სოხუმში დავიბადე, იქ დავამთავრე სკოლა, იქვე ჩავაბარე უნივერსიტეტში. შემდეგ დაიწყო ომი და ერთი წელი ჯარისკაცად მომიწია ყოფნა.
ჩემი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები არიან. მამაჩემი ცნობილი სპორტსმენია, დედაჩემი - დიასახლისი, პროფესიით ეკონომისტი. ორივე ძალიან კეთილია, ცხოვრებაში არასოდეს ჩაუდენიათ რაიმე ბოროტება. სიკეთის გარდა, გულში არაფერი გაუვლიათ. ძმა ადრე პიანისტი იყო, ახლა ამ საქმეს თავი გაანება, რაღაც ბიზნესშია გადავარდნილი და ჩემი ხშირი მცდელობები, როგორმე ისევ მუსიკისკენ მივაბრუნო, მარცხით მთავრდება. მყავს ცოლი და ორი მშვენიერი გოგონა. უმცროსი ნინიტა წლინახევრისაა, უფროსი თაკო – თოთხმეტის. გვაქვს ზღაპრული ურთიერთობა. ცოტა სახლი გვაქვს პატარა და ხან ტელევიზორთან არ არის ადგილი, ხან კომპიუტერთან და ხან საძინებელში, მაგრამ მაინც ვძლებთ.
თვრამეტის ვიყავი, იოანე მინჩხი რომ წავიკითხე და მაშინ უკვე ვთვლიდი, რომ, ფაქტობრივად, მთელი პოეზია ათვისებული მქონდა. ჩემი მეხსიერება და პოეზია ერთად მოდიან. არ მახსოვს დრო, როცა თავი პოეტი არ მეგონა. სულ პატარა რომ ვიყავი და მეკითხებოდნენ – ვინ ხარო? პოეტი-მეთქი. ახლა რომ მეკითხებიან, არ ვამბობ, პოეტი ვარ-მეთქი. სანამ წერა არ ვიცოდი, ზეპირად ვამბობდი ლექსებს, წერა რომ ვისწავლე – ვწერდი. სანამ რითმის შესახებ შევიტყობდი, ურითმოდ ვწერდი, რითმა რომ გავიგე, რითმიანის წერა დავიწყე, მერე რითმა რომ ყელში ამომივიდა, ისევ ურითმოზე გადავედი, ბოლოს ორივეს გემო რომ გავუგე, ხან ურითმოს ვწერდი და ხან რითმიანს და დღემდე ასე გრძელდება. ათასნაირი სტილიზება მაქვს გაკეთებული მთელი ქართული პოეზიის და მხოლოდ ქართულისაც არა, აი, შუმერულიც კი გავაკეთე.
ლექსების 70-80 პროცენტში პუნქტუაციას არ ვიყენებ. მიმაჩნია, რომ პუნქტუაცია ზედმეტი ტვირთია საერთოდ რაღაცის გასაგებად. პუნქტუაცია ცალკე აღებული მხატვრული ხერხია, ისევე როგორც გრამატიკული ფორმა შეიძლება იყოს მხატვრული ხერხი. პუნქტუაციის გამოყენება, ჩემი აზრით, ლექსს ძალიან ღლის. ბევრმა მხატვრულმა ხერხმა: შედარებამ, განსაზღვრებამ, ჰიპერბოლიზაციამ და ა.შ. უკვე იმდენად ამოწურა თავი, რომ აღარაა საინტერესო.
საკუთარი შემოქმედების ძალიან კარგი შემფასებელი მყავდა, თუმცა ბოლო ოთხი წელია აღარ ვენდობი მას (საკუთარ თავს ვგულისხმობ). ვიყავი ჩემი ლექსების საუკეთესო კრიტიკოსიც და მაქებარიც, მაგრამ სადღეისოდ კრიტიკოსად ჩამოვყალიბდი. საერთოდ პოეზიას ძალიან მაღალ მიზნებს ვუყენებ... არც ვიცი, ვინმე კითხულობს თუ არა ჩემს ლექსებს, აინტერესებს თუ არა, ამიტომ საერთოდ აღარ ვფიქრობ მკითხველზე. იგი თავის გზას თვითონ იპოვის. წერის პროცესში არა, მაგრამ რომ მოვრჩები წერას, მერე წარმოვიდგენ ხოლმე, ამას რომ ვინმე წაიკითხავს, შეიძლება მოიწონოს თუ არა... მაგრამ იქვე წყდება ეს ფიქრები... სადაა კრიტიკა, ნეტა ვინმემ გამაკრიტიკოს. ოცდასამი წელია აქტიურად ვიბეჭდები, არაა დარჩენილი ლიტერატურული პერიოდიკა, ჩემი ლექსი რომ არ გამოქვეყნებულიყოს, მაგრამ არ მახსოვს, ამას რამე კრიტიკული წერილი მოჰყოლოდა. იყო წერილები კონკრეტული ლექსების შესახებ და ძირითადად სულ დადებითი, ზოგი ასე მაქებდა, ზოგი – ისე, მაგრამ ვინმეს რომ რამე შენიშვნა მოეცა, მსგავსი არ მახსენდება. თუმცა არა, ერთხელ ზვიად რატიანმა დაწერა „ალტერნატივაში“ პატარა წერილი შენიშვნებით და მაშინაც უკმაყოფილო ვიყავი, რადგან ძალიან პატარა წერილი იყო და ცოტა იყო შენიშვნები. მას მერე მსგავსი რამ არც ყოფილა.
ხანდახან, როცა გრძნობ, რომ შენი არავის არაფერი ახსოვს და არც აინტერესებს, ამას გულისტკენა არ ჰქვია, ამ დროს ადამიანმა შეიძლება ხელი ჩაიქნიოს, მაგრამ მე ვერანაირად ვერ ჩავიქნევ ხელს. მძიმე გადასატანია, როცა აკეთებ იმას, რასაც ძალიან დიდი თავგანწირვა სჭირდება და ის აბსოლუტურად ჰაერში იფანტება, არავისთან არ მიდის... ამასწინათ მეგობარმა მომწერა, რომ მამამისს, რომელიც ავანგარდისტი მოქანდაკეა და ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, უთქვამს, ხელოვნების სამსახური ოჯახში უმზითვო ქალის შემოყვანას ჰგავსო. ესაა ქალი, რომელსაც სექსუალური ორგანოც კი არა აქვს და მისი ყოველი დაფეხმძიმება ღვთიური ჩასახვის აქტია. როდესაც დაქორწინებული ხარ ხელოვნების ამა თუ იმ დარგზე და განსაკუთრებით პოეზიაზე, სიამოვნებას, უფრო სწორად, კმაყოფილებას ვერ მიიღებ. პოეზიისგან ერთხელ მაინც თუ მიიღე კმაყოფილება, მორჩა, აღარაფერი გამოვა. პოეზია მხოლოდ შობს, შენ არაფერს გიტოვებს. ამაზეა ჩემი პოემა „ქმრების საკითხავიც“ . საერთოდ, ძირითადად სულ ამ თემას ვუტრიალებ. ვფიქრობ, რომ ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის, - მაგალითად, რწმენა, რელიგია, პოეზია, - კმაყოფილებას ვერ მოგანიჭებს. იგი მხოლოდ იმისთვისაა, რომ შენი ცხოვრება გაგრძელდეს და როდესაც იგი მორჩება, სიკვდილიც უკვე ძალიან ახლოს არის, ძალიან მალე მოდის. შემოქმედებითი კმაყოფილება ან უკმაყოფილება სრული სისულელეა. როცა ამბობ: „უკმაყოფილო ვარ“, ან „კმაყოფილი ვარ“, რითი ხარ კმაყოფილი? დუბაიში ხომ არ იყავი სავაჭროდ?
წერის ხასიათზე სულ ვარ, მაგრამ არანაირად არ შეიძლება, ყოველთვის წერო, როცა რაღაც ფიქრი მოგივა თავში. წერა მაგიური აქტია, მაგიური აქტის ყოველთვის განხორციელება კი არ შეიძლება... ადამიანს უამრავი ფიქრი უჩნდება, და კარგი ფიქრი ცუდისგან თუ არ განასხვავა, ყველა ფიქრი სისრულეში თუ მოიყვანა, ტალახში ამოითხვრება და ცოდვაში ამოყოფს თავს. ასეა პოეზიაც. ბევრი პოეტია ასეთი, მოუვა მუზა, „გაეხსნება“ და იწყებს წერას, და წერს ასე უსასრულოდ... ამას არაფერი შედეგი არ მოაქვს. ისინი ან კმაყოფილებას გრძნობენ ამისგან, ან უკმაყოფილებას და შედეგი არ მიიღება, ნაყოფი, ღმერთივით რაღაც, რაც ადამიანებს გზას გაუნათებს მრავალი საუკუნის განმავლობაში... განა ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ისეთ აბსურდულ საქმიანობას, პოეტობა რომ ჰქვია, მთელი ცხოვრება თავდახრილნი მიუყვებიან და ემსახურებიან? ხომ ძალიან ცოტაა ასეთი ხალხი? ეს ხომ არაა ის საქმიანობა, რომლისგანაც რაიმეს მიღება შეიძლება? ვერაფერს მიიღებ აბსოლუტურად, შენ არაფერი გეძლევა ამისგან. მაქსიმუმ, შეიძლება ამსტერდამში დაგპატიჟონ, ან კიევში და ორი-სამი დღე უფასოდ გასვან ლუდი, მაგრამ სულიერ კმაყოფილებას ამისგან ვერ მიიღებ.
არ მიყვარს, როდესაც პოეტები ერთმანეთს ლექსებს უკითხავენ. ესაა სრული სისულელე, მარაზმი. მე მიყვარს, როდესაც პოეტები დასხდებიან და ერთმანეთს გაუმხელენ – რა უყვართ, როგორ უყვართ, რა შეხედულებები აქვთ ლიტერატურაზე. თხუთმეტი წუთი რომ ილაპარაკებენ ამის შესახებ, შემდეგ მიუჭახუნებენ ერთმანეთს ლუდის ჭიქას, დალევენ და დამეგობრდებიან. ეს არის ყველაზე კარგი ფესტივალებზე.
ზეგავლენის დაძლევა შემოქმედებით ზრდასთან კავშირში არაა. ძალიან მინდა დღესაც ისეთი ზეგავლენა მქონდეს, როგორიც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მქონდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ვიცი, რომ გავლენის გარეშე დაიწყო წერა, არის შოთა იათაშვილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ცარიელ ადგილას გაჩნდა უცებ, როგორც „ნატვრის ხეში“ ბროწეული. ძალიან იშვიათია, პოეტს გავლენა არ ჰქონდეს. ბევრი ასეთი გავლენის შედეგად ყოველთვის იბადება წერის ინდივიდუალური კულტურა, სინტაქსი, ლექსიკა, გააჩნია რომელი ავტორების ნაზავს გააკეთებ. ინდივიდუალიზმი ასე იბადება და მას დრო და თავგანწირვა სჭირდება.
პირველად, როდესაც, ჩემი ჭკუით, სერიოზულად დავიწყე წერა ცამეტი წლის ასაკში, ვბაძავდი ალექსანდრე ჭავჭავაძეს, მერე – ნიკოლოზ ბარათაშვილს, მერე – გრიგოლ ორბელიანს, ანუ სკოლაში რომელ ავტორებსაც გავდიოდით, მათ ვბაძავდი. შემდეგ დავიწყე აკაკი წერეთლის მიბაძვა. ორი უზარმაზარი პოემა დავწერე მის სტილში და გავიფიქრე: ასე წერას რა უნდა-მეთქი, რადგან მართლაც წყალივით წავიდა. მერე ილია ჭავჭავაძეზე გადავერთე და ავითვისე მისი მსოფლმხედველობა. ეს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, პარალელურად რუსულ პოეზიასაც ვკითხულობდი. მერე გივი გეგეჭკორი გავიცანი და მან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა: როგორც ადამიანმა თავისი პირდაპირობით, ასევე მისმა თარგმანებმა და განსაკუთრებით, ორიგინალურმა ლექსებმა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, სანამ გალაკტიონის კითხვა არ დავიწყე. წელიწადნახევარი ზღაპარში ვიყავი და მისი ლამის ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ყველაზე საშინელი წიგნი, რომელიც შეიძლება ახალგაზრდა პოეტმა იკითხოს, ესაა გალაკტიონი. ამიტომ ავდექი, დავწვი და გადავაგდე. იმის შემდეგ გალაკტიონი აღარ წამიკითხავს. ისე, სადმე შემთხვევით თუ გადავეყრები, ერთ-ორ ლექსს ჩავხედავ და მესიამოვნება, თორემ აღარ ვკითხულობ. ამის შემდეგ ბევრი ვიკითხე თანამედროვე ავტორები: დათო ბარბაქაძე, დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი, ზვიად რატიანი და ბესიკ ხარანაული. ყველა მათგანი ჩემზე რაღაც გავლენას ყოველთვის ახდენდა, მაგრამ ისეთი გავლენა, როგორიც გალაკტიონმა მოახდინა თავის დროზე და გივი გეგეჭკორმა თავისი სინტაქსით, აღარ მქონია, თუმცა გივი გეგეჭკორის გავლენას სინტაქსში დღესაც განვიცდი და ეს მომწონს. ძალიან მაგარია, მოიფიქრო პოეზიაში ასეთი სინტაქსი და ეს გამოიყენო. ეს იმას ჰგავს, რუსეთში პუშკინმა რომ მოიფიქრა ახალი რუსული ლექსი, აი, თითქოს ვიღაც ყურთან რომ გიზის და ჩაგჩურჩულებს და ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია. ასეთივე სინტაქსი აქვს გივი გეგეჭკორს. ქართულ ლექსში ჩვეულ რიტმს ოდნავ თუ გადაუხვევ, მკითხველი თითქოს ბუნდოვანებაში ვარდება და ვეღარ იგებს. გაუგებრად წერო, მაშინვე გეტყვიან. გივი გეგეჭკორს ნებისმიერ რითმასა და რიტმში ამ სინტაქსით შეუძლია ისე გელაპარაკოს, რომ ყველაფერი გასაგებია, სხვა საკითხია, ნათქვამში ჩადებულის აზრს იზიარებ თუ არა.
მეგობრები და კოლეგები მე არ ამირჩევია და არც მათ ავურჩევივარ. მეგობარი პოეტი არ შეიძლება იყოს ის, რომლის შემოქმედებასაც არ ვაფასებ. პოეტი ისედაც რთული ადამიანია, და მით უმეტეს, თუ მისი შემოქმედება არ მომეწონებოდა, დღე და ღამე ჩხუბი გვექნებოდა და ვერ ვიმეგობრებდით. ამიტომ ჩემი მეგობარი ვინცაა, ყველა მათგანის შემოქმედება მომწონს. ვისი შემოქმედებაც მომწონს, ყველა ჩემი მეგობარია თუ არა, ეგ კიდევ ცალკე საქმეა. თუმცა ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ყველა ჩემი მეგობარი შეიძლება გახდეს. მე უკვე ვარ, ფაქტობრივად, მათი მეგობარი. ვინც კარგად წერს, ყველა ჩემი მეგობარია.
ჩემი ახალი წიგნი „დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი“ მალე გამოვა, ალბათ დეკემბერში, ან უფრო ადრეც. მთელი წიგნი აწყობილი და გამზადებული მაქვს, ყდაც კი, თემო ჯავახიშვილმა თავისი არაჩვეულებრივი ნახატი მაჩუქა – „მამაო ჩვენო მორზეს ანბანზე“. ეს ნახატი გამოვიყენე ყდისთვის... კიდევ მაქვს წიგნი თევზებზე, რომელსაც შოთა იათაშვილმა „იხტიოლოგიური ლექსები“ უწოდა. ამ ლექსებს საინტერესო ისტორია აქვს. მე მათ მეთევზეთა საიტს ვუწერდი, მინდოდა ამეხსნა მათთვის ამა თუ იმ თევზის ბუნება. მეცნიერულად ამის ახსნას ვერ დავიწყებდი, ვწერდი როგორც შემეძლო და ყველგან ერთვებოდა ადამიანური მომენტები, იმიტომ, რომ თევზის დაჭერაში, წყლიდან ამოყვანასა და ტაფაზე დაგდებაში არაფერი რომანტიული არაა, თუ ამას რაღაც აზრი არ მიეცი, როგორც ეს თავის დროზე ქრისტემ გააკეთა: მან ხომ მებადურები აირჩია თავის მოციქულებად. ადრე მწყემსებს ირჩევდნენ, მწყემსების რელიგია იყო და უცებ ეს კარდინალურად შეიცვალა, მწყემსებს შეენაცვლნენ მეთევზეები. ეგ წიგნიც გამზადებული მაქვს, მაგრამ უნდა დავასვენო ცოტა ხანი. ყველაფერს სჭირდება დასვენება. მე ხომ რაჭველი ვარ წარმოშობით, ყველა მხრიდან რაჭველი ვარ და ასეთი სიდინჯე მახასიათებს. არასოდეს არსად მეჩქარება, ზედმეტ ემოციებს არ გამოვხატავ, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ვიცი, რომ ყველაფერმა, რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს, აუცილებლად უნდა დაისვენოს. ბევრი პოეტი ფიქრობს ასე: ახლა ისეთი რამე დავწერე, შესაბამისი დროა და უნდა გამოვაქვეყნოო. რას ჰქვია ზუსტად ის დროა? როგორ შეიძლება, მხატვრული ნაწარმოებისთვის რაღაც დრო არსებობდეს? როგორ შეიძლება, რაღაც დროს გამოქვეყნებული უფრო მნიშვნელოვანი იყოს? შენ ხომ იმისთვის არ წერ, რომ დღეს და ხვალ იარსებოს? შენ ისეთი რამ უნდა დაწერო, რაც მარტო მომავალში კი არა, არამედ წარსულშიც იარსებებს, აი, როგორც ის შუმერული პოემა „განგებულება ხორცთ...“, რომელიც უმრავლესობას თარგმანი ეგონა და რომელიც შექმნის არა მარტო მომავალს, არამედ წარსულსაც. მე კარგმა, ჩახედულმა ასირიოლოგებმა შენიშვნა მომცეს: არასწორი სტილიზაცია გაქვს გაკეთებულიო. ვაზს და ღვინოს რომ ახსენებ, შუმერების დროს არ იყო ვაზი და ღვინოო. მე ვუთხარი, არ იცით, დიდი დავა რომ მიდის ასირიოლოგიაში, შუმერების დროს იყო თუ არა ვაზი და ერთი-ორი მეცნიერი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შეიძლება იყო და ნახსენები არ არის-მეთქი... აგერ გიდებთ ისტორიულ დოკუმენტს, რომ შუმერულ ტექსტში ნახსენებია ვაზი და ღვინო, ე.ი. იყო ვაზი და ღვინო-მეთქი. ასე იქმნება წარსულიც. ჰომეროსიდან დაწყებული, მთელი ანტიკური ეპოქის პოეტებს შექმნილი აქვთ თავიანთი წარსული. მათმა ტექსტებმა არა მარტო მომავალში იარსებეს, არამედ წარსულიც შექმნეს, ის დრო, როდესაც ეს ტექსტები ჯერ არ არსებობდა.
„პინკ ფლოიდს“ სულ ვუსმენდი, მათ კომპოზიციებს დღემდე ვეძახი „პინკ ფლოიდის“ პოემებს. ჩემს პოემებსაც „პინკ ფლოიდის“ პოემების სტრუქტურის მიხედვით ვაგებდი. ამას წინათაც დავჯექი და მოვისმინე “Atom heart Mother”. მართლა პოემებია. მათ პოემებში ძალიან ბევრი სტილი ცვლის ერთმანეთს. სრული ავანგარდი მინიმალიზმამდე ჩამოდის, მინიმალისტურ მუსიკას მძიმე როკი ცვლის, მძიმე როკს შეიძლება დღევანდელი გრანჟი რაზეც დგას, ის ცვლიდეს. უამრავი სტილური აღრევაა და შედეგად ვიღებთ ერთ გრძელ პოემას, რომელსაც აქვს დასაწყისი, დასასრული და, რაც მთავარია, შეკრულია. „თევზაობა“ და „ქმრების საკითხავი“ მაგ კონცეფციით მაქვს აგებული, რადგან ლიტერატურაში ასეთი სტრუქტურის პოემის მაგალითები არ მოგვეპოვება... ზოგჯერ მგონია, რომ კლასიკური მუსიკაც მიყვარს და მესმის, მაგრამ ლაშა ბუღაძეს რომ მოვუსმენ ხოლმე თავისი წიაღსვლებით, ვამბობ: არაფერი არ ვიცი-მეთქი. კლასიკური მუსიკის მოსასმენად განწყობა მჭირდება, ამიტომ მგონია, რომ არ ვარ კლასიკური მუსიკის მსმენელი, თუ განწყობა არ მაქვს, ვერ ვუსმენ ვერანაირ მუსიკას.
ზოგიერთ ლექსს თვალდახუჭული ვკითხულობ, წამღერებით. თითოეული ასეთი ლექსის წაკითხვის შემდეგ ხანგრძლივ სიმუნჯეში ვვარდები, იმხელა ენერგია მიაქვს ამას. არა მარტო ლექსის ასე კითხვას, არამედ ლექსის კითხვას ზოგადად. ამიტომ იშვიათად ვკითხულობ. რაც შეეხება კითხვის მანერას, ლექსი როგორ რიტმშიც იწერება, ისე ვკითხულობ.
ადამიანებთან ურთიერთობისას თითქოს ჩიპები მაქვს ყურში დაყენებული. ზოგჯერ შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ილაპარაკოს და ეს ჩიპი თავისით გამოირთვება და ვერაფერს ვისმენ. ადამიანი თუ საინტერესოდ ლაპარაკობს, საინტერესოდ იქცევა, ძალაუნებურად შედიხარ კონტაქტში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შენი გადასახედიდან აბსურდად ჩანან. ვერანაირად ვერ ავმაღლდი იმ დონეზე, რომ რაღაცები აბსურდად არ მომეჩვენოს. ჩემთვის ქვეყანაზე არსებობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ და რომლებზედაც ვფიქრობ. ბევრი ამბობს, რომ ნიკარაგუაშიც არის ხალხი, აფრიკაშიც და იმათთვისაც უნდა წერო. უიტმენი რომ უიტმენი იყო, ისიც კი ყოველთვის ბოდიშს იხდიდა და ამბობდა: გასაგებია, რომ თქვენთვისაც უნდა ვწერდე, იგულისხმება, რომ თქვენთვისაც ვწეროო... უიტმენს აქვს ლექსი “Salut Au Monde”, სადაც მთელი მსოფლიოა ჩამოთვლილი. მე მაქვს ცოტა უფრო მოკლე ვარიანტი – „უოლტ უიტმენი ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ“. ერაყის დაბომბვამდე ერთი დღით ადრე დავწერე, მერე აქციაც მოვაწყვეთ, მერე სუკის თანამშრომლებიც მესტუმრნენ სახლში... საბოლოო ჯამში, სისულელე გამოვიდა ეგ აქციაც. მე ვიყავი აბსოლუტურად გულითადი ამ პაციფისტური ლექსის წერის დროს და მართლა ვგრძნობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ვიღაცებმა ეს მერე შოუდ გადააქციეს. არ შეიძლება ყველაფერი შოუ გახდეს. რაღაცა რომ კარგად დაიწყება, კარგი საძირკველი გამოუჩნდება და აქედან შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდეს და სათქმელმა მიზანს მიაღწიოს, უცებ ამას ვიღაცეები იგრძნობენ და „მოასხდებიან“ და მერე აღარც სათქმელი გამოდის, არც საქმე და ის ადამიანები, რომელთაც მართლა შეუძლიათ ამ საქმის კეთება და მართლა ალალად ჩადეს ამაში გული, იკარგებიან, რადგან არ არიან უტიფრები.
ბოლო 3-4 წელია ჰიმნოგრაფიით ვარ გატაცებული. ვთქვათ, დაინტერესდი ქართული ჰიმნოგრაფიის ყველაზე დიდი წარმომადგენლებით: მიქაელ მოდრეკილით, იოანე მინჩხით, იოანე მტბევარით. ამ სამს ვასახელებ, თორემ ძალიან ბევრნი არიან და ერთმანეთზე უკეთესები. გადაწყვიტე, მოძებნო ამ ავტორთა შემოქმედება ინტერნეტში, ხომ გვაქვს ლიტერატურული პორტალები, სადაც თავი აქვს მოყრილი მთელ ქართულ ლიტერატურას. ისეთი სახით არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი, რომ ვერ გაიგებ რა წერია, ვიზუალიზაცია დაკარგული აქვს, როგორც უნდა ეწეროს, ისე არ წერია, სათაურები არა აქვს, არეულია და ტექსტებიც ძალიან ცოტაა. არა გვაქვს ქართული ჰიმნოგრაფიის ელექტრონული ფონდი. სკოლაში რომ არ ისწავლება, ამას თავი გავანებოთ, თითქმის არავინ რომ არ იცის და დღემდე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს პოეზია კი არა, საეკლესიო ტექსტებია, ეს კიდევ სხვა საკითხია. ელექტრონული ფონდის შექმნა ყველა ვარიანტში უნდა მომხდარიყო, შეუწყობდა ჰიმნოგრაფიის პოპულარიზაციას ხელს თუ არა, იმას მაინც, რომ ჩვენი განძი გქონოდა ციფრულ ვარიანტში. იგივეს ვიტყვი გივი გეგეჭკორზეც. მთელი ინტერნეტი რომ გადაატრიალო, ამ პოეტის ერთ სიტყვას ვერ იპოვი, იმიტომ რომ, არავის აინტერესებს. ყველაფერი მოჩვენებითია. როდესაც ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ ყველას ყველაფერი აინტერესებს, მერე ხვდები, რომ ერთადერთი, ვისაც შეიძლება შენი საქმე აინტერესებდეს, ეს თვითონ შენ ხარ. შენ თუ არ გაინტერესებს შენი საქმე, სხვას არავის დააინტერესებს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ თითქმის არსად მიმიღია მონაწილეობა. არც წიგნი გამომიცია... ერთადერთი, „ერთი ლექსის თარგმანის“ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას ჩემი მეგობრის, ბესო ხვედელიძის ინიციატივით და რამდენჯერაც მივიღე მონაწილეობა, იმდენჯერ გავიმარჯვე. ისე, საერთოდ არ ვაქტიურობდი, არსად ვჩანდი. ახლა ბევრი მეუბნება, რომ ნიჭიერი პოეტი ვარ, კარგი გემოვნება მაქვს. შე ოჯახაშენებულო, ასეთი ნიჭიერი თუ ვარ, ასეთი კარგი თუ ვარ, ასეთი გემოვნება თუ მაქვს, ერთხელ მაინც ვერ დამიძახეთ სადმე სამსახურში, ან ჟიურის წევრად, ამდენი კონკურსი ტარდება... ცუდად გამოვიყურები, რამე მაკლია, თუ არ ვიცი რაშია საქმე? 2003 წლიდან 2012 წლამდე იყო საშინელი დრო, რომელსაც წარმატებას გამოკიდებული ადამიანების დროს დავარქმევდი. ანუ იყო წარმატების დევნა: ვინ უფრო მეტს იაქტიურებდა და წარმოაჩენდა თავს. ლიტერატურა გადაიქცა თავის გამოჩენის ასპარეზად, თითქოს ესტრადა გახდა. მაგრამ ამ დრომ პირიქითაც „იმუშავა“, ყველაზე საუკეთესო ავტორები გამოაჩინა, რომლებიც საერთოდ არ აქტიურობდნენ და ყოველთვის ჩუმად იყვნენ. ამ დრომ დაიწყო ძიება გმირის, რომელიც არ იღებს მონაწილეობას ამ ყაყანსა და საშინელებაში და გამოჩნდა მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი... იქით ბესიკ ხარანაული გაახსენდათ. ტაშფანდურის ასეთ დროში ყოველთვის გამოჩნდებიან გმირები ლიტერატურულ საზოგადოებაში, რომელთათვისაც მნიშვნელობა არა აქვს, მაგალითად, პრემიას მისცემ, თუ არა... მეც ზუსტად ასეთ ადამიანებს მივეკუთვნები... პროტესტის ნიშნად, საერთოდ მიწის თხრაში ვიყავი წასული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბოლო ათი წელი მიწას ვთხრიდი და მიწას ვყიდდი. ამოვთხრიდი, ჩავყრიდი პარკში, გავყიდდი... ბოლო ათი წელია ამით ვირჩენ თავს. პოეტობით რომ თავს ვერ ვირჩენ, მაგიტომ არ გამიკეთებია ეს. ეს იყო რაღაც თავისებური პროტესტის ფორმა. ქალაქში ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება ჩემი დამზადებული მიწა, მცენარეების მიწა. ეს ბიზნესი არაა, ბიზნესი რომ იყოს, განვავითარებდი. ამ საქმეს დიდი პერსპექტივები ჰქონდა ყოველთვის. ექსპერტები მეუბნებოდნენ, რაღაც რჩევებსაც მაძლევდენ, ეს შეიძლება ძალიან დიდი ფულის შოვნის საშუალება გახდესო. მე კი, როგორც პირველ დღეს, იმავე ელემენტარულ დონეზე დავტოვე. ასე ვმუშაობდი ჩემი ხელებით. დღესაც ვაგრძელებ ჯერჯერობით...
იმისათვის რომ აფხაზეთი თავისუფალი იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ კი ვერ გავთავისუფლდებით უერთმანეთოდ. თავისუფლებაა, როცა საკუთარი თავისგან თავისუფლდები, ეჭვებისგან. ისიც თავისუფლებაა, როცა სიკეთე გახრჩობს, მისი გაკეთება გინდა და უნდა გათავისუფლდე ამ სურვილისგან. იყოს ეს შენთვის, როგორც კი – კი და არა – არა. გინდა სიკეთის გაკეთება – გააკეთე, არ გინდა – არ გააკეთო, ესეც თავისუფლებაა. იყო დრო, როდესაც იმაზე, რაც დღეს სამთავრობო პოლიტიკაა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში, ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობდი ტელევიზიებიდანაც, ინტერვიუებშიც და მაშინ ძალიან უცნაურად ჟღერდა ჩემი მოსაზრებები. ბევრი მოღალატედაც მთვლიდა. მირეკავდნენ სახლში და მეუბნებოდნენ, რომ ჩემნაირების ბრალია ყველაფერი, მე ვარ გამყიდველი და ა.შ.
შენს ძმას საკადრისად უნდა მოექცე. ჩვენ გვაქვს ამის საუკეთესო მაგალითი სახარებაში – „უძღები შვილის იგავი“. როდესაც შვილი სახლიდან მიდის, მშობლები უქმნიან მას ყველანაირ პირობას, რომ წავიდეს და შემდეგ დაბრუნდეს. თუ ძმა ხარ, პირველ რიგში, უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენგან წასულმა ძმამ ოჯახი გაამაგროს, მომაგრდეს, ფესვი მოიმაგროს იმისათვის, რომ როდესაც დაბრუნდება უკან, შენ იყო გულმართალი მის წინაშე. როცა მე ვიბრძოდი, მაშინ არ მქონდა ასეთი მოსაზრებები, მაშინ საერთოდ არ იყო მოსაზრებები, ომის დროს მოსაზრებები არ არსებობს. ომის დროს მოსაზრებები აქვთ მხოლოდ ზრდასრულ, ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანებს, ჯარისკაცებს მოსაზრებები არ გააჩნიათ. მაშინ მე მქონდა ერთადერთი აზრი, რომ ადამიანი არ მომეკლა და ყველანაირად თავს ვარიდებდი ასეთ სიტუაციებს. ერთადერთი ეგ, თორემ მაშინ რომ გამეთვალა, მომავალში რა მოხდებოდა, ან შემდეგ როგორ მოგვიწევდა ურთიერთობა – არა. როდესაც ორი ადამიანი ჩხუბობს, არ ფიქრობს, მომავალში რა იქნება, ამ დროს ის აფექტშია...
რაზეც მთელი ეს ხანი ვლაპარაკობდი, ამის შესახებ უკვე აღარ ვილაპარაკებ. ამის შესახებ ილაპარაკებენ პაატა ზაქარეიშვილი, გურამ ოდიშარია, ირაკლი ალასანია. სამივე იზიარებს ამ მოსაზრებას თავიდან ბოლომდე. ორ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ... მე მთავრობის სალაპარაკოს უკვე აღარ ვილაპარაკებ, არ მსურს, მისი სათქმელი ვიმეორო და გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა პოზიცია არ გამაჩნია, მირჩევნია, ჩუმად ვიყო. ჩემი საქმე იქნება, თუკი მოვახერხებთ იმის გაკეთებას, რომ ჩამოვიყვანოთ სოხუმიდან აფხაზი მწერლები, მოვაწყოთ აქ შეხვედრები, ან ჩვენ ჩავიდეთ იქ, გავმართოთ საღამოები, დავსხდეთ და ჩვეულებრივად დაველაპარაკოთ ერთმანეთს, ლუდი დავლიოთ, ღვინო დავლიოთ, ზღვაზე ვიბანაოთ, ათასი სისულელე ვაკეთოთ ერთად...
მოამზადა დიანა მიქაძემ