შეხედეთ
შეხედეთ ჩემს ლექსებს. ერთმანეთისგან გამომდინარეობით
როგორ გაჭყეპილან.
შეძვერით ჩემს ლექსებში, არასრულია მათი საწყისი.
თურმე შეძლებიათ საკუთარ თავთან დაპირისპირება
და ამავეს გიპირებენ თქვენც.
შეხედეთ მათ, როგორ აირიდეს უსარგებლო ყურადღება.
შემთხვევითობის ანაბარა დარჩნენ და გაფშეკილ ლოდინს სცეს მშრალი თაყვანი.
შეაფურთხეთ ჩემს ლექსებს მთელი შეგნებული არსებით,
ამის მიზეზად წარმოსახვაზე მომაბეზრებელი გავლენის მოხდენაც კი საკმარისია.
შეარცხვინეთ ისინი ბოლომდე მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩენთ
სად იმიჯნება თავი და ბოლო ერთმანეთისგან.
შეიძულეთ შეყვარებამდე ტემპს მოკლებული მათი სხეულები
ხანდახან ძლივს რომ აძაგძაგდებიან აქა-იქ
და ფიქრისკენ მიმართულების რიტმი უხდებათ შესამჩნევი.
არ მიკვირს, დრო მათ გარეშე რომ ცდილობს გასვლას.
აღარც მე მეკითხებიან ამპარტავნების იმედად დარჩენილს
– რა მაძლებინებს.
გვამის
ძვირფასო გვამო, მოგეხსენება,
მას შემდეგ ვისაც დაესესხე მთელი სიცოცხლე,
ვალდებული ხარ მის წინაშე უკვე დუმილით.
თუმცა პირობის დარღვევა გიწევს
ყბადაღებული – გვამის კანონით თავი გიჭირავს,
მაგრამ ჩვენიდან გამომდინარე ისე ხმაურობ
რომ არც კი იცავ საკუთარ პრინციპს სხვების წინაშე,
არც კი გიცდია გამცდარიყავი ვალდებულებას
განსხვავებული მიმართულებით.
უძრაობაა შენი ენა ახლა ყველასთვის
და მისი ხათრი არ აქვთ მოხრილებს,
რომელ სიჩუმეს ინარჩუნებ გამონაკლისად
მზად ვარ გისმინო,
მზად ვარ იმდენად მოგაყურადო,
მიწის გულიდან ამოღწეულ გრუხუნზე მეტად,
შენი სიმშვიდით გავკადნიერდე.
აქ არის ახლა შენი შუბლის მკაცრი ნიშნული,
უშენობამდე ათვლის წერტილი,
რომელსაც ისე ვებღაუჭებით,
როგორც სიბრალულს სასოწარკვეთა.
შეგეძლო უფრო მეტად რბილი ყოფილიყავი,
მეტად დამყოლი,
ნაქონ წარსულთან ერთი ხელის მოსმით კავშირი
მაინცდამაინც არ გაგეწყვიტა
და მის მოვლაში ნაცნობები გამოგეცადა,
და მის მოვლაში უცნობებიც გამოგეცადა,
იქნებ მოგესწრო ბევრი რამის გადაფიქრება,
აღარ ჩანს შენი მომავალი,
ხელიდან ხელში გადაწოდების გარდა, ვაპირებთ,
რაც ვიცით, როგორც გვესმის სიკვდილი,
შესაბამისი ქცევით ვამხილოთ.
ალბათ უხეშად ვარღვევთ რაღაც გადაულახავს,
რაღაც შეუვალს, ან, უფრო მეტიც,
ვერ ვახერხებთ საპირისპირო მხარეს შებრუნდეს
ჩვენგან შეძრული სიცარიელე
და ვილუკმებით ყოფილ ცოცხლებს დროგამოშვებით.
რა ჰქვია ამგვარ უთანაბრო მდგომარეობას?
რა საჭიროა შეფასება – ვინ რა წილით აგებს პასუხს გვამის წინაშე?
სიცოცხლის ქცევა როგორ უნდა დარეგულირდეს?
ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სასარგებლოდ მისი დარღვევა
თუ მოვინდომებთ.
ნათურაა გამოსაცვლელი
სადარბაზოში სიბნელეა.
თუ მეზობელი შემხვდება, გაიფიქრებს, რომ რთულია ასე ცხოვრება.
მეც ფიქრით გამოვეხმაურები:
ნათურაა გამოსაცვლელი.
ქუჩაშიც იგივე პრობლემაა, თვალთან თითს ვეღარ მიიტანს კაცი,
რატომ წვალობს ხალხი,
ადგეს და პირთან მიიტანოს ეს ოხერი თითი,
მეტი შანსია გაუმართლოს,
თუმცა ვინც ასე სცადა, პირს ვეღარსად მიაგნო.
გაუქმდა პირი უფუნქციო.
ამაზეც შეწუხდება მეზობელი.
რას გავიფიქრებ გარდა იმისა რომ,
ნათურაა გამოსაცვლელი.
სამლოცველოშიც სიბნელეა, მეტროშიც ალბათ,
სტადიონებზე, ბაზრებში და
საგონებელში.
ამას რა უნდა მოუხერხონ დაბნეულებმა.
პასუხი არის ერთადერთი
– ნათურაა გამოსაცვლელი.
თუ მოვა ვინმე შორიდან,
ძაღლით თუ რაღაც მსგავსი ცხოველით,
ვერ გავარჩევ რომელი იყეფებს,
გზაში ნანახით ტანს გაიქვავებს,
კვარი იბჟუტებს ჩამოტეხილ მხარის კიდეზე,
ფეხიდან ენა ექნება ისე გამოფშეკილი,
თითქოს სადგომი უნდა დასეროს,
უძრაობისთვის გასაწირი ადგილი მოსპოს საყვედურებით მომავალი მეგზურებისთვის.
და ვიღაც ისევ გალოღნის თვალთან
გაფერადებულ და ფხვიერ ცრემლებს,
იმ უცნაური ცხოველის დინგით
დაყნოსავს ხარხარს,
რომლითაც შეძლებს გაიკვალოს არსაითკენ აღებული ფარული გეზი.
რა იქნება მასში უცნაური ან გასაკვირი?
რაც გაუნათებს ჩამოფშვნილ მხარს,
თუ სინათლის სიმძიმით გამომწვარი უარესობა,
ვოლფრამის სპირალში ჩახვეული გავარვარება რომ ჩაუნაცვლებია
და უხმაურობას აყურადებს გაფაციცებით.
მაგრამ არავინ მოვა. არც მე შემხვდება უკმაყოფილო მეზობელი
და მით უმეტეს არ მექნება შანსი ცინიკურად გავიმეორო
– ნათურაა გამოსაცვლელი.
* * *
შვიდ ბროლში გამიზნულად გამსვლელი
წრიული ახირების სანაცვლოდ
იმსხვრევა სხივი თეთრ გვამზე.
იწვება ცხედარი ლამის.
დაწვამდე ნოტიო ბაგეზე
ისვენებს ჭარმაგი პეპელა,
სველი სარკმელების დარაჯებს
ეზო შემორჩებათ მოლიპული,
იქვე ხეებს შორის გამჭოლი
უფრო ცარიელი საქანელა.
ვიტყვი – სიხარული დაზამთრდა,
მზე გადაიჩეხა საწვიმარზე,
სინათლის ტალღა დაიბრიცა,
მიწამ გაიხლიჩა მუცელი,
თავი ამოვყავით შიგ.
როდესაც ფესვები იკითხავენ
– რა არის თქვენი ასაკი?...
წასკდებათ ხიდებს უზანგები,
მწკრივები, მწყრალები, მოცვის ფერი
მოაჯირები უჟანგავი
რამდენ ნათითურს აისხლეტენ,
რამდენ ნათითურში ჩადნებიან,
რამდენის გახდებიან შემყურე,
მაინც დარჩებიან სახტად.
ბოლოს ადგილები განაპირა,
უფრო პირიქითაც შეიძლება,
თითქოს განაპირა ადგილებზე,
სიცარიელეა შემზარავი,
სანამ აღმოაჩენ – გეღიმება,
მასში თავსდებიან მორიდებით,
კავშირგაწყვეტილი შვილები და
კოხტად დავარცხნილი თოჯინები.
ქვიშის გადათვლა
ქვიშაა შენი სახლი, ქვისაა შენი დილა,
ძლივსაა შესამჩნევი როგორ იშენებ სახეს,
თითო ტაქტით და ტონით, თითო ნოტით და ლადით
რაც ქვიდან უვარდება სავარაუდო მზეს.
როგორ იშორებ კედელს, როგორ იკედლებ სიტყვას,
როგორ უკარგავ უეცრად დღესა და ღამეს სამხილს,
ჯერ არაფერი იცვლება, უცვლელ გარემოს ეხები,
რა ელოდება, ვინ იცის, უსწორმასწორო დღეებს.
შენ მოაგორებ აღმართს გადაკვნეტილი ცერით,
უღონო მისალმებით ვის უმსუბუქებ სასჯელს,
აღარაფერი გინდა, აღარაფერი მეტი
გარდა შემხვედრის ყურთან, დაღლილობისგან გაქრე.
ქვისაა შენი სახლი, ქვიშაა შენი დილა,
დიდობანასთვის სამზადისს ყველა ნამცვრევში იწყებ.
დამსხვრევა
რამდენ მზეს უნდა დაემტვეროს სინათლის კეხი,
ან მერამდენედ გადაბრუნდეს გზიდან ურემი,
არ ილოცება ეს ოხერი, ტკეპნე და ბრიცე
და აქეთ-იქით უღრანების ყველა დარაჯი
გაჩეხე თუნდაც ნაწილობრივ, ზოგიც მათ შორის
ამოძირკვე და ნაფესვარში მყუდროდ ჩაფინე
ბურუსი, რომლის გასამხელად თვალი არ გეყო
და ღიობისთვის შესაფერის წამოღმუვლებას
უკმეხად პირში მიახალე – დასკდით, გამოშრით.
ფუღურო თქვენი მიილულოს, როგორც სათოფე
და ტკივილგამტარ სიბნელეში თითი ამხილოს,
რომელიც ასე უხმაუროდ იკეცებოდა,
რომელსაც ხანაც უსამართლოდ – ცისკენ იშვერდნენ,
დასამიზნებელს სათოფეზე ახლოს უშვებდნენ
და გაფანტული ღრუბლებიდან ჩამოტანილ მზეს,
თვალწინ უმსხვრევდნენ ფაიფურის ანგელოზივით.
შენ სადაც უნდა მდგარიყავი გაორებული,
ამ უძრაობის სანუგეშოდ წაიბუტბუტე
– სრაკსიც თერამკამ;
– სრაკსიც თერამკამ;
– სრაკსიც.
თვალის ხმა
თვალი იღვიძებს მაშინ,
როცა ჰაერი ლღვება,
ლღვება კი არა უფრო
რაღაც სასწაულს იდენს,
გამთენიისას წყალი
ოხშივარივით იცილებს
სიღრმეში ღამით ნანახი
სიზმრების გადარბენას.
ირემი დგება ტყესთან,
ტყე იყურება რქისკენ,
რქა ელოდება მინდვრიდან
ჩიტების წამოფრენას
და რომელიმე თუნდაც
ზედ წვერზე ჩამოუჯდეს,
ზედ ცხვირწინ ჩამოუქროლოს
ჩქარა კი არა – ნელა.
აქ სად იწყება სიცოცხლე,
საიდან მოაქვს ძალა,
სადამდე ააბოგინებს
მასზე ნაჩქარევ სიკვდილს,
თითქოს რქა იყოს ძვალი,
ძვალში რბილივით ექო
სხეულს ურბენდეს ხანდახან
როგორც ალმური თბილი.
თვალი ირეკლავს იმედს,
იმედი ისე ქრება,
როგორც უღრანში ღამით
მიძინებულთა კოცონი,
რომელსაც მოუხდებოდა
სულის ძლიერი შებერვა,
მაგრამ არავინ ჩანს,
მაგრამ არავინ მოდის.