პოეტმა რუსუდან კაიშაურმა ლექსების ახალი კრებული გამოსცა. ანოტაციაში ვკითხულობთ: „ლექსების კრებული ,,სახედრიდან მერნამდე“ რუსუდან კაიშაურის მესამე წიგნია.
სამივე წიგნის გამოცემა დააფინანსეს ,,კავკასიური სახლის“ დიდმა მეგობარმა, გერმანელმა მეცენატმა იორგ ჰენლემ და ევროპულმა ფონდმა ,,ჰორიზონტმა“.
კრებულში შესულია ახალი, 2012 წელს დაწერილი ლექსები და მათ დაემატა - რამდენიმე წინა წლებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი აგრძელებს რუსუდან კაიშაურის პოეტურ და ყოფით ბიოგრაფიებს. ამ მცირე ზომის ლექსებში, იგი ეცადა, ლაკონურად გამოეხატა თავისი ვრცელი ისტორიები და განცდები, რომლებიც, მართალია, კერძოა, მაგრამ სხვასაც შეიძლება ენიშნოს და მის სათქმელს გამოხატავდეს. თუმცა ეს უკვე წარმატებაა და რამდენად მოახერხა ავტორმა აღნიშნული თავის ლექსებში, ამაზე მკითხველმა იფიქროს“.
- რუსუდან, მომიყევი შენს თავზე, ბავშვობაზე, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ?
- ჯერ კიდევ ძიებაში ვარ, ვინ ვარ? იმ წუთიდან, რაც ჩემი თავი შევიცანი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ადრინდელი ამბები მახსოვს. მაგალითად, მახსოვს ამბები, ექვსი თვის რომ ვიყავი. დედაჩემს და ოჯახის წევრებს რომ ვუთხარი, გაუკვირდათ… რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ და ისიც მახსოვს, იქ რა ხდებოდა. კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით და ეს იყო კოშმარი. სულ ვფიქრობ, რომ ოდესმე მოვიცალო და დავწერო, როგორი სხვადასხვანაირი ადამიანები იყვნენ, როგორ არ გამოდიოდა ამგვარი თანაცხოვრება. ეტყობა, მაშინ ადამიანებს სხვანაირი მენტალიტეტიც ჰქონდათ. ახლა უფრო სხვაგვარი მდგომარეობაა, ადამიანები განვითარდნენ. მაშინ შედარებით სტაბილური დრო იყო და წესით ნერვები არ უნდა ჰქონოდათ მოშლილი, მაგრამ რაღაც მტაცებლური ბუნება ჰქონდათ, სულ იმას ცდილობდნენ, რომ ვინმე გაეძევებინათ, მეორე ადამიანის ადგილი დაეკავებინათ და საამისოდ ყველანაირ საშუალებებს იყენებდნენ, ძალიან უღირსსაც კი. მახსოვს, ჩვენს გვერდზე ცხოვრობდა უკრაინელი ქალი, რომელსაც პატრონი არავინ ჰყავდა, ჩამოსული იყო, აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა. ამ ქალის გაძევება და მისი ბინის დასაკუთრება უნდოდათ ერთ ქართველსა და ერთ რუს ქალს და ამ საქმეში შეკავშირებულები იყვნენ. მაგალითად, სადილში უგდებდნენ სარეცხის საპონს. ეს ქალი რომ ამაზე გიჟდებოდა, ამბობდნენ, იტყუება და თვითონ აგდებსო და მსგავს რაღაცებს აბრალებდნენ. იძახებდნენ სასწრაფოს, მოჰყავდათ ფსიქიატრიულის ექიმები... მილიციაც არაერთხელ გამოუძახიათ... თან, რაღაცნაირი დაუსჯელობის სინდრომი იყო, სამართლიანობა არ იყო. რომ ამბობენ, რა კარგი დრო იყოო, ჩემთვის ის დრო იყო საშინელება. როცა ფორმანის ფილმი ვნახე „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, არ გამკვირვებია, იქ რაც ხდებოდა. ბებიაჩემი ერთადერთი აღმოჩნდებოდა ხოლმე დაჩაგრულის მხარეს, გადაეფარებოდა იმ ქალს და არ აძლევდა უფლებას, რომ ფსიქიატრიულში წაეყვანათ. მაშინ ჯერ კიდევ არ დავდიოდი სკოლაში. იმ სახლში ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი, მან გამზარდა. ჩემი მშობლები და ძმები ცალკე ცხოვრობდნენ. ბებიას დედაჩემის გარდა არავინ ჰყავდა. ჩემს დაბადებამდე ორი წლით ადრე ბიჭი გარდაეცვალა ავარიაში და სიკვდილის პირას იყო მისული მწუხარებისგან. მერე ჩემს მშობლებს სთხოვა: ეს ბავშვი მომეცით, ჩემთან იყოსო. მე გადავატანინე მწუხარება, ჩემი საზრუნავით იყო დატვირთული და დაკავებული. მე და ბებია საბურთალოზე ვცხოვრობდით, იოსებიძეზე და ჩემი მშობლები და ძმები - დიღმის მასივში. მე სხვა სკოლაში დავდიოდი, ძმები - სხვა სკოლაში. ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა, მუდმივად მენატრებოდა მშობლები და ძმები, მაგრამ ვერ ვამბობდი, რადგან ბებიაც ძალიან მიყვარდა და თითქმის მთელ ღამეებს ტირილში ვატარებდი. ჩემი ბავშვობა ძალიან გაშავებული იყო და მძაფრი შთაბეჭდილებები დამრჩა.
- სკოლის წლები გაიხსენე...
- ვსწავლობდი ე.წ. ელიტარულ სკოლაში, 62-ეში და კლასშიც საშინელებები ხდებოდა. ერთი ჩვენი თანაკლასელი ბიჭი „იჯდა ქურდად“ და დანარჩენი ბიჭები ჰყავდა დამორჩილებული, რაც მოესურვებოდა, იმას აკეთებინებდა. მთელი ბავშვები მძიმე დღეში ვიყავით, ვერც მასწავლებელი აკონტროლებდა სიტუაციას და ვერც დირექტორი. ყველა ფამილარულ ურთიერთობაში იყო მასთან. ყველა საუკეთესო გოგო მისი შეყვარებული იყო. კლანებად იყვნენ დაყოფილნი, ზოგს „სვეტობა“ უნდოდა, ზოგს - რა და ზოგს კიდევ - რა. მე არ მერჩოდნენ, რადგან არ მქონდა არანაირი პრეტენზია. არც მე ვერჩოდი მათ, ცუდს არაფერს ვუკეთებდი, ჩემთვის ვიყავი. ეს 70 - იან წლებში ხდებოდა. სულ სხვა მენტალიტეტი იყო. ჩვენს სადარბაზოში იკრიბებოდნენ ე.წ. მორფინისტები. ბებიაჩემს ეცოდებოდა ისინი და ჩვენ გვატანდა ზოგისთვის წყალს, ზოგისთვის - წამალს, რაღაც აგრესია არ გვქონდა მათ მიმართ. სკოლის სიტუაციასთანაც არ მქონდა აგრესია, არც „ის ბიჭი“ მძულდა. რომ გავიზარდე, მერე - კი. ჩემი ერთ-ერთი ბიჭი ძალიან მშვიდობისმოყვარე ბავშვი იყო, ახლა უკვე 22 წლისაა და არასდროს არავისზე ცუდს არ გათქმევინებს. დედაჩემიც ჩვენთან ცხოვრობს და ხანდახან რომ გავუბრაზდები, ან ხმამაღლა ვეტყვი რაღაცას, ბრაზობს. შეუძლია, ბებიას გახადოს, ჩააცვას, ლოგინი გაუშალოს, დააწვინოს, მიუჯდეს, აჭამოს, სულ თვალებში შესციცინებს. პატარაობაშიც ასეთი იყო. არასდროს ჩხუბობდა და არავის ერჩოდა. ამის გამო, ჰქონდა პრობლემები. ჩავიდოდა ეზოში, სადაც იყო ერთი ბიჭი, რომელიც თვლიდა, რომ „ეზოს აკონტროლებდა“, რამდენიმე წლით იყო უფროსი დიტოზე და მას ერჩოდა მაინცადამაინც. დაშინებული ჰყავდა, ურტყამდა, ლანძღავდა. ეს ამბავი სხვებისგან გავიგე და იმ ბიჭს დაველაპარაკე. ვუთხარი: რამეს გიშავებს ეს ბავშვი, რატომ გაღიზიანებს-მეთქი და პასუხად მომიგო: ეგ რა ბიჭია, ჩვენ რომ ვჩხუბობთ, ან ვცემთ ვინმეს, ან ვაგინებთ, ეგ არასდროს ამაში მონაწილეობას არ იღებსო. მერე შენ რა გინდა, რა შენი საქმეა-მეთქი და როგორ თუ რა მინდა, ამ ეზოში მე ვარ მთავარი, ეგ ბიჭივით არ იქცევა და მე მინდა, ბიჭად გავზარდოო.
უტიფრობისა და ძალადობის სცენები კლასშიც იმართებოდა. ერთხელ, გერმანულის გაკვეთილზე ვისხედით, ჩვენ უკან ისხდნენ ბიჭები „იმის“ თამადობით და დაუფარავად ვენაში იკეთებდნენ მორფს. მასწავლებელი ვითომ ვერც ხედავდა. მხოლოდ ერთმა გოგონამ გაბედა, მიიხედა და უთხრა: რა არის ბოლოს და ბოლოს, ყელში ამომივიდა თქვენი ასეთი საქციელიო და „იმ ბიჭმა“ გამოუქანა შპრიცი და ამ გოგონას შეერჭო... მერე კი აღვშფოთდით, მაგრამ მასწავლებელმა ხმაც კი ვერ ამოიღო და საერთოდ, ვერანაირი პროტესტი ვერ გამოთქვა.
- შემდეგ, შემდეგ როგორ განვითარდა შენი ცხოვრება?
- ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული. ყოველთვის ნორმალურ სამსახურში ვმუშაობდი, კარგი ხელფასიც მქონდა, მაგრამ ყველაფერი იყო ფარსი. ტყუილები უნდა მეწერა, რაც ძალიან მოქმედებდა ჩემზე და ამის გამო, ძალიან დათრგუნული ვიყავი. სულ ვფიქრობდი, რომ სხვანაირი ვიყავი და ეს მაწუხებდა. ისე მინდოდა, ჩვეულებრივი გავმხდარიყავი, ისე ვცდილობდი, მაგრამ ეს მცდელობაც სასაცილოდ გამომდიოდა. აი, სტუდენტობისას, როცა ნაირა გელაშვილი იყო ჩემი ლექტორი და ავლებდა ხოლმე ცხოვრებისეულ პარალელებს იმ ნაწარმოებებთან, რომლებსაც გვიხსნიდა (საზღვარგარეთის ლიტერატურას გვიკითხავდა), მაშინ გავიფიქრე, თურმე არც მთლად არასწორად ვფიქრობ, თურმე სხვებიც ასე ფიქრობენ-მეთქი. რამდენჯერმე თავის მოკვლაზეც მიფიქრია, ისე განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას. ერთხელ საბავშვო ბაღში ჭიშკართან მივედი, მეტი არაფერი დამიშავებია. მოვიდა მასწავლებელი და თმა მომქაჩა. დღემდე მახსოვს, განა ისე რა მეტკინა, მაგრამ თავი ძალიან შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი. 4-5 წლის ვიქნებოდი და ის წყენა არასდროს დამვიწყებია. ერთ-ერთ სამსახურში კომკავშირის მდივანიც ვიყავი, კარგ თანამშრომლად ვითვლებოდი, ბეჯითი შემსრულებელი ვიყავი და ამირჩიეს. უკვე ის პერიოდი იყო, ყველაფერი რომ იშლებოდა და, ფაქტიურად, ფორმალური კომკავშირის მდივანი ვიყავი, არაფერს ვაკეთებდი, ანგარიშებში მხოლოდ ტყუილებს ვწერდი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამ ამბებს ჩემს გულითად მეგობრებს რომ ვუყვებოდი, უკვირდათ: რა გაწუხებს, კარგი ხელფასი გაქვსო. ვერ იგებდნენ, რატომ ვიტანჯებოდი და, მგონი, ამიტომაც დავიწყე ლექსების წერა - მინდოდა თავშესაფარი მომეძებნა, სადაც თავს კარგად ვიგრძნობდი. ვერსად ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ოჯახშიც ასე ვიყავი, გაყოფილი. ჩემს ერთ ნახევარს მშობლებთან და ძმებთან ყოფნა უნდოდა, მეორე ნახევარს - ბებიასთან, რადგან მეცოდებოდა და მისი დატოვებაც არ მინდოდა. დედა შაბათ-კვირას წამიყვანდა სახლში და იქ ბებიაზე ვდარდობდი, ბებია რომ წამომიყვანდა - ჩემს ოჯახზე. ბებია ავად იყო, ღამღამობით ვდგებოდი და მკერდზე ყურს ვადებდი, ვამოწმებდი, ცოცხალი იყო თუ არა. ერთი მხრივ, სწორად არ მოიქცა დედაჩემი, რადგან დიდი ტვირთი ამკიდა: მე უკვე პასუხისმგებლობა მქონდა ბებიას წინაშე, თან მიყვარდა, ნაძალადევად კი არ ვაკეთებდი ამას. გვარიც შემიცვალეს, მე მამის გვარს არ ვატარებ. ბებიამ თქვა, რადგან ბიჭი აღარ მყავს, კაიშაურების გვარი გაგრძელდებაო. მამასთან მოილაპარაკეს და ისიც დათანხმდა. ესეც გარკვეულ უხერხულობას მიქმნიდა. ერთი პერიოდი, ჩემი მშობლები და ძმებიც ბებიასთან ვცხოვრობდით და ერთ სკოლაში დავდიოდით. სკოლაში ყოველთვის მიწევდა ახსნა, რატომ იყვნენ ჩემი ძმები სხვა გვარისანი, მე კიდევ - სხვა. ისიც კი უთქვამთ, დედაშენს სხვა ქმარი ჰყავდაო... ერთხელ მივლინებით ვიყავი შუა აზიაში კონფერენციაზე და ჩემი ძმაც წავიყვანე, კოტეჯში უნდა გვეცხოვრა. ადმინისტრაციაში ვუთხარი, ჩემი ძმაა და ერთ კოტეჯში ვიცხოვრებთ-მეთქი. პასპორტები რომ ნახეს, გაგიჟდნენ, გამლანძღეს, რა არ მიწოდეს. მე გულუბრყვილოდ ვეუბნებოდი: შემოგვხედეთ, როგორ ვგავართ ერთმანეთს, მამის სახელიც ერთი გვაქვს-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე. მაინც ცალ-ცალკე მოგვიწია ცხოვრება, ახლა სასაცილოდ მახსენდება.
- შენი შემოქმედება შენი თავშესაფარია, როგორც აღნიშნე...
- ეს ის ადგილია, სადაც თავს უხერხულად არ ვგრძნობ და შემიძლია, ჩემი აზრები თამამად გამოვთქვა. პატარაობიდანვე დავიწყე წერა. წერა-კითხვა მალე ვისწავლე. პირველი ლექსი პირველ კლასში დავწერე პატრიოტულ თემაზე. სკოლა რომ დავამთავრეთ, მოწინავე მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ყველას რაღაც უნდა გვეთქვა. მე ჩემი ლექსი წავიკითხე და ჯილდოც დავიმსახურე, ძალიან ლამაზი დათუნია მაჩუქეს, შემაქეს კიდეც. სხვებსაც მოსწონდათ, მაგრამ მაინცადამაინც არ ვაცხადებდი, ლექსებს რომ ვწერდი. უნივერსიტეტში დიდხანს ლექტორებმაც არ იცოდნენ, რომ ვიბეჭდებოდი, გვიან გაიგეს. სულ სადღაც ქვეყნდებოდა ჩემი ლექსები: „ცისკარში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „სხივში“, მაგრამ წიგნის გამოცემას ვერ ვახერხებდი. მერე თვითონ დამიკავშირდნენ „მერანიდან“ და შემომთავაზეს კრებულის გამოცემა. რომ მივიტანე, მეორე დღეს მოხდა, თუ არ ვცდები, 9 აპრილის ტრაგედია, დაინგრა ყველაფერი და ვიღას ახსოვდა ის წიგნი. მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი, პირველ ბავშვს ველოდებოდი, მთელი დღეები ტელევიზორს ვიყავი მიჩერებული და ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს. პირველი ბავშვი 89 წლის 24 მაისს შემეძინა. მესამე გოგო - „თბილისის ომი“ რომ დაიწყო, იმ დღეს... ჩემი ერთ-ერთი ძმაც „აფხაზეთის ომში“ იბრძოდა, რადგან საბჭოთა კავშირის დროს ავღანეთში მსახურობდა. ჩემი მეუღლეც ხომ 9 აპრილის ამბებს გადაჰყვა... მაშინ მოიწამლა, სისხლში რაღაც ცვლილებები დაეწყო და რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა. ასე რომ, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ყველაფერმა ჩვენზე გადაიარა. ერთ-ერთი მშობიარობისას, პალატაში ტყვია შემოვარდა, უბრალოდ, დახრილები ვიყავით ქალები და აგვცდა ტყვია, თორემ თავში მოგვხვდებოდა. არც გაზი იყო, არც შუქი და მამაჩემი კიბის უჯრედზე ამოიტანდა ხოლმე შეშას, ცეცხლს დაანთებდა და წყალს ისე ვადუღებდით. ბავშვს რომ ვუცვლიდით, მე და ჩემი მეუღლე საბნებს გადავიფარებდით ხოლმე, რომ სითბო შეგვენარჩუნებინა და ბავშვი არ გაგვციებოდა. ხუთი შვილის ყოლა ჩემი მეუღლის სურვილი იყო. თვითონაც ხუთი დედმამიშვილი იყვნენ. მე სამი შვილი ნამდვილად მინდოდა, მაგრამ დანარჩენი ორი მისი ხათრით გავაჩინე. საერთოდაც მივხვდი, რომ მამაკაცზეა დამოკიდებული, რამდენი შვილი ეყოლება ოჯახს... ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა, ის იყო ჩემი უპირობო დამხმარე. ერთადერთი, წინსაფარი არ ეკეთა, თორემ ყველაფერს აკეთებდა, რასაც მე. საღამო რომ დგებოდა, ვიდრე ბავშვებს დავაძინებდით, ნაწილს ის დაბანდა, ნაწილს - მე, ვაჭმევდით და მერე დაჯდებოდა და თუ დასაკერებელი იყო ბავშვის ტანსაცმელი, იმასაც დააკერებდა. ევროპული აზროვნების ადამიანი იყო, ძალიან გულთბილი და კეთილშობილი.
- როგორ შეხვდით ერთმანეთს?
- იმ დროს ისეთი კანონი იყო, რომ სკოლას როგორც კი დაამთავრებდი, მუშაობა უნდა დაგეწყო. „ქაღალდზე დაწერილი სამსახურები“ არსებობდა. ჩემი მომავალი მეუღლე საქვაბის უფროსი იყო (საქვაბე ცენტრალურ გათბობას აწესრიგებდა), სადაც ჩემი ნათესავი იყო გაფორმებული, 10, 20 თუ 25 მანეთს უხდიდნენ და ისიც უწყისზე აწერდა ხელს. ის გოგო რომ წამოვიდა, მე მიმიყვანა. იქ მნახა პირველად, 17 წლის ვიყავი და რა ვიცი, მოვუვედი თვალში. იმ დროს ჯერ არ იყო საქვაბის უფროსი, ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი იყო. მერე დააწინაურეს, რადგან ჭკვიანი და განათლებული ადამიანი იყო. ენერგეტიკოსი იყო, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა ლიტერატურა და პირველ რიგში, ამით მომხიბლა. მალევე შემომთავაზა ცოლობა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ჯერ სწავლა მინდოდა, ოჯახის შექმნა არ მაინტერესებდა. მითხრა, ვეცდები, თავი შეგაყვაროო. ხან სად დამხვდებოდა, ხან - სად. ძალიან რომანტიული იყო. ერთხელ, მეზობელი ამოვიდა და გვითხრა: თქვენს საფოსტო ყუთზე შავი ვარდებია ისე მიბმული, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გავხსენიო. მივხვდი, ვისგანაც იყო. მამაჩემი გაგიჟდა, დედაჩემსაც გაუკვირდა. ჩავიდა მერე მამაჩემი, ბრტყელტუჩა ჩაიტანა და იმით მოჭრა. რამდენი წლისაც ვიყავი, იმდენი შავი ვარდი იყო გრძელღეროიანი და მერეც, ბოლომდე, სანამ გარდაიცვლებოდა, ყოველთვის მოჰქონდა დაბადების დღეზე და კიდევ, მორიგი ბავშვი რომ შეგვეძინებოდა, მანქანაში ეწყო ხოლმე. ერთხელ საყვედურიც ვუთხარი: რა მევარდება, რა დროს ვარდებია, ასეთ დღეში ვარ, ამდენი საქმე მაქვს-მეთქი და მითხრა: მერე მოგენატრება, როცა აღარ იქნება ეს ვარდებიო. მერე სულ მახსენდებოდა ეს სიტყვები. რომ გარდაიცვალა, იმ წელს ჩემმა მაზლმა მომართვა და ჩავთვალე, რომ მან გამომიგზავნა...
- ალბათ, ძალიან რთულია ხუთი შვილით მარტო დარჩენა...
- რა გითხრა, დავრჩი ხუთი შვილით და მერე დავიწყე ცხოვრების შესწავლა. მანამდეც მაინტერესებდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვხსნიდი ცხოვრების გამოცანებს. ერთხელ, ერთმა ნაცნობმა, რომელიც ჩვენთან პრაქტიკაზე იყო სკოლაში, დედაჩემს უთხრა: ეს ბავშვი როგორ მეცოდება, სულ თავისთვის არის, არაფერში ერევაო. ძალიან მინდოდა, რომ სხვებთან ერთად ვყოფილიყავი, ცუდად არ ვგრძნობდი მათთან თავს, მაგრამ სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ ვერ ვიყავი მათნაირი და ეს მაწუხებდა, ვერ ვყვებოდი მათ ლაპარაკში, სიცილში, თუ ავყვებოდი, ხელოვნურად გამომდიოდა, რადგან არ მაინტერესებდა ის საკითხები და ვერ ვამბობდი ამას. ძალიან მიყვარდა მოხუცებთან ყოფნა და ჩემზე უმცროსებთანაც... მარტო რომ დავრჩი, სულ ვფიქრობდი, როგორ მომეხერხებინა ცხოვრების გაიოლება, შვილების ნორმალურად აღზრდა, რომ არ დათრგუნულიყვნენ, არ ჰქონოდათ სულიერი შეჭირვება და, რა თქმა უნდა, მატერიალურიც. ერთხელ, რაღაც პროგრამით მოვხვდით ბაკურიანში, ჩემი ადგილი იქ არ იყო, მაგრამ მაინც წავყევი, რადგან არ შემეძლო, რომ ისინი ჩემ გარეშე ყოფილიყვნენ. ძალიან ცუდ პირობებში ვიყავი, ბავშვის საწოლში ვიწექი მოკუნტული ორი კვირა. წაღებული მქონდა „სახარება“ და დავიწყე კითხვა. ადრეც მქონდა წაკითხული, ფილოლოგი ვარ და უნივერსიტეტში გვევალებოდა, მაგრამ მაშინ ისე დამემართა, თითქოს რაღაც ჩამომგლიჯეს თვალებიდან და ვიფიქრე, თურმე, რა ადვილი ყოფილა ცხოვრება და მე რას ვფიქრობდი, ან რას დავეძებდი, ყველაფერი აქ წერია, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი-მეთქი. მივხვდი, რომ არ შეიძლება, იყო გაბრაზებული სხვაზე, შენი თავიდან უნდა გამოხვიდე - ყველაფერი, რაც დაგმართნია და გემართება, შენგან გამომდინარეობს და ძალიან მცირე წილი აქვს გარემოს. არ უნდა იფიქრო ხვალინდელ დღეზე. ყველაფერი ეს თავისთავად მოვა... ამის გაცნობიერებამ ძალიან გამიადვილა ცხოვრება. ღმერთს მივენდე, რაღაცნაირი ურთიერთობა დავამყარე ღმერთთან. სამუშაოდ რომ გავედი, ვიდრე კარს გადავუკეტავდი, მანამდე ჩავაბარებდი ღმერთს ჩემს შვილებს და მერე პასუხსაც ვთხოვდი: აი, ჩაგაბარე და აბა შენ იცი, მიხედე, არაფერი დაუზიანდეთ-მეთქი და ეს კარგად ამართლებდა. რაც მითხოვია ღმერთისთვის, ყოველთვის შეუსრულებია და ასე გამიიოლდა ცხოვრება.
- ბევრ ადგილას მიმუშავიაო, აღნიშნე. რომელიმე მათგანს ხომ არ გამოყოფდი?
- სკოლაში დავიწყე მუშაობა, ქართულის მასწავლებელი არ ჰყავდათ და მიმიღეს. ეს ცალკე პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. დიდი სიხარულიც მივიღე და მწუხარებაც, რადგან იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს სკოლაში ყოფნით და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იყო იქ, ბავშვებთან. ბევრ რამეს მე თვითონ ვიგონებდი, ვცდილობდი, ბავშვებისთვის სკოლა შემეყვარებინა, სახლის გარემო შემექმნა მათთვის. საკმაოდ პრესტიჟული სკოლა იყო, 116-ე წერეთლის გამზირზე. ცოტა პრეტენზიული მშობლები იყვნენ, ბავშვი, ზოგადად, ყველა კარგია, მაგრამ რაღაც კლანებად იყვნენ დაყოფილები და მოვახერხე, რომ დავამეგობრე ერთმანეთთან. იმდენად მიყვარდა ჩემი მოსწავლეები, რომ ყველა ბავშვს უკან დავყვებოდი, ყველას პრობლემა ვიცოდი და შეყვარებული ვიყავი ამ ბავშვებზე, მეტსაც ვიტყვი, ვეკეკლუცებოდი მათ. აი, შეყვარებული რომ გყავს და გინდა, თავი მოაწონო, ასიამოვნო, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა. მათაც ზუსტად ასეთი განწყობა ჰქონდათ ჩემ მიმართ. ცოტა „ავარდნილი კლასი“ იყო, მეექვსე კლასი, ასაკიც ხელს უწყობდათ. პირველად რომ შევედი, ყველა მათგანი დემონსტრატიულად კევს ღეჭავდა და უტიფრად თვალებში მიყურებდა. მე ყოველთვის მიყვარდა კევი და სულ მედო ჩანთაში. ამოვიღე, დავიწყე ღეჭვა და ვთქვი: რა კარგია, რომ ამ საკითხში ერთი აზრი გვაქვს, მეც მიყვარს კევი-მეთქი. იმის შემდეგ არც მახსოვს, ოდესმე გაკვეთილზე კევი დაეღეჭოთ. თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება მქონდა ის, რომ მათ ვექცეოდი ისე, როგორც მე მინდოდა მომქცეოდა თუნდაც მასწავლებელი და თუნდაც სხვა ადამიანი. დამყავდა, თუკი სადმე კარგი გამოფენა ან ღონისძიება იყო ქალაქში. კიდევ ერთი რაღაც მოვიფიქრე. კლასში გვყავდა ძალიან გაჭირვებულებიც და ძალიან მდიდრებიც და ამ უკანასკნელებს ვეუბნებოდი, მოდით, იმ ბავშვის მაგივრად ჩვენ დავდოთ ფული და პირველი მე ვდებდი ხოლმე, ისე რომ, ის ბავშვი და მისი მშობელი ვერც იგებდნენ. მერე იმ ბავშვებს მადლობას გადავუხდიდი ხოლმე და ამან ისე იმოქმედა, ისე დამეგობრდნენ, რომ მშობლებიც მიხვდნენ: მე მათი მტერი და მოწინააღმდეგე კი არ ვიყავი, არამედ მათ მხარეს ვიდექი... ძალიან ადვილი გახდა ურთიერთობა. ასე გრძელდებოდა საკმაო ხანს, მაგრამ, ერთხელაც, ჩემმა შვილებმა მითხრეს: დედა, ან ეგენი აირჩიე, ან ჩვენო. ჩვენ შენს მეტი არავინ გვყავს და ასე ვერ გაგრძელდებაო, რადგან მართლა „გადავარდნილი ვიყავი“ და სიმართლე რომ ვთქვა, ზოგჯერ ვეჭვიანობდი ჩემს შვილებზე, რაღაცას რომ მთხოვდნენ და ჩემი მოსწავლეებისთვის დრო რომ უნდა წამერთმია, ამაზე ბრაზიც კი მომდიოდა. ეტყობა, ბავშვებმაც შეამჩნიეს ეს. იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. განცხადება დედაჩემს გავატანე, იმის შემდეგ აღარც მივსულვარ იმ სკოლაში, საბუთების გამოსატანადაც კი ვერ მივედი, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის და დიდხანს, ძალიან დიდხანს მესიზმრებოდნენ ჩემი მოსწავლეები. ქუჩაში რომ მივდიოდი, უცებ მომელანდებოდა, რომ, აი, ის ჩემი მოსწავლეა... მათაც დიდხანს ჰქონიათ სტრესი და მეც დიდხანს მქონდა, ბევრჯერ მიტირია ღამით, ისე განვიცდიდი. „კავკასიურში“ რომ მოვედი და მასწავლებლობა დავიწყე, ცოტა ამით „გადავხარშე“ ის მწუხარება, რომელშიც ვიმყოფებოდი.
- „კავკასიურ სახლში“ როგორ მოხვდი?
- ჩემი მეგობარი ნანა დევიძე მუშაობდა აქ და მან შემთხვევით წამომიყვანა. იმდენად ვიყავი დაჩლუნგებული სახლში ყოფნით, რომ ვერ დავდიოდი, მუხლები მქონდა ჩაკეტილი... ასე დავიწყე სიარული „კავკასიურში“, ნაირა გელაშვილთან მოვდიოდი ხოლმე... პირველი დავალება ნანამ მომცა - რაღაც ლექსი უნდა მეთარგმნა, შემდეგ თარგმანის საღამო იყო და რომ წავიკითხე ჩემი თარგმანი, ნაირას მოეწონა, ყურადღება მიაქცია ჩემს ლექსს. ნანაც შემთხვევით გავიცანი, შადიმან შამანაძემ, ჩემმა შორეულმა ნათესავმა, გამაცნო. შადიმანს მოსწონდა ჩემი ლექსები, მივდიოდი და ვუკითხავდი ხოლმე და რჩევებს მაძლევდა. 2001 წლიდან „საკვირაო სკოლაში“ დავიწყე ქართულის მასწავლებლად მუშაობა. რომ მოვედი, არც პროგრამა იყო, არც არაფერი და მე თვითონ მოვიფიქრე რაღაცები. აქ ჩვეულებრივი გაკვეთილები არ იყო საჭირო. უნდა ყოფილიყო ისეთი, ამ ბავშვებს ყოფას რომ არ დაუმძიმებდა, ისედაც დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვები მოდიოდნენ სკოლაში და მეორეც, შაბათ-კვირას ბავშვი უნდა ყოფილიყო განტვირთული და არ აინტერესებდა შენი გრამატიკა და ეგეთები. ექსპერიმენტებს ვატარებდი იმ ბავშვებზე და ჩემს თავზეც და რაღაცები კარგად გამომდიოდა... ყველა გაკვეთლი სპექტაკლი უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ „ამოისუნთქოს“, ისეთი ინტერესით უნდა უყურებდეს ამ სპექტაკლს, რომ სხვა რამეზე ვეღარ იფიქროს და ამისთვის საჭიროა მრავალფეროვნება. ხან უნდა წეროს, ხან უნდა იკითხოს, ხან უნდა რაღაც თქვას, ხან დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა, მთელი გაკვეთილი უნდა მიმდინარეობდეს ცვლილებებში და მაშინ არის ის დაინტერესებული. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ უნდა გრძნობდეს, რომ გიყვარს და სამართლიანი ხარ, ყველაფრის მიუხედავად, ვინ არის, საიდან არის, როგორია. რამდენი შეგონებაც გინდა უკითხე, თუ ოდნავ მაინც შეგამჩნია, რომ არასამართლიანი ხარ და არ გიყვარს, არაფერი გამოდის. მასწავლებელი ყოველდღე უნდა სწავლობდეს წიგნებიდანაც და ბავშვებისგანაც... თან, უნდა შეეძლოს, ყოველ წუთას აღიაროს შეცდომები და ბავშვები გპატიობენ, თუკი მიზეზსაც აუხსნი. მე ჩემს შვილებთანაც ასე ვიყავი - სანამ კარგად არ ავუხსნიდი, რატომ ვსჯი, არასდროს ვსჯიდი. ცემით არც მიცემია, მაგრამ დასჯა რომ იყო, ან პატარა შემორტყმა ქვედა ნაწილზე, დაწვრილებით ვუხსნიდი, რატომ ვსჯიდი და როცა ასეთ ნდობას უცხადებ, მერე მოდის ის შენკენ. საერთოდ, შვილები როცა გყავს, რაც შენ ნაკლი გქონია, რაც დაგიშავებია, აბსოლუტურად ყველაფერი მოგეკითხება, მათშია ჩადებული შენი დანაშაული, ნაკლი, ცუდი საქციელი, შენ წინ დგას და ვერანაირად გაექცევი. ჩვენი სამყარო ასეთია - ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩემს მეუღლესთანაც დღემდე ურთიერთობა მაქვს. როცა რაღაც პრობლემა მიჩნდება, ჩვეულებრივ, ველაპარაკები ხოლმე, პასუხსაც ვთხოვ და ასე მგონია, რომ ისიც მეხმარება. მე ვერ ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მხედავს, ახლოს ვართ, სხვადასხვა განზომილებაში, მაგრამ ახლოს.
- ახლა „საკვირაო სკოლის“ ხელმძღვანელი ხარ...
- ამას ვერც ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ კარგი კოლექტივი ვართ, თანამოაზრეები და ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, ვინაწილებთ. სკოლაში ისწავლება: საუბრები კავკასიაზე, გეოგრაფია, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, სამყარო და მე, ქართული, ასევე კინოგადაღება, ხელგარჯილობა, ცეკვა და მუსიკა. ხუთასამდე ბავშვმა გაიარა ამ სკოლის კურსი. ახლა უკვე მეთვრამეტე გამოშვება გვყავს, ესენი არიან დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ამ ნაკადში გვყავს ორი ქურთი, ორი სომეხი, ერთი აზერბაიჯანელი, ერთი ბელორუსი და ერთიც რუსი. 11-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები. ერთი ბიჭი სასაზღვრო ზონიდან, სოფელ მერეთიდან დადის. უნიჭიერესი ბავშვია, არაჩვეულებრივი ხმა აქვს და შესანიშნავად მღერის. ნაკადი ექვს თვეს გრძელდება, ზაფხულობით კი საზაფხულო ბანაკში მივდივართ. ბოლო რამდენიმე წელია, ფშავში ვატარებთ ზაფხულს. იმართება ინტელექტუალური თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, შოუები არაგვის პირას. ბავშვებს მდინარეში ვაბანავებთ, საგუბარს ვაკეთებთ და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მშვენივრად ჭყუმპალაობენ. იქ უფრო საველე პირობებია, კარვებში ცხოვრობენ, გამოჩორკნილ მაგიდაზე სადილობენ, დიდი მუხის ქვეშ ვსხედვართ გაკვეთილების დროს, ეზოც გადასარევია, ქვემო კანატიაში, უძილაურებთან...
- რუსუდან, შვილებზე მომიყევი, უკვე დიდები არიან, ალბათ...
- უფროსი ნონა 89-შია დაბადებული, დიმიტრი - 90-ში, ელისო - 91-ში, თემური - 93-ში და ეკა - 95-ში. ნონას ყოველთვის მოსწონდა ჩემი პროფესია, აინტერესებდა და ჩემი პროფესიაც აირჩია. ვთვლი, რომ კარგი ფილოლოგია, კარგი მასწავლებელია. მაგისტრატურაშიც სწავლობს და იმდენად უყვარს თავისი პროფესია, რომ გრამატიკის წიგნიც კი შეადგინა. დიტო მამამისის სპეციალობაზე სწავლობს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკოსი იქნება. ელისო - „ჯავახიშვილში“ საერთაშორისო ურთიერთობებზე და გაოცებული ვარ, რომ პოლიტიკა აინტერესებს, რაღაც „კაცური ჭკუა“ აქვს, ანალიტიკური და ზოგადად, ნიჭიერი გოგოა, გამოირჩევა თავის და-ძმებში, რამდენიმე ენა იცის და ძალიან ობიექტური ადამიანია. თემოც „ჯავახიშვილში“ სწავლობს ინფორმატიკაზე, კარგად იცის თავისი საქმე, დაინტერესებულია, სულ ცდილობს, გაიღრმავოს ცოდნა. ეკა მე-12 კლასელია და უცხო ენებზე აპირებს ჩაბარებას.
- რას ფიქრობ, როგორი პოეტი ხარ?
- ჩემს თავს პოეტს ვერ დავარქმევ, როცა ასეთი პოეტები ჰყავს საქართველოს. ძალიან მომწონს ეკა ქევანიშვილის პოეზია, შოთა იათაშვილისა და მაია სარიშვილისაც, მაგრამ მეუხერხულება ამის თქმა, რადგან ისინი ჩემი მეგობრები არიან. გიორგი ლობჟანიძის პოეზიაც მომწონს,ზვიად რატიანისაც. ეკა ქევანიშვილის ადრინდელი ლექსები უფრო მომწონდა. მათ შემოქმედებას ძირითადად „ალტერნატივაში“ ვეცნობოდი, დიდი მონატრება მაქვს მისი. ვთვლიდი, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში რაც გამოდიოდა ლიტერატურული ჟურნალი, ან გაზეთი, ყველას ჯობდა. აკადემიური დონეც ჰქონდა, იმის პრეტენზიაც, რომ მკითხველს ყველაზე საუკეთესო ავტორებს აცნობდა და თანამედროვე სამყაროში არსებული ავტორებიც ძალიან დროულად იყვნენ წარმოდგენილნი. კარგი კრიტიკული წერილებიც იბეჭდებოდა...
- შენი შემოქმედება თუ შეუფასებიათ, ან კრიტიკული წერილები თუ დაუწერიათ?
- „ცისკრის“ რედაქტორი ჯანსუღ ღვინჯილია აფასებდა ხოლმე ჩემს ლექსებს. ტელევიზიითაც გამოვიდა და ისაუბრა ჩემზე. ნაირა გელაშვილსა და შოთა იათაშვილსაც აქვთ წერილები ჩემს შემოქმედებაზე, სხვებსაც, ყველას ვერ ვიხსენებ, თუმცა, ერთხელ, პოეტმა და კრიტიკოსმა დავით მჭედლურმა ისეთი რაღაცები დაწერა, 37 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ გადამასახლებდნენ, ან დამხვრეტდნენ. მე ცოტა მეწყინა, მაგრამ სხვებმა მითხრეს: ეს, პირიქით, შექებააო. ბატონი დავითიც რომ შემხვდა, მომიბოდიშა, გაწითლდა. მე ვუთხარი, მადლობელი ვარ-მეთქი. მას ეგონა რომ, ჩვეულებრივ, როგორც ჩვენთან ხდება, მეც გაბრაზებული და განაწყენებული ვიქნებოდი და გაუხარდა ასე რომ არ იყო. მერე მითხრა, შენს ლექსებს დეკადენტური რომ ვუწოდე, მე კი მინდოდა უარყოფითად წარმომეჩინა, მაგრამ მერე მეუბნებოდნენ, ეს რამხელა ხოტბა შეასხი რუსუდან კაიშაურს, ვერც წარმოიდგენო.
- შემოქმედებითი საღამოები თუ გაგიმართავს?
- არც ისე ბევრი. ერთი მქონდა „კავკასიურ სახლში“, ერთი – „მასწავლებლის სახლში“ და ერთიც – „უსინათლოთა საზოგადოებაში“, სადაც ძალიან დიდი სიყვარული და სითბო მივიღე. ისე კარგად დამამახსოვრდა, როგორ აღიქვეს ჩემი პოეზია... ბრაილის შრიფტზეც კი ჰქონდათ გადატანილი ჩემი ლექსები. მაჩუქეს კიდეც ორიოდე ფურცელი, სახლში მაქვს შენახული.
- ვინმეს ხომ არ ბაძავდი, ვიდრე საკუთარ ინდივიდუალურ ხმას იპოვიდი?
- თავიდან ვბაძავდი ემილი დიკინსონს. პირველად რომ წავიკითხე, ჩემზე შოკური შთაბეჭდილება მოახდინა. მერე ამ გატაცებამ გადამიარა, უკვე სხვა რაღაცები მომწონდა. მერე ერთ რამეს მივხვდი: ვინც წერს, იმან ძალიან ბევრი უნდა იკითხოს თანამედროვეც და ძველი ლიტერატურაც იმიტომ, რომ თუ არაფრით შეივსე, იქიდან არც არაფერი წამოვა. დიდხანს ვერ იქნები ნიჭის იმედად. ჩემს ლექსებში პუნქტუაციას დიდ ყურადღებას ვაქცევ, მიყვარს სასვენი ნიშნები, ერთი წერილი მახსოვს - „რას ფიქრობენ სასვენი ნიშნები თავის თავზე“, „ალტერნატივაში“ იყო გამოქვეყნებული და მას მერე უფრო შემიყვარდა. ცოცხალ არსებებად აღვიქვამ სასვენ ნიშნებს, ერთი წერტილიც რომ დამაკლდეს, იმასაც ძალიან განვიცდი იმიტომ, რომ ის ჩემთვის რაღაცას ნიშნავს, ის არანაკლებია, ვიდრე სიტყვა, ან ასო. ძალიან მიყვარს კითხვის ნიშანი, მოხრილი რომაა, ადამიანი მგონია, ცოცხალი არსება.
- მეგობრობ კოლეგა პოეტებთან, ან მწერლებთან?
- განსაკუთრებული მეგობრობა მაქვს ნაირა გელაშვილთან, მაგრამ ვცდილობ, მის გვერდით არ ვიყო და რაღაც დისტანცია შევინარჩუნო. მე მას სტუდენტობისას მივუძღვენი ერთი ლექსი. „მე მივხვდი: დროა შენი დაკარგვის,/ ჩვეულებრივი ყოფა თუ მინდა!“ რაღაცნაირად არ მინდა, რომ ჩვეულებრივად ვიყო მის გვერდზე. ამიტომ ვცდილობ, ზედმეტად თვალში არ მოვხვდე, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობლობას ვგრძნობ და მიყვარს. ასეთი დამოკიდებულება ბევრ ადამიანთან მაქვს, თან მიყვარს და თან არ მინდა მასთან ყოფნა, გაუბრალოების მეშინია.
- გიყვარს მეგობრებისთვის ლექსების კითხვა?
- არა, არ მიყვარს. ასე მგონია, რომ ჩემს ძალზე სანუკვარ რაღაცას ვანდობ სხვას. ძალიან უნდა ვენდობოდე იმ ადამიანს, თითქმის საკუთარი თავივით, რომ მას ლექსი წავუკითხო. შეიძლება, ძალიანაც მიყვარდეს, ვაფასებდე, მაგრამ ის ჩემი მხარე არ მინდა დავანახო. შეიძლება, ის ჩემი მხარე, მთვარესი არ იყოს, ბნელი მხარეა და ალბათ, მაგისიც მეშინია. ჩემს ლექსებს ისე ვმალავ, როგორც „უკანონო შვილებს“. აი, კანი რომ არა გაქვს და ხელი რომ დაგადონ, ხომ საშინელი შეგრძნება გექნება, ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს, ამიტომ თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმეს მართლა აინტერესებს ჩემი ლექსები და უნდა მათი მოსმენა, ვცდილობ, არ მოვახვიო თავს. მეგობრებთანაც სხვა თემებზე საუბარს ვამჯობინებ.
- შენი ლექსები ინტერნეტით მოვისმინე პოეზიისა და პროზის პოპულარიზაციის პროექტ ,,ოქროს ფონდში“. ვფიქრობ, კითხვის განსაკუთრებული მანერა არ გაქვს...
- არტისტულ კითხვასაც, ალბათ, თავისებური ნიჭი უნდა, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ იმდენად შედიხარ ექსტაზში, იმდენად გავიწყდება ყველაფერი, რომ გამოგდის. მაგალითად, უსინათლოებს რომ ვუკითხავდი, არ ვფიქრობდი, როგორ უნდა წამეკითხა, მთელი სული და გული ჩავაქსოვე და კარგად გამომივიდა. ამას შენს თავს ვერ უბრძანებ. რაღაც უნდა მოხდეს შენში, რომ ეს გამოგივიდეს და ზემოქმედება მოახდინო მეორე ადამიანზე.
- რუსუდან, რას ნიშნავს, ზოგადად, მეგობრობა შენთვის და როგორ გრძნობ თავს მათ წრეში?
- მეგობრობა ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ცარიელი, სიტყვიერი მეგობრობა არ მომწონს. მეგობარს ყურადღება უნდა მიაქციო, მის გვერდზე უნდა იყო, თუნდაც სულიერად. ამიტომ ჩამოვიწერ ხოლმე ვალდებულებებს, რომ ახლა იმ ადამიანს უნდა დავურეკო, ამასთან უნდა მივიდე. სხვანაირად არ გამომდის. ადამიანს რაღაც უნდა მისცე, უნდა გაახარო ცოტა ხნით, იმ დოზით, რომ სანამ შენ მისთვის მეორედ მოიცლი, იქამდე ეყოს. ფუჭი ურთიერთობები ძალიან არ მომწონს, ბავშვობაშიც ასე ვიყავი, ნერვებს მიშლიდა ფუჭი გამარჯობა და ფუჭი მოკითხვა... რომ არა ეს ადამიანები, მეგობრებიც და მეგობრობის გარეთ მდგარი ადამიანებიც და საზოგადოდ, ბევრი კარგი ადამიანი, ალბათ, ვერ გავძლებდი და ძალიან ადრე წავიდოდი ამ ქვეყნიდან. ბევრი დადებითი მუხტი მიმიღია ადამიანებისგან თუნდაც ერთი შემოხედვით, ერთი სიტყვით, ან ხელის ერთი გამოწვდენით, რაღაც პატარა ნიუანსითაც კი. რომ ვუკვირდები, ცუდი ადამიანი არც კი შემხვედრია, სულ კარგი ადამიანები მხვდებოდნენ, ყველა რაღაც კეთილგანწყობილი იყო ხოლმე და მეც დადებითად ვიმუხტებოდი. რომ უკვირთ, მარტო დარჩი და როგორ შეძელი ცხოვრების გაგრძელებაო, აი, ამიტომ შევძელი...
- როგორ ფიქრობ, რთულია იყო შემოქმედი?
- პირიქით, ვფიქრობ, რომ ადვილია. იმიტომ რომ მე რომ ეს არ მქონდეს, ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ადამიანი, ვერ გავძლებდი ამ წუთისოფელში... წყენაც მოუყენებიათ, შეურაცხყოფაც და ტრავმებიც მიმიღია, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნებოდი ხოლმე იმ ცუდ რაღაცას, რაც მოვიდოდა ჩემთან: ახლა წავალ, შევიკეტები ჩემს სამყაროში, სადაც ძალიან კარგად ვიგრძნობ თავს-მეთქი. ლექსებს კი ვწერ, მაგრამ ამით არასოდეს „მისპეკულიანტია“. მე მამლის წელში ვარ დაბადებული და მოთხოვნილება მაქვს, რომ ჩემ გარშემო წესრიგი იყოს. არასდროს ხდება, ოჯახში სადილი არ იყოს გაკეთებული, ან ვახშამი, ან რამე არ იყოს დალაგებული და ამას ბევრი დრო სჭირდება. თუ ქაოსია, ჩემზე უარყოფითად მოქმედებს და უნდა მოვაწესრიგო. ამიტომ ძალიან ცოტა დრო მრჩება და მეც მიკვირს, როდის ვახერხებ ლექსების წერას. შეიძლება, რამდენიმე საათში ორმოცი ლექსი დავწერო ჰილარიო ბუერასავით. ხომ ვერ მოვახერხე მთელი თვე, ან წელიწადი, მერე უცებ დავწერ. აი, ამ ჩემი ბოლო წიგნისთვის ვერ მოვახერხე დაწერა, ბევრი საქმე მქონდა, სოფელშიც ვიყავი წასული და რომ დავბრუნდი, დეკემბერში, რამდენიმე დღეში მოვახერხე, ახალი ლექსები დამეწერა, ნაწილი ძველი კრებულებიდანაც შევიტანე.
პრინციპში, ყველაზე მთავარი ჩემთვის ჩემი შემოქმედებაა და დანარჩენი ყველაფერი მისი წყალობით მაქვს. ვფიქრობ, რომ ადამიანი ძალიან საცოდავი არსებაა. თუ ღრმად ჩაუკვირდები და ფილოსოფიურ ძიებას დაიწყებ, ფაქტიურად, ხარ როგორც მცენარე, ცხოველი, ან თუნდაც მწერი და არაფერი გაქვს, რაც ამ სამყაროში გამაგრებს, რადგან ეს სამყარო ძალიან სასტიკია და გფლანგავს, არარაობად გაქცევს და მერე უნდა დადგე, ეძებო შენი თავი და შეაკოწიწო. თითქმის ყოველდღე ასეთი რაღაცები ხდება და შენთვის აღარაფერი გრჩება. როდესაც შემოქმედებითი რაღაც გაქვს, თუნდაც პატარა და სხვებისთვის უმნიშვნელო, მაგრამ იცი, რომ გაქვს და ეს შენთვის გაქვს დამალული, ამით სამყაროში წონასწორობას ინარჩუნებ, ამით ხარ დაცული და შენს ადამიანობასაც უფრო კარგად ამჟღავნებ. ვფიქრობ, თითქმის ყველა ადამიანს აქვს თავისი თავშესაფარი. ზოგს შემოქმედება არა აქვს, მაგრამ რელიგია აქვს და ეს შველის. ზოგს კიდევ სიყვარული აქვს, ძალიან დიდი სიყვარული, სიყვარულითაა გაჟღენთილი და ეს ეხმარება. მაგალითად, დედაჩემი არც შემოქმედი ყოფილა, არც რელიგიური, ძალიან ბევრი ნაკლიც ჰქონდა, მაგრამ სიყვარულით იყო გაჟღენთილი. ახლაც, არაფერს აკეთებს, ზის თოჯინასავით, ვუვლით, მაგრამ მას ამ თავისი სიყვარულით სამყაროში აქვს დაცულობა. ბებიაც ასეთი იყო. თავისი ყოფილი ქმრის მეუღლეს იღებდა სახლში და ძალიან პატივით ეპყრობოდა. მამაჩემიც ასეთი იყო, ჩემი მეუღლეც... ასე რომ, არ არის მნიშვნელოვანი, რა გარემოში ცხოვრობ, ან რა გაქვს გადატანილი. ეს შინაგანად უნდა გქონდეს, ესეც თავისებური ნიჭია.
- რუსუდან, მოდი, შენს ახალ წიგნს დავუბრუნდეთ...
- ერთი ლექსი მაქვს ასეთი შინაარსის: „შვილებო, ნუ მაბრაზებთ, იცოდეთ, სახედრიდან მერნად გადაქცევაც შემიძლია“. ანუ, ჩემს თავს მოვიაზრებ სახედრად, რადგან სახედარი ხომ დამორჩილებულია თავის ბედს, ეწევა ჭაპანს, მაგრამ თან უნდა, რომ მერანიც იყოს. ამიტომ ეს ჩემი ერთი პატარა ლექსი გამოვიტანე სათაურად... ექვსწლიანი შუალედიც რამოდენიმე დღში ამოვავსე. ეს წიგნი გაგრძელებაა ჩემი ბიოგრაფიის. ჩემი ბიოგრაფია დაიწყო პირველი წიგნით - ,,ლექსები, 2002“, მეორე წიგნით - ,,ცოცხების გადაფრენა, 2004“ განვითარდა და ახლა გაგრძელდა. შეიძლება სულ სხვა რაღაც ეწეროს ლექსში, მაგრამ სინამდვილეში ჩემი ბიოგრაფიაა. ყველაფერია, რაც გადავიტანე, რაზეც ვფიქრობდი, რაც მიხაროდა და მაწუხებდა. წინა კრებულებიდან რომელი ლექსებიც გადმოვიტანე, ეტყობა, ჩემთვის ბიოგრაფიის ის ნაწილები მნიშვნელოვანი იყო. ეს წიგნი მომწონს. ის წიგნები როცა შევადგინე, ძალიან დაუდევრად მოვიქეცი, რაც მომხვდა ხელში, განურჩევლად ჩავყარე და მერე ძალიან ვნანობდი. ახლა, მართალია, უფრო ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ჩემი შვილი დამეხმარა. ვიდრე სოფელში ვსაქმიანობდი, მას ყველა ჩემი ლექსი აუკრეფია, თუ სადმე რამე გაჭაჭანებულა და რომ ჩამოვედი, დამახვედრა მთელი ჩემი შემოქმედება ერთად თავმოყრილი. ამან ძალიან გამიადვილა საქმე და მერე უკვე კომფორტულად ვიყავი, რომელი ლექსიც მომწონდა, იმას ვარჩევდი და რაც დავწერე ახლები, ისინიც უცებ ავკრიფეთ. ამდენად, შედარებით, კმაყოფილი ვარ. ერთ-ორ სასვენ ნიშანზე მწყდება გული, ზოგან ზედმეტი მომივიდა, ზოგან დავაკელი... მხატვრული გაფორმებაც ძალიან მომეწონა, კოტე სულაბერიძის ნამუშევარია. სასიგნალო ეგზემპლარები რომ მოვიდა, ერთი წიგნი სახლში წავიღე, ის ახალი ლექსები კარგად აღარ მახსოვდა და ერთი სული მქონდა, წამეკითხა და რომ წავიკითხე, ცუდი არ იყო.
- პოეტურ ფესტივალებზე თუ მიგიღია მონაწილეობა?
- ორჯერ, ლიტვასა (2010 წ.) და პოლონეთში (2012 წ.). ეს იყო არაჩვეულებრივი დღეები, ავტორები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და ძალიან სასიამოვნო იყო მათთან ურთიერთობა. ქვეყნებიც მომეწონა, ხალხიც და ყველაფერი დადებითი წამოვიღე იქიდან. პოლონეთს ლექსიც კი მივუძღვენი, ახალ წიგნში შევიდა. ეს გაცვლა, შემოქმედებითი ურთიერთგაზიარება აუცილებელია. ბევრ კარგ რაღაცას სწავლობ, იღებ, ბევრი ისეთი ავტორი გავიცანი, რომელთა ლექსებიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ლიტვაში პატარა ზღვისპირა ქალაქ პალანგაში ვიყავით. ბალტიის ზღვა რაღაც არაჩვეულებრივია, რაღაცნაირი ჩამუქებული, მკაცრი სილამაზე აქვს. ამით დამამახსოვრა თავი. ციოდა, მაგრამ მივდიოდით და ვნახულობდით, აი, საყვარელ ადამიანს რომ ინახულებ, ისე. პოლონეთში ლუბლინში ვიყავით, სიძველეები იყო იმ ქალაქში ძალიან ბევრი: მოჩუქურთმებული შენობები, ლამაზი ეკლესიები და მოკირწყლული ვიწრო ქუჩები. არაფრით ჰგავდა თბილისის ძველ უბნებს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო.
- რუსუდან, ბედნიერი თუ ხარ და რა იწვევს შენში ამ შეგრძნებას?
- ვფიქრობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ მაქვს ჩემი შემოქმედება. იმ ბედნიერების გამოთქმა და გაზომვა, რასაც ადამიანს შემოქმედება ანიჭებს, შეუძლებელია. სადღაც წამიკითხავს, რომ ინტიმური აქტიც ხომ ძალიან დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს და იმაზე უფრო დიდი ბედნიერებაა ეს. ყველაზე დიდი ბედნიერება შემოქმედებითი ბედნიერებაა, ამ დროს ღმერთს უახლოვდები. იგივე ინტიმური კავშირის დროსაც ღმერთს უახლოვდები და იმიტომაა ასეთი დიდი სიამოვნება. თუ ღმერთს უახლოვდები, ე.ი. სიყვარულს უახლოვდები, ყველაფერი მაინც სიყვარულამდე დადის...
- თუ გაინტერესებს, როგორ შეხვდება შენს ახალ წიგნს მკითხველი, პოეზიის მოყვარული საზოგადოება?
- პირველ რიგში, მაინტერესებს რას იტყვიან ჩემი ახლო მეგობრები, რადგან მათ აზრს ვაფასებ. ერთი სული მაქვს, როდის მივუტან, როდის ვაჩვენებ ჩემს წიგნს და რომ წაიკითხავენ, როგორი რეაქცია ექნებათ. დანარჩენი მკითხველების გამოხმაურებაც ძალიან მიხარია, ზოგი წერილს მწერს, ზოგი ვირტუალურად მეხმაურება. მოველი, სხვა ადამიანსაც გაუჩნდეს თავისი დამოკიდებულება, თუნდაც უარყოფითი. ჩემმა შვილებმა წაიკითხეს, მაგრამ დიდად ყურადღებას არ აქცევენ. რომ მივიტანე და ვაჩვენე წიგნი, უი, რა კარგიაო და მორჩა, გადადეს გვერდზე. მე არ მწყინს, მე მათთვის დედა ვარ და მირჩევნია, დედით იყვნენ კმაყოფილები. ჩემმა ძმამაც გადაშალა და გადადო გვერდზე. არც მაგისთვის მიმიქცევია ყურადღება. პატარები რომ ვიყავით და ჩემთვის რომ მივყუჩდებოდი და ვწერდი რაღაცას, „გიჟ-პოეტას“ მეძახდნენ. სწყინდათ, რომ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი და ეჭვიანობდნენ. შვილებსაც აქვთ ეჭვიანობის მომენტი. ზოგჯერ რომ მომინდება რაღაც დავწერო და განვმარტოვდები ხოლმე, მათ უკვე რაღაც მოაკლდებათ და დისკომფორტს განიცდიან. რაც გაიზარდნენ, ამას უფრო შეგნებით ეკიდებიან, მაგრამ ადრე არა, ადრე მე თვითონაც მერიდებოდა, რომ მათი დროიდან მომეპარა თუნდაც წუთები და ჩემთვის რაღაცა გამეკეთებინა. ამას დიდ ფუფუნებად ვთვლიდი ჩემი თავისთვის. ერთხელ, ნონა საავადმყოფოში მოხვდა და იმდენად გამწარებული ვიყავი, ღამეები არ მეძინა, ვიჯექი და ვწერდი და ამან ძალიან მიშველა.
- რუსუდან, შენი ლექსები ძალიან რეალისტურია და ყოფითი, ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს ალესილი დანის წვერზე დადიხარ...
- როგორიც არის ჩემი ცხოვრება, ისეა ასახული, ვერც შევალამაზებ. როცა მიცდია, შემელამაზებინა, ძალიან ცუდი გამოსულა. რეალისტურია, რა თქმა უნდა, ადრე თითქოს პესიმისტურიც იყო. ადრე არ ვწერდი ყოველდღიურ თემებზე, მოგვიანებით დავიწყე. ბოლოს რაც დავწერე, ძალიან გულწრფელია, რასაც ვფიქრობდი იმ წუთში, ან რაც ხდებოდა ჩემ გარშემო, ის ავსახე და მართლა გულიდან გამოსული გამოვიდა.