დასვამდა მკითხველის უფლებით, დაშიფრულ იეროგლიფებს რომ გახსნიდა და რობერტ ფროსტის ზეცაში დაკარგულობას მიწიერში არსებობის არტეფაქტებით გააქარწყლებდა.

და კიდეც გვაზიარებდა კიდევ ერთ გზაბილიკს ჩვენი სულების გადასარჩენად.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE