სიმშვიდის პაროდია


სიმშვიდის პაროდია




***

ადამიანებს ბუმერანგები ისვრიან;

მთვრალები ფეხებს ერევიან;

ყველა განედს ეკვატორობა სურს;

მიწა ეყრდნობა ტერფებს;

ყველას – ვუგებთ, ვუყვარვართ;

ყველა – გვებრძვის და გვივიწყებს;

გვნახულობს სიზმარი;

გვირჩევს მიმართულება; გვისახავს მიზანი;

ვათბობთ ცეცხლს; ვანათებთ მზეს;

ვახარებთ ბედნიერებას;

გვიღებენ ვალები, მერე აღარ გვიხდიან;

ბგერებს ესმით ჩვენი; სამყარო გვხედავს;

არომატებმა ჩაგვისუნთქეს;

ასაკს ვემატებით; მუხლებს ვეკეცებით;

ხეები გვჭრიან; ატომმაც გამოგვიგონა, მერე გამოგვიყენა;

განგაშის ზარმა ჩამოგვკრა;

სოლიდარობას არ ვემეტებით ერთმანეთისთვის;

გვქაჩავს ნაფაზი; ნარკოტიკი გვიჩხერს;

შრომას ვეთაკილებით; მათხოვრობა პატივს გვცემს;

ცხოვრებას ვეზარებით;

გვქმნის და გვინარჩუნებს კულტურა;

შარი გვეძებს; ძალადობენ;

ვიპყრობთ ჩრდილოეთს; ვემეგობრებით დასავლეთს;

გვეძებს ღმერთი; გვაშენებენ ეკლესიები;

გვიმონებს დოგმა და სიხარბე;

სიმშვიდე ვერ პოულობს ჩვენში ადგილს;

რევოლუციებს ვიზიდავთ; ქართველობა ჩვენით ამაყობს;

გვახარისხებენ; ვძულვართ ინტელექტს;

ვეხალისებით ბრაზს; რევანში კმაყოფილდება ჩვენით;

დრო გვხარჯავს და მაინც უნდა გვწამდეს რომ ღმერთს ვიხსნით…

 

 

ჩემში გათოკილო დღეებო

 

დიდი ხანია უსიტყვობა დაგაჯერეთ.

დატუსაღებული უღიმღამობა

მთელი მონდომებით იკმაყოფილებს

ჩაგვრის დაუოკებელ სურვილს სიცოცხლეზე.

პირგამშრალი მონდომება ხუჭავს თვალს

ჟანგის ნაფლეთებით ამღვრეულ წყალზე.

უკვე დამღლელია გასაგებად საუბარი.

აღარაფერი გესმით -

გამწვანების სამსახურისაგან თავდასხმებით გადაღლილო ხეებო,

გადავსებული სანაგვე ურნებით ჩახერგილო ქუჩებო,

უღიმღამო რიჟრაჟებო და შიმშილს შეგუებულო ცხოველებო,

გაფიცულო მუშებო და დაფიცებულო მშობლებო,

ლამში გატრუნულო წურბელებო,

კოკით ყოველთვის ვერ მოტანილო წყლებო,

გადაბრუნებულო ურმებო, გამოჩენილი გზა რომ გაგისულერთდათ,

ძვირად ფასიანო წიგნებო და ბრაზიანო მეეზოვეებო,

სასარგებლო დამბებო და უბიბლიოთეკო დაბებო,

გადაბირებულო იდეებო და დრომოჭმულო ამბებო,

დარბეულო დემონსტრანტებო და ლეგიტიმურო ხელკეტებო,

იღბლიანო ლიტერატორებო და მკვეხარა სკაბრეზებო,

ასფალტს შეხიზნულო ვარსკვლავებო და

მიწას შეფარებულო ადამიანებო;

მოქმედების მთელი არსი შედეგებით მსურდა გამეგო.

უდოლაბო წისქვილივით ვხრიალებ ახლაც.

რა გენაღვლებათ...

 

 

სიმშვიდის პაროდია

 

ამოსატუმბია ჩემში დაგროვილი უჰაერობა,

მუდმივ შინაგან სიმჭიდროვეს რომ იფართოებს.

რატომ იმუქრებიან მატარებლის ვაგონებში,

განაპირა ადგილებიდან, ჩემი მსგავსი არსებები

ყოველდღიურობით გაფითრებული გამოხედვითა

და ყელში ამოსული ერთმანეთობით?

ვხედავ, მათი ყურებიდან გადმოკიდებულ

მინიატურულ ბაგირებზე

როგორ მიძვრებიან თავებისაკენ უშედეგოდ

მუსიკალური ჟანრები

და მათსავე ზურგჩანთებიდან გაუჩინარებულ

ხვალინდელ დღეებს ჩაბნელებულ გვირაბში

გაფითრებული ნესტით ვთხუპნი.

 

 

თვინიერების

 

არსებულ ზღუდეს გველის ტანის თვისებები აქვს

მზის გულზე, როცა თვალში აფენს ფერების გამას,

თითქოს შიშების დასაცხრობად აციმციმდება,

სრული მზადყოფნაც იფანტება გადაბიჯების.

და განთიადი, როგორც ზეცის დიასახლისი,

გაფაციცებით აალაგებს ღამის ნარჩენებს;

შემოაჩეჩებს სულში ჩამძვრალ უწესრიგობას

მოჩვენებითი არსებობის ვალდებულებით.

უსაშველოა პერიოდი დაღამებამდე;

ფარდებთან ერთად ზურგით გმანავ ოთახში დუმილს,

გმინავ სივრცეებს უხილავი გაუცხოების

და აშლილობაც უფსკრულივით გიახლოვდება.

დაგეუფლება უნებლიე თვინიერება.

გამოგირეცხავს ეს დინება მხნეობის ქანებს,

შთანთქავს სიცოცხლეს, მაგ სიცოცხლეს, როგორც ქარიბდა,

შიში ღარიბთა - შიმშილისკენ რომ მიგაქანებს.

 

 

რჩევა

 

ნაჯერი ხსნარივით მოყირჭება ცოდნია ცხოვრებას,

თუ წარმოადგენ ერთგვარ ნაერთს ხასიათების,

გარკვეულ ზღვრამდე აიტანოს შენი ხსნადობა,

ან კრისტალებად ფსკერს მიმჯდარი განმარტოება.

ასე მარტივად აიხსნება ყველა მოვლენა.

უჩინარ დღეებს ვერ იკავებ ხველებასავით,

აფარებ სახეს საკუთარ და ხანაც სხვის მაჯებს,

საცეცებივით თითებს თავზე აამოძრავებ;

ცდილობ სამყარო ვერ შენიშნო და ასე იხსნა

ილუზიების შესართათან უჩინარობა,

რომლითაც თითქოს თავს აჯერებ შეუპოვრობას...

უმეტეს წილად არ გამოგდის და ილექები.

და ლუქავ სმენას, არ იტოვებ გასაქცევს მაშინ,

როცა გიტევენ - შეზღუდვები, ჩვევები; გყოფნის -

შიშები მკვეთრი, ლექსებშივე ჩამხრჩვალი ხშირად,

ალიაქოთი ფიქრების თუ იმგვარი შფოთი,

სიმშვიდის სახით მხოლოდ ქოშინს რომ გაიძულებს

და წარმოიდგენ ნეკნებს შორის გაყრილ სტაფილოს,

გაუსაძლისი ყოფასავით ებღაუჭები,

  • თუ აბსურდია ყველაფერი აბსურდი იყოს...

არ გადამალო სახის მღვრიე ზედაპირიდან

ის იმედები, ცინიკურად რომ გექერცლება,

სიცოცხლის შემდეგ იქნებ შეძლო აღმოცენებაც.

 

 

უელბეკს

 

ახირებული კაცი ყოფილხარ, მუსიე მიშელ...

რისი თქმა გსურდა ამ ქვეყნისათვის?

იქნებ გირჩიეს მჩხიბავებმა - მზიან ივნისში

ისეთი ქვეყნის მონახულება,

პოეზიით რომ იკვებება ქუჩის ძაღლიც კი;

სკვერებში ხეებს ავგაროზად ბუდეები აქვთ

და ღამღამობით ცარიელი ოდა სახლები

სამტრედეებსაც გაწბილებით აფახურებენ.

ახირებული კაცი ყოფილხარ, მუსიე მიშელ...

იქნებ ჩემსავით ნიკოტინის უკმარისობა

თამბაქოს ხშირად მოხმარებასაც კი გაიძულებს,

კანონმდებლობით შეზღუდული სივრცის მიხედვით.

იქნებ სპორტული ცხოვრებაა შენი მოტივი.

ბედზე ამბობდი: ალბათ ჩემსავით

ნესტით შემთვრალი კაჟის ხიბლი აქვს,

უკუნეთში რომ უნდა გაკვესოს

ერთხელ, მრავალი მცდელობის შემდეგ.

ჩამოარიგე შენი ყველა ნაკლოვანება

ტექსტის ქანებში შეფარული მინერალებით

და შეახოცე გავეშებულ ადამიანებს

დამჭკნარი ხელისგულებიდან ვნების რუტინა.

კანზასის შტატი გაიხსენე, ძველი სასტუმრო

- მუქი დვრილების წყვილი წყევლა როგორ გეამა

და უსასრულო შედევრები დაგაწერინა.

ხეების მიმართ აჩემება არ გაგიკვირდეს -

რასაც აქ ნახავ;

როგორ მოძრაობს ყველაფერი

არა თავისი ნების მიხედვით. ვერ დაგამშვიდებ.

ჯერი შენზეა მეტი წილი გაკვირვებების,

თუ რა თქმა ყველაფერი არ დაგიმალეს.

ამ საფეხბურთო მუნდიალზე ნეტავ რას იტყვი,

ჩემი დიადი მეზობელი როგორ მასპინძლობს?..

გეცოდინება სამეზობლოს ავანჩავანიც.

მე საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მხიბლავს.

ზიდანი რატომ არ ათავკაცეთ?

ოდითგან არის თავი კაცი ჩვენში მთავარი.

სამეზობლოში თავი კაცის სიმაღლეც ფასობს,

ვისაც მსოფლიო ასე სცემს პატივს.

ვიღას სჭირდება ლიტერატურა მუსიე მიშელ?

ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით, უელბეკ,

ან რასაც შევძლებთ, ის იქნება,

ვიმოგზაუროთ, პრემიები გავითავისოთ

და მივადევნოთ თვალი ყველაფერს,

საზღვრების მიღმა ამ ჩემპიონატს.

ახირებული კაცი ყოფილხარ, მუსიე მიშელ.

წადი აქედან და თავს უშველი.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE