|
რაც უფრო მეტად ინავლება ქვეყნიერება, მით უფრო კარგად ჩანხარ, უფალო
ვაგიფ ბაიათლი ოდერი დაიბადა 1948 წლის 1 ოქტომბერს აზერბაიჯანში, ჯაბრაილის რაიონის სოფელ ბოიუქ მარჯანლიში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „ულდუზში“ (ვარსკვლავი) მუშაობდა განყოფილების გამგედ (1981-1990); იყო ალმანახ “ხაზარის” მთავარი რედაქტორი (1989-1992); მუშაობდა აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოკომპანიის უცხოური გადაცემების სტუდიის დირექტორად (1992); არჩეულია აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგეობის (ახალგაზრდულ საქმეთა სამდივნო) მდივნად (1991); არის მირზა ჯალილი მამედყულიზადეს პრემიის ლაურეატი (1993) და ვლადიმირ მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატი; 2019 წლის 24 მაისს მიენიჭა საპატიო წოდება “აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე”. მისი ლექსები თარგმნნილია მრავალ ენაზე.
მის ამ ლექსში თვალშისაცემია ქრისტიანული მსოფხედველობით გამსჭვალული მოტივები და სამყაროს ქრისტესმიერი ხედვა. ვფიქრობთ, იგი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველს.
გელოდე და ლოდინში
თავად ვიქეც ლოდინად.
დავადექი ზეცის გზას?
ფეხშიშველი მოვდივარ.
მე ხომ მომიხარია,
გზასაც ხომ უხარია,
ნაბიჯები მიყვავის,
ნაბიჯ-ნაბიჯ გიხსენებ,
ჯვარს ვეკვრები, უფალო,
ჯვარს გაკრული ვისვენებ.
სუფევს სათნოება და
სიყვარული მარადი
ყველგან,
სისხლის წვეთებით
მომაქვს მე შენს კარამდე,
დაჭედილი ლურსმები,
რომელთაც მე დავნებდი,
ახლა რატომ მოსჩანან
ეგზომ ნაღვლიანები?
როგორ იგრიხებიან,
როგორ იტანჯებიან
ტკივილისგან, უფალო.
მე კი არა მიჭირს რა,
მენატრები უბრალოდ.
ისევ შენსკენ მოვფრინავ,
ვეღარა ვძლებ უშენოდ...
ამ გატანჯულ ლურსმებსაც
ეგებ რამე ვუშველოთ.
კაცს ყოველთვის თავისი
ჯვარი მხარს კი უმშვენებს,
კაცი ჯვრისა ტვირთია,
ღმერთო, ჯვარსაც უშველე.
ზეცას მომიზნებულსა
ტყვიას თავად გაჩვენებ,
გევედრები უფალო
ავი კარგით არჩინე,
მიზანს ააცილე და
ტყვია გადაარჩინე.
დიდება შენ, უფალო,
გზები გადავაბი და
მოვაღწიე შენამდე,
მოვაღწიე შინამდე.
თუ მაქვს შესანდობარი,
ღმერთო, ღმერთო, შემინდე.
ვქრები როგორც კერია,
შენი სითბო შემინთე.
აქეთ მეგულებოდი,
მივატოვე სოფელი.
მინდა, ზეცა ვითარცა
კალთა გადამაფარო.
ინავლება ქვეყანა
და შენ ჩანხარ, უფალო.
აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ
|