ნეტარ არიან თვითმკვლელნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათ


ნეტარ არიან თვითმკვლელნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათ




***

კაროლინსკა იყო იმპერიის უკიდურესი ჩრდილოეთი, რომელსაც ერთის მხრივ ერტყა თვალუწვდენელი ოკეანე შიგ მოტივტივე ყინულის ნატეხებით, ხოლო მეორეს მხრივ კი დაუსახლებელი ტერიტორია, რომელიც ცივილიზებული სამყაროსგან ჰყოფდა. მიუხედავად ასეთი არასახარბიელო ტოპოგრაფიისა, ის მაინც შედიოდა მესამე რაიხის შემადგენლობაში ალბათ იმიტომ, რომ კაროლინსკა ჩრდილოეთის ოკეანის პირას ასე ახლოს დასახლებულ ერთადერთ საცხოვრებელ პუნქტს წარმოადგენდა.

შობადობის ლიმიტი ამ ადგილისთვის აბსოლუტური 0 იყო და ისეთი პირი უჩანდა, ასეც დარჩებოდა სამარადჟამოდ. სიმართლე რომ ვთქვათ, კაროლინსკელები არც აპროტესტებდნენ ამ ფაქტს და აკმაყოფილებდათ ის სოციუმი, რომელსაც, აგერ, უკვე 120-ე წელიწადის მანძილზე უცვლელად ინარჩუნებდნენ - 3042 ადამიანი, აქედან 1300 კაცი და 1742 ქალი. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 43 წელიწადი, რის შემდეგაც უწევდათ სხეულის შეცვლა. სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი იმპერიის შემადგენლობიდან კაროლინსკას განდევნის მომხრეებისთვის. მათ მიაჩნდათ, რომ კონექტომიკის რესურსების მსგავსი ინტენსიური გამოყენება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ისინი მოითხოვდნენ კაროლინსკას მოსახლეობისთვის რაიმე მკაფიო მოვალეობის დაკისრებას, ან, ყველაზე კომპრომისულ ვარიანტში - მათი რაოდენობის შემცირებას 2000 ერთეულამდე მაინც, რაც კონექტომიკის ხარჯებს მკვეთრად შეამცირებდა. რთული იყო ამ ადამიანებთან ოპონირება, რადგან კაროლინსკა იმყოფებოდა მოწინავე ადგილებზე ადამიანების ყველაზე მოკლე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლით. ეს მეტწილად განპირობებული იყო იმ მკაცრი გარემო პირობებით, რომელშიც მათ უწევდათ არსებობა. მიუხედავად ყველაფრისა, მმართველი პარტია არ ჩქარობდა კაროლინსკასთან დაკავშირებით რადიკალური ზომების მიღებას და არწმუნებდა მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომ მიმდინარეობდა ამ დასახლებაზე დაკვირვება და მალე ის გამოყენებული იქნებოდა ერთგვარ მოდელად, რაც თითქოსდა იმპერიას დაუსახლებელ პირობებში თანამოქალაქეების დასახლების საშუალებას მისცემდა.  მმართველი პარტიის წევრები არწმუნებდნენ ოპოზიციონერებს, რომ თანდათანობით გაზრდიდნენ კაროლინსკელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, თუმცა მრუდები და დინამიკა მსგავსს არაფერს პროგნოზირებდა. მმართველი პარტიის რეიტინგიც ნელ-ნელა ეცემოდა მსგავსი სიჯიუტისა და საბიუჯეტო სახსრების სრულიად უაზრო ფლანგვის გამო. ნელ-ნელა ისეთი პირი უჩანდა, რომ მესამე რაიხის ამომრჩეველი მოითხოვდა კაროლინსკას მოსახლეობის არათუ შემცირებას, არამედ მათ განდევნას იმპერიის შემადგენლობიდან, სპეციალური სტატუსის გაუქმებას და თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩაყენებას, რაც უდიდესი ალბათობით კაროლინსკელების გაქრობას გამოიწვევდა.

120 წელი იდგა კონექტომიკის შემდგომ. ზუსტად 120 წლის წინ, 9 თებერვალს, იმპერიის მესვეურებს საზეიმოდ ეცნობებინათ ქვეყნიერებისთვის ახალი მეცნიერების, კონექტომიკის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. კონექტომიკა იყო უკვდავება!

იმპერიის ყველა მოქალაქის ცნობიერების სკანირება და რეგისტრირება მოხდა საერთო ბაზაში. მათი გარდაცვალების შემდეგ კი მათი ცენტრალური ნერვული სისტემის რეინსტალაციას ახდენდნენ ახალ სხეულებში. მოქალაქეებს ახალი სასურველი სხეულის დიზაინი წინასწარ ჰქონდათ შეკვეთილი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. თავიდან კონექტომიკა თითო-ოროლა მომხმარებლის საკუთრება იყო, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარი ფულით შეეძინათ სერვისი, თუმცა ძალიან მალე მთავრობამ ბიუჯეტი დაგეგმა იმგვარად, რომ ყოველი მისი მოქალაქისთვის გახდა კონექტომიკური სერვისებით სარგებლობა შესაძლებელი. გადასახადების სისტემა შეიცვალა, პრიორიტეტები შეიცვალა, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა, სამაგიეროდ კი დაიწყო ახალი ხანა, კონექტომიკის შემდგომი ხანა ანუ უკვდავების დრო. დრო, სადაც ყველა იმდენ ხანს ცხოვრობდა, რამდენი ხანიც უნდოდა. ჯერ სიცოცხლის შეწყვეტის სურვილი არავის გამოეთქვა, არადა კარგა 120 წელი გასულიყო კონექტომიკის შემდგომ. ყველა დარეგისტრირებული გახლდათ ცენტრალურ ბაზაში, დატოვებული ჰქონდათ სიკვდილის შემდგომ მომდევნო სხეულის აღწერილობა, რომელშიც უნდა გაეცოცხლებინათ და იყვნენ მშვიდად და ბედნიერად. რა თქმა უნდა, ამ 120 წლის მანძილზე არაერთხელ მოუწიათ სხეულის გამოცვლა, განსაკუთრებით კი კაროლინსკელებს, თუმცა, რას დაეძებდნენ? სიკვდილი აცრასავით უსიამოვნო პროცედურა გამხდარიყო, რომელიც პერიოდულად ყველას უწევდა რამდენიმეჯერ, მეტი არაფერი. ერთი ეგაა, რომ უკვდავების სანაცვლოდ იმპერიას შობადობაზე უმკაცრესი კონტროლი დაეწესებინა, რადგან უკვდავი ადამიანების უკონტროლო ზრდა კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანას. პლანეტა ზონებად დაყოფილიყო. მეტად განვითარებული რეგიონები მაღალი ლიმიტის ზღვრით გამოირჩეოდნენ (ყველაზე მაღალი იყო 3შ - ანუ ერთ სულ მოსახლეზე მაქს. 3 შვილის ყოლის უფლება, რომლებიც მიიღებდნენ კონექტომიკის ნაციონალურ ბაზაში დარეგისტრირების უფლებას და სხვა ბენეფიტებს), ხოლო ყველაზე განუვითარებელი რეგიონები კი, ისეთები, როგორიც კაროლინსკა გახლდათ, 0შ კატეგორიაში გადიოდნენ. ეს სტატუსები ხშირად იცვლებოდა ხოლმე განვითარების პატერნის ცვლილებასთან ერთად, თუმცა კაროლინსკა იმდენად სტაბილურად განუვითარებელი მხარე იყო, 0შ ალბათ კიდევ დიდხანს არ შეიცვლებოდა. რა მოხდებოდა, თუ აკრძალვის მიუხედავად ადამიანი შვილს გააჩენდა მაინც? ის ვერ ისარგებლებდა ვერანაირი სამედიცინო და სოციალური ბენეფიტებით, რომლებიც იმპერიის მოქალაქეებს ჰქონდათ, არაფერს ვამბობ უკვდავებაზე და კონექტომიკაზე. პრაქტიკულად განწირული იყო ნაადრევ ასაკში ულმობელი სიკვდილისათვის და სწორედ ამიტომ, ადამიანობა ვისაც შერჩენოდა, ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებდა, თუ ეს მის რეგიონში დაშვებული არ იყო.

                                               

                                               

                                                            ***

- ჩემო ძვირფასებო, - მაღალი, სოლიდურად ჩაცმული და თხელი ადამიანი იდგა ტრიბუნასთან და მის წინ შეგროვილ ხალხს მიმართავდა. ეს ხდებოდა სანაპიროდან დაახლ. 50 მეტრის მოშორებით მდებარე ყველაზე ცნობილ  და ყველაზე დიდ ბარში, რომელსაც ერქვა „სლიზკა“ და რომელიც იტევდა 500 ადამიანს. - მინდა გაუწყოთ ახალი მისიის ჩამოსვლის შესახებ, რომელიც იქნება უკანასკნელი მისია იმპერიიდან. გვინდა კარგად გაისიგრძეგანოთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თავად იმპერატორი იღებს საკუთარ თავზე. ჩვენ ვიბრძვით თქვენთვის, გვინდა რომ ამ ბრძოლაში მხარი აგვიბათ!

კაროლინსკა ხომ ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლით. თქვენ საშუალოდ 43 წელს ცხოვრობთ, გესმით, ეს რას ნიშნავს? იმპერიის საშუალოდ განვითარებული დასახლების მაცხოვრებლები საშუალოდ ცხოვრობენ 75 წელიწადს და ეს ციფრი უფრო და უფრო იზრდება, თქვენ კი მათზე ორჯერ ნაკლები დრო გჭირდებათ სხეულის შესაცვლელად! ალბათ ისიც არ გესმით წესიერად, თუ რამხელა დანახარჯებთანაა დაკავშირებული კონექტომიკის სიკეთეები. თქვენ ხომ პრაქტიკულად არაფერს აკეთებთ და ამ დროს იღებთ ყველაფერს! ასე არ შეიძლება, მეგობრებო!

ჩემო ძვირფასებო, ცენტრში სიტუაცია დღითიდღე იცვლება და მოვლენილი ვარ ამ ინფორმაციის თქვენამდე მოსატანად. მინდა, რომ იცოდეთ - ოპოზიცია ძლიერდება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც იგი ქულების დაწერას ახერხებს, აბა, თუ გამოიცნობთ რომელია? ფიქრით თავს ნუ დაიღლით, პირდაპირ გეტყვით - ეს თქვენ ხართ! დიახ, თქვენ გიყენებთ ჩვენი ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და არ იკითხავთ რას მოითხოვენ ისინი? გიპასუხებთ - ხარჯების ოპტიმიზაციას და რაციონალიზაციას. მოსახლეობის უმეტესობა ნელ-ნელა მათ მხარეს იჭერს და უფრო და უფრო აგრესიულად ითხოვს ისეთი უვარგისი რეგიონების, როგორიცაა მაგალითად კაროლინსკა, შენახვასა და უზრუნველყოფაზე უარის თქმას! ისინი ამბობენ, რომ თუ კაროლინსკელები აძლევთ თავს უფლებას ერთი სხეული ასეთი მცირე ხნის შუალედებში შეცვალოთ, მაშინ ისინიც მოგბაძავენ და თავიანთ ბებერ, თუმცა ჯანმრთელ სხეულებს დაბერებამდე მოიშორებენ და გამოცვლიან! წარმოგიდგენიათ რა მოხდება, თუ ეს ტრენდად დამკვიდრდება და მესამე რაიხის მასშტაბით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაიწევს მნიშვნელოვნად? ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა, რომლის მსგავსიც იმპერიას არ გამოუცდია და რომელსაც ის ვერაფრით გაუმკლავდება.

ვიცი, რომ გაშინებთ, ვიცი რომ გზაფრავთ, მაგრამ ეს აუცილებელია! მერწმუნეთ, ამას თქვენივე სიკეთისათვის ვაკეთებთ, რამეთუ გვსურს დაგვეხმაროთ! გვინდა რომ დაგვეხმაროთ თქვენივე გადარჩენაში! ისინი შეგიწყვეტენ კონექტომიკით სარგებლობის უფლებას და თქვენ ასი წელიც არ დაგჭირდებათ გადასაშენებლად! ნუ დაიღუპავთ თავებს, მოგვეცით თქვენი გადარჩენის უფლება! ეს მიზანი ექნება ამ ახალ და უკანასკნელ მისიას, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოავლინა კაროლინსკაზე. გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები. ისინი უახლოეს დღეებში ჩაატარებენ ტრენინგებს და იზრუნებენ თქვენში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებაზე, განახებენ თქვენი სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზებს და დაგისახავენ გზებს თუ როგორ უნდა აირიდოთ ისინი თავიდან. მე მჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა! მე მჯერა, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ თქვენი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდას და ამ მონაცემებს პირში ჩავჩრით ოპოზიციას!

კეშა უყურებდა გამომსვლელს და ხვდებოდა, რომ ამ სამი სხეულის მანძილზე, ცხოვრებაში პირველად მოსწონებოდა მამაკაცი.

 

                                                ***

კეშა ნამდვილი შეშლილი იყო. მესამე სხეულს იყენებდა და სამივეჯერ ეს სახელი ერქვა.

პირველი, კეშა მამაკაცი იყო და დანარჩენი კაროლინსკელებისგან მძაფრი შეგრძნებების სიყვარულით გამოირჩეოდა. კონექტომიკის გამოგონების შემდეგ კი გასაქანი მისცა ყველა მალულ ფანტაზიას. საქმე ისაა, რომ მანამდე სიკვდილის ეშინოდა და ბოლომდე ვერ რისკავდა. როცა თავი უკვდავად იგულა, ყველა ის სარისკო მომენტი გამოსცადა, რაზეც კონექტომიკამდელ ერაში გული ეთანაღრებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა და გარდაიცვალა 22 წელს კონექტომიკის შემდგომ - 44 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზი რთული დასადგენია, რადგან არავინ იცის გაიყინა თუ დაიხრჩო - არც მეტი არც ნაკლები ოკეანეში შესცურა. მიზნად ჰქონდა დასახული, პირველივე აისბერგამდე მისულიყო და შემდეგ უკანვე გამოეცურა, თუმცა ცხადია გზის მეასედიც კი ვერ დაფარა და რამდენიმე ხელის გაქნევაში დაიღუპა. მისმა ამ ბრიყვულმა საქციელმა ერთ-ერთ ბრიყვულ ტრადიციას დაუდო სათავე - ყოველი წლის 12 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა კეშა ოკეანეში შევიდა, ეწყობოდა საერთო სახალხო ზეიმი-შეჯიბრება ცურვაში. მონაწილეების 99% იღუპებოდა, თუმცა განა ყველა მოზეიმე შედიოდა წყალში? უმეტესობა ნაპირზე ცეკვავდა, სვამდა, ესიყვარულებოდა ერთმანეთს, ხოლო რჩეული უმცირესობა კი წყალში ასრულებდა მორიგ სიცოცხლეს.

მის მეორე სხეულს კარგა 50 წლამდე მიეღწია. ისევ კეშა ერქვა, ოღონდ ამჯერად ქალი იყო. 23 წლის ასაკში გადაეწყვიტა, რომ ყველა კაროლინსკელ მამაკაცთან ჰქონოდა სექსი. ასეთების რიცხვი კი, როგორც უკვე იცით, არც მეტი არც ნაკლები 1300 გახლდათ. კეშამ თავიდანვე საჯაროდ გაამხილა თავისი სურვილი და განაცხადა, რომ ოდითგან უნდოდა გამოეცადა ქალის სექსუალობის საიდუმლო და გადაეწყვიტა ეს ცხოვრება ბოლომდე ამ საკითხის ემპირიული კვლევა-ძიებისთვის მიეძღვნა. 27 წელი მოანდომა კაროლინსკელ მამაკაცებთან სექსს, 27 წელი! ზუსტი სტატისტიკა ცხადია კაციშვილმა არ იცის, რადგან არც არავინ ითვლიდა, მაგრამ დიდი ალბათობით მართლა ყველა მათგანთან წოლილა კეშა თუ მის დღიურებს და კაროლინსკელი მამაკაცების ცოდნას ვენდობით კეშას ეროტიული საიდუმლოებების შესახებ. კეშას იმდროინდელი დღიურების კითხვა საკმაოდ საინტერესო რამ გახლდათ და მართლა საგულისხმო ინფორმაციას იძლეოდა სექსუალობის შესახებ. იქ ასევე ძალიან კარგად ჩანდა კეშას ფსიქოლოგიური გარდასახვა, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდებოდა შეუქცევადად და ბოლოს სრულ ფეტიშიზმამდე მისულიყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ სქესობრივი ცხოვრების მოვალეობად და წმინდათაწმინდა მისიად ქცევის პარალელურად, კეშას ლიბიდო ეკარგებოდა. სურვილის გარეშე სექსი კი ნამდვილ საშინელებას ემსგავსებოდა. დაკარგული სურვილების საკომპენსაციოდ კეშა მიმართავდა სხვადასხვა სასტიკ თამაშებს, რომელსაც სექსუალური ტკბობისას სურვილების გასამძაფრებლად იყენებდა. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა იმსხვერპლა კიდეც. როგორც ნარკომანს ესაჭიროება დღითიდღე მომატებული დოზები, ისე ესაჭიროებოდა კეშას მეტი უხეში ფაქტორები დამატებითი ემოციების გამოსამუშავებლად. საზღვრის შეგრძნება დაეკარგა და შედეგად ამისა უკანასკნელი აქტის დროს საშინელი ტკივილების ფონზე გარდაცვლილიყო კიდეც. შინაგანი სისხლდენაო, ექიმებს უთქვამთ.

ეს მოხდა 72 წელს კონექტომიკის შემდგომ. ამჯერად კი კეშა 48 წლის ცოცხალი და საღ-სალამათი ქალი იყო, სექსუალური პერვერსიების და სხვა უცნაურობების გარეშე, უზომოდ სევდიანი თვალებითა და მომუწული პირით - არ ლაპარაკობდა.

 

 

                                                            ***

 კრისტოფერი დღე-ღამეს ათენებდა კაროლინსკელებთან მუშაობაში, თუმცა რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ხვდებოდა რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. ხვდებოდა და გული ეთანაღრებოდა კიდეც იმიტომ, რომ მისი საყვარელი ქალი სწორედ კაროლინსკელი გახლდათ.

კეშას მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ ეს მშვენიერი ორატორი, რომელიც მის გადასარჩენად ჩამოსულიყო, პირველივე საღამოს მისი უნდა გამხდარიყო. ჰო, ზუსტად იცოდა კეშამ, რომ ლიტონი სიტყვები კაროლინსკას მოსახლეობისთვის უკვდავების შენარჩუნებაზე ერთი დიდი ნომენკლატურული ზღაპარი იყო, რომლის თქმაც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა. მან ზუსტად იცოდა, რომ სინამდვილეში კრისტოფერს ამხელა მისია იმისთვის გამოეთხოვა ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომ კეშა გადაერჩინა.

- რითი გიშველო? - უთხრა კრისტოფერმა უცნობ ქალს, რომელიც კისერზე შებმული დაფით გადაადგილდებოდა, სადაც სათქმელს მოკლედ სწერდა ხოლმე. კრისტოფერი პირველად იყო კაროლინსკაში, თუმცა წინასწარ შემზადებულიყო ადგილობრივების უცნაურობებისთვის.

„მე კეშა ვარ. შენ ჩემი გადამრჩენელი“.

- ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორი გაფაციცებული მისმენდა ხალხი, ალბათ შეეშინდათ და ალბათ აცნობიერებენ იმ საფ... - კრისტოფერმა შუა გზაში გაწყვიტა სიტყვა, რადგან ფეხებს შუა შეხება იგრძნო. კეშა ეფერებოდა.

კრისტოფერს არ უნდოდა ემოციებს საქმისთვის შეეშალა ხელი, თუმცა ამ უცნაურ მუნჯ ქალსაც ვერ იმეტებდა. იმ დღიდან კეშას მის დროებით რეზიდენციაში დაედო ბინა. დილით გადიოდა კაცი ტრენინგების ჩასატარებლად და სამუშაოდ. გვიან საღამოს მოსულს კი გამთბარი სახლი, მომზადებული ხორცი და ვეშაპის ქონის მლაშე კონსერვი ელოდა მაგიდაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უყვარდა ფუმფულა პურთან ერთად.

- რატომ ხარ მუნჯი? არ გინდა სხეული შეიცვალო და აღარ იტანჯო?

„ჩემი არჩევანია“.

- რა? ლაპარაკი შეგიძლია?

„კი“.

- მოიცა, მოიცა...

„არ გვინდა ამაზე ლაპარაკი“.

- კი, მაგრამ...

„მჭირდება ასე. პირობას გაძლევ, შემდეგ სხეულში იდეალური ვიქნები. როგორც შენ გინდა“.

- როგორც მე მინდა?

„ჩემი შემდეგი სხეულის დიზაინი შენ გააკეთე“.

კრისტოფერი ქალების გულთა მპყრობელი არასდროს ყოფილა და რა გასაკვირია, რომ ამ სიტყვების შემდეგ კეშას ვერასდროს შეელეოდა  - შანსი ჰქონდა ამ არსებისგან შეემზადებინა იდეალური ქალი, როგორიც უნდოდა მომდევნო ცხოვრებისათვის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მართლა შეჰყვარებოდა.

 

 

                                                ***

უკანასკნელი მისია 3 წელზე მეტხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ეტყობოდა ნერვიულობა კრისტოფერს, რადგან ვინ ვინ, და ის ხვდებოდა ყველაზე უკეთ, რომ კაროლინსკელებთან ამ წლების მანძილზე ვერანაირი პროგრესისთვის ვერ მიეღწია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოკეანეში შეცურვის სრულიად ბრიყვული ტრადიცია ვერ მოეშალა მათთვის. კრისტოფერმა ზუსტად იცოდა, რა პასუხსაც მიიღებდა ცენტრში გასამართ შემაჯამებელ კომისიაზე, სადაც მისი მოღვაწეობის შედეგები უნდა მოეხსენებინა ზემდგომებისთვის, შემდეგ კი მათი იქედნური გამოხედვისთვის და ცინიკური რეპლიკებისთვის უნდა ესმინა, საპასუხოდ ზრდილობიანი ღიმილი შეშრობოდა სახეზე, უფროსის მრისხანე მზერისთვის გაეძლო, რომელიც ხმას არ ამოიღებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ბოლოს ეტყოდა, რომ მომდევნო დღიდან დაქვეითებულიყო სამსახურში, რადგან ეს ავანტურა კრისტოფერის იდეა გახლდათ და რომ არა კრისტოფერი, ისედაც ზედმეტ ხარჯს კიდევ ხარჯი არ დაემატებოდა და სამი წლის წინ იზამდნენ იმას, რაც ახლა უნდა ექნათ და ამით ბევრ ფულს დაზოგავდნენ და ახლა კი სანაცვლოდ ოპოზიციასთან უნდა ემართლებინათ თავი და იყო შანსი, რომ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც უკვე კარზე მომდგარიყო, ვერ გაემარჯვათ და ამაში დანაშაულის ლომის წვლილი სწორედ კრისტოფერს ექნებოდა, რომელიც დიდი ალბათობით ამ და მომდევნო სხეულის უტლიზაციის ბოლომდე ვერ გამოისყიდიდა დანაშაულს, რისი გარანტიც მისი ამჟამინდელი უფროსი იქნებოდა. კარგი დღე არ ელოდა კრისტოფერს.

საერთოდ რა უნდოდა, რატომ აიღო საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა? რატომ ვერ გათვალა საკუთარი ძალები და შეეჭიდა იმხელა საქმეს, რომელიც მოითხოვდა მაქსიმალურ ფსონს - ან ყველაფერი ან არაფერი? კაცმა არ იცის და ამაზე ფიქრი უკვე გვიანი იყო, სანამ ნაბიჯს გადადგამდა, მანამდე უნდა ეფიქრა. ახლა კი ნელ-ნელა უნდა შეგუებოდა იმ აზრს, რომ მომდევნო 70-100 წლის მანძილზე ერთი რიგითი უამბიციო მონა იქნებოდა თავისი მიზერული ანაზღაურებითა და... კეშა! ახლა გაახსენდა, რომ ასს კი არა, შვიდ მაგდენსაც გადაიტანდა, ოღონდ კეშას არ მოსვლოდა რაიმე და არადა, მოუვიდოდა - როგორც რიგითი კაროლინსკელი, კეშა დაკარგავდა კონექტომიკის სერვისით სარგებლობის უფლებას და ადრე თუ გვიან და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ერთხელ და სამუდამოდ მოკვდებოდა და მისი ცნობიერება კი წაიშლებოდა ყველა მყარი დისკიდან, რომელიც ინახებოდა დღეს ერთიან სისტემაში. კრისტოფერი მიხვდა, რომ ეს გამოუვალი ჩიხი იყო. ქვა ქვაზეც რომ არ დარჩენილიყო მთელი კაროლინსკიდან, კეშა უნდა გადაერჩინა როგორმე!

კეშას კი სხვა საფიქრალი გასჩენოდა ამ დროს.

„ორსულად ვარ“.

- არა უშავს, 5 თვეშია ჩანიშნული კომისია. მანამდე მოვიშორებთ.

„არ მოვიშორებ“.

- რა?

„პირველ სხეულში კაცი ვიყავი“.

- ვიცი ეგ, ახლა რატომ მეუბნები?

„კაცი, რომელმაც არ იცის, რა უნდა“.

- რისი თქმა გსურს?

„და მოვკვდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად არ ვიცოდი, რა მინდოდა. ლოგიკურია. აისბერგამდე მიცურვა ილუზორული მიზანი იყო. სულაც არ მინდოდა ეგ სინამდვილეში“.

- ძალიან რთულია, მესმის. ახლა რა შუაშია უბრალოდ? ბავშვს ვერ გააჩენ. მეც მინდა შვილი, მაგრამ კაროლინსკელი ხარ, 0შ ლიმიტია თქვენთვის! ბავშვს კი არა, შენ როგორ გადაგარჩენ, ეგ არ ვიცი.

„მეორე სხეულში ქალი ვიყავი, სავსე ათასი პერვერსიით იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მინდოდა. არასდროს ვიცი, რა მინდა. ამას სხეულების ცვლა ვერ შველის. ცნობიერება კი უცვლელია“.

- და შვილი რა შუაშია?

„მინდა“.

- იქნებ ესეც ისევე გინდა, როგორც აისბერგამდე მიცურება გინდოდა მაშინ?

„ეს მართლა მინდა“.

- რატომ? რაიმე ობიექტური მიზეზი არის, რასაც გავიგებ?

„კი. მინდა ვინმე გადავარჩინო. ვინმე ძალიან ძვირფასი, ვისი გადარჩენაც შეუძლებელია. მინდა მეც გადამარჩინონ მაშინ, როცა ეს შეუძლებელი იქნება. მეც და შენც ერთნაირი საქმე გამოგვიჩნდა, ხედავ?“ - გაიღიმა.

- საიდან ეს მორალისტური ბოდვები? მგონი ვერ ხვდები, რამდენად სერიოზულადაა საქმე. კომისიის სხდომაზე არც ვიცი რა ვთქვა ისეთი, რომ შენი შენარჩუნება შევძლო მარადიულად, შენ კი რაღაც ბავშვზე მელაპარაკები. თან სადაა პრაგმატიზმი? მოიცადე ახლა და თუ მოვახერხე შენი დაძვრენა ამ სიტუაციიდან, შეიცვლი სტატუსს და მოიპოვებ შვილის გაჩენის უფლებას ისევე, როგორც ჩემი თანამემამულე ქალები. რამეს ვიზამთ, ახლა ვერ ვფიქრობ ამ ბიუროკრატიულ აუცილებლობებზე, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემა არ იქნება...

„არ გესმის. მინდა, რომ ვინმე ძვირფასი გადავარჩინო, ვისი გადარჩენაც შეუძლებელია“.

- და თუ შეუძლებელია, როგორღა უნდა მოახერხო ეს?

„მთავარი პროცესია. შედეგი თანმდევია ყოველთვის“.

 

 

                                                ***

როცა კრისტოფერი კომისიის სხდომაზე მიემართებოდა, კისერზე ჰალსტუხს ისწორებდა და გონებაში კიდევ ერთხელ ალაგებდა გამოსასვლელ სიტყვას, რომელიც წინა ღამით გაეწერა და არაერთხელ ეთქვა სარკის წინ, მაშინ კეშა მშობიარობდა.

 

 

                                                ***

- ძვირფასო ბატონებო, მინდა გაუწყოთ ხმამაღლა და ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ჩემი მისია კაროლინსკაზე ჩავარდა! ამიერიდან მომხრე ვარ, ჩემს ყოფილ თანამოაზრეებთან ერთად ვიმსჯელო მათთვის კონექტომიკით სარგებლობის უფლების ანულირებაზე და მათ გარიცხვაზე იმპერიის შემადგენლობიდან – დაე, მოკვდნენ ჩვენგან შორს, რაც შეიძლება სწრაფად! მზად ვარ, შევეწინააღმდეგო ყველა ოპოზიციონერს, რომელიც მოითხოვს კაროლინსკელების ლიმიტის დაწესებას. არანაირი ლიმიტი მეგობრებო - არც ერთი კაროლინსკელი არ იმსახურებს იმპერიის მხარდაჭერას, რადგან სამწლიანი მოღვაწეობის მანძილზე დავრწმუნდი ერთადერთ რამეში - ისინი არიან უმადური ბრიყვები, რომელთათვისაც მარადიული სიკვდილი ისევე სულერთია, როგორც მარადიული სიცოცხლე. დაე, ჩვენს ხარჯზე ნუ მიიღებენ ამ უკანასკნელს, არამედ საკუთარი ხარჯებით დაიმსახურონ პირველი!

ოპოზიციურ ძალებში პოპულარულია კაროლინსკელების რაოდენობის შემცირების იდეა და ისინი არ ელიან ჩვენგან პოზიციის რადიკალურად შეცვლას. ადამიანებს კი ჯერ შოკში აგდებთ რადიკალიზმი და შემდეგ - მიჰყვებიან მას! ჩვენ, რომლებიც კაროლინსკელების მომხრეები და ლობისტები ვიყავით, ხვალიდანვე გადავიქცევით უკლებლივ ყველა კაროლინსკელის დაუძინებელ მტრად, რასაც არავინ ელის! ოპოზიცია ალბათ გვხედავს მორცხვად თავჩაქინდრულებს, მაგრამ სულაც არა! ჩვენ მათ პირიქით შევუტევთ და ვეტყვით, რომ კაროლინსკელები საერთოდ არ იმსახურებენ სიცოცხლეს, არათუ 2000 მათგანი თუ რამდენსაც ამბობენ, არამედ არც ერთი! და ამაში კვლევით დავრწმუნდით. მოვუყვებით იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც ამ წლების მანძილზე დავაგროვე ამ ხალხის შესახებ და მერწმუნეთ, ვერაფერს იზამენ. ადამიანებიც უცბად აიტაცებენ ამ მოსაზრებას და ისევ გამარჯვებულები გამოვალთ. რატომ მგონია რომ აიტაცებენ? იმიტომ, რომ არავის სურს ამ პარაზიტების შენახვა, თუნდაც შემცირებული რაოდენობით! და როცა ვინმე გაბედავს და ამ ნაძალადევ ჰუმანისტურ ბოდვებს არ მოჰყვება და პირდაპირ გაახმოვანებს მათ გულის ნადებს, უმალ მხარში დაუდგებიან!

- შესანიშნავია!

- ყოჩაღ კრისტოფერ, ნამდვილი პოლიტიკოსი ხართ.

- ჩემი მოლოცვები კრისტოფერ, იდეალური გეგმაა, მართალი გითხრათ, მოვლენების მსგავსად შემოტრიალების სცენარი არც წარმოგვედგინა.

- იდეალური კონტრდარტყმაა! მადლობა, კრისტოფერ, არადა, თქვენს გაკიცხვას ვაპირებდით დღეს.

- თქვენი ადგილი მასების ცნობიერების მართვის განყოფილებაშია, კრისტოფერ, ბრავო!

კრისტოფერი იღებდა მოლოცვებს მოღიმარი სახით და შუბლიდან იწმენდდა ოფლს, რადგან მთავარი ნათქვამი არ ჰქონდა.

- ბატონებო, მინდა გთხოვოთ ჩემი ცოლის გადარჩენა - კაროლინსკელია. მინდა გთხოვოთ გამონაკლისის დაშვება.

პაუზა ჩამოწვა.

- არ გამოვა, ამოგვიქექავენ!

- გაგვაშავებენ!

- კონტრშეტევა ფასს დაკარგავს! ნეპოტიზმში გვამხელენ!

- ქალები დაილია კრისტოფერ?! ხვალვე მოგიყვანთ ზუსტად მასეთს!

- საბუთები გავუყალბოთ, სადმე გადავმალოთ, გთხოვთ ბატონებო, გეხვეწებით! - თავი ჩახარა კრისტოფერმა.

პარტია შეუვალი დარჩა.

 

                                                ***

მასების ცნობიერების მართვის დეპარტამენტის უფროსის ფეშენებელურ სახლში სამნი ცხოვრობდნენ, მსახურებს თუ არ ჩავთვლით - კეშა, ელია და თავად კრისტოფერი. სამიდან ერთს ჰქონდა უკვდავების გარანტია მხოლოდ. კეშას ცნობიერების 3D მოდელი ბაზიდან წაეშალათ სამუდამოდ, ხოლო პატარა ელიას ცნობიერება კი არც არასდროს შესულა ბაზაში, რადგან ოფიციალურად ის არ უნდა დაბადებულიყო ამ ქვეყნად.

ხუთი წელი იყო გასული ამ ამბებიდან და ამ ხნის მანძილზე კრისტოფერიც დამუნჯებულიყო ნაწილობრივ. სამსახურში ჩვეულებრივ დადიოდა. წერდა პროექტებს, ამუშავებდა სხვადასხვა პროპაგანდისტული ღონისძიებების გეგმებს, აანალიზებდა ადამიანების მოთხოვნის მრუდებს და სხვადასხვა სტატისტიკას. მას ექვემდებარებოდა კონექტომიკის დეპარტამენტიც, თუმცა იქ არაფრისთვის ხელის ხლება არ შეეძლო.

კრისტოფერი ერთგულ ჭანჭიკად იქცა. გარშემომყოფების თვალში კი მასზე ბედნიერი ადამიანი რთულად თუ მოიპოვებოდა მთელი მესამე რაიხის მასშტაბით. ყველა პატივს სცემდა და მოწიწებით უყურებდა ამ ახალგაზრდა და ენერგიულ ადამიანს.

სახლში მოსული აბსოლუტურად სხვა ხდებოდა. ხმას იკმინდავდა, სახეზე გულწრფელ ღიმილს გადაიკრობდა და ცოლ-შვილს ეთამაშებოდა ქანცის გაწყვეტამდე. ამას ვერავინ ხედავდა. საერთოდაც, მისი ცოლ-შვილის არსებობის შესახებ არც უწყოდა არავინ. პარტიამ იზრუნა, რომ ამ ისტორიისგან კვალი არ დარჩენილიყო.

სახლის ყველა კედელზე უზარმაზარი დაფა ჩამოეკიდათ ნებისმიერ სიმაღლეზე, რომ ნებისმიერ წერტილში მდგომ ოჯახის წევრს მიეწერა სახელდახელოდ საკუთარი სათქმელი. თითო მომცრო დაფა კისერზეც ეკიდათ. ელიამაც არ იცოდა ლაპარაკი, რადგან კონტაქტი არავისთან ჰქონია მშობლების გარდა, მშობლები კი მუნჯები იყვნენ.

„ძალიან ბედნიერები ვართ. არა?“

„კი, თქვენ კი. მე არ ვარ“

„რატომ, კრისტოფერ?“

„იმიტომ, რომ თქვენ ადრე თუ გვიან მოკვდებით და მე არაფერი შემიძლია გავაკეთო ამის შესაჩერებლად, მიუხედავად იმისა რომ კონექტომიკის დეპარტამენტი ჩემს მფლობელობაშია. ეს უკანასკნელი ფაქტი ორმაგად უძლურს მხდის“

„დავტკბეთ იმით, რაც დაგვრჩენია. ნუ იშხამებ ამაზე ფიქრით დარჩენილ დროს“

„არ შემიძლია“

„სხვა გზა არ გაქვს“

„კი, მაქვს. სხვა გზა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ აქამდე უნდა მეთმინა, ასე იყო საჭირო. არის გეგმა“

„აბა, გეგმა?“

„ეს არ შერჩებათ. შეეძლოთ თავის დროზე დამხმარებოდნენ, მაგრამ უარი მითხრეს უაზრო პრინციპების გამო. ახლა კი მიიღებენ დარტყმას იქიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებ ელიან. ეს არ შერჩებათ.“

„არ მეტყვი, რას აპირებ?“
„ვერა, მაგრამ გაიგებ“

„პირობას მაძლევ, რომ უსაფრთხოდ იქნები?“

„გააჩნია უსაფრთხოებაში რას გულისხმობ“

„დავიძინოთ. არ გინდა ლაპარაკი“

„ჰო, მართალი ხარ. დავიძინოთ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს“

 

 

                                                ***

- გამარჯობა! მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად მოგიწვიეთ საგანგებო ბრიფინგზე. მინდა, გაცნობოთ, რომ მე გადავდექი!

(შრიალი. აპარატების ჩხაკუნი. ფუსფუსი)

თუმცა, ეს არ გახლავთ მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი სხვა ამბავია: ისინი ახლა სახლში მელიან და წარმოდგენა არ აქვთ იმის შესახებ თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო წუთებში. მნიშვნელოვანი ჩემი ცოლ-შვილია. ჩემი კაროლინსკელი ცოლი - კეშა და ჩვენი კაროლინსკელი შვილი - ელია, რომლებიც ჩემთან ცხოვრობენ სახლში და რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდით ამ წლების განმავლობაში, რადგან პარტიამ ყველაფერი ჩაფარცხა.

(კითხვები. აწეული ხელები)

დამშვიდდით. ამ ეტაპისთვის, ისევე როგორც სხვა კაროლინსკელებს, ჩემს ცოლ-შვილსაც არ აქვს კონექტომიკით სარგებლობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მე მექვემდებარება ეს დეპარტამენტი. ჩემი ძალაუფლება არასდროს გამომიყენებია არაკეთილსინდისიერად და მართალი გითხრათ, ეს უბრალოდ არ შემეძლო, თორემ დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი - წყალსაც წაუღია მთელი მესამე რაიხი, როდესაც ჩემი ცოლ-შვილი მოკვდება!

(გაღებულ კართან მოგროვილი ჩინოვნიკები. გაფართოებული გუგები)

მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ მე ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და მეტიც, ამ წუთებში ჩემი ლეპტოპიდან ვაკეთებ იმას, რაც ჯერ არავის უქნია და იმედია, არც არავის მოუწევს ამის გაკეთება. საქმე ისაა, რომ კონექტომების ნაციონალურ ბაზასთან წვდომა არ მაქვს ზოგადად, თუმცა შესაბამისი არგუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ყველა რიგით მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი კონექტომის 3D მოდელის ხილვისა და... განადგურების! ეს არ იცოდით, ამაზე ყურადღებას არავინ არასდროს გიმახვილებდათ, თუმცა ეს კანონში წერია. თქვენ გაქვთ უფლება გაანადგუროთ თქვენი უკვდავი კონექტომა და გაქრეთ ბაზიდან! ამ შემთხვევაში სისტემა გაფრთხილებთ, რომ მეორედ კონექტომის აღრიცხვის შესაძლებლობა არ გექნებათ, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ღილაკის ერთი დაჭერით გადაინაცვლებთ ძველ სამყაროში, რომელიც ას წელზე მეტია მივიწყებული გვაქვს!

მე კარგად ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ წავიდე სახლში, ჩემებთან. კანონის წინაშე მართალი ვარ, სახელმწიფოსთან ვალი არ მაქვს, შეგიძლიათ მიივიწყოთ ჩემი არსებობა აწ და მარადის, რამეთუ მე აღმოვჩნდი პირველი, რომელმაც ვუღალატე იდეას, რომლისთვისაც 120 წლის წინ ვიბრძოდით და მოვიპოვეთ დიდი ოფლის ღვრის სანაცვლოდ. მე აღმოვჩნდი პირველი, რომელმაც უარი ვთქვი უვადო ოცნებაზე ვადიანი სიმშვიდის სანაცვლოდ. კარგად იყავით.

(კედელზე დესკტოპის გამოსახულება. „Do you want to delete your connectome from UNSC?”. ღილაკი „Yes”. “Your e-Signature here”.  ხელმოწერა. „Your connectome was successfully deleted from UNSC”).

კრისტოფერი ადგა და უხმოდ ჩაუარა დამუნჯებულ ჟურნალისტებს, რომლებიც გახევებულები უყურებდნენ კედელზე დარჩენილ გამოსახულებას. მხრებით გასწი-გამოსწია კართან შექუჩებული თანაპარტიელები და სახლისკენ გაემართა.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE