ქართველი იდიოტი (ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ – რამდენიმე კომენტარი)


ქართველი იდიოტი (ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ – რამდენიმე კომენტარი)




ილია ჭავჭავაძემ თავად უკარნახა მკითხველს, როგორ დაეწყო მსჯელობა ამ მოთხრობაზე: უნდა ეძებნა პასუხი თითქოსდა რიტორიკული შეკითხვისა, რომლითაც სრულდება „სარჩობელაზედ“: „მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს...“.

 

„სარჩობელაზედ“ ყველა წიგნიერ ქართველს ახსოვს. ქართული სკოლების უმრავლესობაში ამ მოთხრობას მოზარდებს ასწავლიან, ამიტომ მოკლე შინაარსს არ მოვყვებით. საჭიროებისამებრ, მოვიყვანთ ხოლმე ციტატებსა და პერიფრაზებს ტექსტიდან.

მოთხრობის პრობლემატიკა საგულდაგულოდ არის დამუშავებული. არათუ კრიტიკულ და სამეცნიერო ლიტერატურაში, არამედ მოთხრობის ზოგიერთ ანოტაციაშიც ამოიკითხავთ თითქოსდა ამომწურავ ჩამონათვალს: „სარჩობელაზედ“ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული პროზაული ტექსტია, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა მოცულობით პატარაა, მრავალ პრობლემას მოიცავს და მრავალ პრობლემურ საკითხს სვამს. ადამიანთა სისასტიკე, საზოგადოების გულგრილობა, ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირება და პიროვნების ძალიან რთული ბედისწერა რეალო ბაში, სადაც არავის სურს მისი გაგება“ (ანოტაცია მოთხრობისათვის ვებგვერდზე saba.com.ge).

ეს ტევადი და კომპაქტური ჩამონათვალი მაინც არ შეიცავს ილიას მოთხრობის ბოლო წინადადების პასუხს. არცერთი აქ დასმული პრობლემა პეტრეს არ ეხება. პეტრე თავადაა პრობლემა და სწორედ მისი აღწერა შეგვაძლე ბინებს, ილიას მოთხრობას კიდევ ერთი ინტერპრეტაცია მოვუძებნოთ.

პეტრეს კრიტიკას, როგორც ჩანს, ტაბუ ედო ათწლეულთა მანძილზე: საბჭოთა კავშირში, ფორმალურად მუშათა და გლეხთა სახელმწიფოში, კეთილ და მშრომელ გლეხ პერსონაჟს სკოლაში ვერვინ განიხილავდა პირუთვნელად. ის უთუოდ ან დადებითი უნდა ყოფილიყო, ანაც – დაჩაგრული და მსხვერპლი. „სარჩობელაზედ“ არც იყო საპროგრამო ტექსტი. სსრკ-ის დანგრევის შემდეგ მოთხრობა სასკოლო პროგრამაში კი შეიტანეს, მაგრამ უკვე არსებულ გააზრებათა შლეიფით. გლეხზე „ძვირის თქმა“ კი იმთავითვე ილია ჭავჭავაძეს „აჰკიდეს“ – ცნობილი სიტყვები „ოთარაანთ ქვრივიდან“: „...ადამიანობით ისინი ჩვენზედ უარესნი არიან. გლეხიკაცისთანა ხარბს, გლეხიკაცისთანა გაუტანელს, გლეხიკაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს ძნელად თუ ნახავ სადმე...“. ოღონდ ეს „დახასიათება“ თხრობაში მაინცდამაინც არ განივრცობა, ისევე როგორც „კაცია-ადამიანის“ ახსნისას არ უთმობენ დიდ ყურადღებას პერსონაჟი გლეხების უზნეობასა და კონფორმიზმს.

„სარჩობელაზედ“ დაიწერა 1879 წელს, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში

თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში ბატონ-ყმობა გაუქმდა 1864 წელს. ქართველი გლეხი, სულ რაღაც თხუთმეტი წელია, თავისუფალი მოქალაქეა. ოღონდ ეს იურიდიული თავისუფლებაც არ არის სრულფასოვანი. დაწვრილებითი აღწერა მომაბეზრებელი იქნება, მაგრამ უნდა ვახსენოთ ზოგიერთი გარემოება და მაშინდელი ნორმა, რომელიც მოქმედებდა გათავისუფლებული გლეხის ყოფაზე. მიწის საკითხი, თავისი სირთულითა და არსებითი დეტალებით, შეგვიძლია ჩავწიოთ: მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თავადაზნაურობა აღმოსავლეთ საქართველოში შეადგენდა მოსახლეობის 5%-ს და მას დარჩა 21-ჯერ მეტი ფართობის მიწა, ვიდრე გლეხობას. ქუთაისის გუბერნიაში ეს პროპორცია ძლიერ განსხვავებული იყო: იქაური თავადაზნაურობის მიწების ფართობი მხოლოდ ოთხჯერ აღემატებოდა გათავისუფლებული გლეხებისას. მაგრამ მთავარი ის მგონია, რაც რუსეთის იმპერიას არ გაუკეთებია მაშინდელ საქართველოში, თუმცა გააკეთა იმპერიის დანარჩენ ტერიტორიაზე: არ შემოიღო საერობო თვითმმართველობა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიათა მაზრებში (დაახლოებით დღევანდელი რაიონები) მცხოვრებ მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება, წარმომადგენელთა მეშვეობით განეკარგათ ადგილობრივი სახსრები და გადაეწყვიტათ განათლებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, გზების გაყვანასთან დაკავშირებული და მსგავსი საკითხები, დაეწესებინათ ან გაეუქმებინათ გადასახადები მაზრის მასშტაბით. დანარჩენი რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ მოქალაქეებს ეს შეეძლოთ.

სასამართლო რეფორმა, ცხადია, შეეხო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებსაც. პირ-

ველი საფეხური იყო სამომრიგებლო სასამართლო (გახსოვთ, ილია ჭავჭავაძე სწორედ დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა), შემდეგ მოდიოდა საოლქო სასამართლო თბილისსა და ქუთაისში და უფრო მაღალი ინსტანცია, ამჯერად მთელი კავკასიისათვის - თბილისის სასამართლო პალატა. ოღონდ კავკასიაში (მათ შორის საქართველოში) არ შემოიღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სადაც ვერდიქტი, ანუ გადაწყვეტილება, დამნაშავეა თუ არა ბრალდებული, გამოაქვს არა მოსამართლეს, არამედ ნაფიც მსაჯულთა კრებულს. მოსამართლე მხოლოდ სასჯელს უფარდებს დამნაშავეს. ისტორიკოს სარგის კაკაბაძის ცნობით, იმ დროს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ცხენის ქურდობას, ყაჩაღობას, სისხლის აღებას საზოგადოების, მათ შორის თავადაზნაურობის ნაწილი სასახელო საქმედ თვლიდა და კავკასიის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემოღება ხელს შეუშლიდა დანაშაულთან ბრძოლას. ისედაც, იმპერიის მმართველობა სულ უფრო მზარდი უნდობლობით ეკიდებოდა ადგილობრივ ძალებსა და მოსახლეობას.

 

XIX საუკუნის საქართველოსათვის ხსენებული ორი რეფორმის „არიდება“ აბრკოლებდა მოქალაქის, საჯარო საქმეებზე მოფიქრალი, მზრუნველი და მოქმედი ადამიანის ჩამოყალიბებას. ოთარაანთ ქვრივი და მისი ვაჟი მთლად ნორმალური არ ჰგონიათ – ერთის ეშინიათ და მეორეს ხან გიჟად თვლიან, იმის გამო, რომ საჯარო ან სხვების სივრცეში იჭრებიან თავიანთი მორალური პრინციპების კვალად. უნდობლობა, ვერდაძლეული გაუცხოება, ადამიანებისა და საზოგადოების ინერტულობა ილია ჭავჭავაძის პროზის გამჭოლი მოტივებია. მაგრამ, მოდი, ახლა „ჩვენს პეტრეს“ მივუბრუნდეთ, როგორც მას ხშირად იხსენიებს ავტორი.

პეტრე ჩვენია, რადგან პეტრე ვართ ჩვენ, იმდროინდელი ქართული საზოგადოება ან მისი ერთი ნაწილი. პეტრე კეთილი ადამიანია, კარგი მასპინძელი უცხოთათვის. დაჩაგრულთა მფარველობა, მშიერის დაპურება მისთვის ადათიცაა და გაცნობიერებული ქრისტიანული წესიც. სრულიად უბოროტოა, ცნობიერად ცუდ საქმეს არ ჩაიდენს.

პეტრეს ამ ღირსებებს ავტორი მალევე დაუმატებს ერთ შემაცბუნებელ თვისებას: უადგილო, არაადეკვატურ სირცხვილს – პეტრეს დიდად არ სწყინს, არც ბრაზობს იმის გამო, რომ ბიჭებმა გაქურდეს, არამედ რცხვენია. რცხვენია მწვავედ, ამბობს, სირცხვილით შინ როგორ მივიდეო და ოხრავს: ვაი შენ, ჩემო თავო. თან სხვისი დამოკიდებულებაც ეფიქრება: ვისაც ვეტყვი, დამცინებსო.

სირცხვილის ასეთი ძლიერი და უადგილო განცდა, ერთი შეხედვით, ცოტა ხელოვნურად ან, მხატვრული თვალსაზრისით, არცთუ დამაჯერებლად მოჩანს პირველ თავში, მაგრამ თხრობის გაგრძელებისას მწერალი პერსონაჟის სწორედ ამ თვისებას ავსებს და ავითარებს. შედეგად ჩვენ ვიღებთ, ერთი მხრივ – ბრიყვს, მეორე მხრივ კი – პარანოიკს, რომელსაც ჰგონია, რომ სამყარო „ზოგჯერ“ მის გარშემო ტრიალებს და თან მისადმი მტრულად არის განწყობილი.

კარგ მოთხრობაში შემთხვევითი სიტყვები არ უნდა იყოს. ავტორი მეორე თავის დასაწყისში წერს, პეტრე იმავე თავმოწონებით მოდიოდა, ოღონდ ახლა თავმოწონების სხვა მიზეზი ჰქონდა და, იქვე დასძენს, ყეინსავით გამოჭიმული იჯდა რუმბზეო. ლუარსაბ თათქარიძეც ორშაბათის ყეინს ჰგავს, როცა თელეთის მოსალოცად ცხენზე ამხედრდება. ყეინი ილიასთან ირონიის მარკერია, შესაბამისად, ირონიის საგანია პეტრეს თავმოწონებაც. ავტორის მინიშნებით, პეტრეს თავმოსაწონი არაფერი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ურმების ქარავანში პირველ ურემზე უწინ პეტრესი და ახლა მისი შვილის ჯდომა დიდი ვერაფერი ბედენაა.

ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ პეტრეს სირცხვილივით შეუსაბამო თავმოწონება გვამზადებს ამ პერსონაჟის ხასიათის მკვეთრი და მოულოდნელი განვითარებისათვის. პეტრე გამვლელისგან შეიტყობს, რომ მახათას მთაზე ადამიანი უნდა ჩამოახრჩონ და მთისკენ გაეშურება. აი, როგორ აღაქმევინა ავტორმა პერსონაჟს ეს ცნობა: „პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. გულმა ძალიან გაუწივა იქით. „ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, – სთქვა გულში, – მოდი, ერთი ესეცა ვნახოო“. მოხუცი ვერ აცნობიერებს, რომ რეალური ტრაგედიის სანახავად მიდის, არავითარ შინაარსს არ ანიჭებს ცნობას მის თვალწინ ადამიანის მოკვდი ნების შესახებ, ვერანაირ ემოციურ ძვრას ვერ გრძნობს. ამ სიტყვებში არაფერი ჩანს, დროის მოსაკლავად გამოსული კაცის ცნობისმოყვარეობის გარდა. პეტრე თითქოს გახევებულია, თუმცა ცოტა ხანში ირკვევა, რომ თამაშის საყურებლად მოსულა.

სანახაობის მოლოდინში პეტრე დაინახავს გამზადებულ სახრჩობელას, ისმენს ქალების ვიშვიშს განაჩენის მალე აღსრულების გამო, ხედავს სიკვდილმისჯილს, რომელსაც ბადრაგი მოჰყვება, ჯალათს და მღვდელს დამნაშავესთან, ხშირდება მწუხარების, გლოვის, თანაგრძნობის შეძახილები ხალხში და... პეტრე დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მის გასაბიაბრუებლად კეთდება. ყოველი მორიგი რეპლიკა თუ ფაქტი მას კი არ ურყევს, არამედ უმყარებს ფიქრს, რომ ეს მილეთის ხალხი აქ შეკრებილა, რათა პეტრე აიგდონ, გაათამაშონ, დასცინონ სოფლელობის გამო.

„– ჰა, პეტრევ!.. – არიგებდა პეტრე თავის თავს, – არ გაბრიყვდე, ეშმაკმა არ გაცდინოს, მართალი არ გეგონოს!.. ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან, სოფლელია და მოტყუვდაო“.

„– აი, დედაკაცები არ არიან, თმაგრძელი და ჭკუამოკლე! – სთქვა თავისთავად პეტრემ, – რა მალე მოტყუვდნენ. ხომ თითონაც სუყველანი თვალთმაქცები და კუდიანები არიან, მაგრამ აჰა... ეგენიც კი ტყუვდებიან. მაგრამ იქნება ამათ ჩემი გაბრიყვება უნდათ, სოფლელიაო. ჰა, პეტრევ!.. თავს გაუფრთხილდი, არ გაბრიყვდე!.. არ შერცხვე ეს დროული კაცი; ამოდენა ჯარ-ჯამაათის სასაცილოდ არ გაიხადო თავი. დასწყევლოს ღმერთმა ეს ქალაქელები, კაცი თუ ქალი, რა მალე შეგვატყობენ ხოლმე სოფლელ კაცს, თითქო შუბლზედ გვეწეროს“.

„– აბაიმე, აბაიმე!.. – სთქვა გულში პეტრემ, ეხლა კი ცოტა წყენითა. – ჩემზედ მოიცალა ამოდენა ხალხმა, თუ რა ამბავია ჩემს თავს. ესე მალე როგორ შეკრა ყველამ პირობა!.. ახა ღმერთო ჩემო! კარგია, არა ვკითხე. აბა კიჟინას დამცემდნენ, აი! ჰა, პეტრე, გაფრთხილდი, არ გაგაბრიყვონ, სასაცილოდ არ გაიხადო თავი. აი უსაქმურ ხალხს რომ იტყვიან, ეს ქალაქელები არიან: დასწყევლოთ ღმერთმა, ყველამ ჩემზედ არ მოიცალა! – ამბობდა ამას თავის გულში პეტრე და ეგონა, რომ მართლა-და ეს ხალხი ამისათვის არის მოცლილი, სოფლელია და გავაბრიყვოთო“.

ამას მიამიტობა ან გულუბრყვილობა არ ჰქვია. ჩამოხრჩობის შემდეგ პეტრე ისე ტოვებს სიკვდილით დასჯის ადგილს, რომ ვერ გადაუწყვეტია, ადამიანის გვამი ჰკიდია თოკზე თუ ტიკინა. მანამდე, ჩამოხრჩობის მომენტში, კიდევ ერთი ცხადი ნიშანი მიეცა რეალობაში დასარწმუნებლად, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე: განაჩენის აღსრულების მომენტში ყველა გაირინდა, „ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქო სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო. ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავგადასხმული“. მომაკვდავის ფართხალიც თამაში ჰგონია, ფეხების ნაცვლად „მართულებს გაუკეთებდნენო“.

პეტრეს თითქოს გაუცნობიერებლადვე აქვს უზარმაზარი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ჰიპერტროფიული თავმოყვარეობა, რომლის მეორე მხარეც საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებაა. ამ ორ მოცემულობას ამთლიანებს ფიქრი, რომ ასეულობით ადამიანმა პირი შეკრა, რათა დაგცინოს სოფლელობის გამო. მაგრამ პეტრეს პიროვნულ თვისებებზე მეტად მნიშვნელოვანია მისი სოციალური სიბრმავე, სრული დეზორიენტირება თანამედროვეობაში. პეტრე არ იცნობს სინამდვილეს, ის უყურებს და ვერ ხედავს, რა ხდება საჯარო სივრცეში, უსმენს და ყურებს არ უჯერებს. ყველა თვალსაჩინო და ნივთიერი მტკიცებულება თვალწინ უდევს, მაგრამ საქმის არსს ვერ სწვდება. არ იცის, რომ ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. პეტრე, ერთ ძველ და პროვინციულად დაფერილ სიტყვას თუ ვიხმართ, „გამოუსვლელია“. ამ სიტყვით საბჭოთა დროში ახასიათებდნენ ადამიანს, რომელიც „სოფლიდან ჩამოვიდა“, მაგრამ ურბანიზაციის კვალი ვერ დაეტყო. მაგრამ პეტრე სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად არ ჩამოდის, ის „გამოუსვლელია“ არა საბჭოურ-ქალაქური მნიშვნელობით, არამედ „გამოუსვლელია“ მოქალაქეობრივად. არშემდგარი მოქალაქეა, იურიდიული თავისუფლების მიუხედავად. პეტრე იდიოტია, მცირე წილად თანამედროვე, მეტწილად კი ძველბერძნული გაგებით – კერძო პირი, უბრალო, უწიგნური კაცი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობს და მისი არაფერი გაეგება.

ჩამოხრჩობის შემდეგ ბრბო იშლება და ამ ეპიზოდში ავტორი განსაკუთრებით დაუნდობელი ხდება პერსონაჟისადმი. პეტრე უშვებს, რომ შეიძლება ადამიანი მართლაც მოახრჩვეს სახალხოდ, მაგრამ ეს იმდენად არ ენაღვლება: „ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა, შეეტყო – რაში ტყუვდება: იმაში, რომ ეს მართალი თვალთმაქცობაა და ტყუილი ჩამორჩობა, თუ მართალი ჩამორჩობაა. სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას, უფრო ჰთაკილობდა მისი გული: აბა თვალთმაქცობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოს ამ დროულ კაცსაო. და მართალი-კი რომ ტყუილი გამომდგარიყო, ეგ არაფერი; მაგას როგორღაც უფრო ადვილად ჰყაბულდებოდა ჩვენი პეტრე. მაინც კი ძალიან უნდოდა შეეტყო მართალი. ბევრჯელ გაუწია გულმა, მოდი, დავეწევი ვისმე და ვკითხავო; ბევრჯელ მივიდა კიდეც და უნდოდა ეკითხნა თუ არა, შეფერხებულა: – არა, შვილოსა, დამცინებენო, ისევ ჩემს ჭკუას ავყვე, ისა სჯობიაო“.

საგულისხმოა მოთხრობაში რუსეთისა და რუსების ხსენება. რუსს პირველად უფროსი ძმა ახსენებს (ვისაც მერე ჩამოახრჩობენ) და მას ტყუილის გასამაგრებლად მოიხმობს: თითქოს რუსმა გაძარცვა, მოატყუა და ბავშვები მიატოვა. მეორედ პეტრე საყვედურობს რუსეთს, გაქურდვის შემდეგ: „რაკი ქართველმა რუსული შლაპკა დაიხურა, იმის საქმე წასულია. ფუ, ეშმაკს!“. მესამედ კი ცოცხლად დარჩენილი ძმა იხსენიებს წერილში პეტრესადმი: „აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა“. ეს ხსენება-საყვედურები ორშრიანია: რუსების აქ ყოფნა, რუსული მმართველობა არ არის კეთილისმყოფელი ამ ქვეყნისთვის და თან გეძლევა საშუალება საკუთარი ნაკლი, ცოდვა თუ დანაშაული რუსულ გავლენას მიაწერო ან ამოაფარო.

ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ პრობლემატიკას, ვფიქრობ, უნდა დაემატოს მოქალაქის ჩამოუყალიბებლობის, მეტიც, მისი დაუბადებლობის პრობლემა. ამ ტექსტის დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე ილიამ საფლავის ქვა დაადო ქართულ არისტოკრატიას „კაცია-ადამიანის“ ტექსტით, გვითხრა, რომ ამგვარი ელიტა არათუ ერის ან საზოგადოების წინამძღოლად და მაგალითად გამოდგება, არამედ უნდა მოკვდეს, როგორც ადამიანისა და ქვეყნის თავისუფლების მტერი. „სარჩობელაზედ“ უკვე სხვა საზოგადოებრივი ფენის კრიტიკაა, ჩემი აზრით, არანაკლებ ულმობელი, ვიდრე „კაცია-ადამიანი?!“. მოთხრობა იწყება შუა ზაფხულის ხვატის აღწერით, რომელიც სიმბოლურად ჯოჯოხეთს, მკვდართა სამეფოს და უთუოდ მაშინდელი ქართული საზოგადოების ნაწილსაც განასახიერებს: „დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა... საცოდავი მეურმეები, ქანცგაწყვეტილნი სიცხისაგან, გულდაღმა გაშოტილიყვნენ... ყველას ეძინა“. ილია ჭავჭავაძის გამჭოლი მოტივი ამ მოთხრობაში შეიძლება ბარათაშვილის სიტყვებით გადმოიცეს: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“. ნაწარმოებში ავტორი გამოიხმობს ალუზიებს სახარებიდან, რათა სახარებისეული სიუჟეტური სვლების პაროდირებით გროტესკი შემატოს მთავარი პერსონაჟის აღქმებსა და ქმედებებს. რუმბზე ყეინივით გადამჯდარ პეტრეს შვილის ურემზე გზის მამალი უზის. მოთხრობის ერთადერთი ავტორისეული სქოლიო განმარტავს: „ურმის ქარავანი რომ წავა შორს მანძილზედ, ერთ-ერთს ურემზედ მამალს დასმენ ხოლმე, რომ მამლის ყივილმა გათენება შეატყობინოს ქარავანსა. მეურმეების საათი გზაზედ – მამალია“. მამლისა და პეტრე მოციქულის ისტორია იმათაც იციან, ვისაც სახარება არ წაუკითხავს, იციან, რომ სწორედ მამლის ყივილმა შეახსენა პეტრეს, როგორ აუხდა ქრისტესგან იმ ღამეს ნათქვამი: სამჯერ უარმყოფ, ვიდრე მამალი იყივლებსო. მამლის ყივილი ქრისტეს მოწაფისთვის სიგნალია სინანულის, ჩადენილის გამო სიმწარისა და მწუხარების, ის მოასწავებს მომავალ დაუღალავ მოღვაწეობასა და ვაჟკაცობას ქრისტეს სადიდებლად. ილიას მოთხრობაში კი მამალი ჩუმადაა, არ ყივის. პეტრეც არაფერს ინანიებს, არაფერს განიცდის, არც მის გონებაში აღწევს მზის სხივი. პეტრე მოციქული კანონიკური ტექსტების, ახალი აღთქმის ორი ეპისტოლეს ავტორია. ჩვენს პეტრეს აქეთ უკითხავენ ეპისტოლეს. ქრისტეს მოწაფე არ დასწრებია ჯვარცმას, ჩვენი პეტრე კი წავიდა ქართულ გოლგოთაზე – მახათას მთაზე. მახათაზე, როგორც გოლგოთაზე, სიკვდილით დასაჯეს ავაზაკი. გოლგოთაზე ჯვარცმული ქრისტეს სიტყვები „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ მიემართება მახათაზე თავმოყრილ ხალხსაც და, მით უმეტეს პეტრეს, რომელიც, ვხედავთ, საერთოდ არაფრის აზრზე არ არის. ილიას ტექსტში ცოცხლად დარჩენილი, შედარებით კეთილგონიერი ავაზაკი უყვება „ჩვენს პეტრეს“ ყველასგან მოძულებული ძმების ტრაგიკულ ამბავს და ბრალს აქეთ სდებს: „განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“.

პეტრეს პასუხი არ აქვს. ის შიშისაგან ცახცახებს. ვერ გაუგია, რას ეუბნებიან, რა უნდათ მისგან. მაგრამ მკითხველს კი ესმის, რომ პერსონაჟისკენ მიმართული რიტორიკული ბრალდება სინამდვილეში მას მიემართება, მას იწვევს საზოგადო საქმეებით დასაინტერესებლად, მას, მკითხველს, შეახსენებს მოქალაქედ ყოფნის საჭიროებასა და პასუხისმგებლობას...

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE