ტვირთმზიდი


ტვირთმზიდი




პირბადის მიღმა

 

დღეს რომ ყველი იყიდა ბავშვმა მაღაზიაში,

ისე დაიფშვნა, დაიშალა, როგორც საიმედო წარმოდგენა,

გარკვეულ დროში თავს რომ თეთრად ინარჩუნებდა,

ხანდახან ისე არცთუ თეთრად, მაგრამ მოთეთროდ...

სიმშვიდე როცა მოადუნებს დიდხანს ყველაფერს,

მზადება არის დაწყებული რაღაც შეცდომის.

მერე იწყება უცნობი სიტყვის, ან ქალაქის, ანდაც შტრიხების

სალაპარაკო თემებისთვის დამახსოვრება.

ასე კვდება და სიკვდილშივე ცოცხლდება კაციც.

მლაშეა მისი დასასრული, ქვამარილივით.

გუშინწინ იყო - მელიებმა გაბრდღვნეს ქათამი.

თოვლიან ფერდობს მეწამული საღებავივით

ეტყობოდა გაიძვერობა.

მერე მახეებით გაივსო მინდორი.

ვიღაც სხვამ კი გაბმულები ღამით გაუშვა.

დანარჩენებმა მელიები გადაივიწყეს

და მათი მხსნელის ძებნა დაიწყეს.

თურმე გზადაგზა გაჰკიოდნენ

- ჩიტი ბრდღვნად არ ღირსო.

ასეთ სიუჟეტს რომელიღაც არხი გადმოსცემს,

ალბათ გადართვა უკვე არის გამოსავალი.

გადართავ არხს და მსოფლიოში არის განგაში,

პანდემიაა, ვირუსია, კარანტინია.

ვიღაცამ ერთი ხელფრთიანი ისე შესანსლა,

რომ მუქი აპკი არ გააძრო და ვიღუპებით.

უჰანი, რომი, თეირანი, უშველეთ თავებს,

დაშორდით ყველა ერთმანეთს და სახლებში დარჩით.

ბოლთას სცემს ახლა ხალხთა შორის ,,კოვიდ 19''.

მართვის ღილაკზე წითელს თითი ძლიერად ხვდება.

რას იფიქრებდა ადამიანი ბუნების კანის

ქვეშ შეძრომით და გამოჩხრეკვით მიკროშრეების,

თუ ასეთ ამბავს დამართებდა კაცობრიობას.

იმდენი რაღაც იკვეთება, რაც ცოტა ხნის წინ

არც კი გამხდარა საყურადღებო.

ზიხარ სახლში და მოღუნულ სხეულს

ოთახში ისე უნაცვლებ ადგილს,

თითქოს შეკუმშულ ველში გინდა ზუსტად მოთავსდე,

უფრო გგონია, რომ თვითონ ოთახს მოაქვს იერიში

შენივე უძრაობის წინააღმდეგ.

ხანდახან მგონი მართლაც ასეა.

წარმოვიდგინე, მზეზე ვარ და მაშინვე გაქრა

ყველა მსაზღვრელი მხარეების, ჰორიზონტების.

ისე გაქრა, როგორც ის ხალხი,

ძლევამოსილმა სისტემებმაც რომ დაიცვეს.

პირბადემ შიში უფრო დახვეწა...

 

 

 

სხვა ადრესატი

 

ერთხელ მეგობარს ველაპარაკე

იმ ჩვეულებრივ მომდევნო დღეზე,

როდესაც უნდა დამეცალა მომარაგების სანახევროდ სავსე მანქანა.

ყველა პროდუქტი, სახეობის მიხედვით, ისე

უნდა დამეწყო კუთვნილ ადგილას,

რომ მიმღებისთვის აღწერა და გაკონტროლება

იმაზე რთული არ გამხდარიყო,

ვიდრე პირამდე სავსე ტომრების

საგულდაგულოდ დასაწყობება.

ყოველ მისვლაზე ორი ან სამი

გახარებული ადამიანი ელოდებოდა სავსე მანქანის

სასადილოს უკან შემოსვლას.

ჩვენი ყოველი გამოჩენისას

გამშვები პუნქტის კონტროლიორი

მოპრუწულ ტუჩებს მოსალმებამდე

ფორმას უცვლიდა.

ორი ან სამი ბედნიერი ადამიანი

დასახმარებლად იჯგიმებოდა,

რამდენიმე ლარის სანაცვლოდ

ან უფრო მეტად იმის სათქმელად,

რომ ახლობლები წასაყვანად ემზადებიან,

რომ სახლში დღეს ან ხვალ მშვიდობით დააბრუნებენ.

ძლიერმოქმედი აბებისგან დამშრალ სხეულებს

ახალდარგული ნერგებივით აშრიალებენ.

ეზიდებიან მსუბუქ საზიდარს.

ერთი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა

წლების წინ ამ შენობაში,

მშობლები როგორ გარდაეცვალა.

მამიდამ როგორ გაუყიდა ნაქონი სახლი.

მას მერე აღარ ითვლის რამდენ წელს

გამოესალმა მეხსიერება.

შემდეგი თითქმის არ ლაპარაკობს.

კვირაში  ერთხელ

უიმედოდ წაიბუტბუტებს

- ხვალ ჩემები უნდა მოვიდნენ.

თითქოს სხვა ფრაზებს მნიშვნელობა ამოეწურათ მეტყველებაში,

ან გეგონება მთელი რწმენის ნაფოტებს აშრობს თეთრი თვალებით,

რომ შეეცადოს ცეცხლის დანთებას.

გამოუვა თუ არ გამოუვა, აღარც კი ფიქრობს.

იქნებ მთავარი არის კვამლი ახრჩოლდეს ერთხელ.

იქნებ სუნთქვის შეწყვეტასაც

გაბრუებული მოლოდინით

უკანასკნელი რხევა დასტყუოს.

მეგობარმა კი, რომელსაც ამ ყველაფერზე ველაპარაკე,

რატომღაც ლექსი მე დამიწერა.

 

 

ტვირთმზიდი

 

რაც გინდა, ზიდე, საკუთარი თუ არ მოგისმენს

თავი, ხაპივით გამოზრდილი - ტანივით ყუნწზე,

დამწიფების სხვა მოლოდინით. ამ სიმძიმეს ხელაღებით

ერთხელაც მშვიდად ისე მოწყვეტენ,

თითქოს შეეძლოთ იმ ორმოდან ამოგორება,

რომელშიც ერთხელ ძირს დანარცხებით

უცნაური დაცემა დავადასტურე,

ჩამოწოლილი სიმძიმე კი ვეღარ დავძარი

გამოფიტული იმ ჰაერის, რომლითაც თითქოს

აუცილებლად სიხარულით უნდა მესუნთქა

და სამწუხაროდ, ალბათ უფრო საბედნიეროდ,

ვერანაირად გამომივიდა, მე ამას მივხვდი.

სამაგიეროდ, სხვა სიცოცხლე დავადასტურე.

კენჭი გავბერე, ვეებერთელა ლოდად ვაქციე,

შემოვდგი სხივი გამძლე თოკზე, რომ გამომეწნა

ამოცოცების საიმედო ყოველი კვანძი

და გადარჩენას მორიდებით შევგუებოდი,

სანამ არ გასკდა გაბერილი ქვა და ნაშალმა

ტომარასავით არ გამომტენა.

 

 

. . -

 

დავსვათ შეკითხვა:

რა შეუძლია ფლუნტერნის სასაფლაოზე დამარხულ ირლანდიელს?

ქარი საიდან ამოვარდება?

მოკრძალებულად აშრიალებულ შეკრეჭილ ბუჩქებს

შეუძლიათ თუ არა მიაცილონ

სევდისგან გამობერტყილი ჭირისუფალი სასურველ საფლავამდე?

დიახ. ყველაფერი შესაძლებელია.

რით უნდა იხელმძღვანელოს ამ დროს

ცნობიერების ხისტმა ნაკადმა?

იქნებ მის მიღმა დარჩენილების სიხარულით.

რა შეუძლია ფლუნტერნის სასაფლაოზე დამარხულ ირლანდიელს?

ქორფა ბალახთან ერთად ამოძვრეს გაზაფხულობით,

თუ სათვალის მრგვალი მინებიდან უსასრულობასთან შეხორცების მზადყოფნა

თვალის დაუხამხამებლად გაგაბედინოს?

 

 

ცვლილების

 

როგორღაც უნდა შეამჩნიო, ადამიანში

რა ცვლილებების ეტაპი დგება.

მერცხლები როცა მიწის მიმართ ფრენის სიმაღლეს

ამცირებენ და მიჰყვებიან მწერებს კვალდაკვალ,

ამ დროს ხომ წვიმა არის უკვე მოსალოდნელი?

რაღაც ცვლილებებს ასე იმჩნევს ადამიანიც.

ან ისე ფარავს,

მრავალი თვალის გამოცდილი მზერაც ტყუვდება.

თუმცა არსებობს გამოსავალი:

წარმოვიდგინოთ ბედისწერის უკუღმართობა,

ან მივიჩნიოთ, რომ ის არის უკუღმართობა,

რაც ირგვლივ ხდება, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს.

რას ემიჯნება შინაგანი გამოფხიზლება?

რა ნაწილს დათმობს გარიგების შესაძლებლობით,

სხვა სიხშირეზე გადასასვლელად,

უკვე ახალი მიმართულებით რომ იმოძრაოს?

მოზარდობისას ვისაც ახსოვს, როგორ ხდებოდა

მეტალის ჩხირით ქვის, აგურის სწორ ზედაპირზე

ვარსკვლავის, ჯვრის, ხშირად ჩონჩხის

ფორმების ჩიჩქნა, იქვე, ახლოს კი,

ცეცხლზე შემომდგარ ჩაიდანში ტყვია რომ დუღდა

ჩაღრმავებების ამოსავსებად,

მერე ცივ წყალში როგორ ყრიდნენ გასაციებლად,

და ისიც კარგად ემახსოვრება,

ქლიბებით როგორ უხეხავდნენ ზედმეტ ნაღვენთებს,

მერე ,,კაპრონზე'' კიდებდნენ და კისრებს იმკობდნენ.

- იქნებ სწორედ ის დამეთანხმოს.

იქნებ ამგვარად იქლიბება ადამიანიც,

მეტად გარეგან ზედაპირზე, ვიდრე შიგნიდან,

ცხოვრებისაგან მცირდება და პატარავდება.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE