ფრაგმენტი მეორე: ნეპალელი კაციჭამია
ჩასჭრა ჩააკარაბაკა ჩახლართული კალთა კარვის,
ხატაურა ვეფხის ტყავი უბრწყინავდა მსგავსად ქარვის,
სრულად ყველა ამოსწყვიდნა, არ დარიდა ხვეწნად არვის,
თუცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იფარვის.
ვეფხისტყაოსნის უცნობი ხელნაწერი. ჩვ. წ. ა. XXI ს.
წინ კიდევ უამრავი სირთულე შეიძლება შემხვდეს, როგორც მწერლური, ისე ცხოვრებისეული, მაგრამ ეს სირთულეები ალბათ არაფერი იქნება იმასთან შედარებით, ჯიმ კორბეტის წინაშე რომ წამოიმართა, მას შემდეგ, რაც მან, ედი ნაულსთან ერთად სანადიროდ მალანში წასულმა, პირველად გაიგონა იმ ვეფხვის ამბავი, რომელმაც, თუმცა ნეპალელი იყო, საბოლოოდ ჩამპავატის კაციჭამიის სახელი დაიმკვიდრა და რომელიც უკვე მას მერე, რაც 200 კაცი შეჭამა, გურკხმა ჯარისკაცებმა კუმაონში გამოდევნეს ნეპალიდან, მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიანი ქვეყნიდან, რომელიც მაშინ საიმედოდ იყო დახშული, მაგრამ არც იმდენად, რომ ვეფხვებს და ინდოეთ-ნეპალის მიჯნაზე, მდინარე სარდას ნაპირებზე მცხოვრებ ადგილობრივ ხალხს მისი საზღვრები არ გადაელახ-გადმოელახათ, ხოლო როდესაც მე გადავლახე პირველად ნეპალის საზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ არც მაშინ იყო ნეპალი დიდად გახსნილი, ჩვეულებრივი ტურისტული საგზურით ვიმოგზაურე ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად, თუმცა საგზური უფრო შემთხვევითი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი, რადგან მე „სპუტნიკის“ ხელმძღვანელობას საფრანგეთის საგზური ვთხოვე, მაგრამ საფრანგეთის პრესტიჟული ჯგუფი ისეთი დაუფარავი კორუფციული და ნეპოტისტური პრინციპებით დაკომპლექტდა, დღეს რომ ვერავინ წარმოიდგენს და „სპუტნიკში“ საფრანგეთი თავის პარიზიანად მაშინ ჩემთვის მეტისმეტ პატივად ჩათვალეს, თუმცა უცხოეთის ტურისტულ საგზურზე ბოლომდე უარი მაინც ვერ მითხრეს და ინდოეთ-ნეპალის ჯგუფში მომისროლეს, რომელიც არაპრესტიჟულის გარდა რამდენადმე უჩვეულოც იყო, რადგან ინდოეთში კი, მაგრამ ნეპალში მანამდე ტურისტული ჯგუფი საქართველოდან არასოდეს ყოფილა და არავინ იცოდა, რა იქნებოდა ინდოეთის ეს რამდენიმედღიანი დამატება და ახლა, მრავალი წლის შემდეგ, დიდად ვემადლიერები ყველას, ვისზეც მაშინ ძალიან აღრენილი ვიყავი და ვინც უდრტვინველად მომისროლა, მათი აზრით და ობიექტურადაც, ამ არაპრესტიჟულ ჯგუფში და კიდევ კარგი, რომ ასე ჩათვალეს და ასე მომისროლეს, თორემ ვინ იცის, მერე როდის მოვხვდებოდი და საერთოდაც მოვხვდებოდი თუ არა ნეპალში, რომელიც მისდაუნებურად და ჩემთვის მოულოდნელად, გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანა აღმოჩნდა ჩემი მოგზაურობების რიგში, ვიდრე, ვთქვათ, იგივე საფრანგეთი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან საფრანგეთზე ბავშვობიდანვე უკვე მქონდა საკმაოდ საფუძვლიანი წარმოდგენა წიგნებითა თუ კინოფილმებით, ნეპალი კი სრულიად სხვა სამყარო იყო და მის შესახებ ინფორმაციის ნამცეცები ისე იყო გაღავებული წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში, რომ ძალიან ჭირდა მათი მოქუჩება, განსხვავებით დღევანდელი დღისგან, როცა დაგუგლავ და რაგინდარა ინფორმაციას ამოგიყრის ნეპალზეც და ჰიმალაიზეც, რაც იმხანად ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო, რადგან ჯერ კიდევ აქტიურად ვიყავი გატაცებული ალპინიზმით და წელიწადი არ ჩამიგდია, მთაში არ გამეტარებინა რამდენიმე კვირა, სანამ მერე შორეულ ნაოსნობაში არ წავედი მატროსად, და მთისადმი ჩემი სიყვარულიც რომ არა, ჰიმალაის ალპინიზმი მაშინ მართლა ალპინიზმი იყო და ჯერ არ ქცეულიყო თუმცა ექსტრემალურ, მაგრამ მაინც ტურიზმად, როცა მთავარია, ფული გადაიხადო და გულმა გაგიძლოს, თორემ სხვა არაფერი გჭირდება საიმისოდ, რომ შერპებმა ჩაგიბან და რაგინდ უწვრთნელი იყო, ბრმა თუ მკელობელი, ციმციმ აგაცუნცულონ პირდაპირ ჯომოლუნგმაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ალპინისტის ოცნება იყო და თუმცა 1921 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ სცადეს მასზე ასვლა, ჩემ დაბადებამდე ვერავინ აიხდინა საწადელი, და არა იმიტომ, რომ ჩემს დაბადებას ელოდნენ და სწორედ მე უნდა ამეხდინა მრავალი ქვეყნის მრავალი თაობის მრავალწლიანი ოცნება, უბრალოდ, დროით დამთხვევას ვუსვამ ხაზს, თორემ ჩემს დაბადებას არავითარი უშუალო კავშირი არა აქვს ჯომოლუნგმაზე პირველასვლასთან, როგორც არ ჰქონია არავითარი უშუალო კავშირი ელიზაბეთის გადედოფლებასთან, რაც ასე დაწვრილებით გავიხსენე კენიაში მოგზაურობისას, თუმცა, კენია აფრიკაში იყოს და, ახლა ნეპალის სისხლიანი ამბები უნდა მოვყვე, მაგრამ სისხლამდე სანამ მივალ, დავიწყებ იმით, რომ ნეპალში წასვლის წინა დღეს, სამსახურში მიმავალს, რუსთაველის მეტროსთან, სრულიად შემთხვევით, მაგრამ გამოწერილივით შემხვდა ჩემი მეგობარი სერგო ბარლიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან ერთად ჯომოლუნგმაას დასალაშქრავად ემზადებოდა, 1980 წლისთვის რომ იყო დაგეგმილი, და კეთილი მოგზაურობა მისურვა, ხოლო მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, როცა ქართველ მთამსვლელთა შორის ჩემი ჰიმალაიში წასვლის პერსპექტივა გახმაურდა, სერგომ სპეციალურად მომძებნა და მთხოვა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჩამომეტანა მისთვის საკუთრივ ჰიმალაებზე თუ ზოგადად ნეპალზე და მართლაც, რომ ჩამოვედი, მაშინდელ კიროვის პარკში, ძველ და ახალ ალპურ კლუბებს შორის ისევ შევხვდით ერთმანეთს და ისეთი წვრილმანებიც კი მომაყოლა, რასაც არავითარი მნიშვნელობა არ შეიძლებოდა ჰქონოდა ჯომოლუნგმაზე დაგეგმილ ასვლასთან, და როგორიც იყო, ვთქვათ, კითხვა, ეწევიან თუ არა ნეპალელი ქალები სიგარეტს, და ახლა არ მახსოვს, რა ვუპასუხე და არც ის მახსოვს, ეწეოდნენ თუ არა მაშინ ნეპალელი ქალები სიგარეტს და არც ის ვიცი, დღეს თუ ეწევიან, მაგრამ ის კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოწევა რასაც ჰქვია, სწორედაც ნეპალში ეწევიან და რომ მრავალი ტურისტი თუ მოგზაური თუ უბრალოდ მოხეტიალე, თუ კიდევ უფრო უბრალოდ – მაწანწალა, ნეპალში დღეს სწორედ მოსაწევად ჩადის, მაგრამ, ბუნებრივია, არა სიგარეტის, არამედ მარიხუანის მოსაწევად, რაც მაშინ, მე რომ ვიყავი ნეპალში, ასე აქტუალური არ ყოფილა, ის კი არა, სულაც არ იყო, ან იქნებ იყო კიდეც და მე არ ვიყავი მზად, რომ დამენახა და შეძლებისდაგვარად გამესინჯა კიდეც, ან როგორ უნდა ვყოფილიყავი მზად, როცა, აკი ვთქვი, ნამცეც-ნამცეც ვაგროვებდი ინფორმაციას, მაშინ როცა ძალზე ხშირად ეს ნამცეცებიც არსად იყო და ერთ ნაწილობრივ მშვენიერ დღეს, იმავე კიროვის პარკში, სადაც სერგოსთან ერთად ვისხედით ხოლმე და ნეპალზე ჩვენ-ჩვენ ინფორმაციას თუ ცოდნას ვუზიარებდით ერთმანეთს, მოულოდნელად გაგვიწვიმდა და თუმცა ნეპალსა თუ ჰიმალაიზე ჩვენი ცოდნის იმდღევანდელი აღებ-მიცემობა დამთავრებული ჯერ არ გვქონდა, ავტობუსის გაჩერებისკენ ავჩქარჩორთდით და უკვე გაჩერებაზე, დიდი ჭადრის ქვეშ სერგომ სხვათა შორის მითხრა, რომ ჩემი ხომ შურთ და შურთო – ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც მართლა ძლიერი ქართველი ალპინისტებისგან გამოარჩიეს და საბჭოთა ნაკრებში შეიყვანეს, – მე კიდევ შენი მშურს, პირველი ქართველი ხარ, ვინც ჯომოლუნგმას თვალს შეავლებო და იმ მოგზაურობისას მე მართლა შევავლე ჯომოლუნგმას თვალი, რისთვისაც კატმანდუდან საკმაოდ მოშორებით, სპეციალურ სამზერ ტერასაზე წაგვიყვანეს და ჩვენ წინ დასტურ საოცარი სანახაობა გადაიშალა დილის მზის სხივებით გაცისკროვნებული ჰიმალაის მთავარი ქედის სახით, რომლის სხვა მწვერვალები იქიდან უფრო მაღლები და შთამბეჭდავები ჩანდნენ, ვიდრე მათ უკან მოკრძალებულად მიმალული ჯომოლუნგმა და მაშინ კი გვითხრეს, რომ ჯომოლუნგმა კატმანდუდან არ ჩანსო, მაგრამ სულ ახლახან, როცა ეს ტექსტი უკვე მზად მქონდა გამოსაქვეყნებლად, გაირკვა, რომ ეს სულაც არ ყოფილა ასე და რომ 120 მილით დაშორებული ჯომოლუნგმა, წესით, კატმანდუდანაც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ამას თურმე იმხანად ნახევარმილიონიანი ქალაქის სმოგი უშლიდა ხელს და აი, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად განსპეტაკებულ სივრცეში ჯომოლუნგმა კატმანდუდანაც დაუნახავთ და 2020 წლის 18 მაისს ინტერნეტში ამ უიშვიათესი ხედის ფოტოც დაიდო, რომელზეც ჯომოლუნგმა ისრით იყო აღნიშნული და იქვე ახლდა წარწერაც, რომ კატმანდუსა და ჯომოლუნგმის ერთ კადრში მოქცევა პირველად გახდა შესაძლებელი ცოცხალთა მეხსიერებაში და მე მოგზაურისა თუ ფოტოგრაფის შურით შემშურდა ცალკე ფოტოგრაფ აბუშან გოტამისა და ცალ-ცალკე ყველა იმათი, ვინც ეს უნიკალური ხედი თავისი თვალით იხილა და მე არა მგონია, ვინმე მათ შორის ქართველი ყოფილიყო, რადგან იმავე პანდემიამ, რომელმაც მსოფლიოს ქალაქები განასპეტაკა, ქართველები სამშობლოში შეგვაქუჩა და საიმედოდ ჩაგვკეტა და, პირველსავე სიტყვას რომ მივიდეთ, მე დღესაც არ ვიცი, რამდენად მართალი იყო სერგო, როცა მეუბნებოდა, რომ ჩემამდე ნეპალში არც ერთი ქართველი არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ნეპალში არ ყოფილა არც რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელმაც ჯერ ერეკლე მეორისა და მერე გიორგი მეთორმეტის დავალებით მოიარა ინდოეთი და აზიის კიდევ არაერთი სხვა ქვეყანა XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე და, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა ნეპალში არც ცნობილი მგოსანი იოსებ ნონეშვილი, რომელმაც უკვე XX საუკუნეში უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის ხაზით და ისიც ფაქტია, რომ თუნდაც ჩემამდე მართლა არავინ ყოფილიყო ნეპალში, პირველი მაინც ვერ ვიქნებოდი და დიდი-დიდი ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი, რაკი ჩემთან ერთად ჩვენს ჯგუფში თხუთმეტამდე ქართველი ტურისტი კიდევ იყო, ანუ მე ვიყავი მათთან ერთად, და ჩვენ ერთად მოვიარეთ ჯერ ინდოეთი და მერე ნეპალიც და გარდა ამისა, არასოდეს მქონია ნეპალში პირველქართველობის პრეტენზია, როგორიც შეიძლება მქონდეს, ვთქვათ, ტაიტის, სებორგის, აღდგომის კუნძულისა თუ ერთი-ორი სხვა კუნძულის შემთხვევებში, ხოლო ნეპალი უბრალოდ პირველი ასეთი უჩვეულო ქვეყანა იყო ჩემთვის და თბილისში დაბრუნებული ისე ვიყავი გაბრუებული უამრავი სრულიად ახალი ინფორმაციით და ისე ვიყავი სავსე ემოციებით, რომ კარგა ხანს ვერ დავჯექი შთაბეჭდილებების დასაწერად, თუმცა, ერთი მხრივ, არჩილ გოგელია მიბეჯითებდა, რომლის „მართვეშიც“ მაშინ ვმუშაობდი ლიტმუშაკად, და, მეორე მხრივ, ჩემი ახკომელი კოლეგები მაგულიანებდნენ, ასეთ მოგზაურობაში იყავი და რაიმე როგორ არ უნდა დაწეროო და ბოლოს მართლა დავწერე, მაგრამ დავწერე მხოლოდ ორი მომცრო ტექსტი, რომელთაგან ერთს, რომელსაც „ხომალდი მზის ტალღებში“ ერქვა და ჟურნალ „მართვეში“ დაიბეჭდა 1978 წლის მე-4 ნომერში, სერგო ბარლიანისადმი გაგზავნილი წერილის ფორმა ჰქონდა და მახსოვს, კიდევ ერთხელ რომ დავსხედით კიროვის პარკში და საუბარი ნეპალსა თუ ჰიმალაებს შეეხო, სერგომ სიცილით მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეც შენთან ერთად ვიყავი ნეპალშიო, და მე ვისარგებლე შემთხვევით და, სამაგიეროდ, შენ რომ წახვალ და ჩამოხვალ, ალბათ მეც ისეთი შეგრძნება მექნება, თითქოს შენთან ერთად ვიყავი-მეთქი და ვითომ უკვე სანეპალო ტრაპზე იყო შემდგარი, იქვე ერთი თავხედური თხოვნაც დავადევნე, იქნებ ჯომოლუნგმიდან ერთი კენჭი ჩამომიტანო-მეთქი, მაგრამ რას ვიფიქრებდით მაშინ ან მე და ან ის, რომ კენჭს ჩამომიტანდა კი არა, საერთოდაც ვერ წავიდოდა ნეპალში, რადგან ის ექსპედიცია, არ ვიცი, ოლიმპიადის, არ ვიცი, სხვა რამ მიზეზით, 1980 წლიდან 1982 წლისთვის გადაიწევდა, საბჭოთა კავშირის ალპინიზმის ფედერაცია საჯომოლუნგმოდ გამზადებულ ნაკრებს დაშლიდა და ახალ ნაკრებში სერგოს აღარ შეიყვანდნენ და თუმცა ერთი ქართველს – ხუტა, იგივე აკაკი ხერგიანს გუნდში მაინც მიიწვევდნენ და კჰუმბუს მყინვარზეც კარგადაც აპახავებდნენ სასიმაღლო მზიდავად თუ კინოოპერატორად, მწვერვალზე აღარ გაუშვებდნენ და პირველი ქართველის ასვლა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე კიდევ კარგა ხნით გადაიდებოდა, სანამ ამ ამბავს არ მოათავთავებდა ჩემი კიდევ ერთი მეგობარი რომან, იგივე რომა გიუტაშვილი, რომელიც 1991 წელს ავიდა ჯომოლუნგმაზე ამერიკელ დენიელ, იგივე დენ მაზურთან წყვილში და რომელსაც, იქიდან დაბრუნებულს, პირველი ინტერვიუ მე ჩამოვართვი გაზეთ „სამშობლოსთვის“ და ინტერვიუს „ოცნებაახდენილი“ დავარქვი და ამ სათაურში მარტო რომას კი არა, საკუთარ თავსაც ვგულისხმობდი, იმ თვალსაზრისით, რომ როგორც იქნა, არის-ასრულდა-ოცნება და მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ქართველმა კაცმაც დაადგა ფეხი, არადა, ღვინისა არ იყოს, საქართველო იქნებ ალპინიზმის აკვანიცაა და ამ აკვნობის დამადასტურებელი ერთი კარგი სერტიფიკატიც მოგვეძევება იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ სახით, რომლის მიხედვით, XVIII საუკუნეში, დაახლოებით მაშინ, როცა სოვდაგარი რაფიელ დანიბეგაშვილი ერეკლეს საიდუმლო დავალებით ინდოეთს გაემგზავრა, მყინვარწვერზე ვინმე იოსებ მოხევე ასულა და ესეც რომ არა, მე ვფიქრობ, ვახტანგ მეფეზე ნათქვამი, მყინვარწვერზე ფეხი შედგა, დიდმან მთებმა იწყეს დრეკაო, იმის დასტურია, რომ ქართველთათვის მთები მარტო ღმერთების სამკვიდრებელი არ ყოფილა, როგორც მსოფლიოს მრავალ მითოლოგიაშია, და რომ ჩვენთან მწვერვალებზე ხანდახან მეფეებიც ანუ ადამიანებიც ადიოდნენ, თუმცა კი ჩემთვის დღეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რად უნდოდა ვახტანგ გორგასალს მყინვარწვერზე ასვლა, და როდესაც ერთი წუთით მაინც დავუშვებ, რომ ის მართლა ავიდა მყინვარწვერზე და ეს ჩრდილოეთ კავკასიის თუ დარუბანდის თვალის მოსავლებად ან თავისი ფიზიკური თუ სულიერი ძლიერების დასტურად დაისაჭიროვა, კიდევ უფრო მეტი პატივისცემით ვიმსჭვალები მისადმი, ისევე როგორც დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული ყველა პირველამსვლელისადმი, ყველა დიდი ალპინისტისადმი, რადგან, ერთი მხრივ, მთამსვლელობა არა მარტო ექსტრემალური, არამედ ამავე დროს უკიდურესად სახიფათო სპორტია, სადაც შესაძლო სასიკვდილო ფინალი თამაშის წესებში ხაზგასმული არ არის, მაგრამ იგულისხმება კია და ყველა მთამსვლელი თითქოს ხელს აწერს ამ წესს, ხოლო, მეორე მხრივ, ეს უმაყურებლო სპორტია და ალპინისტი არ გამოელის გულშემატკივართა მხურვალე ოვაციებსა თუ მისი სახელის სკანდირებას, და ბოლოს, ალპინიზმი მთამსვლელისთვის ხარჯია და არა შემოსავალი და ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, სპორტის თითქმის ყველა სხვა სახეობისაგან განსხვავებით, ალპინისტი მეორე ალპინისტს კი არა, თავის თავს, მკაცრ რელიეფს და სასტიკ ბუნებრივ პირობებს უპირისპირდება, თუმცა ისე არ მინდა გამიგოს ვინმემ, რომ თითქოს ალპინიზმში კონკურენცია არ არსებობდეს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მართალი, რადგან ალპინიზმშიც არსებობს კონკურენცია, კონკურენცია კი არა, მეტოქეობაც, მეტოქეობა კი არა შუღლიც, შუღლი კი არა, მტრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც წესი, დაუსწრებელად და თან ძირითადად იმაში გამოიხატება, თუ ვინ ავა ამა თუ იმ მწვერვალზე პირველი, ვინ დაარქმევს მას სახელს, ვინ გაკვალავს ახალ და უფრო რთულ გზას მანამდე უკვე დაპყრობილ მწვერვალზე, ვინ ავა მწვერვალზე უფრო სწრაფად, ვინ ავა რვაათასიანზე უჟანგბადოდ და ამგვარი კონკურენციისას მეტოქეები ხშირად დროით და სივრცითაც არიან დაშორებული ერთმანეთს, მაგრამ იშვიათად ისეც ხდება, რომ კონკურენცია ერთი გუნდის წევრებს შორისაც გაჩნდება და ეს ძირითადად ჯერ გუნდის და მერე მოიერიშე ჯგუფის შემადგენლობაში მოსახვედრად გამართულ ერთგვარ კასტინგში ვლინდება, ანდა უკვე მერე, უშუალოდ ასვლისას, თუ ეს პირველი ასვლაა, როგორც მოხდა, მაგალითად, 1953 წლის 29 მაისს, ჯომოლუნგმაზე სულ პირველი წარმატებული ცდისას, რომლის შემდეგ დიდხანს ვერავინ დაადგინა, ბოლოს და ბოლოს რომელმა დაადგა პირველმა ფეხი მწვერვალზე, ედმუნდ ჰილარიმ თუ თენსინგ ნორგეიმ, რადგან ვერც ერთს ეს ვერ ათქმევინეს და ერთდროულად ავედითო, დაჩემებული ჰქონდათ, და მხოლოდ ნორგეის სიკვდილის შემდეგ თქვა ჰილარიმ, რომ ნორგეიზე რამდენიმე წამით ადრე დაადგა ფეხი მწვერვალზე, მაგრამ კარგა ხნით ადრე, სანამ ეს ამბავი გახდებოდა ცნობილი, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა მე ნეპალიდან დავბრუნდი და დღედაღამ ჯომოლუნგმა მესიზმრებოდა და მაბოდებდა, მე ჰილარი-ნორგეის კონკურენცია პოეტურ-ტოპონიმიკურად გადავწყვიტე და თანაც ისე, რომ არცერთი პირველამსვლელი არ გამენაწყენებინა და ახლა რომ ვწერ, ჯომოლუნგმა-ჯომოლუნგმა-მეთქი, სინამდვილეში მას ამ ტიბეტური სახელის გარდა კიდევ ორი სხვა სახელი აქვს – საგარმატჰა და ევერესტი – და ამათგან პირველი ნეპალელი შერპების შერქმეულია, მეორე კი ბრიტანელებმა დაარქვეს, და სერგო ბარლიანს ვუთხარი კიდეც, მართლები არიან, რომ არ ამბობენ, ვინ ავიდა პირველი, ამას მართლა არა აქვს მნიშვნელობა, ორივე პირველია და ჩემი ნება რომ იყოს, სარაგმატჰაზე პირველამსვლელად თენსინგ ნორგეის დავადგენდი, ევერესტის პირველდამპყრობად კი ედმუნდ ჰილარის, ან სულაც პირიქით-მეთქი და მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა და ვერც მექნებოდა დაწერილი ინგლის-არგენტინის კონფლიქტით შთაგონებული ჩემი ის ლექსი, რომელიც მრავალი წლის შემდეგღა გამოვაქვეყნე და რომელშიც კონფლიქტის ანალოგიური გზით გადაწყვეტა შევთავაზესავით ჩემთვის იმთავითვე საყვარელ ორ დაპირისპირებულ ქვეყანას, როცა ვწერდი, რომ „მე გაგიყოფსთ ამ კუნძულებს, არცერთს გული არ გეტკინოსთ, ფოლკლენდები – დიდ ბრიტანეთს, მალვინები – არგენტინას“, და კონფლიქტის გადაწყვეტის ამ პოეტურ ვერსიის პუბლიკაციისას მეიმედებოდა ის მკითხველი, რომელმაც იცის, რომ სადავო კუნძულებს ბრიტანელები ფოლკლენდებს ეძახიან, არგენტინელები კი – მალვინებს და როცა ეს ლექსი დავბეჭდე „ლიტერატურულ გაზეთში“, ჩემი თანაკლასელი თემურა ცაგარელი, რომელიც ჩემსას წაუკითხავს არაფერს სტოვებდა, კათხა ლუდზე მორიგი შეხვედრისას მეუბნება, არ შეიძლება, რომ ეს შენი სამშვიდობო მეთოდი საქართველოზეც გავავრცელოთ და სამხრეთოსეთი რუსებს მივაშავოთ, სამაჩაბლო კი ჩვენ დავინარჩუნოთო, და სწორედ იმ დღეს, უკვე მეოთხე თუ მეხუთე კათხაზე, მივედით სერიოზულ დასკვნამდე, რომ ეს მეთოდი უნივერსალური იყო და მსოფლიოში თითქმის ყველა ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლებოდა ამგვარი პოეტური გზით, მაშინაც კი თუ ტოპონიმიკა თავდაპირველად ამის საშუალებას არ მოგვცემდა, რადგან ვინიცობაა, რომელიმე სადავო ტერიტორიას ერთი და ერთადერთი სახელი რქმეოდა, მეორე სახელის მოფიქრება და დარქმევა დიდი სიძნელე არ უნდა ყოფილიყო და იმ საღამოს შინისაკენ მიმავალი და თემურასგან შეგულიანებული, იმაზე ვფიქრობდი, როგორ ჩამომეყალიბებინა სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტების გადაწყვეტის ეს გზა მოკლედ და გასაგებად, მერე როგორ მეთარგმნა კარგი ინგლისურით, რომ მეორე დილით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამეგზავნა უშიშროების საბჭოზე განსახილველად, მაგრამ მეორე დილას ამის გაკეთება გადავიფიქრე, რადგან ჯერ ერთი, უქეიფოდ ვიყავი და სასწრაფოდ ისევ ლუდის ძებნა დავიწყე სამკურნალოდ და, მეორეც, მაინცდამაინც არ მეიმედებოდა გაეროს ბიუროკრატთა პოეტური გაქანების ამპლიტუდანი და თუმცა მას მერე, ლუდზე, ღვინოსა თუ არაყზე, თემურამ რამდენჯერმე დაბეჯითებით შემახსენა ეს ჩემი იდეა და მისი მნიშვნელობა მსოფლიოსათვის, მის პოპულარიზაციაზე და მეცნიერულ მოძღვრებად ჩამოყალიბებაზე აღარ მიზრუნია, ხოლო თემურა, ჩემი უპირველესი ძმაკაცი, რომელთანაც 55 წლის მეგობრობა მაკავშირებდა, ამ სამი წლის წინათ გარდაიცვალა და ცოტანი თუ გამიგებენ, როგორ მწყდება გული, რომ ამ ამბებს, ახლა რომ ვწერ, ვეღარც თემურა ცაგარელი წაიკითხავს და ვეღარც სერგო ბარლიანი, რომელიც 1983-ში, მე რომ ჩემს ერთ-ერთ პირველ რეისში ვიყავი გასული ატლანტიკაში, მაშინ დაღუპულა მისთვის სათამაშო მწვერვალ მაჩხაფარზე, სადაც დამწყებ მთამსვლელებთან ერთად წასულს ჭექა-ქუხილი დასტყდომიათ თავს და სერგოს ყველა გადაურჩენია, სასწრაფოდ ჩამოურეკავს ქვემოთ, მაგრამ თვითონ კი ვეღარ მოუსწრია და მწვერვალზე მდგარს მეხი დასცემია, რადგან რკინის კარაბინები ჰქონია ასხმული ქამარზე, და თუ მანამდე მეხის დაცემა მე მხოლოდ ფიგურალური რამ გამოთქმა მეგონა, აგე, რეალურად შეიწირა რეალური სერგო ბარლიანი, რომელმაც თავის დროზე, როცა მე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი მთაში, დიდად შეუწყო ხელი ჩემში ალპინიზმის სიყვარულის გაღვივებას და მე არასოდეს დამავიწყდება მის მიერ მთაში თუ ბარში, ცეცხლის პირას თუ კარავში მოყოლილი ათასი საინტერესო ამბავი ქართულ ალპინიზმზე, მათ შორის ისეთი ამბებიც, არც მანამდე და არც მერე არსად რომ არ წამიკითხავს, რაკი სერგომ ქართული ალპინიზმის მართლა ბევრი საიდუმლო იცოდა, თანაც არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ პირველწყაროებიდან, ხოლო საიდუმლო ალპინიზმში მისი უმაყურებლობისა და არასაჯაროობის გამო მართლა იმდენია, რომ მიმიქარავს პარიზის საიდუმლოებანი, ხოლო სერგო ბევრი ალპინისტური ამბის, მერე რომ საიდუმლოდ იქცა, ისეთი ამბის, მომსწრე და მონაწილე თავად გახლდათ, ბევრიც ქართული ალპინიზმის ლეგენდისგან, დიდი მიხეილ ხერგიანისგან იცოდა, რომელიც მისი სიძე იყო – დის ქმარი, და რომელიც შეიძლება პირველი ქართველიც ყოფილიყო ჯომოლუნგმაზე, რომ არ ჩაშლილიყო ქართველ მთამსვლელთა ექსპედიცია ჯომოლუნგმაზე 1958 წელს, როცა ქართველ ალპინისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში მიხეილ ხერგიანთან ერთად შედიოდნენ ლევან და ზურაბ ახვლედიანები, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე, ჯოკია გუგავა, რევაზ და ოთარ ხაზარაძეები, შოთა მირიანაშვილი, სოლიკო ხაბეიშვილი, დიმიტრი ობოლაძე და შეიძლება, ვინმე კიდეც გამომრჩა, რადგან სხვადასხვა წყაროში ერთი-ორი გვარი მეტია ან ნაკლები, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრები მართლა ძალიან ძლიერი იყო, არავის დაუდებდა ტოლს რაგინდ მსოფლიო მასშტაბით და ახლა რომ გადავხედე ამ სახელებს, აღმოჩნდა, რომ ამათგან უმეტესობას მე პირადად ვიცნობდი, ზოგიერთ მათგანთან ერთად მთაშიც ვყოფილვარ, ხაზარაძეები და შოთა მირიანაშვილი დღესაც ცოცხლები არიან და ეს უკანასკნელი, იმ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, თუმცა უკვე 84 წლისაა, კვლავაც დადის მთაში და მე მათგანაც საკმაოდ კარგად ვიცოდი იმ ექსპედიციის ამბავი, რომელიც განსტალინების პროცესის და ამის გამო ჩინეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობის დაძაბვისა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შესაძლო ქართული ექსპედიციის სავარაუდო წარმატებით აფორიაქებული მოსკოვის კულუარული ხრიკების გამო ჩაიშალა, ხოლო დაწყებით კი იგი 1957 წელს დაიწყო ნეპალის ახალაღტახტებული მეფის, მაჰენდრა ბირ ბიკრამ ჰაშ დევის საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებში იგი საქართველოსაც ეწვია და, რა თქმა უნდა, ქართველ ალპინისტებსაც შეხვდა და ეს შეხვედრა სწორედ იმ პარკში შედგა, სადაც მე და სერგო ბარლიანი ვხვდებოდით ხოლმე ნეპალზე სასაუბროდ და სწორედ იმ ალპურ კლუბში, რომელიც თავის დროზე გიორგი ნიკოლაძემ დააარსა და როცა კლუბში სტუმრობისას ქართველ მთამსვლელთა მიღწევებს გაეცნო, ნეპალის მეფემ გამოთქვა სურვილი, რომ ქართველი ალპინისტები ნეპალში მიეწვია, რათა მათ ჯომოლუნგმაზე ასვლა ეცადათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ მთამსვლელთა მაშინდელი თაობა ამას უეჭველად შეძლებდა, და შემთხვევითი არ იყო, რომ სპორტზე დაწერილ ჩემს პირველ სერიოზული წერილში „ადით, ბიჭებო ჯომოლუნგმაზე“, რომელიც გაგრძელებით დაიბეჭდა ჟურნალ „მართვეს“ ორ ნომერში 1977 წელს, ქართული სპორტული ალპინიზმის მთელი გზა, გიორგი ნიკოლაძიდან და ალექსანდრე დიდებულიძიდან დაწყებული, სერგო ბარლიანითა და ჩემი თაობის ბიჭებით დამთავრებული, ჯომოლუნგმისაკენ მიმავალ გზად წარმოვიდგინე და წარმოვადგინე და ეს წერილი ჩემი პირველი ოპუსი იყო, რომელიც აჩიკო გოგელიამ თავის „მართვეში“ დამიბეჭდა და ამ ფაქტმა დიდად განსაზღვრა ჩემი დაინტერესება სპორტული ჟურნალისტიკით, რაც დღემდე მყარად შემომრჩა და რაც ჩემთვის ერთგვარ თავშესაფრად იქცა კომუნისტური ცენზურის პირობებში და თუმცა მერე ჩემმა სპორტულმა ინტერესებმა ძირითადად ოლიმპიურ თემატიკაზე გადაინაცვლა, ალპინიზმზეც ბევრს ვწერდი, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც ჩემი კურსელი გურასა, იგივე ავთო გურასაშვილი, რომელიც ამ სფეროში გვარიანად დასპეციალდა და თუმცა ალპინიზმზე წერა ერთად დავიწყეთ და ერთი თუ ორი პუბლიკაცია ერთობლივადაც გავაკეთეთ, ერთხანს მას დარჩა ბურთი და მოედანი, უფრო სწორად – თოკი და წერაყინი, მით უმეტეს, რომ მე რამდენიმე წლით საზღვაო თავგადასავლებში გადავეშვი, ის კი ახკომში პასუხისმგებელი მდივანი გახდა და რაგინდარა ტექსტის დაბეჭდვა მისთვის სიძნელეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო მე ინტერესით ვკითხულობდი მის წერილებს, რომელთაგან ბევრი დასტურ საინტერესო იყო, მაგრამ ერთ-ერთმა ისე გამაღიზიანა, იმხანად უამრავი ახალი ინტერესი რომ არ მქონოდა, იქნებ ეს შენი გურასა სამუდამოდაც დამეკარგა, რადგან თუ რამეს ვერ ვიტან მწერლობასა და ჟურნალისტიკაში, ეს პლაგიატია, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ გამომიცდია ჩემ თავზე, და რაც, იმის მიუხედავად, ვაპატიებ თუ არა პლაგიატორს, არასოდეს მავიწყდება და პატიებაც მხოლოდ გარეგნულია, მოჩვენებითი, შინაგანად ამის პატიება ძალიან მიჭირს, ან როგორ შეიძლება, ვაპატიო და დავივიწყო, როგორ გადაწერა ჩემი ძველი და საკმაოდ პოპულარული პოემა „წერილი“ ერთმა თავხედმა გოგომ, ვინმე თინათინ მაისაშვილმა, როგორ მოაწერა თავისი გვარ-სახელი და როგორ დაბეჭდა ყოვლად მდარე ჟურნალში „პრეს-პრემიერი“, რომელსაც თავისი დროზე ამის გამო სასამართლო პროცესი გავუმართე და მოვუგე კიდეც, ან როგორ შეიძლება ვაპატიო და დავივიწყო, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრმა, თავისი წრის მიერ გვარიანად დაფასებულმა ოლიმპიურმა დიდმოხელემ და ბანკირმა რევაზ რობაქიძემ შეკრიბა გაზეთში გამოქვეყნებული ჩემი ტექსტები ოლიმპიური თამაშების შესახებ და ძვირფას მაგარყდიან წიგნად გამოსცა თავისი სახელით და ეს ყველაფერი ავთო გურასაშვილს იმად მოჰყვა, რომ ის სულ პირველი და დღემდე გულისტკივილით მოსაგონარი პლაგიატი სწორედ მასთან არის დაკავშირებული, მასთან და ნეპალთან, რომელიც მანაც ინახულა ჩემ შემდეგ რამდენიმე წლის დაგვიანებით და ერთხელაც, შორეული რეისიდან დაბრუნებული სახლში თვეობით დაგროვილი პრესის თვალიერებას შევუდექი და ახკომში გურასას წერილი მხვდება კუმარიზე – ნეპალელ ცოცხალ ქალღმერთზე, ამ ქვეყნის და არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ უნიკალურ ღირსშესანიშნაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაციის მოკრება დღეს ორიოდე წუთის საქმე, მაშინ კი მე რამდენიმე თვე მოვანდომე და ვინ იცის, რამდენი ვიბეჯითე წასვლამდე ბიბლიოთეკებში და როგორი სკრუპუზულობით ვაგროვე მასალა უკვე საკუთრივ კატმანდუში მასთან იმ წუთიერი შეხვედრის შემდეგ, ავთოს კი აუღია და ეს ყველაფერი კოხტად გადაუწერია თავის ინფორმაციიან-ემოციიანად და თავისი გვარი მოუწერია და დაუბეჭდავს იმავე გაზეთში, სადაც სამი თუ ოთხი წლის წინათ ჩემი წერილი გამოქვეყნდა კუმარიზე და როცა ერთ მშვენიერ დღეს მივედი რედაქციაში და რა კარგი გადაწერა გცოდნია-მეთქი, ხუმრობანარევი საყვედურით ვუთხარი, იმან – რა მოხდაო, ხომ ვიყავი ნეპალში და მეც ხომ ვნახე კუმარიო, აქეთ მოინდომა ჩემი დამუნათება და ყოფნას თუ ნახვას ვინ გემართლება, ჩემი წერილი რომ გადაგიწერია, ამას გედავები-მეთქი და, აუუუ, რაზე მელაპარაკები, ის შენი სტატია როდის იყო, ვიღას ახსოვსო, ისე მითხრა, თითქოს დიდად დამნაშავე ვიყავი, რომ მე მახსოვდა ჩემი საკუთარი წერილი და მერე დებილურად გაიცინა და მეც დავრჩი დებილურად გაღიმებული და თუმცა ის მას მერეც არაერთხელ არის შემჩნეული მსგავს ეშმაკობებში, მუდამ ვცდილობდი, ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, რადგან მრავალი რამ მაკავშირებდა მასთან და რაც მთავარია, ავთოსთან იყო დაკავშირებული ჩემი პირველი წლები მთაში, უნივერსტეტის ალპინიადებზე, როცა ხშირად ვყოფილვართ ერთ თოკში ჩაბმული, ეს კი ძალიან ძნელი დასავიწყებელია, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია მთლიანად მოვიკვეთო მეგობარი, რომელთან ერთადაც პირველი მწვერვალი დავლაშქრე და რომელთანაც ერთადაც პირველად ავედი მყინვარწვერზე, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა და სისხლის გახსენებაზე უნდა მივატოვო ეს ჩვენი გურასა იმ თავის დებილურ ღიმილთან ერთად და ნეპალს უნდა დავუბრუნდე, თუმცა სისხლამდე იმასაც ვიტყვი, რომ ცოცხალი ქალღმერთის გარდა ნეპალში კიდევ ორი ღმერთის ტოლი ადამიანი გავიცანისავით, რომლებიც სწორედ ჩემი იქ ყოფნის დღეს რაღაც აღლუმში მონაწილეობდნენ და ქალაქში გამოსვლა ენებებინათ მოჩარდახული ჭრელი ტახტრევნებით და მას მერე მათი სახელები – ბირენდრა-ბირ-ბიკრამ-შაჰ-დევი და აიშუარია-რაჯია-ლაქშმი-დევი-შაჰი ჩემთვის ერთგვარ პაროლებად იქცა და როცა სუფრაზე, ან ექსკურსიაზე, ან რედაქციაში, ან ქუჩაში, ან სადმე ყოვლად მოულოდნელად და სხვათათვის ყოვლად უადგილოდ ვიტყოდი ხოლმე პაროლის პირველ ნაწილს – ბირენდრაბირბიკრამშაჰდევი, – საპასუხოდ აიშუარიარაჯიალაქშმიდევიშაჰს ველოდი, ზუსტად ისე, როგორც რედიარდ კიპლინგის მაუგლი ელოდება რეაქციას თავის საკრალურ სიტყვებზე „ჩვენ-ერთი-სისხლისანი-ვართ-მე-და-შენ“, მაგრამ პაროლის მეორე ნაწილის პირველთან შეწებებას ვერავინ ახერხებდა ჩემი და-ძმისა და თემურა ცაგარელის გარდა, თუმცა მარტო მათ კი არა, სხვებსაც არაერთგზის მივუბეჯითე მათი სახელები და არაერთგზის ავუხსენი, რომ ბირენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევი ნეპალის მეფე იყო, ვიშნუს მიწიერი განსხეულება, იმ მაჰენდრას შვილი, ქართველი ალპინისტები რომ დაპატიჟა წლების წინათ ჯომოლუნგმაზე, ხოლო აიშუარია ლაქშმი რაჯია დევი შაჰი მისი ულამაზესი მეუღლე, ნეპალის დედოფალი ბრძანდებოდა და ბევრს მათი ოფიციალური ფოტოც ვაჩვენე, სადაც ისინი ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, ხოლო ბირენდრას, ანუ განსხეულებულ ვიშნუს, დიდჩარჩოიანი სათვალეც ეკეთა, რითაც ჩემს გაოცებას იწვედა, რადგან სათვალიანი მეფე არც ნახატში მენახა, არც ფოტოზე და არც კინოში, ხოლო სათვალიანი ვიშნუ მით უმეტეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ეს გაოცება არაფერია იმ გაოგნებასთან შედარებით, რომელიც დამეუფლა, როცა მრავალი წლის შემდეგ, 2001 წლის 1 ივნისს ნარაიანჰიტიში, ანუ მათ საკუთარ სასახლეში, ეს ჩემი ორი გვირგვინოსანი პაროლი – შესიტყვება და მისი პასუხი – ტრადიციული ყოველკვირეული ოჯახური ვახშმისას ჩაცხრილა ტარიელივით მოულოდნელად შევარდნილმა მათმა შვილმა, მემკვიდრე უფლისწულმა და ნეპალის სამეფო შეიარაღებული ჯარების სარდალმა, 30 წლის დიპენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევმა, აქაოდა რატომ არ მაძლევთ უფლებას, მე ვინც მინდა, ის მოვიყვანო ცოლად და რატომ მატენით თქვენ მიერ არჩეულ საპატარძლოსო, და ამით სისხლიანი წერტილი დაუსვა იმ დაძაბულობას, რომელიც სამეფო ოჯახში სუფევდა და რომელსაც მეფე ვეღარ უმკლავდებოდა, რადგან, ერთი რომ, ოჯახში და დიდწილად მის გარეთაც ძალაუფლებას დედოფალი აიშუარია ფლობდა, რომელსაც ნეპალელები ხან იმელდა მარკოსს ადარებდნენ და ხან ელენა ჩაუშესკუს და, მეორეც, დიპენდრა დიდი უჯიათი ვინმე იყო და სასტიკი უარი განაცხადა მამამისის მიერ შეთავაზებულ ედუარდ მერვისეულ ვარიანტზე, რომ მოეყვანა ვინც უნდოდა, ოღონდ მემკვიდრეობის უფლების სანაცვლოდ, ხოლო დედამისის ალტერნატიულ წინადადებაზე, რომ ცოლად მშობლების შერჩეული ქალი მოეყვანა და თავისი გულის ვარდი საყვარლად ჰყოლოდა, ამ ვარდმა გააფიჩინა ფეხები, და იმ პარასკევ დღეს, ბირენდრას გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ სერიოზულად დალაპარაკებოდა შვილს, მაგრამ იგი ისეთი მთვრალი მიბრძანდა ვახშამზე, რომ დალაპარაკებოდა კი არა, მეფემ თავისი ბიძაშვილის ქმარს რაჯივ რაჯის სთხოვა, მოსასვენებლად ზემოთა სართულზე აეყვანა უგონოდ მთვრალი ტახტის მემკვიდრე და ამანაც ჯაჯგურ-ჯაჯგურით, მეფის ძმისშვილის, პრინც პარასის დახმარებით აიყვანა კიდეც ზემოთ კარატეს შავი ქამრის მფლობელი უფლისწული, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სულაც არ იყო განწყობილი მოსასვენებლად და მართლაც, ერთი საათიც არ იყოს გასული, რომ უკვე გენერლის სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი უკან ჩამობრუნდა ორი ავტომატური შაშხანით შეიარაღებული და საბილიარდოში, სადაც ვახშმის შემდეგ გასულიყვნენ სამეფო ოჯახის წევრები, ისეთი სროლა ატეხა, ნახევარ კილომეტრში მდებარე ინგლისის საელჩოს დაცვა აფორიაქდა, რა ხდებაო და განგაშიც კი გამოაცხადეს, ხოლო საკუთრივ ნარაიანჰიტის დაცვას რაც შეეხება, რომელიც სამ წყებად ჰქონდა შემოვლებული სასახლეს, მისი უფროსი სწორედაც ეს დიპენდრა ბრძანდებოდა და სასახლის მთელი შეიარაღებაც მის ხელში იყო და სანამ ვინმე გონს მოეგებოდა, რამდენიმე წუთში ამოწყვიტა საკუთარი დედ-მამაც – ბირენდრა და აიშუარია, თავისი და-ძმაც – 22 წლის პრინცი ნარაიან ბირ ბიკრამ შაჰ დევი და 24 წლის პრინცესა შრუტი რაჯია ლაქშმი დევი, და რაკი იქვე იყვნენ, მათ ზედ წააკლა სხვებიც – ბიძამისი, მეფის ძმა პრინცი დჰირენდრა, მამიდები შანტი და შარადა, ამ უკანასკნელის ქმარი კუმარ კჰადღა და მეფის ბიძაშვილი ჯაიანტი, თუმცა მეტი სიზუსტისათვის უნდა ითქვას, რომ მთვრალმა ეს ერთ ჯერზე ვერ მოახერხა, რადგან დედამისი, დედოფალი აიშუარია და უმცროსი ძმა, პრინცი ნარაიანი პირველ შტურმს გადაურჩნენ და როცა ჯონი უოლკერით გამტყვრალმა ამ ბედოვლათმა სროლა ატეხა, მათ როგორღაც მოახერხეს და სასახლის ბაღში სცადეს დამალვა, მაგრამ ამას როგორ დაემალებოდნენ, და როგორც კი საბილიარდოში საქმე მოთავებულად ჩათვალა, წერასატანილი უფლისწული ბაღში გავარდა და ჯერ ძმაზე მიუშვა ჯერი, რომელიც ცდილობდა, დედას წინ აფარებოდა, მერე კი დედამისს ისე გამწარებულმა მიაცალა მეორე შაშხანის მთელი მჭიდი იმ ლამაზ სახეში, რომ კრემაციის წინ მას სახის ადგილას ფაიფურის ნიღაბი გაუკეთეს, მაგრამ დიპენდრას ეს ყველაფერი აღარ უნახავს, და ბოლო, რაც მან თავის სიცოცხლეში დაინახა, დედამისის ძვალრბილგაერთიანებული, დაცხრილული სახე იყო, რადგან როგორც კი თავის პრობლემებში მთავარ დამნაშავედ მიჩნეულ ადამიანს ასე სასტიკად გაუსწორდა, M-16 მოისროლა, რევოლვერი დააძრო, ლულა პირში მიიცა და თავი მოიკლა, მაგრამ რაღაც სასწაულით, არ მომკვდარა, მხოლოდ კომაში ჩავარდა და მემკვიდრეობის კანონის თანახმად, მეორე დილას ნეპალის მეფედაც გამოაცხადეს დე-იურე, მაგრამ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა სამი დღის შემდეგ და მისი ადგილი მისმა მეორე ბიძამ, საგვარეულოს ლამის ერთადერთმა გადარჩენილმა წევრმა, მოკლული მეფის ძმამ, ნეპალის არმიის ფელდმარშალმა გიანენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევმა დაიკავა, რომელიც იმ ვახშამზე არ ყოფილა და რომელიც მანამდე ნახევარი საუკუნით ადრე, სამი წლის ასაკში უკვე იყო ნეპალის მეფე, მაგრამ სულ რაღაც ორი თვით, 1950-1951 წლების მიჯნაზე, როცა ბაბუამისთან, მეფე ტრიბჰუვან ბირ ბიკრამ შაჰ დევთან დანასისხლად გადაკიდებული პრემიერ-მინისტრის მოჰან შამშერ ჯუნგ ბაჰადურ რანას მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ნეპალის მეფე სამეფო სახლეულის ყველა დანარჩენ წევრთან ერთად ინდოეთში გაიქცა, მაგრამ სამი წლის გიანენდრა საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო მეფედ, და სანამ უზურპატორთან, თვითმარქვია მაჰარაჯა რანასთან საერთო ენა გამოინახებოდა, მეფე ტრიბჰუვანი ნეპალში დაბრუნდა, ძალაუფლებაც დაიბრუნა და მემკვიდრეობით პრემიერ-მინისტრთა საგვარეულოს დაუძინებელი მტრობის მიუხედავად, სიკვდილამდე, 1955 წლის 13 მარტამდე მორჭმით მეფობდა, რის შემდეგაც გამეფდა სწორედ ის ქართველების სტუმარი და მათი არშემდგარი მასპინძელი მეფე მაჰენდრა, რომლის შვილმა, იმ ჩემმა პაროლმა ბირენდრამ, მონტეგი-კაპულეტის მსგავსი მრავალწლიანი კლანური დაპირისპირების მიუხედავად, ცოლად სწორედ რანთა კლანის წარმომადგენელი, ჩემი პაროლის მეორე ნაწილი აიშუარია მოიყვანა, რომელმაც სასტიკი უარი სტკიცა თავის პირმშოს დიპენდრას, როცა მან თავის მხრივ მოინდომა, ცოლად მოეყვანა ასევე რანთა ოჯახის წარმომადგენელი, ნეპალის საგარეო საქმეთა ექსმინისტრის ასული დავიანი რანა, რომელიც მას ლონდონში გაეცნო და რომელიც აიშუარიას შორეულ ნათესავადაც ერგებოდა, ისევე როგორც სამეფო ოჯახის შორიახლო ნათესავი იყო სუპრიე შაჰი, რომელიც დედოფალმა შეარჩია და მემკვიდრე უფლისწულს საცოლედ შეაძლია დავიანის ნაცვლად და თუმცა სამეფო ოჯახებში პრინცების მიერ მამა-ძმების დახოცვა იშვიათი სულაც არ არის, ნეპალის მონარქიის ეს სისხლიანი აღსასრული იმდენად გამორჩეული იყო, რომ მე გაოცებისაგან მაშინ ჩამოვარდნილი ყბა კიდევ კარგა ხანს მქონდა ჩამოვარდნილი, რადგან ბირ ბიკრამ შაჰ დევთა დინასტიის 2001 წლის 1 ივნისს დაწყებული დასასრული დროში რამდენადმე გაიწელა და მეფობა ნეპალში მხოლოდ 2008 წელს გაუქმდა, როცა ახალარჩეულმა სახელმწიფო ასამბლეამ ნეპალი რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა ბევრი სხვა ქვეყნის ანალოგიური გარდაქმნისაგან განსხვავებით, მეფედყოფილს ამის შემდეგ ნეპალი არ დაუტოვებია და დღესაც, 72 წლისა, კატმანდუში ცხოვრობს და ტახტის დაბრუნებას ფიქრობს, მე კი შეძლებისდაგვარად კვლავაც ინტერესით ვადევნებ თვალს ნეპალის მეფეთა დინასტიის ამ უკანასკნელი მოჰიკანის ცხოვრებასა და აქტივობებს, რაც დიდად საინტერესოდ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი დღეს ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც ორგზის მეფობდა დიდი შუალედით და ორჯერვე უსახელოდ დაასრულა სამეფო კარიერა, ისევე როგორც დიდად საინტერესოა, რა ბედი ეწიათ დავიანი რანას და სუპრიე შაჰს, იმ პოტენციურ პატარძლებს, რომლებიც უკვე იზომებდნენ სადოდოფლო გვირგვინებს და რომელთა გამოც ატყდა ის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა კატმანდუს სამეფო სასახლეში, მაგრამ ეს ყველაფერი ცალკე საუბრის თემაა და თუ ახლა აქ მაინც ვუთმობ ამდენ ადგილს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სხვა, უფრო სისხლიანი ამბების აღწერას ვეპირები და ეს ერთგვარ შესავლად მოვიაზრე და, გარდა ამისა, ჩვეულებრივ, რაკი ერთხელ რაიმე ამბით თუ თემით დავინტერესდები, ის მუდამ რჩება ჩემი ინტერესების სფეროში და თანაც ქართულ ენაზე დღემდე არაფერი დაწერილა ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეფო-კრიმინალურ ამბავზე, თუმცა ბოლო წლებში ნეპალში ქართველთა მიმოსვლა ძალზე გახშირდა და არაერთი საჟურნალო თუ საგაზეთო პუბლიკაცია და სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა ამ ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ემპირიულ და ტურისტულ ასახვას ვერ გასცდა, თუმცა ამ ფონზე უნდა გამოვყო სამი დასტურ კარგი წიგნი, რომელთაგან ერთი – დათო ტურაშვილის „კატმანდუ – თანამდევი ფიქრი“, სულაც პირველი იყო გურასას იმ წიგნის შემდეგ, რომელსაც „თუჯი ჩეი, ცის მბრძანებელო“ ჰქვია, რომელიც 1984 წელს გამოსცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ და რომელშიც ავტორმა ჩემი საყვედურის მიუხედავად, მგონი, მაინც წარბშეუხრელად შეიტანა თავისად გასაღებული ის ჩემი ტექსტი, თუმცა გურასა კარგად იყოს და, დათო ტურაშვილის „კატმანდუ“, იმის მიუხედავად, რომ ავტორი ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებ ყურადღებას აქცევს ფაქტების სიზუსტესა თუ თხრობის სტილს, იმ შავბნელ 90-იანებში, როცა ის გამოვიდა, ერთგვარი ფანჯარასავით იყო წიგნს დანატრებული მკითხველისათვის და დიდადაც განაპირობა ნეპალით ქართველი ახალგაზრდობის დაინტერესება, რომელთაც არც გურასას ნაწერები წაეკითხათ და არც ჩემი, და რომლებიც საქართველოს ისტორიას 1991 წლიდან იწყებენ და ისტორიული კატაკლიზმების გამო ისე მოხდა, რომ თუ არადამოუკიდებელ საქართველოში ძველგაზრდები არ გვკითხულობდნენ ახალგაზრდებს, დამოუკიდებელ საქართველოში ახალგაზრდები არ გვკითხულობენ ძველგაზრდებს და დარჩა ჩვენი თაობა ასე წაუკითხავი, ხოლო ახალი თაობა უკითხავი და ამ ყველაფერს უკვე შევეჩვიე და აღარც მიკვირს, რომ ახალუხლები საქართველოს ისტორიას, აკი ვთქვი, 1991 წლიდან, ხოლო ქართულ ნეპალიანას დათო ტურაშვილის „კატმანდუთი“ და რეზო თაბუკაშვილის არანაკლებ საინტერესო და საეტაპო „დაულაგირით“ იწყებენ და ამას პირდაპირ წერს კიდეც ნეპალის შესახებ ქართულ ენაზე დღემდე დაწერილი საუკეთესო წიგნის ავტორი, რომელიც თავის თავს უსვამს კითხვას, თუ რატომ აირჩია სამოგზაუროდ მაინცდამაინც ნეპალი და იქვე ამბობს, რომ „ეგ იმ ორი ქართველი მწერლის და ერთი ჩვენებური კინორეჟისორის ბრალია, სხვებისგან განსხვავებით, თბილისიდან მაინცდამაინც აქ რომ დაიარებოდნენ 90-იანებში და დიდად არ ხიბლავდათ დავარცხნილი დასავლეთის მოპლასტმასო მაღლობები, დაბლობები და ვაკეები“ და „ისინი რომ არა, არც მე მეცოდინებოდა აქაურობაზე რამე“ და თუმცა არ ასახელებს, ჩემნაირი მკითხველისთვის, ვინც ძველგაზრდებსაც კითხულობს და ახალგაზრდებსაც, ცხადია, რომ იმ ორ ქართველ მწერალში სწორედ დათო ტურაშვილი და რეზო თაბუკაშვილი-ჯუნიორი იგულისხმებიან, ხოლო ჩვენებურ კინორეჟისორში – გიო მგელაძე და ეს მესამე წიგნი შედარებით ახალია და იმ ორისგან, რომლებზეც ავტორი ლაპარაკობს, მას 10-15-18 წელი აშორებს და თუ ის წიგნები თავის დროზე ერთგვარ მოვლენებად იქცა, ეს სრულიად უსამართლოდ ჩაიკარგა მოზღვავებული პარალიტერატურის მღვრიე მორევში, იქამდე, რომ მეც კი, ვინც დღემდე კვლავაც იმ ახალგაზრდული ინტერესით ვარ გაფაციცებული ყველაფერზე, რაც ინდოეთის სუბკონტინენტს და განსაკუთრებით ნეპალს ეხება, ჩემდა სამარცხვინოდ, მისი არსებობა არ ვიცოდი და სრულიად შემთხვევით გადავეყარე და თან ისე საინტერესოდ გადავეყარე, რომ ღირს მოყოლად, რადგან მართლა ძალიან იშვიათად ხდება, რომ შეხვიდე წიგნის მაღაზიაში, შეარჩიო ორი იღლია წიგნები და სულ ბოლოს, სანამ ასე დახუნძლული სალარომდე მიაღწევ, თვალში მოგხვდეს თაროზე გამოდებული პატარა წიგნი დამაინტრიგებელი სათაურით „დამასტე“, რაც ძალიან ჰგავს ინდურ-ნეპალურ „ნამასტეს“ და შენ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა აიღო კიდეც ხელში ეს წიგნი, რომლის ავტორის გვარი და სახელი – ნინო ორტეგა ჭინჭარაული – კიდევ უფრო ამძაფრებს ინტრიგას, ხოლო გარეკანზე დახატული თვალი, რომელიც რაღაცით ნეპალში ასე გავრცელებულ მესამე თვალს მიაგავს, გაფიქრებინებს, რომ წიგნი სწორედ ნეპალზეა და გარეკანზე არა „დამასტე“, არამედ „ნამასტე“ უნდა ეწეროს და უბრალოდ შეცდომა მოსვლიათ, როგორც ერთხელ აკა მორჩილაძის წიგნის გარეკანზე „ეკა მორჩილაძე“ დააწერეს დიდი ოქროტვიფრული ასოებით და, მსგავს შეცდომებზე დაგეშილი, გადაუშლელად ამატებ „დამასტეს“ უკვე არჩეულ წიგნებს, და უცებ ამჩნევ, რომ იმავე თაროზე, სწორედ იმ წიგნის გვერდით, რომელიც ეს-ეს არის იღლიაში ამოჩრილ წიგნებს მიამატე, მეორე ასეთივე ფორმატის წიგნი დევს, რომელსაც ყდაზე ეს ინდუისტური მისალმება უკვე სწორად აწერია და ამ მისალმების ჟესტიც ახატია შეტყუპებული ხელების სახით, და ეს წიგნიც გადაუშლელად მიდის ჯერ იღლიაში და მერე მიდის სალაროსთან და უფრო მერე მოდის სახლში და როცა გადავშლი, აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელი მართლა ნეპალზეა, იმ პირველს კი არავითარი კავშირი არა აქვს არც ნეპალთან და არც ნამასტესთან და არც არავითარი უნებური თუ წინასწარგანზრახული შეცდომა ავტორს თუ წიგნის მხატვარს არ მოსვლიათ, რადგან დამასტე თურმე საქართველოს რომელიღაც სოფლის სალოცავი ყოფილა, არ ვიცი, რეალური, არ ვიცი, გამოგონილი, მაგრამ რაკი მე „ბიბლუსშივე“ ნეპალის ტალღაზე ავეწყე, ნინო ორტეგა ჭინჭარაულის მოთხრობები სამომავლოდ გადავდე და „ნამასტეს“ ჩავუჯექი და კითხვისას თან „ბიბლუსის“ მენეჯერზე ვფიქრობდი, რომელიც თავიდან კაი ტიპი მეგონა, რადგან გარეგნულად მსგავსი სათაურების მქონე ეს ორი წიგნი საკვიმატოდ გვერდიგვერდ დადო თაროზე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არც ვითომ კაი ტიპის კვიმატობა და არც სათაურები აქ არაფერ შუაში ყოფილა, რადგან მენეჯერს წიგნები ქართული ანბანის მიხედვით დაელაგებინა, როგორც ასწავლეს, და სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ჭინჭარაულის „დამასტეს“ გვერდზე „ნამასტე“ მოუდო, რომლის ავტორი გახლავთ თავის თაობაში ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი ბესო, იგივე კლაუს, იგივე ზბიგნევ, იგივე მსტისლავ, იგივე დოდო, იგივე დიეგო, იგივე კლიმ, იგივე არნოლდ, იგივე კარლიტო, იგივე გენა, იგივე ლეონსიო, იგივე ფრიდონ, იგივე ბრიუს, იგივე ზაურ, იგივე ტოლიკ, იგივე ვატსონ, იგივე რობერტ, იგივე აფანასიი, იგივე რონალდ, იგივე სლავიკ, იგივე სოფრომ, იგივე ლუდვიგ, იგივე ბორის, იგივე ლაიოშ, იგივე იოჰან, იგივე მარიო, იგივე სილვერ, იგივე ლიოვა, იგივე ზდენეკ, იგივე ომარ, იგივე ბორია (ეს სხვაა, ბორისი – სხვა), იგივე სამველ, იგივე თამაზ, იგივე ჯიზას, იგივე მარკოზ, იგივე კოლა, იგივე ამიგა, იგივე ბრო, იგივე ოლეგ, იგივე ჩესლავ, იგივე ვალეკანო, იგივე სარქის, იგივე ლეო, იგივე ვოლფი, იგივე შაქრო, იგივე ლუარსაბ, ჯერ-სადა-ხართ, იგივე სეროჟ, იგივე გულვერდ, იგივე ჯერომ, იგივე მაჰმუდ, იგივე ანზორჩიკ, იგივე დურუ, იგივე ბაბუ, იგივე ბაბა, იგივე ზახარ, იგივე ვსევოლოდ, იგივე მევლუდ, იგივე გვიდო, იგივე ფირუზ, იგივე შალომ, იგივე ჯინო, იგივე ვოვა, იგივე კოლაუ, იგივე ფარსმან, იგივე ბენვენუტო, იგივე სოლომონ, იგივე ენვერ, იგივე გვიდო (მეორედ), იგივე ტერენს, იგივე ბარაკ, იგივე ჯონათან, იგივე სიგიზმუნდ, იგივე ჯეისონ, იგივე ჯალალ, იგივე ალბერტო, იგივე იოსებ, იგივე თადეოზ, იგივე არკადი, იგივე კვენტინ, იგივე ჯემალ, იგივე ვარსქენ, იგივე სიომა, იგივე არვიდას, იგივე ფარნავაზ, იგივე გუბაზ, იგივე ჯაკომო, იგივე სპარტაკ, იგივე ტიგრან, იგივე დურმიშხან, იგივე მუშნი, იგივე რუსლან, იგივე ზაალ, იგივე ზორბეგ, იგივე ავთანდილ, იგივე ტობიას, იგივე ჯემალ, იგივე პაბლო, იგივე ყარამან, იგივე ხოსრო, უუუფ-დავიღალე-მაგრამ-მაინც-უნდა-გავაგრძელო, იგივე იაგო, იგივე ეზიზ, იგივე კუსა, იგივე სოფრომ, იგივე კირილე, იგივე სიმონჩიკ, იგივე ტომ, იგივე ედსონ, იგივე კასიუს, იგივე ბილი, იგივე შალვა იგივე საურმაგ, იგივე მურმან, იგივე ალბერტ, იგივე გელა, იგივე სოტერო, იგივე უჩა, იგივე ოთარ, იგივე კარლო, იგივე ფრიდრიხ, იგივე გარსევან, იგივე პიტერ, იგივე შერლოკ, ახლა-უკვე-ალბათ-მალე-მორჩება, იგივე კორნელი, იგივე ლუი, იგივე კაკო, იგივე ახმედ, იგივე ედი, იგივე რამაზ, იგივე ტიტო, იგივე ვიტორიო, იგივე ლონგინოზ, იგივე შადიმან, იგივე ჯუანშერ, იგივე ბრუტუს, იგივე ლაიოშ, იგივე ბესარიონ, უუუუუფ, ხვედელიძე, დიახ, ბესო ხვედელიძე, რომელსაც ეკუთვნის ის სიტყვები, ზემოთ რომ დავიმოწმე ორ ქართველ მწერალსა და ერთ ჩვენებურ რეჟისორზე და ვისაც აქ ამდენი სახელით იმად ვიხსენიებ, რომ იმ თავის „ნამასტეში“, რომელშიც თხრობა პირველ პირში მიდის და რომელსაც გარეკანსა და სატიტულო ფურცელზე მხოლოდ ბესო ხვედელიძე აწერია ავტორად, მას – ავტორს, მთხრობელს და მთავარ გმირს, წიგნის მეორე მთავარი გმირი, ნეპალის ზღაპრული სიტუაციით გაბრუებული და დაჰაშიშებული ალექსა ხან რას ეძახის სახელად და ხან რას, და დადიან ეს ორნი ნეპალში და დაჰაშიშობენ და დაფანდურობენ და დამოგზაურობენ, დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე დამოგზაურობდა ჩეგევარული შემართებით დამუხტული დათო ტურაშვილი რეზო თაბუკაშვილთან თუ გიო მგელაძესთან ერთად და ეს ორი წიგნი, „კატმანდუ“ და „ნამასტე“ იმითაც ჰგვანან ერთმანეთს რომ ერთიც და მეორე მშვენიერი გზამკვლევია ნეპალში მოგზაურობის მსურველთათვის, რაც „ნამასტეს“ პირდაპირ აწერია კიდეც ქვესათაურად, და დაინტერესებული მკითხველები ამ ორი სახალისო და საინტერესო წიგნით ბევრს გაიგებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ და დღემდე იდუმალ ქვეყანაზე და სულ არ იფიქრებენ იმ სისხლიან ამბავზე, რომელიც ნეპალის სამეფო კარზე დატრიალდა და რომელიც ალბათ ყველაზე უხვსისხლიანი ამბავია, რაც საერთოდ სამეფო სახლეულთა შორის დატრიალებულა მსოფლიოში და რომელსაც მსხვერპლთა რაოდენობით და სისასტიკით მხოლოდ ნიკოლოზ მეორის ოჯახის დახვრეტა თუ შეედრება, და დიპენდრაც, თუმცა მხოლოდ სამი დღე იმეფა, ალბათ ყველაზე სასტიკი მეფეა მსოფლიო ისტორიაში, რომელმაც ყველაზე მეტი შინაური ამოწყვიტა და თანაც არა ძალაუფლებისთვის და ტახტისთვის, რაც სულაც არ იქნებოდა არნახული ამბავი, არამედ თავისი სიყვარულისთვის და თუმცა თავის დროზე იტონი ჰქონია დამთავრებული, ვერ გამოიჩინა შესაბამისი სიდარბაისლე, ალბათ არც სიყვარული ჰქონდა საკმარისად ძლიერი და ვერ თქვა ტახტზე უარი, თორემ ყველაფერი როგორღაც უფრო მშვიდობიანად მოგვარდებოდა, არც ამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა და დიპენდრას ბოლოს და ბოლოს იმ თავის შეყვარებულს მოაყვანინებდნენ და ტახტს მის უმცროს ძმას გადააბარებდნენ, როგორც ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში 1937 წელს, როცა ედუარდ VIII, რაკი თავისი ორჯერ განათხოვარი შეყვარებული არ დათმო, ზედმეტი სკანდალის გარეშე ჩამოაშორეს ტახტს, რომელზეც მისი უმცროსი ძმა ალბერტ უინძორი ავიდა ჯორჯ VI-ის სახელით, ვინც სულ პატარა ბიჭი იყო, როცა ჯიმ კორბეტმა პირველად გაიგო იმ ბენგალური ვეფხვის სახელი, რომელიც ნეპალელი კი იყო, მაგრამ ისტორიაში ჩამპავატის კაციჭამია ვეფხვის სახელით შევიდა და რომელიც დიპენდრამდე ყველაზე სისხლისმსმელი ნეპალელი სულიერი გახლდათ, თუმცა მის ამ შავბნელ რეპუტაციას ვერც დიპენდრას სისხლიანმა ამბავმა დააკლო რამე, რადგან თუ იტონის კოლეჯში განათლებამიღებულმა უფლისწულმა ცხრა ადამიანი ამოწყვიტა რამდენიმე წუთში და მერე თავისი უბედური თავიც ზედ მიაყოლა, ჩამპავატის კაციჭამიამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ნეპალში, თუმცა ამას გაცილებით მეტი დრო მოანდომა, სანამ დიპენდრას დიდი პაპის, ნეპალის მეფის პრითვი ბირ ბიკრამ შაჰის და მისი პრემიერის დევ ბაჰადურ რანას ბრძანებით მის წინააღმდეგ მონადირეების გარდა ჯარიც არ გამოიყვანეს, თუმცა მასთან ამდენმა ხალხმაც ვერაფერი გააწყო და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ დიდი გაჭირვებით ინდოეთისკენ გამოდევნეს და ამანაც იმ სასაზღვრო მდინარე სარდას გადმოლახვის შემდეგ ბევრი იარა თუ ცოტა იარა, კარგა ღრმად შემოვიდა ჩრდილოეთ ინდოეთში, კუმაონში და მის ძველ დედაქალაქ ჩამპავატამდეც ჩამოაღწია, რის გამოც დაერქვა მას სწორედ ჩამპავატის კაციჭამია, და ახლა აქ, კუმაონში იმ 200 ნეპალელს, რაც პირობითი რიცხვია, რადგან ნეპალში მის მსხვერპლთა რაოდენობას ზუსტად არ აღნუსხავდნენ, ერთი იმდენი ინდოელი დაუმატა, თავის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 436-მდე აიყვანა და ისე ქნა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ყველა დროის კაციჭამია ცხოველებს შორის და კუმაონში ისე გაბლატავდა, რომ დღისითაც თამამად დადიოდა სოფელ-სოფელ და დღითიდღე სულ უფრო და უფრო თამამდებოდა და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას, იქამდე, რომ ინდოეთის მთავრობა გვარიანად შეჩქვიფდა, ალმორის გარნიზონიდან მთელი რაზმიც კი გაუშვა ვეფხვთან საბრძოლველად და სპეციალური პრემიაც დააწესა მისი მოკვლისათვის, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა და სწორედ მაშინ იყო, რომ მალანში სანადიროდ წასულმა ჯიმ კორბეტმა ამ ვეფხვის ამბავი გაიგო ედი ნაულსისაგან, ინდოეთში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მონადირისაგან, რომელიც, კორბეტისავე სიტყვებით, მთელ ინდოეთში უპირველეს მსროლელად ითვლებოდა, და სწორედ ამ ნაულსმა სხვათა შორის უთხრა კორბეტს, რომ მისი ძუძუმტე, მსოფლიოში საუკეთესო შიკარი, ანუ პროფესიონალი მონადირე, რომლის გვარი კორბეტს თავის წიგნში არ უწერია, მთავრობას იმ კაციჭამია ვეფხვის მოსაკლავად გაუგზავნია, მაგრამ კორბეტისა და ნაულსის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ვეფხვი ვერ მოკლეს და მას მერე იგი ისევ ატერორებდა კუმაონის მოსახლეობას და ეს ტერორი კიდევ ოთხ წელს გრძელდებოდა, სანამ ის კორბეტმა არ მოკლა და ამ ამბავს ყველა დროის ეს ერთი ყველაზე გამოჩინებული მონადირე ძალიან შთამბეჭდავად აღწერს თავისი „კუმაონის კაციჭამიების“ პირველსავე მოთხრობაში, რომელიც იმით იწყება, რომ ოთხი წლის შემდეგ იმ ამბიდან, რაც კორბეტმა ნაულსისაგან ჩამპავატის კაციჭამიის სახელი გაიგო, კორბეტმა მუშაობა დაიწყო კოხტა ქალაქ ნაინიტალში, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის ერთ-ერთ სავაჭრო სააგენტოში და როგორც გამოცდილმა მონადირემ, ოლქის უფროსის მოადგილისაგან, მთელ კუმაონში უაღრესად პატივსაცემი პიროვნებისაგან, ბატონ ბერტაუდისაგან წინადადება მიიღო, კაციჭამია ვეფხვზე ნადირობაში მიეღო მონაწილეობა, რასაც კორბეტი მაშინვე დათანხმდა, მაგრამ ორი პირობა წამოაყენა, რომ ჩამპავატიდან ალმორის გარნიზონის ჯარისკაცები და მათთან ერთად მთავრობისგან მივლინებული შიკარი გაეყვანათ და, მეორე, ვეფხვის მოკვლისთვის დაწესებული პრემია გაეუქმებინათ, რადგან ჯერ ერთი, არ უნდოდა ვეფხვის დევნაში ვინმეს მისთვის ხელი შეეშალა ან მათ უსაფრთხოებაზე საზრუნავი დამატებოდა, და თან არ სურდა, პრემიის მაძიებელი ჰგონებოდა ვინმეს და თუ ვეფხვი მოერეოდა, პრემიას დევნაში დაღუპულის სახელი დარქმეოდა, და რაკი მისი პირობები ულაპარაკოდ მიიღეს, იგი ჩამპავატისკენ წასასვლელად გაემზადა, მაგრამ უცებ შეცვალა მიმართულება, რადგან ზედ წასვლის წინ მალემსრბოლებმა ამბავი მოიტანეს, რომ სოფელ პალში, დებიდჰურასა და დჰუნაგჰატს შორის ვეფხვს ქალი მოეკლა და კორბეტმა სასწრაფოდ დაიქირავა ექვსი კაცი ბარგისა და საჭურვლის საზიდად და იმავე დღეს 17 მილის მანძილზე მდებარე სოფელ დჰარიში ჩავიდა მათთან ერთად და უკვე მეორე დილას მათ სოფელ მორნაულაში ისაუზმეს, ის ღამე დებიდჰურაში გაათიეს და მომდევნო საღამოს, ქალის მოკვლის მეხუთე დღეს, პალში მივიდნენ, რომლის მთელი მოსახლეობა, დაახლოებით ორმოცდაათი ქალი, ბავშვი და მამაკაცი შიშით იყო შეპყრობილი და თუმცა მზე ჯერ არ ჩასულიყო, გარეთ თავის გამოყოფას ვერავინ ბედავდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კორბეტის თანამგზავრებმა კოცონი დაანთეს, ერთი-ორი ქოხის კარი გაიღო და რამდენიმე ადამიანი გარეთ გამოვიდა და კორბეტს აღელვებულებმა შესჩივლეს, რომ ვეფხვის შიშით სახლებში ჩაკეტილები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილი და შიმშილით სიკვდილი ელოდათ, თუ ვეფხვი აქაურობას არ მოშორდებოდა, ის კი, როგორც ჩანს, არსად წასვლას არ აპირებდა, სადღაც სოფლის განაპირას დაბანაკებულიყო და ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში მისი ღრიალი სოფელს ძილს უფრთხობდა, ხოლო იმ დღეს უნახავთ კიდეც სოფლის ბოლოში, სახლებიდან სულ რაღაც ასი იარდის მოშორებით, და ამის მიუხედავად, კორბეტმა თავისი ხალხი სოფლის მამასახლისის მიერ გახაზირებულ სახლში საიმედოდ დააბინავა, თვითონ კი ძილი არ ისურვა და ხეზე მიყრდნობილი ჩაუსაფრდა ვეფხვს იმ გზის პირას, რომელზეც, სოფლელთა თქმით, არაერთხელ უნახავთ ვეფხვი და კაშკაშა მთვარის შუქზე იმის იმედიც ჰქონდა, რომ იღბლიანი გასროლის შანსი მიეცემოდა, თუ ვეფხვს მოასწრებდა და უფრო ადრე დაინახავდა, ვიდრე ის ამას, და თუმცა კორბეტს მანამდეც არაერთი ღამე გაუთევია ჯუნგლებში ნადირის მოლოდინში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა იგი კაციჭამია ვეფხვის პირისპირ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო და ბევრი მონადირული მონათხრობისაგან განსხვავებით, თავის წიგნში გულწრფელად წერს იმ შიშის შესახებ, რომელიც მას იმ ღამეს დაეუფლა და იმაზეც, თუ როგორ ეჩვენებოდა ხის ტოტების მოძრავი ჩრდილები ვეფხვების ხროდ და როგორ ნანობდა, რომ ამ სარისკო საქმეზე დათანხმდა, მაგრამ ვერც ის გადაწყვიტა, ასე შიშნაჭამი, ხელმოცარული და სირცხვილეული დაბრუნებულიყო სოფელში და მთელი ღამე შიშისა და სიცივისაგან კბილს კბილზე აცემინებდა და როცა შორეული თოვლიანი მწვერვალები მზის პირველმა სხივებმა ააელვარა და მასთან მისი ხალხი მივიდა, იგი მუხლებში თავჩაქინდრული იჯდა და ვერ გაეგო, უნდა გახარებოდა, თუ უნდა წყენოდა, რომ კაციჭამია ვეფხვებზე სანადიროდ გასვლის იმ პირველ ღამეს ვეფხვისთვის თვალიც არ მოუკრავს და უკვე სოფელში დაბრუნებულმა, დილა ხომ მუდამ უფრო ჭკვიანი და მამაცია ღამეზე, სოფლის კაცებს სთხოვა, წამოდით, ერთი, გამიძეხით, მაჩვენეთ ის ადგილები, სადაც ვეფხვი გინახავთო, მაგრამ ეს ვერავინ გაბედა და მხოლოდ ხელით მიანიშნეს ის მიმართულება სოფლის დასავლეთით, სადაც ვეფხვმა ბოლო ადამიანი იმსხვერპლა და აღელვებულები დაწვრილებით უამბობდნენ კორბეტს, თუ როგორ წასულან ქალები და ბავშვები საქონლისთვის ფოთლების მოსაგროვებლად და შუადღემდე ორი საათით ადრე როგორ ასულან ქალები ხეებზე და როგორ დაუწყიათ ფოთლების სხეპა და სამ მათგანს ხრამის კიდეზე მდგარი ხე შეურჩევია და, როგორც კორბეტის თხოვნით დააზუსტა ერთ-ერთმა მთხრობელმა, ეს ხრამი 20 ფუტამდე სიღრმისა და 10-12 ფუტი სიგანისა ყოფილა, და ის იყო, ერთ-ერთ ქალს იმ სამთაგან ხიდან ჩამოსვლა დაუწყია, რომ მანამდე შეუმჩნევლად მიპარული ვეფხვი ფეხში სწვდა და დაქაჩა, თუმცა თავიდან ვერ ჩამოაგდო, რადგან ქალი თავგანწირულად იყო ჩაფრენილი ტოტს, მაგრამ განა როდემდე გაუძლებდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნას და როგორც კი ძალაგამოცლილმა ქალმა ტოტს ხელი შეუშვა, ვეფხვმა მძლავრად დაიქნია იგი და ხრამში გადაჩეხა და თუმცა საცოდავმა მაშინვე სცადა წამოდგომა, ვეფხვი ისეთი გაშმაგებით ეცა ყელში, როგორი გაშმაგებითაც დიპენდრამ დააცალა დედამისს იარაღი კატმანდუს სამეფო სასახლის ბაღში, და მერე გაგუდული მსხვერპლი ხრამიდან ამოათრია და მასთან ერთად ბუჩქნარში გაუჩინარდა და ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ხეზე გარჩენილი ის ორი ქალი აკანკალებული ადევნებდა თვალს და როგორც კი ვეფხვი თავისი მსხვერპლიანად თვალს მიეფარა, ისინი ფართხაფურთხით ჩამოვიდნენ ხიდან და სხვა ქალებთან და ბავშვებთან ერთად სოფლისკენ მოჰკურცხლეს, სადაც მამაკაცები ის-ის იყო, სადილად უნდა დამსხდარიყვნენ და გაიგეს რა მომხდარი ამბავი, დოლებითა და ჯამ-ჭურჭლით შეიარაღებულები, წინ კაცები და უკან ქალები, იმ ხრამისაკენ გაიქცნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ხმაური აეტეხათ იმ იმედით, რომ იქნებ ვეფხვისთვის მსხვერპლი გაეგდებინებინათ, მაგრამ მიაუხლოვდნენ თუ არა ბუჩქნარს, ვეფხვმა ერთი ისეთი დაიღრიალა, რომ ესენი ერთიანად დაიზაფრნენ და ყველამ უკანმოუხედავად მოუსვა და როცა სული მოითქვეს, იმის გარჩევა დაიწყეს, ვინ ატეხა პირველმა პანიკა და ვინ გამოიქცა პირველი და დიდი დავის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ისევ ეცადათ ვეფხვის დაფრთხობა და ეს მცდელობა კიდევ სამჯერ გაიმეორეს, და მესამე მცდელობისას ერთმა, რომელსაც თოფი აღმოაჩნდა, ყასიდად გაისროლა კიდეც, მაგრამ ვეფხვმა ბუჩქებიდან კიდევ ერთი დაიღრიალა და ამათაც ყოველგვარ შემდგომ მცდელობაზე ხელი აიღეს და როცა კორბეტმა ჰკითხა იმ თოფიანს, რაღა ჰაერში, ბუჩქებში რატომ არ ისროლე, საიდანაც ღრიალი მოგესმათო, იმან თავი იმართლასავით, რომ მომერტყა, მაგრამ ვერ მომეკლა და მხოლოდ დამეჭრა, ცოცხალი ვერ გადავურჩებოდიო და ამ ამბის გაგების შემდეგ კორბეტმა მთელი სამი საათი იხეტიალა სოფლის გარშემო ვეფხვთან შეხვედრის შიშნარევი იმედით, მაგრამ მხოლოდ ვერცხლისფერი ხოხბების გუნდი წამოაფრთხო, ამასობაში კი მისმა ხალხმა ვეება კაკლის ქვეშ ადგილი მოასუფთავა და ყველამ ერთად იქ ისაუზმა და საუზმის შემდეგ მამასახლისმა სთხოვა კორბეტს, რათა წაჰყოლოდა სოფლის კაცებს სამკალში და დაეცვა ისინი, რადგან, ყანა რომ არ მოემკათ, მთელი სოფელი შიმშილისგან ამოწყდებოდა, არადა ყველა ისე იყო შეშინებული, სამკალში წასვლა კი არა, სახლიდან გარეთ ვერ გამოდიოდნენ და კორბეტიც გაჰყვა გლეხებს ყანაში და მთელი დღე თოფით ხელში დარაჯობდა და აგულიანებდა მათ და საღამოსთვის ხუთი დიდი ყანა მთლიანად მომკეს და ორი პატარა ნაკვეთიღა დარჩათ, რაც მეორე დილისთვის გადასდეს, იმ ღამეს კი კორბეტს და მის ხალხს მამასახლისმა კიდევ ერთი შენობა გამოუყო, რომლის სავენტილაციოდ დატოვებული კარი კორბეტმა ეკლიანი ბუჩქით საიმედოდ ამოქოლა ვეფხვის შესაძლო თავდასხმისაგან დასაცავად და იმ ღამეს მშვიდად დაიძინა, ისევე როგორც შედარებით მშვიდად ეძინა კორბეტისა და მისი ხალხის იქ ყოფნით გულდანდობილ სოფლის მოსახლეობას და მეორე დილიდან თითქმის ჩვეულებრივად გავიდნენ სამუშაოდ, უკვე გვარიანად დამშვიდებულები, მაგრამ არც იმდენად, რომ კორბეტს ახლომდებარე ჯუნგლებში გაჰყოლოდნენ იმ ადგილების საჩვენებლად, სადაც შეიძლებოდა, რომ ვეფხვს გაევლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კორბეტისთვის, არადა სოფლელთა გარეშე, რომელთაც იმ არემარეზე ყოველი ფუტი ზეპირად იცოდნენ, ის ამას ვერ გააკეთებდა და ნაკვალევის გარეშე ვერაფრით დაადგენდა, ვეფხვი ძუ იყო თუ ხვადი, ბებერი თუ ახალგაზრდა, რაც მნიშვნელოვანი გახლდათ მასზე ნადირობისთვის და რაკი დილის ჩაის სმისას კორბეტმა ვერავინ აიყოლია სამეგზუროდ, ბოლოს ის იკითხა, სად შეეძლო დაეხოცა გორალები, რაც საკვებად სჭირდებოდა თავისი ხალხისთვის და კეთილგანწყობის დამსახურების მიზნით სოფლელებს იმასაც შეპირდა, რომ ნანადირევს სოფელსაც უწილადებდა და რაც შეეხება ამ გორალს, როცა პირველად წავიკითხე კორბეტის წიგნი, სქოლიოდან გავიგე, რომ გორალი მთის ანტილოპა თუ თხა იყო, დაახლოებით ისეთი, მრავალი წლის შემდეგ ჩემი კეთილი უფროსი მეგობარი და ძალიან მაგარი მწერალი ვაჟა გიგაშვილი რომ ხოცავდა ჩონ-ტაშში, მაგრამ ვერსად მივაგენი ვერც მის ფოტოს და ვერც მის აღწერილობას, სანამ ვიკიპედია არ გაჩნდა და მერე სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე ველური თხის მსგავსი ეს შენი გორალი კუმაონში 2018 წლის ექსპედიციისას, როცა კორბეტჰუდის სხვა წევრებთან – სოსო ჟორდანიასთან, კოტეჩა კრისტოფთან, ფერნანდო ოლივეირასთან, პრივრატ გადჰვისთან, მანფრედ ვალტლთან და სტუარტ გლეზერთან ერთად მოვიარე კორბეტის წიგნში აღწერილი ადგილები და მათ შორის სოფელ პალასაც ვეწვიე, რომელიც მთის თხემზე მდებარეობს და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ არის განფენილი და რომლის ჩრდილოეთი საზღვარი ციცაბო ტერასებად ეშვება ქვემოთ, საითკენაც მიუმისამართებიათ მრავალი წლის წინათ კორბეტი გორალებზე სანადიროდ და მასაც შეურჩევია სამი კაცი, ჩაჰყოლია ტერასებს და სამი გორალი მოუკლავს, ერთი თავისი ხალხისთვის და ორიც სოფლის მცხოვრებთათვის და იმ თავის წიგნში კორბეტი ისე დაწვრილებით, ისე დეტალურად აღწერს გორალზე ნადირობას, როგორც მრავალი წლის წინათ სულხან-საბა ორბელიანი აღწერს თავის მოგზაურობაში, ვთქვათ, რომის ამა თუ ტაძარსა თუ სასახლეს და ეს პარალელი გვიან გაჩნდა, უნივერსიტეტის მეორე თუ მესამე კურსზე, როცა სულხან-საბას „მოგზაურობა“ წავიკითხე პირველად, მაშინ კი, „კუმაონის კაციჭამიების“ პირველი წაკითხვისას, მე პირველად შევხვდი დოკუმენტურ ტექსტში ასეთ დეტალურ, ოქმისებურ აღწერას და თუ რაიმესთან შედარება შემეძლო, ალბათ მხოლოდ კონან-დოილისეულ აღწერებთან მის შერლოკჰოლმსიან დეტექტივებში, მაგრამ მასთან ეს ყველაფერი კორბეტისა და იმავე სულხან-საბასაგან განსხვავებით, მაინც ალბათ უფრო სქემატურია და ამავე დროს ალბათ უფრო ფუნქციურიც, და, მართალია, არ ვიცი, არასოდეს მინახავს დანაშაულის ადგილის საგამოძიებო აღწერა, მაგრამ, ვფიქრობ, კორბეტი სწორედ ასეთი სკრუპულოზურობით აღწერს თავისი ნადირობების ამბებს და, რაც მთავარია, და იმავე საგამოძიებო ოქმებისაგან განსხვავებით, ამას ის აკეთებს მრავალი წლის შემდეგ და რაც კიდევ უფრო მთავარია, მისი აღწერის მიხედვით დღეს დიდი სიზუსტით შეიძლება კაციჭამია ვეფხვებზე მისი თითოეული ნადირობის რეკონსტრუქცია, რის მონაწილეც მე თავად ვიყავი 2018 წელს და რასაც ასეთი წარმატებით ახორციელებენ კორბეტჰუდის ძველი და ძალიან გამოცდილი წევრები და რაც მშვენივრად არის ასახული მათ მიერ გამოცემულ კოლექტიურ ნაშრომში „ჯიმ კორბეტის ნაამბობს მიღმა“, რომლის პირველი ტომი 2016 წელს გამოიცა თბილისში და, როგორც კენიის ამბების თხრობისას უკვე ვთქვი, ელიზაბეთ მეორესაც გაუგზავნა კორბეტჰუდის ატამანმა სოსო ჟორდანიამ, მეორე კი, აგერ სულ ახლახან, 2020 წელს დაიბეჭდა ისევ თბილისში, და იმავე სოსო ჟორდანიას ჩანაფიქრით, თბილისი მალე კორბეტული კვლევა-ძიების ცენტრად შეიძლება იქცეს, მაგრამ მანამდე ჩემი სიტყვების დასტურად, მინდა გადმოვცე გორალზე კორბეტის ნადირობის მისეული აღწერილობა, რომელიც ნადირობის სულ-სულ პირველი აღწერილობაა „კუმაონის კაციჭამიების“ სულ-სულ პირველ მოთხრობაში, წიგნის მე-17 და მე-18 გვერდებზე და წინ უსწრებს კაციჭამიებზე ნადირობის კორბეტისეულ თითქმის ფოტოგრაფიულ აღწერებს და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პირველი წაკითხვიდან კარგა ხნის შემდეგ, როცა მაშინ ჯერ კიდევ მოკრძალებული ჩემი ბიბლიოთეკის ნაწილი ერთი ბინიდან მეორეში გადამქონდა და „კუმაონის კაციჭამიები“ კიდევ ერთხელ მომხვდა ხელთ, გულგრილად ვერ შემოვდე თაროზე და თავიდან გადავიკითხე და უკვე სხვა ცოდნითა და სხვა გამოცდილებით შეიარაღებულს, ზოგიერთი რამ არ მომეწონა თარგმანში და მოწონება-არმოწონება იქით იყოს და, რაკი ინგლისური ორიგინალი მაშინ ჩემთვის მიუწვდომელი გახლდათ და ჯერ არც ინგლისური ვიცოდი ისე, როგორც საჭირო იყო, რუსულ ტექსტს შევადარე და ვნახე, რომ ქართულ თარგმანში უზუსტობებიც მრავლად გაპარულიყო და თუმცა არავინ მეკითხებოდა, ისე, იტერესისთვის, გადავწყვიტე, გამესწორებინა ქართული ტექსტი და ჩავუჯექი და რამდენიმე გვერდი ისე აჭრელდა, რომ სწორება კი არა, ახალი თარგმანივით გამოდიოდა და, მე მგონი, სწორედ მაშინ დამებადა იდეა, კორბეტის ტექსტი მესამე პირში გადამეყვანა და ერთ გაბმულ თხრობად მექცია და ეს პირველად სწორედ გორალის ნადირობაზე ვცადე და თუმცა მერე კორბეტს თავი დავანებე, სხვა ტექსტებზე ხშირად ვხალისობდი მათ უწერტილო, გაბმულ თხრობად გადაკეთებაში, უფრო მერე რამდენიმე ორიგინალურიც შემომეწერა და ბოლოს სულაც ამ უწერტილო სარეკორდო რომანის დაწერა გადავწყვიტე და ახლა მინდა, თითქმის მთლიანად ჩავრთო აქ უწერტილობის ჩემი ის პირველი ცდა, რომელიც დაახლოებით იმ პერიოდს განეკუთვნება, როცა მე პირველად ვეწვიე ინდოეთსა და ნეპალს და როდესაც ჯერ კიდევ სათავგადასავლო ლიტერატურის ძლიერი გავლენის ქვეშ ვიყავი და როდესაც მხატვრული გამონაგონიდან და გამოგონილი თავგადასავლებიდან ჩემი ინტერესები ჩემთვისაც შეუმჩნევლად ნელ-ნელა დოკუმენტური ლიტერატურისაკენ იხრებოდა და კორბეტის „კუმაონის კაციჭამიები“ ამ მხრივ ერთგვარი ხიდი აღმოჩნდა თავისი ექსტრემალური სათავგადასავლო ხასიათით, ერთი მხრივ, და მკაცრი დოკუმენტურობით მეორე მხრივ და დღეს რომ ვუკვირდები, სწორედ ამ იანუსური ორსახოვნებითა და ერთგვარი შუალედურობით მხიბლავდა იმ პერიოდში ეს წიგნი, მიუხედავად საკმაოდ მოუხეშავი თარგმანისა, რომლის სრულყოფა იმ უწერტილო თხრობით ვცადე, რაც აკი ვთქვი, სწორედ სოფელ პალაში კორბეტის გორანზე ნადირობით დაიწყო, როცა ის სოფლიდან ციცაბო ფერდობზე დაეშვა, განმარტოებით მდგარ ფიჭვის ხეს მიეყრდნო და ყურადღებით შეუდგა მიდამოს თვალიერებას და თუმცა თავიდან ქვიანი ფერდობის მშვენიერი ხედის გარდა არაფერი ჩანდა, უცებ ბორცვის თავზე რაღაც მოძრაობა შენიშნა და როცა მოძრაობა განმეორდა, კორბეტმა ყურდაცქვეტილი გორალი დაინახა, რომელსაც ხშირი ბალახიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა და როცა იგი გაიტრუნა, სრულიად შეუმჩნეველი გახდა, რის გამოც კორბეტის მხლებლებმა იგი ვერ შეამჩნიეს და მან ვერ შეძლო ეცნობებინა მათთვის, რომ ცხოველი მისკენ გამოედევნათ, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ უსიტყვოდ ანიშნა, მიწაზე დამსხდარიყვნენ და არ განძრეულიყვნენ, სანამ თოფს არ გაისროდა, ხოლო თოფი, ძველი შაშხანა, ისეთი ჰქონდა, რომ ტყვია ორას იარდზეც შეინარჩუნებდა მომაკვდინებელ ძალას, და ისიც გაწვა მიწაზე, კონდახი ფიჭვის ფესვს მიაბჯინა, გულდასმით დაუმიზნა და გაისროლა და თოფის კვამლმა ისე დაბურა იქაურობა, რომ მისმა თანამგზავრებმა ვერ დაინახეს ვერც სამიზნე და ვერც გასროლის შედეგი და ეგონათ, რომ კორბეტმა უბრალოდ კლდეს ან გამხმარი ფოთლების გროვას ესროლა, ხოლო ამას ფეხი არ მოუცვლია, თოფი გადატენა და შეამჩნია, რომ იმ ადგილის ოდნავ ქვემოთ, რომელსაც პირველად ესროლა, ბალახი შეირხა და გორალის ჯერ კუდი და უკანალი გაკრთა, მერე კი მთელი ტანით გამოჩნდა და მოწყვეტით დაგორდა ფერდობზე, სადაც ხშირ ბალახებში მიმალული ორი სხვა გორალი დააფრთხო და ისინი შეშინებულები წამოხტნენ და ზემოთ გავარდნენ და კორბეტმა ცოტა შეიცადა, სანამ ამ ორთაგან უფრო მსხვილი ოდნავ შეანელებდა სირბილს და მერე ზურგში დაადევნა ტყვია და რამდენიმე წამის შემდეგ მეორე ტყვია შიგ ბეჭში ჩააჭედა მეორე გორალს და თავის ამ ნადირობას თავად აფასებს, როგორც საოცარ წარმატებას, როცა წერს, რომ უხერხულად წამოწოლილი ესროდა ორას იარდზე სამოც გრადუსამდე დახრილი კუთხით ისეთ პაწაწინა ნიშანში, როგორიცაა თეთრი წერტილი ნადირის ყელზე და აქ ალბათ არ არსებობდა ერთზე მეტი შანსი მილიონიდან, თუმცა ტყვია ერთი ბეწოთიც არ გადახრილა მიზნიდან, მყისიერად მოკლა გორალი, რომელიც შემდეგ კლდის შვერილებით დასერილ ფერდობზე ჩაგორდა ქვემოთ, სადაც ორი სხვა გორალი წამოაფრთხო და კორბეტის კიდევ ორი უზუსტესი გასროლის შემდეგ სამივე გორალი ხრამის ძირში აღმოჩნდა და, როგორც კორბეტი იხსენებს, სასაცილო იყო მის თანმხლებთა გაოცება და სიხარული, როცა ისინი ისეთი თავქუდმოგლეჯით ჩარბოდნენ ხრამის ფსკერისკენ, რომ კაციჭამია ვეფხვის არსებობა აღარც კი ახსოვდათ და ეს ნადირობა შემობრუნების წერტილად იქცა კაციჭამიაზე ნადირობისას, რადგან სამად სამი გასროლით კორბეტმა არა მარტო ბლომად საჭმელი იშოვა თავისი ხალხისთვისაც და სოფლისთვისაც, არამედ სოფლის მოსახლეობის ნდობაც დაიმსახურა, რომლებიც უკვე პურობისას დაუფარავად და აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ, თუ როგორ მოკლა კორბეტმა პირველი გორალი ერთი მილის მანძილიდან და მერე როგორ მიაყოლა კიდევ ორი გასროლით ორი სხვაც და ბოლოს როგორ დაბარებულივით დაეყარნენ სამივენი მის ფერხთით ხრამის ძირში და სწორედ ამ ამბების თხრობისას წერს კორბეტი თავის მოთხრობაში იმ აფორიზმივით ფრაზას, რომ „ნადირობის ამბები არაფერს კარგავს მათი მხატვრულად გადმოცემის გამო“, რომელიც მე „კუმაონის“ კაციჭამიების სულ პირველი წაკითხვისას ცალკე ამომიწერია ბლოკნოტში და რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხება თავად კორბეტს, რადგან თუ რამ იშვიათია მის წიგნებში, ეს სწორედ ნადირობის მხატვრულად გადმოცემა გახლავთ, თუმცა ეს კორბეტის სტილის ნაკლი კი არა უწინ მისი ღირსებაა და სწორედ კორბეტისეული თხრობის სტილი იძლევა საშუალებას რომ მისმა თაყვანისმცემლებმა მისი ნადირობების რეკონსტრუქცია მოახდინონ ამდენი წლის შემდეგ, მაგრამ მაშინ, იმ დღეს, კორბეტს არც თავისი სტილი ანაღვლებდა და საერთოდაც არ ფიქრობდა წიგნის დაწერაზე, რადგან მისი ერთადერთი საზრუნავი კაციჭამია ვეფხვისაგან ხალხის დახსნა და საკუთარი უსაფრთხოება იყო და როდესაც პურობის შემდეგ სოფლის მამასახლისმა ჰკითხა კორბეტს, საით ისურვებდა წასვლას და რამდენი კაცი სჭირდებოდა თანამგზავრად, მან იქ შეკრებილთაგან, რომლებიც მას გორალებზე სანადიროდ ახლდნენ, ორი კაცი გამოარჩია და მათთან ერთად გაეშურა ტრაგედიის ადგილისაკენ, ხოლო წასვლამდე, როცა სამზადისი თითქოს უკვე დამთავრებული ჰქონდათ, იმ უბედური ქალის მშობლები შეევედრნენ, რომ იქნებ ცხედრის სულ მცირე ნაწილი მაინც მოეტანა, რათა ინდოელთა ადათის თანახმად დაეწვათ იგი და ამით მოეხადათ თავიანთი უკანასკნელი ვალი დაღუპულის სულის წინაშე, მაგრამ ამ თხოვნის შესრულება კორბეტისთვის მნიშვნელოვანი კი იყო, თუმცა მთავარი სულაც არ ყოფილა, რადგან მისთვის მთავარი, ვიმეორებ, კაციჭამია ვეფხვის მოკვლა იყო და მანაც ყურადღებით მოისმინა იმ ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველთა ნაამბობი, მაგრამ მათ აღწერებს, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ფრაგმენტული იყო, ბოლომდე არ დაეყრდნო და ჯუნგლებში ნაკვალევის ამოცნობისა და მიყოლის ბავშვობიდანვე კარგად შეთვისებული ჩვევის წყალობით დარწმუნდა, რომ ვეფხვს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო შეუმჩნევლად მიპარულიყო ხესთან, თუ ხრამიდან ამოვიდოდა და სწორედ იმ ხრამს ჩაუყვა ხიდან ასიოდე იარდით მოშორებით და რბილ, ნოტიო მიწაზე თათების ანაბეჭდებით დაასკვნა, რომ კაციჭამია ახალგაზრდა ძუ ვეფხვი უნდა ყოფილიყო და მერე წარმოიდგინა, თუ როგორ იყო ჩასაფრებული ვეფხვი ქვასთან, ხიდან ათიოდე იარდზე იმის მოლოდინში, თუ როდის დაიწყებდა ქალი ხიდან ჩამოსვლას და როცა მან ყლორტები მოჭრა დაამთავრა და ორიდიუმიან ტოტზე დაყრდნობილმა ქვემოთ ჩამოსვლა დაიწყო, როგორ შედგა ვეფხვი უკანა თათებზე და როგორ სტაცა პირი ფეხში და როგორ დაიქნია ხრამისაკენ და კორბეტთან ერთად თითქოს მეც დავინახე, ხის იმ ტოტზე შერჩენილი ქალის ხელისგულის კანის ნაფლეთები და სისხლის გამხმარი ლაქა და კორბეტთან ერთად მეც წარმოვიდგინე, როგორი თავგანწირვით ებღაუჭებოდა საცოდავი ქალი ხის ტოტს და სიცოცხლეს და მერე კორბეტთან ერთად გავყევი ხრამის ფსკერს, გავედი მოპირდაპირე მხარეს და სისხლიანი ნაკვალევის ბოლოს მივადექით იმ ადგილს, სადაც ვეფხვს თავისი ნადავლი შეეჭამა და სადაც ქალის ტანსაცმელი ეყარა და აქ კიდევ ერთხელ ჩავხედე კორბეტის წიგნს და აქაც მივადექი იმ ადგილს, სადაც ამ ამბების თხრობისას იგი წერს იმის შესახებ, რომ არ არის მართალი ფართოდ გავრცელებული აზრი, თითქოს კაციჭამია ვეფხვები პირს არ აკარებენ თავიანთი მსხვერპლის თავსა და ხელ-ფეხს და რომ სინამდვილეში ისინი არა მარტო ადამიანის თავსა თუ ხელ-ფეხს, სისხლით გაჟღენთილ ტანსაცმელსაც კი ჭამენ და ეს კორბეტს ერთხელ თურმე საკუთარი თვალითაც უნახავს, ხოლო იმ დღეს მან უბედური შემთხვევის ადგილას დაღუპული ქალის ტანსაცმელი და ძვლის რამდენიმე ნატეხი იპოვა, რომლებიც სათუთად შეახვია სპეციალურად საამისოდ წამოღებულ სუფთა ნაჭერში და სოფელში დაღუპულის მშობლებს მიუტანა, რათა მათ კრემაციის ტრადიციული რიტუალი აღესრულებინათ, თავად კი ერთი ტოლჩა ჩაით მომაგრების შემდეგ მეორე ტრაგედიის ადგილის მოსანახულებლად გასწია, რომელიც რამდენიმეაკრიან მცირე დასახლებას წარმოადგენდა და სოფლისგან გზით იყო გამიჯნული, ხოლო ამ გზის დასაწყისში, ბორცვის ფერდობზე იქაურობის პატრონს პატარა ქოხი აეშენებინა და თავის ცოლთან და ორ შვილთან – ექვსი წლის გოგონასა და ოთხი წლის ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობდა და ერთხელაც ეს ქალი თავის უფროს დასთან ერთად თივის დასამზადებლად ასულა იმ ბორცვზე და სად-იყო-სად-არა, მოულოდნელად ის ძუ ვეფხვი გამოჩენილა და უფროსი და გაუტაცია და ეს კივილითა და ნამგლის ქნევით დასდევნებია და მთელი ასი იარდის მანძილზე სდია თურმე და ტირილით ეხვეწებოდა კაციჭამია ვეფხვს, მისი და გაეშვა და ეს თავად წაეყვანა და მთელი სოფელი ყოფილა ამ ქალის თავგანწირვის თვითმხილველი და ისიც ყველას დაუნახავს, რომ ვეფხვმა თითქოს მუდარა შეისმინაო, ასიოდე იარდის შემდეგ მსხვერპლს პირი უშვა, მიწაზე დააგდო და ღრიალით გამოექანა ამისაკენ, მაგრამ ამას ყველაფერთან ერთად ის თავისი მუდარაც დაავიწყდა და თავქუდმოგლეჯილი დაეშვა სოფლისაკენ, რომ საშინელი ამბავი ეცნობებინა და შველა ეთხოვა, თუმცა სოფლელები ისედაც ყველაფერს კარგად ხედავდნენ და როცა კაციჭამია ამას დაეხსნა და პირველ მსხვერპლს მიუბრუნდა, სოფლის კაცებმა ახრიალებული ქალი მიატოვეს და მისი დის საშველად წავიდნენ, ვისაც რა მოხვდა ხელთ, იმით შეიარაღებულები, და როცა ხელმოცარულები დაბრუნდნენ უკან, დაინახეს, რომ ეს საცოდავი ქალი შიშისაგან თუ თავგანწირული ყვირილისაგან დამუნჯებულიყო და როდესაც კორბეტს ეს ყველაფერი უამბეს და როდესაც მან ეს მუნჯი, მაგრამ არაყრუ ქალი ნახა სოფელში, იმ ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი იყო გასული და თუმცა კორბეტს ქალი სრულიად ნორმალური ეჩვენა, მას თვალებში ის უწინდელი შიში ჩარჩენოდა და როცა კორბეტმა უთხრა, რომ აქ მისი დის მკვლელი ვეფხვის მოსაკლავად იყო ჩამოსული, მან ხელები მომუჭა, კორბეტის წინ მიწაზე დაემხო და ფეხებზე კოცნა დაუწყო, რითაც იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და, ვინ იცი, კორბეტმა ინანა კიდეც, რომ ასე თამამად განუცხადა მას თავისი მიზანი, რადგან სწორედ მან ყველაზე კარგად იცოდა, რომ თუმცა მტკიცე განზრახვით ჩასულიყო სოფელში, ამ განზრახვის ხორცშესხმა, მისივე სიტყვებით, სხვა არაფერი იყო, თუ არა თივის ზვინში ნემსის ძებნა, რადგან მას საქმე ჰქონდა მხეცთან, რომელსაც უკვე ამდენი ადამიანი მოეკლა, მაგრამ არასოდეს ერთსა და იმავე ადგილას, და გარდა ამისა, ის არასოდეს მიბრუნებულა თავის ნადავლთან, რის გამოც განსაკუთრებით ძნელი იყო კვალში ჩადგომა, ხოლო არე, სადაც კაციჭამია ასე შეუზღუდავად დანავარდობდა, რამდენიმე ასეულ კვადრატულ მილზე იყო გადაჭიმული და, როგორც ჩანს, ეს ადგილი, სადაც კორბეტი მას უშედეგოდ ეძებდა, ვეფხვს მალევე დაეტოვებინა და რაკი რჩევა-დარიგების მიცემა და სწორ გზაზე დაყენება არავის შეეძლო, რადგან კუმაონში ეს კაციჭამია ვეფხვის გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო, კორბეტმა ამ პირველი წარუმატებლობის შემდეგ გადაწყვიტა, რაიმე სხვა გეგმა შეემუშავებინა და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მზის ამოსვლიდან დაბინდებამდე დაეხეტებოდა ჯუნგლებში და სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიარა ის ადგილები, სადაც, იქაურთა თქმით, ვეფხვი შეიძლებოდა გამოჩენილიყო, მაგრამ
გაგრძელება იხ. მომდევნო ფრაგმენტში