კვირა ნეკერ-ქალაქში


კვირა ნეკერ-ქალაქში




 

(შეხმიანება ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიასთან)

 

ამ ორიგინალურ და მრავალმხრივ საგულისხმო კრებულს, ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიას, საერთო სახელწოდებად შეურჩევდნენ: „ვათავისუფლებ“ – სათაურს დალილა ბედიანიძის იმ დაუოკებელი სწრაფვით აღვსილი ლექსისა, რომელიც გამოქვეყნებისას გარკვეულ აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

ზოგისათვის ეს იქნებოდა ლირიკული მანიფესტი, ზოგისთვისაც – სიტყვებით თამაში თუ სულაც უყაირათო ფლანგვა, რადგანაც ამ ტოტალურ გათავისუფლებას, შეუძლებელია, რაიმე სასიკეთო მოეტანა პოეზიისა თუ მკითხველისათვის.

პრესაში ეს მეორე თვალსაზრისი იჩენდა თავს, გამოქომაგებით რომ არავინ გამოექომაგებოდა ამ პოეტურ ნიმუშს, რომლის სულისკვეთებითაც:

უნდა გათავისუფლებულიყვნენ ოთხ სტრიქონზე ჯვარცმული რითმები და მარცვლებდათვლილი სიტყვები ლექსში, უნდა გათავისუფლებულიყვნენ სიმღერაში დამწყვდეული მტრედები, შეყვარებულები, ბავშვები, დედები, მიცვალებულები, მხატვრის ფუნჯისაგან უნდა გათავისუფლებულიყო ზღვის მორჩილი ტალღა... გათავისუფლებულიყო ჯოკონდას ღიმილი, გათავისუფლებულიყვნენ წუთები, საათები, დღე და ღამე, დრო დროისაგან გათავისუფლებულიყო... უნდა გათავისუფლებულიყო ყველა და ყველაფერი, გათავისუფლებულიყვნენ ვიოლინო, საღებავი, ფანქარი, სახლები და ქუჩები, ყველა საგანი და არასაგანი გათავისუფლებულიყო, გათავისუფლებულიყვნენ ყველა დარაჯი და არადარაჯი და მერე... მერე თვითონ თავისუფლებაც გათავისუფლებულიყო!

და... რა რჩებოდა ყველასა და ყველაფრის, თვით დროისა და აგერ, თვით თავისუფლების გათავისუფლების შემდეგ?

რა რჩებოდა და: პოეზია – ის, რაც ხშირად უდრის ლექსს და ხშირად... არც უდრის, რაკიღა ყველა ლექსი არ არის პოეზია, და ყველა პოეტური აღმაფრენა კი, სულაც არ არის აუცილებელი, ლექსის არტახებში გამოიჭედოს. და მარცვლებდათვლილ სიტყვებსაც ისევე ესაჭიროებათ გათავისუფლება, როგორც არათანაბარზომიერ სტრიქონებსა და დარღვეულ სტროფიკას.

სადღაც უნდა მიკარგულიყო დალილა ბედიანიძის ის ლექსი, ვიდრე ამ ანთოლოგიაში არ ჰპოვებდა თავის ადგილს და... სულაც საერთო სახელწოდებად მოერგებოდა მისი სათაური მთელს კრებულს, ორიგინალურს იმ მხრივაც, ორენოვანი რომ არის – ქართული და ინგლისური – და, რაც მთავარია, იმ სულისკვეთებით აღვსილა, ამ ლექსის მხატვრული მრწამსი რასაც გვიცხადებს – დაუოკებელი შინაგანი თავისუფლებით.

ამ ანთოლოგიის აღნაგობა და თავისებურება, მისი სიღრმე და შთამბეჭდაობა ორ პოეტს უნდა განესაზღვრა:

ნატა ვარადასა და ნინო დარბაისელ-სტრონს, მათ მხატვრულ გემოვნებასაც, სულიერ თანაზიარობასაც და იმ პროფესიონალიზმსაც, რომელიც თავის უკეთეს გამოვლინებაში გულისხმობს იმ უანგარობასაც, როდესაც გიყვარს ლიტერატურა და არა შენი თავი ლიტერატურაში.

იდეა მისი შედგენისა გაცილებით მოკრძალებული გახლდათ, ვიდრე ანთოლოგიური ყაიდის გამოცემაა. მეგობრებს ძალიან რომ დაენანებოდათ ახალგაზრდა პოეტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ნინო ნეკერიშვილის, ფსევდონიმით: ნინა-ტარკ ნეკერის, გასვლა წუთისოფლიდან, ნატა ვარადა გადაწყვეტდა, რომ მისთვის მიეძღვნათ მცირე პოეტური კრებული, რომელშიც დაიბეჭდებოდა გარდაცვლილი პოეტის რამდენიმე ლექსიც და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მეგობრისაც. და კარგი იქნებოდა, თუკი კრებული ბილინგვური სახით გამოიცემოდა.

ნინა ნეკერის რამდენიმე ლექსი იმთავითვე შეირჩეოდა, მათ შორის უპირველესად რომ ივარაუდებოდა „კვირის სიზმარი“, რომელიც გაუწყებდა, რომ:

ხვალ კვირა უნდა ყოფილიყო ნეკერ-ქალაქში. და სიმშვიდის ნიშნად ხეები მწვანე დროშებს ააფრიალებდნენ, სხვა დროს გულგრილნი რომ რჩებოდნენ. განთიადიდან საკმევლის სუნი მოეფრქვეოდა ეკლესიებსა და მის მიდამოებს. ლირიკულ გმირს კი, უღმერთოდ დაღლილს, მარჯვენა ლოყა შიშველ მკლავზე მშვიდად ედებოდა. თვითონ იძინებდა, მისი სული კი ისეირნებდა მთავარ ქუჩებში. აჟივჟივებული პატარების თვალებს გაჰყვებოდა და ზეცაში კუდმოქნეულ ფრანად იქცეოდა...

და ნეკერ-ქალაქში – სიზმარეთის მთავარ ჭიშკართან – ხვალ პაემანი დაენიშნა ლირიკულ გმირს ლამაზ მომავალთან...

მხოლოდ ნეკერ-ქალაქში...

და მხოლოდ სიზმარეთის მთავარ ჭიშკართან თუ ეგულებოდა ის ლამაზი მომავალი, რომელიც ყოფით რეალობაში აუხდენელი უნდა დარჩენილიყო... მაგრამ თავისებურად გამოშუქებულიყო თუნდ ამ კრებულით, რომელიც ნეკერ-ქალაქში სიარულის განცდასაც გიჩენს, სიზმარეთის საუფლოში ბორიალისაც, ყველა და ყველაფერი რომ გათავისუფლებულა... და თვით დროც და თვით თავისუფლებაც...

მერე ისე უნდა მომხდარიყო, რომ ავტორთა წრე გაზრდილიყო... და ეს უკვე ნინო დარბაისელთან შეთანხმებით, რომელიც თავს იდებდა ანთოლოგიის ინგლისური ვერსიის შექმნას და თავსაც დაადებდა, რათა კრებულის ყველა მონაწილე ღირსეულად ამეტყველებულიყო ინგლისურადაც.

წრე ამასობაში კიდევ უფრო გაიზრდებოდა _ ანთოლოგიას კიდევ უფრო გამოკვეთილი სახე რომ ჰქონოდა.

თავს რომ არ დაზოგავდა ნინო დარბაისელი, მისი ერთი – თუმც ვრცელი – ლექსიც „ლოცვა უსირცხვილობისათვის“ მოხდენილად ჩაერთვოდა ანთოლოგიას, შემძვრელი თავისი სიმძაფრითა და დრამატიზმით, სულის ღრმა ხვეულების გაშიშვლებითა და ყოფითობის იმ უსულგულობის წარმოჩენით: ნეტარება სუსტს კი არა, ძლიერს რომ ერგება და მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა. ხოლო სირცხვილის იმსაუკუნო ხის ტოტებზე ზეწრით ან ბაწრით თავჩამომხრჩვალებს ღამღამობით მოჩიფჩიფე ქარი აქანებს და სიბნელეში მონოტონურ ჭრიალად მოისმის: სირცხვილი – შენი! მსხვერპლი მუდამ დანაშავეაო.

და ქალთა ღიმილი ზოგჯერ უამრავ გაუმხელელს რომ ფარავს, სირცხვილის კომბლით რომ დასდგომიან, ვით ცხვრების ფარას, რადგან: დამკარგავს ამტყუნებენ, არა მომპარავს. და ღმერთს რა შეიძლება შესთხოვო, თუ არა: უშველოს გოგოებს და ქალებს უშველოს, არიდოს გვერდით – მხეცი და ფიქრი – ბეცი,  მისცეს ძალა – გაარჩიოს მართლის განცდილი...

და ცხოვრების პარადოქსს უნდა შეეხალოს პარადოქსულივე პოეტური აზრი და განცდა, რადგან სხვაგვარად საშველს ვერ იპოვნი, პარადოქსის მიღმა კვლავ სულიერი სიწმინდე რომ ინარჩუნებს თავს:

 

ღმერთო,

მიეცი უსირცხვილობა თავისი წილი!

რაკი ძლიერთა გულწრფელობაუტიფრობაა,

ეს იყოს მისი არახმალი, არამედ ფარი.

დე იყოს იგი უსირცხვილო და უტიფარი,

აღარასოდეს არ დაფაროს არდასაფარი!

ამინ!

 

თითქოს ამ ლექსის უშუალო პათოსსა და მრწამსს აგრძელებდეს ნატა ვარადას „სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება“, თავისებური რეკვიემი ამ ოჯახის ტრაგედიაზე, თუმც ამჯერად სჯობს გავიხსენოთ ნინა ნეკერისადმი მიძღვნილი პოეტური სტრიქონები, მეგობრის ფოტო ავატარად რომ შემორჩენია, სუბტროპიკულ ყვავილებში გადაღებული, როგორც ელფის, როგორც ზღვის გოგონასი, ხმელეთზე რომ ვეღარ სუნთქავს.

თვალებდახუჭული მძინარეს უფრო მოჰგავს, ტრანსში მყოფს, ვიდრე... რასაც ნატა ვარადა მაშინ გაიფიქრებდა, მაგრამ არ იტყოდა, არ იტყოდა, არ იტყოდა... და ახლა შემოდგომის ნოემბრებში მძინარეა და ყვავილების წვიმა ახურავს, მუნჯი და ჩუმი მუსიკით გარემოცული, უხილავი, თან მარადიული... და დამსგავსებია, ამ ორქიდეების გადამკიდე, ჰამლეტის გოგოსაც...

და ესეც და ბევრი რამის თქმაც მის სიცოცხლეში რომ ვერ მოუხერხდებოდა, ახლა ფოტო ეგულება ავატარად, და თუ სძინავს ნინა ნეკერს საუკუნო ძილით, ნატა ვარადას სიზმრებში ხომ შეიძლება მაინც იცოცხლოს.

საბოლოოდ კი თავი უნდა მოეყარა 18 პოეტის 50 ლექსს, და თუმც ლექსები განლაგდებოდა არა ქრონოლოგიურად, არამედ ანბანის რიგზე, ანთოლოგიის ფარული ჩარჩო მაინც ამ ორ პოეტს უნდა შეეკრა – ანა კალანდაძესა და ნინი ელიაშვილს: ყველაზე უხუცესსა და ყველაზე უმრწემესს, რომელიც – რამდენიმე მონაწილისა არ იყოს – ვერაფრისდიდებით ვერ მოხვდებოდა სხვათა მიერ შედგენილ ანთოლოგიური ყაიდის გამოცემაში,  ბოლოს და ბოლოს იმჟამად ჯერ პოეტური კრებულიც კი არ გამოეცა (მხოლოდ მოგვიანებით გამოვიდოდა მისი პირველი წიგნი "წერტილის შემდეგ"), მაგრამ  დახვეწილი გემოვნებით მომზადებული ამ ანთოლოგიის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, შემდგენელმა – ნატა ვარადამ – თამამად რომ დაარღვია შაბლონი – თითქოსდა დებიუტანტის ადგილი არ იყოს ამგვარ გამოცემაში, ისევე, როგორც ოდნავადაც არ გაითვალისწინა არალიტერატურული გარემოებანი _ სნობური წრეების აზრი იქნებოდა თუ ხელოვნურად შექმნილ პოეტესათა პირადი მონდომება.

ანა კალანდაძეს თავისებურად უნდა მოეშარავანდებინა ანთოლოგია და განესაზღვრა მისი რანგი, ჭიამარიას მისეულ მონატრებასა თუ ურარტუს მოლანდებას, მზის მაღმერთებელი წინაპარი ქართველთა მოდგმისა რომ ააგუზგუზებდა ცეცხლს ურარტუს ქვაბებში და... კიდეც წაესწრაფებოდა მზისაკენ რძისფერი კვამლი...

და უნდა აყვავილებულიყო მისი სიხარულის ლამაზი ტოტი – ზეცად მხმობელი... და დაეხარა თავის ლირიკულ გმირს, ყვავილებით უცხოდ მკობილი, მშვენებისა მისის წინაშე... და კიდეც მოესმინა ჩურჩული ქერუბიმთა ფრთათა შრიალში:

 

მალე, სულ მალე დაცვივიან

ეგე ყვავილნი,

ულეველი ბრწყინვა რომ ჰქონდათ!

აყვავდა ჩემი სიხარულის

ლამაზი ტოტი!

 

ნინი ელიაშვილის უსათაურო ლექსში კი თითქოსდა ის „ურარტული მოლანდება“ გადმოსულა, ყოველ შემთხვევაში, მტაცებელი ცხოველისაგან არ განერჩევა თავი, და ჭრილობები, რომელთაც სატრფოს აყენებს, თვითონვე გამოსდის ტანზე, მზის გულზე დაწოლილი წყლულების მოსაშუშებლად სხეულს დასერილი ენით რომ ილოკავს, კუნძულებიანი ენით.

 

შენ კი ცაზე ხარ გადაჭიმული.

და ვგრძნობ, როგორ მენატრება ყველაფერი.

შეუძლებელია გადარჩენა

ამ დროს, როდესაც მზეზე ვწვები და შენ მოდიხარ,

რადგან ყველაფერი დამავიწყო.

და ჩემთან ერთად ლოკავ შენს ჭრილობებს

ჩემს სხეულზე.

 

შეიკვროდა მონაწილეთა რკალი, თავს მოიყრიდა პოეტთა ეს მწკრივიც და... დადგებოდა დრო განზრახვის გარდასახვისა წიგნად, „ინტელექტი“ რომ იდებდა თავს, ერთი საუკეთესო გამომცემლობა, გამორჩეული სულიერ ღირებულებებზე ზრუნვით, ხელიდან რომ არ გაუშვებდა შესაძლებლობას, შესწეოდა ამ უანგარო გარჯასაც; წიგნად მომზადება კი დაისაჭიროებდა შესავალ სტატიასაც, ერთბაშად სამიც რომ უნდა ეშოვნათ, თანაც ისე მოხდებოდა – წინასწარგანზრახვითა თუ იდუმალი კანონზომიერებით – სამივე წერილის ავტორი ლიტერატურის კრიტიკოსი და მკვლევარიც უნდა ყოფილიყო და იმავდროულად პოეტიც.

ნუგზარ ზაზანაშვილი ეჭვის თვალით შეხედავდა იმ კრიტიკოსებს, რომელნიც თავიანთი მხრივ ეჭვის თვალით უყურებდნენ ასეთ, გენდერულად განმხოლოებულ წიგნებს: პოეტი პოეტია და აქ სქესობრივი განსხვავება როლს არ უნდა თამაშობდესო.

მაგრამ უნდა გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება:

პოსტსაბჭოთა დროში, განსაკუთრებით კი XXI საუკუნის საქართველოში ქალთა პოეზიის ბუმის შემსწრენი რომ გავხდებოდით. ერთბაშად უნდა გამოჩენილიყო ათეულობით ნიჭიერი, ორიგინალური ხელწერის მქონე პოეტი ქალი, და ამდენი გამორჩეული ქალი კალმოსანი კი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰყოლოდა.

რატომ უნდა მომხდარიყო ეს და მაინცდამაინც საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ, ამის მიზეზების ძებნას ნუგზარ ზაზანაშვილი სხვა დროისათვის გადადებდა, ამჯერად კი იკმარებდა თვითონ ფაქტის ახსნას:

ამ „მოზღვავებულ“ ახალ ნაკადს ბუნებრივად, შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი, გასჩენოდა მკაფიო გამოხატვის სურვილი და სწორედ ამას გამოსახავდა საქართველოს ქალთა „გახშირებული“ ანთოლოგიები.

ორმაგად სასიხარულოდ ეჩვენებოდა, რომ ეს წიგნები უკვე თარგმნილიყო ინგლისურად და გერმანულად; და იმედოვნებდა, რომ მომავალში სხვა ენებზეც ჰპოვებდნენ ახალ სიცოცხლეს.

იზა ორჯონიკიძე იმთავითვე შეეცდებოდა გარიდებოდა გალაკტიონ ტაბიძისა და ანა კალანდაძის ზეგავლენას და ეძია თავისი გზა პოეზიის კლასიკური გეზის შენარჩუნებითა და სიტყვის იშვიათი გრძნობით, ამავდროულად კი იმ გაშიშვლებული ნერვის წარმოჩენით, ეროტიკის იმგვარი გადახსნით, რაც იმჟამად ლიტერატურულ ერესად აღიქმებოდა. ანთოლოგიისათვის კი უფრო განწყობილებისმიერი ლექსები შეერჩიათ.

 

უკვე ივსება ღარტაფები

ქარვისფერი ჩემი ნაღველი,

ტყიდან ნოტიო,

მზის ნამცვრევი შუქი მოჟონავს...

, სიყვარულო,

ცხრილით მოგაქვს

შენ ჩემთვის წყალი...

 

ლია სტურუასაც არ დაჰკლებია ლიტერატურული ერეტიკოსის სახელი, მაგრამ ეს უფრო ვერლიბრის დასამკვიდრებლად თავგადადებული გარჯის გამოისობით, ამ პოეტური ფორმის წინააღმდეგ გავეშება იქამდეც რომ მივიდოდა, პოლიტიკურ სარჩულსაც კი გამოაკერებდნენ და ვერლიბრისტობას... პოლიტიკურ დისიდენტობასთანაც კი გააიგივებდნენ. და ერთი გარემოებაც აღსანიშნავია: ლია სტურუას შემოქმედება იმ მხრივაც დასაფასებელია, რომ მთელი სკოლა შექმნა, არაერთი პოეტის – და არამარტო პოეტესას – ლექსებშია საცნაური მისი ზეგავლენის კვალი.

 

მარცხენა გვერდზე რვეულის ხახუნისგან

ცეცხლი მიჩნდება, კუთხეში ვანთივარ,

დანარჩენ ფართობზეჩემი ნაწყვეტები,

ანარეკლები,

მერე, აულაგებელი ლოგინის ეროტიკა...

რვეული და მელანი,

ჩემი ციხის პური და წყალი...

რა ტკბილი იყო

რძეში ჩამხობილი მარწყვის ჟრუანტელი...

 

ესმა ონიანი სიცოცხლეში ლიტერატურულ კულუარებს ვერც გაცდებოდა, თითო-ოროლა მკითხველის ანაბარა დარჩენილი, დღესდღეობით კი წარმოუდგენელია XX საუკუნის სამწერლო პროცესებზე საუბარი და განსჯა, მისი ლირიკის გაუთვალისწინებლად, შიშველი ნერვი აქაც ძალუმად რომ ფეთქავს.

ლექსში „შენ უმაღლესო“, ეპიგრაფად რომ უძღვის სტრიქონები ფაინგალა-უპანიშადიდან:

– გათავისუფლდა – ვინც შეერთო მას, როგორც წყალი წყალს, ცეცხლი ცეცხლს, სივრცე სივრცეს.

ამგვარ პასაჟსაც შეხვდებით ორმაგი სიმბოლიკით:

 

ბაგის შიდა გულს როგორც თბილი

ხვდება ნასუნთქი და სველი სიტკბო,

ან უპეები როგორც გრძნობენ ცრემლის ცხელ სრიალს,

ან მოცახცახე ხელისგული

ვნებით დაცვარულ ძუძუს რომ იკრობს, –

ჩემი სხეული შენს სხეულს მიაქვს როგორც ბადაგი,

ბადაგშივე გადანადუღი.

 

გიორგი ლობჟანიძეს თვითონაც მოუხდებოდა ანთოლოგიური ყაიდის პოეტური კრებულის მომზადება და თავის თავზე გამოცდიდა ამ უმადური საქმის მთელს სიამესაც და... სიმწარესაც, დაუმსახურებელ კილვასა თუ ძრახვას, დაუსრულებელ უმართებულო საყვედურებს...

თუმც შეპუებით არ შეპუებია და კვლავაც განაგრძობს ანთოლოგიებზე მუშაობას, იმავდროულად კი, მეორე არანაკლებ უმადური საქმის, მიმოხილვითი სტატიების წერასაც, ასერიგად აუცილებელისა სამწერლო ცხოვრებისათვის...

და ქალთა ამ ანთოლოგიის შესავლად დართულ ნარკვევშიც შეეცდებოდა ,არ ეკმარა ზოგადი მსჯელობა და ზუსტი შტრიხებით წარმოეჩინა და შეეფასებინა ის პოეტები, რომელნიც არსებითად განსაზღვრავენ კრებულის რანგსა და მნიშვნელობას, საერთოდ კი ანთოლოგიის გამოცემისა და მის ავტორთა შემოქმედებითი პროფილი ამგვარად განეზოგადებინა და დაებეჯითებინა მკითხველისათვის:

– პოეზიამ დღეს, არსებითად, ახალ ერაში შეაბიჯა და ტიპოლოგიურად განსხვავებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეს ახალი ერა ახალი კომუნიკაციების ეპოქაა, რომელთა შორისაც თითქოს დავიწროვდა პოეზიის, როგორც კომუნიკაციის საშუალების, არეალი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან პოეზიამ, რეალურად, ყველა ეს კომუნიკაცია საკუთარ სამსახურში ჩააყენა და ცდილობს ყველაფრიდან ნახოს სათავისო შემოქმედებითი სარგებელი.

და გამოეთქვა რწმენა, რომ:

ეს უცვლელი არსის ახალ-ახალი შინაარსებით აღვსების კრებული ინგლისურენოვან მკითხველს ბევრ რამეს ეტყოდა ქართველების ხასიათზე, ჩვენი სალიტერატურო ტრადიციისა და დღევანდელი დონის შესახებ.

ერთადერთი, რაც ყურს მომჭრიდა ამ პროფესიულ სტატიაში, ის ადგილია, ავტორი მოძველებულ შეხედულებას რომ იმეორებს, თითქოსდა: შუასაუკუნეების პოეტი ქალი ბორენა ბაგრატ მეოთხის მეუღლე იყოს.

არადა, დღესდღეობით გაზიარებულია პავლე ინგოროყვას მიგნება, რომ:

ეს პოეტი ქალი არის შოთა რუსთველის ძმისწული და ცოტნე დადიანის მეუღლე.

ეს არის მოსაზრება იმ პავლე ინგოროყვასი, ვისი წყალობითაც მოგვეპოვება თამარ მეფის საგალობლები, რომელთაგან „ცათა ცათასა“ ამ წინასიტყვაობაშიც არის დასახელებული.

მაია სარიშვილის მძაფრი პოეტური ხილვებიც და ერთბაშად ძნელად აღსაქმელი მეტაფორული გააზრებანიც უკვე მახლობელი გახდა მკითხველისათვის, და მისი დუმილიც უკვე ანგარიშგასაწევია.

შემძვრელია თუნდ ეს ლექსი – „უმჯობესია ისე მოკვდე, რომ...“ – ნატვრა იმისა, ნახევარი დღით მაინც შეძლო სიარული სიკვდილის შემდეგ და მიხვიდე მათთან, რომელთაც ამოირჩევდი ფეხისგულებში ჩარჩენილი მისამართებით. და აღარაფერი გჭირდება, როცა მკვდარი ხარ, მხოლოდ უნარი – გადაადგილდე:

 

რომ დაგინახონ

როგორი ხარ სიცოცხლიდან უკვე გასული,

და აღიარონ,

რომ დამარცხდნენ სიყვარულის სულ უბრალო,

დაბალ ამბებთან,

რადგან მკვდარს უკვე კარები ვერ გამოგიხურეს.

 

ქეთა დიდიშვილის ფაქიზ ნიუანსებზე აგებულ ლირიკას არც სოციალური სიმახვილე აკლია და არც ნატიფი ირონია, ხოლო ამ ლექსის ზღვარდადებულ სიმარტოვეში კვირადღე ღმერთის უქმე კი არ არის, არამედ კაცის, რომელიც ლირიკულ გმირს შეზრდია სულზე ხესავით და ფესვგამდგარი ახლა მისი მეპატრონეა („ჭრილობა“):

 

ნუ შეაშფოთებ,

თორემ ფესვებს ისე მძლავრად მომიჭერს,

შეწყდება სუნთქვა.

მერე უნდა თვითონაც მოკვდეს კაცი,

რომელიც შემახორცდა

როგორც ჭრილობის უსწორმასწორო

მეწამული ზედაპირები.

და ხანდახან ორივეს გვტკივა,

თავს რომ გვახსენებს უნაწიბურო ჩვენი წარსული.

 

პირდაღებული ჭრილობა გადახსნილა მაგდა ბებიაშვილის ლექსშიც „ორშაბათი“, დღეთა დრამატიზმიც რომ შეახსენებს თავს. ის ჭრილობა კი, ორშაბათის დადგომისთანავე, ამ უხიაგი დღის, როგორ გინდა შეგიხორცდეს, როდესაც იქიდან მტაცებელ ფასკუნჯს თავის ყოველ მოტრიალებაზე საუკეთესო ნაჭერი უნდა ჩამოუჭრა. და დიდად აღარც ინაღვლო, თუ დაკოჭლდები და ცერებზეც ვეღარ შედგები.

 

სამაგიეროდ,

ცასთან ისე ახლოა კვირა, –

აღდგომის კვირა.

ორშაბათიდან ცა ისევ შორი,

ხელახლა შორი,

ისე უღმერთო და

უშარბათო.

 

სიმშვიდეს ურჩევს ირმა ბერიძე თავის მეგობარს, მშვიდად ცხოვრებას ლექსში „სიბერე“,  და თავიდანვე გრძნობ – მითუმეტეს, მისი ლირიკული გმირი თუ ისედაც უკვე ნაცნობია შენთვის – ამ სურვილში რამხელა ტკივილი და დრამატიზმი ჩაბუდებულა, მარტოობის ის უკიდურესი განცდა, ბარის მიმქრალ შუქზე მოპირდაპირე მაგიდასთან ზურგით მჯდომ კაცსაც რამდენჯერმე რომ დაუძახებ თვალებიდან ამოსული გაბზარული ხმით.

 

მშვიდად დავწვეთ, მეგობარო,

კარს ნუ ჩავკეტავთ,

ნუ გავაწვალებთ

ჩვენ ძმებსა და იმათ შვილებს

მძიმე კარის შემომტვრევაზე,

ოთახებში შემოღწევაზე,

სადაც ერთ დილას

გარდაცვლილები შეიძლება ვიწვეთ

საწოლებზე

რომლებიც

განვადებით

ვიყიდეთ.

 

ინგა მილორავა სათაურს: „ვათავისუფლებ“ – ძალიან ზუსტ, ლამაზ და მრავლისმთქმელ სახელწოდებად მოიხსენიებდა კრებულისათვის, რომელშიც:

– ქართველ ქალთა პოეტური წარმოსახვის მიერ სულსა და სიტყვაში აშენებული წრფელი განცდის, მძაფრი ემოციების, დახვეწილი სახეების და უკომპრომისო სათქმელის ფერადმა სამყარომ დაიდო ბინა.

და რომლის:

– სახეობრივ სტრუქტურებში ისე გადაეწნა ერთმანეთს ტკივილები, განცდები, სულ სხვადასხვანაირი პოეტური ხედვის, შემოქმედებითი ბედის და გზის პოეტების მიერ შექმნილი ერთი დიდი მოზაიკის მშვენიერი ლექს-ნატეხები, რომ მართლაც ერთი დიდი პორტრეტი მივიღეთ ქართული პოეზიისა – თანამედროვე პოეტი ქალების სულისშემძვრელი სამყარო.

ინგა მილორავა _ ესეების მთარგმნელიც ინგლისური ენიდან _ ინგლისურ ვერსიას შეაფასებდა როგორც სტრიქონთა სიღრმის, სინატიფისა და ქვეტექსტური მინიშნებების უდანაკარგოდ გადატანის იშვიათ ნიმუშს, რომელიც ახალ, სრულფასოვან სიცოცხლედ გამოღვიძებული შეხვდება ამ კრებულში მკითხველს და მოუყვება ქართველი პოეტების, თავისუფალი, ნიჭიერი, ძლიერი და სიყვარულით სავსე ქართველი ქალების სულისმიერ პოეტურ ამბავს.

ია ჯინჭარაძის მიერ მოყოლილი ერთი ამბავი – თუმც არამარტო ის ერთი ამბავი, არამედ ლირიკული გმირის სულიერი ყოფა – ისეთი სევდიანია, როგორც გადახრუკული სამეფო, სადაც წვები რომელიმე ნანგრევთან და ისიზმრებ მწვანე მინდორს და იმ უსახელო, ჭრელ ყვავილებს, თაფლის გემოთი.

კიდევ რას შეიძლება გაუიგივდეს ეს სევდა და:

ქარში მოჭრიალე საქანელას – უხილავი ბავშვებით.

და კიდევ ისეთი სევდიანია:

 

როგორც დიასახლისი,

სანიმუშო და ქანცგაწყვეტილი,

რომელიც დაეძებს ცოტა ღამეს,

რომ გაუღიმოს და უთხრას:

მეგობარო!

 

როგორ უნდა იყო მოწყურებული ხმის გამცემსა და სულიერ თანაზიარს, რომ ღამის ნაფლეთიღა გეგულებოდეს მეგობრად.

სიყვარულის მონატრებით, მისი დაუმცხრალი და დაუშოშმინებელი წყურვილითაა სავსე ნუციკო დეკანოზიშვილის (მეცნიერული ნარკვევების წერისას: ნინო გოგიაშვილის) პოეტური ხილვები, დაკარგული რომანტიკული საბურველის აღდგენის სურვილით, იმ მომხიბლავი სამოსელისა, რომელიც შემოძარცვულა, მაგრამ შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, რადგანაც სიყვარულის საუფლო თავისას მოითხოვს – დარღვეული ჰარმონიის დაბრუნებას, სიწრფელეს, სიალალეს, უანგარობას, თავგანწირვას, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ნუციკო დეკანოზიშვილის მხატვრული ძიებანი, გარეგნულადაც ნატიფ ფორმაში ჩამოსხმული.

თუნდ ლექსში „ღამეები, მთვარე და მგლები“ კარგად ნაცნობი მეტაფორები სულ სხვაგვარად უნდა წარმოგვიდგნენ – ის ღამეც, ის სავსე მთვარეც და ის მგელიც, რომელიც შიგნიდან შემოყმუის ლირიკულ გმირს და ტკბილ სისხლს ილოკავს, და სანადიროდ რომ აგულიანებს, თუმც ამას თოვლით ავსება გადაეწყვიტა და ზამთარში ძილი.

 

არ გესმის, როგორ ვაწყდები კედლებს?

ხედავ, როგორ მომაწვა ყელიდან თვალებში

ორი სავსე მთვარე და შევღმუი

ამაღამ ვინადირებ,

ამაღამ გამოვჭამ ყელს ყველა უსიყვარულობას,

ამაღამ ეს ლექსი დაიწერება.

 

ყველაზე მეტი ლექსი ნანა ქელეხიძისაა შეტანილი კრებულში – როგორც ჩანს, ეს პოეტური ნიმუშები განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა ნინო დარბაისელისათვისაც, თუნდ ის სწრაფვა, რომ:

ადამიანში, როგორც წყალში, ისე უნდა შეხვიდე – ოღონდ მუხლამდე, ოღონდ უსაფრთხოდ. და მერე იდგე და მშვიდად ელოდო: დაგიშრება თუ გულამდე უცბად მოგწვდება.

და ადამიანში, როგორც წყალში უნდა გაჩერდე – ოღონდ ნაპირთან, ოღონდ მოთმენით, მეტი ნაბიჯი რომ არ წაგიცდეს, მეტის ცდუნებამ რომ არა გძლიოს.

 

თუ იგრძნობს,

როგორ გაყრის ხორკლი გაყინულ კანზე

ადიდდება და თავად დაგფარავს.

შენ მხოლოდ მასში ოდნავ შესტოპე

დახრჩობა მერე თავად მოგძებნის.

 

ნინო სადღობელაშვილის ლირიკა ღმერთდაკარგული რეალობის მწვავე, გაუსაძლისი შეგრძნებაა, ხან პირდაპირვე გამოთქმული, ხანაც შეფარულად, ფაქიზი მინიშნებებით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი აქ იყრის თავს, ამ სატკივარში, რომელიც იმ ძვირფასისა და სანუკვარის მონატრებაცაა, არა სადღაც შორეულ ჟამს, არამედ აგერ ჩვენს თვალწინ რომ ჩაიძირა, ხელში ჩაგვეკარგა და უღონოდღა ვაწყდებით შემოსალტულ სივრცეს გასარღვევად და იმ ძვირფასთან მისაახლოებლად – ეგებ ჯერ ყველაფერი არც დაკარგულა.

ამიტომაც ავსებულა ნინო სადღობელაშვილის პოეტური ფიქრები ელეგიურობით, ამ კრებულში „ჩვენი სახლის ელეგიად“ რომ ჩართულა და შეგვახსენებს:

ჩვენთან სიცოცხლე წვალებით რომ ჩნდება. ხე მიწამდე უნდა გადაიზნიქოს და ირემივით შეამსხვრიოს რქები – ტოტები, და ერთი ღამით მდინარეც კი უნდა მოკვდეს...

კედლების ოხვრა წაქცეული თაღის ბღავილს უნდა გაუიგივდეს.

სიმღერას უგუმბათო ჭერის ხმა ჰქონდეს.

ცალი ხელით საკურთხი უნდა გაიშალოს, მეორეთი კი რძე მოიხარშოს ჩვილებისათვის.

სიმღერით იმღერო, მაგრამ საფასურის ტკივილმა აგატიროს.

ტირილით იტირო, თუმც საფასურის სიმწარეზე იმღერო.

მთაზე უნდა იწვნენ მძიმე და ხორკლიანი ჩრდილები... და აი, უეცრად:

 

სახლში, თოვლის ნაფეხურში

ია ამოდის,

ია ზღვაა, სიცოცხლეა,

და ის ჩვენთან წვალებით ჩნდება,

და ისეთი წვალებით ჩნდება,

რომ სიყვარულს დიდხანს ადევს

ფერისამოთხის.

 

სონია ქართველიშვილი, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი, მკითხველისათვის ცნობილი სოფიო წულაიას სახელით, პოეზიაში კი ეს ფსევდონიმი შეურჩევია, და კრებულში თუმც მისი ორი ლექსია შეტანილი, ერთი იმხელაა („თმა“), ამჯერადაც გრძნობ მთარგმნელის განსაკუთრებულ სიახლოვეს ამ პოეტურ ხელწერასთან, იმგვარ ხედვასთან, თმა თურმე ვრცელი განსჯის თემადაც რომ შეიძლება იქცეს, და ყოფით სურათებში ნელ-ნელა შემოიჭრას ის სულიერი ტკივილები და განცდები, ის გახსნილი ჭრილობები, ასე რომ აერთიანებთ ამ ანთოლოგიის პერსონაჟებს – პოეტებსაც და მათ ლირიკულ გმირებსაც.

თავის თმას, გრძელსა და მზისფერს, სხივების პარიკებად მორგებულს, ზუსტად ისე უნდა დაელოდოს ლირიკული გმირი, როგორც... როგორც ორმოცი წლის ასაკში გაჩენილ პირველ შვილთან პირველ შეხვედრას ელიან ხოლმე დედები.

 

მჯერა, რომ ჩემი თმა ისევ ჩემთან დაბრუნდება,

იმიტომ არა, რომ ვუყვარვარ,

უფრო იმიტომ, რომ იცის,

მის დაუმორჩილებელ ბუნებას

ჩემ გარდა ვერასდროს ვერავინ შეეგუება,

ჩემ გარდა არასოდეს არავის შეუყვარდება

მისი გაჩეჩილი ოფოფები.

და როცა მოიტანენ ჩემი თმებისგან დამზადებულ პარიკს,

მაშინვე თვალში მომხვდება შუაზე გაყოფილი ბოლოები,

ჩემი ორად გაყოფილი ცხოვრება

კი ისევ გამთლიანდება...

 

თუმც... ის შიშიც არ ასვენებს: რომ აერიოთ და... სხვა მოუტანონ?!.

გარეკანი ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ამ ანთოლოგიისა სოფიო ვარაზის მიერ არის გაფორმებული დახვეწილი ოსტატობით, თუმც... რატომღაც აღმოსავლური იერი გადაჰკრავს, მაშინ როდესაც მთელი კრებული ეროვნული ფესვებისა და დასავლური პოეტიკის მოხდენილი შერწყმითაა აღსავსე, ბესიკ გაბაშვილის ბაღში დარგული შარლ ბოდლერის ყვავილებისა არ იყოს.

ვახსენოთ რედაქტორიც – ალექსანდრე ელერდაშვილი.

ვახსენოთ ინგლისური ტექსტის რედაქტორიც – ბეტი ანდერსენი.

და სახელწოდება ქართველ ქალთა თანამედროვე პოეტური ანთოლოგიისა მაინც რა მარჯვედ და მახვილგონივრულად შეირჩეოდა: „ვათავისუფლებ“.

და ათავისუფლებდა დალილა ბედიანიძე მხატვრის ფუნჯისაგან წელში მოხრილ ხეებს და ქარებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს, ფრესკებს, ათავისუფლებდა ფოტოსურათზე გაყინულ მზერას, ბაგეებს, ხელებს ათავისუფლებდა, დაე წასულიყვნენ ხალიჩიდან, გობელენიდან ირმები, თხები, ყვავილები თავიანთ ტყეებში, და თვითონ ტყეებსაც ათავისუფლებდა პეიზაჟის ჩარჩოებიდან.

ვისაც უყვარდა, ვისაც ძულდა და ვინც არ იცნობდა ლირიკულ გმირს, რაც კი ენახა, რასაც ნახავდა და რასაც ვეღარც – ათავისუფლებდა ყველაფერს, ყველას.

 

წუთებს, საათებს, დღეს და ღამეს,

დროს დროისაგან ვათავისუფლებ...

ყველა საგანს ან არასაგანს ვათავისუფლებ!

ვათავისუფლებ დარაჯებს და არადარაჯებს

და მერე თვითონ თავისუფლებას ვათავისუფლებ!

 

***

ნეკერ-ქალაქში კვირადღეა.

გადახსნილია სიზმარეთის ოთხივე ჭიშკარი.

და ზეიმია, სიტყვის ზეიმი, სიტყვის კარნავალი და დღესასწაულია ნეკერ-ქალაქში.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE